ხუთშაბათი, ოქტომბერი 10, 2024
10 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

იცნობ ამ ხალხს?

პირველი შეხვედრისთანავე ხეირიანად რომ გავიცნო და მეგობრად გახდომა მოვიწადინო, გულისყურით უნდა მოვუსმინო, დაკვირვების მზერით დავუთვალიერო მიხრა-მოხრა და სახე-იერი, დავიმახსოვრო სიტყვა-პასუხი, ოხვრა-ნუგეში და სიხარულ-ტკივილის ექო. აი, მეგობრობა თუ შემიძლია, მასთან ურთიერთობისას გამოვიცდები, ემანდ გამოჩნდება ჩემი კაცობა. საკითხავია, მე როგორ ვუერთგულებ მას, თორემ ის რომ შეძლებს, უტყუარი ჭეშმარიტებაა. მე ვიცვლები, მუდმივად ვსხვაფერდები, ის კი იგივეა. მეშინია, ერთხელაც იმედს გავუცრუებ და ის ხელს აიღებს ჩემთან მეგობრობაზე. მერე რით ვუშველო თავს? მის გარეშე რა მეშველება?

ან რომელიმეს არ მოვეწონები ასე ცვალებადი, ასე უნდო, არასაყრდენი კაცი. მე შევეცდები მტკიცებას, რომ ჩემი ზნე-ხასიათის ცვლილება მასთან მეგობრობის გამტკიცებისთვისაა. ის მიპასუხებს, რომ არ გამომდის. კიდევ უნდა ვცადო. კიდევ და კიდევ.

მაინც უნდა შემოვირიგო. ამგვარად დავაგროვო, შემოვიკრიბო.

მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟების შესახებ მოგახსენებთ. როცა ფეხს მოვირთხამ მათ შორის და შევუდგებით ბაასსა და განსჯას, ვბედნიერდები. ეს ცალმხრივი საუბარი არ გეგონოთ, არც უენონი და უთქმელნი არიან და არც მხოლოდ მოსმენა შეუძლიათ. არა და არა! ისინი საუკეთესო მრჩევლები მყვანან, მუდმივად გვერდით. იოლი წარმოსადგენია, რას ფიქრობენ ჩემზე, ჩვენზე – ერზე, საზოგადოებასა თუ თითოეულ ადამიანზე. არ არის სახუმარო და მასხრად ასაგდები მათი ქადაგება და შეგონება – სიტყვასიტყვით გამოსადეგი და ანგარიშგასაწევია.

ჰო, ის პერსონაჟებიც ირგვლივ მყვანან, ვინც არ მომწონს და ვუპირისპირდები, ვეწინააღმდეგები, ისე ვებრძვი, როგორც ქარი ფოთლებს. კი, ისინიც მეგობრები არიან. ბევრ რეალურ, ხელშესახებ, ფიცი-მტკიცით შეკრულ ადამიანსაც აჯობებენ. ერთგულები არიან იმით, რომ აზრსა და შეხედულებას არ ღალატობენ, ერთს იტყვიან და მორჩა, კამათი დამთავრებულია. ცვალებად დროსა და წარმავალი ხელისუფლის ნება-უფლებას არ აჰყვებ-დაჰყვებიან, არც იკარგებიან, არც იმალებიან. მოვუხმობ და წამში აქ მყვანან.

პერსონაჟების განათლება თუ უწიგნურობა, ცოდნა და გამოუცდელობა, სირბილე თუ სიხისტე, თავმდაბლობა თუ ამპარტავნება, სიკეთე თუ სიავე, ბრძნობა თუ უგუნურობა, სიმდიდრე თუ სიგლახაკე, დიდგვაროვნება თუ უსახელობა, ძალა თუ უილაჯობა, ბედობა თუ უბედობა – სულ ჩემს სასარგებლოდაა მოსახმარი.

მიწუწუნია, ამ ყოფიერების რამე ახალი საზოგადო მოვლენა ძველ ნაცნობობას რომ შეიწირავს ხოლმე. ისეთი განცდა მიპყრობს, თითქოს თავშესაფარს ვეთხოვებოდე. ვცდები. საბედნიეროდ, ვცდები! სანამ ვსუნთქავ, ვხედავ და მესმის, ჩემი იდუმალი მეგობრები ახლოს მყვანან და, ესე იგი, თავზე ჭერი მახურავს. ესე იგი, მარტო არ ვარ. ხოლო ვისაც ერთხელ გაცნობილი პერსონაჟი სავალზე გადასდგომია, უცვნია და არ მისალმებია, გამოდის, რომ არც საახლობლოდ გადაუქცევია ნაცნობობა. ასე ვინ იქცევა, თუ არა თავმოძულებული, მიწას და ხალხს მოწყვეტილი უსამშობლო მავანი?

