კვირა, ივლისი 13, 2025
13 ივლისი, კვირა, 2025

ენობრივი კომპეტენციების გაძლიერება ბუნებისმეტყველების გაკვეთილებზე

0

მეოთხე ნაწილი

CLIL მეთოდთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ წინა სტატიებში აღნიშნულია, რომ ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს იმ მოსწავლეთა ენობრივი უნარების განვითარებაზე, რომლებიც სწავლა-სწავლებას არამშობლიურ ენაზე გადიან. ამ შემთხვევაში, ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულ სიტუაციებსა და აქტივობებს, რომლებიც გამოსადეგი იქნება იმ მოსწავლეთათვის, რომელთათვისაც ქართული მეორე ენაა. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტატიაში მოცემული შინაარსის დატვირთვა ორგვარია: ერთი მხრივ, მასწავლებელს შეუძლია მეთოდი პირდაპირ ან მოდიფიცირებით დანერგოს საკლასო სივრცეში, ხოლო, მეორე მხრივ, გამოიყენოს ის ნიმუშად და შექმნას მსგავსი დავალებები სხვა საკითხებთან მიმართებით.

სასწავლო შინაარსი

თემა: დედამიწა

საკითხი: მაგნიტის თვისებების შესწავლა

გრძელვადიანი მიზნები

სამიზნე ცნება: სხეული

მკვიდრი წარმოდგენები

  • ყველაფერი, რაც ჩვენ ირგვლივ არის, სხეულია;
  • ყველა სხეული შედგება ერთი ან რამდენიმე მასალისგან/ნივთიერებისაგან, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება თვისებებით: (სითბოს, სინათლისა, დენის გატარების უნარით, აგრეგატული მდგომარეობით, ფერით, სუნით, გემოთი, წყალში ხსნადობით, და ა.შ.);
  • სხეულები ურთიერთდაკავშირებული ნაწილებისაგან შედგება, რომელთაგან თითოეულს საკუთარი ფუნქცია აქვს;
  • ადამიანის მიერ შექმნილი სხეულის დანიშნულებას მასში შემავალი მასალების/ნივთიერებების თვისებები განსაზღვრავს.

შედეგი 1: პრაქტიკული აქტივობებისა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით სხეულების შემადგენელი ნივთიერებათა/მასალათა თვისებების აღწერა მათ შორის მსგავსება-განსხვავებების დასადგენად/გასაანალიზებლად

თემის ფარგლებში შედეგების მიღწევის ინდიკატორები სამიზნე ცნებების მიხედვით:

სხეული – მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • მარტივ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ნივთიერებების მაგნიტური თვისებების აღწერა, მაგნიტის მნიშვნელობის გააზრება;

ნიმუში 3. სამუშაო ფურცელი

სამუშაო მაგიდაზე გაქვთ კვლევისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა (რესურსი)

მაგნიტების ნაკრები (მაგნიტის სფეროები, I  და U  ფორმის მაგნიტები);

სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მცირე ზომის სხეულები.

გამოთქვით მოსაზრება, რა მოხდება თუ მაგნიტებს ერთმანეთს მივუახლოებთ?

ენობრივი მხარდაჭერა!

მოსაზრების გამოსათქმელად გამოიყენეთ ჩარჩოში მოცემული ფრაზებიდან ერთ-ერთი
მე ვფიქრობ, რომ…            ჩემი აზრით…      ჩემი ვარაუდით…             მგონია….

მიმაჩნია, რომ…                          ჩემი ჰიპოთეზაა, რომ…

 

 

_________________________________________________________________________________________

იმოქმედე ინსტრუქციის მიხედვით.

  • მიუახლოვეთ ბურთები ერთმანეთს, დააკვირდით რა მოხდება?
  • შეუცვალეთ ბურთებს მხარეები და ისე მიუახლოვეთ ერთმანეთს. დააკვირდით რა მოხდება?

 

აღწერეთ, რა მოხდა, როდესაც სხვადასხვა (S და N ) მხრიდან (პოლუსიდან) მოქმედებდით მაგნიტებზე?

რატომ მოხდა?

რომელი მხარეების (პოლუსების) მიახლოებით მიიზიდნენ ბურთები ერთმანეთს?

რომელი მხარეების (პოლუსების) მიახლოებით განიზიდნენ ბურთები ერთმანეთს?

 

 

 

როგორ  გამართლდა შენი ვარაუდი?

__________________________________________________________________________________

რა აღმოაჩინე?

რა დასკვნა გამოიტანე?

 

 

 

 

ენობრივი მხარდაჭერა!

კვლევა რომელიმე საკითხის დაწვრილებით შესწავლა, აღმოჩენის გაკეთება
რესურსი კვლევისთვის საჭირო მასალა
ჰიპოთეზა ვარაუდი, რომელსაც გამოვთქვამთ კვლევის ჩატარებამდე
ინსტრუქცია მითითება, რომლის მიხედვითაც ვახორციელებთ კვლევას/პროცედურას
ანგარიში განხორციელებული კვლევის შეჯამება

 

როგორ გამოიყენებდით მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?

 

ნიმუში 4. სამუშაო ფურცელი  

სამუშაო მაგიდაზე გვაქვს კვლევისთვის საჭირო სხვადასხვა მასალა (რესურსი) –

ფერადი საღებავები, მაგნიტები, მუყაოს ყუთები, სახატავი ფურცლები.

შეგვიძლია თუ არა მაგნიტით ხატვა?

გამოთქვი მოსაზრებები

ენობრივი მხარდაჭერა!

მოსაზრების გამოსათქმელად გამოიყენე  მოცემული ფრაზებიდან ერთ-ერთი:

მე ვფიქრობ, რომ… ;  ჩემი აზრით…;  ჩემი ვარაუდით… ;  მიმაჩნია, რომ… ; ჩემი ჰიპოთეზაა, რომ… .

__________________________________________________________________________________________

შეამოწმე ვარაუდი ინსტრუქციის მიხედვით!

  • აიღე მუყაოს ყუთი და მოათავსე მასში სახატავი ქაღალდი;
  • მაგნიტის ზედაპირზე წაუსვი საღებავი და მოათავსე ყუთში ისე, რომ საღებავიანი ზედაპირი შეეხოს სახატავ ფურცელს;
  • მოათავსე ყუთი სამუშაო მაგიდაზე;
  • აიღე სხვა, შედარებით დიდი ზომის მაგნიტი და სასურველი ფიგურა (ყვავილი, ბურთი, კვადრატი) მოხაზე სამუშაო მაგიდის ქვედა მხარეს, იმ ადგილზე, სადაც მოთავსებულია შეღებილი მაგნიტიანი ყუთი;
  • ახლა გახსენი ყუთი და ფრთხილად ამოიღე მაგნიტი და სახატავი ქაღალდი.

შენი აზრით, რატომ ამოძრავდა სახატავ ფურცელზე მოთავსებული მაგნიტი?

__________________________________________________________________________________________

მაგნიტის, შენთვის უცნობი, რომელი თვისება აღმოაჩინე?

__________________________________________________________________________________________

რა მოხდება, თუ სამუშაო მაგიდის ზედაპირის სისქეს გავზრდით?

__________________________________________________________________________________________

ენობრივი მხარდაჭერა!

მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები (ზმნები) მხოლობითსა და მრავლობით რიცხვში
მხოლობითი რიცხვი

მე ავიღე, შენ აიღე, მან აიღო.

 

მრავლობითი რიცხვი

ჩვენ ავიღეთ, თქვენ აიღეთ, მათ აიღეს.

მხოლობითი რიცხვი

მე დავხატე, შენ დახატე, მან დახატა.

 

მრავლობითი რიცხვი

ჩვენ დავხატეთ, თქვენ დახატეთ, მათ დახატეს.

მხოლობითი რიცხვი

მე შევღებე, შენ შეღებე, მან შეღება.

მრავლობითი რიცხვი

ჩვენ შევღებეთ, თქვენ შეღებეთ, მათ შეღებეს.

 

ისარგებლე ინსტრუქციით და დაწერე შენ მიერ შესრულებული მოქმედებები პირველ პირში, მხოლობით რიცხვში მაგალითის მიხედვით:

ავიღე მუყაოს ყუთი.

  1. ___________________________________

 

  1. ___________________________________

 

  1. ___________________________________

 

  1. ___________________________________

 

 

როგორ გამოიყენებდით მიღებულ ცოდნას რეალურ ცხოვრებაში?

 

სტატიაში შემოთავაზებული აქტივობების მიხედვით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკითხი – „მაგნიტის თვისებების შესწავლა“ – წარიმართება კვლევითა და  აღმოჩენებით. თითქმის ყველა აქტივობას თან ახლავს ენობრივი უნარების განვითარების ხელშემწყობი დავალებები.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, ბუნებისმეტყველების სტანდარტი (17.09.22);
  2. მასალა შემუშავებულია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო პროექტის ESTA (Educating Science Teachers for All) მხარდაჭერით მომზადებული სასწავლო კურსის ფარგლებში, დატესტილია დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსა და სსიპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის სკოლის მოსწავლეებთან.

 

 

 

 

 

 

კულტურათა კვეთა მარნეულში

0

საქართველოში სასკოლო ექსკურსიები, რომელიმე ისტორიული თუ ბუნების ძეგლის მონახულებასა და შემდეგ ბუნებაში სუფრის გაშლასთანაა დაკავშირებული. ასეთი გასვლები უმეტესწილად გაზაფხულის მიწურულსა და ზაფხულის დასაწყისშია ხოლმე აქტუალური. სამწუხაროდ, ფეხი ჯერ ვერ მოიკიდა ექსკურსიების ისეთმა ტიპმა, რომლებიც ქალაქის აღმოჩენას, მოსახლეობის ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების გაცნობას, კონკრეტული დასახლების ეკოლოგიური თუ სხვა სახის პრობლემების გააზრებას დაეთმობა.

უკვე ათი წელია, რაც ყოველდღიურად მიწევს მარნეულში ჩასვლა. ქალაქში იშვიათად მხვდებიან უცხოელი ტურისტები. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ბოლნისი-დმანისისკენ მიმავალი საექსკურსიო ჯგუფები, მარნეულში მაღაზიაში შესასვლელად თუ გაჩერდებიან ხოლმე…

მარნეულის მუნიციპალიტეტი მულტიკულტურული გარემოს თვალსაჩინო მაგალითია. კოლეგა-მასწავლებლებს მუდმივად ვთავაზობ, რომ ექსკურსიაზე მოსწავლეები მარნეულში ჩამოიყვანონ. რატომ? რადგან აქ შეიძლება ნახონ და აღმოაჩინონ ის, რასაც სკოლაში თეორიულად სწავლობენ. კერძოდ:

  • ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება;
  • ადამიანების ტოლერანტულ გარემოში თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითები;
  • კულტურული მრავალფეროვნება და განსხვავებული ტრადიციების სიმრავლე;
  • ენობრივ-ლინგვისტური მრავალფეროვნება და მდიდარი ფოლკლორი;
  • მდიდარი სამზარეულო, ერთ სივრცეში რამდენიმე კულტურისთვის დამახასიათებელი კერძების დაგემოვნების საშუალება.

სკოლაში სხვადასხვა პროექტის ფარგლებში რამდენჯერმე ვუმასპინძლეთ თბილისელ და რუსთაველ მოსწავლეებს. აქტივობების დასრულების შემდეგ, ქალაქის დათვალიერებას დაუთმეს დრო. მახსოვს მათი გაოცება, როდესაც პრაქტიკაში გამოცადეს ენობრივი ბარიერი და მასთან დაკავშირებული სირთულეები. მით უმეტეს რუსთავიცა და თბილისიც მარნეულიდან ერთი საათის სავალშია. წარმოიდგინეთ, როგორი საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს ხაშურელი, ზესტაფონელი თუ ფოთელი მოსწავლეებისთვის ექსკურსია მარნეულში?!

ახლა დეტალურად განვიხილოთ, რა შეიძლება ვნახოთ მარნეულში.

