ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

ალავერდობიდან ალავერდამდე

0

ამ ზაფხულს, 25 ივნისს კახეთს გაუგონარი სტიქია დაატყდა თავს – ქარბორბალამ ალავერდის ტაძარს გადაუარა. მძაფრსიუჟეტიანი ფილმის კადრებს ჰგავდა ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო – როგორ მისრიალებს გველეშაპის კუდივით დაგრაგნილი ცუნამი ტაძრის გუმბათისკენ, როგორ შემოეხვევა, შემოაფცქვნის კრამიტს, მოაძრობს ჯვარს, ააფრიალებს ჰაერში და ცაზე შავი ელვით დატენილ ბილიკს დაკიდებს…

შემზარავი და შემაძრწუნებელი იყო ეს ყველაფერი. არარეალურიც გეგონებოდა, რომ არა თვითმხილველთა და მონასტრის წევრთა კომენტარები, მათი წუხილი ზარალის გამო, რომელიც ჯერ კიდევ დაუთვლელი იყო და იგრძნობოდა, რომ იმაზე ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე ეს ხილულად ჩანდა…

ალავერდი განსაკუთრებული ტაძარია – ისტორიულ კონტექსტზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას სამი კულტუროლოგიური შრე გამოარჩევს – ხუროთმოძღვრული, ლიტერატურული და კინემატოგრაფიული. ცამეტთაგან ერთ-ერთი ასურელი მამის – იოსების ხელდასხმულმა ღვთის სახლმა შუა საუკუნეებში მთელს საქართველოში გაიბრწყინა, გასული საუკუნის 60-იან წლებში კი, 26 წლის გენიალური მწერლის, გურამ რჩეულიშვილის საკულტო მოთხრობაში იშვა ხელახლა. ეს მოთხრობა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ კინოდ აქცია და სამუდამო ძეგლი დაუდგა 60-იანელთა თაობის ჰუმანისტურ, თავისუფლების ენერგიით დამუხტულ იდეას.

ალავერდობის დღესასწაულზე მოხვედრილი მწერლის დაუოკებელი ვნება, გააკეთოს რაღაც, „რაც წამით მაინც შეცვლის“ უსაქმურებისა და ლოთების უმიზნო ღრეობად ქცეულ სინამდვილეს, თავდაუზოგავი სიმამაცისკენ უბიძგებს მას – ლეკ-თუშებს ცხენს აართმევს, მთვრალ მედღესასწაულეებს ხმაურით შეაფხიზლებს, გახელებულ მდევარს უკან მოიტოვებს და გუმბათის ყელზე აიჭრება, ტაძრის ეზოში ცერებზე შემდგარი მოცეკვავე შეასწრებს თვალს და გაშეშდება, სხვებიც შეამჩნევენ, წამით დროც ჩერდება – ყველა დაინახავს ალავერდის გუმბათის ხარაჩოზე გასულ მხედარს, რომელმაც რამდენიმე წამის წინ მათთან ერთად გააღვიძა უსაზღვრო ვნებად ქცეული უსახელო სურვილი.

„ალავერდობის“ ეს სიუჟეტი დღემდე მათრობელი ძალით ზემოქმედებს მკითხველზე. დღემდე იზიდავს და შეუცნობი ცეცხლით აღანთებს ყველას. და მაინც, უფრო მეტად ახალგაზრდულ ჰიმნად მიიჩნევა იგი, ყმაწვილური მეამბოხე სულის გამოძახილად, იმ განსაკუთრებული ძალის სიმბოლოდ, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდულ თავდავიწყებას მოითხოვს, მაქსიმალისტურ/უკიდურეს ვნებათაღელვას და უპირობო სულისკვეთებას. ალბათ ამიტომაა, რომ დღესაც იმოწმებენ ხოლმე ამ ტექსტს ამბოხის სულით შეპყრობილნი და საკუთარ თავსაც ხედავენ მოთხრობის მთავარ გმირში – გურამში.

იმ ეპოქაში, როცა „ალავერდობა“ დაიწერა, არავინ დგამდა პერფორმანსებს. უფრო სწორად, ეს ძალიან იშვიათი რამ იყო, ძირითადად დასჯადი და შესაბამისად, გმირობის, სამოქალაქო სიმამაცის ტოლფასი. დღეს პერფორმანსების ეპოქაა და მეამბოხეობის/პროტესტის მრავალსახეობებიც თვალსაჩინოა. „ალავერდობის“ გურამი – ცხადია, მეამბოხეა, მის მიერ ჩადენილი აქტიც პროტესტია, ლამაზი, ვაჟკაცური და არქაულიც კი (ცხენი, მხედარი, გზა, გუმბათი), მაგრამ, ჩემი ფიქრით, მისი ეს აქტი უფრო ანტიპერფორმანსია – ყველაზე მეტყველიც და ყველაზე უტყვიც – ესაა საკუთარი თავის ძიება, წამიერი გამოფხიზლების და მერე ამ სიფხიზლის ნგრევის, რათა უფრო დიდ სიმართლეში შეიყვანოს საკუთარი თავიც და სხვაც. „ალავერდობის“ გურამის აქტი უკიდურესი ეგოს გამოხმობისა და მასზე გამარჯვების გზაა – ერთი მხრივ, წამლეკავი სურვილი „რაღაცის შეცვლისა“, რომელიც მიღწევისთანავე ქრება, ნადგურდება და მის ადგილს იკავებს შეცნობილი ჭეშმარიტება, „რაღაც განუსაზღვრელად ახლობელი და წონიანი“. ის გულში იღვრება, როგორც მადლი. როგორც ახლად შობილი, ჩვილი სინათლე.

გურამის სულიერი აქტი ორ პოლუსზე დგას – ალავერდის ეზოში და ალავერდის გუმბათზე – მიწისა და ზეცის პოლუსებზე. მან ორივე წერტილიდან უნდა იხილოს ცხოვრება, უკიდურესი ფსკერიდანაც (ღრეობაში გადაზრდილი რელიგიური დღესასწაული, ღმერთდაკარგული და ფრუსტრირებული საზოგადოება) და უკიდურესი მწვერვალიდანაც („მთელი ამ ხედვის უზარმაზარ სივრცეში არ არის არცერთი გოჯი, რომელსაც არ სწყალობდეს შემოქმედის დალოცვა; არ არის არცერთი წერტილი, სადაც ადამიანს, ისტორიის სიღრმიდან დღემდე, მადლობა არ გადაეხადოს მისთვის და არ შეექმნას თავისი შრომით მატერიალურად თუ სულიერად ძლიერი და ღირსეული რამ“).

დღეს ეგოცენტრიზმში ჩაფლული კაცობრიობისათვის სწორედ რომ მისწრებაა ამგვარი სულიერი აქტის გააზრება. პარადოქსია, მაგრამ ეგოცენტრიზმი ინდივიდუალობას სპობს. დღეს, თითქოს ყველა ესწრაფვის, იყოს განსხვავებული, „საკუთარი თავის უკეთესი ვერსია“, თუმცა ხშირად სულიერი ენერგია არ ჰყოფნის, ჭეშმარიტების წყურვილს კი სუროგატული სურვილებით ანაცვლებს; შედეგად, ყბადაღებული მრავალფეროვნებაც მხოლოდ ამ უკანასკნელის სიმულაციაა, სიცოცხლის საზრისებისგან დაცლილი და ფუყე.

„ალავერდობის“ გურამის გზა კი სწორედ ინდივიდის გზაა, პირადი სულიერი გამოცდილებაა. ეს ჭეშმარიტი რწმენის გზაა, ვნებიანი ექსტაზიდან დაწყებული და ახალ, კანონზომიერ და უცნობ ძალად გადაქცეული. სხვასაც შეუძლია იგივე განიცადოს, თუკი ჭეშმარიტების შეცნობის გზას ბოლომდე გაივლის, „საკუთარი“ გუმბათის ყელზე შემდგარი კი თვალს გაუსწორებს ერთადერთ და მარადიულ სინამდვილეს – „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“. ამგვარი აქტის შედეგად იბადება ნამდვილი, დაუეჭვებელი რწმენაც და სიყვარულიც.

25 ივნისს ალავერდის გუმბათს დაძგერებული სტიქია ბევრ მეტაფორად გასკდა ადამიანთა ცნობიერებაში. ზოგი შეაშინა, ზოგი შეაძრწუნა, ცოდვა გაახსენა, ათასი ფიქრი აუშალა… მეც თვალწინ მედგა ეს შავად შემოგრაგნილი ქარბორბალა და ვფიქრობდი, რომ მასში ჩვენი ამდენი წლის აგრესია, შური, სიძულვილი, ზიზღი, გინება, ფარისევლობა, მომხვეჭელობა, გულგრილობა, უმეცრება და უმადურობა იყო ჩახვეული… ვფიქრობდი, რომ არაფერი ხდება შემთხვევით და არც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, თანაც სად – ალავერდში – „ჭალიდან გამოვარდნილი გედივით თეთრ ალავერდში“, წმინდა გიორგის შუქით მოჩრდილულსა და ისტორიის ქვითკირით გამტკიცულში!.. ვფიქრობდი მონასტრის მსახურებსა და მლოცველებზე, მონასტრის ეზოს ვენახსა და ზეთისხილზე, ფუსფუსსა და მუშაკობაზე, რაც ეს წლებია, კახური მრავალჟამიერივით ბარაქიანად ეფინება ალავერდის გარეშემოს; ვფიქრობდი – რისთვისაა ეს ყველაფერი? სიფხიზლისთვის? გამოღვიძებისთვის?.. თუ რაღაც უფრო მეტისთვის?..

და ამ ფიქრებმა „ალავერდობიდან“ ალავერდამდე ღონიერი ძაფი გაჭიმა. ამ ძაფზე კი, როგორც კარგმა მუშაითმა, სიხარულმა გამოიარა. გული და გონება გაანათა აზრმა იმის შესახებ, რომ ეს ქარბორბალაც ცხენ-მხედრის ის წამიერი ჯახია, რომელიც კი არ სპობს, არამედ ახალ ძალას გამოტყორცნის ნანგრევებიდან, ახალ სინათლეს გამოგლეჯს ჩვენი სულიერების უღრანიდან.

ეს ის ჯახია, რომელსაც ალავერდმა გუმბათი დაუთმო, ხოლო ჩვენ კი შეგვიძლია საკუთარი გული დავუთმოთ, რათა უფრო მეტად შეგვეხოს და გაგვაღვიძოს, უფრო მეტად გაგვაერთიანოს, ჩაგვრთოს საერთო სუნთქვაში, ერთად შენების ვნებაში.

28 სექტემბერი ახლოვდება – ალავერდობა. დღე-სიმბოლო ჩვენს სულიერ თავგადასავალში.

ალავერდის მადლმა დაიფაროს მთელი ქვეყანა, როგორც ერთი კაცი – სიმართლის მაძიებელი და სიყვარულის აღმომჩენელი.

 

 

 

როგორ ამოვიცნოთ ძალადობა ბავშვებში. კონფლიქტის მახასიათებლები.

0

ძალადობის  თემა ბავშვებში დღეს საკმაოდ აქტუალურია. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მშობლების მომართვიანობა შვილის პრობლემებთან დაკავშირებით ძირითადად ამ საკითხს უკავშირდება – „ჩემს შვილს კლასელები აბულინგებენ“, „ჩემს ბიჭს სკოლაში წასვლა აღარ უნდა, ვფიქრობ, თანატოლები ჩაგრავენ და ცუდად გრძნობს თავს“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც ყოველდღიურად გვესმის მშობლებისგან.

როგორ ამოვიცნოთ ძალადობა, შეიძლება თუ არა ბავშვებს შორის ნებისმიერი უთანხმოება, ჩხუბი, კამათი, აზრთა სხვადასხვაობა, შეხლა-შემოხლა ბულინგად მივიჩნიოთ. ბულინგთან დაკავშირებულ შეხედულებებში იკვეთება ორი უკიდურესობა – ერთი მხრივ, არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო, ადამიანები ხშირად ინარჩუნებენ ტოლერანტობას მრავალი სახის ძალადობის მიმართ და ბავშვის დაცინვას, მის მიმართ შეურაცხმყოფელი მეტსახელების გამოყენებას, მასზე ჭორების გავრცელებას თამაშად ან ხუმრობად აღიქვამენ მაშინაც კი, როცა ეს სისტემატურად ხდება. მეორე მხრივ, არის შემთხვევები, როცა ხდება ცნებების არევა და სიტყვა ბულინგის გამოყენება ბავშვებს შორის ნებისმიერი სახის კონფლიქტის აღსაწერად. კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვთა ჯგუფებში თანატოლები არცთუ იშვიათად ჩხუბობენ, კამათობენ, კონფლიქტშიც შედიან ერთმანეთთან, მაგრამ აღნიშნული ქმედებები, როგორც წესი, ჯგუფის განვითარების ნორმალური ეტაპია. ხშირად ამგვარი კონფლიქტები და მათი დაძლევა ბავშვებს კიდევ უფრო აერთიანებს.

როგორ გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან უვნებელი კონფლიქტი და ძალადობა. კონფლიქტის მახასიათებლები: ხდება ერთჯერადად; ფიქსირდება მხარეთა დაახლოებით ერთნაირი რეაქცია; არ არის სერიოზული შედეგების მომტანი ბავშვის ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობისათვის; არაგანგრძობადია. მაგრამ, თუ ბავშვს თანატოლები სისტემატურად დასცინიან, აღიზიანებენ, აშინებენ, არ სურთ მასთან მეგობრობა, თამაში ან მის გვერდით ჯდომა, ფიზიკურად ჩაგრავენ, სცემენ, ეს უკვე ბულინგია, ძალადობაა, რომელიც თავისთავად არ გაივლის, არ გაქრება. ბავშვი უფროსის გარეშე ვერ გაუმკლავდება აღნიშნულ სიტუაციას.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმის ამოსაცნობად, ხომ არ გახდა მოზარდი ძალადობია მსხვერპლი:

  • ბავშვის ქცევისა და გუნება-განწყობის ნებისმიერი უეცარი, მკვეთრი ცვლილება – ჩაკეტილობა, აგრესია, გამომწვევი ქცევა, იკეტება ოთახში და უარს ამბობს კომუნიკაციაზე ოჯახის წევრებთან;
  • მომატებული გაღიზიანებადობა, ფეთქებადობა, სისასტიკე შინაური ცხოველების, ან მასზე უმცროსი ბავშვების მიმართ;
  • გულჩვილობა – ხშირად ტირის. შიში – ბავშვს უჩნდება შიში იმის მიმართ, რაც ადრე საერთოდ არ აშინებდა;
  • გარკვეული ფიზიკური ნიშნები – ჩალურჯებები, ნაკაწრები სხეულზე, რომელთა მიზეზების შესახებ საუბარზე ბავშვი უარს ამბობს, ან მათ შეგნებულად რაიმე მნიშვნელობას არ ანიჭებს;
  • ძილის დარღვევა – დიდ დროს ანდომებს ჩაძინებას, ესიზმრება კოშმარები, უჭირს დილით ადგომა, განსაკუთრებით მაშინ, თუ სკოლაშია წასასვლელი;
  • მადის დაკარგვა, ან პირიქით – გაძლიერება. უარს ამბობს ჭამაზე, ან საკმაოდ ბევრს ჭამს;
  • ხშირად კარგავს ნივთებს, ან მისი ნივთები დახეული და დათხვრილია;
  • ითხოვს დამატებით ჯიბის ფულს;
  • ფიქსირდება ჩივილები ისეთ რამეზე, რაც ადრე საერთოდ არ აწუხებდა, მაგ. ადრე არ აღელვებდა სიმაღლე, წონა, გარეგნობა, ოჯახური შემოსავალი, ახლა კი ამ ყველაფერზე წუწუნს იწყებს;
  • სკოლაში სიარულის სურვილის არქონა. უსიამოვნო სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით ხშირად ასეთი ბავშვები აგვიანებენ გაკვეთილზე, ან საერთოდ აცდენენ სკოლას, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ თანატოლთა შორის, ან პირიქით – გაკვეთილების შემდეგ განგებ ყოვნდებიან და არ ჩქარობენ სკოლის დატოვებას, ელოდებიან, თუ როდის წავლენ სხვა ბავშვები;
  • აკადემიური მოსწრების დაქვეითება სტრესის გამო. ბულინგის მსხვერპლს, როგორც წესი, უჭირს სათანადო დრო დაუთმოს სწავლას, სრულფასოვნად ჩაებას სასწავლო პროცესში – უჭირს გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, მიწოდებული ინფორმაციის დამახსოვრება;
  • ქვეითდება თვითშეფასება, ბავშვი კარგავს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას. გარდა ამისა, ხშირად მოზარდს უვითარდება დანაშაულის კომპლექსი იმის გამო, რომ მის მიმართ ხორციელდება ძალადობა;
  • ჩნდება ტკივილები, რომელთაც არა აქვთ ორგანული ბუნება – უეცარი ტკივილი მუცლის, თავის არეში;
  • თავს იჩენს სირთულეები კომუნიკაციაში – საკუთარ თავში დაურწმუნებელი ბავშვისთვის რთულია ურთიერთობა უცხო ადამიანებთან და ახალი მეგობრების შეძენა, მათი ნდობა. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები შეგნებულად, გააზრებულად იზოლირებულები არიან თანატოლებისაგან და ცდილობენ, არ ჩაერთონ ჯგუფურ საქმიანობაში.

ხშირ შემთხვევაში ბავშვები კატეგორიულ უარს აცხადებენ იმის განხილვაზე, რაც ხდება. ხანდახან ასე იქცევიან იმის გამო, რომ არ გაანაწყენონ, არ შეაწუხონ მშობლები. შეიძლება ეშინოდეთ კიდეც, რომ უფროსები დაეთანხმებიან მოძალადეს და არ მოისურვებენ მათ დახმარებას. არ არის გამორიცხული ბავშვი ფიქრობდეს, რომ თქმით სიტუაცია უფრო გაუარესდება მისთვის, რადგან შესაძლოა კლასში მაბეზღარა დაუძახონ.

რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ძალადობის  მსხვერპლ ბავშვებს:

  • თუ ეჭვი გვაქვს, რომ ბავშვს აბულინგებენ, ამას მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ და არ გადავდოთ პრობლემის მოგვარება. გავითვალისწინოთ, რომ ბულინგს ბავშვი დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, არ უნდა მოველოდეთ, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება;
  • გამოვიწვიოთ ბავშვი საუბარზე მაშინაც კი, თუ ის ყველანაირად თავს არიდებს ამას. გავაგებინოთ, ავუხსნათ, რომ ჩვენ ვხვდებით მას რაღაც აწუხებს, მის თავს რაღაც ხდება, ვგრძნობთ რაღაც ისე არ არის, გვსურს დავეხმაროთ და მზად ვართ, დაველოდოთ, რომ მან მოისურვოს ჩვენთან საუბრის დაწყება. ავუხსნათ, რომ არ გავკიცხავთ, არ ვეჩხუბებით მას. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ყოველთვის მის გვერდით ვიქნებით და დავეხმარებით. შეიძლება ბავშვი ასეთი საუბრისკენ წავახალისოთ სასკოლო ცხოვრების განხილვით – „რა მოგწონს და რა არ მოგწონს სკოლაში“, „რას აკეთებ შესვენებების დროს“, „ვისთან ერთად ატარებ დროს, არის ვინმე, ვისთან ერთადაც არ მოგწონს დროის გატარება და რატომ ხდება ეს?“, „გინდა სადმე წახვიდე შენს კლასთან ერთად, და თუ არა, რატომ?“. ფილმების ერთად ყურება ან წიგნების განხილვა ასევე ხელს შეუწყობს ამ თემაზე საუბარს. ეს კარგი გზაა პრობლემის შესახებ საუბრის დასაწყებად;
  • მას შემდეგ, რაც დავამყარებთ ბავშვთან კონტაქტს, გამოვიწვევთ საუბარზე და განვიხილავთ სიტუაციას, შევაქოთ ის ღიაობისთვის და მხარი დავუჭიროთ, ვაგრძნობინოთ, რომ მის გვერდით ვართ და მზად ვართ დასახმარებლად. ამასთან, ნუ მივცემთ არარეალურ დაპირებებს, ნუ დავაიმედებთ, რომ სწრაფად გავერკვევით ყველაფერში და ხვალიდან ბულინგი შეწყდება. გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული სიტუაციის მოგვარება ხანგრძლივი და რთული პროცესია;
  • ბულინგის დასაძლევად მოქმედების გეგმა უნდა განვიხილოთ და შევათანხმოთ ბავშვთან. იგნორირებას ნუ გავუკეთებთ და განზე ნუ გავწევთ მას სიტყვებით: „კარგი, ყველაფერი გასაგებია, დანარჩენს მე თავად მივხედავ“. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ახლა ისიც ახდენს გავლენას იმაზე, რაც ხდება. ბულინგი ცალსახად ნეგატიური სიტუაციაა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვუჩვენოთ მოზარდს მისი დაძლევის გზები;
  • პრობლემის დასაძლევად აუცილებელია ოჯახისა და სკოლის, მშობლებისა და პედაგოგების თანამშრომლობა. ბულინგი ჯგუფის პრობლემაა და მისი გადაჭრა დისტანციურად, პედაგოგების მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამიტომ, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ერთობლივი;
  • მოვერიდოთ ბულინგის მსხვერპლ ბავშვთან ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა, მაგ. „აბა დაფიქრდი, რატომ გაგანაწყენეს მაინცდამაინც შენ“, „შენ თავად ხარ დამნაშავე“, „რაღაც გჭირს“, „მიზეზი საკუთარ თავში ეძებე“, „უბრალოდ შენ არ ხარ საკმარისად ძლიერი, ამიტომ ხდება ასე“ და ა.შ. თუ ჩვენ, უფროსები დავარწმუნებთ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, რომ მას რაღაც სჭირს, დროთა განმავლობაში ის აღმოაჩენს საკუთარ თავში ამ ნაკლოვანებებს და გულწრფელად დაიჯერებს, რომ ამ ნაკლოვანებების გამო მასზე შეიძლება ძალადობა, რომ ის მართლაც იმსახურებს მასზე ძალადობდნენ და შეურაცხყოფდნენ, რაც მას დეპრესიულ მდგომარეობაში ჩააყენებს და ახალ პრობლემას გაგვიჩენს;
  • მოვერიდოთ ბავშვის პრობლემის გაუფასურებას – „არაფერია, ყურადღებას ნუ მიაქცევ“, „იგნორირება მოახდინე, ეს მას მალე მოჰბეზრდება“, „ისეთი სახე მიიღე თითქოს შენზე ეს ყველაფერი არ მოქმედებს, ყველაფრით კმაყოფილი ხარ“. ასეთი მიდგომით ჩვენ არათუ პრობლემის მოგვარებაში ვერ დავეხმარებით ბავშვს, არამედ მის ნდობასაც დავკარგავთ;
  • ვიყოთ ღია, გახსნილი და გულწრფელი ბავშვთან. კარგი კონტაქტი, კეთილგანწყობა და ნებისმიერი თემის განხილვის მზაობა წარმატების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის დასაშვები ურთიერთობაში და რა არა. ეს ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადადგმული პირველი ნაბიჯია.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბულინგი ზიანს აყენებს მთელ კლასს, რამდენადაც ძალადობის სიტუაციებში ბავშვები მთელ ენერგიას ხარჯავენ იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მას და სრულფასოვან სწავლასა და მეცადინეობაზე დრო აღარ რჩებათ. ამდენად, ბულინგის უყურადღებოდ დატოვება გაუმართლებელია. ამასთან, საყურადღებოა, რომ როცა ბულინგთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდება, სიტუაცია გაირკვევა, ბავშვი მიიღებს დადებით გამოცდილებას რთული ცხოვრებისეული სიტუაციების გადასაწყვეტად.

