ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

ამოცანის დაზუსტება, განზოგადება და გადაწყვეტა ფიზიკის გაკვეთილზე

0

გარდა  იმისა,  რომ  მექანიკის  (  კინემატიკა  – დინამიკა )  ძირითადი  ამოცანაა დროის  ნებისმიერი  მომენტისასთვის  მოძრავი  სხეულის  მდებარეობის  განსაზღვრა.  მნიშვნელოვანია აგრეთვე ისეთი  ამოცანებისა  და  პრობლემების  გადაწყვეტა,  რომელთა  მოთხოვნაა  სხეულის  თვისებების  ამოცნობა,  ან  მათი სტრუქტურის  დადგენა.  ამაზე  შეიძლება  მოსწავლეებს  სწავლებისას მივცეთ  მრავალი  თვისებრივი,  რაოდენობრივი  და  დიდწილად  კვლევითი  ხასიათის  ამოცანები,  პრაქტიკული  სამუშაოები,  კომპლექსური  დავალებები. ასეთი დავალებების მიზანმიმართულად  გამოყენება  საგაკვეთილო  პროცესში  ხელს  უწყობენ  მოსწავლეებს  სხეულის მახასიათებელი  სიდიდეების  ღრმად  გააზრებაში, სხეულის  თვისებების  პრაქტიკული  გამოყენების  მიზანშეწონილების  დადგენასა  და  ცოდნის  ტრანსფერის  უნარების  შემუშავებაში.

აღნიშნული მოთხოვნის  მქონე  დავალებებს  მუდმივად  ვიყენებ  საგაკვეთილო  პროცესში. მაგალითად  VII კლასში თემის:  1. მასა   და  სიმკვრივე და  IX კლასში ანალოგიური შინაარსის  თემების გავლისას. საკითხების: დრეკადობის  ძალა,  ხახუნისძალა,  მსოფლიო  მიზიდულობის  კანონი,  სხეულის  წონა  ჩამოყალიბებული  მიზნების  განხორციელელებისათვის ჩემს  პრაქტიკაში  გამოყენებული მაქვს  შემდეგი  შინაარსის  ამოცანები

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ინგლისური ენის სწავლებისას

0

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია იკვლევს, როგორ შეუძლია რობოტს შეასრულოს ინტელექტუალური სამუშაო, რომელსაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ადამიანები ახორციელებენ (Han, 2019). ეს ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) არის მეცნიერების ფართო სფერო, რომელიც აერთიანებს პრობლემის გადაჭრის დინამიკურ, ადამიანის მსგავს უნარს, იგრძნოს ქცევა და დანიშნულება (კობარი, 2019).

აღსანიშნავია, რომ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი’’ ჩნდება 1950-იან წლებში. ბრიტანელმა მათემატიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელი იყო, მოწყობილობებსაც ეაზროვნათ ადამიანებივით. მოგვიანებით, 1956 წელს ჯონ მაკარტნისა და მარვინ მინსკის მიერ ჩატარებული კონფერენცია ითვლება ხელოვნური ინტელექტის კვლევების დასაწყისად. მთელი მომდევნო პერიოდი, 1974 წლამდე, ეს სფერო სწრაფად ვითარდებოდა, თუმცა კომპიუტერები არ იყო საკმარისი სიძლიერის მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად. 1980-იან წლებში ახალი ალგორითმების გამოჩენამ და დაფინანსების გაუმჯობესებამ ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესი გაზარდა. 2000 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით უამრავი დიდი გამოგონება ჩნდება ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. AI-ის განვითარებამ მოიცვა თითქმის ყველა სფერო: ტექნოლოგია, განათლება, ფინანსები, მარკეტინგი, გასართობი ინდუსტრია.

2023 წელს ბრიტანელმა მკვლევრებმა (Briritish council) გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა AI-ის გავლენა მოსწავლეებზე, მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო გარემოზე. AI-ის გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შესწავლამ გამოავლინა მნიშვნელოვანი ტენდენციები:

  • საგანმანათლებლო სარგებელი: AI ძირითადად გამოიყენება საუბრის, წერის, კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად, წარმოთქმის დახვეწის, გრამატიკის შემოწმებისა და ადაპტაციური სწავლების სისტემების განსავითარებლად.
  • სირთულეები: კვლევის მიხედვით, სასწავლო პროცესში გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა, ტექნოლოგიური შეფერხებები, შეზღუდული AI-ის შესაძლებლობები, მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებული შიშები.

კვლევა ჩატარდა მსოფლიოს მასშტაბით, გამოიკითხა ინგლისურის ენის 1348 მასწავლებელი და გამოიკვეთა შემდეგი:

  • AI ინსტრუმენტების გამოყენება: პოპულარული ინსტრუმენტები მოიცავდა ენის სწავლების აპლიკაციებს (48%), ენის გენერაციის AI-ს (37%) და ჩატბოტებს (31%). მასწავლებლები ძირითადად იყენებდნენ AI მასალების შესაქმნელად (57%) და ენის პრაქტიკის გასამარტივებლად (53%).

 ინგლისური ენის სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად გთავაზობთ ხელოვნური ინტელექტის კონკრეტულ აპლიკაციებს:

Magic School AI გახლავთ მრავალფუნქციური და კომპლექსური სისტემა, რომელიც არა მარტო უცხოური ენების პედაგოგებს, არამედ ყველა საგნის მასწავლებელს სთავაზობს ერთ სივრცეში თითქმის ყველა საჭირო სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობას, კერძოდ, სასწავლო ინსტრუმენტები შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ბლოკად:

  • მრავალფეროვანი გაკვეთილის გეგმები
  • Plan generator – ნებისმიერ თემაზე ქმნის გაკვეთილის გეგმას, კლასის დონის, თემატიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით;
  • Project Based Learning ნებისმიერ თემაზე, კლასის დონისა და საჭიროებების გათვალისწინებით, იძლევა პროექტზე დაფუძნებული სწავლების საშუალებას.
  • მოსწავლეთა მხარდაჭერა (შეფასების რუბრიკები, უკუკავშირის სისტემა)
  • Rubric Generator – კლასისა და თემატიკის მითითებით, ძალიან მარტივად ქმნის 3-დან 7-შკალიანი შეფასების რუბრიკებს;
  • Student work Feedback – მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით ქმნის განმავითარებელ შეფასებას, ხოლო შესაბამისი კრიტერიუმების მითითებით – მოსწავლის უკუკავშირს.
  • შეკითხვები, ქვიზები
  • Worksheet Generator and Multiple choice Assessments – საშუალებას გვაძლევს კლასის დონისა და საჭიროებების გათვალისწინებით საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის სასურველ თემაზე შევადგინოთ როგორც არჩევითბოლოიანი, ისე ღია და დახურული შეკითხვები, ქვიზები;
  • DOK Questions – შეიმუშავებს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც უფრო სიღრმისეულ ანალიზსა და დაფიქრებას მოითხოვს.
  • ენობრივი კომპეტენციის განვითარება
  • Informational Texts – კონკრეტული კლასის, დონისა და თემატიკის მითითებით ქმნის სხვადასხვა ტიპის ტექსტს.
  • Vocabulary List Generator თემის ან ტექსტის საფუძველზე ადგენს ლექსიკური სიტყვების ნუსხას, რაც მნიშვნელოვანია ლექსიკური მარაგის გასაუმჯობესებლად.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა, აპლიკაცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ საინტერესო ინსტრუმენტსაც მოიცავს, როგორიცაა: Teacher Observation, Group Work Generator, Academic Content, Team Builder/ Ice Breaker, Assigment Scaffolder და ა.შ. დეტალურად ყველა ინსტრუმენტს შეგიძლიათ, გაეცნოთ მითითებულ მისამართზე. https://app.magicschool.ai/tools[1]

აღსანიშნავია ისიც, რომ თქვენ მიერ შექმნილი ყველა მასალა მარტივად შეგიძლიათ გადმოწეროთ ვორდის დოკუმენტში, იქვე ამობეჭდოთ ან/და დაარედაქტიროთ სურვილისამებრ. გარდა ამისა, შეგიძლიათ შექმნათ ქართულენოვანი მასალა.