ფეხტური დავიწყოთ ქალაქის შესასვლელიდან, სადაც მთავარი მოედანია. ამ მოედანზე მარცხნივ პატარა სკვერია, სადაც შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის ცნობილი ძეგლებია. ნიზამი თანამედროვე აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში დაიბადა და გაიზარდა. სწორედ აქედან მოდის მისი ფსევდონიმი. შოთა და ნიზამი ერთი ეპოქის გენიოსები იყვნენ. ექსკურსიამდე მოსწავლეებს შეგიძლიათ, მოასმენინოთ ლიტერატურული წახნაგების გადაცემა რუსთაველი და ნიზამი განჯელი.

ცნობილი მარნეულის ჩაის სახლიც იქვეა, რომელიც გასტრონომიულ და საგანმანათლებლო ნაწილად იყოფა. ჩაის სახლის საგანმანათლებლო განყოფილებაში გაეცნობით ხალიჩებსა და ქსოვის თავისებურებებს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს და სხვა. მეორე მხარეს რესტორანი და საჩაიეა. აქ შესაძლებელია ტრადიციული სამოვარ ჩაისა და მისაყოლებელი ნუგბარის დაგემოვნება (აუცილებლად ესტუმრეთ ურბანულ ჩაიხანებს).

მოედანზე მეორე მხარეს დგას დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი. აქ შეჩერების შემდეგ, შეგიძლიათ გზა განაგრძოთ წმინდა გიორგის ტაძრისკენ, რომელიც შემაღლებულ ადგილას დგას და მარნეულის პანორამული ხედის დანახვაა შესაძლებელი. მოსწავლეებს შეგიძლიათ, სთხოვოთ ამ წერტილიდან დააკვირდნენ ქალაქის ურბანიზაციის პროცესს, დაათვლევინოთ ახლად აშენებული თუ მშენებარე კორპუსების რაოდენობა და დასვათ კითხვები:

  • რა იწვევს ქალაქის ზრდას?
  • რის ხარჯზე იზრდება ქალაქი?

შემდეგი გაჩერება უკვე მარნეულის ბაზარია, რომელიც ადგილობრივების ყოფა-ცხოვრებაზე დაკვირვების კარგ საშუალებას იძლევა. გზად, ასევე, ნახავთ მაღალაშვილის ხიდსა და მარნეულის რკინიგზის სადგურს. აქვეა აგრარული და ხილ-ბოსტნის განყოფილება, ტანსაცმლის ფერადი სექციები, ტექნიკის მაღაზიები, ადგილი, სადაც მოისმენთ უამრავ ისტორიას ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ამავე ბაზარშია ცნობილი საქაბაბეები და ჩაიხანები. აქ შესვენება და ადგილობრივებზე დაკვირვება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

მარნეულის ბაზრის შემდეგ გზას ვაგრძელებთ ცენტრალურ რუსთაველის გამზირზე, სადაც საკონდიტრო ნაწარმის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ, დააგემოვნოთ ფახლავა, შაქარბურა და სხვა ტკბილეული. მომდევნო გაჩერებაც რუსთაველის გამზირზეა, სადაც მდებარეობს მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა, მუნიციპალიტეტის მერია და კულტურის ცენტრი. ამ სამეულის მონახულების შემდეგ გზას ვაგრძელებთ იმამ ჰუსეინის ლურჯი მეჩეთისკენ, რომელიც მარნეულის ფეხტურის ბოლო გაჩერება იქნება.

ინტერაქტიური რუკის სანახავად დააჭირეთ აქ.

ცალკე აღსანიშნავია მარნეულის ცხოველების ბაზარი, რომელიც თეთრიწყაროს გზაზე მდებარეობს. ბაზრობა იმართება კვირაში ორჯერ, სადაც თავს იყრიან მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველებით მოვაჭრეები მთელი საქართველოდან.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მდიდარია კულტურული ძეგლებით. ქალაქიდან 20 წუთის სავალზეა იმირის გადაჭრილი გორა, სადაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს საქართველოში მევენახეობის 8000-წლიანი ისტორიის დამადასტურებელი არტეფაქტები. მუნიციპალიტეტში არსებული სხვა ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: https://marneuli.gov.ge/marneulis-shesaxeb/kultura

ციფრული ლიტერატურა და მისი ჟანრები

0

ციფრული ეპოქის ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ საზღვრების მოშლა, საზღვრების დარღვევა, დაკარგვა. ეს თვისება ზოგადად ეპოქის მახასიათებელიცაა. ციფრულ საზოგადოებაში წაშლილია გეოგრაფიული საზღვრები, საზღვრები იშლება ვირტუალურსა და რეალურს შორისაც, მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის, ლიტერატურის შიგნით ლიტერატურულ ჟანრებს შორის და ასე შემდეგ.

სამყაროს სურათი ხდება რიზომატული, ქსელური. მოშლილია ვერტიკალური პარადიგმა ან პირამიდული დაქვემდებარება. ყველაფერი გაშლილი და განტოტვილია და ყველაფერი ყველაფერთან კავშირშია, ამავე დროს.

ციფრულ ეპოქაში ლიტერატურაც ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. ტექსტებმა გადაინაცვლა ციფრულ პლატფორმებზე და ელექტრონულ მოწყობილობებში. დამკვიდრდა ახალი ტერმინი: ციფრული ლიტერატურა.

ტრადიციული ბეჭდური ლიტერატურისგან განსხვავებით, ციფრული ლიტერატურა იყენებს კომპიუტერების, სმარტფონების, პლანშეტებისა და ინტერნეტის ინტერაქციულ და მულტიმედიურ შესაძლებლობებს. ის მოიცავს შემოქმედებითი ფორმების, სტილებისა და ჟანრების ფართო სპექტრს, რაც ხშირად სცილდება ლიტერატურის საზღვრებს. ციფრული ლიტერატურა გადმოიცემა სხვადასხვა ჯანრითა და ფორმით. აი, ზოგიერთი მათგანი:

მულტიმედია ნარატივი

ციფრული ლიტერატურა ხშირად აერთიანებს მულტიმედიურ ელემენტებს, კომუნიკაციის განსხვავებულ რეჟიმებს, როგორებიცაა: ტექსტი, სურათები, აუდიო, ვიდეო და ინტერაქციული ფუნქციები. ამგვარი თხრობა შეიძლება, შეიცავდეს ჰიპერტექსტს, ანიმაციებს, აუდიო-ვიზუალურ პოეზიას და სხვა. ასეთი ელემენტებით შექმნილი ამბავი აძლიერებს კითხვის სურვილს, რადგან გადმოიცემა კრეატიულად.

მულტიმედია ნარატივის საუკეთესო ნიმუშია “Inanimate Alice” by Kate Pullinger and Chris Joseph[1]: უსიცოცხლო ალისა არის ინტერაქციული ციფრული რომანი, რომელიც მიჰყვება ალისას ცხოვრებას. გოგონა მიისწრაფვის, იყოს თამაშის დეველოპერი. სიუჟეტი ვითარდება ეპიზოდების სერიებში, რომლებიც აერთიანებს ტექსტს, სურათებს, ანიმაციებსა და ხმას, რათა მკითხველი შევიდეს ალისას სამყაროში.

ამ ჟანრის საინტერესო ტექსტია “The Silent History” – by Eli Horowitz, Matthew Derby, and Russell Quinn[2]: „მდუმარე ისტორია“ არის ერთობლივი მულტიმედიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც მეტყველების უნარის გარეშე იბადებიან. ეს ამბავი აწუხებთ: მშობლებს, ექიმებს, ექთნებს, მასწავლებლებს… ყველას, გარდა ამ ბავშვებისა. რომანი აერთიანებს ტექსტს, აუდიოჩანაწერებს და მდებარეობაზე დაფუძნებულ თხრობას, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, ჩაერთოს თხრობაში მობილური აპლიკაციის საშუალებით.

კიდევ ერთი ამ ჟანრის ტექსტია „The Carp and the Seagull“ – Evan Boehm[3]: კობრი და თოლია არის ინტერნეტზე დაფუძნებული ინტერაქციული თხრობა, რომელიც აერთიანებს 3D ანიმაციას, ხმას და ინტერაქციულ თხრობას. ის მოგვითხრობს იაპონელი მეთევზის შეხვედრაზე ზებუნებრივ მოვლენასთან და მეთევზის არჩევანის შედეგებზე.

 

ჰიპერტექსტური მხატვრული ლიტერატურა

 

ჰიპერტექსტური მხატვრული ლიტერატურა არის ციფრული ლიტერატურის ჟანრი, რომელიც ეფუძნება არაწრფივ ნარატივებს. მკითხველებს შეუძლიათ, აირჩიონ საკუთარი გზები სიუჟეტის მეშვეობით ჰიპერბმულებზე დაწკაპუნებით. არჩევანის გაკეთებით იცვლება შედეგები. ეს გახლავთ ინტერაქციული თხრობის ფორმა.

ამ ჟანრის ერთ-ერთი პოპულარული ნარატივია Michael Joyce – „Afternoon, a Story“: შუადღე, ისტორია – ჰიპერტექსტური მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი პოპულარული ნამუშევარია. იგი მოგვითხრობს მამაკაცზე, რომელსაც ჰქვია პიტერი, მის ცხოვრებაზე, მოგონებებზე, ურთიერთობებზე. სიუჟეტი არაწრფივია, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, შეისწავლოს პიტერის გამოცდილება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული ფრაგმენტის მეშვეობით. ნაწარმოების მთავარი თემებია: მეხსიერება, იდენტობა და დრო.

კიდევ ერთი საინტერესო ნაწარმოებია Stuart Moulthrop, “Victory Garden”: გამარჯვების ბაღი არის ჰიპერტექსტური ნარატივი, რომელიც ვითარდება დისტოპიურ მომავალში, სადაც ეკოლოგიურმა კატასტროფამ ახალი მსოფლიო წესრიგი მოიტანა. სიუჟეტი მიჰყვება მრავალი პერსონაჟის გამოცდილებას, რომლებიც მოძრაობენ ამ სამყაროში და აწყდებიან სხვადასხვა გამოწვევას. მკითხველს შეუძლია, აირჩიოს პერსონაჟის რომელიმე პერსპექტივა, მიჰყვეს და გამოიკვლიოს თხრობის სხვადასხვა ასპექტი.

ციფრული ლიტერატურის სხვა ჟანრებია:

ინტერაქიული მხატვრული ლიტერატურა: ინტერაქციული მხატვრული ლიტერატურა (IF) მოიცავს ტექსტზე დაფუძნებულ ვიდეოთამაშებსა და ინტერაქციულ ნარატივებს. მკითხველები ხდებიან მოთხრობის აქტიური მონაწილეები, იღებენ არჩევანს, რომელიც განსაზღვრავს სიუჟეტსა და პერსონაჟების ბედს. IF მოიცავს პოპულარულ პლატფორმებს Twine-ს და Inform-ს.

Net Art და E-Lit: Net art არის ციფრული ხელოვნების ფორმა, რომელიც ხშირად აერთიანებს ტექსტსა და ინტერაქციულობას. ელექტრონული ლიტერატურა (e-lit) აერთიანებს ლიტერატურასა და ციფრულ ხელოვნებას, რათა შეიქმნას ინოვაციური და კრეატიული ნამუშევრები.

გენერაციული ლიტერატურა: გენერაციული ლიტერატურა იქმნება ალგორითმებით ან კომპიუტერული პროგრამებით. ის შეიძლება მოიცავდეს ტექსტს, რომელიც წარმოიქმნება პროცედურულად, ხშირად არაპროგნოზირებადი შედეგებით.

ზოგიერთი დაგენერირებული ტექსტი დროთა განმავლობაში ვითარდება, გენერაციული პროცესი მუდმივად განმეორებადი და განახლებადია. ამან შეიძლება შექმნას დინამიკური და მუდმივად ცვალებადი ლიტერატურული გამოცდილება.