 

 

„მოშაირე არა ჰქვიან…“, ანუ რისთვისაა ლიტერატურა?

0

ხელოვნების თავდაპირველი სინკრეტულობიდან მის ცალკე დარგებად ჩამოყალიბებასაც ჰქონდა, ცხადია, დიდი საზრისი. მიზეზი იყო ადრესატის კონკრეტიკა, სპეციალიზაცია, დაწმინდავება ამორფულობისგან. ბურიანში მე და ჩემი მეგობარი ვკამათობდით, მუსიკის, ნახატის ან თუნდაც რომანის შექმნისას, ანუ პროცესში თუ მოიაზრებაო ეს ადრესატი – მსმენელი, მნახველი, მკითხველი. გასაგებია, რომ დიდი შემოქმედება უნივერსალურთან, ტრანსცენდენტურთან ინიციაციაა და იქმნება მაშინ, როცა ეს კავშირი აქტიურდება. „მუზაც“ ესაა, სხვა არაფერი. ე.ი. „რატომ“ დავადგინეთ – ესაა უდიდესი სურვილი, ვნება, სწრაფვა ამაღლებული სინამდვილისკენ და მისი დაფიქსირება, ანუ „შეჩერდი, წამო“. მაგრამ, მოდით, ახლა დავუფიქრდეთ ასპექტს: „რისთვის“ ან ვისთვის? ლიტერატორი ვარ და ლიტერატურა იქნება ჩემი მსჯელობისას ამოსავალი…

 

ჩვენი ლიტერატურის სათავეებთან სასულიერო მწერლობაა. როგორ აღიქვამდნენ თუნდაც ჰაგიოგრაფი მწერლები სამყაროს და საკუთარ თავს მასთან მიმართებით? ამ ჟანრის შემქმნელები თითქმის უგულებელყოფდნენ საკუთარ თავს ამ საქმეში და თავს წარმოაჩენდნენ, როგორც უშუალო „გამტარს“ ღვთაებრივთან მიმართებით, ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ და არც ვართ, ვქმნით და არც ვქმნით, – ჩვენი კალამი ღვთის ნებას აღასრულებსო. ანუ ისინი საკუთარ როლს, რომელიც უკვე მოგვიანებით, საერო ლიტერატურაში, შოთა რუსთველმა წარმოაჩინა („აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება“), რომ ჩემი შემოქმედება არისო ღმერთს პლუს ავტორის ნიჭიერება, – უგულებელყოფდნენ. თუმცა ადრესატს ისინი უცილობლად გულისხმობდნენ – მათ სრულიად ჩამოყალიბებულად იცოდნენ, რომ ეს მწერლობა იყო დიდაქტიკურ-აღმზრდელობითიც – ისინი გვაწვდიდნენ იმქვეყნიურს, წმინდანში გამოშუქებულს და გვაჩვენებდნენ გზას, ტრანსფორმაციას რეალურისა იდეალურში, ადამიანის განღმრთობის ურთულეს, მრავალწახნაგოვან პროცესს. იმის თქმა მინდა, რომ ისინი წერისას თავს უფრო ნაკლებად მოიაზრებდნენ, თუმცა მკითხველს – ყოველ მიზეზს გარეშე. მეტიც, ისინი გვაწვდიდნენ გმირის იდეალს, ჟანრობრივ სპეციფიკურობას, ქრისტიანული მსოფლაღქმის, ესთეტიკის პრიზმაში დანახულს და აუცილებლად ისწრაფოდნენ, რომ მკითხველსაც დაენახა ეს მოდელი უნივერსალური ადამიანური არსებობისა. მოკლედ, მკითხველს ჰაგიოგრაფიული თხზულებები, აპრიორი, მოიაზრებს!…

 

ცოტაც „სამოციანელებზე“ ვთქვათ. სწორედ მწერლობის დანიშნულებაზე აქცენტირდნენ ისინი, მეტიც, ქართული სინამდვილის გათვალისწინებით… და რას მოიაზრებდა (და მოიაზრებს) ეს სინამდვილე? მწერალს არ აქვს საქართველოში იმის „ფუფუნება“, რომ წეროს ის, რაც მოესურვება და რაზეც მოეხასიათება, წერის ჟინს, წადილს, ვნებას აყოლილმა. ჩვენთან თავიდანვე განსაზღვრულია ღირებულებრივი პრიორიტეტები, რომელთა გარეშეც ლიტერატურას ფასეულად არ აღიარებენ. მწერალი მისიონერია, მამულიშვილობა მისი უდიდესი პასუხისმგებლობაა, გარდაუვალი ხვედრი და მან უნდა ზიდოს ეს ტვირთი, რადგან „მამულიშვილობა მსხვერპლია და არა სეირი“ (ილია). ილია ვახსენეთ და მასთან, როგორც ჰაგიოგრაფიაში, დიდი შემოქმედების ღვთაებრივი იმპულსები, ანუ ქრისტიანული სააზროვნო ქვაკუთხედი ეროვნულთანაა შეზრდილ-გადაწნეხილი:

„მე ცა მნიშნავს და ერის მზრდის,

მიწიერი ზეციერსა;

ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ,

რომ წარვუძღვე წინა ერსა“.

 

ერის წინამძღოლობის ურთულესი ფუნქცია უნდა შეითავსოსო ნამდვილმა მწერლობამ, რომლის ქმნადობის პროცესმა კი მწერალი შეიძლება სულაც ერის სამსხვერპლოზეც მიიყვანოს სიცოცხლის გასაღებად, როგორც ეს ილია ჭავჭავაძემ აღასრულა: ის წმინდანია არა მხოლოდ ცხოვრებით, აღსასრულითაც… და ჩვენ, ქართველებს, ასე მოწამებრივად აღსრულებული მწერლები გვყავს. ადრე მეფე იყო სიმბოლო ერისა, მას შესცქეროდა ის უბრალო გლეხი და ისე იქცეოდა, როგორც მისი წინამძღოლი. ამიტომ ეწირებოდნენ ჩვენი მეფეები თუ დედოფლები ქრისტიანობას, თორემ მოჩვენებითად რჯულის შეცვლა არ იქნებოდა დიდი პრობლემა, რაც არაერთმა გააკეთა. სწორედ ერის ასეთი წინამძღოლობა დააკისრეს მწერალს „სამოციანელებმა“ და ამ საპატიო ტვირთს ეზიდება დღესაც ჭეშმარიტი მწერლობა ჩვენთან. დასკვნა კი ასეთია – ადრესატი, ანუ მკითხველი აუცილებლად მოიაზრება და ის ეროვნულ სიმრავლემდეა აყვანილი, ხოლო მწერლის ფუნქცია განზოგადებულ-ზეამაღლებული.

 

გუშინ ჩემი მეგობრის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, ინგა მილორავას არაჩვეულებრივ წერილს ვკითხულობდი ესმა ონიანზე. ბედის ირონიაა, რომ ინგა ასე ამომწურავად წერს ესმა ონიანზე, – თავად ინგას ნიჭიერებაც (ხატვა, პოეზია, პროზა, კრიტიკა) ხომ ასე ჰგავს ესმა ონიანის უნივერსალიზმს? მათი ბედის ტრაგიზმზეც იმავეს ვიტყოდი. ინგა წერს: „მიუხედავად ასე მკვეთრად აქცენტირებული პიროვნულობისა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ესმა ონიანის პოეტური სივრცის არაეგოცენტრულობა. ზოგადად, პოეტური სამყაროს, განსაკუთრებით, ლირიკის ცენტრში, დგას „მე“ – განმცდელი და მთხრობელი. ეს „მე“ გამოსჭვივის ყველგან, იქაც, სადაც ხილულად არ ჩანს. ესმა ონიანის პოეზიას აქვს უცნაური თვისება – ის ლირიკული ეპიკურობით ხასიათდება და თანაც მასში, უმეტესად, პოეტური „მე“ არ დომინირებს, არ იკავებს მთელ სივრცეს. რა თქმა უნდა, მისი პოეზია ანთროპოცენტრულია, მაგრამ უფრო განზოგადებული, განყენებული, როცა პოეტი ცდილობს, გასცდეს თავისი „მეს“ ფარგლებს, „მე“ აქციოს სხვად, მისწვდეს რაღაც უფრო დიდს, ყოვლისმომცველს, გახდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურის გამომხატველი, არამედ ტრანსცენდენტურის გამტარი, გადამტანი, პოეტურ სახეებად გარდაქმნილად მომწოდებელი. ეს სწრაფვა, მისი პოეზიის ეპიკურობის გარდა, ბგერწერაშიც გამოიხატა. ხანდახან, შესაძლოა, გაჩნდეს განცდა, რომ ალიტერაციები, ბგერათა სიუხვე (და იქნებ მაინც ფერია ბგერად თარგმნილი?), მრავალხმიანობა, უამრავი ხმოვანი ხაზი და მათი სხვადასხვა შრესა და მიმართულებით გაშლა ზედმეტია, განა, რისთვისაა ასეთი გადატვირთულობა საჭირო? ნუთუ, მართლა გარსს ქმნის ასე, რომ სათუთ სიღრმეში ვერავინ შეაღწიოს? სავარაუდოდ, სწორედ კოსმოსურ სფეროთა ადამიანისთვის უცხო, უჩვეულო ხმების, მათი იდუმალების, მრავალხმიანობის, მეტაფიზიკურ სახეთა ზუსტად აღწერის, მთლიანად მოხელთებისა და გამოხატვის მცდელობისას, სწორედ ამგვარი ბგერითი სიუხვე გახდა პოეტისათვის ორგანული, არა ჩანაფიქრით, არამედ თავისთავად – მეტაფიზიკურისკენ სარკმლის გაჭრას და შემდეგ მიყურადებას უჩვეულო ხმათა, ბგერათა სიმრავლე მოჰყვა თან“. გამოდის, ესმა ონიანიც კი, რომლის შინაგანი სამყარო არაა გახსნილი და ადვილად აღსაქმელი ნებისმიერი ადამიანისთვის ხატავდა, წერდა ვიღაცისთვის და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. მას საკუთარი, უნიკალური შეგრძნებები მოჰქონდა ჩვენამდე, როგორიცაა, მიზანი ყოველი შემოქმედისა, რომელსაც გააზრებული აქვს თავისი მისია, რომ ჩვენც ვიგრძნოთ ეს იმქვეყნიურის, ტრანსცენდენტურის „ანარეკლები“, მეტაფორებად, სიტყვა-ფერებად, სიტყვა-ჩუქურთმებად. ესაა ახალი, მხატვრული სინამდვილე, შეიძლება, ბევრად მძაფრად აღსაქმელი რუტინულ რეალობაზე, რომელიც ჩვენ მწერლის, კომპოზიტორის, მხატვრის, კინორეჟისორის მიერ გვეძლევა. ის ცალკე იწყებს სიცოცხლეს და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, უკვე მის წყაროსთან, ანუ ავტორთან შეიძლება აღარც ასოცირდეს, დამოუკიდებლად აღსაქმელია (ამიტომ არ მიყვარს, როცა შემოქმედებას მწერლის ავტობიოგრაფიის ჭრილში ან პირადი ცხოვრებიდან თუ ხასიათიდან გამომდინარე აფასებენ). მეტიც, ჩვენ, მკითხველებსა თუ მსმენელებს, მნახველებს გვეძლევა ინტერპრეტაციის უფლებაც (ორიგინალს არ უნდა გავცდეთ, რასაკვირველია), ანუ ჩვენც ვხდებით თანაავტორები. მაგალითად, ვაჟა-ფშაველასთან არსად გვხდება თუნდაც პერსონაჟის გარეგნობის აღწერა, მაგრამ მისი გმირები (აღაზა, ზვიადაური, ალუდა) სრულიად ხორცშესხმულ ხატებად წარმოდგებიან ჩვენ წინაშე, რადგან დიდ ლიტერატურასა და გენიოსთან გვაქვს საქმე, რომელთან ერთადაც „ვძერწავთ“ ამ პორტრეტებს. არც ქრისტიანობაზე, მის დოგმატიკაზე საუბრობს ვაჟა, მაგრამ მთელი მისი შემოქმედება ქრისტიანული სულის აპოლოგიაა. კარგი დამნახავია, უბრალოდ, საჭირო, ანუ მკითხველი, რომელიც, ჩემი აზრით, აქაც მოიაზრება და ამაზე ქვემოთაც დავწერ. ლიტერატურა და ხელოვნების ყველა ნამდვილი ქმნილება ღმერთისგანაც და ადამიანისგანაც (მწერლისა თუ მხატვრისგან) ჭეშმარიტების შესამეცნებლადაა. ესაა ხელოვნების უდიდესი მისია და საკაცობრიო კულტურის მაღალი დანიშნულებაც – კაცობრიობაც, როგორც ადამიანი, სულის პროდუქტით, ანუ კულტურით ფასდება. ზოგადად, ჩვენი შემფასებელია არა ის უფსკრულები, რომლებიც ნებით თუ უნებურად გვიხილავს ცხოვრების განმავლობაში, არამედ ის სიმაღლეები, რომლებიც სულიერად „დაგვიპყრია“, ჯვარზე გაკრული ავაზაკისა არ იყოს, გონების ერთმა გამონათებამ რომ გადაწონა მთელი მისი ნაავკაცარი. კაცობრიობაც არა მისი დაპყრობითი ომები თუ ფაშისტურ-კომუნისტური საკონცენტრაციო ბანაკებია, არამედ თუნდაც ვან გოგის „მზესუმზირები“, მოცარტის მუსიკა, ფელინის კინემატოგრაფი, დანტესა თუ შოთა რუსთველის მადლიანი კალმის ნაყოფი და ა.შ.

მოდი, ვთქვათ ისიც მოკლედ, ვინაა კარგი მკითხველი, რადგან „კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდება“. ვინმე ეთანხმება, განა, სოციალისტურ ლოზუნგს – „ლიტერატურა მასებს ეკუთვნის“? ალბათ არავინ. თუ ასე, მაშინ ვის „ეკუთვნის“ ხელოვნება, ლიტერატურა? მოკლე პასუხი იქნება: მის სწორად გამგებს. ვრცლად კი შემდეგს მოგახსენებთ. არის მწერლობა, რომელსაც სათანადო განათლების გარეშე ვერაფერს გაუგებ – თუნდაც ჯეიმს ჯოისის „ულისე“ „ელიტარულ მკითხველს“, თუნდაც ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მცოდნეს, მოიაზრებს სწორ შემფასებლად. მაგრამ გავიხსენოთ, აბა, რას ამბობს ვაჟა ერთ უსწავლელ ფშაველზე, რომელმაც მისი „ბახტრიონის“ ლუხუმი საქართველოს სახე-ხატად აღიქვა, ქვეყნის მომავლის წინასწარმეტყველებად კი მწერლის სიტყვები: „ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორზე შადგომა!“. ვაჟა ამბობს, რომ თუ მკითხველს მსგავს რამეს აგრძნობინებს ჩემი კალამი, ტყუილად არ მჭერიაო ის ხელში.

დაბოლოს, ხელოვნება, როგორც შემოქმედისგან უკვე დამოუკიდებელი მოცემულობა მხატვრულ „ქსოვილად“ სიტყვაში, ტილოზე თუ კადრად, ღვთაებრივთან ზიარებაა. თუ იმ დონეზე განათლებული ხარ კაცი, რომ მის ნიუანსებს შეგიძლია ჩასწვდე, გააანალიზო, მაგას რა სჯობს; თუ არადა, იმ უსწავლელი ფშაველივით რომელიღაცა გრძნობით აღიქვამს ხელოვნების დიდ მადლს. ოღონდ ამ გრძნობის მბადი გული უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, ანუ სუფთა, რომ მან ბნელი გაფანტოს და ნათლის ველში შეაბიჯოს, რომელსაც ჰქვია მაღალი ხელოვნება და „პოეზიას, მწერლობას, ხელოვნებას აქვს დიდი ძალა – მას შეუძლია გაუსაძლისი გასაძლებად აქციოს, მარტოსული ბოლომდე შეავსოს, მტკივანს ტკივილი დაუამოს, ბედნიერს კიდევ დაუმატოს სიხარული, დარდიანს მიუალერსოს, სილამაზეს მოწყურებულს მშვენიერება აჩუქოს, საკანში გამოკეტილი გაათავისუფლოს“! (ინგა მილორავა)…

 

 

 

AI ჩატბოტები: როგორ დავწეროთ ვიზუალური, აუდიო, ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები/პრომპტები

0

“ჩვენი გონება შედგება მრავალი პატარა “აზროვნების მანქანისგან”. თითოეული მათგანი ძალიან მარტივია, მაგრამ როდესაც ერთად მუშაობენ, ისინი ქმნიან ჩვენს რთულ აზროვნებას.”

“The Society of Mind” Marvin Minsky

მულტიმოდალური კომუნიკაცია

 

მარვინ მინსკი იყო ხელოვნური ინტელექტის პიონერი და მისი ნაშრომები მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა და დღესაც ახდენს AI-ს კვლევაზე. მისი იდეა “გონების საზოგადოების” შესახებ, რომელიც აღწერილია წიგნში “The Society of Mind” (1986), არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია AI-ს სფეროში. მინსკის თეორიის მიხედვით, ადამიანის ინტელექტი შედგება მრავალი მარტივი აგენტისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ. ეს იდეა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე AI სისტემებთან, განსაკუთრებით ნეირონული ქსელების არქიტექტურასთან.

„…ყოველი ადამიანის გონება შედგება მრავალი სააგენტოსგან/აგენტისგან. ისევე როგორც თქვენი სხეული, თქვენი ტვინის ჩათვლით, შედგება ორგანოების, უჯრედებისა და ქიმიური ნივთიერებებისგან, ასევე თქვენი გონებაც არის დიდი, კომპლექსური საზოგადოება. ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სხეული ან გონება როგორც ქვეყნების, ქალაქებისა და სოფლების დიდი იმპერია………. ეს სააგენტოები იყენებენ ისეთ განსხვავებულ ენებს თავიანთ შიგნით, რომ მათ თითქმის არ შეუძლიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია. თუმცა, თითოეულ მათგანს შეუძლია ისწავლოს სხვების გავლენა და ამგვარად გამოიყენოს ის უნარები, რომლებსაც სხვები ფლობენ. იმისათვის, რომ გავიგოთ ეს უზარმაზარი ‘გონების საზოგადოებები’ ჩვენ შიგნით, ჩვენ უნდა განვავითაროთ იდეები იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიქმნება მენტალური ფენომენი მარტივი სისტემების საზოგადოებებიდან. არც ერთ კულტურას, არც აღმოსავლეთს და არც დასავლეთს, არ მოვუმზადებივართ ამისთვის, რომელიც შესაძლოა ყველაზე რთული გამოწვევაა, რომელსაც მეცნიერება ოდესმე შეხვედრია.”[1]

მარვინ მინსკის ნააზრევში ყველაზე საინტერესოა ის, რომ ადამიანის გონების აგენტების ენა არის მულტიმოდალური და მათ თითქმის არ ესმით ერთმანეთის, თუმცა ერთიან პროცესში მონაწილეობენ. ამავე დროს, მინსკის მტკიცებით, შესაძლებელია, მათ ერთმანეთის ენა „ვასწავლოთ“ და მივცეთ ახალი შესაძლებლობები.

მარვინ მინსკის “გონების საზოგადოებების” იდეა და მისი შეხედულებები ცნობიერებაზე საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს, რომელიც შეიძლება დავუკავშიროთ მულტიმოდალურ კომუნიკაციას და სხვადასხვა სენსორულ “ენას”(ეს თემები განხილული მაქვს სხვა სტატიებში: „როგორ წავიკითხოთ ერთი ლექსი სამ სემიოტიკურ ენაზე“[2] და „ენა, როგორც უნივერსალური მულტისემიოტიკური სისტემა“[3]).

მინსკის იდეა, რომ გონება შედგება მრავალი მცირე “აგენტისგან”, რომლებიც ერთად მუშაობენ, შეიძლება გავიაზროთ როგორც მულტიმოდალური აღქმისა და კომუნიკაციის მოდელი. თითოეული სენსორული მოდალობა (ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტური) შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ცალკეული “საზოგადოება” გონებაში, თავისი საკუთარი “აგენტებით” და “ენით”.

როდესაც მინსკი ამბობს, რომ შინაგან აგენტებს ერთმანეთის ენა არ ესმით, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ სხვადასხვა სენსორული სისტემა ინფორმაციას სხვადასხვა ფორმატში ამუშავებს. მაგალითად:

ვიზუალური სისტემა მუშაობს სურათებით, ფერებით, ფორმებით.

აუდიალური სისტემა – ბგერებით, ტონებით, რიტმებით.

კინესთეტური სისტემა – შეხების შეგრძნებებით, მოძრაობებით, პოზიციებით.