მეორე აპლიკაცია გახლავთ – app.twee.com, რომელიც საშუალებას გვაძლევს შესაბამისი დონის მითითებით შევქმნათ კითხვის, მოსმენის, ლაპარაკისა და გრამატიკული თუ ლექსიკური ერთეულების შესასწავლი რესურსები. კითხვის მიმართულებით აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ფუნქციებს:

  • Create the text on certain topic – ნებისმიერ თემაზე შესაბამისი დონის გათვალისწინებით ქმნის ტექსტს;
  • Create the dialogue on any topic – ნებისმიერ თემაზე ქმნის დიალოგებს;
  • Lead in activities for a text – გაკვეთილის თემისადმი ინტერესის აღსაძვრელად და მოტივაციის გასაზრდელად ქმნის შესაბამის სავარჯიშოებს.

მოსმენის მიმართულება –

  • Audio & Video Question Creator – ატვირთულ ვიდეო და აუდიო მასალაზე შეიმუშავებს შესაბამის კითხვებს;
  • Warm -up Discussion Questions before Listening – აუდიო მასალის ატვირთვის შემდეგ შეიმუშავებს გამოწვევის ფაზის შეკითხვებს.

 ლაპარაკის მიმართულება –

  • Find interesting facts on a given topic – ნებისმიერ თემაზე ქმნის საინტერესო ფაქტებს;
  • Create a list of advantages and disadvantages on the given topic – სხვადასხვა საკითხზე გვთავაზობს დადებითი და უარყოფითი ასპექტების ჩამონათვალს.

გარდა ამისა, აპლიკაცია მოიცავს ახალი ლექსიკური და გრამატიკული საკითხების შესასწავლ რესურსებს, რომლებსაც შეგვიძლია უფრო დეტალურად გავეცნოთ შემდეგ მისამართზე – https://app.twee.com/.

[2]https://www.teachershub.ai/ask ეს აპლიკაცია საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. ყველა საგნის პედაგოგს აძლევს საშუალებას, მითითებული თემიდან გამომდინარე შექმნას შეფასების რუბრიკები, გაკვეთილების გეგმები და სავარჯიშოები.

Eigo AI – პლატფორმა გვთავაზობს გაკვეთილებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: მეცნიერება, კულტურა, საზოგადოება, ისტორია და მრავალი სხვა – ყოველკვირეულად გამოქვეყნებული ახალი გაკვეთილებით. თითოეული გაკვეთილი გათვლილია სირთულის სამ დონეზე: დამწყები, საშუალო და მოწინავე (begginer, intermediate, advanced). ლექსიკური მარაგის გამდიდრების მიზნით, ასევე გვთავაზობს სიტყვების კონტექსტურ განმარტებებს, როგორც ინგლისურად, ისე მშობლიურ ენაზე. აპლიკაცია მყისიერ უკუკავშირს აძლევს შემსწავლელებს ზეპირი მეტყველების გაუმჯობესების მიზნით. ასევე ინსტრუმენტი საშუალებას გვაძლევს, გარკვეული კომუნიკაცია დავამყაროთ მეგობრულ AI-სთან გაკვეთილის თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე. (https://eigo.ai/)

 

Yappity.io – ავტომატურად ქნის ტესტებს, ვიქტორინას. შესაძლებელია, შექმნილი ტესტების რედაქტირება და გაზიარება. მარტივად გამოიყენება საკუთარი თავის შესამოწმებლად ან სხვებთან გასაზიარებლად ( https://yippity.io/).

 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის თემა ბოლო წლებია, განსაკუთრებით გააქტიურდა მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. დაიწყო AI-ის ინსტრუმენტების დანერგვა, დახვეწა და საგანმანათლებლო სფეროში აქტიურად გამოყენება. საგულისხმოა, რომ AI-ის საგანმანათლებლო აპლიკაციების გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სწავლა-სწავლების კომპლექსურ პროცესს. კერძოდ, საგაკვეთილო პროცესი ხდება უფრო მრავალფეროვანი, ინტერაქციული, დინამიკური და საინტერესო. ზემოთ აღნიშნული აპლიკაციები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასარგებლოა ნებისმიერი პედაგოგისთვის. მიგვაჩნია, რომ AI-ის გამოყენებისას აუცილებელია გარკვეული გამოწვევებისა და ეთიკური საკითხების გათვალისწინება, რაზეც საბოლოო კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

[1] რეგისტრაციის გავლა ხდება მარტივად, ელფოსტის საშუალებით ან სტანტარტული ავტორიზაციით, რეგისტრაციისას აუცილებლად მითიუთეთ, რომ ხართ პედაგოგი და შეგიძლიათ დააკონკრეტოთ საგანი, რათა შესაბამის თემატიკაზე გქონდეთ რესურსებზე უფასო წვდომა.

[2] რეგისტრაციის გავლა ხდება სტანდარტული ავტორიზაციით ან/და არსებული ელფოსტის საშუალებით.

პროექტი- ჯანსაღი ცხოვრება ჯანმრთელი ცხოვრების გასაღებია!

0
The dietitian recommends a nutritional diet plan for the elderly. Healthy food and Diet planning. Weight loss concept. eating with clean fruits and vegetables

საგანმანათლებლო დაწესებულების ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მომავალი თაობების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. კეთილდღეობა ვლინდება ცხოვრების ჯანსაღი წესითაც. ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დაცვა ხელს უწყობს ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, სწავლის უნარისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, ფსიქიკურ ჯანმრთელობას. სსიპ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს სქემის, ესგ, ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღ წესს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დანერგვა და პროპაგანდა სასკოლო ასაკიდან, რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია მავნე ჩვევებისადმი მიდრეკილება. ამ მხრივ ძალზე არასახარბიელო საერთო სურათი გვაქვს სასკოლო თემში. დაკვირვებამ აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, სამივე საფეხურის მოსწავლეები ბევრ დროს უთმობენ ვირტუალურ სივრცეს, არ ინტერესდებიან ჯანსაღი ცხოვრების ჩვევებით, მიირთმევენ სწრაფი კვების ობიექტებში ნაყიდ, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს, უარს ამბობენ სუფთა ჰაერზე გასეირნებაზე, იკეტებიან ტელევიზორებთან, ნაკლებად მისდევენ სპორტს. სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩატარდა მშობელთა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო, გამოევლინა მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტის თემა. უმრავლესობამ აირჩია ცხოვრების ჯანსაღი წესი, რის საფუძველზეც მიზნად დავისახეთ სასკოლო თემში აღნიშნული პროექტის განხორციელება.

ზემოაღნიშნული პრობლემის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია: მოზარდების არასაკმარისი ცოდნა, ჯანსაღი ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულება, ვარჯიშის იგნორირება, ისეთი მავნე ჩვევები და სტერეოტიპები, რომლებიც ეწინააღმდეგება ცხოვრების ჯანსაღ წესს.

პროექტის ფარგლებში შემუშავებული აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარება, გააცნობიერონ არა მარტო ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობა, არამედ იზრუნონ სასკოლო საზოგადოებაში მის დანერგვაზეც.

კვახჭირის საჯარო სკოლაში განხორციელებული სასკოლო პროექტი ეხმიანება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს/ზოგადი განათლების შესახებ კანონს – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების თანახმად, მოზარდმა უნდა შეძლოს:

) საჭირო ცოდნით აღჭურვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ჯანმრთელობა როგორც ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთობლიობა უმნიშვნელოვანესია მოზარდის სრულფასოვნად განვითარებისთვის. აუცილებელია, ბავშვები სკოლის ასაკიდანვე შევაჩვიოთ ჯანსაღი წესით ცხოვრებას, რაც გულისხმობს ჯანსაღი საკვების მიღებას, სწორ ძილს, რეჟიმს. ეს ყოველივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ორგანიზმის სწორი ფიზიოლოგიური ზრდა-განვითარებისთვის. სკოლა უნდა დაეხმაროს მოსწავლეს სწორი არჩევანის გაკეთებაში, მისდიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და იყოს დაცული მავნე ჩვევებისგან.