გენერაციული ლიტერატურის მაგალითები:

“Taroko Gorge” by Nick Montfort: „ტაროკოს ხეობა“ გენერაციული პოეზიის ცნობილი ნიმუშია. ლექსი გენერირებულია მარტივი პროგრამით, რომელიც აერთიანებს ტექსტის სტრიქონებს იუ ჯიანის ლექსიდან „ტაროკოს ხეობა“. პროგრამა ყოველი შესრულებით ქმნის ლექსის მუდმივად განვითარებად ვარიაციებს.

 

ციფრული ლიტერატურა არის დინამიური და განვითარებადი სფერო, რომელიც აგრძელებს ექსპერიმენტებს ახალი ფორმებით, ტექნოლოგიებითა და იდეებით და რომლის მთავარი იდეა ინტერაქიულობა და ქსელურობაა. ასეთი მოცემულობა კი სრულიად ახლებურად განსაზღვრავს ავტორისა და მკითხველის სტატუსს, რომელზეც შემდეგ წერილში გესაუბრებით.

 

[1] იხ. ნიმუში აქ: https://elo.conifer.rhizome.org/_embed_noborder/elo/inanimate-alice-episode-1/20190717174432$br:chrome:76/https://www.inanimatealice.com/episode1/

 

[2] https://www.thesilenthistory.com/

 

[3] https://thecarpandtheseagull.co.uk/#

 

STEAM განათლება – მუსიკისა და ფიზიკის საგანთაშორისი ინტეგრაცია

0

მსოფლიო განათლების ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია არის STEAM ტექნოლოგიის განვითარება, რომელიც აღვივებს მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესს; ტექნოლოგიების, განათლების, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარს; ამაღლებს კულტურასა და ხელს უწყობს შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებას.

 

მოსწავლეების უნივერსალური უნარების ჩამოყალიბება ქვეყნის განათლების სისტემის პრიორიტეტული ამოცანაა. STEAM განათლების, როგორც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დანერგვა, მათემატიკური ელემენტების საფუძველზე ინჟინერიისა და ხელოვნების ინტერპრეტაციით, საგანმანათლებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს.

STEAM განათლების მიზანია – მოსწავლეებმა შეიმეცნონ მათ გარშემო არსებული სამყარო, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი, რათა გახდნენ თვითრეალიზებული პიროვნებები; მზად იყვნენ, გადალახონ თანამედროვე გამოწვევები და გახდნენ განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადოების ლიდერები.

სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში, „განსხვავებული აზროვნების“ განვითარება, აქტიური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას, 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას.

STEAM განათლების უპირატესობები:

– ინტეგრირებული სწავლება თემის მიხედვით და არა საგნის მიხედვით.

– სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

– კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება.

– თავდაჯერებულობის ჩამოყალიბება.

– აქტიური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.

– ტექნიკური დისციპლინების მიმართ ინტერესის განვითარება.

– შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები პროექტებისადმი.

– მოსწავლეების მომზადება ცხოვრების ტექნოლოგიური სიახლეებისთვის.

STEAM მიდგომის მთავარი იდეა:            

 პრაქტიკა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თეორიული ცოდნა.

STEAM მიდგომა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციულისგან:

  • მოსწავლეები უფრო მეტ დროს უთმობენ თვითმომზადებას, სწავლობენ პრობლემების პოვნასა და დამოუკიდებლად გადაჭრას.
  • ბავშვები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ წარმატებულ და წარუმატებელ სწავლის გამოცდილებას, ერთად მუშაობენ პროექტებზე.
  • კლასელები ეხმარებიან და მხარს უჭერენ ერთმანეთს სასწავლო პრობლემების გადაჭრით ახალი უნარებისა და ცოდნის დახმარებით.

STEAM განათლება მოიცავს შერეულ გარემოს, რომელშიც მოსწავლეები იწყებენ იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ სამეცნიერო მეთოდები პრაქტიკაში. ამ პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები, გარდა მათემატიკისა და ფიზიკისა, სწავლობენ რობოტიკას, რომელზედაც ისინი აპროგრამებენ და ქმნიან საკუთარ რობოტებს. მუსიკის მასწავლებლებს შეუძლიათ, განსაზღვრონ მუსიკა, შექმნან საკუთარი თამაში საყვარელი ნაწარმოებების მოსმენის დროს.

შემოქმედების განვითარებისკენ მიმავალი უნარები ვერ ჩამოყალიბდება მუსიკალური განათლების მყარი საფუძვლის გარეშე. მუსიკალური განათლების საფუძველი მოიცავს მუსიკალური გამოხატვის საშუალებებს.

  1. ინტონაცია გადმოსცემს მუსიკალურ მდგომარეობას, მუსიკალური ნაწარმოების განწყობას.
  2. ტემბრი – ხმის შეფერილობას.
  3. კილო – ბგერების მოწესრიგებული თანაფარდობა სიმაღლეში (მაჟორი და მინორი).
  4. ტემპი – მუსიკის შესრულების სიჩქარე.
  5. რიტმი – ერთნაირი და განსხვავებული ხანგრძლივობის ბგერათა თანმიმდევრობა.

STEAM არის ინოვაციური მიდგომა, რომელიც აერთიანებს პროფესიული უნარების განვითარებას მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის გზით:

ადამიანის ხმა ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. მას აქვს უზარმაზარი გავლენა ჩვენს თვითშეფასებაზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე და მთლიანად სამყაროსთან ურთიერთობაზე. ადამიანის ხმა განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

მიზანი: გარკვევა, შესაძლებელია თუ არა საკუთარი ხმის დანახვა და რა საოცარი თვისებები აქვს ადამიანის ხმას.

დავალება:

  • შეაგროვონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია თემაზე;
  • ჩაატარონ გამოკითხვა სკოლის მოსწავლეებს შორის და გაარკვიონ, რა გავლენას ახდენს ხმა ადამიანზე.

ჰიპოთეზა: სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით შეძლებენ საკუთარი ხმის დანახვას.

იმისათვის, რომ გაიგონ მოსწავლეებმა ხმის უნიკალურობა, შესაძლებელია მოწყობილობის შექმნა, რომლითაც შეძლებენ საკუთარი ხმის დანახვას. ეს მოწყობილობა არის ხმის ჩამწერი.

მოწყობილობის შესაქმნელად საჭირო მასალები: სანთელი, მინა, ასანთი, თუნუქის ქილა, ქაღალდი, ჭიქა, წებო, მაკრატელი, მავთული.

ეტაპი 1

ავიღოთ ჭიქა და სანთელი. ავანთოთ სანთელი და ცეცხლზე მინა მოვატაროთ, დროთა განმავლობაში მინა ჭვარტლით გაშავდება.

ეტაპი 2

ქილიდან გამოვჭრათ ვიწრო ზოლი ნემსის სახით ბასრი ბოლოთი.

ეტაპი 3

ჭიქის ძირის შუა ნაწილზე წავუსვათ წებო და დავამაგროთ თუნუქის ზოლები.

ეტაპი 4

 

შემდეგ ჭიქის კედლებზე გავაკეთოთ ორი ნახვრეტი და ჩავსვეს მავთული „П “ ფორმით.

ეტაპი 5

დავდოთ მინა მაგიდაზე ისე, რომ შებოლილი მხარე იყოს ზევით. დავაყენეთ მოწყობილობა ისე, რომ ნემსი შუშის წვერს შეეხოს.

ეტაპი 6            

მოსწავლე N1

მოსწავლე N2

შედეგი:

მოსწავლეებმა შუშის ზოლი შუქისკენ შეატრიალეს და დაინახეს მახვილი თუნუქის ნაწილის მიერ შებოლილ მინაზე გამჭვირვალე ხაზი ნაკაწრი.

დასკვნა:

ადამიანის ხმა შედგება ტალღებისგან. ხმის ვიბრაცია ხელს უწყობს რხევას. მიღებული ნახატების მიხედვით, ნათლად ვხედავთ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი უნიკალური ხმის ნიმუში.

განხორციელებული პროექტის შედეგად დადგინდა, რომ ხმა გავლენის უნიკალური ინსტრუმენტია.

STEAM ტექნოლოგიებში მუსიკა გამოიყენება, როგორც პროექტის აქტივობის ელემენტი.

STEAM-ის გამოყენება – ტექნოლოგია ხელს უწყობს ბავშვის-მოსწავლის მუსიკალური და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენასა და განვითარებას. მუსიკალური განათლება შერწყმულია ახალ შესაძლებლობებთან. შემოქმედებითი სამუშაოს შესრულება ზრდის ბავშვების სწავლის მოტივაციას, ასტიმულირებს ინტერესს. ადამიანს აქვს საკუთარი უნიკალური ხმის ნიმუში. ადამიანის ხმა არ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება.

STEAM ტექნოლოგია, რომელიც დაფუძნებულია თამაშის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებაზე, გავლენას ახდენს ლოგიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://ru.wikipedia.org/wiki/%D0
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=35598
  3. https://school-science.ru/6/1/36576
  4. Andreotti, E., and Frans, R. (2019)., “The connection between physics, engineering and music asan example of STEAM education” in Physics Education, 54 (4), 6.
  5. Gregorio, J., Rosen, D., Batula, A. (2015). “Introduction to STEAM through music technology
    (Evaluation),” in 122nd ASEE Annual Conference and Convention, paper ID# 13537E, 2.
  6. Guyotte, K. W., Sochacka, N. W., Costantino, T. E., Walther, J., & Kellam, N. (2014). “STEAMas social practice: Cultivating creativity in transdisciplinary spaces” in Art Education, 67 (6), 12–19.
  7. Johnson, C., Hawley, S. (2017). “Online music learning: informal, formal, and STEAM contexts”in International Journal on Innovations in Online Education, 1(2)

 

 

 

 

 

 

 

 

აკვიატებულ ფიქრთა საქმე # 1

0

„ფიქრები აწუხებს“. „აზრები აწუხებს“. „წვეტიანი აზრები აქვს“.

 

ხომ გახსოვთ ამგვარი ფრაზები. ან ეგებ დღესაც ისმენთ. წესით, შექება უნდა ეგონოს კაცს, არადა, სრულიად პირიქითაა. და რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს ეშინიათ მისი, ვისაც ფიქრი და აზრი „აწუხებს“, ვინც ორი სიტყვით მეტს აშენებს იმ კედელს, რომელიც დაახვედრეს – ცდილობენ, გააძევონ ყოველდღიური წესრიგიდან, მემკვიდრეობით რომ ერგოთ.

 

ყოფა და განწყობა ენაში ილექება, როგორც დიდი წვიმებისას ლამში ეზოში დარჩენილი სათამაშო და მზე რომ გამოვა – ენავე გათქვამს. წვეტიანი აზრი რა არის? ის, რომელმაც კარგად დაწნეხილ და თანაბარ აზრებს შორის თავი ამოყო. მეტი არაფერი. და თანაბრობაში მცხოვრებ და გაჯიუტებულ უმრავლესობას, ცხადია, რომ შიში იპყრობს და აჰ, წვეტიანი აზრები აქვს! დიახ, გაქვთ.

 

და გილოცავთ, რომ გაქვთ!

 

ყველაფერი იმ ადამიანებმა შექმნეს, ვისაც ფიქრი აწუხებდა, უფიქრო ხალხი ხელს უშლიდა მხოლოდ – ხან კოცონზე წვავდა, ხან თემიდან აგდებდა.

 

ფიქრი ადამიანად ყოფნის ნიშანია. მათ შორის ჭარბიც. ასე რომ – იფიქრეთ! ასე რომ – შეწუხდით!

 

ხოლო ფიქრით სხვაგვარ და ნამდვილ წუხილზე – ობსესიებზე, ობსესიურ აშლილობაზე, კომპულსიებზე, რუმინაციაზე, ტაბუზე, მორალის ცვლაზე ახლა მოგიყვებით. ესეც ამ გზის გაგრძელებაა, უბრალოდ სხვა ფაზა და ავადმყოფობად ქცეული.

