სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

პოზიტიური შეფასებისას დაშვებული შეცდომა

არ ვიცი, იხსენებთ თუ არა მოსწავლეობის დროინდელ ამბებსა და გულისტკივილებს, მე კი მათი გახსენება მეხმარება, მარტივად დავაყენო თავი ჩემი მოსწავლეების ადგილას და შეცდომები არ გავიმეორო. ახალი ამბავი არ არის, რომ როცა თავს სხვის ადგილას წარმოიდგენ, უფრო ადვილად გაიაზრებ, რატომ იქცევა ის სხვა ასე. ადამიანები ამას იშვიათად ვაკეთებთ, უმეტესად განსჯა გვირჩევნია, თუმცა მუდამ ასე რომ მოვქცეულიყავით, უდიდეს შვებას ვიგრძნობდით და ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდებოდა, პირველ რიგში – ჩვენთვის.

კარგი მოსწავლეობა ადვილი არ არის. „კარგი“ მეტისმეტად სუბიექტური ცნებაა, თუმცა, კლასიკური განმარტებით, ეს ნიშნავს მოსწავლეს, რომელიც შედარებით სწრაფად ითვისებს მასალას, გაკვეთილზე ჩართულია მუშაობაში და დავალებებსაც ყოველთვის ასრულებს. კარგი მოსწავლეობის ეს განმარტება თაობებს მოჰყვება, პერიოდულად რაღაცები იცვლება, განსაზღვრებები ემატება ან აკლდება, ძირითადი ფორმა კი უცვლელია: კარგი მოსწავლე ხარ, თუ სისტემატურად სწავლობ და დავალებებსაც ასრულებ ხოლმე. ჰოდა, ეს სულაც არ არის-მეთქი მარტივი! განა იმიტომ, რომ სწავლა და დავალებების შესრულებაა რთული, არამედ იმიტომ, რომ ამას ყველა მიეჩვია.

როცა პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ხშირად მირჩევდნენ, შემექო და წამეხალისებინა ყველა მოსწავლე, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც განსხვავებული გამოწვევები ჰქონდა, რათა მოტივაცია ამაღლებოდათ და სხვა, შედარებით ძლიერი ბავშვების ფონზე სწავლის ხალისი არ დაკარგვოდათ. დროთა განმავლობაში პოზიტიური შეფასება ისე გამიჯდა ხასიათში, რომ ჩემი საგაკვეთილო პროცესის ძალიან ორგანულ და, იმავდროულად, გულწრფელ ნაწილად იქცა. მერე კი ერთი რამ შევამჩნიე – კლასი თავისთავად დაიყო ჯგუფებად: მოსწავლეები, რომლებისგანაც ყოველთვის მოველოდი შედეგს, მოსწავლეები, რომლებიც მუშაობისა და ქების ფონზე სწრაფად პროგრესირებდნენ და მოსწავლეები, რომლებიც შედარებით ნელა პროგრესირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყურადღება და მოტივაციის ასამაღლებელი ქება უმეტესად სწორედ იმ მოსწავლეებისკენ მქონდა მიმართული, რომლებიც მეორე და მესამე კატეგორიებში მოხვდნენ.

შესაძლოა, ამ შეცდომაზე ყურადღება არც კი გამემახვილებინა, რომ არა გოგონა, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ დღეს გაკვეთილზე მკითხა: „მას, მე არ ვარ ყოჩაღი?“ შენ თავისთავად-მეთქი, მივუგე და როგორც კი გაკვეთილი დასრულდა, მთელი სიცხადით მივხვდი, რას ნიშნავდა მისი შეკითხვა. მე ისე მივეჩვიე მის სტაბილურ პროგრესს, რომ ნელ-ნელა გადამავიწყდა აღმენიშნა, როგორი კარგია. ალბათ დავიჯერე, რომ მასაც ისევე უნდა სცოდნოდა თავისი ყოჩაღობის ამბავი, როგორც მე ვიცოდი. ამასობაში კი დამავიწყდა, ხმამაღლა შემეხსენებინა მისთვის, რომ ვენდობოდი და, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა პატარები ჩვენს ნდობას ასე ვერ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ საკმარისად კარგები არ არიან.