თუმცა, ეს ყველაფერი საბოლოოდ შეიძლება გამოიხატოს ვერბალურად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს გარკვეული “მთარგმნელობითი” მექანიზმი გონებაში. ენა, როგორც ნიშანთა სისტემა, არის ერთგვარი „მთარგმნელი“.

მაგალითად, მიხაელ ჰალიდეის[4] სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკა განიხილავს ენას როგორც მრავალშრიან სემიოტიკურ სისტემას, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა რესურსს და ეს ყველაფერი ემსახურება მნიშვნელობის შექმნას.

ჯორჯ ლაკოფისა და მარკ ჯონსონის ნაშრომები[5] კონცეპტუალური მეტაფორის შესახებ გვიჩვენებს, თუ როგორ ეფუძნება ჩვენი აბსტრაქტული აზროვნება სხეულებრივ გამოცდილებას. ეს იდეა ეხმიანება მინსკის შეხედულებას, რომ გონება ვითარდებოდა პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად.

თანამედროვე ნეირომეცნიერება გვიჩვენებს, რომ ტვინი მართლაც ახდენს სხვადასხვა სენსორული ინფორმაციის ინტეგრაციას. ამის საუკეთესო მაგალითია მაკგურკის ეფექტი[6], რომელიც  გვიჩვენებს, თუ როგორ ახდენს გავლენას ვიზუალური ინფორმაცია აუდიალურ აღქმაზე.

მოკლედ რომ ავხსნათ: როდესაც ადამიანი უყურებს ვიდეოს, სადაც პირის მოძრაობა არ შეესაბამება რეალურად გაჟღერებულ ბგერას, ტვინი ცდილობს ამ ინფორმაციის შეჯერებას. ხშირად, ვიზუალური ინფორმაცია (პირის მოძრაობა) გადაწონის აუდიო ინფორმაციას და ადამიანი “ესმის” ის, რასაც ხედავს და არა ის, რაც რეალურად ჟღერს. ეს ეფექტი აჩვენებს, რომ მეტყველების აღქმა არის მულტიმოდალური პროცესი, სადაც ტვინი აერთიანებს როგორც სმენით, ისე ვიზუალურ ინფორმაციას. მაკგურკის ეფექტი მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერებისა და მეტყველების აღქმის კვლევებში. იგი გვეხმარება გავიგოთ, როგორ ამუშავებს ტვინი კომპლექსურ სენსორულ ინფორმაციას.

ახლა გადავიდეთ ხელოვნურ ინტელექტზე და მულტიმოდალურ სწავლებაზე.

თანამედროვე AI სისტემები, როგორიცაა GPT-4[7], იყენებენ მულტიმოდალურ სწავლებას, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია შეიძლება დამუშავდეს და გენერირდეს სხვადასხვა მოდალობაში (ტექსტი, სურათები, ხმა). ეს შეიძლება დავაკავშიროთ მინსკის იდეას იმის შესახებ, რომ მომავლის მანქანები შეიძლება უფრო “თვითშემეცნებადნი” იყვნენ, ვიდრე ადამიანები.

მარვინ მინსკის „გონების საზოგადოების“ იდეა გვიჩვენებს, რომ ადამიანის გონება რთული სისტემაა, რომელიც შედგება მრავალი მარტივი კომპონენტისგან. ეს კონცეფცია ეხმიანება თანამედროვე მულტიმოდალურ კომუნიკაციას, სადაც სხვადასხვა სენსორული „ენები“ (ვიზუალური, აუდიო, კინესთეტური) ერთიანდებიან და ქმნიან სრულ, კოჰერენტულ გამოცდილებას. AI-ს განვითარებაში, მინსკის ხედვები მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით მულტიმოდალური პრომპტების გენერირებისას, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ სხვადასხვა მედიუმს სწორად გადავცეთ ინფორმაცია.

მულტიმოდალურობა AI ჩატბოტების კონტექსტში

ლექსიკა და გამოყენებული ტერმინოლოგია მნიშვნელოვნად იცვლება სხვადასხვა ტიპის პრომპტების შექმნისას, მაშინაც კი, როდესაც ერთი და იმავე მოვლენის ან თემის სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენა გვსურს. ეს განპირობებულია იმ “მედიუმის” სპეციფიკით, რომელიც ქმნის კონტენტს. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი:

ვიზუალური პრომპტები:

ვიზუალური კონტენტის გენერირებისთვის პრომპტის შექმნისას მნიშვნელოვანია:

დეტალური აღწერა: მაგალითად, “მზიანი დღე ზღვის სანაპიროზე” – ამის ნაცვლად უმჯობესია: “მზიანი საღამო ტროპიკულ სანაპიროზე, ოქროსფერი ქვიშით და ლურჯი ზღვით, პალმის ხეები ჰორიზონტზე”.

კომპოზიციის მითითება: “წინა პლანზე პალმის ხე, შუაში –  მზის ქვეშ მოციმციმე ზღვა, ფონზე – მთები”.

სტილის განსაზღვრა: “რეალისტური ფოტოგრაფიული სტილი” ან “იმპრესიონისტული მხატვრული სტილი”.

ფერების და განათების აღწერა: “თბილი ტონები, მზის ჩასვლის ნარინჯისფერი შუქი”.

რატომ? ვიზუალური დეტალები ეხმარება AI-ს შექმნას უფრო ზუსტი და სასურველი გამოსახულება.

გამოიყენება ვიზუალური აღწერის ტერმინები: “მკვეთრი”, “ბუნდოვანი”, “წინა პლანი”, “ფონი”, “კომპოზიცია”

ფერების და განათების ლექსიკა: “კონტრასტული”, “პასტელური”, “ჩრდილი”, “ბაცი”, “კაშკაშა”. ხელოვნების სტილების ტერმინები: “იმპრესიონისტული”, “აბსტრაქტული”, “ფოტორეალისტური”.

მაგალითად: “შექმენით იმპრესიონისტული სტილის ნახატი პარიზის ქუჩის სცენისა, წინა პლანზე კაფეს მაგიდებით და ფონზე – ეიფელის კოშკით, გამოიყენეთ თბილი ფერები და რბილი განათება.”

აუდიო პრომპტები

აუდიო კონტენტის გენერირებისთვის გასათვალისწინებელია: ხმის ტონი და ხასიათი: “მშვიდი, დამამშვიდებელი ხმა” ან “ენერგიული, ენთუზიაზმით სავსე ტონი”.

ტემპი და რიტმი: “ნელი, მედიტაციური ტემპი” ან “სწრაფი, დინამიკური რიტმი”.

ინსტრუმენტები ან ხმის ეფექტები: “აკუსტიკური გიტარა და ფლეიტა” ან “ელექტრონული სინთეზატორები ბასის ხაზით”.

ჟანრი ან სტილი: “კლასიკური სიმფონიური მუსიკა” ან “ელექტრონული ჩილაუტი”.

რატომ? ეს დეტალები განსაზღვრავს აუდიოს ემოციურ და სტილისტურ მახასიათებლებს.

გამოყენებული ლექსიკა: მუსიკალური ტერმინები: “ტემპი”, “რიტმი”, “მელოდია”, “ჰარმონია”, “აკორდი”.

ხმის თვისებების აღმწერი სიტყვები: “ხრინწიანი”, “სუფთა”, “მაღალი”, “დაბალი”, “ვიბრატო”.

აკუსტიკური ტერმინები: “რევერბერაცია”, “ექო”, “სტერეო”, “მონო”.

მაგალითი: “შექმენით 30-წამიანი აუდიო კლიპი პარიზის ქუჩის ატმოსფეროს გადმოსაცემად, ნელი ტემპის აკორდეონის მელოდიით, ფონზე ყავის ფინჯნების წკრიალის და გამვლელების ჩურჩულის ხმით.”

 

ვიდეო პრომპტები

 

ვიდეო კონტენტისთვის მნიშვნელოვანია:

 

სცენის აღწერა: “ურბანული ქუჩა წვიმიან ღამეში, ნეონის განათებით”.

 

მოძრაობა და დინამიკა: “კამერა ნელა მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ, აჩვენებს გამვლელებს ქოლგებით”.

 

ხანგრძლივობა და ტემპი: “30-წამიანი კლიპი, ნელი ტემპით”.

 

ვიზუალური ეფექტები: “გაბუნდოვნებული/გაბლარული ფონი, წინა პლანზე მკვეთრი ფოკუსით”.

 

აუდიო ელემენტები: “ფონური ხმაური წვიმის წვეთების და მანქანების ხმით”.

 

რატომ? ეს ელემენტები ქმნიან სრულ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას და ნარატიულ კონტექსტს.

 

ლექსიკა:

 

კინემატოგრაფიული ტერმინები: “კადრი”, “მონტაჟი”, “პანორამა”, “ზუმი”, “რაკურსი”.

 

მოძრაობის აღმწერი სიტყვები: “დინამიკური”, “სტატიკური”, “პლავნი”, “სწრაფი”.

 

მაგალითი: “შექმენით 1-წუთიანი ვიდეო კლიპი პარიზის ქუჩის ცხოვრებაზე, დაიწყეთ ფართო კადრით ეიფელის კოშკზე, შემდეგ გააკეთეთ ნელი პანორამა ქუჩის კაფეებზე, დაასრულეთ ახლო კადრით ესპრესოს ფინჯანზე. გამოიყენეთ თბილი ფერების ფილტრი.

 

ტექსტური პრომპტები

 

ტექსტური კონტენტის გენერირებისთვის გასათვალისწინებელია:

 

ტონი და სტილი: “პროფესიული, აკადემიური ტონი” ან “მეგობრული, საუბრის სტილი”.

 

სტრუქტურა: “5-პარაგრაფიანი ესე შესავლით, სამი მთავარი პუნქტით და დასკვნით”.

 

სამიზნე აუდიტორია: “ახსენით კვანტური ფიზიკის საფუძვლები 10 წლის ბავშვებისთვის”.

 

მიზანი: “დაარწმუნეთ მკითხველი გადავიდეს განახლებად ენერგიაზე”.

 

ეს ფაქტორები განსაზღვრავს ტექსტის ეფექტურობას და მიზანშეწონილობას კონკრეტული აუდიტორიისთვის.

 

ლექსიკა:

 

ლიტერატურული ტერმინები: “თხრობა”, “დიალოგი”, “აღწერა”, “მეტაფორა”, “პერსონაჟი”.

 

სტრუქტურული ელემენტები: “აბზაცი”, “თავი”, “შესავალი”, “დასკვნა”, “არგუმენტი”.

 

სტილისტური ტერმინები: “ფორმალური”, “პოეტური”, “ტექნიკური”.

 

მაგალითი: “დაწერეთ 500-სიტყვიანი ესე პარიზის ქუჩის ცხოვრებაზე. დაიწყეთ მოკლე, ატმოსფერული აღწერით, შემდეგ გადმოეცით პერსონაჟის გამოცდილება კაფეში ჯდომისას. გამოიყენეთ მგრძნობიარე, პოეტური ენა ქალაქის ატმოსფეროს გადმოსაცემად.”

 

როგორც ხედავთ, თითოეული მედიუმისთვის გამოიყენება სპეციფიკური ლექსიკა, რომელიც ასახავს ამ მედიუმის უნიკალურ მახასიათებლებს და შესაძლებლობებს. ეს საშუალებას გვაძლევს უფრო ზუსტად და ეფექტურად მივაწოდოთ ინსტრუქციები AI-ს, რათა მან შექმნას სასურველი კონტენტი კონკრეტული მედიუმისთვის.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ სასარგებლოა სხვადასხვა მედიუმის ელემენტების კომბინირება ერთ პრომპტში, განსაკუთრებით მულტიმედიური პროექტებისთვის. მაგალითად, ვიდეო პრომპტში შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ვიზუალური, ისე აუდიო ტერმინოლოგია უფრო სრული და დეტალური შედეგის მისაღებად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Minsky, M. (1986). The Society of Mind. Simon & Schuster.

Halliday, M.A.K. (1978). Language as social semiotic: The social interpretation of language and meaning. Edward Arnold.

Lakoff, G., & Johnson, M. (1980). Metaphors We Live By. University of Chicago Press.

McGurk, H., & MacDonald, J. (1976). Hearing lips and seeing voices. Nature, 264(5588), 746-748.

OpenAI. (2023). GPT-4 Technical Report. arXiv preprint arXiv:2303.08774.

[1] https://www.jstor.org/stable/20708493?read-now=1&seq=3#page_scan_tab_contents

[2] https://mastsavlebeli.ge/?p=4218

[3] https://mastsavlebeli.ge/?p=4203

[4] Halliday, M.A.K. (1978). Language as social semiotic: The social interpretation of language and meaning. Edward Arnold.

 

[5] Lakoff, G., & Johnson, M. (1980). Metaphors We Live By. University of Chicago Press.

 

[6] McGurk, H., & MacDonald, J. (1976). Hearing lips and seeing voices. Nature, 264(5588), 746-748.

[7] OpenAI. (2023). GPT-4 Technical Report. arXiv preprint arXiv:2303.08774.

 

 

 

 

ქალაქი, როგორც ტექსტი

0

გადავწყვიტე, წერილების ციკლი დავწერო ქალაქზე, უფრო ზუსტად, თბილისის იმ ადგილებზე, რომლებთანაც რამე მაკავშირებს ან სადაც ხშირად ვხვდები. ეს იდეა რატომ და როგორ გამიჩნდა, ცალკე წერილის თემაა. ამჯერად მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემი წერილები მაინცდამაინც ისტორიულ ან კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე არ იქნება – ჩემი მიზანი ქალაქის წაკითხვა და მის მთლიანობაზე დაკვირვებაა, თითქოს კარგად ნაცნობსა და მრავალგზის ნანახში რაიმე ახლის აღმოჩენა.

 

  1. უბნის მაღაზია ლუბლიანას ქუჩაზე

ტურისტული ქალაქი ერთია და ადგილობრივი მცხოვრებლებისა – მეორე, მაგრამ არის კიდევ მესამე ქალაქიც – ქალაქი, რომელიც ქრება. მხოლოდ დანგრეულ შენობებსა და გადასხვაფერებულ პარკებს არ ვგულისხმობ – ურბანული სივრცის გარდაქმნაზე ვამბობ, მცხოვრებთა მოთხოვნილებების კვალდაკვალ. აბა, მიმოიხედეთ თქვენს უბანში, ყველაფერი ისეა, როგორც ადრე იყო?

ჩემს უბანში – არა. და ერთი, რაც გაქრა, უბნის მაღაზიაა, ძველებური მაღაზია, ყველაფერი რომ იყიდება, ხილ-ბოსტნეული, პური, ტკბილეულობა, ბავშვის პამპერსი, სათამაშოები და ტანსაცმელიც კი. ასეთ მაღაზიებს, როგორც წესი, მეპატრონის სახელით მოიხსენიებდნენ. ჩვენსას, მაგალითად, მანიას მაღაზიას ვეძახდით. წლებია, მანიას მაღაზია აღარ არსებობს – ისიც, როგორც ყველა მისნაირი, საყველაფრო მარკეტი, ქსელურმა მარკეტებმა ჩაანაცვლა.

ყველა ან იქნებ თითქმის ყველა?

ლუბლიანას ქუჩაზე, იაშვილის საავადმყოფოს მოპირდაპირე მხარეს, ზუსტად ეზოში შესასვლელის მოპირდაპირედ, არის ერთი ასეთი მაღაზია. ბოლო დროს ყოველთვე მიწევს ამ ქუჩაზე გასვლა და რადგან მაღაზია გაჩერებასთანაა – მის წინ დიდხანს დგომაც. კარგი თავშესაქცევია – ვდგავარ და ვიტრინაში გამოფენილ ათას ხარახურას ვათვალიერებ: ბარბები, „მარველის“ გმირების თოჯინები, პლასტმასის მანქანები, მოძრავი ანბანი და რიცხვები, ფერადი ცარცები, თიხა და პლასტილინი, კაუჩუკის ბურთები, გასაბერი აუზი, კალმები, ფანქრები და ფერად-ფერადი საშლელები (ცხოველების ფორმის), მზესუმზირა, ჩიფსი, ორცხობილა, კვერცხები სათამაშოთი, ჩაი, ყავა, გაურკვეველი წარმომავლობისა და შეფუთვის ნამცხვრები, პირველად რომ ვხედავ… ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც შეცვლილი მხვდება – საქონელს მუდამ ემატება ან აკლდება რამე.

ერთხელ ავტობუსის მოსვლამდე შვიდი წუთი მქონდა. თვალი ლაჟვარდისფერ კაუჩუკის ბურთულას დავადგი და შევედი, ვიყიდი-მეთქი. მაშინ კი შევნიშნე, რომ რასაც ყიდიან, გარკვეული პრინციპით აწყვია: სასუსნავები და სურსათი მარცხნივაა, სათამაშოები და საკანცელარიო ნივთები – მარჯვნივ. თუმცა, არ ვიცი, „აწყვია“ რამდენად სწორი სიტყვაა – ვიტრინამდე რომ მიმეღწია, სათამაშო მანქანას გადავაბიჯე და ლამის ცალ ფეხზე მდგომმა ზედა თაროზე გადავდე საშლელებიანი ყუთი, რომ მის ქვეშ, პლასტმასის სათავსოდან, კაუჩუკის ბურთულები ამომეღო. რა მექნა – ასეთი მაღაზიიდან აუცილებლად რამე უნდა გამომეყოლებინა ხელს.

მაღაზია-მეთქი ვამბობ და სინამდვილეში ორია, ანუ მაღაზიები – მის გვერდით ფეხსაცმელები იყიდება, ძირითადად, დათბილული და მოხდილი ფლოსტები, სანდლები და შლაპუნები. ეს ორივე სავაჭრო ობიექტი ერთ ქალს ეკუთვნის, რომელსაც დროდადრო ჰბეზრდება იქ ჯდომა და ან ერთს კეტავს და მიდის, ან – მეორეს. როგორც უნდა იყოს, ამ ორიდან ერთი მაღაზია მუდამ ღიაა და გამყიდველის ანაბარაა.

მე თქვენს ადგილას წავიდოდი და ვნახავდი – ქალაქი მხოლოდ ისტორიული ღირსშესანიშნაობები როდია. საერთოდაც, მე თუ მკითხავთ, ნაღდი ქალაქი მათ მიღმაა, სწორედ ასეთ დეტალებში, როგორიც არის უბნის საყველაფრო მაღაზია. ჰოდა, მოასწარით, სანამ მანდაც რომელიმე „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „ზღაპარი“ ან რამე მსგავსი გაუხსნიათ…

რამდენიმე მოსაზრება ჰაგიოგრაფიის სწავლების თაობაზე

0

ალბათ ყველა თანხმდება, რომ ჰაგიოგრაფიას მისი შექმნის პერიოდისთვის იმაზე უფრო განსხვავებული დანიშნულება ჰქონდა (იდეოლოგიურ/ტენდენციური – თ. დოიაშვილი, ლ. ბრეგაძე – „ვკითხულობთ კლასიკას“), ვიდრე დღეს აქვს. იგი შექმნიდან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ინტენსიურად იკითხებოდა და მასობრივი ხასიათის მქონე უალტერნატივო საკითხავიც იყო. შუა საუკუნეებშივე საერო ლიტერატურის გაჩენასთან ერთად კი, ვერ ვიტყვით მისი მკითხველების რაოდენობას უნდა ეკლო, მაგრამ  ზემოთხესენებული ალტერნატივა ნამდვილად რომ გამოუჩნდა ცხადია და, სავარაუდოდ,  სატრფიალო-სარაინდო რომანებს უფრო მეტად მიეტანებოდა მაშინდელი მკითხველიც. მეთექვსმეტე საუკუნეში ტიმოთე გაბაშვილის ცნობილი ჩივილი „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ, რად დროსაც იგი ერის გარყვნაში სდებს მას ბრალს, რადგან მამაკაცებმა და ქალებმა მისი გმირების მიხედვით დაიწყეს მორთვა-კაზმვა და ქცევაო (ე.ი. იდეალად სახავენო), ხოლო მოგვიანებით ანტონ კათალიკოსის წუხილი რუსთაველის „ამაოდ დაშრომაზე“ კარგად წარმოაჩენს  სასულიერო მწერლობის ამ დარგის მასობრივი მკითხველის შეცოტავებასა და მათი გმირებისთვის მიმბაძველთა (საღვთო შურის ამღებთა)   შემოსაზღვრულობას.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ჰაგიოგრაფიის შესწავლა პირდაპირ ევროპული მეცნიერული მეთოდებით დაიწყო, რომელსაც ეს ნაწარმოები, პირველ ყოვლისა,  როგორც საკვლევი მასალა აინტერესებდა: თავისი დაწერის თარიღებით, ავტორთა ვინაობის გარკვევით, ენობრივი მახასიათებლებით, გადმოცემული ისტორიული ამბებით, ხელნაწერთა ურთიერთშედარებით, მხატვრული აზროვნებითა  და ა.შ.

ბოლშევიკურ ეპოქაში კი  ჰაგიოგრაფიის შესწავლა – სწავლებისას, უარი ეთქვა რა მის რელიგიური მხარის სიცხოველეს, წინ ეროვნული მედროშეობა იქნა წამოწეული – ჰაგიოგრაფია,  არა როგორც რელიგიური ტექსტი, არამედ წარსულზე მეტყველი ძეგლი,  ეროვნული თვითშეგნების წარმომსახავი, ერის ჩამომაყალიბებელი და რაც მთავარია, მომხვდურ ძალასთან იდეოლოგიურ-ფიზიკური ბრძოლის ამსახავი.

როგორც ვხედავთ, თითოეული ეპოქა ჰაგიოგრაფიიდანაც თავისთვის ნიშნეულსა და ღირებულს წამოწევს ხოლმე წინ, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ნაწარმოებიდან.

ჩვენს თანამედროვეობაში კი დროდადრო ხელახალი ძალით ჩნდება ხოლმე კითხვები მისი ანუ ჰაგიოგრაფიის სწავლების რელევანტურობასთან დაკავშირებით. რაში შეიძლება გამომადგეს ჰაგიოგრაფია?  რატომ უნდა ვისწავლო, რატომ უნდა ვიწვალო და ა.შ.