 

 

 

სუიციდის მცდელობა რომ მქონდა, ერთი სრულიად პატიოსანი პოლიციელი, რომელსაც ამ საქმის გამოძიება დაევალა, მოსულა იმ დღეს, აივანზე დამჯდარა, ჯვრისთვის გაუხედავს და მერე მხრები აუჩეჩავს.

 

სამი დღის შემდეგ ჩემთან მოიყვანეს საავადმყოფოში:

 

– თამაშობდიო? – არა-მეთქი.

– ვინმე გემუქრებაო? – ძირითადად დედაჩემი მეთქი, ზამთრობით, რომ თბილად ჩავიცვა.

– ვალი გაქვსო? – კი, მაგრამ ბანკის და გადახდა არ მიჭირს-მეთქი.

– შეყვარებული დაგშორდაო? – ეგენი სულ მშორდებიან-მეთქი.

 

კიდევ ერთხელ აიჩეჩა მხრები და წავიდა.

 

ტანჯვა მიზეზით არ იზომება. არასდროს. მესმის, რომ ისინი, ვისაც ათას სამასი წლის წინ წამებით მოკლული წინაპრების ძვლები სტკივათ – მათ, ვისაც უცნაური ამბები გვაწუხებს, დარდს გვიზომავენ, მაგრამ მერწმუნეთ, ვიღაცას თუ საათის წიკწიკის ხმა აწამებს ან პირიქით, უმისოდ არ შეუძლია – ხან ომში წასვლაც კი ურჩევნია, საკუთარი თავისგან თავის შესაფარებლად. ეს ისეთივე ზუსტი ამბავია, როგორც რომ დღეს 8 ოქტომბერია. 2023 წელი. კვირა.

 

სხვა დანარჩენისთვის მოუსმინეთ გენიალურ პოლ ვერლენს არანაკლებ გენიალური გივი გეგეჭკორის ქართულით:

 

„რა უსიტყვო ნაღველს მალავს

სული, ჩემი მეუფე,

სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,

ანდა მის გარეუბნებს.

აწვიმს მიწას და სახურავს

და შრიალით ავივსე,

სევდა სულში ჩასახული

უკრავს წვიმის კლავიშზე.

ცხოვრობს სულით ეს ობლობა

ჩუმი წვიმის მეზობლად

სულში ჩაჯდა ვით ობობა,

სევდის უმიზეზობა.

და მით უფრო არის მძაფრი

უმიზეზო ნაღველი

არსაიდან რომ არაფრით

არის ნაკარნახევი“.

 

 

 

 

გეღვიძება ასე ოთხზე ან ეგებ ხუთზე ან ეგებ სულ ვერ ჩაიძინე და ფიქრობ: გუშინწინ, სოფელში რომ იყავი, ოთახიდან გამოსვლისას, მგონი, ლურსმანს გამოედე. სად არის გაკაწრული? აქამდე გაქრებოდა! მგონი, გეწვის ის ადგილი. მოიცა, მარჯვენა ხელი იყო თუ მარცხენა? და რა მნიშვნელობა აქვს?! ჟანგიანი იყო ლურსმანი. არ დაგინახავს, მაგრამ იცი! აცრა? დაგვიანებულია! ან თუ გაიკეთებ, შეიძლება გამონაკლისი იყო – არ იმოქმედოს. უცნაურ კანკალს გრძნობ. მთელი მკლავი გეჭიმება. მერე მთელი სხეული, თითქოს ინკვიზიტორი შეგიძვრა და მამაც გულიანი მელ გიბსონივით წელში უნდა გაგწყვიტოს.

 

– „ტეტანუსი! – ამბობს ექიმი და თავს დანანებით გადააქნევს – სად იყავით ამდენ ხანს? დააწვინეთ სიბნელეში და სიჩუმეში! ინტრავენური ანტიბიოტიკები! იმუნოგლობულინი! რიგიდულობის და სპაზმის მომხსნელი! არ ვიცი, ამას აწი რამე თუ უშველის! რომელი საუკუნეა თქვენკენ?! აცრა არ არსებობს?!“.

 

– „როგორი ახალგაზრდა მოკვდა. რამდენს მოასწრებდა!“ – თქვა ერთმა და ზემოდან დროებითი დანანებით დაგხედა. გარეთ რომ გამოვიდნენ, მეორემ მიუგო: ,,როგორ ეშინოდა სიკვდილის, სულ ავადმყოფობებზე ლაპარაკობდა!”. „აბაა! – თქვა მესამემ – „ხომ იცი, კოსმოსში რასაც გააგზავნი, იმას გიბრუნებს. კარგზე უნდა იფიქრო სულ, კარგზე!“.

და გაუდგნენ გზასა.

 

არადა, იგივე დღეა, ხუთის ნახევარია მხოლოდ, ჯერაც წევხარ და მხოლოდ ფიქრობ.

 

ეგრეა. ავი ფიქრები იოლად მრავლდებიან. უსწრაფესად გადაურბენენ საათებს, დღეებს. გადაურბენენ ფაქტებს, ლოგიკას. გადაურბენენ იმედს.

 

ობსესიური ადამიანი სულ ფიქრის გარეორსულობით არის ფეხმძიმე. სულ. ოღონდ შფოთვით ფაზაში ეგ უკვე ისე გწამლავს, რაზეც ფიქრობ, სჯობს მართლა მოხდეს, იმიტომ, რომ მაშინ ერთხელ მოხდება – ასე კი, ხუთ წუთში ერთხელ და შეიძლება ნამდვილზე უარესი განცდით.

 

მე ობსესიურ ადამიანთა მსოფლიო სახელმძღვანელოში აუცილებლად შევიტანდი სულხან-საბა ორბელიანის ,,გლახაკი და ქილა ერბოს” – უზუსტესი იგავია და ზოგს ალბათ მივიწყებული მულტფილმიდან მაინც გახსოვთ ეს გენიალური აზრთა მდინარება:

 

,,ერთი გლახაკი კაცი გზაზე მიდიოდა და ერთი ქილა ერბო იპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდო. დაიწყო გზა-გზა სიარული და გულში ამბობდა:

 

– ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ჩავალ ქალაქში და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი; იმით თორმეტ ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავკოდავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად გავყიდი. მერე იმით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, დავაკერატებ და ორ-ორ მარჩილად გავყიდი. მერე იმით სახარე ხბოებს ვიყიდი, დავზრდი, მოვხნავ, დავთესავ და ავშენდებიო.

 

ამ გულისთქმაში ურემზე შეშა დადო და ქალაქში გასაყიდად წაიღო.

 

გზად ერთი ხიდი დახვდა და თქვა: აქ ხარი არ გაივლის, თუ არ შევუძახეო და შესძახა: ჰარიო!

 

მოუქნია ჯოხი და ერბოს ქოთანი ხიდზე დაჰკრა; ქოთანი გატყდა, ერბო დაიქცა და მისი გულისთქმით გამდიდრება წუთში დასრულდა“.

 

ეგ არის. ეგ არის და ჩვენი ციხე – გორის ციხეზე დიდი და თითქოს უგასაღებო.

 

 

დედაჩემს, თუ მაგიდაზე პურის ნამცეცს ან თეფშზე ჩვეულებრივი ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველ ლაქას დაინახავდა, ნებისმიერი თავდაუსხმელობის პაქტი შეეძლო დაერღვია და მესამე მსოფლიო ომი წამოეწყო, მოწინააღმდეგის სრული განადგურების პირობით. ნებისმიერი შესაგებელი – დაღლილი ვარ, ხომ შეიძლება ხვალ დილით ავიღოთ ეგ ციცქნა რაღაც – შეუსმენელი და შეუწყნარებელი იყო.

 

წესრიგი და დალაგება არის ობსესიური ადამიანის ერთი ნიშანი. რადგან წესრიგი, საკუთარი არსით, უდრის სივრცის კონტროლით გამოწვეულ სიმშვიდეს და თუ უწესრიგობაა, უწესრიგობა უნდა იყოს სრული, როგორც თავისებური წესრიგი.

 

ქაოსის შიში არქაული შიშია ადამიანის – რაც ანტიკურ მითებშიც იოლად ჩანს და გილგამეშიანშიც – აბანოს ეპიზოდისას. გახსოვთ, ალბათ, კანონთა დაფის გატაცება და სამყაროს არევა. ამიტომაც, თავს დავდებ – კონსტიტუცია ობსესიური ადამიანის შექმნილია და ობსესიურებივე ცვლიან, როგორც ერთმანეთისგან დაცვის და მანძილის შენარჩუნების კეთილ იძულებას. ამგვარი წესრიგის მიზანიც სიმშვიდეა. და საერთოდ, ადამიანის მთავარი ლტოლვაც ხომ ეგ არის – ყველაზე დიდი ფათერაკების მაძიებლისაც კი, რადგან სიმშვიდე სხვადასხვაობს თავისი ფორმით – ერთს მღელვარე ზღვის ცქერა აწყნარებს, მეორეს – პირიქით.

 

ბებია ამბობდა ხოლმე – „მოვკვდები და დავისვენებ!“. რადგან სიკვდილი, თავის მხრივ, არის საყოველთაო წესრიგს შეერთება და ადამიანთაგან სრული დაცულობის საბუთი.

 

სათავგადასავლო რომანებში, კაპიტანი რომ გემბანზე გამოდიოდა და ბოცმანს შესძახებდა: ,,ჯო! ყველაფერი წესრიგშია?!“, იყო პასუხი: „დიახ, სერ! წესრიგშია! ცაზე ღრუბლის ნატამალიც არ ჩანს!“.

 

დიახ, თუ ნატამალია, უკვე გაღელვებთ. ნატამალიც არ უნდა იყოს.

 

ჰოდა, მე ერთხელ საუკეთესო პერანგი იმიტომაც გადავაგდე, რომ შიგნით, სრულიად შეუმჩნეველ ადგილას, პატარა ნარღვევი დავლანდე და ვერაფრით შევეგუე. აბსურდია? ამდენი ამიტომ ვწერე, რომ პერფექციონიზმი – სამყაროსგან დაცვის ყველაზე ზუსტი აქტი აბსურდი გგონიათ? არა. ვერ მოგართვით. სრულიად პირიქითაა. სრულიად, კაპიტანო!

 

შეკითხვები მასწავლებლებისთვის

0

 

ყოველდღიურობა და ტექნიკური პროგრესი მასწავლებლებს ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. დღესდღეობით ტექნოლოგია ჩვენი ცხოვრების ცენტრი და განუყოფელი ნაწილია, რამდენადაც განსაზღვრავს და აყალიბებს პიროვნული თუ ორგანიზაციული განვითარების სხვადასხვა ასპექტებს. ამიტომაა, რომ სასწავლო წლის უკეთესი დასაწყისისთვის უცხოელი კოლეგები უფრო მაღალი ტექნოლოგიური მოლოდინებით განგვაწყობენ.

რთული სამყაროს უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით, ბუნებრივი ენების დამუშავების კომპლექსური მანქანური მოდელების (როგორიცაა ChatGPT) და ხელოვნური ინტელექტის  სხვა წარმომშობი სისტემების შესახებ წამყვანი ტექნოლოგიების პროფესორი, ენდრიუ მეინარდი გვთავაზობს თხუთმეტ შეკითხვას, რომლებიც, მისი აზრით,  ყველა პედაგოგს უნდა დაესვას.

ავტორის თქმით, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე კლასში გენერაციული ხელოვნური ინტელექტი — AI, იქნება თამაშის შემცვლელი იმის მიუხედავად,  მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ. და სწავლების სამზადისის პროცესში მასწავლებლები ტექნოლოგიური ინფორმირებულობით მზად უნდა იყვნენ.

 

ბევრმა მასწავლებელმა არ იცის, რა არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი, როგორ იყენებენ მას მოსწავლეები და, შესაბამისად,  როგორ უნდა გადახედონ და გადააკეთონ სასწავლო გეგმები ამის საპასუხოდ, როგორია მათი ინსტიტუციური პოლიტიკა, როგორი უნდა იყოს მათი კლასის პოლიტიკა და რა უნდა გააკეთონ, როდესაც ბევრი მოსწავლე იწყებს მის გამოყენებას „კრეატიული“ გზებით.