სკოლაში მისულმა, კითხვა მალევე ვისწავლე. გამართულად ვკითხულობდი და ჩემი მასწავლებელი ამას ისე მიეჩვია, თითქოს თანდაყოლილი უნარი ყოფილიყო და არა ჩემი შრომის შედეგი. ჩემი თანაკლასელების უმეტესობა კი ჯერ კიდევ ეჭიდავებოდა ერთად თავმოყრილ ასოებს. ერთ დღეს გაკვეთილზე დირექტორი დაგვესწრო. მახსოვს, ყველას წაგვაკითხეს თითო აბზაცი. სხაპასხუპით ჩავამთავრე და გავჩერდი. ჩემმა თანაკლასელებმაც ჩაკითხეს, მათ შორის ერთმა – ასევე სხაპასხუპით და კარგად. მახსოვს, მასწავლებელი მას მონდომებით აქებდა იმის გამო, რომ კითხვა ასე კარგად ისწავლა. აქებდა, რათა მეტი მოტივაცია მისცემოდა, რადგან მანამდე ბევრი სირთულე ჰქონდა და მასწავლებლის დახმარებით ეტაპობრივად დაძლია. როდესაც მან კითხვა დაამთავრა, მასწავლებელი თავზე დაადგა, მოეფერა და დირექტორსაც უთხრა, აი, რა კარგად ისწავლა კითხვა, რა ყოჩაღიაო. დირექტორმა ჩემზე ანიშნა, ისიც კარგად კითხულობსო. მასწავლებელმა წამით გამომხედა, ხელი აიქნია: ის ჰო, თავისთავადო, -და ისევ ჩემს თანაკლასელზე განაგრძო საუბარი.

ახლა, როცა უკან ვიხედები, ამ ეპიზოდში უამრავ შეცდომას ვხედავ, თუნდაც ჩემი იმ თანაკლასელების წინაშე დაშვებულს, რომლებმაც ვერც მასწავლებლის ქება დაიმსახურეს და არც დირექტორი გამოესარჩლათ, თუმცა მინდა, უკეთ აგიხსნათ, რატომ დატოვა ჩემს მეხსიერებაში ამხელა კვალი ამ მოგონებამ. მასწავლებელს ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი. არ გეგონოთ, ის ხელის აქნევა და პასუხი იმას ნიშნავდა, რომ ჩემს უნარებს არაფრად აგდებდა. უბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ მე ეს მისი პოზიტიური შეფასების გარეშეც უნდა შემძლებოდა და რომ შემეძლო კიდეც. მაგრამ ჩემმა ბავშვურმა გონებამ ვერაფრით გაიაზრა, რატომ არ იყო ჩემი მიღწევა აღნიშვნის ღირსი და ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. ჩემმა თვითშეფასებამ ზემოთ-ქვემოთ დაიწყო მოძრაობა, იმის მიხედვით, თუ როგორ შეაფასებდნენ სხვები ჩემს ნამუშევარს. სხვები კი ხშირად არ მაფასებდნენ. განა იმიტომ, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ ვარგოდა, ამას მოელოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მეც უნდა მცოდნოდა. მე ზოგჯერ ვიცოდი და საკუთარი თავით მეტისმეტად ვამაყობდი, ზოგჯერ კი პირიქით, მეგონა, საკმარისი არ იყო, რასაც ვაკეთებდი და მეტი უნდა მეკეთებინა. მერე ვბრაზობდი და საერთოდ არაფრის კეთება აღარ მინდოდა.

პატარამ თითქმის არასდროს იცის და გამუდმებით ეძებს ხელჩასაჭიდს უფროსებისგან – სიტყვას, საქციელს, ქებას, ნიშნად იმისა, რომ ის, რაც გააკეთა, თუნდაც იოლად, კარგი და საკმარისია. თუ ვერ იპოვა, ნელ-ნელა „კარგი მოსწავლეც“ დაკარგავს მოტივაციას.

„მას, ჩემს დავალებას არ ამოწმებთ?“ – მკითხა წინა დღეს ერთმა მოსწავლემ. „არასდროს არავინ ამოწმებს ჩემს დავალებას“, – ჩაიბურტყუნა მერე თავისთვის. ამის გაგონებისთანავე მის მერხთან გავჩნდი, თუმცა ვაღიარებ, შესაძლოა, მისი დავალება მართლა არ შემემოწმებინა, სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ყველაფერი უშეცდომოდ ექნებოდა დაწერილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს თანაბრად მივაქციოთ ყურადღება, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა და ხშირად შევაქოთ ისინიც, ვინც, ჩვენი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან მივიღებთ უფროსს, რომელიც თავის პროფესიაში შემდგარია, მაგრამ ყველა მიღწევას გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ყოველ წამს სხვებისგან ითხოვს დასტურს, რომ რაღაც გამოუვიდა, რათა ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასტაბილური თვითშეფასება ცოტა ხნით მაინც დაასტაბილუროს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი