სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როცა ბავშვს მარცხის აღიარება უჭირს

„ჩემს შვილს ძალიან არ უყვარს წაგება, სურს, ყოველთვის მოგებული იყოს. არ ვიცი, რა მოვუხერხო“, – გულისტკივილი ვერ დამალა მეხუთეკლასელი გიოს დედამ, როცა მისი ბიჭუნა დამარცხების შიშით შუა გზიდან გამოეთიშა თანატოლებთან სპორტულ შეჯიბრებას.

არიან ბავშვები, რომლებიც ყოველგვარ მარცხს კატასტროფად აღიქვამენ, ავადმყოფურად რეაგირებენ წაგებაზე, ისტერიკაში ვარდებიან და აგრესიასაც კი ამჟღავნებენ მოწინააღმდეგის მიმართ, შეურაცხყოფენ, საყვედურებს არ იშურებენ და საკუთარ წარუმატებლობას მას აბრალებენ. არიან ისეთებიც, რომლებიც ჩუმად, უსიტყვოდ განიცდიან, საკუთარ თავში იკეტებიან და შეჯიბრებებში მონაწილეობას გაურბიან.

თითოეული ჩვენგანი ესწრაფვის წარმატებას. ეს ბუნებრივია და საჭიროცაა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევდით დასახულ მიზნებს, მაგრამ ასევე ბუნებრივია, რომ ყოველთვის გამარჯვებული ან ყოველთვის დამარცხებული ვერავინ იქნება. ცხოვრება რთულად არის მოწყობილი, არაპროგნოზირებადია და ხშირად უფროსებსაც კი გვიჭირს ამასთან შეგუება. მარცხის აღიარების უნარი სოციუმში ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნარი თანდათან ყალიბდება, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და უფროსების დაუხმარებლად მოზარდს ვერ გამოუმუშავდება.

რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა შეძლოს წაგების მიღება და მარცხის აღიარება? უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, გავერკვეთ იმ მიზეზებში, რომლებიც, წაგების შემთხვევაში, ბავშვის ფსიქიკისთვის დამანგრეველ რეაქციებს იწვევს:

  • თუ პატარაობაში, დედ-მამასთან ან უფროს და-ძმებთან თამაშის დროს ბავშვს ყოველთვის აგებინებდნენ, რათა თავი ბედნიერად ეგრძნო, მოგვიანებით, როცა თანატოლებთან თამაშის დროს ვინმე დაჯაბნის, მისთვის ძალიან მტკივნეული იქნება მარცხის მიღება, წაგების აღიარება. შესაძლოა იტიროს, შეშინდეს, იმედგაცრუებული დარჩეს საკუთარი თავით. რაც მთავარია, მას არ ეცოდინება, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში.
  • ადრეულ ბავშვობაში პატარა სამყაროს ცენტრად აღიქვამს თავს და ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საზღვრებს, რომლებსაც ცხოვრება უწესებს.
  • მარცხის აღიარება დედისერთებს უფრო უჭირთ, ვინაიდან მათთვის უცხოა და-ძმებთან კონკურენცია, თუმცა ისიც შესაძლოა, ასეთ დამოკიდებულებას საფუძვლად ედოს მეტოქეობა უმცროსებსა და უფროსებს შორის. გამარჯვების მოპოვებით ხშირად ბავშვი მშობლებს თავის არსებობას „უცხადებს“, აგრძნობინებს, რომ ისეთივე ღირებულია, ისევე დასაფასებელი, როგორც მისი და ან ძმა, რომლის მიღწევებითაც უფროსები ზოგჯერ ზედმეტადაც კი ამაყობენ. თუ ბავშვს სურს, იყოს ყურადღების ცენტრში და თავი წარმატებულად იგრძნოს, ეს სავსებით ნორმალურია.
  • შესაძლოა, ბავშვს ეგონოს, რომ წაგების შემთხვევაში ის ნაკლებად ეყვარებათ, ხოლო თუ მოიგო, გარშემო მყოფთა სიყვარული გარანტირებული ექნება.
  • ზოგიერთ ბავშვს წაგება აღიზიანებს და აბრაზებს, რადგან ეშინია, იმედი არ გაუცრუოს მშობლებს, რომლებიც ყოველთვის ეუბნებოდნენ, რომ ყოჩაღია და ყველაფერი გამოსდის. თუ წაგების შემთხვევაში მშობლებმა უკმაყოფილება ვერ დამალეს, ბავშვი გამოიტანს დასკვნას: „მოგება კარგია, წაგება ცუდი; მე წავაგე, ესე იგი, ცუდი ვარ“.
  • დამარცხების მიუღებლობის მიზეზად შესაძლოა იქცეს როგორც არაადეკვატურად მაღალი, ისე არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასება. მოგება თავდაჯერებას გვმატებს. ხშირად ბავშვის თვითგამორკვევა გამარჯვებაზეა აგებული, ის აძლევს საყრდენის შეგრძნებას სამყაროს შემეცნებისას. წაგების შემთხვევაში ბავშვი ამ საყრდენს კარგავს და რაც უფრო დაბალია მისი თვითშეფასება, რაც უფრო აკლია საკუთარი თავის რწმენა, მით უფრო უჭირს მარცხის მიღება. ამ დროს ბავშვს უჭირს იმის აღიარება, რომ რაღაცას თავს ვერ ართმევს. ის თავს გრძნობს ადამიანად, რომელიც სიყვარულს და პატივისცემას არ იმსახურებს. არანაკლებ მტკივნეულია მარცხის აღიარება არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვისთვის. ის ხომ თავისი ოჯახისთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენს. ასეთი ბავშვები არ არიან მიჩვეული უარს და ვერ იტანენ ხელის მოცარვას. წარუმატებლობამ ისინი შესაძლოა ძლიერ გააღიზიანოს და იმედგაცრუებული დატოვოს.