 

გასაკვირი არ არის, რომ ბევრი სკოლა მუშაობდა რესურსების შემუშავებაზე  გენერაციული AI-ის გარშემო და საკლასო ოთახებში უამრავი ინფორმაციაც გაჩნდა ისეთი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა ChatGPT.

 

ავტორი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებსა თუ პროფესორებს მომავალი სემესტრის დაგეგმვის გზაზე გენერაციული AI-ს შესახებ მოთელვისთვის რამდენიმე კოლეგის დახმარებით შედგენილი თხუთმეტი საწყისი კითხვა უნდა დაესვას. ეს კითხვებია:

 

  1. სად შემიძლია ვიპოვო ძირითადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ChatGPT და გენერაციული ხელოვნური ინტელექტი (AI) და როგორ იმოქმედებს ისინი ჩემს სწავლებაზე?
  2. როგორ შემიძლია გავარკვიო და მივიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ჩემი სკოლა/კათედრა/კოლეჯი/უნივერსიტეტი/დაწესებულება განათლებაში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გავლენისა და შესაძლებლობების საპასუხოდ?
  3. რა უნდა შევიტანო ჩემს სილაბუსში და რა ცოდნა უნდა მივაწოდო ჩემს სტუდენტებს ჩემს კლასში გენერაციული AI-ს გამოყენების შესახებ?

 

  1. რამდენად კარგი იქნება, თუ არ გამოვიყენებ გენერაციულ AI-ს ჩემს კლასში და არ მივცემ უფლებას ჩემს სტუდენტებს გამოიყენონ იგი?
  2. მაქვს თუ არა ინტელექტუალური და აკადემიური თავისუფლება, ავსახო გენერაციული AI-ის გამოყენების მისაღები დონე ჩემს კურსში?
  3. როგორ უნდა მოვემზადო სწავლებისთვის ისეთ გარემოში, სადაც ჩემი სტუდენტების უმეტესობა იყენებს გენერაციულ AI-ს?
  4. რა უნდა გავაკეთო, თუ ვფიქრობ, რომ სტუდენტები გამოიყენებენ გენერაციულ AI-ს დავალებების შესასრულებლად, რაც, მიმაჩნია, რომ პლაგიატორობაა?
  5. უნდა გამოვიყენო თუ არა ხელოვნური ინტელექტის დეტექტორები ჩემი მოსწავლის დავალებებზე? ამგვარ შემთხვევებში რა უნდა გავაკეთო, თუ დადებითი შედეგი მივიღე?
  6. მისაღებია თუ არა სტუდენტებისთვის გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება კლასში? თუ ასეა, რას უნდა მოველოდე ან რა უნდა შევზღუდო?
  7. რამდენად კარგია ChatGPT-ის გამოყენება მოსწავლეებისთვის უკუკავშირის ან თუნდაც შეფასების კრიტერიუმების მიწოდების მიზნით?
  8. წერის ოსტატობის დემონსტრირებაზე ორიენტირებულ კლასებში რა ძალისხმევას უნდა მივმართო?
  9. როგორ შემიძლია მოვარგო და შევცვალო ჩემი დავალებები მოსწავლეთა საჭიროებისამებრ, ისე, რომ მათ მიაღწიონ სასურველ შედეგებს?
  10. როგორ შემიძლია ჩემს კლასში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეფექტური გამოყენება?
  11. როგორ შემიძლია სწავლების გადააზრება მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, უფრო მძლავრ წარმომშობ ხელოვნური ინტელექტზე?
  12. როგორ დავეხმარო ჩემს მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების დონეების განვითარებისთვის მეტი წარმატების მისაღწევად?

 

სტატიის ავტორის აზრით, პასუხები ყველა ამ შეკითხვაზე ნამდვილად უნდა იყოს ინსტრუქტორების, მათი სკოლებისა თუ კოლეჯების პასუხისმგებლობა კვლევის, განხილვისა და შეთანხმების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა შეკითხვები დაისვას და მათზე მკაფიო და კონკრეტული პასუხები გაიცეს შესაბამისი ორგანიზაციების მიერ. ამის გარეშე სასწავლო პროცესი ბუნდოვნად წარიმართება. კლასში გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ სიცხადის გარეშე, მოსწავლეებს გაუჭირდებათ, რადგან ისინი ცდილობენ იმის გარკვევას, თუ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ  ან რა არ შეუძლიათ.

კარგი ამბავი ის არის, რომ ახლა კითხვების დასმით ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა, მოვემზადოთ მომავალი გენერაციული AI ტალღისთვის.

დიკენსის დიდი გაკვეთილი

0
Buss, Robert William; Dickens's Dream; Charles Dickens Museum, London; http://www.artuk.org/artworks/dickenss-dream-191221

ჩარლზ დიკენსის „ინგლისის საყმაწვილო ისტორიის“ კითხვა დავიწყე თუ არა, ცამეტი წლის იმ გოგოდ ვიქეცი, რომლის ყველაზე საყვარელი სასკოლო საგანიც ისტორია იყო. გაკვეთილამდე დარჩენილ დღეებსა და საათებს ვითვლიდი ხოლმე, და სულაც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ სხვა საგნები გაეუქმებინათ და ორშაბათიდან შაბათამდე მხოლოდ ისტორია მესწავლა. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კარგზე კარგი მასწავლებელი მყავდა, რომელსაც კითხვა ძალიან უყვარდა, დიდი მწერლების წიგნები ჰქონდა წაკითხული და ახერეხებდა, რომ მათი გმირები თვალნათლივ დაგვენახა. ამბები ერთმანეთში ირეოდა, ისტორიკოსების მონათხრობს ავტორების გამონაგონი ავსებდა, დაუვიწყარს ხდიდა.

წიგნი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე მიდევს, ჩემი მასწავლებლისთვის ნამდვილი განძი იქნებოდა. ვკითხულობ და გული მწყდება, რომ ვერ წაიკითხავს, ვერ მონუსხავს მოსწავლეებს საყვარელი მწერლის ფრაზებით, წარსულის თავზარდამცემი სახე-ხატებით, სიძველეების სილამაზით.

რა თქმა უნდა, ინგლისის ეს თავგადასავალი ყველასთვისაა და არა მხოლოდ ყმაწვილებისთვის. დროდადრო ისეთ დამზაფვრელ სიტყვებს ვაწყდები, ყოყმანსაც კი ვიწყებ – გაუძლებს კი ოცდამეერთე საუკუნის მოზარდის თვალი ამდენ სისასტიკეს, საუკუნეების სიბნელეში გაფურჩქნილ ამდენ ბოროტ ყვავილს? არადა, ასეთი იყო დასაწყისი, ასე იქმნებოდა და შენდებოდა, იცვლებოდა, იზრდებოდა და ლამაზდებოდა სამყაროს ის ნაწილი, რომელიც შევიყვარეთ.

მეფე ჰარდიკანიუტი ბრძანებს, ჰაროლდ კურდღლისფეხა საფლავიდან ამოთხარონ, თავი მოკვეთონ და მდინარეში გადააგდონ. სხვა ისტორიაში ლოცვანს წმინდანების ძვლებით სავსე კასრზე დადებენ და მეფეს ასე დააფიცებენ. ტომას ა. ბეკეტი „ჯვალოს ჭუჭყიან და მკბენარებიან სამოსს“ ჩაიცვამს, რადგან ეს დიდ სათნოებად მოეჩვენება. ჯონ უმიწაწყლოზე კი ვკითხულობთ: საკუთარი ხელით მხეცურად წვავდა იმავე სახლს, სადაც ღამე გაეთიაო. ერთ დღეს კი – დამსახურებისამებრ – მას ბერები მსხალს, ატამს, ახალ სიდრსა და საწამლავს მიართმევენ.

დიდი ბრძოლებია, უმოწყალო სისხლისღვრა. ყველაფერს ელოდები, რადგან უკვე შეგიქმნია წარმოდგენა ეპოქაზე, მაგრამ მაინც შეიძლება გადააწყდე რაღაც ისეთს, რაც საკვირველიცაა და ძნელად სარწმუნოც. გადმოცემებს ხომ უცნაურიც აღარ ეთქმის: „მოხუცმა მეფემ, როგორც ამბობენ, დააფიცა თავისი უმაქნისი შვილი, რომ არ დამარხავდა მის ძვლებს, არამედ გაწმენდდა და გაასუფთავებდა, ჭურჭელში მოათავსებდა და ინგლისის არმიას გაუძღვებოდა წინ, ვიდრე სკოტლენდი საბოლოოდ დამორჩილდებოდა“.

საუკუნიდან საუკუნეში მოგზაურობ, მწერლის ნაჩვენებ გეზს მიჰყვები და გიხარია, რომ ადამიანმა ყველა ამ განსაცდელს გაუძლო, თავს დატეხილი ეპიდემიების, ომების, წარმოუდგენელი საშინელებების მიუხედავად, სიცოცხლის სურვილი შეინარჩუნა. გიხარია, რომ რვა წლის გოგონას ხუთი წლის ბიჭუნაზე აღარ აქორწინებენ, რომ შავ ჭირს ნახევარი ქვეყნის გაწყვეტა აღარ შეუძლია, რომ წინადადება – „გზად ყველა პატარა ქალაქი გადაწვა, ჩვეულებისამებრ, ვიდრე პარიზამდე მივიდოდა“ – წარსულის საკუთრებაა და ვეღარასდროს შეიძენს ახალ შინაარსს.

მაგრამ ადამიანის სიბრიყვე, სიხარბე, სისასტიკე დღესაც რომ პოულობს ნოყიერ ნიადაგს და ომებში ისევ კვდებიან, ისევ სახიჩრდებიან?

ამ წიგნის ავტორს ნამდვილად ვერ დავწამებთ პესიმიზმის ზღვაში მკითხველის ჩახრჩობის მცდელობას. პირიქით, ხშირად გვახალისებს, სიცილის გუნებაზე გვაყენებს.

ჰენრი მეშვიდის ამბავი: „დედოფალი გარდაიცვალა. მეფემ იდარდა და როცა გამოერკვა, მისმა გონებამ ფულის ძიება დაიწყო სანუგეშოდ, და ფიქრობდა, შეერთო ნეაპოლის ქვრივი დედოფალი, ვინც ძალზე მდიდარი გახლდათ, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მის ფულს ვერ დაეუფლებოდა, ხელი აიღო განზრახვაზე. დიდად კი არ სურდა, მაგრამ მალე ხელი სთხოვა სავოის ქვრივ ჰერცოგონიას, ცოტა ხნის მერე – უკვე კასტილიის მეფის ქვრივს, რომელიც შეშლილი გახლდათ. მაგრამ ფულზე ვერ მორიგდნენ და ეს მცდელობაც ჩაიშალა“.

ჰენრი მერვე კი ერთ-ერთ ქორწინებას იმით აღნიშნავს, რომ რამდენიმე პროტესტანტ პატიმარს წვავს „პაპის დოქტრინების უარყოფისთვის“ და რამდენიმე კათოლიკე პატიმარსაც – „მისი უზენაესობის უღიარებლობისთვის“.

ასეთი ამბები მოდის ინგლისიდან, საუკუნეთა საშიში და მიმზიდველი სიღრმიდან.

მოსწავლეთა საწარმოო უნარ-ჩვევების განვითარება და პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

0

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა საქართველოში

საქართველოში, განათლების მიმდინარე რეფორმის პარალელურად, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის კულტურა დაინერგა. 2015-2019 წლების რეგულირების მიხედვით, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა აუცილებელი კომპონენტი იყო წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ცხადია, ეს მასწავლებელთა უმრავლესობისთვის რთული აღმოჩნდა. შესაბამისად, ხშირად ისმოდა სკეპტიკური მოსაზრებებიც.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის განსახორციელებლად, მასწავლებელთა ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ორგანიზაციამ სწავლებები ჩაატარა. ამასთანავე, საქართველოს უნივერსიტეტების მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიან და 60-კრედიტიან პროგრამებში მომავალი და მოქმედი მასწავლებლებისთვის ჩაიდო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სალექციო კურსი.