ვიღაც იტყვის, ლიტერატურული პერსონაჟები გამოგონილნი არიან, ამბავი მწერალმა შეთხზაო; თუ სულაც არ არსებობდნენ, წარსულს არ იცნობენ და თანამედროვეობის, აბა, რა გაეგებათო; დავუშვათ, რომ იცხოვრეს, დიდი ხანია დაიხოცნენ და მკვდრები სანდონი აღარ არიანო.

მე მცდელობა მირჩევნია. მოვუხმობ რომელიმეს და მოვა. არა ერთი ან ორი – მწკრივი ჩამოდგება. რა ჯობია მათთან ჩამოჯდომას.

შენ, მკითხველო, პერსონაჟი გადმოიბირე და წიგნიდან გამოიხმე, შენსავე ცხოვრებაში შემოუძეხი. მოდი, ვნახოთ!

მაინტერესებს, რა სიტყვას გააგონებ ალავერდის გუმბათზე გურამს, „ზესწრაფვაზე“ რომ აამბობინო, სამშობლოთი გატაცებისთვის; რას ეტყვი ლუარსაბ თათქარიძეს, რომ გაუშინაურდე და გემოებზე ალაპარაკო; აბა, ეცადე, დაარწმუნო თეიმურაზ ხევისთავი და მეზობლად დაისახლო – გონიერია, ნაკითხი, ჭკუასაკითხავი; „მერანის“ მხედარს შეემუდარე, იქნებ შენკენ გამოაქროლოს ცხენი, ბედი გახედნინოს; ვარსქენს უჩურჩულე, როგორმე თავი წარუდგინე, გამოიცადე მასთან ჭიდილში; ალუდა ქეთელაურს გაჰყევ თარეშის მოსაგერიებლად და მკლავქვეშ შეუდექ, ღონიერ სიმართლეს გიწილადებს; ბაში-აჩუკის რაზმში ჩაეწერე და შეიპირე დახმარებისთვის, როცა თავს დაუცველად იგრძნობ; მიდი, ონისე გადაარჩინე, აეფარე მამის მახვილს და ის შენი სახლის არემარეს უთვალთვალებს, მტერი არ გამოეპარება; კითხვებზე პასუხებისთვის ჯერ რუქასთან გაიარე, სანამ ფარსმანს ესტუმრებოდე; სიყვარულში რჩევისთვის ტარიელი მოძებნე; ყივჩაღს პაემანი დაუთქვი – ნაღდი, თავგანწირვის პაემანი; გრიგოლ ხანძთელს გადასძახე, ევედრე სულით გაძლიერებისთვის; ფინეზ მეფესთან ითათბირე საქვეყნო საქმეებზე; ჯუმბერის ცოდნა გაიზიარე; ლეონს მიებარე შეგირდად; იგის ათქმევინე, „იგიში“ ხარო, დარწმუნდი, რომ ვითარდები; ვასიკო კეჟერაძისგან თავისუფლება გაითავისე; პლატონ სამანიშვილს ათქმევინე „გვარიანი“ სიღარიბის ავანჩავანზე; არსაკიძესთან ხელოვნება აქე, ხელი გამოიწრთე; ოთარაანთ გიორგის ვაზი დაარგვევინე; გურამიშვილთან „სწავლის მძებნელობა“ შეიფერე, ის სამშობლოს წარსულს მოგიყვება, შენ მომავალზე უამბე; „ლურჯა ცხენებით“ იჯირითეთ შენ და გალაკტიონმა, შეიგრძენი ქროლის ნეტარება;  ერთად ჩამოკრიფეთ თუთა და დატკბი ანას ლირიკით; გველს არ დაუთმო, შენ იცეკვე ელისთან, შეისუნთქე საქართველოს მონატრება, სურნელოვანი…

სასაუბრო ენა – ქართული.

– იცნობ ამ ხალხს?

მე იდუმალი მეგობრები მყავს – ერთი და ბევრი, ბევრი და ერთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“