გ) ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი. დღეს, როდესაც ადამიანისთვის ხელმისაწვდომია დიდი მოცულობისა და სხვადასხვა შინაარსის ინფორმაცია, მისი ეფექტიანად გამოყენების უნარი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. მოზარდს უნდა შეეძლოს ინფორმაციის არა მხოლოდ მოპოვება, არამედ შეფასებაც შინაარსის, დანიშნულებისა და ხარისხის მიხედვით, დასახული მიზნებისთვის მისი გამოყენების ფორმების განსაზღვრა, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანი გამოყენება ყოველდღიური ცხოვრების, მუშაობის, ინტელექტუალური თუ სულიერი მოღვაწეობის პირობების გასაუმჯობესებლად;

ზ) კომუნიკაცია ინდივიდებსა და ჯგუფებთან. სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მომავალ წევრებს განუვითაროს ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები (წერა, კითხვა, მეტყველება, მოსმენა), საორგანიზაციო და ჯგუფური მუშაობის ჩვევები, მათ შორის იმათ, ვისთვისაც საქართველოს სახელმწიფო ენა მშობლიური არ არის.

საზოგადოებრივი აქტიურობისა და არსებული რესურსების ეფექტიანი ამოქმედების გარეშე ეს ცალკეული საშუალებები ვერ უზრუნველყოფს მოზარდში ზემოთ ჩამოთვლილ უნარ-ჩვევათა სრულყოფილ განვითარებას, ამიტომ ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას.

პროექტის ქვემიზნებად დავისახე შემდეგი:

  • მოსწავლე გააცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა.
  • მოსწავლე გაიაზრებს სწორი კვების მნიშვნელობას.
  • აიმაღლებს ცოდნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემების შესახებ, როგორიცაა აივ-ინფექცია, ნაადრევი მშობიარობა.
  • მოთხოვნილება გაუჩნდება, დაიცვას პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა.
  • გაეცნობა ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდებს.

პროექტის ამოცანები იყო:

  1. მასწავლებელთა პროფესიული საჭიროების დადგენა არაფორმალური განათლების მხრივ;
  2. სადამრიგებლო საათების გააქტიურება სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
  3. საგანთა შორის კავშირების გამოყენება არაფორმალურ განათლებაში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისა და დანერგვის მიზნით;
  4. სკოლის თვითმმართველობის გააქტიურება;
  5. მშობელთან, თემთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  6. პროფესიული დიალოგი, თანამშრომლობა სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით;
  7. მოსწავლეთა მიერ ჯანსაღი ჩვევების დაუფლება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ინფორმირებულობა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვაზე ზრუნვა და ფიზიკურად აქტიური ცხოვრების ჩვევების ათვისება;
  8. ეფექტური მონიტორინგის სისტემის შემუშავება და დანერგვა;
  9. ესგ სტანდარტების, მკვიდრი წარმოდგენების, სამიზნე ცნებების გათვალისწინება ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობისთვის.

პროექტის სამიზნე ჯგუფები (ვისი პრობლემის მოგვარებას ვცდილობდი და კიდევ ვინ შეიძლება მიიღოს სარგებელი) – მოსწავლეები, მასწავლებლები, სკოლა, თემი

პროექტის განხორციელების შემთხვევაში სარგებელს მიიღებს ყველა სამიზნე ჯგუფი.

სკოლაში დამკვიდრდება საინტერესო პრაქტიკა, რაც მომავალი თაობებისთვის კარგი გამოცდილება იქნება.

მოსწავლეებს აუმაღლდებათ ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე, გააცნობიერებენ პასუხისმგებლობას საკუთარ კეთილდღეობაზე, შეიძენენ ცოდნას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლებით, განუვითარდებათ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, შეძლებენ ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით;

განხორცილდება ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებას და გააუმჯობესებს აკადემიურ მოსწრებას. მოხდება სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეების დაახლოება.

მოხდება მასწავლებლების პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე, გაძლიერდება პროფესიული დიალოგი უკეთესი თანამშრომლობისთვის. ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიები ხელს შეუწყობს სხვადასხვა კათედრის წევრებს ერთმანეთთან თანამშრომლობაში, გამოცდილების ურთიერთგაზიარებაში. დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები, რაც გააუმჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს, ასევე კარიერულ/ პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება თითოეულ მასწავლებელს.

გაძლიერდება სასკოლო კულტურა, თემთან თანამშრომლობა და კომუნიკაცია, ამაღლდება სწავლა-სწავლების ხარისხი, რაც სკოლას მეტად კონკურენტუნარიანს გახდის.

21-ე საუკუნის ღირებულებების მქონე მოსწავლე სარგებლობას მოუტანს სასკოლო საზოგადოებას და თემს. ამაღლდება ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე.

პროექტის განხორციელებას თან ახლავს განსაზღვრული რისკები:

  1. მასწავლებელთა გარკვეული ნაწილის დაბალი მზაობა და მოტივაცია;
  2. მასწავლებლებისა და მოსწავლეების უკმაყოფილება დამატებითი სამუშაოს გამო;
  3. დროის დეფიციტი;
  4. მოსწავლეების სუსტი მოტივაცია.

შევიმუშავე რისკების შემცირების სტრატეგია:

  • მასწავლებლებთან საინფორმაციო, ახსნა-განმარტებითი შეხვედრების ორგანიზება (შეხვედრები, კონსულტაციები, ვორკშოპი), შიდა სამუშაო შეხვედრები გამოცდილების გაზიარების კონკრეტული მაგალითების განსახილველად. მასწავლებლები დაინახავენ პროექტის სარგებელს როგორც სწავლა-სწავლების პროცესში, ისე პროფესიული განვითარების კუთხით;
  • სტატუსით ნაკისრი ვალდებულებების, მასწავლებლის სტანდარტით დაკისრებული პასუხისმგებლობისა და ფუნქცია-მოვალეობების შეხსენება;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • მოსწავლეთა თვითმმართველობის გააქტიურება, პროექტის ფარგლებში აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

პროექტის ფარგლებში სკოლის ბაზაზე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში განვახორციელეთ 45 აქტივობა: მინიპროექტი, ღია გაკვეთილი, პრეზენტაციები. მოსწავლეებმა მოამზადეს მინივიდეორგოლები, ხელნაკეთი სასწავლო რესურსები, პლაკატები, თემში დაარიგეს საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტები. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართული ყველა საფეხურის მოსწავლეები, ყველა საგნის მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა. სასწავლო პროექტი იქცა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებად, დაახლოვდნენ სკოლა, თემი, დაინერგა საინტერესო პრაქტიკა. განხორციელებულ აქტივობებს სკოლის ადმინისტრაცია აქვეყნებდა სოციალური მედიის საშუალებით. ყველას ჰქონდა ინფორმაციაზე წვდომა.

პროექტში თავიდან ჩაერთო მოსწავლეთა 20%, ხოლო სასწავლო წლის ბოლოსთვის ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში ჩართული იყო მოსწავლეთა 75%, მასწავლებელთა 80%, მშობლების 35%. გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო და არაფორმალური განათლების პროცესში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის კუთხით. მასწავლებელთა 70%-მა აიმაღლა პროფესიული გამოცდილება სასწავლო პროცესში ისეთი აქტივობების დასანერგავად, რომლებიც ცნობიერებას აუმაღლებს მოსწავლეებს ცხოვრების ჯანსაღი წესის აუცილებლობაზე.