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მოიცავს განსაზღვრულ ეტაპებს და, იმავდროულად, აქვს ციკლური ხასიათი; მოითხოვს კვლევის ინსტრუმენტების სწორად შერჩევას და მონიტორინგის წარმოებას; შუალედური და დასკვნითი შეფასებების გაკეთებას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწავლება გაწერილი იყოს გრძელვადიანი პროგრამის მიხედვით და ერთჯერადი საინფორმაციო შეხვედრის ხასიათს არ ატარებდეს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითმა ცენტრმა SALiS საქართველოში, ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+-ის პროექტ ARTiST-ის (Action Research to Innovate Science Teaching & Career Orientation – პრაქტიკული კვლევა საბუნებისმეტყველო განათლების ხელშეწყობისთვის (https://erasmus-artist.eu/; https://salis.iliauni.edu.ge/)) განხორციელებით, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადა საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს.

პროექტის მთავარი მიზანია ბუნებისმეტყველების სწავლების განვითარება და ხელშეწყობა პედაგოგთა საქმიანობის პრაქტიკული კვლევის საფუძველზე: „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაუმჯობესება მასწავლებლის მიერ ჩატარებული პრაქტიკული კვლევის დახმარებით“ (https://salis.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/ARTIST_last-version_gold-for-print_GEO.pdf). პრაქტიკული კვლევა მიზნად ისახავს მასწავლებლის საქმიანობის ციკლურ გაუმჯობესებას კვლევის, რეფლექსიისა და ინოვაციური მიდგომების განვითარების გზით. პრაქტიკული კვლევის დროს კონკრეტული ცვლილების განხორციელება და სიახლის მიმართ ინტერესი ქმნის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის სტრატეგიების აღმოჩენის შესაძლებლობას, რაც არა მარტო ინოვაციების დანერგვას ემსახურება, არამედ მოქმედი მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასაც უწყობს ხელს.

პრაქტიკული კვლევის აქტივობების ეფექტიანობის, მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებისა და შედეგების გაუმჯობესების მიზნით ARTiST-მა „შეიმუშავა უნიკალური მიდგომა, რომელიც უნივერსიტეტებს, სკოლებსა და ინდუსტრიას/მცირე და საშუალო საწარმოებს შორის თანამშრომლობის ქსელის შექმნას გულისხმობს. პროექტში ჩართული თითოეული უმაღლესი სასწავლებელი ქმნის რეგიონულ ქსელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან უნივერსიტეტები, საშუალო სკოლები და ინდუსტრიის/მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები“ (https://salis.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/ARTIST_last-version_gold-for-print_GEO.pdf).

 

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პროექტ ARTiST-ში საქართველოს სხვა საჯარო და კერძო სკოლებთან ერთად ჩაერთო სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაც. სამუშაო თემად შერჩეულ იქნა „ყველის წარმოება“ (საწარმო „ცივის ყველი“ (https://www.tsiviskveli.ge/)). დაინერგა სასწავლო პროექტი/მოდული „სკოლის ლაბორატორიიდან ყველის საწარმომდე“ და ჩამოყალიბდა კვლევითი კითხვა: რამდენად უვითარებს მოსწავლეებს საწარმოო უნარ-ჩვევებს მასწავლებლის მიერ განხორციელებული ქმედებები? თავის მხრივ, კვლევითი კითხვა შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს, რომ სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს სხვადასხვა გამჭოლი კომპეტენციის ჩამოყალიბებას (ესგ, 2018-2024).

პროექტ ARTiST-ის კონცეფციიდან გამომდინარე, სასწავლო მოდულის „სკოლის ლაბორატორიიდან ყველის საწარმომდე“ მთავარი მიზნებია:

  1. სკოლას, უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და ხიდის გადება;
  2. მოსწავლეებისთვის კვლევითი, საწარმოო და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებზე;
  3. საბუნებისმეტყველო საგნებისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა და მოტივაციის ამაღლება ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელებით;
  4. საბუნებისმეტყველო გაკვეთილებზე შეძენილი, ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ცოდნის ტრანსფერი სამეწარმეო საქმიანობაში.

მიზნის მისაღწევად განხორციელდა პროექტის კონცეფციის მიხედვით ჩამოყალიბებული 2 ციკლი. როგორც გზამკვლევშია აღწერილი, თითოეული მათგანი მოიცავს 4 ეტაპს:

სურათი 1. პრაქტიკული კვლევის ციკლის მოდელი

 

პირველ ციკლში განხორციელდა მოსწავლეთა ვიზიტი საწარმოში და პროექტის გაცნობა. მნიშვნელოვან გარემოებად იქნა მიჩნეული რეალური მდგომარეობის შესწავლა. კერძოდ, მოსწავლეებსა და საწარმოს თანამშრომლებს შორის:

  1. ყოველდღიურ ცხოვრებაში ან/და სამეწარმეო საქმიანობაში საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობასთან დაკავშირებული შეხედულებებისა და დამოკიდებულებების დადგენა;
  2. საწარმოში მუშაობის უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული შეხედულებების დადგენა.

კვლევა ჩატარდა შემდეგი მეთოდოლოგიით:

  • ინტერვიუ საწარმოს ხელმძღვანელსა და თანამშრომლებთან;
  • არსებული რეალობის SWOT-ანალიზი;
  • მოსწავლეთა გამოკითხვა:
  • რაოდენობრივი, კითხვარის[1] მეშვეობით;
  • თვისებრივი, ფოკუსირებული ინტერვიუს მეთოდით.

კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა მოსწავლეთა ცნობიერების დაბალი დონე საბუნებისმეტყველო საგნების ცხოვრებაში გამოყენებასთან დაკავშირებით. მოსწავლეები ვერ აკავშირებენ საბუნებისმეტყველო საგნებს პროფესიებთან. ასევე, გაირკვა, რომ საწარმოს ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს სკოლაში, საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლის დროს, არ ჰქონდათ გააზრებული მიღებული ცოდნის გამოყენების პერსპექტივა. „ამ გადასახედიდან, რომ შემეძლოს უკან დაბრუნება, აუცილებლად შევცვლიდი ჩემს მიდგომას საბუნებისმეტყველო საგნების სწავლასთან მიმართებით“, ამბობს საწარმოს ხელმძღვანელი. მსგავსი შედეგი გვაქვს მოსწავლეებთანაც, რადგან, მათი შეხედულებით, საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლა დაკავშირებულია მხოლოდ სამედიცინო განათლებასთან ან კონკრეტული მეცნიერების ქიმიის, ფიზიკის ან ბიოლოგიის დაუფლებასთან. კითხვაზე, როგორი ტიპის გაკვეთილებს ისურვებდა, საწარმოს ხელმძღვანელი ერთმნიშვნელოვნად ამბობს: „უნდა იყოს ხელშეკრულება სკოლასა და საწარმოებს შორის, რათა მოსწავლე ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ შრომას, რა თქმა უნდა, ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით“. საწარმოს თანამშრომლების თვალთახედვით, საწარმოში მუშაობისთვის აუცილებელი თვისებებია შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობიანობა, მოხერხებულობა, უსაფრთხოებისა და სუბორდინაციის დაცვა, თვითგანვითარებაზე ზრუნვა. მოსწავლეები კი საწარმოში მუშაობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორად მხოლოდ პროფესიონალიზმს მიიჩნევენ.

კვლევის შედეგებიდან და არსებული რეალობიდან გამომდინარე, დადგინდა მოსწავლეთა საჭიროებები და დაიგეგმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე, საბუნებისმეტყველო საგნების მნიშვნელობის გააზრებაზე, ყოფა-ცხოვრებასა და სამეწარმეო საქმიანობაში მათი გამოყენების პერსპექტივის მნიშვნელობაზე ორიენტირებული ეფექტური აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს მომავალი პროფესიის არჩევაში და განუვითარებს კვლევით და საწარმოო უნარ-ჩვევებს.

შეიქმნა სასწავლო მოდული შემდეგი აქტივობებით:

  • ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება;
  • მოსწავლეთა მიერ საწარმოს მაკეტის შექმნა;
  • ყველის შედედებისთვის ოპტიმალური პირობების დადგენა კვლევის გზით სკოლის ლაბორატორიაში;
  • ვიზიტი ყველის საწარმოში „ცივის ყველი“, ყველის წარმოების პროცესში მონაწილეობა;
  • მოსწავლეთა მიერ ყველის ეტიკეტის დამზადება;
  • პრეზენტაცია განხორციელებული ქმედებების შესახებ სკოლის მოსწავლეებსა და საწარმოს წარმომადგენლებთან.

მეორე ციკლი განხორციელდა პირველ ციკლში დაგეგმილი აქტივობების მიხედვით. თითოეული ქმედების პარალელურად მასწავლებელი მუდმივად აწარმოებდა დაკვირვებას. კერძოდ, წარმოებულ იქნა კვლევის დღიური, რომელშიც მასწავლებელი მუდმივად ინიშნავდა დაკვირვების შედეგებს; კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების უნარ-ჩვევების დონის დადგენის მიზნით შეიქმნა კვლევის შეფასების რუბრიკა; ასევე, შეიქმნა საწარმოში პრაქტიკული მუშაობისა და საწარმოო უნარ-ჩვევების შეფასების რუბრიკა. შეფასების რუბრიკების განხილვამ მომცა როგორც შუალედური შეფასების, ისე მოსწავლეთა რაოდენობრივი კვლევით მიღებული შედეგების გამყარების შესაძლებლობა.

მეორე ციკლის დასრულების შემდეგ კი განხორციელდა მოსწავლეთა კვლევის მეორე ეტაპი:

  • რაოდენობრივი კვლევა, კითხვარის[2] მეშვეობით;
  • თვისებრივი კვლევა ფოკუსირებული ინტერვიუს მეთოდით.

 

კვლევის შედეგების ანალიზი და დისკუსია

 

ინტერვიუების ანალიზი აჩვენებს, რომ მოსწავლეები მეღვინეობას, რძის პროდუქტების გადამუშავებას, სააფთიაქო წარმოებას, არაორგანული და ორგანული სასუქების წარმოებას, სხვადასხვა ტიპის კვლევით ლაბორატორიებს განიხილავენ დასაქმების იმ სფეროდ, სადაც საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა მნიშვნელოვანია. აშკარაა, რომ ამ მიმართულებით მკვეთრი ცვლილებაა. ისინი თავისუფლად აკავშირებენ სკოლაში მიღებულ ცოდნას სამეწარმეო საქმიანობასთან და საუბრობენ მოდულის დანერგვის პროცესში შესწავლილი მასალის ყველის წარმოებაში ფერმენტების მნიშვნელობის შესახებ. მათ ლაბორატორიაში ქცევის წესები დაუკავშირეს და შეადარეს საწარმოში ქცევის წესებს. მოსწავლეები მიიჩნევენ, რომ საწარმოში მუშაობით განივითარეს პრაქტიკული უნარები, ქცევის წესებისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ჩვევა: „პროექტზე მუშაობის დროს ჩამოგვიყალიბდა გუნდური მუშაობის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი, თან ვსწავლობთ და თან ვხალისობთ. საწარმოში ყველას თავისი ფუნქცია აქვს, ჩვენც კარგად მოვირგეთ როლები“. მათ აქვთ მზაობა და სურვილი, მონაწილეობა მიიღონ მსგავს პროექტებში, მაგალითად, გაეცნონ ღვინისა და ხორცპროდუქტების წარმოების ტექნოლოგიას და განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც პრაქტიკულ მუშაობასთან იქნება დაკავშირებული.