 

მიზეზის გარკვევის შემდეგ მნიშვნელოვანია ადეკვატური სტრატეგიის შერჩევა, რაშიც ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს წაგების უმტკივნეულოდ მიღებასა და დამარცხების აღიარებაში

  • განურჩევლად იმისა, ბავშვი ბრაზობს, ჩხუბობს თუ თვალები ცრემლებით აქვს სავსე და უსიტყვოდ განიცდის საკუთარ მარცხს, მას უფროსების დახმარება სჭირდება, რადგან ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია სირთულეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
  • გამოვიჩინოთ მოთმინება. არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება, ერთ დღეში ვასწავლოთ ბავშვს მარცხის აღიარება. ამას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს.
  • ყურადღებით მოვეკიდოთ ბავშვის გრძნობებს, მის საქმიანობას. ვასწავლოთ წესებით თამაში და გავხდეთ მისი პარტნიორი თამაშის დროს. ამისთვის გამოდგება ნებისმიერი თამაში, რომელშიც ზრდასრულისა და ბავშვის წარმატების შანსი პრაქტიკულად თანაბარია. თამაშის დაწყებამდე განვიხილოთ დასასრულის ვარიანტები, მათ შორის – მარცხიც, დასრულების შემდეგ კი ვკითხოთ, რას გრძნობს, ვესაუბროთ საკუთარ განცდებზეც. წინასწარ მოვიფიქროთ სპეციალური რიტუალი წაგებულისთვის, მაგ., მან გამარჯვებულს ტაში უნდა დაუკრას – მარცხის მიღება ხომ მეტოქის გამარჯვების აღიარებით იწყება.
  • ერთად თამაშის დროს მივცეთ ბავშვს როგორც მოგების, ისე წაგების საშუალება, რათა სხვადასხვა როლი მოირგოს. ცრემლების შიშით ნუ დავნებდებით ნაკლებსავარაუდოა, ყალბი მოგება ბავშვს თავდაჯერების, საკუთარი თავის რწმენისა და სირთულეების გადალახვის უნარის გამომუშავებაში დაეხმაროს.
  • თუ ბავშვი მარცხს ვერ ეგუება, მოვერიდოთ უკმაყოფილების გამოხატვას და მის შედარებას იმ თანატოლებთან, რომლებიც წაგებაზე უფრო მშვიდად რეაგირებენ: „აი, შეხედე, ნინი საერთოდ არ ნერვიულობს, როცა აგებს“. სხვებთან შედარებით ბავშვს ვართმევთ საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობას. ის შეეცდება, დაემსგავსოს ნინის ან ვინმე სხვას. მას ყოველთვის ექნება როგორც სხვისი აზრის, ასევე შეცდომების შიშიც.
  • კარგი იქნება, თუ წაგების გამო განაწყენებულ ბავშვთან საუბრისას გამოვიყენებთ შემდეგ ფრაზებს: „მესმის, რომ ნაწყენი ხარ. ვიცი, რომ მოგება გინდოდა. მომდევნო ჯერზე მოიგებ!“
  • ძალიან მნიშვნელოვანია, მარცხის შემთხვევაში ვაჩვენოთ ბავშვს ჩვენი უპირობო სიყვარული და, ამასთან ერთად, გამარჯვების გზის პოვნაშიც დავეხმაროთ.

 

იმედი მაქვს, ეს რეკომენდაციები დაგეხმარებათ, ბავშვს წაგების მიმართ სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბოთ. ასეთი დამოკიდებულება კი, თავის მხრივ, მას თუნდაც ყველაზე წარმოუდგენელი მიზნების მიღწევაში დახემარება. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შესაძლოა იყოს მარცხიც, მაგრამ ეს მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ აუცილებელია რაღაცის შეცვლა და სვლა წინ, საკუთარი ოცნებებისკენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“