მშობელთა თემის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩაერთო სასკოლო ცხოვრებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით. ამაღლდა მასწავლებელთა, მოსწავლეთა, მშობელთა და თემის თანამშრომლობის ხარისხი.

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მათი ფიზიკური და ფსიქიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, რათა საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ და სხვათა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამაღლდა სასკოლო კულტურა.

სკოლის ბაზაზე შეიქმნა ეკოკლუბი, რომელიც მომავალშიც მრავალ ღონისძიებას განახორციელებს.

მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება, გამოყენება და შესაბამისი რეაგირება უზრუნველყოფს პროექტის მდგრადობას.

მნიშვნელოვანი იქნება დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლების ამოქმედება, წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ანგარიშვალდებულების სისტემის დანერგვა.

ერთი აუდიოაღწერა სამი მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის, ანუ, რას გვიყვება როკო ირემაშვილის „დავითი“

0

(მეორე ნაწილი)

ეპიგრაფი: „ყოველი ტექსტი წარმოადგენს ინტერტექსტს: სხვა ტექსტები არსებობენ მასში სხვადასხვა დონეებზე მეტ-ნაკლებად ამოსაცნობი ფორმით: როგორც ტექსტში ადრე არსებული, ისე გარე კულტურათა კოდების მიხედვით. ყოველი ტექსტი წარმოადგენს ძველი ციტატებიდან შექმნილ ახალ ქსოვილს.“

როლან  ბარტი

 სტატიის ამ ნაწილში დაპირებულ, როკო ირემაშვილისეული „დავითის“ ქანდაკების ფოტოებს გაგიზიარებთ, AltText-ით თანდართული, მოკლე აუდიოაღწერებით.

სურ.1                     სურ.2

წინა წერილში[1] ითქვა, რომ ეს პერსონა ბიბლიური დავითის იკონოგრაფიული ტიპია. საქმე აღორძინების დიდი ავტორების  — მიქელქნჯელოსა თუ დონატელოს დავითის ალუზიასთან გვაქვს. თუმცა მეორე მხრივ, სახეზეა ბიბლიური ამბის რემინისცენციაც, რომელმაც როკო ირემაშვილის დავითამდე საინტერესო გზა განვლო და ის ძალზე მყიფე თუ პირობითი საზღვარი, რაც, როგორც წესი,  რემინისცენციებსა და ალუზიებს შორის არსებობს, მკაფიოდ წარმოაჩინა.  ეს კი ინტერტექსტუალობის წყალობით, რომლის მნიშვნელოვან მარკერებად  მოიაზრება ტექსტის ლინგვისტიკასა თუ ლიტერატურის თეორიაში ალუზიაც და რემინისცენციაც. რაკი, ზოგ შემთხვევაში, ძნელი გასარჩევია, სადაა ალუზია და სად — რემინისცენცია, აჯობებს, გავიხსენოთ: ალუზია ესაა ქარაგმა, ერთ-ერთი სტილისტური ფიგურა, მინიშნება რეალურ, ისტორიულ, პოლიტიკურ ან ლიტერატურულ ფაქტზე, რომელიც საყოველთაოდ ცნობილად არის მიჩნეული. ალუზიები ააქტიურებს მკითხველის ფონურ ცოდნას და ხელს უწყობს პერსონაჟების შინაგანი სამყაროს გახსნას. ერთსა და იმავე ნაწარმოებში ალუზიები შეიძლება სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდნენ. ალუზიები წარმოადგენს არა ტროპს ან ფიგურას, ზუსტი გაგებით, არამედ — ტექსტწარმოების ხერხს, რომელიც შექმნის პროცესში მყოფ ტექსტს აჯერებს რაიმე პრეცედენტულ — ლიტერატურულსა ან ისტორიულ ფაქტთან[2]. ალუზიად (სიტყვასიტყვით — „მინიშნება“) მიიჩნევა სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი (ფრაზა, წინადადება), რომელიც აღძრავს მკითხველის გონებაში ასოციაციურ კავშირს სხვა ტექსტთან, შემოაქვს დამატებითი ინფორმაცია და აქვს მხატვრულ-ესთეტიკური დატვირთვა. ამ გაგებით, ალუზია შეიძლება იყოს არალიტერატურული ტექსტიც, რომელიც  ობიექტს ირიბად, ციტირების ან პერიფრაზის გარეშე  აკავშირებს რაღაც საყოველთაოდ ცნობილთან, იქნება ეს ანდაზა, ხატოვანი გამოთქმა, ისტორიული მოვლენა, ლიტერატურული ნაწარმოები თუ სხვ. — რაც მკითხველმა თავად უნდა გამოიცნოს. რემინისცენციად კი მოიაზრება პოეტის მიერ შეგნებით თუ უნებლიეთ სხვა მხატვრული ნაწარმოებებიდან აღებული, ნასესხები ფრაზები, მხატვრული კონსტრუქციები, რიტმულ-სინტაქსური ფორმები, რომლებიც მკითხველში იწვევს რთულ ასოციაციებს[3] და აიოლებს ნაწარმოების აღქმას. რემინისცენციას ვხვდებით თითქმის ყველა ცნობილ პოეტთან. მიშელ ფუკო, ჟაკ დერიდა, ჟილ დელიოზი, ფელიქს გვატარი და სხვები ნათლად უჩვენებენ რემინისცენციებისა და ციტატების, როგორც მხატვრული ტექსტის უმნიშვნელოვანესი ელემენტების, როლს ფუნქციასა და მნიშვნელობას ავტორისეული ჩანაფიქრის აღქმისა და გაგების თვალსაზრისით.

ზოგადად ხომ, „კულტურა დიალოგური ფენომენია, ხოლო დიალოგი კულტურის უნივერსალური კატეგორია და ყველა მხატვრული ტექსტი არსებობს იმდენად, რამდენადაც არის ჩართული დიალოგში ან პოლილოგში სხვა ტექსტებთან“ (მიხეილ ბახტინი)! ამ აზრით და იმ აზრითაც, რომ ,,ხელოვნება ბაძავს ბუნებას  და ასახვის კანონით ,,ერთი“ ხდება ორი…, რითაც ჩვენ ყველაზე ძველ, ყველაზე კლასიკურ და მოფიქრებულ, ყველაზე დაღლილ აზრს ვეხებით“[4], როკო ირემაშვილის ქანდაკება ინტერტექსტუალურად უკავშირდება მის  წინამავალ ჰიპოტექსტებს, იგი ერთგვარი პალიმფსესტია, რომელიც არქიტეტექსტუალობით აღადგენს ჟანრულ თუ სემანტიკურ კავშირებს  აღორძინებისა თუ ბიბლიურ ტექსტებს შორის.  პირველ ტექსტებში მიქელანჯელოსა და დონატელოს „დავითს“ ვგულისხმობთ, მეორეში  კი — ცნობილ ამბავს გოლიათის ძლევის შესახებ.

სურ.3                             სურ.4

ძველი აღქმის პირველი მეფეთას მეჩვიდმეტე თავი დავითისა და ფილისტიმელების ამბავს გვიყვება. ბევრი პასაჟით საინტერესო ამბის ტექსტი ასეთია:

შეჰყარეს ფილისტიმელებმა საომრად ლაშქარი; შეიკრიბნენ იუდას სოქოთში და დაიბანაკეს სოქოთსა და ყაზეკას შორის, ეფეს-დამიმში. ხოლო საული და ისრაელი შეგროვდნენ და დაბანაკდნენ მუხნარის ველზე, დაეწყვნენ ფილისტიმელებთან საბრძოლველად. ფილისტიმელები ერთი მთის ფერდობზე იდგნენ, ისრაელი — მეორე მთის ფერდობზე; ხევი იყო მათ შორის. გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან მორკინალი კაცი, სახელად — გოლიათი, გათელი. ექვსი წყრთა[5] და ერთი მტკაველი იყო მისი სიმაღლე.  თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა, ჯაჭვის ჯავშანი ემოსა; ჯავშნის წონა ხუთი ათასი შეკელი[6] იყო. ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა, მხარზე სპილენძის ჰოროლი[7] ჰქონდა გადებული. მისი შუბის ტარი საქსოვი ლილვის[8] ოდენა იყო; შუბის რკინის წვერი ექვსას შეკელს იწონიდა; წინ ფარის მტვირთველი მიუძღოდა. მოდგა იგი და შესძახა ისრაელის რაზმებს: — რატომ გამოხვედით საბრძოლველად? განა მე ფილისტიმელი არა ვარ ან თქვენ საულის მორჩილნი არა ხართ? გამოარჩიეთ თქვენში კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან. თუ გამიმკლავდება და დამამარცხებს, თქვენი მორჩილნი გავხდებით, თუ მე გავუმკლავდი და დავამარცხე, თქვენ გაგვიხდებით მორჩილებად და გვემსახურებით! სირცხვილს ვაჭმევ დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი ვინმე, რომ პირისპირ შევებათ ერთმანეთს.