მთავარი ის არის, რომ მოსწავლეებს ინტერესი გაუჩნდათ. ერთი მათგანი აღნიშნავს: „არც მეგონა, რომ ასეთი საინტერესო იქნებოდა“. მოსწავლეებს მიაჩნიათ, რომ ამგვარ პროექტებში მონაწილეობა მათ მომავალი პროფესიების არჩევაში დაეხმარება: „ჩვენ ვეცნობით სხვადასხვა სფეროს და გვიადვილდება პროფესიის შერჩევა, რადგან კარგად ვიგებთ თითოეული პროფესიის საჭიროებებს, მოთხოვნებსა და გამოწვევებს. ვიგებთ არა მარტო წარმოების, არამედ რეკლამირებისა და რეალიზაციის პირობებს. ჩვენი მოლოდინი გამართლდა და იმაზე მეტი მივიღეთ, ვიდრე გვეგონა“.

რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტების პრე- და პოსტკითხვარების შედარებითმა ანალიზმა მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები აჩვენა. როგორც მეორე დიაგრამაზე ჩანს, პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეები მიიჩნევდნენ, რომ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული პროექტი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო როგორც პირადად მათთვის, ისე საზოგადოებისთვის, პროექტის დასრულების შემდეგ კი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ პროექტში მონაწილეობამ მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა.

დიაგრამა 2. პროექტის როლი საბუნებისმეტყველო განათლებაში

 

 

მოდულის დანერგვის დასაწყისში მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ პროექტში მათი ჩართულობა და ინტერესი დაბალი იქნებოდა და მხოლოდ მასწავლებლის მითითებებს შეასრულებდნენ, თუმცა პროექტის დასასრულს აღნიშნეს, რომ მოდულის დანერგვის ყოველ ეტაპზე დიდი ინტერესით მუშაობდნენ. უფრო მეტიც: გაუჩნდათ სურვილი, მონაწილეობა მიიღონ სხვა მსგავსი პროექტებში. პრე- და პოსტკითხვარების შედარებისას აღმოჩნდა, რომ განხორციელებული ქმედებები მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და საინტერესო იყო. პროექტში მონაწილეობის დროს ისინი მოსალოდნელზე მეტ კმაყოფილებას გრძნობდნენ. (დიაგრამა 2, 3)

დიაგრამა 3. მოსწავლეთა მონაწილეობის სურვილი ახალ პროექტებში

 

დიაგრამა 4. პროექტში მონაწილეობით მიღებული კმაყოფილება

 

კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ მოსწავლეები არ იყვნენ შეზღუდულნი მუშაობის პროცესში, თავისუფლად სვამდნენ კითხვებს და გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომლებსაც ყოველთვის ითვალისწინებდა მასწავლებელი.

პროექტის დასაწყისში მოსწავლეებისთვის ძნელი წარმოსადგენი იყო კავშირი სამეწარმეო საქმიანობასა და საბუნებისმეტყველო დისციპლინებს შორის. როცა პროექტის არსს ჩასწვდნენ და დაიწყეს აქტივობების განხორციელება, მათ ნათლად დაინახეს მჭიდრო კავშირი და ურთიერთგავლენა საბუნებისმეტყველო საგნებსა და სამეწარმეო საქმიანობას შორის.

როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, პროექტის დასაწყისში, განსახორციელებელი პროექტის წარდგენისას, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ გაეცნობოდნენ საწარმოში მუშაობის ძირითად პრინციპებს, მაგრამ ნაკლებრეალურად მიიჩნიეს პროექტის ფარგლებში საწარმოო უნარ-ჩვევების დაუფლება-გამომუშავებისა და განვითარების შესაძლებლობა, პროექტის დასრულების შემდეგ კი ყველა მოსწავლე აღნიშნავდა, რომ მათ შეიძინეს საწარმოში, კერძოდ, ყველის საწარმოში მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ეს ცხადად ჩანს მეხუთე დიაგრამაზე.

დიაგრამა 5. მოსწავლეთა შეხედულება   პროექტში მონაწილეობამ განავითარა თუ არა მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევები

 

 

მოსწავლეთა შეხედულებები შეიძლება გავამყაროთ კვლევის დღიურში წარმოებული ჩანაწერებისა და მოსწავლეთა მუშაობის შეფასების რუბრიკებით, რომელთა ანალიზის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ:

  • მოსწავლეებს აქვთ გარკვეული კვლევითი უნარ-ჩვევები, მუშაობენ

გაწერილი ინსტრუქციების მიხედვით, თუმცა უჭირთ კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვა;

  • მოსწავლეები უხმაუროდ გადაადგილდებიან საწარმოს სხვადასხვა სივრცეში, მუშაობისას ითვალისწინებენ ქცევისა და უსაფრთხოების წესებს, მიჰყვებიან მომუშავე პერსონალის მითითებებსა და ინსტრუქციებს, სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით დამოუკიდებლად ამზადებენ სხვადასხვა სახეობის, ფორმისა და ზომის ყველს;
  • მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, საჭიროების შემთხვევაში კითხვით მიმართავენ უფროსებს, იყენებენ ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.

 

დასკვნა

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სამეწარმეო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

მნიშვნელოვანია სკოლის, უნივერსიტეტისა და საწარმოს ერთობლივი, კოორდინირებული პროექტების განხორციელება, რაც ზრდის მოსწავლეთა თავისუფლებას, ინტერესსა და მოტივაციას, ხელს უწყობს გამჭოლი კომპეტენციების ჩამოყალიბებას, სამეწარმეო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლეთა მიერ მომავალი პროფესიის არჩევაში.

ამასთანავე, პრაქტიკული კვლევა პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სტატუსის, ასაკისა და სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლისთვის შინაგან მოთხოვნილებად იქცეს კონკრეტულ კლასსა თუ მოსწავლეთა ჯგუფთან გამოყენებულ პედაგოგიურ მიდგომებსა და მეთოდებზე მუდმივი დაკვირვება, ანალიზი, შეფასება და, საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიული გზების ძიება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. გზამკვლევი ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის. პრაქტიკული კვლევის სემინარების მომზადება და ჩატარება https://salis.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/ARTIST_last-version_gold-for-print_GEO.pdf
  2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი

https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf

  1. ესგ, 2018-2024 https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

 

[1] კითხვარი ფორმულირებულია პროექტ PROFILES-ის ფარგლებში, რომელიც ითარგმნა და ქართულ რეალობასთან ადაპტირდა საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის, SALiS-ის გუნდის მიერ. პროექტ ARTIST-ის შინაარსიდან გამომდინარე, კითხვარმა მცირეოდენი მოდიფიცირება განიცადა ჩემ მიერ.

[2] იხ.1

როცა ბავშვს მარცხის აღიარება უჭირს

0

„ჩემს შვილს ძალიან არ უყვარს წაგება, სურს, ყოველთვის მოგებული იყოს. არ ვიცი, რა მოვუხერხო“, – გულისტკივილი ვერ დამალა მეხუთეკლასელი გიოს დედამ, როცა მისი ბიჭუნა დამარცხების შიშით შუა გზიდან გამოეთიშა თანატოლებთან სპორტულ შეჯიბრებას.

არიან ბავშვები, რომლებიც ყოველგვარ მარცხს კატასტროფად აღიქვამენ, ავადმყოფურად რეაგირებენ წაგებაზე, ისტერიკაში ვარდებიან და აგრესიასაც კი ამჟღავნებენ მოწინააღმდეგის მიმართ, შეურაცხყოფენ, საყვედურებს არ იშურებენ და საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩუმად, უსიტყვოდ განიცდიან, საკუთარ თავში იკეტებიან და შეჯიბრებებში მონაწილეობას გაურბიან.

თითოეული ჩვენგანი ესწრაფვის წარმატებას. ეს ბუნებრივია და საჭიროცაა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევდით დასახულ მიზნებს, მაგრამ ასევე ბუნებრივია, რომ ყოველთვის გამარჯვებული ან ყოველთვის დამარცხებული ვერავინ იქნება. ცხოვრება რთულად არის მოწყობილი, არაპროგნოზირებადია და ხშირად უფროსებსაც კი გვიჭირს ამასთან შეგუება. მარცხის აღიარების უნარი სოციუმში ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნარი თანდათან ყალიბდება, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და უფროსების დაუხმარებლად მოზარდს ვერ გამოუმუშავდება.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს წაგების მიღება და მარცხის აღიარება? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომლებიც, წაგების შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველ რეაქციებს იწვევს:

  • თუ პატარაობაში, დედ-მამასთან ან უფროს და-ძმებთან თამაშის დროს ბავშვს ყოველთვის აგებინებდნენ, რათა თავი ბედნიერად ეგრძნო, მოგვიანებით, როცა თანატოლებთან თამაშის დროს ვინმე დაჯაბნის, მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება მარცხის მიღება, წაგების აღიარება. შესაძლოა იტიროს, შეშინდეს, იმედგაცრუებული დარჩეს საკუთარი თავით. რაც მთავარია, მას არ ეცოდინება, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში.
  • ადრეულ ბავშვობაში პატარა სამყაროს ცენტრად აღიქვამს თავს და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საზღვრებს, რომლებსაც ცხოვრება უწესებს.
  • მარცხის აღიარება დედისერთებს უფრო უჭირთ, ვინაიდან მათთვის უცხოა და-ძმებთან კონკურენცია, თუმცა ისიც შესაძლოა, ასეთ დამოკიდებულებას საფუძვლად ედოს მეტოქეობა უმცროსებსა და უფროსებს შორის. გამარჯვების მოპოვებით ხშირად ბავშვი მშობლებს თავის არსებობას „უცხადებს“, აგრძნობინებს, რომ ისეთივე ღირებულია, ისევე დასაფასებელი, როგორც მისი და ან ძმა, რომლის მიღწევებითაც უფროსები ზოგჯერ ზედმეტადაც კი ამაყობენ. თუ ბავშვს სურს, იყოს ყურადღების ცენტრში და თავი წარმატებულად იგრძნოს, ეს სავსებით ნორმალურია.
  • შესაძლოა, ბავშვს ეგონოს, რომ წაგების შემთხვევაში ის ნაკლებად ეყვარებათ, ხოლო თუ მოიგო, გარშემო მყოფთა სიყვარული გარანტირებული ექნება.
  • ზოგიერთ ბავშვს წაგება აღიზიანებს და აბრაზებს, რადგან ეშინია, იმედი არ გაუცრუოს მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ყოჩაღია და ყველაფერი გამოსდის. თუ წაგების შემთხვევაში მშობლებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს, ბავშვი გამოიტანს დასკვნას: „მოგება კარგია, წაგება ცუდი; მე წავაგე, ესე იგი, ცუდი ვარ“.
  • დამარცხების მიუღებლობის მიზეზად შესაძლოა იქცეს როგორც არაადეკვატურად მაღალი, ისე არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. მოგება თავდაჯერებას გვმატებს. ხშირად ბავშვის თვითგამორკვევა გამარჯვებაზეა აგებული, ის აძლევს საყრდენის შეგრძნებას სამყაროს შემეცნებისას. წაგების შემთხვევაში ბავშვი ამ საყრდენს კარგავს და რაც უფრო დაბალია მისი თვითშეფასება, რაც უფრო აკლია საკუთარი თავის რწმენა, მით უფრო უჭირს მარცხის მიღება. ამ დროს ბავშვს უჭირს იმის აღიარება, რომ რაღაცას თავს ვერ ართმევს. ის თავს გრძნობს ადამიანად, რომელიც სიყვარულს და პატივისცემას არ იმსახურებს. არანაკლებ მტკივნეულია მარცხის აღიარება არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის. ის ხომ თავისი ოჯახისთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენს. ასეთი ბავშვები არ არიან მიჩვეული უარს და ვერ იტანენ ხელის მოცარვას. წარუმატებლობამ ისინი შესაძლოა ძლიერ გააღიზიანოს და იმედგაცრუებული დატოვოს.