ეს კითხვები მეტად საყურადღებოა იმით (თუკი ჩვეულებრივი სიზარმაცის გამამართლებელი წუწუნი არ არის), რომ,  გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, თანამედროვე სამყაროში ჰაგიოგრაფიისთვის დანიშნულებისა და ადგილის გამოძებნა დაუსახავს მიზნად. სკოლის მოსწავლეებს სრული უფლება აქვთ ამ შეკითხვების დასმისა, ხოლო მასწავლებელ-სპეციალისტის ვალია ყოველ ჯერზე მათთან ერთად დაფიქრდეს და არგუმენტირებული პასუხები შეაგებოს და არა გატკეპნილი, მეტაფიზიკური, რელიგიურ-დოგმატური ან პატრიოტულ-დოგმატური ნაყალბევი („მართლმადიდებელი ხარ და ხამს“, „ქრისტიანი ხარ და ხამს“, „ქართველი ხარ და ხამს“).

ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებელი მოსწავლის კრიტიკული კითხვების წინაშე უძლური  აღმოჩნდება და მადლიერებით აღვსების მაგიერ, უჯავრდება, რჯულისა და ქვეყნისადმი უსიყვარულობას აბრალებს.  მასწავლებელსა თუ სპეციალისტს ყველა კითხვაზე პასუხი ცხადია ვერ ექნება, მაგრამ უმრავლესობაზე რომ უნდა ჰქონდეს, – ეს სადავო არ უნდა იყოს.

ჩემი გადმოსახედიდან, ჰაგიოგრაფიული ტექსტები ძალიან შეუმზადებლად და იზოლირებულად ისწავლება. შეუმზადებლობაში ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლეს უეცრად უწევს ისეთ ტექსტთან ურთიერთობა რომელიც მისგან ლამის მეცნიერულ საქმიანობას მოითხოვს – მან ჯერ  უნდა იკითხოს, გაშიფროს და გაიგოს ის თუ რა წერია ტექსტში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სახეებისა და ხასიათების განვითარების საკვანძო მომენტებზე. ხოლო იზოლირებულობაში ქრისტიანული მწერლობის ანტიკური სამყაროსგან მოწყვეტილად წარმოდგენა იგულისხმება, ასევე მოსწავლეს არ განემარტება ჰაგიოგრაფიის გენეზისი, მიზნები და ა.შ.  შედეგად, ჰაგიოგრაფიის გმირები ერთგვარ ახირებულ, ზოგჯერ თავიანთი პრინციპულობის გამო გამაღიზიანებელ  სახეებადაც წარმოუდგებათ (შემთხევითი არ არის, რომ  მოსწავლეებში „მოიქნია ასტამი“ და „თვალნი დაუბუშტნა“ თანალმობის მაგიერ არაიშვიათად მხიარულებას რომ იწვევს). ისევე როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ფიზიკურად  ძლიერი, მდიდარი, ლამაზი, განათლებული, მამაცი გმირების ტირილისა არ ესმით. არ ესმით რადგან „ვეფხისტყაოსნის“ შემთხვევაშიც არავინ არ უხსნის აღმოსავლურ-მუსლიმური ლიტერატურის ესთეტიურ პრინციპებს, რომელთაგანაც ძალიანაა დავალებული რუსთაველი.

გადავხედოთ ანტიკური ხანისა და ჰაგიოგრაფიის მიმართებას.

ეკლესიის გამორჩეული სასულიერო მოღვაწე – მოაზროვნე მამა გიორგი ფლოროვსკი წერილში „ქრისტიანობა და ცივილიზაცია“ ქრისტიანობისა და ელინისტური ცივილიზაციის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით აღნიშნავდა: “ ახალი კულტურა (იგულისხმება ქრისტიანული კულტურა -ო.ქ.) წარმოადგენდა იმ დროში არსებულ ყველა იმ შემოქმედებითი ტრადიციისა თუ მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს, რომლებიც შეერთვნენ ერთმანეთს”.  ქვემოთ უთითებდა, რომ: „ცივილიზაცია სხვას არაფერს ნიშნავდა, თუ არა ელინიზმს, მთელი თავისი წარმართული მემკვიდრეობით, სააზროვნო უნარ-ჩვევებითა თუ ესთეტიკური იდეალებით“. ხოლო თუ არსებობდა კონფლიქტი ელინიზმსა და ქრისტიანობას შორის, ფლოროვსკის აზრით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ “ელინიზმი არ იყო მზად საიმისოდ, რომ იოტისოდენადაც კი დაეთმო ეკლესიისათვის, და ეს შეეხებოდა ნებისმიერ სფეროს” სამაგიეროდ, ქრისტიანული კულტურა: „ეს იყო „ახალი ელინიზმი“, რადიკალურად ქრისტიანიზებული, ასე ვთქვათ, „გაეკლესიურებული“.

(ფლოროვსკი გ, „ქრისტიანობა და ცივილიზაცია“, ჟურნ. არჩევანი, თბ, #2, 2007 ).

მოხმობილი ციტატებიდან სამი ორიენტირი  უნდა გამოვყოთ: 1) ქრისტიანული კულტურა იმ დროში არსებულ ყველა შემოქმედებითი ტრადიციისა და მოძრაობის გრანდიოზულ სინთეზს წარმოადგენდა 2) ელინისტურსა და ქრისტიანულ აზროვნებას შორის დაპირისპირება არსებობდა 3) ელინისტური ქრისტიანული ხდებოდა (ეს უკანასკნელი წარმოგვიდგება როგორც შედეგი წინა ორისა).

ეს სამი ორიენტირი კი ერთ საზრისს გადმოსცემს: ქრისტიანულმა ღვთისმეტყველებამ, იკონოგრაფიამ, ჰიმნოგრაფიამ,  ჰაგიოგრაფიამ  და ა.შ. არათუ ბევრი რამ იმემკვიდრა ანტიკურიდან, არამედ თვით იქაც  გაითვალისწინა იგი, სადაც კი  დაუპირისპირდა მას.  თვით ქრისტიანობის საყოველთაოდ ცნობილი კრედო: „ღმერთი სიყვარულია“ ძველი ბერძნულის „სიყვარული ღმერთია“-ს შებრუნებული ვარიანტია (უ. გათრი „ბერძნული ფილოსოფია“).

    ამ შებრუნებებს ეხმაურება  ქართულ ქრისტიანულ ხელოვნებაში ესთეტიკის მკვლევარ რევაზ სირაძის წიგნის – „სახისმეტყველება“ – ერთი მცირე თავი სათაურით „ჯანსაღი სული ჯანსაღ სხეულში“. მოგვყავს ციტატა:

„ძველ საბერძნეთში ამ სიტყვებში შემდეგ აზრსაც სდებდნენ: ჯანსაღი სული მხოლოდ ჯანსაღ სხეულში შეიძლება იყოსო. შეუძლებელიაო, რომ გონჯ ადამიანს ლამაზი სული ჰქონდესო… ქრისტიანულმა ხელოვნებამ  მეორე უკიდურესობა აირჩია. ადამიანი მხოლოდ სულიერად გააიდეალა და ხორციელი ბუნება კი მთლიანად უგულებელყო. ამიტომაც ფრესკებზე გამოსახული პიროვნებანი ხორციელებისაგან დაცლილნი არიან“.

ახლა შევეცადოთ და ეს თეზა კიდევ უფრო გავშალოთ.

ანტიკური გონი ლამაზს ესწრაფვის, მისი ასახვის მთავარი ობიექტები უზადო და უნაკლო პროპორციებით გამოირჩევიან მითებში, მხატვრულ ლიტერატურაში, ქანდაკებაში, მხატვრობაში, ხოლო თუკი სადმე გვხვდება „ულაზათო“ სხეულის მქონე ადამიანი, იგი არათუ არ არის მთავარი გმირი, არამედ მას  ვერაფრით ვერ ექნება ნათელი აზრებიც, ამაღლებულ სულზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. „ვინ ისურვებს შენს დახატვას, როცა არავის სურს შენი შეხედვა – ამბობს ერთი ეპიგრამისტი“  (ლესინგი, „ლაოკოონი“). ანტიკურ მხატვრულ ლიტერატურაში ტრაგედიები, ეპოსები სწორედ  გამორჩეულ პირთა თავგადასავლებს აღწერს და გადმოსცემს, რომლებიც ფიზიკურად სჯაბნიან უკეთურებს – ამარცხებენ ბოროტებს, კლავენ გველეშაპებს, ლომებს, ჰიდრებს  და  ამაში ვლინდება მათი სიქველე. გმირების ასეთი უჩვეულო ფიზიკური ძალა მათი ღმერთებთან წილნაყარობითაა განპირობებული – ზოგს დედა ჰყავს ქალღმერთი, ზოგს კი მამა – ღმერთი.

ჰაგიოგრაფიაში ყოველივე ეს „შებრუნებული პერსპექტივითაა“ მოცემული.  ადრეული ჰაგიოგრაფიის გმირის ფიზიკური სილამაზე განგებაა მიჩქმალული ან ძუნწად არის გადმოცემული აქა-იქ. სამაგიეროდ, მთავარი ხაზი უჭირავს მის სულიერ ამაღლებულობასა და აღმატებულობას. თუკი ანტიკურობის გმირი ჩვილობაშივე ავლენს  ფიზიკური  ძალით განსხვავებულობის ნიშან-თვისებებს, ჰაგიოგრაფიის გმირი ბავშვობიდანვე  თავისი ღვთისმოშიშებით გამოირჩევა. თუკი ანტიკური სამყაროს გმირი მარადიულ დიდებას საგმირო საქმეების იდეალად დასახვით, მის ამ გზაზე სიკვდილით მოპოვებას ესწრაფვის, ჰაგიოგრაფიის მოწამე გმირისთვის სანატრელი სულიერი ძალების მობილიზაციით  მოწამეობრივი აღსასრულია, რითაც ქრისტეს ებაძება.  ჰაგიოგრაფიის გმირის „რაინდობა“ ეშმაკთან შერკინებაში ვლინდება, რომელიც  გარდა ფიზიკური ზმანებებისა, ადამიანური ვნებების, იგივე ინსტიქტების მის წინააღმდეგვე აღძვრით, აზვირთებით იბრძვის, ამ ომში ადამიანის საჭურველი კი ანტიკურის მშვილდ-ისრებისაგან, შუბებისაგან, ფარისაგან და მახვილისაგან განსხვავებით ლოცვა, მარხვა, ასკეზა, თმენა და მოწამეობისაკენ სწრაფვაა (გრ. ფარულავა).  ანტიკური ნახევრადღმერთი გმირის საპირწონედ, ჰაგიოგრაფიის გმირი ღმერთშემოსილობას იძენს.  ანტიკური გმირის სიკვდილი ტრაგედია თუა, ჰაგიოგრაფიისა სულიერი ზეიმია.  ანტიკური სამყაროს გმირი ბედს ვერსად გაქცევით ვერ ასცდება (გამონაკლისს შემთხვევებში არჩევანის გაკეთების უფლებას აძლევენ, მაგალითად როგორც აქილევსს, ოღონდ გაკეთებული არჩევანი საბოლოოა და კორექტირებას აღარ ექვემდებარება), ჰაგიოგრაფიის გმირისთვის კი ბედი, როგორც ასეთი არ არსებობს, არამედ არის ნება ღვთისა, რომელში ყოფნაც  მუდამ პიროვნული არჩევანის შედეგია და ა.შ.

აქ შეიძლება  ეჭვნარევი კითხვა გაჩნდეს –  ქრისტიან წმინდანებს ანტიკურ გმირებთან ხომ არ ვათანაბრებთ?  ამისი ყველაზე კარგი პასუხი თვით ჰაგიოგრაფიაშივეა მოცემული – მისი მტკიცებით იგი მხოლოდ ნამდვილად არსებულ პიროვნებებზე, ნამდვილად მომხდარ ამბებზე იწერება. ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი მთავარი თავმოსაწონარი ის იყო, რომ მოვლენები მისი უშუალო შემსწრეების მიერ ანდა მოწმეებისგან მონაყოლის საფუძველზე იწერებოდა, გამონაგონი არ იყო ე.ი.

რას გვაძლევს  ყოველივე ეს ჰაგიოგრაფიის სწავლებისას?

პირველ ყოვლისა, იმას რომ „მსგავსი მსგავსითვე შეიცნობა“. მოსწავლეები ამით ანტიკური ხანის ხელოვნებითა და  ჰაგიოგრაფიაში საინტერესო კანონზომიერების აღმოჩენით ინტერესდებიან. ჰაგიოგრაფიის ანტიკურ სამყაროსთან შედარებისას ხალისით  აკეთებენ საინტერესო დასკვნებს და წერისას სათქმელად უფრო მეტი ეძლევათ.

სკოლებში, სადაც უფროსკლასელებთან შესახვედრად მივუწვევივარ, ყოველთვის ანტიკური ხანიდან ვიწყებ ხოლმე. უნდა ითქვას, რომ  შეხვედრისას რამდენიმე ისეთი მოსწავლეც ყოფილა, ანტიკური ნაწარმოებების ცოდნაში რომ არ ჩამომრჩენიან და, მსჯელობაშიც რომ მომყოლიან. მათ მარტო ბიძგის მიცემა ესაჭიროებოდათ, ამდენად, ჩემ ნამსჯელში  მათთვის ერთადერთი სიახლე ანტიკურობისა და ჰაგიოგრაფიის დაკავშირებაღა იყო მხოლოდ.

მასწავლებლის მიზანი მოსწავლის ტექსტით დაინტერესება და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების აგების, გმირის სახის ძერწვის, იმ დროის სააზროვნო და კულტურული პრინციპების ახსნა უნდა იყოს და არა პათეტიკური რელიგიური ქადაგება, რომელიც სულაც არ შედის მის კომპეტენციაში. უნდა ახსოვდეს, რომ იგი მოსწავლეში კრიტიკული აზროვნების პროვოცირებისათვის, კითხვების დამსმელი მოქალაქის აღზრდისათვის არის მივლენილი და არა მომავალი მოწამეების გამოზრდისთვის. მასწავლებლისთვის თუნდაც „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოქალაქეობა“ მეტად უხვ მასალას იძლევა იდეებისთვის მებრძოლ, თანამოაზრეთა შემომკრებ, სოლიდარულობაზე დაფუძნებულ, აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებულ თემებზე საბჭოდ, რაც ასეთი საშური გახლავთ ჩვენი დღევანდელობისთვის.

ექვთიმე ათონელი ბერძნულიდან 150-მდე სასულიერო წიგნის თარგმნით გახდა წმინდანი, გრიგოლ ხანძთელი კი შორეული ადგილების რელიგიურ-კულტურულად გამოცოცხლებით (მშენებლობებით, ვენახების გაშენებით). შესაბამისად, რჩეულობა  შრომა-გარჯილობით რომ მტკიცდება, ჰაგიოგრაფია ამასაც ჩაგვაგონებს.

ახლა გადავიდეთ ჰაგიოგრაფიის სწავლების კიდევ ერთ დელიკატურ საკითხზე – როგორ ვუხსნით მას ქართულენოვანი სკოლების  ეთნიკურ აზერბაიჯანელ, ქისტ, იეზიდ, ებრაელ და მსოფლმხედველობრივი მრწამსით ათეისტ და ა.შ. მოსწავლეებს?

ეს საკითხი ყველაზე მეტად მტკივნეული და ამავე დროს, ზოგადად, ქვეყნის პრაქტიკაში მოქალაქის, როგორც ასეთის, აღქმის პრობლემურობაზე მეტყველი მომენტია. კერძოდ, საქმე გვაქვს მოსწავლეთა სეგრეგაციასთან ეთნიკური, რელიგიური  და მსოფლმხედველობრივი ნიშნით. აქ მხოლოდ უაღრესად ტაქტიან, ამავე დროს  რელიგიების ისტორიაში და კულტურაში ჩახედულ, ჰაგიოგრაფიის მთელი სიგრძე-სიგანით, თავისი ისტორიული ფონითა და თანამედროვების გათვალისწინებით გამააზრებელ მასწავლებელს შეუძლია გავიდეს ფონს. მას სულმუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ჰაგიოგრაფია იდეოლოგიზირებული და ამასთანავე, პოლემიკური ხასიათის ჟანრიცაა, ხოლო პოლემიკა ყოველთვის ტენდენციურობითაა დაღდასმული, რადგან მისი მიზანი ჭეშმარიტების გამოვლენა კი არა, ოპონენტზე უპირატესობის მოპოვების მცდელობაა. თუკი პედაგოგი ამ ტენდეციურობას დაჰყვება მაშინვე გამოვა მასწავლებლის როლიდან, გახდება მხარე და თავისივე მოსწავლეების მრწამსს, კულტურას, თუნდაც ირიბად,  განქიქებას დაუწყებს. ეს კი პირდაპირი დისკრიმინაცია იქნება რელიგიური, ეთნიკური, კულტურული თუ მსოფლმხედველობრივი ნიშნით. ამით მასწავლებელი მოსწავლეს მეორეხარისხოვნობის იარლიყს მიაკერებს და გამოსავლად ნება-უნებლიედ პროზელიტიზმს, ინდოქტრინიზაციას ე.ი. ქრისტიანობაზე (მართლმადიდებლური ნიშნით) მოქცევას შეაჩეჩებს.

მაგრამ აქ პრობლემა მარტო ეთნიკურ და რელიგიურ/მსოფლმხედველობრივ მრავალფეროვნებაში არაა. თვით ისეთ სკოლებშიც კი, სადაც მხოლოდ ეთნიკური ქართველი, ხოლო მრწამსით მართლმადიდებელი  ბავშვები სწავლობენ,  ამ პრინციპების დარღვევა, თავისგან განსხვავებულისთვის ზემოდან ყურების, თანამოქალაქეებთან კიდევ უფრო გაუცხოების საფანელს ქმნის.  ამით იმის თქმა მსურს, რომ ჰაგიოგრაფიის ტენდენციური სწავლებისგან მხოლოდ იმ სკოლებსა და კლასებში კი არ უნდა ავარიდოთ თავი სადაც  რელიგიური, ეთნიკური, კულტურული, მსოფლმხედველობრივი ნიშნით განსხვავებული ბავშვები სწავლობენ, არამედ იქაც კი სადაც ასეთი მოსწავლეები არ გვყვანან, რადგან ჩვენ, პირველ ყოვლისა, მოქალაქეებს ვზრდით, რომლებიც სკოლის დასრულების შემდეგ ერთმანეთს საჯარო სივრცეებსა და დაწესებულებებში გადაეყრებიან, შესაბამისად, მათ საერთო ენის გამონახვა უნდა შეეძლოთ. ამისათვის კი  საჭიროა, რომ მომავალი თანამოქალაქეები პატარაობიდანვე გამაერთიანებელ პრინციპებზე  აღიზარდონ და არა გამთიშავზე.

მოსწავლეებთან „აბოს წამების“ გავლის დროს კარგი იქნება თუ ტექსტის ისლამისადმი დამაკნინებელი მონაკვეთები სკოლის (და არა უნივერსიტეტის!!!) სასწავლო სახელმძღვანელოდან ამოღებული იყოს, ხოლო აბოს პიროვნებაზე მსჯელობა მთლიანად იქნეს გადატანილი პიროვნებისა და თემის, პიროვნებისა და მისი არჩევანის თავისუფლების მნიშვნელობაზე. აქვე კარგი იქნება თუ ვახსენებთ, რომ თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონობით აფროამერიკელისთვის სწორედ ისლამი გახდა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ბრძოლის მთავარი დროშა. ამაზე მსჯელობა მუსლიმ მოსწავლეებში გარიყულობის შეგრძნებასა და აბოსადმი შესაძლო ნეგატიურ განწყობას გაანეიტრალებდა. ქართული ლიტერატურიდან ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ფერისცვალებაც მეტად კარგი საპარალელო მასალაა  „აბოს წამებასთან“. თუ აბო ქართველებისადმი ემპათიისა და ქრისტიანობისადმი სიმპათიის გამო იცვლის რჯულს, ალუდა  ყველა რჯულში ჭეშმარიტების საერთოობის აღიარებით თითოეულ ამ უკანასკნელზე მაღლდება.  სწორედ ჭეშმარიტების საერთოობა და საერთოობის ჭეშმარიტება გახდება ალუდას რელიგიაც, მრწამსიც, მსოფლმხედველობაც და ა.შ.

 

ბოლოსკენ დავძენ, რომ ეს წერილი ერთ გვერდში რამდენიმე პუნქტად  ასე შეძლებოდა ჩატეულიყო:

  • ჰაგიოგრაფიას ბევრი რამ აქვს შეთვისებული ანტიკური სამყაროდან. შესაბამისად, ლიტერატურის სახელმძღვანელოში ამაზე მცირე ექსკურსი ან მასწავლებლის ზოგადი მიმოხილვა მოსწავლეებში პარალელების გავლებისა  და მსგავსება-განსხვავევების  აღმოჩენის სურვილს აღძრავდა, რაც უკვე კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ჰაგიოგრაფიით მათი დაინტერესებისთვის.
  • არ უნდა გვეწყინოს, თუკი მოსწავლე წმინდანებსა და ტექსტებს „გაუშინაურდება“, არ მოეწონება, ზოგან იცინებს და დასვამს შეკითხვებს, რომელთა დასმაც „არ შეიძლება“.
  • ვიფრთხილოთ, რათა გაკვეთილი რელიგიურ ქადაგებაში არ გადაგვივიდეს. პირიქით, ეს შესაძლებლობა რელიგიების ისტორიის თხრობისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, ან ვთხოვოთ მოსწავლეებს, რათა ანტიკური ღმერთების პანთეონზე, ქრისტიანობაზე, მაზდეანობაზე („შუშანიკის წამებას“), ისლამზე („აბოს წამება“) ინფორმაცია მოაგროვონ.
  • ჰაგიოგრაფიის მთავარი გმირები როგორც თემის აქტიური წევრები, კრიტიკულად მოაზროვნენი, ხელისუფალის უშიშრად მამხილებელნი, სუსტთა დამცველნი.
  • ჰაგიოგრაფია და უცხოელობა. ქართული ჰაგიოგრაფიის პირველი ძეგლების მთავარი გმირები ეთნიკური ქართველები არ არიან. რას ნიშნავს ეს ჩვენი დღევანდელობისთვის?
  • სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ეთნიკურად, რელიგიურად და მსოფლმხედველობრივად არა-დომინანტი ჯგუფების წარმომადგენელ მოსწავლეებთან ჰაგიოგრაფიის სწავლებისას და თავი ავარიდოთ ხსენებული მიმართულებებით დისკრიმინაციას.