გაიგონეს საულმა და მთელმა ისრაელმა ფილისტიმელის სიტყვები, დაფრთხნენ და შეშინდნენ მეტისმეტად.

დავითი იყო შვილი იმ ეფრათელისა, იუდას ბეთლემიდან, რომელსაც სახელად ერქვა იესე და რვა ვაჟიშვილი ჰყავდა. საულის დროს მოხუცებული იყო ეს კაცი, ხანდაზმული. წაჰყვა საულს ბრძოლაში იესეს სამი უფროსი ვაჟიშვილი… დავითი კი მათზე უმცროსი იყო. წაჰყვა სამი უფროსი საულს. ხოლო დავითი მოდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა ემწყესა მამამისის ფარა ბეთლემში. გამოდიოდა ის ფილისტიმელი დილით და საღამოთი და ასე იქცეოდა ორმოცი დღე.

უთხრა იესემ დავითს, თავის ვაჟიშვილს: აიღე ეს ერთი ეფა[9] ქუმელი[10], ეს ათი პური და სასწრაფოდ წაუღე შენს ძმებს ბანაკში. ხოლო ეს ათი თავი ყველი ათასისთავს წაუღე; მოიკითხე ძმები და მოიტანე მათი ამბავი. საული, ისინი და მთელი ისრაელი მუხნარის ველზე ებრძოდნენ ფილისტიმელებს.

დილაადრიანად ადგა დავითი, ცხვარი მოყარაულეს დაუტოვა, აიკიდა ტვირთი და წავიდა… მიადგა ბანაკს, როცა ჯარი ირაზმებოდა და საბრძოლო ყიჟინას სცემდა. დაეწყვნენ რაზმებად ერთმანეთის პირისპირ ისრაელი და ფილისტიმელები. ჩააბარა დავითმა თავისი ტვირთი ტვირთის ყარაულს და მიაშურა რაზმს. მივიდა და მოიკითხა თავისი ძმები. მათთან ლაპარაკში იყო, რომ გამოვიდა ფილისტიმელთა რაზმიდან მორკინალი კაცი, სახელად — გოლიათი, ფილისტიმელი, გათელი, და წინანდებურად იწყო ლაპარაკი. ყველაფერი მოისმინა დავითმა. როგორც კი დაინახეს ეს კაცი, გაიქცნენ მისგან ისრაელიანები, რადგან შეშინდნენ მეტისმეტად. ამბობდნენ ისრაელიანები: ხედავთ ამ კაცს, რომ აღზევებულა? ისრაელის შესარცხვენად აღზევდა იგი. მის მძლეველს დოვლათით აავსებს მეფე, თავის ასულს მიათხოვებს ცოლად და მამამისის სახლს გაააზაგებს ისრაელში.

ჰკითხა დავითმა ახლოს მდგარ კაცებს:  — რა ბედი ეწევა კაცს, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს და სირცხვილს მოხოცავს ისრაელს? ვინ არის ეგ წინდაუცვეთელი ფილისტიმელი, ასეთ სირცხვილში რომ აგდებს დღეს ღვთის რაზმებს?

უთხრა მას ხალხმა იგივე სიტყვები: ასეთი და ასეთი ბედი ეწევაო კაცს, ვინც მას დაამარცხებს. გაიგონა ელიაბმა, მისმა უფროსმა ძმამ, ხალხს რომ ელაპარაკებოდა დავითი და განურისხდა მას ელიაბი, უთხრა: — რისთვის ჩამოხვედი აქ? ვის დაუტოვე ის მცირე ფარა უდაბნოში? ვიცი შენი ამპარტავნებისა და შენი ავგულობის ამბავი; მხოლოდ ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული.

თქვა დავითმა: — რა გავაკეთე ისეთი? ცუდი ხომ არაფერი მითქვამს? სხვა მხარეს გატრიალდა მისგან და იკითხა იგივე ამბავი. იგივე უპასუხა ხალხმა, რაც სხვებმა უთხრეს. გაიგონეს დავითის ნათქვამი სიტყვები და მიუტანეს საულს; მანაც მოაყვანინა იგი.

უთხრა დავითმა საულს: — ნურვის გული ნუ შედრკება მის წინაშე. წავა შენი მორჩილი და შეებრძოლება ამ ფილისტიმელს. უთხრა საულმა დავითს: — ვერ გახვალ საბრძოლველად მაგ ფილისტიმელთან, რადგან შენ ჯერ ბავშვი ხარ, ის კი მებრძოლია სიყრმითგანვე.

უთხრა დავითმა საულს: — მწყემსავდა შენი მორჩილი თავისი მამის ფარას და, როცა დაეცემოდა ლომი ან დათვი და გაიტაცებდა ფარიდან ცხვარს, გავეკიდებოდი, ვკლავდი და პირიდან გამოვგლეჯდი ხოლმე. თუ დამეცემოდა, ყბაში ჩავავლებდი ხელს და ვკლავდი. ლომსაც და დათვსაც ამარცხებდა შენი მორჩილი; ამ წინდაუცვეთელ ფილისტიმელსაც იგივე დაემართება, რადგან სირცხვილში აგდებს იგი ცოცხალი ღვთის რაზმებს. თქვა დავითმა: უფალი, რომელიც დამიხსნიდა ხოლმე ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისგან.

უთხრა საულმა დავითს: — წადი, უფალი იყოს შენთან! შემოსა საულმა დავითი თავისი საკუთარი სამოსლით, თავზე სპილენძის მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა. შემოირტყა მახვილი დავითმა სამოსელს ზემოდან და იწყო სიარული, რადგან ნაჩვევი არ იყო. უთხრა დავითმა საულს: არ შემიძლია ამით სიარული, რადგან არა ვარ ნაჩვევი. და მოიხსნა ისინი დავითმა. აიღო ხელში თავისი კომბალი, გამოარჩია ხუთი რიყის ქვა და ჩაყარა ისინი მწყემსის გუდაში, რომელსაც თან ატარებდა. ხელთ იპყრა შურდული და გავიდა ფილისტიმელთან. გამოვიდა ფილისტიმელიც და წავიდა დავითისკენ; წინ ფარისმტვირთველი მიუძღოდა. დაინახა ფილისტიმელმა დავითი და საცინად აიგდო, რადგან ყმაწვილი იყო იგი და წითური, ლამაზი შესახედავიც.

უთხრა ფილისტიმელმა დავითს: — ძაღლი ხომ არა ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ ჩემთან. დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით. უთხრა ფილისტიმელმა დავითს: ახლოს მოდექი, რომ ცის ფრინველებს და ველის მხეცებს გადავუგდო შენი გვამი.

უთხრა დავითმა ფილისტიმელს: — შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით გამოვდივარ, რომელიც შენ შეურაცხყავი. დღეს ჩამაგდებინებს ხელში შენს თავს უფალი და დაგამარცხებ, თავს მოგაცლი და ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველთ და მიწის ცხოველებს გადავუყრი დღეს, რათა გაიგოს მთელმა ქვეყანამ, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი. გაიგოს მთელმა კრებულმა, რომ არა მახვილითა და შუბით იხსნის უფალი, რომ უფლის ნებაზეა ომი და ხელში ჩაგვაგდებინებს თქვენს თავს.