 

მიზეზის გარკვევის შემდეგ მნიშვნელოვანია ადეკვატური სტრატეგიის შერჩევა, რაშიც ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს წაგების უმტკივნეულოდ მიღებასა და დამარცხების აღიარებაში

  • განურჩევლად იმისა, ბავშვი ბრაზობს, ჩხუბობს თუ თვალები ცრემლებით აქვს სავსე და უსიტყვოდ განიცდის საკუთარ მარცხს, მას უფროსების დახმარება სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია სირთულეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
  • გამოვიჩინოთ მოთმინება. არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება, ერთ დღეში ვასწავლოთ ბავშვს მარცხის აღიარება. ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
  • ყურადღებით მოვეკიდოთ ბავშვის გრძნობებს, მის საქმიანობას. ვასწავლოთ წესებით თამაში და გავხდეთ მისი პარტნიორი თამაშის დროს. ამისთვის გამოდგება ნებისმიერი თამაში, რომელშიც ზრდასრულისა და ბავშვის წარმატების შანსი პრაქტიკულად თანაბარია. თამაშის დაწყებამდე განვიხილოთ დასასრულის ვარიანტები, მათ შორის – მარცხიც, დასრულების შემდეგ კი ვკითხოთ, რას გრძნობს, ვესაუბროთ საკუთარ განცდებზეც. წინასწარ მოვიფიქროთ სპეციალური რიტუალი წაგებულისთვის, მაგ., მან გამარჯვებულს ტაში უნდა დაუკრას – მარცხის მიღება ხომ მეტოქის გამარჯვების აღიარებით იწყება.
  • ერთად თამაშის დროს მივცეთ ბავშვს როგორც მოგების, ისე წაგების საშუალება, რათა სხვადასხვა როლი მოირგოს. ცრემლების შიშით ნუ დავნებდებით ნაკლებსავარაუდოა, ყალბი მოგება ბავშვს თავდაჯერების, საკუთარი თავის რწმენისა და სირთულეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში დაეხმაროს.
  • თუ ბავშვი მარცხს ვერ ეგუება, მოვერიდოთ უკმაყოფილების გამოხატვას და მის შედარებას იმ თანატოლებთან, რომლებიც წაგებაზე უფრო მშვიდად რეაგირებენ: „აი, შეხედე, ნინი საერთოდ არ ნერვიულობს, როცა აგებს“. სხვებთან შედარებით ბავშვს ვართმევთ საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობას. ის შეეცდება, დაემსგავსოს ნინის ან ვინმე სხვას. მას ყოველთვის ექნება როგორც სხვისი აზრის, ასევე შეცდომების შიშიც.
  • კარგი იქნება, თუ წაგების გამო განაწყენებულ ბავშვთან საუბრისას გამოვიყენებთ შემდეგ ფრაზებს: „მესმის, რომ ნაწყენი ხარ. ვიცი, რომ მოგება გინდოდა. მომდევნო ჯერზე მოიგებ!“
  • ძალიან მნიშვნელოვანია, მარცხის შემთხვევაში ვაჩვენოთ ბავშვს ჩვენი უპირობო სიყვარული და, ამასთან ერთად, გამარჯვების გზის პოვნაშიც დავეხმაროთ.

 

იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, ბავშვს წაგების მიმართ სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოთ. ასეთი დამოკიდებულება კი, თავის მხრივ, მას თუნდაც ყველაზე წარმოუდგენელი მიზნების მიღწევაში დახემარება. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა იყოს მარცხიც, მაგრამ ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ აუცილებელია რაღაცის შეცვლა და სვლა წინ, საკუთარი ოცნებებისკენ.

 

 უდედონი

0

 „ხან იფიქრებდა, უდედოდ

გაზრდა ვინა თქვა შვილისა…“

                                                                                                                             ხალხური

 არც თინათინს, არც ავთანდილს, არც ტარიელს…  როსანსა და როდიასაც კი დედები არა ჰყავთ.

სად არიან დედები?

ერთადერთს, ნესტან-დარეჯანს ჰყავს დედა, რომლის ყოფნაც ლამის არყოფნაზე უარესია – თავის ქალიშვილს არც ზრდის, არც თანაუგრძნობს, არც იმის ღირსად მიიჩნევს, რომ ხვარაზმშას ძეზე გათხოვების გადაწყვეტილება არა თუ შეუთანხმოს, წინასწარ მაინც შეატყობინოს.

საინტერესოა, დასწყდებოდა თუ არა გული ინდოეთის დედოფალს, თავისი ქალიშვილის მიერ ვიღაც უცხო ქალისათვის მიწერილი წერილი რომ ენახა, რომელიც ასე იწყებოდა: „აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო!“

ფატმან-ხათუნმა კი მართლაც შეძლო ნესტან-დარეჯანის დედობა: გადარჩენაც, პატრონობაც, თანაგრძნობაც, გაფრთხილებაც, მისი სურვილების პატივისცემაც, განძის უშურველად მიცემაც, მისთვის თავგანწირვაც და ბევრი, ბევრი ისეთი რამ, რაც დედისა და გამზრდელი მამიდისაგან აკლდა, რაც უსიყვარულო ინდოეთში მთელი ცხოვრება ენატრებოდა. უცხო ქვეყანაში პირველივე შემხვედრი უცხო ქალისაგან ისეთი  დედობრივი სითბო და მზრუნველობა იგრძნო ნესტანმა, რომ მთელი გულწრფელობით უთხრა: „შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა…“

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა რუსთაველმა, რომ  ფატმანი ყოფილიყო იდეალური დედისა და დედობილის სახე. ის ხომ არც იდეალური ქალია, არც იდეალური ცოლი, არც იდეალური საყვარელი…

როგორც ჩანს, შვილები ფატმან-ხათუნის სუსტი წერტილია.  როცა უარყოფილი საყვარელი დაემუქრა: „ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად…“, მისი სიტყვები ზუსტად მიზანს მოხვდა. თავზარდაცემული ფატმანი პანიკაში ჩავარდა და მოთქმა დაიწყო: „მოვკალ, ჰაი, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი…“; შეცბუნებულ ავთანდილსაც ასე შესტირა: „დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა…“.

არსად ჩანს, რომ ფატმანი თავის რეპუტაციაზე, სახელის გატეხაზე, ქმრის ღალატის გამჟღავნებაზე დარდობს. რას იტყვის ხალხი, როგორც ჩანს, დიდად არ აწუხებს. ყველაზე მეტად რაც აშინებს, ის საფრთხეა, რომელიც შესაძლოა მის შვილებს დაემუქროს. ამიტომ კიდევ ერთხელ უმეორებს ავთანდილს: „თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა“.

ავთანდილისთვის კაცი, რომელიც ქალს დასმენითა და შვილებით აშანტაჟებს, უკვე სრულიად უღირსი და ამაზრზენია. რა შეიძლება იყოს მუქარის მიზეზი, ამას დიდი მნიშვნელობა აღარც აქვს. ამიტომაცაა, იოლად რომ იღებს უცნობის მოკვლის გადაწყვეტილებას: „იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად…“.

ჭაშნაგირის მოსაკლავად მისულ ავთანდილს არც ხელი უკანკალებს, არც სინდისის ქენჯნას განიცდის. და რადგან ჯერაც ტარიელის მონათხრობის გავლენის ქვეშაა, უსისხლოდ ხოცავს  ჭაშნაგირის მცველებს: „თავი თავსა შეუტაკა“ (აკი ასე უთხრა ტარიელმა   ხვარაზმშას ძეზე: „თავი სვეტსა შევუტაკე“, ანუ უსისხლოდ მოვკალიო), ხოლო თავად ენატანიობის მოყვარულ ჭაშნაგირს ხვარაზმშას ვაჟივით  საწოლში  უღებს ბოლოს.

ჭაშნაგირის სიკვდილი ხსნაა ფატმანისთვის, რადგან ეს მისი შვილების გადარჩენას ნიშნავს.  ამიტომაცაა ბედნიერი ამ ამბის გაგებით: „მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით“.

და ბოლოს, როცა უცნობი ქალის საოცარ თავგადასავალს ფატმანი ბოლომდე უამბობს  ავთანდილს, დასძენს, რომ საყვარელი სწორედ ამ ქალის  ამბის გამჟღავნებით ემუქრებოდა. ამიტომაც არაფერს ნანობს და კიდევ ერთხელ დაბეჯითებით  იმეორებს, რომ ჭაშნაგირის სიკვდილი აუცილებელი იყო მისი შვილების გადასარჩენად. თუ მეფე  შეიტყობდა,  რომ   მისი ვაჭართა უხუცესის ცოლი  ნესტანს გაპარვაში დაეხმარა, როგორც ფატმანი ამბობს: „შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა!“

როცა ატირებული ამ ამბავს ჰყვება და ავთანდილიც მასთან ერთად ცრემლებს ღვრის, ფატმანმა ჯერ არც კი იცის, რომ მისი მხსნელი შესაძლოა მასზე დიდი გულშემატკივარია ნესტან-დარეჯანისა. უკვირს და ახარებს  კი საყვარლის ამგვარი თანაგრძნობა.

ასეთი თავგანწირული დედაა ფატმან-ხათუნი და ამიტომაც ჭრის მკითხველს ყურს მისი ნათქვამი: „სახლი და შვილნი მომძულდეს, ვჯდი უგულოთა გულითა“. თუ გავიხსენებთ, რომ ფატმანი ასეთ მდგომარეობაში მაშინ აღმოჩნდა, როცა მისი ენაგრძელი ქმრის გამო ნესტანი გულანშაროდან გადაიხვეწა, ხოლო ფატმანმა ჯერაც არაფერი იცოდა მის შესახებ, მივხვდებით, რომ შვილებზე არანაკლებ დარდობდა ის თავისი შვილობილის გამო.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა ავთანდილი  გადაწყვეტს, ფატმანს თავისი დიდი საიდუმლო გაუმხილოს და ნესტანის პოვნა-გამოხსნაში დახმარება სთხოვოს, უკვე დარწმუნებულია, რომ უფრო ერთგულ მოკავშირეს ვერ იპოვის: „მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა…“. არც შემცდარა. ფატმან-ხათუნმა მაშინვე მოთოკა თავისი ქალური ვნებები და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა მისმა დედურმა ბუნებამ: „ფატმან თქვა: „ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!“

და ნამდვილი დედისაგან განსხვავებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მისი შვილობილი  მართლაც ბედნიერი ყოფილიყო. ამიტომაცაა, რომ, როცა „მათ სამთა გმირთა მნათობთა“ ქაჯეთი აიღეს, ვინც პირველი გაიხსენეს, ფატმანი იყო და „თქვეს: „ფატმან ვნახოთ, მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია“.

ფატმანს უკვე ჩუმად არავინ გადაუხდის ვალს. ზღვათა სამეფოს მეფემაც უნდა იცოდეს, რომ ინდოეთის მეფის ასულის გადარჩენა  მისი ქვეშევრდომის დამსახურებაა. ამიტომაც უთვლის ტარიელი მადლობას სწორედ ზღვათა სამეფოს მეფეს და ატყობინებს: „ფატმანს უხსნია ჩემი მზე, სდედებია და სდებია…“, ამიტომაც უძღვნის ქაჯეთის სამეფოს ზღვათა სამეფოს მეფეს, ხოლო ქაჯთა საჭურჭლეს  – ფატმან-ხათუნს, რომელსაც, მეფის ურჩობის მიუხედავად, თითსაც ვეღარავინ დააკარებს გულანშაროში.

კიდევ ერთი ქალია „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც დედაზე არანაკლები დედაა თავისი  ძმისწულებისათვის და ეს ქალი ქაჯეთში ცხოვრობს. როცა ქაჯთა მეფე გარდაიცვალა: „შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა“, მისმა დამ  მეფის ობოლი შვილების მზრუნველობა ითავა: „აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა“.

ესეც  ქაჯეთი…  მეფეც გულმოწყალე ჰყოლიათ და მამიდაც – მზრუნველი  ობლებისა. როცა დულარდუხტსა და  დავარს ადარებ,  ხვდები, ქაჯეთიც კი თურმე ერთი თავით უსწრებს ინდოეთს…

რატომ ისურვა რუსთაველმა, რომ მისი პერსონაჟები უდედონი ყოფილიყვნენ?  არის კი  პასუხი ამ კითხვაზე?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...