 

 

 

ენობრივი სიტუაცია და ქართული ჟესტური ენის ადგილი ეროვნულსა თუ მსოფლიო ენობრივ ატლასებზე

0

საენათმეცნიერო ლიტერატურტაში ენობრივ სიტუაცია სოციოლინგვისტიკის ერთ-ერთ საბაზისო ცნებად მოიაზრება [ნიკოლსკი, 1976; ბარნეტი, 1988; ფერგიუსონი1995][1]. ენის მკვლევრები მის რამდენიმე განმარტებას გვთავაზობენ. ჩარლზ ფერგიუსონი ენობრივი სიტუაცია უწოდებს მოცემულ დროსა და მოცემულ ადგილზე ენის გამოყენების საერთო კონფიგურაციის აღმნიშვნელს, რომელიც მოიცავს შემდეგნაირ მონაცემებს:

  • რამდენი ენაა და რომელი ენები გამოიყენება მოცემულ არეალში?
  • რამდენი ადამიანი გამოიყენებს თითოეულს და რა ვითარებაში?

რა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული საზოგადოების წევრებს ამ ენების მიმართ? [ფერგიუსონი, 1971:157].

ევროპელი სოციოლინგვისტები ენობრივ სიტუაცია სინქრონულ ენათმეცნიერებას მიაკუთვნებენ, თუმცა ამბობენ, რომ იგი ისტორიულ-დინამიკური პროცესის შედეგია. ამ მიმართულებით კვლევა კი, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ენათა გავრცელებულობისა და ფუნქციონირების კვლევა უნდა იყოს, კონკრეტულ დროსა და სივრცეში ენის მატარებელთა დამოკიდებულებისა და ფუნქციონირების იურიდიული საფუძვლის გათვალისწინებით.

საქართველოს ენობრივი სიტუაციის აღწერისას (2010)[2] საქართველოს ლინგვისტურ მრავალფეროვნებას ახასიათებენ ეთნიკური მრავალფეროვნების კვალდაკვალ და ქართულ ენას, მეგრულ-ლაზურ და სვანურთან ერთად, მიაკუთვნებენ ქართველურ ენათა ჯგუფს[3]. ინდოევროპული ენების სხვადასხვა ჯგუფს მიაკუთვნებენ საქართველოში არსებულ ენებს: რუსულს (სლავური ჯგუფი), სომხურს, ბერძნულს (ჯგუფები ინდოევროპულ ენათა ოჯახიდან), ოსურს (ირანულ ენათა ჯგუფი), აზერბაიჯანულს (თურქულ ენობრივ ჯგუფს ალათაურ ენათა ოჯახში).

დასახელებულ ნაშრომში საგანგებოდ გამოყოფენ 4 რეგიონს, რომელშიც კომპაქტურად არიან განსახლებულნი უმცირესობათა წარმომადგენლები: აფხაზები (აფხაზეთი), ოსები (სამხრეთ ოსეთი), აზერბაიჯანელები (ქვემო ქართლი) და სომხები (სამცხე-ჯავახეთი და ქვემო ქართლიდან – წალკის რაიონი) და მიუთითებენ, რომ კომპაქტური განსახლების გარდა, საქართველოში გვხვდება ისეთი ეთნიკური ჯგუფების დისპერსიული განსახლებები, როგორებიცაა რუსები, ბერძნები, უკრაინელები, პოლონელები, ქურთები, იეზიდები, ებრაელები, ასირიელები, აგრეთვე ჩრდილო-კავკასიურ ენათა წარმომადგენლები: ქისტები, ჩეჩნები, ლეკები, უდიები, ყაბარდოელები, ჩერქეზები და სხვა. სამწუხაროდ, მათ გვერდით ქართულ ნიშანთა/ჟესტურ ენაზე მეტყველი ენობრივი უმცირესობისათვის (ყრუთა თემისათვის) ადგილი ვერ გამოიძებნა.

საქართველოში არსებული ენობრივი სიტუაციის ერთგვარი გზამკვლევია ევროპის საჭოს მიერ მომზადებული კრებული „Minority Languages in Georgia, Expressions of Cultural Wealth“ (ენობრივი უმცირესობები საქართველოში, კულტურული სიმდიდრის გამოხატულებანი“)[4]. არც ამ კრებულშია ქართულ ნიშანთა/ჟესტურ ენაზე მეტყველი ენობრივი უმცირესობისათვის ადგილი და ენობრივი სიტუაციის არც სხვა ფილოლოგიურ კვლევათა გეოგრაფიაში[5] ფიგურირებს ქართული ჟესტური ენა.

როგორც ცნობილია, ენობრივ სივრცეს, ანუ, ენობრივ მოვლენათა ტერიტორიულ განლაგებას იკვლევს ლინგვისტური გეოგრაფია, რომელიც, თავის მხრივ, იყენებს კარტოგრაფირების მეთოდს. ეს კი რუკაზე ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის გავრცელების არეალის დაზუსტებას გულისხმობს. იზოგლოსების[6] მეშვეობით რუკებზე სხვადასხვა ენობრივი მოვლენის გადატანის შედეგად ვიღებთ ლინგვისტურ ატლასს, რომელიც არის რუკების სისტემატიზებული ერთობლიობა და მასში რაიმე პირობითი ნიშნით აღნიშნულია გარკვეულ ტერიტორიაზე რომელიმე ერთი ენობრივი (ფონეტიკური მორფოლოგიური, სინტაქსური თუ ლექსიკური) თავისებურების ნაირსახეობათა განლაგება, დასახლებული პუნქტების მიხედვით, (ერთი ენის გავრცელების შესაბამისად, ერთ სახელმწიფოში, ერთ კონტინენტზე, მონათესავე ენათა გავრცელების საზღვრებში და ა.შ.). დღეისათვის უკვე არსებობს მრავალი ენისა თუ ენათა ჯგუფის ლინგვისტური ატლასები[7]. იუნესკო მიიჩნევს, რომ ატლასი ენობრივი სიტუაციის დოკუმენტირების ერთგვარი ინსტრუმენტია, ენების მსოფლიო ატლასი კი არის ონლაინპლატფორმა, რომელიც ასახავს გლობალური ლინგვისტური მრავალფეროვნების დინამიკასა და სიღრმეებს. ის უზრუნველყოფს მსოფლიოს ენათა შესახებ ზუსტ, სანდო, განახლებულ და მყარ მონაცემებს. მეცნიერული და ტექნოლოგიური პროგრესის გამოყენებით და სანდო წყაროების, მათ შორის, ეროვნული მთავრობების, აკადემიური წრეებისა და ენობრივ თემთა მიერ შემოთავაზებული მონაცემების გამოყენებით, ენების მსოფლიო ატლასს შეუძლია სწრაფად ასახოს ლინგვისტური მრავალფეროვნების ცვლილებები. 1996, 2001 და 2010 წლებში იუნესკოს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს მოწყვლადი ენების დადგენის კარგი გამოცდილების საფუძველზე, ენების მსოფლიო ატლასი წარმოადგენს მთავარ ნაბიჯს ენის მიმართ უფრო ინკლუზიური, ყოვლისმომცველი და ინტერდისციპლინური მიდგომების დასადასტურებლად[8]. იუნესკო, ენობრივი სიტუაციის აღწერისას აღიარებს ქართული ნიშანთა/ჟესტური ენის, როგორც მოწყვლადი ენის არსებობის ფატს, თუმცა მითითებულ გვერდზე ამ ენის შესახებ რაიმე სხვა მონაცემი არ არის დატანილი.

ქართული ჟესტური ენის შესახებ რაიმე სახის ცნობა არ მოიპოვება ნიშანთა/ჟესტური ენების საერთაშორისო ჩამონათვალსა[9] თუ ნიშანთა/ჟესტური ენის მსოფლიო ატლასებში[10],

და არც ამ ენის კლასიფიკაციისადმი მიძღვნილ უცხოურ, საეტაპო სახელმძღვანელოებში[11].

არადა, ქართული ჟესტური ენის შესწავლის მხრივ ბევრია გაკეთებული. საქართველოს ყრუთა კავშირის ეგიდით შექმნილია ჟესტური ენის ლექსიკონი[12], პროფესორ თამარ მახარობლიძის მიერ[13] შექმნილია საკუთრივ ქართულ ანბანურ ასო-ნიშნებზე მორგებული, მშვენიერი დაქტილური ანბანი; მის მიერვე წამოჭრილია ქართული ჟესტური ენის ნაციონალიზაციის საკითხი და ეს პროცესი უკვე, წარმატებით, კიდეც მიმდინარეობს[14]. გამოცემულია არაერთი მონოგრაფია თუ ბეჭდური პუბლიკაცია, შედგენილია ქართული ჟესტური ენის აკადემიური ლექსიკონი[15], რომლის ლექსიკის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, ამ ენის მთელი აქტიური ფონდი გამოკვლეულია წყაროებთან მუშაობის მეთოდით. დამუშავებულია ლექსიკონის ტექსტური ნაწილი, გამთლიანებულია ვიზუალურ-ვერბალური მასალა და გაციფრულებულია თითოეული ერთეული. აქტიურად მიმდინარეობს ქართული ჟესტური ენის მორფოლოგიის კვლევა, ქართული ჟესტური ენის მორფოლოგიის სხვადასხვა საკითხის კვლევისადმი მიძღვნილი სტატიების ნაწილი გაერთიანებულია წიგნში „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია“ [მახარობლიძე 2019], რომელშიც მიმოხილულია, როგორც ჟესტურ ენათა მორფოლოგია, ასევე — ქართული ჟესტური ენის ზმნის მახასიათებლები, ზმნური აქტანტები, ვერსიისა და კაუზაციის კატეგორიები, დრო, კილო, ასპექტი და მოდალობა. დასახელებული და სხვა კვლევებით დადასტურებულია, რომ ქართული ჟესტური ენა „ნამდვილად დამოუკიდებელი ბუნებრივი ენაა და მისი სამომავლო შესწავლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჟესტური, არამედ — სამეტყველო ენების კროსლინგვისტური კვლევებისთვისაც“[16].

იმდენად, რამდენადაც დღესდღეობით ენის დაგეგმვა[17] აქტუალური ცნებაა და მოიცავს ადამიანთა არსებობის უმთავრესი ნაწილის — ენის — მიმართ ფრთხილ მიდგომასა და სოციოლინგვისტიკურ გარემოებათა გათვალისწინებას, ხოლო ენობრივი ურთიერთობის დაგეგმვა გულისხმობს ენის დაგეგმვასა და ადამიანებს შორის ენობრივ ურთიერთობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაგეგმვით საქმიანობას (ვიწრო მნიშვნელობით, ის უფრო მეტად ენასთანაა დაკავშირებული, ფართო მნიშვნელობით კი ორგანიზაციული, ტექნიკური და მოწყობითი ღონისძიებაა), — ვფიქრობთ, სამომავლოდ საქართველოში წარმოებული ენობრივი პოლიტიკა ქართული ენობრივი სიტუაციის ზუსტი, ინკლუზიური მიდგომებით წარიმართება და ქართული ნიშანთა/ჟესტური ენა ღირსეულ ადგილს იპოვის, როგორც ნაციონალურ, ისე — საერთაშორისო ლინგვისტურ ატლასებში. ამ მხრივ კი იმედისმომცემია ენის სახელმწიფო სტრუქტურების დამოკიდებულება, რაც ერთი ათად შეუწყობს ხელს ჟესტური ენის პოპულარიზაციასა და აღიარებას სმენის დეფიციტის მქონე ბავშვთა მშობლების, მათ განათლებაში ჩართული პირების, მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან. ამავდროულად, ვიტოვებთ იმედს, რომ, 2024 წლის საყოველთაო აღწერის შემდეგ ზუსტი სტატისტიკური ჩანაწერი გაჩნდება ენობრივი უმცირესობების, მათ შორის, ყრუთა და ყრუ-უსინათლო პირთა რიცხოვნობის შესახებ მათი ასაკის, სქესის, განათლებისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც ენობრივი სიტუაციის კვლევისა და ამ პირთა განათლების დაგეგმვისათვის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტრუმენტი გახდება.

გამოყენებული რესურსები:

  1. ბატატუნაშვილი . „მოლაპარაკე ხელები” ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი. თბილისი 2008
  2. კახა გაბუნია, ლალი ეზუგბაია, ჭაბუკი ქირია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, მანანა თანდაშვილის საერთო რედაქციით, თბილისი, 2010 (წიგნი შექმნილია „ფოლკსვაგენის“ ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კვლევის მონაცემების საფუძველზე;
  3. კახა გაბუნია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, საერთაშორისო მულტილინგვური განათლებისათვის, Ν3, 45-69;
  4. Kakha Gabunia, The Language Situation in Contemporary Georgia; 2. Caucasian and Non-Caucasian Languages# 4, 2014pp. 1-21. https://multilingualeducation.openjournals.ge/index.php/ijml/article/view/6672/6659; https://www.coe.int/t/dg4/education/minlang/AboutCharter/Minority%20languages%20in%20Georgia_EN.pdf
  5. მანანა თანდაშვილი, http://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90
  6. ნათია კენჭიაშვილი,ენობრივი სიტუაცია საქართველოში აზერბაიჯანულ და სომხურ ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე, http://sciencejournals.ge/index.php/NJ/article/view/51/34;
  7. თამარ მახარობლიძე,(2012) ქართული ჟესტური ენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი თ. მახარობლიძე, ქართული დაქტილური ანბანი. იკე, ტ. 42. ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი. 2014 § თ. მახარობლიძე, “დროის კატეგორია ქართულ ჟესტურ ენაში”. ქუთაისის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ ქუთაისი, 2013 294-302 გვ. 24 § თ. მახარობლიძე, “ზმნათა უღვლილება ქართულ ჟესტურ ენაში”, კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“. თსუ. თბილისი. 2013 231-233 გვ §T. Makharoblidze. On Georgian Dactyl Alphabet. INDIAN JOURNAL OF APPLIED LINGUISTICS – IJOAL (Vol. 40, No. 1-2, Jan-Dec 2014)C/o BAHRI PUBLICATIONS, Kalkaji, New Delhi. 2013 § T. Makharoblidze. Georgian Sign Language Electronic Dictionary. International Journal of Computer and Information Technology. ISSN 2279-0764. vol. XX issue XX –XXXXXXXX 201X www.ijcit.com (miRebulia dasabeWdad) 2013 § T. Makharoblidze. The Georgian Dactyl Alphabet. Disability studies Quarterly. DSQ, Vol. 33, No.3 2013 http://dsq-sds.org/article/view/3318 § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ. § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტური ენები. თსუ, ქართული ენის ინსტიტუტის შრომები #2 გვ.159- 171 § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ..

 

  1. სოფიკო ჭაავა, საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იანი წლებში, თბილისი, 2021.
  2. https://www.vox.com/2014/11/17/7082317/language-maps-charts
  3. https://projekt.ht.lu.se/georgia/;
  4. https://en.wal.unesco.org/discover/languages
  5. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages
  6. https://wfdeaf.org/news/the-legal-recognition-of-national-sign-languages/
  7. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages
  8. ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი (rustaveli.org.ge)
  9. ენის დაგეგმვა, ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელო,2022. file:///C:/Users/mariam.goduadze/Downloads/95232020.pdf

 

 

 

 

 

 

 

 

 

[1] მანანა თანდაშვილი, http://tandaschwili.com/thema-3/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90

[2] კახა გაბუნია, ლალი ეზუგბაია, ჭაბუკი ქირია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, მანანა თანდაშვილის საერთო რედაქციით, თბილისი, 2010 (წიგნი შექმნილია „ფოლკსვაგენის“ ფონდის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო კვლევის მონაცემების საფუძველზე;

[3] დასახელებულ ნაშრომში მკვლევრები მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით სპეციფიკურ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე ზანურ-სვანურ-ქართული სოციოლინგვისტური ურთიერთმიმართებების თვალსაზრისით; ტრადიციულად, ქართველურ ენებში აერთიანებენ საკუთრივ ქართულს, მეგრულ-ლაზურს (მათ საერთო სახელწოდებად გამოიყენება ზანური, აგრეთვე კოლხური); მკვლევართა ერთი ნაწილი ლაზურს (უწოდებენ აგრეთვე ჭანურს) ცალკე ენადგანიხილავს. ზანურის მეგრულ დიალექტზე მოლაპარაკე ჯგუფი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა განსახლებული. ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და ოდიშის ზეგანზე, ისტორიულ სამეგრელოსა და სამურზაყანოში, მდინარეებს – ცხენისწყალსა და ღალიძგას შორის. ისტორიული სამურზაყანო (გალისა და ოჩამჩირის რაიონები) ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზეა მოქცეული, რაც, სოციოლინგვისტური თვალსაზრისით, სპეციფიკურ სიტუაციას ქმნის. ლაზებით კომპაქტურად დასახლებული მხოლოდ ერთი სოფელია (სარფი) საქართველოს ტერიტორიაზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ლაზების ძირითადი ნაწილი განსახლებულია თურქეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვისპირა ზოლში, თითქმის ქალაქ რიზემდე. სვანები კომპაქტურად სახლობენ დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების – ენგურისა და რიონის ზემო წელზე. დასავლეთით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სოლივითაა შეჭრილი სვანებით დასახლებული კოდორის ხეობა (ე. წ. დალსვანეთი). აღმოსავლეთით სვანეთს რაჭა ესაზღვრება, სამხრეთით – სამეგრელო და ლეჩხუმი. სვანების, მეგრელებისა და ლაზების რაოდენობის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემების მოპოვება ამჟამად შეუძლებელია: ჯერ ერთი, დღემდე ჩატარებული არც ერთი სახელმწიფო აღწერა არ ითვალისწინებდა შიდაქართველურ ენობრივ დიფერენციაციას; გარდა ამისა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტისა და ურბანიზაციის შეუქცევადი პროცესის მოქმედებით, სრულიად შეიცვალა ამ ეთნიკურ ჯგუფთა განსახლების სურათი.

 

[4] https://www.coe.int/t/dg4/education/minlang/AboutCharter/Minority%20languages%20in%20Georgia_EN.pdf

[5] ნათია კენჭიაშვილი,ენობრივი სიტუაცია საქართველოში აზრბაიჯანულ და სომხურ ეთნიკურ უმცირესობათა მაგალითზე, http://sciencejournals.ge/index.php/NJ/article/view/51/34; ასევე, იხ.კახა გაბუნია, ენობრივი სიტუაცია თანამედროვე საქართველოში, საერთაშორისო მულტილინგვური განათლებისათვის, Ν3, 45-69;მისივე— Kakha Gabunia, The Language Situation in Contemporary Georgia; 2. Caucasian and Non-Caucasian Languages# 4, 2014pp. 1-21. https://multilingualeducation.openjournals.ge/index.php/ijml/article/view/6672/6659;

ასევე იხ. ლუნდსის უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ენობრივი სიტუაციის კვლევა, რომელიც ასევე არსად ფიგურირებს ქართული ჟესტური ენის კვლევის კომპონენტი: https://projekt.ht.lu.se/georgia/;

ასევე — სოფიკო ჭაავა საქართველოს ენობრივი სიტუაცია XX საუკუნის 20-იანი წლებში, თბილისი, 2021.

[6] იზოგლოსები — ერთი და იმავე ენობრივი თავისებურების გავრცელებისშემაერთებელი ხაზები

[7] https://www.vox.com/2014/11/17/7082317/language-maps-charts

 

[8] https://en.wal.unesco.org/discover/languages

[9] https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages

 

[10] https://wfdeaf.org/news/the-legal-recognition-of-national-sign-languages/

 

[11]https://en.wikipedia.org/wiki/List_of_sign_languages

 

[12] ბატატუნაშვილი ა. “მოლაპარაკე ხელები” ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი. თბილისი 2008

[13] მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი § მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. ტრენინგის სახელმძღვანელო. მესამე საფეხური, გზამკვლევი ტრენერისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი § მახარობლიძე თ. (2012) ქართული ჟესტური ენა. ტრენინგის სახელმძღვანელო. მესამე საფეხური, რვეული ტრენინგის მონაწილეებისათვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. USIAD, Save The Children International. თბილისი § თ. მახარობლიძე, ქართული დაქტილური ანბანი. იკე, ტ. 42. ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თბილისი. 2014 § თ. მახარობლიძე, “დროის კატეგორია ქართულ ჟესტურ ენაში”. ქუთაისის II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ ქუთაისი, 2013 294-302 გვ. 24 § თ. მახარობლიძე, “ზმნათა უღვლილება ქართულ ჟესტურ ენაში”, კავკასიოლოგთა III საერთაშორისო კონგრესი „მულტიკულტურალიზმი და ტოლერანტობა კავკასიაში“. თსუ. თბილისი. 2013 231-233 გვ § თ. მახარობლიძე, „ტერმინთა პრობლემა ქართულ ჟესტურ ენაში.“ კრებულში ”ტერმინოლოგია – ქართული ენის ხვალინდელი დღე”. ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი. თსუ, თბილისი 2013. § T. Makharoblidze. Electronic Dictionary of Georgian Sign Language. GMLT. A. Chikobava Institute of Linguistics. Tbilisi. 2013 (accepted for print) § T. Makharoblidze. On Georgian Dactyl Alphabet. INDIAN JOURNAL OF APPLIED LINGUISTICS – IJOAL (Vol. 40, No. 1-2, Jan-Dec 2014)C/o BAHRI PUBLICATIONS, Kalkaji, New Delhi. 2013 § T. Makharoblidze. Georgian Sign Language Electronic Dictionary. International Journal of Computer and Information Technology. ISSN 2279-0764. vol. XX issue XX –XXXXXXXX 201X www.ijcit.com (miRebulia dasabeWdad) 2013 § T. Makharoblidze. The Georgian Dactyl Alphabet. Disability studies Quarterly. DSQ, Vol. 33, No.3 2013 http://dsq-sds.org/article/view/3318 § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ. § მახარობლიძე თ. (2012) ჟესტური ენები. თსუ, ქართული ენის ინსტიტუტის შრომები #2 გვ.159- 171 § მახარობლიძე თ. (2012) მოქმედების დრო ქართულ ჟესტურ ენაში. “კავკასიოლოგიური ძიებები” – IV; თსუ, თბილისი. 2012 და სხვა.