როცა აღიმართა ფილისტიმელი და მიუახლოვდა დავითს, მკვირცხლად გაიქცა დავითი რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.  ჩაჰყო ხელი დავითმა გუდაში და ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით; დაამარცხა ფილისტიმელი და მოკლა იგი. მახვილი არ სჭერია ხელში დავითს. მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს; აიღო მისი მახვილი, იშიშვლა და მოაკვდინა იგი; მახვილით მოსჭრა თავი. დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, და გაიქცნენ…

სხვა ტექსტი, რომლის შესახებაც მინდოდა მეთქვა, გალაკტიონის ერთი პატარა, უსათაურო ლექსია:

,,გამოდით, გამოდით, გამოდით,

ფილისტერებო, გამოდით, თქვენი ჭორით და დაცინვით,

თქვენი სარკით და კამოდით…

ჰეი, გამოდით, გამოდით!

განმარტებითი ლექსიკონის თანახმად,  ფილისტერი ფილისტიმელია [გერმ. Philister ფილისტიმელი] და აღნიშნავს შეზღუდული გონებისა და ფარისევლური ქცევის ადამიანს, რომლის ინტერესები შემოფარგლულია ყოველდღიური წვრილმანებით,  მეშჩანი და ობივატელია. ხომ ადვილად მისახვედრია, საბჭოთა ეპოქაში  ეს ტექსტი ვისთვის დაიწერა! აქვე წარმოვადგენთ გალაკტიონის ხელნაწერის ფოტოს, რომელზეც 6-სტრიქონიანი ლექსის გვერდით  მიხატულია დიდყურებიანი, ყბაგანიერი, წვრილფეხება, ჟაბო-ფრაკ-ჟილეტით შემოსილი, დოინჯით მდგომი  მამაკაცის სურათი. აქვს წვერი და პირდაპირი მზერა. ფართო, წვეტიან თავზე სასაცილოდ ადევს პაწაწინა ცილინდრი.

სურ.5

ვფიქრობ, გალაკტიონის ეს ლექსი დავითის ერთ-ერთი ინტერტექსტია, რომელიც ამბროსი ხელაიას მიერ გენუის კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვებს მაგონებს: „ ჯერ კიდევ წინაქრისტიანულს ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპის ზღვებს შორის, ქართულ მოდგმის ტომებმა შექმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და აქტუალური ნიჭით მდიდარი სახელმწიფო, რომელიც ცნობილია ისტორიაში საქართველოს სახელით და რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა“… დანარჩენიც აქვეა[11], თუ ჯერ არ გინახვებიათ, აუცილებლად აჩვენეთ ბავშვებს, ვინძლო, მათ დავითის გონი და ძალა შეემატოთ!

[1] მარიამ გოდუაძე, ერთი აუდიოაღწერა სამი მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის, ანუ, რას გვიყვება როკო ირემაშვილის „დავითი“, https://mastsavlebeli.ge/?p=41261

[2] https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/448423/1/Ena_Teqsti_Interteqsti_2009.pdf

[3] ქსე, ტ. 8, გვ. 354, თბ., 1984

 

[4] ჯილ დელიოზი, ფელიქს გვატარი, რიზომა, https://apinazhi.ge/journal/237–.html

[5] წყრთა (სიგრძის საზომი)  — მანძილი იდაყვიდან შუა თითის წვერამდე.

[6] შეკელ-ი [ებრ. šeqel] – 1. ისრაელის ფულის ერთეული 1980 წლიდან (მანამდე იყო ისრაელის გირვანქა). 2. ძველ ეგვიპტეში: წონისა და ფულის ერთეული.

[7] ჰოროლი — შუბისმაგვარი საძგერებელი იარაღი. აქვს ტარი, ანუ ბუნი, მასრა და ორკაპა წვერი რომლითაც ჩხვლეტდნენ.

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

[8] ლილვ-ი (ლილვისა) 1. ბადის საქსოვი ჩხირი (საბა). 2. საქსოვი დაზგის ნაწილი, მრგვალი ხე, – საგორავი.

[9] ეფა — 1. საზომი ერთეული, „ქალი ეფის საწყაოში“, რომელსაც ბოროტება ერქვა (ზაქ. 5:6-11): w17.10 24-25; 2. Echis შხამიანი გველების გვარი გველგესლასებრთა ოჯახისა. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი [3 ტომად] ალექსანდრე ელერდაშვილის რედაქციით, თბილისი, ფანტაზია, 2006.

[10] ქუმელი — მოხალული მარცვლის ფქვილი (სულხან-საბას ლექსიკონი).

[11] https://tabula.ge/ge/news/651151-katolikos-patriark-ambrosis-cerili-dauqovnebliv

კოლექტიური ტრავმის თეორია და ომის რეფლექსია თანამედროვე ქართულ და უკრაინულ  პოეზიაში

0

საბჭოთა იმპერიის დაშლა, რომელიც ოცნებად ჰქონდა გადაქცეული ქართველ ხალხს, ვერ იქცა ერთმნიშვნელოვან გარანტად, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ თავისუფლებასთან ერთად სრული ჰარმონია,  სულიერი სიმშვიდე და მატერიალური  კეთილდღეობა დაისადგურებდა. ერი უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ამას დაემატა ძმათამკვლელი ომი და  ტრაგიკული დამარცხება აფხაზეთის ომში, რამაც ქართველ კაცს გარკვეულწილად დაუკარგა საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვა საკუთარ სიძლიერესა და შესაძლებლობებში. ქვეყანაში შიშმა და იმედგაცრუებამ დაისადგურა. ამ სპეციფიკური პრობლემების ფონზე განსაკუთრებით გამძაფრდა ყველა მცირერიცხოვანი ერისათვის დამახასიათებელი  გლობალიზაციის შიში. ასეთმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა და ფსიქოლოგიურმა წინაპირობებმა განსაზღვრეს ქართული პოსტმოდერნიზმის წარმოშობა.

ჯეფრი ალექსანდერის მიხედვით, ტრავმა  ბუნებრივად განვითარებული მოვლენის შედეგია, რომელიც ამსხვრევს  კოლექტიური თუ ინდივიდუალური აქტორების კეთილდღეობის განცდას. ხოლო ტრავმის განცდა თავს იჩენს მაშინ როდესაც დამანგრეველი მოვლენები ურთიერთქმედებენ ადამიანის ბუნებასთან.

სწორედ ასეთი, დამანგრეველი , მოვლენაა ომი. ჩვენს მიერ განსახილველი ავტორი, რობერტ მესხი, კი თავად არის აფხაზეთის ომის განმცდელი და შესაბამისად მის პოეზიაში ამ მოვლენის რეფლექსია მკვეთრია. განვიხილოთ რამდენიმე ლექსი:

ომით გამოწვეულ ადამიანურ ტრაგედიას გადმოსცემს რობერტ მესხი, ლექსში „ძმა“:

„ჩემი ძმა მოკლეს,

ოთმოხმოცდათოთხმეტის ოქტომბერში

მოკლეს გაგრასთან.

მისი ქვეყანა- აფხაზეთი-

გამოხრულ ხეზე ჩამოკიდეს

ვაზის ლერწმებით,

ცხენს ჯერ კიდევ არბენინებენ…“[მესხი რ.2013. 12]

ლექსი აფხაზეთის ომის რეფლექსიაა, ადამიანურ ტრაგედიას თან ახლავს უფრო მასშტაბური, თუ კი საერთოდ შეიძლება ტრაგედიის მასშტაბის გაზომვა. გაგრასთან  მოკლულ ძმასთან ერთად გამოხრულ ხეზე „მისი ქვეყანა- აფხაზეთიც“ ჰკიდია.

პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი დემითოლოგიზაციის პროცესი ცხადად იჩენს თავს ამ სტროფში.

მოკლული ძმის სახის არქეტიპის ძიებას მითოლოგიამდე მივყავართ, „დიოსკურების იფიცებდა მზეს და იმიტო“- წერს პოეტი და იქვე ახსენებს კასტორსა და პოლიდევკეს, მითიურ ტყუპებს. ხოლო ქართლის დედა მითიური ლედას გლოვის განმცდელია.

„ცხენს ჯერ კიდევ არბენინებენ’’-   მოკლული მებრძოლის ცხენი მითოსურ

„ ბახტურის ნაწილიან ცხენს“ და ტროას ცხენს, შიგ ჩაბუდებული მტრით, ერთდროულად მოგვაგონებს.

უკანასკნელი წლების ტრავმული გამოცდილება, ომი უკრაინაში, საინტერესოდ რეფლექსირდება, თანამედროვე ქართველი ავტორის ნატო ინგოროყვას პოეზიაში.  განსახილველად შევარჩიეთ მისი ბოლო კრებული „ისმის ჩემი ხმა?!“

პურის რიგი

„ბოლო ვიყავი რიგში და პირველი ტყვია მომხვდა

თითქოს მეპურემ ცხელი პური

გამომიწოდა  და უბეში ჩავმალე.

უფროს ქალიშვილს პურის ყუა უყვარს.

უმცროს ბიჭს- პურის გული,

გაიყოფენ.

კიბეზე ავრბივარ , საფეხურებს ვტოვებ-

ვჩქარობ, თან ვშიშობ-სულმა არ წამძლიოს

და… დახოცილებს გულისჯიბით ხორბალი

გავატანე-ვიცი გაღივდება. [ინგოროყვა ნ. 2022]

ამ ლექსში  ნატო ინგოროყვა  ომის უსასტიკეს სახეს პოსტმოდერნიზმისთვის დამახასიათებელი, განსაკუთრებული უბრალოებით აღწერს და ეს სისასტიკე ამ უბრალოებაში იმდენად შიშველი და ბასრია, რომ  სურათს კინოკადრის სიცხადით აღიქვამ. ომის თანმდევი გარდაუვალი საცეცი- შიმშილი, პურის რიგი ( იმ ავბედითი ჟამის სახე- სიმბოლოდ ქცეული მოვლენა).  „თან ვშიშობ – სულმა არ წამძლიოსო“ –(ორმაგი კოდირება)  ამბობს ლირიკული გმირი და ნიკო ლორთქიფანიძის ნოველის გმირს  („ტრაგედია უგმიროდ“) თითქოს ტრაგიზმში ეჯიბრება და იმარჯვებს. „იმარჯვებს“ იმიტომ, რომ პურის მომლოდინე, დახოცილ  შვილებს გულისჯიბით ხორბალს ატანს, გასაღივებლად.  ომში შვილმკვდარი დედების სახე-ხატი კარგად ნაცნობია ლიტერატურისთვის, ნატო ინგოროყვას ძალიან საინტერესოდ შემოჰყავს ეს სახე, ლექსში „ ნატირალიდან“, რომელსაც  თუშური და ფშაური ხმითნატირლების მისტიკა ახლავს. „მეტი რა მექნაო“ – ებოდიშება ომშიშვილდაღუპული დედა მტერს და მოყვარეს, მტერთან მომბოდიშებელი დედის პარადიგმა ხალხური ბალადის („ლექსი ვეფხისა და მოყმისა“) მისტიკას ირეკლავს.

„არ იყო ჩემი შვილი კაცთმოძულეო-

ებოდიშებოდა მოკლულ მტერს

და ცოცხალ მოყვარეს“ [ ინგოროყვა ნ.2022 გვ.44].

ომის ჯოჯოხეთურ სახეს და რეალური ტრავმების უსასტიკეს  სიცხადეს ვეჩეხებით ლექსში „წითელი პარასკევი“.

 

“წითელი ვაშლი გაგორდა, თქვა ბიჭმა

და ხელში მამის თავი შერჩა.

ჩემო თვალისჩინო, თქვა დედამ

და შვილის თვალები შეჭამა.

ქარმა კაბა ჩამოხსნა თოკიდან,

გაიფიქრა გოგომ, როცა დედის სხეული

ოკუპანტმა ფანჯრიდან გადმოფინა.

ნატვრის ხეა, იფიქრა მგზავრმა,

რომელმაც შორიდან მოჰკრა თვალი –

სინამდვილეში ხეზე დახოცილები ჩამოეკიდათ.

სიზმარია, ფიქრობდა ბიჭი,

როცა სხეულშემოფლეთილი მისი შეყვარებული

თავდაკარგული გვამზე ცეკვავდა და იღიმოდა.”[ ინგოროყვა 2022.45]

განსაკუთრებით ბასრი და მტკივნეულია ეს სტრიქონები, იმიტომ რომ კადრები ნამდვილია, რადგან ეს ტრავმა ჯერ კიდევ ახალია, ჭრილობა ჯერ ისევ პირღია,  ხოლო  უსისხლო სისასტიკით ჩადენილი აქტები ნამდვილი.  რადგან ნამდვილად არსებობს ნაირა კალანდია, ქალი, რომელსაც აფხაზეთის ომში ოკუპანტებმა შვილის თვალები გადააყლაპეს.

შემდეგ ლექსში „ სიის ამოკითხვა. მარიუპოლი.“  ნატო ინგოროყვა უკრაინის ომს ეხმიანება და ომის მსხვერპლი  ბავშვების ტრაგიკულ სახეს გვთავაზობს.

„არ გამოტოვოთ ჩემი გვარი. ნანგრევებიდან ამოგძახებთ- აქ ვარ!

დავიმახსოვროთ პირველი გაკვეთილი. საზეპიროა დახოცილების ბოლო ფიქრი. ქვაფენილებს შენახული აქვთ.“[ინგოროყვა 2022.48]

    სერჰი ჟადანი ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე უკრაინელი ავტორია,  მისი რომანები „ მესოპოტამია“, „ინტერნატი“ „ვოროშოლოვგრადი“. თარგმნილია ქართულ ენაზე.

ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი პოეზიაში,კიდევ უფრო ხშირად პოსტმოდნისტულში, რადგან პოსტმოდერნიზმი სულის მდგომარეობა უფროა, ომების დამანგრეველი ძალა , ადამიანურ ტრაგედიებში ირეკლება. სწორედ ამგვარად ხატავს ომს სერჰი ჟადანი, ლექსში „მარტორქა“. ჩვეულებრივი ადამიანის ტრაგედია, ძმის სიკვდილით გამოწვეული ყრუ ტკივილის გაზიარების დაუოკებელი სურვილი. ომის მთელი სისასტიკე, აღწერილი მშვიდად, „ზედმეტი სიმშვიდით“, აქ მშვიდი ტონი კიდევ უფრო ამძაფრებს განცდას. ტანჯვას, ტკივილს, უფრო ხელშესახებს ხდის ადამიანურ ტრაგედიას. ყველაზე მძაფრი კი ის სცენაა, სადაც ომში მოკლულ ჯარისკაცთა დაფლეთილ გვამებს ვეჩეხებით, უფრო კი იმას რაც გვამთაგან დარჩა. როგორ აწყობდნენ გვამებს ფაზლივით, როგორ შეხვდათ მეტ-ნაკლებად თანაბარი სიგრძის კიდურები. მეტისმეტად სასტიკია იმის ეს ჯოჯოხეთური სცენა, მეტისმეტად რეალურია ამიტომ.

ომი ყველაზე დიდი ბოროტებაა სამყაროს წინაშე ჩადენილი. ომგამოვლილი სამყარო ვეღარასდროს იქნება ძველებური. სიკვდილის შიშის ჩადგომა ომის კანონია.