[14]მახარობლიძე თ. (2012) ჟესტურ ენათა ნაციონალიზაციის პროცესი. კკავკასიოლოგიური ძიებები III, თსუ, თბილისი. 2012. 131-151გვ. გვ..

[15] ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი (rustaveli.org.ge)

 

[16] ეკატერინე ნანიტაშვილი, ქართული ჟესტური ენის ლინგვისტიკის ისტორია, the-history-of-georgian-sign-language-gesl-linguistics-19ph3h95.pdf

[17] ენის დაგეგმვა, ტერმინოლოგიის პოლიტიკის სახელმძღვანელო,2022, file:///C:/Users/mariam.goduadze/Downloads/95232020.pdf

 

ეტიუდი „ერთი ლექსი“ (რაფიელ ერისთავის „ნეტა რას სტირი, დედილო?!“)

0

ნეტა რას ტირი, დედილო?

(აღამაჰმადხანის დროის)

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის

მტირალი ქალის ცქერასა.

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას სტირი, ძუძუს ჭირიმე?

ჯარს იძახიან, დედილო –

სად არი ჩემი ხირიმი?

თათარი შემოგვსევია,

სწავს და აოხრებს ქვეყანას

ე-მა ქოხს თავზე დაგვაქცევს,

ვენახს მოგვითელს და ყანას.

ნეტა რას სტირი, დედილო?

რა დროს გლოვაა შვილისა?

გულში მკრეს, ორგან გახვრიტეს

ჩემი პერანგი შილისა.

ნეტა რას სტირი დედილო?

დეე აქ ვეგდო ღელოში,

ხო ვერა ჰნახავს ურჯულოს

ვეღარსად საქართველოში?

ნეტა რას სტირი, დედილო?

ჯერ ვერ წამოვალ შინათკენ,

მე აქ ვიგერებ ყვავ-ყორანს,

თვალი მიჭირავს იმათკენ…

ნეტა რას სტირი, დედილო?

სახლზედ იყავი ფრთხილადა,

ირმა ხარს მოუარევი,

მარილს ალოკე ხილადა.

ყანა გამარგლეთ ბეჯითად,

არ მოერიოს ჭიოტა,

ე პაწა არ დამიმშიოთ,

ფოცხვერს არ დამიჭმიოთა!..

ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება,

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდება!..

ნეტა რას სტირი, დედილო?

რას ჩამომჯდარხარ კერასა?

ასი მკრან გულში, მირჩევნის,

მტირალი ქალის ცქერასა!..

 

ამას წინათ მერაბ ელიოზიშვილის ბრწყინვალე პატარა მოთხრობა – „გადამთიელი“ გადავიკითხე. მოთხრობის პროტაგონისტი ახალგაზრდა კაცია, რომელსაც მთის სოფელში გაანაწილებენ ქართულის მასწავლებლად, არადა, ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავს (ორსულადაა) და მიტოვება არ უნდა. განათლების განყოფილებაში ბევრს ეცდება, რომ თავის სოფელში დატოვონ იმავე პოზიციაზე, მაგრამ სკოლაში მხოლოდ ფიზკულტურის მასწავლებლის ადგილია. დედა და ცოლი ეხვეწებიან, დარჩიო, მაგრამ კაცი უარზეა: რას ამბობთ, მე თუ გარინდულ კლასში ქართულის გაკვეთილი არ ავხსენი, ისე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს, სად მე და სად ფიზკულტურაო და, დაპირებით დაიმედებული, რომ გაისად გაუხერხებენ რამეს, წავა მთის სოფელში. დაპირება ტყუილი აღმოჩნდება… გადის წლები, კაცი მხოლოდ ზაფხულობით ჩადის თავის სოფელში, უკვე სამი თუ ოთხი ბიჭი ჰყავს… მოკლედ, მთელ სარომანე თემას მწერალი რამდენიმე გვერდში ატევს პანორამული თხრობით და დიდი ოსტატობით. ჰოდა, ამ მასწავლებელს უყვარს რაფიელ ერისთავი, მოცალეობისას სულ მის წიგნს კითხულობს, მუშაობისას და ისედაც, საუბარში, ხშირად იმეორებს მისი ლექსის („სესიას ფიქრების“) პირველ სტრქონს: „მიწა ვარ ნიადაგ მენა“…

რაფიელ ერისთავის ზემოთ მოხმობილ ლექსზე ისედაც ვაპირებდი ბლოგის დაწერას, უბრალოდ, დაემთხვა, რომ ეს მოთხრობა გადავიკითხე, არც მახსოვდა ხეირიანად, რა ეწერა შიგნით.

*

როცა რაფიელ ერისთავს ახსენებ, ყველას მისი მთავარი შედევრი (რომელზეც თაობები აღვიზარდეთ) – „სამშობლო ხევსურისა“ ახსენდება. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ ჩემს დროს ეს ლექსი სასკოლო პროგრამაში იყო და დღესაც მახსოვს ზეპირად თავიდან ბოლომდე. ლადო ასათიანს უწერია ერთგან: დღეს ვიღაცამ რაფიელის „სამშობლო ხევსურისას“ პროვინციული ნაციონალიზმი უწოდა, სულ იდიოტი ვეძახე, უნდა მეცემა, ძლივს გამასწროო… ნამდვილად უნდა ეცემა.

*
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ძალიან იყო გავრცელებული დაბალი და მაღალი შაირი, თითქმის ყველა ამ საზომებით წერდა (ვაჟამდეც), მაგრამ გენიალური ვაჟას სწორების წერტილად (ცხადია, დასაწყისში), უდავოდ შეიძლება, რაფიელ ერისთავისეული დაბალი შაირი მოვიაზროთ. რაფიელის ლექსებისთვის დამახასიათებელია მკვეთრი, გამოკვეთილი სათქმელი, თემატურად მისი პოეზია სეზონურ-პეიზაჟური დესკრიფციით, ისტორიულ-პატრიოტული თემატიკით და სოციალური აქცენტებით – გლეხთა მძიმე ყოფის აღწერით შემოიფარგლება, მასთან ვერ იპოვით ვაჟასეულ ზოგადსაკაცობრიო მოტივებს და ფილოსოფიურ ინტროსპექცია-ნარაციებს, მას ნაივური სიმარტივე უყვარს, თავისი ლექსების ლირიკული გმირების ბედის მოზიარეა, ამიტომ სწორედ მათი პერსპექტივიდან, პირველ პირში წერს… დესკრიფციულობა და ნარაციულობა განაპირობებს იმას, რომ მისი ლექსები ერთხელ წაკითხვის შემდეგ არ გავიწყდება (დაზეპირებას არ ვგულისხმობ). მასთან ვერ იპოვით უსათქმელო ლირიკულ აბდაუბდას… რაფიელის პატრიოტულ ლირიკას ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა თავის დროზე, როგორიც ასი წლის შემდეგ, ვთქვათ, მუხრან მაჭავარიანის პატრიოტულ ლირიკას. მართალია, ჩვენს იდენტობას ჩაყლაპვით ემუქრებოდა სხვადასხვა მოდიფიკაციის (ერთ შემთხვევაში – ცარისტული, მეორეში კი – ტოტალიტარული) რუსული საფრთხე, მაგრამ მიზანი ორივე შემთხვევაში ერთი იყო – ლეთარგიის ფაზაში შესული თვითგადარჩენის ინსტინქტის გაღვიძება და სტიმულირება. უნდა ითქვას, რომ რაფიელმაც და მუხრანმაც ათიანში მოარტყეს – მათმა ლექსებმა ღრმა კვალი დააჩნია ერის ცნობიერებას და ეს კვალი დღესაც საგრძნობი და ხელშესახებია. ორივეს ლექსები ჭეშმარიტად სახალხო იყო და არის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ცარისტული რეჟიმი გაცილებით დემოკრატიული იყო, ვიდრე კომუნისტური (ბევრად უფრო მაღალი გახლდათ სასამართლოს, თვითმმართველობების და სხვა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხარისხი), თუმცა მაშინაც გადარჩენისთვის ვიბრძოდით – არც სახელმწიფო გვქონდა დამოუკიდებელი, არც ეკლესია და არც საკანცელარიო ენა იყო ქართული, ასე რომ, რაფიელის და სხვების პატრიოტული შემოძახილი ჰაერივით სჭირდებოდა ეროვნულ ცნობიერებას.

*
ეს კონკრეტული ლექსი-შედევრი რაფიელის პოეტიკის ყველა იმანენტურ შტრიხს აერთიანებს. ჩვენ წინაშეა ისტორიულ-პატრიოტული თემატიკის დაბალი შაირით დაწერილი, კატრენებად დაყოფილი ათსტროფიანი ლექსი, შესრულებული უზადო კომპოზიციით. საზოგადოდ, მოდერნიზმმა და, მით უმეტეს, პოსტმოდერნიზმმა პროზის კლასიკური კომპოზიციურ-ნარატოლოგიური სქემა თავდაყირა დააყენა, თუმცა ლექსის კომპოზიციურობა დღემდე არ დაქვემდებარებია რევიზიას, რადგან სრულყოფილი კომპოზიციის გარეშე პროზა შეიძლება შემდგარი პროზა იყოს, მაგრამ ლექსი შემდგარი ლექსი ვერ იქნება. შეიძლება, ლექსი არაფერს ჰყვებოდეს, მხოლოდ მკრთალი სიუჟეტი ილანდებოდეს სტრიქონებს მიღმა (უამისოდ კარგი ლირიკული ლექსი არ არსებობს), მაგრამ ემოციური დინამიკა – დაწყება, განვითარება და კადენცია – აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღებთ სიტყვების ვიტალურობას მოკლებულ, უაზრო კონსტრუქციას (ეს ვერლიბრსაც ეხება, ვერბლანსაც და კონვენციურ ლექსსაც).

ლექსი მონოლოგური, მიმართვითი ხასიათისაა, ომში დაღუპული ლირიკული გმირი დედას მიმართავს (მსგავსი ტიპის პოეზია – მკვდრის მონოლოგი – შემდგომ, მეოცე საუკუნის დასაწყისის ამერიკულ პოეზიაში, მოდერნისტულ-ეპიტაფიურ ჟანრად ფორმირდა. გავიხსენოთ მისი საუკეთესო ნიმუში – ედგარ ლი მასტერსის კრებული-პოემა „სფუნ რივერის ანთოლოგია“), უყვება, წინააღმდეგობას თუ არ გაუწევ, რა შედეგი მოჰყვება მტრის შემოსევას, როგორ ჰკრეს გულში ტყვია და როგორ გდია ყვავ-ყორნების საჯიჯგნად… უბარებს, რომ ოჯახს და კარ-მიდამოს მიხედოს. ემოციური ზემოქმედება ყოველი სტროფის სასტარტო რეფრენით მძაფრდება. ემოციის აღმასვლა მერვე სტროფიდან იწყება, როცა ლირიკული გმირი დედას ეუბნება, მისი პატარა არ დაამშიონ და ფოცხვერს არ შეაჭამონ… პიკი კი მეცხრე სტროფია:

„ჯერ ნურას ეტყვი შენს რძალსა,

ბალღია, ამიტირდება,

შობამდის დავავიწყდები,

აღდგომას გამიფრინდბა!..“

შეუძლებელია, პოეზიას გრძნობდე და ამ სტროფმა ცრემლი არ მოგგვაროს…

*
დაბოლოს: მეორე სტროფის არაზუსტი რითმა – ჭირიმე-ხირიმი. ნებისმიერი სხვა საზომის შემთხვევაში არაზუსტი რითმა არც ისე უცნაურად გამოჩნდებოდა (მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ეს კარგ ტონად არ ითვლებოდა), მაგრამ ამ გადასახედიდან ფუტურისტულადაც კი გამოიყურება (არაზუსტ რითმას ვაჟასთანაც ვხვდებით აქა-იქ).

კითხვის სწავლა სწავლებამდე

0

(მე-7 წერილი)

 ვაგრძელებთ კითხვის სტრატეგიების განხილვას და წინამდებარე წერილში შედარებით მოკლედ წარმოვადგენთ კითხვის კიდევ ათ სტრატეგიას. მანამდე კი ჩამოვთვალოთ პირველი 10 სტრატეგია, რომლებზეც წინა წერილებში ვისაუბრეთ: 1. საუბარი ყდაზე; 2. მოდი, გავიხსენოთ (წინარე ცოდნის გააქტიურება); 3. ვარაუდების გამოთქმა; 4. კითხვების დასმა; 5. წარმოსახვა (ვიზუალიზაცია); 6. ხელახლა წაკითხვა; 7. ხმამაღლა ფიქრი; 8. შეჯამება; 9. სიტყვებზე დაკვირვება; 10. მინიშნებებზე დაკვირვება.

შეგახსენებთ, რომ ამ სტრატეგიების მოკლე ვერსიები „მშობელთა ბარათების“ ფორმატში დამზადებულია USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში და გამოქვეყნებულია პორტალზე chemiskola.emis.ge. ბარათებს თან ახლავს, რასაკვირველია, კონკრეტული მაგალითები, თუმცა ჩვენს წერილებში უფრო ვრცლად განვიხილავთ თითოეულ სტრატეგიას და აუცილებლად კონკრეტული ტექსტის დამუშავების კონტექსტში.

წინა წერილებში შემოგთავაზეთ „კომბლესა“ და „ნაცარქექიას“ ჩვენეული ვერსიები და ამ ვერსიებში ჩავნერგეთ კითხვის თითოეული სტრატეგია.

ამჯერად გავეცნოთ ჩვენ მიერ განსახილველ ტექსტს. ეს გახლავთ „ვეფხისტყაოსნის“ დასაწყისის ადაპტირებული ვერსია – „თინათინი და ავთანდილი“. სანამ ტექსტის ვერსიას წავიკითხავთ, მოკლედ აღვნიშნოთ, რომ „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების ერთ-ერთი პრობლემა მოსწავლეთა არასათანადო მზაობაა, და ამ მზაობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი გზა უნდა იყოს ტექსტის ადაპტირებული ვერსიების შეთავაზება არა მხოლოდ სკოლის დაწყებით საფეხურზე, არამედ სკოლამდელ ასაკშიც – როგორც მოთხრობილი ზღაპარ-ამბები. ცხადია, აქ შემოთავაზებულ ვერსიას არ აქვს სრულყოფილების პრეტენზია და ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა გასაწევი ქართველ ავტორთა მიერ.

 

თინათინი და ავთანდილი

  1. იყო და არა იყო რა, იყო ერთი მორჭმული ხელმწიფე. ამ ხელმწიფეს მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა. როდესაც მეფე მოხუცდა, დაიბარა თავისი ნაზირ-ვეზირები და უთხრა:

– მე დავბერდი და დროა, ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ ტახტზეო.

ვეზირებმა გაიოცეს:

– რას ამბობთ, მეფეო, თქვენი მოხუცება ვინ გაიგონაო?!

მეფემ თავისი არ დაიშალა და თინათინის გამეფების დღე დანიშნა. სწორედ თინათინი ერქვა მეფის ასულს, ხოლო თავად ხელმწიფეს ერქვა: მეფე არაბეთისა – როსტევანი.

  1. თინათინი ისეთი ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ მისი სილამაზე მზესაც კი თვალს სჭრიდა. იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალს – ავთანდილს. ავთანდილის სილამაზე და ვაჟკაცობა მთელ სამეფოში იყო ცნობილი. მას არ ჰქონდა ნათქვამი თინათინისთვის, მიყვარხარო, მაგრამ თურმე ქალი ამას მაინც ხვდებოდა.

თინათინის გამეფებამ დიდი ზარ-ზეიმით ჩაიარა. მეორე დღეს მეფე როსტევანმა სანადიროდ წასვლა ბრძანა. მეფესთან ერთად ავთანდილიც იყო და იმდენი ნადირი მოინადირა, მეფესაც კი აჯობა.

  1. მეფესა და მის ამალას ნადირობის ამბავი სულ გადაავიწყდათ, როდესაც იდუმალი რაინდი ნახეს. ეს რაინდი მდინარის პირას იჯდა, ცალი ხელით შავი ცხენის აღვირი ეჭირა, მეორეზე კი თავი ჩამოედო და ტიროდა.

როდესაც მეფის მხლებლები მასთან მივიდნენ, შეებრძოლა და გაიქცა. გაეკიდნენ, მაგრამ ვერ დაეწივნენ. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერ გაიგეს. დაბრუნდნენ შინ დაღონებულები.

  1. როდესაც იდუმალი რაინდის ამბავი თინათინმა გაიგო, ავთანდილი დაიბარა. ახალმა დედოფალმა მისალმების შემდეგ ჭაბუკს უთხრა:

– დანამდვილებით ვიცი, რომ გიყვარვარ და, რაღა დაგიმალო, მეც არ ვარ გულგრილი შენ მიმართ. ჰოდა, თუ გინდა, შენი ცოლი გავხდე, წადი და ის იდუმალი რაინდი მოძებნე. სამ წელიწადს დაგელოდები და იმედია, გამარჯვებული დაბრუნდებიო.

ავთანდილს თან გაუხარდა, თინათინი რომ სიყვარულში გამოუტყდა, თან დადარდიანდა, საყვარელი ადამიანის მიტოვება რომ მოუწევდა, თუმცა იდუმალი რაინდის პოვნა მასაც ძლიერ უნდოდა.

რაღას იზამდა ავთანდილი?! მოემზადა და გაუდგა გზას იდუმალი რაინდის საძებნელად.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ტექსტი მხოლოდ და მხოლოდ მცდელობაა, ვერსიაა და, რასაკვირველია, შესაძლებელია მისი უკეთესი ვარიანტის მოფიქრებაც. რაც მთავარია, ასეთი ზღაპარ-ამბავი ბევრია დასაწერი „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით.

ზემოთ მოცემული ტექსტი დაყოფილია ოთხ პირობით ნაწილად და ეს ნაწილები დაგვეხმარება, ქვემოთ მოყვანილი სტრატეგიები შინაარსობრივ კონტექსტში წარმოვადგინოთ. შევთანხმდეთ, რომ სტრატეგიის განხილვისას ჯერ მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ მათგანს, მერე კი კონკრეტულ ნიმუშებს წარმოვადგენთ „თინათინი და ავთანდილის“ მაგალითზე.

 

  1. რა გაიგე წაკითხულიდან? (გაგების გადამოწმება)

წიგნის ხმამაღლა კითხვის დროს პერიოდულად უნდა გადავამოწმოთ, რამდენად კარგად აღიქვამს ბავშვი იმას, რასაც ვუკითხავთ. ამისთვისაც საუკეთესო და უმარტივესი საშუალებაა კითხვების დასმა. ერთი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ, დავუსვათ ბავშვს კითხვები და მოვუსმინოთ მის პასუხებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არც მასწავლებლები ვართ და არც ჩვენი პატარაა სკოლის მოსწავლე (ისე, ეს მასწავლებლბემაც უნდა გავითვალისწინოთ!) – კითხვებით არ უნდა გავაბეზროთ ბავშვი, ზომიერება და ტაქტი აქაც აუცილებელია.

რა და როგორ გაიგო ბავშვმა, უნდა გადავამოწმოთ როგორც ზედაპირული, ასევე სიღრმისეული შეკითხვებით. ზედაპირული (ექსპლიციტური) შეკითხვები შეიძლება შეეხებოდეს იმას, თუ რა ჰქვია ამა თუ იმ პერსონაჟს, პერსონაჟის დედას, მეგობარს, სად, ვისთან წავიდა და რა წაიღო თან პერსონაჟმა, რატომ წავიდა პერსონაჟი სახლიდან, როგორ იპოვა მეგობარი, რა დაეხმარა გამარჯვებაში და ა. შ.

ვნახოთ შეკითხვების მაგალითები ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის დაყოფილი მონაკვეთების მიხედვით:

ზედაპირული შეკითხვების მაგალითები

I მონაკვეთი II მონაკვეთი III მონაკვეთი IV მონაკვეთი
●                       რა ერქვა ხელმწიფეს? მის ქალიშვილს?

●                       ვინ დაიბარა ხელმწიფემ და რა უთხრა მათ?

●                       ვის უყვარდა თინათინი? ვინ იყო იგი?

●                       სად წავიდნენ მეორე დღეს როსტევანი და ავთანდილი?

●                       ვინ ნახეს მონადირეებმა? სად იყო იდუმალი რაინდი?

●                       რა ქნა იდუმალმა რაინდმა მეფის მხლებლების დანახვისას?

●                       ვის საძებნელად წასვლა დაავალა თინათინმა ავთანდილს?

●                       რა გაუხარდა ავთანდილს?

სიღრმისეული შეკითხვების მაგალითები

I მონაკვეთი II მონაკვეთი III მონაკვეთი IV მონაკვეთი
●                       რატომ უნდოდა მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება?

●                       პირველად რატომ იუარეს ვაზირებმა მეფის შეტავაზება?

●                       როგორ ფიქრობ, საიდან იცოდა თინათინმა, რომ ავთანდილს უყვარდა?

●                       რატომ ვერ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო?

●                       როგორ ფიქრობ, რატომ ტიროდა იდუმალი რაინდი?

●                       რამ დააღონა მეფე და მისი ამალა?

●                       რა უთხრა თინათინმა ავთანდილს პირველად?

●                       როგორ ფიქრობ, წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის მოსაძებნად, თინათინს რომ არ ეთხოვა?

თუ ბავშვი პასუხის გაცემისას დაბრკოლდება, არ უნდა ვინერვიულოთ, მით უმეტეს, არ უნდა ვანერვიულოთ პატარა. უნდა დავეხმაროთ მას და ერთად მოვძებნოთ სწორი პასუხები. ამისთვის საუკეთესო სტრატეგია იქნება ჩვენ მიერ წინა წერილში განხილული ხმამაღლა ფიქრის სტრატეგიის ჩართვა.

ამ სტრატეგიის, წაკითხული ტექსტის გაგების გადამოწმების, ერთგვარი მოდიფიცირებაც შეიძლება წარმოვიდგინოთ. თუკი ბავშვს მეორედ (მესამედ და ა.შ.) ვუკითხავთ რომელიმე წიგნს, მეხსიერების გადასამოწმებლად კარგი იქნება, წინადადების დასასრულს შევყოვნდეთ და ბავშვს მისი დასრულების საშუალება მივცეთ. შედარებით უფროსებთან, ასე, 5-6 წლის ბავშვებთან, კარგი იქნება, ტექსტის პირველივე წაკითხვისას გამოვიყენოთ ასეთი შეყოვნებები და ბავშვის გონება ამ მხრივაც გავავარჯიშოთ – ეს ძალიან კარგია სიტყვების ძიების უნარის ჩამოყალიბებისთვის. ვნახოთ მაგალითები ჩვენი ვეფხისტყაოსნისეული ტექსტის მიხედვით:

  • მე დავბერდი და დროა ჩემი ქალიშვილი ავიყვანოთ… (ტახტზე)
  • იგი ჩუმად უყვარდა ამავე სამეფოს მთავარსარდალ… (ავთანდილს)
  • იდუმალი რაინდი მდინარის პირას იჯდა და… (ტიროდა)
  • ავთანდილი გაუდგა გზას იდუმალი რაინდის… (საძებნელად)

 

  1. რა თქვა პერსონაჟმა? (პერიფრაზირება)

ტექსტის შინაარსის გადმოცემას ბავშვები მცირე ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ეს იგივე ცხოვრებისეული ამბების გადმოცემაა. „რა თქვა დედამ/მამამ?“ „რა გააკეთე დილით?“ – და ამგვარ შეკითხვებს ბავშვები უკვე სამი წლის ასაკიდან შეზღუდული ლექსიკითა და მარტივი სინტაქსური წყობით, მაგრამ სავსებით გასაგებად და გამართულად სცემენ პასუხს. ამ უნარებს წიგნების ხმამაღლა კითხვისას თუ გადმოვიტანთ, კითხვაც უფრო საინტერესო და სასარგებლო გახდება და თავად ეს უნარიც კიდევ უფრო განვითარდება.

კითხვის დროს დროდადრო (და ზომიერები სდაცვით!) უნდა ვკითხოთ ხოლმე ბავშვს:

– რაო, რა თქვა ნაცარქექიამ (ან სხვა პერსონაჟმა)?

– რა უპასუხა დევმა ნაცარქექიას?

ასეთი კითხვები ბავშვს უბიძგებს, გაიხსენოს და საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს სხვისი (ამ შემთხვევაში – წიგნის პერსონაჟის) ნათქვამი.

გასათვალისწინებელია, რომ პირველ ეტაპზე ბავშვის პასუხები შესაძლოა

ერთსიტყვიანი იყოს და/ან სრულად არ ასახავდეს პერსონაჟის ნათქვამს. მეტიც – შესაძლოა ვერც მიხვდეს ბავშვი, რას მოვითხოვთ მისგან. ამ შემთხვევაში ჩვენვე უნდა ვუპასუხოთ, გავიმეოროთ პერსონაჟის სიტყვები და გადასამოწმებლად, ხელახლა წასაკითხად კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ იმ ადგილს (ამ შემთხვევაშიც კითხვის სხვა სტრატეგიას – ხელახლა წაკითხვას – გავააქტიურებთ).

ცოტათი გასახალისებლად შეიძლება შეცდომით გავიმეოროთ პერსონაჟის ნათქვამი და ბავშვს საშუალება მივცეთ, ამოიცნოს ეს შეცდომა. კარგი იქნება, თუ პირიქით სტრატეგიასაც მივმართავთ: ჩვენ ვიტყვით პერსონაჟის ფრაზას და ბავშვს შევთავაზებთ, ამოიცნოს პერსონაჟი. ისიც შეიძლება, ბავშვმა თქვას პერსონაჟის სიტყვები და ჩვენ ამოვიცნოთ პერსონაჟი. შეიძლება, ცოტა გავართულოთ და ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ სიტყვები, რომლებიც პერსონაჟს პირდაპირ არ უთქვამს ტექსტში, თუმცა იგულისხმება.

ვნახოთ შესაბამისი მაგალითები „თინათინი და ავთანდილის“ მიხედვით, თუმცა მანამდე აღვნიშნოთ, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონაჟების გახმოვანებისას სიტყვების შესაბამისი ინტონაციით წარმოთქმა.

 

# შეკითხვა პასუხი
1 რაო, რა თქვა მეფემ? ჩემი ქალიშვილი გავამეფოთო.
2 რატომ გავამეფოთ ჩემი ქალიშვილიო? მე უკვე მოხუცი ვარო.
3 რა უპასუხეს ვეზირებმა? რას ამბობ, მეფეო?! რა დროს თვენი მოხუცებააო?!
4 რა ბრძანა როსტევანმა თინათინის გამეფების მეორე დღეს ? ყველანი სანადიროდ წავიდეთო.
5 ვინ იტყოდნენ ამ სიტყვებს? გამარჯობა, უცნობო რაინდო!
6 ვინ იტყოდა ამ სიტყვებს? საღამო მშვიდობისა, ჩემო ავთანდილ!
7 რა დაავალა  თინათინმა ავთანდილს? თუ გინდა ცოლად გამოგყვე, იდუმალი რაინდი მოძებნეო.
8 სწორია თუ არა: როსტევანმა ავთანდილს უთხრა, სანადიროდ წავიდეთო. სწორია.

 

  1. მოვლენათა თანამიმდევრობაზე დაკვირვება

ერთ-ერთი მიზანი, რომელიც შეიძლება დავისახოთ ბავშვისთვის კითხვის სტრატეგიების გამომუშავებისას, არის მოვლენათა თანამიმდევრობის ამოცნობა. ამის მიღწევა სამი წლიდან უკვე შეიძლება. ამ ასაკის ბავშვები ასახელებენ, რომელი მოვლენა რომელი მოვლენის შემდეგ ან წინ მოხდა თავიანთ საყვარელ (განსაკუთრებით – ხშირად წაკითხულ) ზღაპარში/ამბავში.

 

რასაკვირველია, ამისთვის ყურადღების მიქცევა საჭიროა უფროსი ასაკის ბავშვებისთვის წიგნის კითხვის დროსაც. ამ დროს მას უნდა დაუსვათ ისეთი კითხვები, როგორიცაა:

  • რა მოხდა ზღაპრის/ამბის/წიგნის დასაწყისში? რა მოხდა ამის შემდეგ?
  • რა მოხდა ამა თუ იმ მოვლენის წინ?
  • რა მოხდა ამბის დასასრულს? რა უძღოდა წინ ამას?
  • ეს ფაქტი უფრო ადრე/გვიან მოხდა თუ ეს ფაქტი? (ამ დროს დავასახელებთ კონკრეტულ ფაქტს ზღაპრიდან/მოთხრობიდან. მაგალითად, „წიქარას“ კითხვისას შეიძლება ვკითხოთ: ჯერ სარკე გადააგდო ბიჭმა თუ სალესი ქვა? „კომბლეს“ კითხვისას: ჯერ მელია შეხვდა ცხვრებს თუ დათვი?)
  • როდის ხდება ეს ფაქტი (დაასახელებთ კონკრეტულ ფაქტს, მაგალითად, წიქარასა და ბიჭის გაქცევას) – ზღაპრის დასაწყისში, შუაში თუ ბოლოში?

ვნახოთ კონკრეტული ნიმუშები:

 

# შეკითხვები
1 ვინ და ვინ ხვდებიან ამბის დასაწყისში?
2 როდის მიდიან სანადიროდ მეფე და მისი ამალა: ამბის დასაწყისში, შუა ნაწილში თუ ბოლოს?
3 რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ ნადირობა?
4 რომელი ამბავი მოხდა ჯერ: თინათინის გამეფება თუ იდუმალი რაინდის გამოჩენა?
5 რომელი ამბავი მოხდა ჯერ: იდუმალი რაინდის გამოჩენა თუ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრა?
6 რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილის წასვლა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინისა და ავთანდილის სიყვარულში გამოტყდომა?

 

ამ შინაარსის უფრო მარტივი ვერსია

 

რა მოხდა ამბის ბოლოს: ავთანდილი წავიდა იდუმალი რაინდის საძებნად თუ თინათინი ავთანდილის სიყვარულში გამოუტყდა?

 

 

  1. როგორ ამოვიცნოთ მიზეზი და შედეგი?

– რატომ? რატომ? – ხშირად კითხულობს ბავშვი, მათ შორის – წიგნის ხმამაღლა კითხვისას.

მისი ეს სწრაფვა უნდა გამოვიყენოთ, რათა, ერთი მხრივ, პატარას ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ, მეორე მხრივ კი აღმოვაჩენინოთ, რომ ყველა შედეგს გარკვეული მიზეზი აქვს.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ორი რამ:

  1. რას იწვევს ესა თუ ის ქმედება, საქციელი, მოვლენა, ფაქტი;
  2. რა იწვევს ამა თუ იმ ქმედებას, საქციელს, მოვლენას, ფაქტს.

უნდა დავაკვირვოთ, რა შედეგი გამოიღო გარკვეულმა ქმედებამ და რამ მიგვიყვანა ამა თუ იმ შედეგამდე.

ვნახოთ კითხვებისა და პასუხების ნიმუშები „წიქარას“ ზღაპრის მაგალითზე:

  • რატომ გაიქცნენ წიქარა და ბიჭი? იმიტომ, რომ დედინაცვალს ბიჭის თავიდან მოშორება უნდოდა.
  • რა მოხდა სავარცხლის გადაგდების შემდეგ? სარკის გადაგდების შემდეგ?
  • რა ხდებოდა, როდესაც ბიჭი სალამურს უკრავდა ხოლმე?

შეიძლება დავუსვათ უფრო მეტად დამაფიქრებელი შეკითხვებიც. მაგალითად, გაიქცეოდნენ თუ არა ბიჭი და წიქარა, დედინაცვალს ბიჭი ძალიან რომ ჰყვარებოდა? რატომ?

აქვე შევნიშნოთ, რომ მიზეზისა და შედეგის (მიზნის) გამიჯვნა პატარებისთვის არცთუ ისე ადვილია და თუ ბავშვი ამას ისე ვერ მოახერხებს, როგორც ჩვენ გვინდა, არ უნდა დავიძაბოთ. არც ბავშვი უნდა დავსტრესოთ. მოზრდილებიც კი ხშირად ვერ ვარკვევთ ხოლმე, როგორ იმიჯნება ერთმანეთისგან ორი კითხვა: რატომ ვაკეთებთ? (ანუ რა გვიბიძგებს, რა არის ჩვენი ქმედების მიზეზი, საბაბი, ბიძგი?) და რისთვის ვაკეთებთ? (ანუ რა არის ჩვენი ქმედების მიზანი, რა შედეგს მოველით, რისკენ ვისწრაფვით?)

მიზეზსა და შედეგზე დაკვირვების კარგ საშუალებას იძლევა ჩვენი „თინათინი და ავთანდილიც“. ქვემოთ შემოთავაზებულია კითხვებისა და პასუხების ნიმუშები. აქვე გავიხსენოთ, რომ კითხვა-პასუხის ენა, ლექსიკა, სტილი დამოკიდებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბავშვის მიმღებლობაზე და არავითარ შემთხვევაში არ იყოს დამძიმებული მისთვის გაუგებარი ლექსიკითა და რთული სიტაქსით, ღვლარჭნილი წინადადებებით. მაგალითად, თუკი ბავშვისთვის გაუგებარი იქნება „სურვილის გამხელა“, უნდა გამოვიყენოთ „სურვილის თქმა, გამჟღავნება“ და ა. შ.

 

# შეკითხვა პასუხი
1 რატომ აღარ უნდოდა როსტევანს მეფობა? რა იყო ამის მიზეზი? იმიტომ, რომ როსტევანი მოხუცდა, აღარ შეეძლო მეფობა.
2 რისთვის დაიბარა მეფემ თავისი ვaზირები? რა იქნებოდა ამ საუბრის შედეგი? იმისთვის, რათა, თავისი ქალიშვილის გამეფების სურვილი გაემხილა. (შედეგი: ვაზირებმა უკვე იციან, რომ მეფეს თავისი ქალიშვილის გამეფება უნდა.)
3 რატომ არ ეუბნებოდა ავთანდილი თინათინს, მიყვარხარო? რა იყოს ამის მიზეზი? ●                       ალბათ, რცხვენოდა.

●                       ალბათ, შესაფერისი მომენტი არ დაუდგა.

 

4 რისთვის, რა მიზნით დაიბარა თინათინმა ავთანდილი? რა შედეგი უნდა მოჰყოლოდა ამ შეხვედრას? ●                       იმისთვის, რათა სიყვარული აეხსნა. (შედეგი: ავთანდილმა უკვე იცის, რომ თინათინსაც უყვარს.)

●                       იმისთვის, რათა იდუმალი რაინდის საძებნად გაეგზავნა. (შედეგი: ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად წავიდა.)

 

 

  1. აბსურდული წინადადებების მოფიქრება

გელა ჩარკვიანი თავის მოგონებებში აღწერს, როგორ ართობდა პატარა ირაკლის, მომავალ გენიალურ „მეფეს“, სხვადასხვა შემეცნებითი თამაშით. ერთ-ერთი თამაში იყო შეუსაბამო, აბსურდულ სიტყვათა წყვილების მოფიქრება. სწორი პასუხები და სწორი აზრები კარგი რამეა, მაგრამ ბავშვებს განსაკუთრებით ახალისებთ სისულელების გამოგონება. და ასეთი სისულელები წარმოუდგენლად ავარჯიშებს მათ შემოქმედებით უნარებს.

კარგი იქნება, თუ ბავშვს გავახალისებთ წიგნის ხმამაღლა კითხვის პროცესში და ისეთ წინადადებებს მოვიფიქრებთ, რომლებიც სასაცილო იქნება თავისი აბსურდულობით. პატარა მსმენელს უნდა ვთხოვოთ ხოლმე, შეცვალოს წაკითხული წინადადება ისე, რომ უაზრობა გამოვიდეს.

ტექსტისეული წინადადებების აბსურდულობის მისაღწევად კარგი იქნება შემდეგი ინტრუქციების გათვალისწინება:

  • შეცვალე წინადადებაში პერსონაჟი (მაგალითად, „წიქარაში“ დედინაცვალმა ცხრაკლიტული რქებით შეამტვრია).
  • შეცვალე წინადადებაში მოქმედების ადგილი (მაგალითად, „ნაცარქექიაში“ დევმა ნაცარქექია ზურგზე შეისვა და კინოთეატრში შეიყვანა).
  • შეცვალე წინადადებაში მოქმედება. (მაგალითად, „წითელქუდაში“ მგელმა პირი დააღო და ამღერდა).

თავდაპირველად ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ ასეთი წინადადებების მოფიქრება. კარგი იქნება, თუ ამ დროს ჩვენვე შევადგენთ აბსურდულ წინადადებებს და ბავშვს ვკითხავთ, რა არის მასში უჩვეულო, არასწორი, შეუსაბამო. აქვე შეიძლება, პატარას ჩვენ მიერ წარმოთქმულ წინადადებებში სიტყვები დავამატებინოთ.

ვნახოთ ასეთი წინადადებები ჩვენი ტექსტის მიხედვით:

# აბსურდული (სულელური) წინადადება
1 მეფემ თქვა, ჩემი ბებია დავსვათ ტახტზეო.
2 თინათინი ისეთი ლამაზი იყო, რომ მთვარესაც კი თვალებს სჭრიდა.
3 თინათინი უყვარდა ამავე სამეფოს ჟურნალისტს, ავთანდილს.
4 იდუმალი რაინდი მდინარის პირად იჯდა და გიტარაზე უკრავდა.
5 თინათინმა დაიბარა ავთანდილი და უთხრა, ნამცხვარი მომიტანეო.
6 ავთანდილი დაემშვიდობა თინათინს და ფეხბურთის საყურებლად წავიდა.

 

  1. წაკითხულის დახატვა

ბავშვებს უყვართ ხატვა და ყველა ბავშვი ხატავს, თუკი წავახალისებთ.

უნდა ვთხოვოთ ბავშვს, დახატოს ის პერსონაჟი, რომლის შესახებაც წიგნი წავიკითხეთ (მაგალითად, ნაცარქექია, დევი, წიქარა, მზეთუნახავი). ამაში ისიც დაგვეხმარება, რომ საბავშვო წიგნები, როგორც წესი, უხვადაა ილუსტრირებული.

ხატვის დაწყებამდე ბავშვს შეიძლება ვკითხოთ:

  • რის დახატვას აპირებ? როგორი იქნება? როგორი თმა ექნება? რა ეცმება?
  • როგორი იქნება გარემო? რა ადგილი უნდა დახატო?
  • რა დაგჭირდება ხატვისას?

ხატვის დასრულების შემდეგ კი შეგვიძლია ასეთი შეკითხვები დავუსვათ:

– რატომ დახატე მზეთუნახავი წითელი კაბით? ასე ეწერა წიგნში?

– შენ თვითონ მოიფიქრე, წითელქუდას რომ მწვანე ფეხსაცმელები ჩააცვი?

თუ ბავშვი არ არის მიჩვეული ხატვას და უჭირს ან იძაბება ხატვის დროს, კარგი იქნება, ჩვენ თვითონ გადავიქცეთ მხატვრებად. ამ პროცესს ბავშვი სიამოვნებით დააკვირდება და, რაც მთავარია, ჩაერთვება კიდეც ჩვენთან ერთად ხატვაში, გაფერადებაში, დროთა განმავლობაში კი დამოუკიდებელ მხატვრადაც ჩამოყალიბდება. არ უნდა დავიზაროთ და უნდა ვალაპარაკოთ ის საკუთარი ნახატების შესახებ, გულწრფელად უნდა აღვფრთოვანდეთ მისი ნამუშევრებით და საინტერესო შეკითხვებიც უნდა დავუსვათ ნახატებზე.

 

  1. დასკვნების გამოტანა

ყველა კითხვაზე პასუხს ტექსტში პირდაპირ ვერ ვიპოვით. ზოგჯერ კარგად უნდა დავაკვირდეთ და ისე ამოვიცნოთ პასუხები. ეს არცთუ ისე ადვილია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ბავშვებს ასეთ დაკვირვებას პატარაობიდანვე მივაჩვევთ.

ბავშვი თვითონ სვამს ხოლმე იმ კითხვებს, რომლებზე პასუხიც ასეთ დაკვირვებას მოითხოვს და ჩვენ სწორედ ამ ინტერესის გამოიყენება შეგვიძლია. ამ დროს პირდაპირ კი არ უნდა ვუპასუხოთ კითხვას, არამედ პასუხის ძიებაში თავად ბავშვი უნდა ჩავრთოთ. გავიხსენოთ კიდევ ერთი ბრწყინვალე სტრატეგია – ხმამაღლა ფიქრი. დასკვნების გამოტანის უნარის გამომუშავებისთვის ბავშვთან ერთად ხმამაღლა ფიქრი კარგი იარაღია. აქვე დავამატოთ, რომ დასკვნების გამოტანა მჭიდროდაა დაკავშირებული სხვა სტრატეგიებთანაც, მაგალითად, მიზეზისა და შედეგის (მიზნის) ამოცნობასთან, თუნდაც წაკითხულის დახატვასთან და სხვ.

დასკვნების გამოსატანად უნდა გამოვიყენოთ ე. წ. „რატომ“ შეკითხვები. ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენის, მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უნდა შევჩერდეთ და ბავშვს დავუსვათ ასეთი შეკითხვები:

  • რატომ ეგონა დევს, რომ ნაცარქექია ძლიერი იყო?
  • როგორ გამოადინა ნაცარქექიამ ქვას წყალი?
  • როგორ მოიშორეს თავიდან ბიჭმა და წიქარამ დედინაცვალი?

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დასკვნების გამოტანის უნარის გამოსამუშავებლად სასარგებლოა სხვა კითხვებიც – ე. წ. „ვინ“, „რა“, „სად“, „როდის“. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხს გარკვეული დაკვირვება და მიხვედრა დასჭირდება. მაგალითად, „წიქარას“ კითხვისას ბავშვს შეიძლება ვკითხოთ, ვისთან ერთად გაიქცა წიქარა შინიდან. მაგრამ ეს შეკითხვა მას ვერ გამოუმუშავებს დასკვნის გამოტანის უნარს, რადგან ამ შეკითხვაზე პასუხი პირდაპირ წერია ტექსტში. მაგრამ თუ ვკითხავთ, რატომ გაიქცა ბიჭი წიქარასთან ერთად, ბავშვმა უნდა დაასკვნას, რომ ბიჭს წიქარა უყვარდა, მასთან მეგობრობდა და ამიტომ შეარჩია თავის გადამრჩენლად.

ერთიც აღვნიშნოთ: ნუ გამოვეკიდებით სწორი დასკვნების ძიებას. რასაკვირველია, დასკვნების გამოტანა ის კომპეტენციაა, რომელზეც ზრდასრული ადამიანები ყველაზე ხშირად ვკამათობთ ხოლმე. მთავარია, ბავშვმა ეს პროცედურა – არასაკმარისი ინფორმაციის შევსება – გამოიმუშაოს თავის გონებაში, ხოლო სწორი დასკვნების გამოტანაში თანდათან გაიწაფება, მათ შორის – ბევრი საინტერესო წიგნის კითხვის პროცესშიც.

ვნახოთ კითხვები და დასკვნები „ავთანდილი და თინათინის“ მიხედვით:

# შეკითხვა დასკვნა-პასუხი
1 რატომ არ დაეთანხმნენ ვაზირები მეფის წინადადებას? იმიტომ, რომ მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი მეფე.
2 რატომ გადაწყვიტა როსტევანმა თინათინის გამეფება თავის სიცოცხლეშივე? ალბათ, უნდოდა თავისი თვალით ენახა, როგორ კარგად მართავდა თინათინი სამეფოს.
3 რატომ აუხსნა თინათინმა ავთანდილს სიყვარული პირველმა? იმიტომ, რომ დავალება მისცა, რომელსაც გახარებული ავთანდილი უფრო ყოჩაღად შეასრულებდა.
4 ვისთან ერთად წავიდოდა ავთანდილი იდუმალი რაინდის საძებნად? ალბათ, რამდენიმე მეგობარს წაიყვანდა. აბა, სამი წლის განმავლობაში მარტო ხომ ვერ ივლიდა?!

 

  1. ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა

რა განსხვავებაა ფაქტსა და მოსაზრებას შორის? როგორ უნდა ამოვიცნოთ ეს განსხვავება? ამაზე ხომ ზრდასრული ადამიანებიც კი ხშირად ვკამათობთ ხოლმე. შეგვიძლია თუ არა, ამ უნარის გამომუშავებაზე ადრეული ასაკიდანვე ვიზრუნოთ?

რასაკვირველია. არათუ შესაძლებელია, არამედ სწორედ ადრეული ასაკიდანვე, ბავშვებისთვის წიგნების კითხვის დროს უნდა ვიზრუნოთ ფაქტებსა და მოსაზრებებს შორის განსხვავების აღმოსაჩენად. უბრალოდ, ეს „ადრეული ასაკი“, რასაკვირველია, 3-4 წელი ვერ იქნება და პატარები ამის გამო არ უნდა გავაწბილოთ.

როგორ მოვიქცეთ ამ უნარის გამოსამუშავებლად? ჯერ თვითონ ეს ტერმინები უნდა გავააზრებინოთ ბავშვს, მაგალითად, ასეთი მსჯელობით:

– რა არის ეს, რასაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ? წიგნი. ვისაც არ უნდა დავუსვათ ეს შეკითხვა, ყველა გვიპასუხებს, რომ „ეს არის წიგნი“. მაგრამ თუ ვიკითხავთ, როგორია ეს წიგნი, სხვადასხვა რამეს გვიპასუხებენ: ერთი იტყვის, რომ საინტერესო წიგნია, მეორე იტყვის, რომ კარგია, მესამემ შესაძლოა თქვას, რომ ლამაზი წიგნია, მეოთხემ დაიწუნოს და ასე შემდეგ.

ასეთი მსჯელობის შემდეგ თავად ტექსტების მიხედვით უნდა შევარჩიოთ ხოლმე დებულება და დავაფიქროთ ბავშვი, ფაქტია ეს თუ მოსაზრება. ასეთი დებულებები შეიძლება იყოს:

  • „ნაცარქექიაში“ მთავარი პერსონაჟები ნაცარქექია და დევი არიან (ფაქტი).
  • ნაცარქექია კეთილი პერსონაჟია, ხოლო დევი – ბოროტი (მოსაზრება).
  • ბიჭმა დედინაცვლისგან თავის დასაღწევად ბოლოს სარკე გადააგდო (ფაქტი).

ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ამ დროს ბავშვებს დავაკვირვებთ არასწორ მოსაზრებებზეც. ცხადია, ვთანხმდებით, რომ წინადადებების შეთავაზებისას ჩვენ დაგვჭირდება ტექსტისეული წინადადებების შეცვლა, გადაკეთება, ახლის მოფიქრება. კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ჩვენი მთავარი შეთანხმება, რომ ბავშვები არ უნდა დაიღალონ, არ უნდა გადაიტვირთონ – მთელი წიგნის წაკითხვისას მხოლოდ ერთ წინადადებაზე თუ დავაფიქრებთ ამ სტრატეგიის კონტექსტში, სავსებით საკმარისი იქნება. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მაგალითები არ გულისხმობს იმას, რომ მაინცდამაინც ყველა ნიმუში უნდა გამოვიყენოთ ერთი წაკითხვის დროს.

ვნახოთ ეს ნიმუშები ჩვენი ტექსტის  – „თინათინი და ავთანდილის“ მიხედვით:

  # წინადადება   ფაქტი   სწორი  

  მოსაზრება

  არასწორი

  მოსაზრება

 1  მეფე როსტევანმა თავისი შვილი, თინათინი აიყვანა ტახტზე. *
2 თინათინი ძალიან ლამაზი იყო. *
3 ავთანდილს ძალიან უყვარდა თინათინი. *
4 ნადირობისას როსტევანმა ავთანდილზე მეტი ცხოველი მოინადირა. *
5 ავთანდილს ძალიან არ უნდოდა იდუმალი რაინდის საძებნად წასვლა. *

 

  1. შედარება და განსხვავებების აღმოჩენა

კიდევ ერთი სასარგებლო უნარი, რომელიც ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ წიგნების კითხვის პროცესში, საგნებისა და მოვლენების ერთმანეთთან შედარებისა და განსხვავებების აღმოჩენის უნარია. ამისთვის სხვადასხვა რამე შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს:

  • პერსონაჟები (როგორც ერთი, ისე სხვადასხვა ტექსტის ფარგლებში);
  • ერთი და იგივე პერსონაჟი ტექსტის დასაწყისში და ტექსტის დასასრულს (მაგალითად, როგორი იყო ნაცარქექია ზღაპრის დასაწყისში და როგორ შეიცვალა იგი ზღაპრის ბოლოს);
  • ადგილები (მაგალითად, სოფელი ვაშლოვანი, დევის ეზო…);
  • სახლები/ოთახები (მაგალითად: როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაცარქექიასა და დევის სახლები?)
  • სხვადასხვა ტექსტის დასაწყისი/დასასრული;
  • ერთი და იმავე ჟანრის (ზღაპარი, მოთხრობა, ლექსი…) ტექსტები;
  • სხვადასხვა ჟანრის ტექსტები.

ამ უნარის გამომუშავებაში დაგვეხმარება ისეთი კითხვები, როგორიცაა:

  • რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან დევი და ნაცარქექია? ნაცარქექია და კოკროჭინა? ავთანდილი და როსტევანი? თინათინი და როსტევანი?
  • როგორ დაეხმარნენ ძმებს ნაცარქექია და კოკროჭინა? რომელი პერსონაჟის ქცევა უფრო მოგწონს? რატომ? რომელი იქნება სამეფოსთვის უკეთესი მმართველი – როსტევანი თუ თინათინი? რატომ?
  • შეადარე ნაცარქექიასა და დევის ურთიერთობა წიქარასა და ბიჭის ურთიერთობას. რა განსხვავებაა მათ შორის? შენ რომელი უფრო მოგწონს? რატომ?

 

  1. კავშირების დამყარება

როდესაც ბავშვს ტექსტს ვუკითხავთ, საშუალება გვეძლევა, ეს ტექსტი სხვადასხვა რამეს დავუკავშიროთ. მაინც რა კავშირები შეიძლება გაიბას ამ პროცესში?

უპირველეს ყოვლისა, დასაკავშირებელი ობიექტები თვითონ ამ ტექსტში უნდა მოვძებნოთ:

  • დასაწყისი დავაკავშიროთ შუა ნაწილსა და დასასრულთან;
  • ერთი პერსონაჟი დავაკავშიროთ მეორესა და მესამესთან;
  • ტექსტში აღწერილი გარემო დავაკავშიროთ განვითარებულ ამბავთან ან პერსონაჟის ხასიათთან…

კარგი იქნება, თუ იმჟამად წაკითხულ ტექსტს დავაკავშირებთ ადრე წაკითხულ ტექსტთან, კერძოდ:

  • გავახსენებთ ბავშვს მეორე ტექსტის პერსონაჟს და აღმოვაჩენთ მსგავსება-განსხვავებას;
  • გავახსენებთ ასეთივე პრობლემას ან სიტუაციას სხვა ტექსტში;
  • მოვაგონებთ, კიდევ რომელ ტექსტში შეხვედრია ესა თუ ის სიტყვა;
  • დავაკავშირებთ ტექსტს ამავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებთან, აღმოვაჩენინებთ მათ შორის მსგავსებას…

არ უნდა დაგვავიწყდეს, ტექსტები ბავშვის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც დავუკავშიროთ. უნდა ვკითხოთ მას, ხომ არ აგონებს ესა თუ ის პერსონაჟი ვინმეს ან საკუთარ თავს, ხომ არ ახსენდება ასეთივე ეპიზოდი სხვა ნაწარმოებიდან ან ასეთივე რამ თავად ხომ არ გადახდენია თავს?

ვნახოთ კითხვები, რომლებიც დაგვეხმარება კავშირების დამყარებაში სტრატეგიის გამომუშავების მიზნით „თინათინი და ავთანდილის“ მაგალითზე:

  • კიდევ რომელ ამბავში/ზღაპარში გახსენდება მეფე? როგორია ის მეფე? რით ჰგავს როსტევანს? რით განსხვავდება? (აქ ყურადღებას ვამახვილებთ შედარებაზეც)
  • ხომ არ გახსენდება სხვა ქალი მეფე? დედოფალი?
  • ჩვენს ქვეყანაში ვინ არის მთავარი მმართველი? თუ გინახავს სადმე? როგორ ფიქრობ, როგორ მართავს ქვეყანას?
  • ვაზირები თუ არიან დღეს? როგორ ფიქრობ, რას აკეთებდნენ ისინი როსტევანის სამეფოში? დღეს ვინ აკეთებს ჩვენთან ასეთ საქმეებს?..

კვლევაზე ორიენტირებული პროექტები – მოსწავლეთა თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალება

0

XXI საუკუნე სწრაფად ცვალებადი პედაგოგიური ტექნოლოგიების ეპოქაა. ამ ტექნოლოგიებიდან გამოირჩევა პროექტების მეთოდი. ის არ არის ახალი პედაგოგიური პრაქტიკისთვის, მაგრამ დღესდღეობით მას მიიჩნევენ ყველაზე ეფექტურ მეთოდად, რომელსაც შეუძლია მოსწავლის უნარების მაქსიმალური გათვალისწინება და შესასწავლ მასალასთან ადაპტაცია. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დამოუკიდებლად ააგოს თავისი ცოდნა, შეივსოს ინფორმაციის დეფიციტი, გამოთქვას ჰიპოთეზები, დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირები, შექმნას საკუთარი შემოქმედებითი პროდუქტი და მიიღოს მისგან მაქსიმალური სარგებელი.

ისტორიის სწავლებისას გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სასწავლო პროექტები, რომელთაგან თითოეული კონკრეტულ საგანმანათლებლო მიზნებსა და ამოცანებს არის მორგებული. ესენია:

  • კვლევითი პროექტები (თემატური, საარქივო და ადგილობრივი ისტორიის კვლევა);
  • კულტურული პროექტები;
  • ბიოგრაფიული პროექტები;
  • როლური/თეატრალიზებული თამაშები;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები;
  • თანამედროვე პრობლემების ისტორიული ანალიზი;
  • ინტეგრირებული პროექტები;
  • სამუზეუმო პროექტები და სხვ.

ასეთ პროექტებზე დაყრდნობით მოსწავლეები სწავლობენ ისტორიულ ფაქტებს, ივითარებენ კვლევით, ანალიტიკურ, კრეატიულ, კომუნიკაციურ უნარებს. პროექტები ძალზე ფასეულია ღირებულებითი განათლების კუთხითაც.

აღნიშნული პროექტებიდან ისტორიის გაკვეთილებზე, ეფექტიანობის თვალსაზრისით, გამორჩეულია კვლევითი პროექტები. ამაში მოიაზრება:

  • თემატურკვლევა კონკრეტული ისტორიული პერიოდის, მოვლენების, პირების ან კულტურის დეტალური კვლევა;
  • საარქივო მასალების კვლევა – ისტორიული დოკუმენტების, ფოტოებისა და არტეფაქტების შესწავლა;
  • ადგილობრივი ისტორიის კვლევა, რაც საინფორმაციო პროექტის ტიპის კვლევაა და მიზნად ისახავს ადგილობრივი, კონკრეტული ისტორიული მოვლენებისა და ობიექტების გამოკვლევას და მათი მნიშვნელობის გაგებას.

გთავაზობთ კვლევითი პროექტის ნიმუშს ისტორიის საგნობრივი კურსიდან, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი ისტორიის კვლევაზე და ხელს უწყობს მოსწავლეების ფართოდ ინფორმირებას კონკრეტულ საკითხზე; ასევე ორიენტირებულია ღირებულებით განათლებასა და სამოქალაქო კომპეტენციების ამაღლებაზე.

 

კლასი – IX

თემა – ახალი დრო (საქართველო და მსოფლიო XVII–XIX საუკუნეებში)

საკითხი – რუსული კოლონიური პოლიტიკა საქართველოში

პროექტის დასახელება – გერმანული დასახლებები საქართველოში

პროექტის ტიპი – ადგილობრივი ისტორიის კვლევა

პროექტის მიზანი – საქართველოს ტერიტორიაზე გერმანული დასახლებების ისტორიის გამოკვლევა; მათი კულტურისა და ტრადიციების გაანალიზება; საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე მათი გავლენის გაცნობიერება და გააზრება.

მუშავდება ძირითადი სამიზნე ცნებები: წყარო/ინტერპრეტაცია (ისტ. საბ. 1, 2, 5, 6); დრო (ისტ. საბ. 3, 7, 8); სივრცე (ისტ. საბ. 3, 9, 10); საზოგადოება (ისტ. საბ. 7, 8, 10, 11, 12); ძალაუფლება (7, 8, 10, 11, 12); ისტორიული მოვლენა/პროცესი (ისტ. საბ. 4, 5, 6, 8, 9).

პროექტის სტრუქტურა და მიმდინარეობა:

I ეტაპის ამოცანა – კვლევა

ამ მიზნით:

ა) შეისწავლეთ გერმანული დასახლებების ისტორიული კონტექსტი და გერმანელების ჩამოსვლის მიზეზები; ყურადღება გაამახვილეთ რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზნებსა და მეთოდებზე საქართველოში XIX საუკუნის დამდეგს;

ბ) გააანალიზეთ კონკრეტულ რეგიონებთან (ქვემო ქართლი, თბილისი, ქუთაისი) მიმართებით გერმანული კოლონიზაციის მნიშვნელობა.

რესურსები:

  • ისტორიის სახელმძღვანელო, IX კლასი. მოსწავლის წიგნი. ავტორები: ნატო ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნათია ფირცხალავა. თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“, 2020. &23, გვ. 107-109
  • საინფორმაციო ბარათები (ბარათი 1, 2, 3, 4, 5, 6)

 

  • მუშაობა რუკებზე – „წლები და ადგილები“. რუკების ანალიზი
    • რა პერიოდში გაჩნდა საქართველოში გერმანული დასახლებები?
    • რომლები იყო უმთავრესი რეგიონები (ქუთაისი, შიდა ქართლი, კახეთი და სხვ.)?
    • რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა.

 

     

  • მიღებული ცოდნისა და რუკების გამოყენებით საქართველოში გერმანული დასახლებების ისტორიული კონტექსტის, გერმანელების ჩამოსვლის მიზეზებისა და პერსპექტივების გაანალიზება და წერილობითი დასკვნის მომზადება.

 

II ეტაპის ამოცანა – კულტურული ანალიზი

ამ მიზნით:

ა) აღწერეთ გერმანელი კოლონისტების კულტურა, ტრადიციები და სოციალური სტრუქტურა.

ბ) შეაფასეთ, რა გავლენა მოახდინეს მათ ადგილობრივ კულტურაზე.

რესურსები:

ქართულ–გერმანული ურთიერთობები 1918–1921 წლებში

პირველი გერმანელები საქართველოში

გერმანელი კოლონისტები საქართველოში

გერმანული კოლონიები კავკასიაში

ასურეთი

ასურეთი – გერმანული სოფელი

სამეცნიერო ლიტერატურა: ჰაინრიხი, ვოლფგანგი. გერმანული კოლონისტების ისტორია საქართველოში. თბილისი: მერია, 2005; ივანიშვილი, გიორგი. საქართველოს გერმანული დიასპორის ისტორია. თბილისი: უნივერსიტეტი, 2010; კლიმენტი, თეოდორე. კოლონიზაცია და კულტურული ურთიერთობები. ბათუმი: სამეცნიერო ცენტრი, 2012.

დამატებითი ლიტერატურა:

კომახია მ., გერმანელები საქართველოში. „სოლიდარობა“. თბ., 2007 №5 (14).

მანჯგალაძე გ., გერმანელი კოლონისტები ამიერკავკასიაში. „მეცნიერება“, თბ., 1974.

შპრინგჰორნი დ., გერმანელები საქართველოში. თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, 2004.

საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერის შედეგები.

http://www.nplg.gov.ge/greenstone3/library/collection/period/document/HASH72aa3612a13de46159ba24.6?p.s=TextQuery

III ეტაპის ამოცანა – ეკონომიკური გავლენა:

ამ მიზნით: ახსენით, როგორ უწყობდა ხელს გერმანული დასახლებები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და ინდუსტრიაში; კვლევის საფუძველზე აღწერეთ სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება ადგილობრივებსა და გერმანელებს შორის.

თბილისში დაკარგული გერმანული სოფლები

https://blueshield.ge/?p=6433&lang=ka

სოფელი ასურეთი https://tetritskaro.gov.ge/ghirsshesanishnaobebi/423–sofeli–asureti.htmlი საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციებ

 

IV ეტაპის ამოცანა – მიმღებლობა და ტოლერანტობა

ამ მიზნით:

ა) გააანალიზეთ, როგორ ამაღლდა კულტურული ტოლერანტობა გერმანულ და ადგილობრივ მოსახლეობას შორის;

ბ) ახსენით, რა გავლენა მოახდინა გერმანულმა კულტურამ ადგილობრივ საზოგადოებაზე.

რესურსები:

თბილისის გერმანული დასახლებები

 

V ეტაპის ამოცანა – დღევანდელი მდგომარეობა

ამ მიზნით: შეისწავლეთ გერმანული კულტურის კვალი თანამედროვე საქართველოში; რა ტიპის საქმიანობას ეწევა დღევანდელი გერმანული დიასპორა საქართველოში.

რესურსები:

გერმანული არქიტექტურა საქართველოში

საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორები და მათი პროექტები

საქართველოში მცხოვრები გერმანელების სამეურნეო ყოფა და ტრადიციებ

 

VI ეტაპი: შემაჯამებელი დავალების წარმოდგენა – „გერმანული დასახლებები საქართველოში“

დავალების პირობა: წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი ხართ. თქვენ უკვე გაეცანით XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გერმანული დასახლებების წარმოშობის ისტორიას, კულტურას და მათ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას ადგილობრივ მოსახლეობაზე. კვლევის ძირითადი ეტაპების დასკვნის საფუძველზე მოამზადეთ რეპორტაჟი, რომელიც შეიცავს ცხრილებს, დიაგრამებს და წყაროების ჩამონათვალს. დასკვნაში წარმოადგინეთ კვლევის მთავარი საკითხები და მიღებული, შემაჯამებელი, ძირითადი დასკვნები. დასკვნა შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი ან PPT-ფორმით, ვიდეოს ან დოკუმენტური ფილმის სახით, ან AI-ტექნოლოგიით (AI ტექნოლოგიის შემთხვევაში გამოიყენეთ ფოტოინსტრუქცია). https://drive.google.com/file/d/1fLlN94A73NUYrZ9pVJvkbJzcO8M3nWPe/view

საბოლოო პროდუქტის მოსამზადებლად, პროექტის რესურსებთან ერთად, გამოიყენეთ სხვა წყაროებიც:

https://www.youtube.com/watch?v=DcvIbhAw45c

 

VII ეტაპი – პროექტის ვადები:

ეტაპები ვადა
პროექტის თემის არჩევა 2 დღე
კვლევის დაწყება 5 დღე
სასწავლო მასალების შეგროვება 7 დღე
დასკვნების მომზადება 5 დღე
დასკვნითი დავალების მომზადება 4 დღე
პრეზენტაციის მომზადება 4 დღე
პრეზენტაციის წარდგენა 2 დღე
პროექტის შეფასება 1 დღე

საერთო ვადა: 1 თვე

VIII ეტაპი – პროექტის შეფასება

კრიტერიუმები:

  • კვლევის სიღრმე (რამდენად ფართო და დეტალური იყო კვლევა);
  • კრეატიულობა (მათ შორის ინოვაციური მიდგომების გამოყენებაც);
  • ანალიზი;
  • პრეზენტაციის სანდოობა (ვიზუალური და წერილობითი მასალის ხარისხი).

შესრულებული დავალების ნიმუშები:

ა) PPT – პრეზენტაციის ნიმუშები

ბ) ნაწყვეტი ვიდეორეპორტაჟიდან „გერმანული დასახლებები საქართველოში“

https://drive.google.com/file/d/1ZtF5C5ImQ2pWsWa1L363wChBFPvl0p3L/view

 

შეფასების რუბრიკა

 

მოსწავლის სახელი კვლევის სიღრმე კრეატიულობა გააზრებული შედარებები და ანალიზები პრეზენტაციის სანდოობა საერთო ქულ
––––––––––––  10 ქულა: კვლევა არის ძალიან ფართო და დეტალური, მოიცავს ყველა ასპექტს და მრავალ წყაროს.  10 ქულა: პროექტში გამოყენებულია ინოვაციური და კრეატიული მიდგომები. 10 ქულა: პროექტი მოიცავს კარგად გააზრებულ და დეტალურ ანალიზს.  10 ქულა: ვიზუალური და წერილობითი მასალა არის მაღალი ხარისხის, სტრუქტურირებული და საინტერესოდ წარმოდგენილი.
7–9 ქულა: კვლევა არის ფართო და დეტალური, მოიცავს ასპექტების უმეტესობას და რამდენიმე წყაროს.  7–9 ქულა: პროექტში გამოყენებულია კრეატიული მიდგომები, მაგრამ არა განსაკუთრებულად ინოვაციური. 7–9 ქულა: პროექტი მოიცავს სერიოზულ ანალიზს, მაგრამ ნაკლებად დეტალურია.  7–9 ქულა: ვიზუალური და წერილობითი მასალა საინტერესოა, მაგრამ ნაკლებად სტრუქტურირებული.
 4–6 ქულა: კვლევა არის სერიოზული, მაგრამ არც ისე ფართო და დეტალური, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.  4–6 ქულა: პროექტი ზოგადად კრეატიულია, მაგრამ არ უყენებს თანამედროვე მიდგომებს.  4–6 ქულა: პროექტი მოიცავს ზოგად ანალიზს, არა საკმარისად სიღრმისეულს.  4–6 ქულა: ვიზუალური და წერილობითი მასალა საშუალო ხარისხისაა.

 

დასასრული – პროექტის შეჯამება/რეფლექსია

ისტორიის სწავლებისას პროექტების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზაციას, მოტივაციის ამაღლებას, ავითარებს კრიტიკული აზროვნებისა და დაკვირვების უნარებს, ამდიდრებს საგნობრივ ლექსიკას, აფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს და ამაღლებს თვითშეფასებას. პროექტებიდან მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოსწავლისთვის მომავალი პრაქტიკული საქმიანობის რეალური საფუძველია, ამიტომ სასურველია, აქტიურად გამოვიყენოთ ისინი სასწავლო პრაქტიკაში და ჩვენი კურიკულუმების აქტიურ კომპონენტად ვაქციოთ.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...