„საშიშია ჩაისუნთქო სისხლიანი მთვარის სიმყრალე

საშიშია დაინახო, როგორ ხდება ისტორია.“[ჟანადი 2015]

ომის დაწყებამდე ყველაფერის სხვაგვარად იყო,  ყველანი სხვები ვიყავით, ამბობს პოეტი. სხვაგვარები იმიტომ, რომ ჯერ არ იყო ჩამდგარი შიში, ის შიში რომელიც ომს მოაქვს.

„მაშინ არავის აშინებდა ვარსკვლავები,

რომლებიც ტბებში ირეკლებოდნენ,

მაშინ არავის აფრთხობდა კვამლი

რომელიც მოხნულ მიწას სდიოდა.“[ჟადანი 2015]

ომმა შეცვალა სიყვარულის ლირიკული სახეც, უფრო სწორად მას წინ სიკვდილი დაუყენა.ლექსში  შეყვარებული ქალის ორიგინალური სახე იკვეთება. „სიკვდილით და სიყვარულით გარემოცული ქალი“. შემდგე კინოკადრივით გრძელდება :

„ქალი რგავს სახეს კაცის მკერდში

და ზურგზე მუშტებს უბაგუნებს,

ქვითინებს, კივის სიბნელეში…“

ქალი კაცობრიობის სათქმელს აჟღერებს, ქვითინით „რა უნდა ვუყო ამდენ სიკვდილს, სად უნდა წავიღო?“.

ჩვენს მიერ განხილულ ყველა ავტორთან ვხვდებით ომის გამოცდილების მერე გარდამტეხ ცვლილებას, ადამისნის გონებაზე, მისი ფსიქიკაზე ომი წარუშლელ კვალს ტოვებს ასეთი რეფლექსია გვხვდება უკრაინელ პოეტ ირინა შუვალოვასთან, იგი ხატავს ცხოვრებას ომამდე, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო, ადამიანები ცხოვრობდნენ ჩვეულებრივი ცხოვრებით, ბავშვებს  უხსნიდნენ რა არის ომი, უხსნიდნენ ისე, როგორც მაგალითად, რა არის ჩრდილოეთ პოლუსი. ხოლო შემდეგ,  ყველამ საკუთარი თვალით ნახა რა იყო ეს, საკუთარი კანით იგრძნო. ომის ტრავმა  ასეთი სახით იკვეთება :

„..იმ წინა ცხოვრებაში

არც კი ვიცოდით

ფოლადის რამდენი სანტიმეტრი ტკივილის

დაუბრკოლებლად ჩარჭობა შეიძლებოდა

ჩვენს ვარდისფერ და რბილ სხეულებში…“  [შუვალოვა. ი 2022

„უფალო, ნუ დამივიწყებ, როცა ისევ მოხვალ…“

0

(თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან“)

 ნაწარმოების დასაწყისშივე იშლება მითოსური პლანი („გოლიათის ღამე, იოათამის ნაამბობი“) და ჩვენ თვალწინ ცოცხლდება პრეისტორიული, ზღაპრული, ბავშვური წარმოდგენებით აღქმულ-ნაქსოვი სამყარო: ერთხელ ერთ-ერთი გოლიათი თავის ქვეყანაში მიწაზე ჯდება და სამყაროს ზურგს აქცევს, ხოლო მისი ვეებერთელა ზურგი ყველაფერს დაჩრდილავს და ასე დაღამდება პირველად. ეს გოლიათი შეყვარებულია. მოდით, დასაწყისშივე დავსვათ კითხვა, რომელსაც წერილის ბოლოს გავცემთ პასუხს:

  • გოლიათებმაც იციან სიყვარული?!

…ძალიან საინტერესოა სინკრეტულობა, წარმართულში ქარიატიანულის ჩართვა (თუ, პირიქით), როგორც თუნდაც ჩვენს მთის სალოცავებშია: „შეყვარებული გოლიათის ამბავი იმ ორი ამბიდან ერთ-ერთია, რომელიც იოაბმა ქრისტეს გაუცვალა, ამიტომ ამის შესახებ ვერავინ ვერაფერს ჰყვება“(3). ჩვენ წინაშეა ყოფიერების არქაული ზღაპარამბავი, რომელსაც არც დასაწყისი აქვსო, ავტორმა და არც დასასრული („ვინც წაიკითხავთ, თქვენს ჭკუაზე დაიწყეთ და დაამთავრეთ“). მოკლედ, „შუას“ ჰყვება მწერალი, როგორც მოუხერხდება, ისე. წარსული „დასაწყისია“ და აღარ არის, მომავალი „დასასრულია“ და ჯერ არ არის. „შუა“ აწმყოა – „შეჩერდი წამო“, ყველაზე ნაღდი და საგრძნობი, აწმყო, რომელშიც აქტიურად ვცხოვრობთ. აწმყო, რომელშიც წარსულიცაა, როგორც გამოძახილი, კვალი და მომავალიც, როგორც ხნულში მარცვალი, ნაყოფი რომ უნდა გამოიღოს…

იდიომებით მეტყველებაც თვალშისაცემია, მაგრამ არანაირადაა დამძიმებული, ისეა, როგორც იგავში, ანდაზაში – რთულის „მარტივად“ გადმოცემა. მაგალითად, არიან მოხუცები, რომლებიც თითქოს უდარდელობით სვამენ კითხვას ისეთი სიმსუბუქით, მათს ჭარმაგ ასაკს რომ ახასიათებს („მაგრამ საკმაოდ მოხუცი იყო, რომ იმაზე ედარდა, რასაც არაფერი ეშველებოდა“ ან „რატომ უყვარს ადამიანს ფანჯარაში ყურება? – გაიფიქრა მანასემ, – თან მაშინაც კი, როცა ზუსტად იცის, რასაც დაინახავს და მაშინაც, როცა უკვე ვერაფერს ხედავს.“) და არიან ბავშვებიც, რომლებიც ონავრულად სვამენ უკვე თავიანთ კითხვებს:

„– ეშმაკს მართლა არ სძინავს, ბაბუ?

  • რამ გაგახსენა ეშმაკი?
  • აი, ზაქარია რომ არ იძინებს ხოლმე, ისიც ეშმაკია?“

ჰო, პასუხებია საქმე ამ მარტივი/რთული კითხვებისა, თორემ კითხვები რიტორიკულია: მოხუცებმა იციან პასუხები, ბავშვებმა კი „იციან“.

მოვლენები ნაწარმოებში გასულიერებულია, როგორც უხსოვარ დროში, თუმცა არ გვტოვებს შეგრძნება, რომ რასაც ვკითხულობთ, ზედროულია – „წვიმაზე ძაღლისხევში ისე ლაპარაკობდნენ, როგორც ადამიანზე“; ისიც ხან ანგრევს, ხანაც ინახავს ხალხს: საშეშე ხე ჩამოქვს, ნადირსაც ჩამორეკავს ხოლმე ზემო ტყეებიდან.

„ძაღლისხევი“ ცხოვრების მეტაფორაა – ცხოვრობს ხალხი, როგორც „ათადან და ბაბადან“, მოჰყავთ მოსავალი, ვაჭრობენ, წიგნებს წერენ, ქორწინდებიან, ხოლო ახალშობილებს ქრისტეს წინაპრების სახელებს არქმევენ და იმედიც აქვთ, რომ ქრისტე ისევ დაიბადება. შემდეგ შემოდის ომის სიმბოლიკა, პარადიგმულობა: ლტოლვილები, მოხუცებითა და ატირებული ბავშვებით, დაჭრილებით სავსე ურმებით, დაუმარხავი მიცვალებულების დამარხვას რომ სთხოვენ და არ ყოვნდებიან, აგრძელებენ გზას. ურდო მოდის და ხალხიც იძულებულია, აიყაროს და სხვაგან, შორს, მთებში გადაიხვეწოს.

პერსონაჟთა სახელები ბიბლიურს მიმსგავსებულია, რაც მიგვანიშნებს, რომ ეს ამბავი რომელიღაც კონკრეტულ დროის ლოკალშიც ხდება და მის ჩარჩოებსაც არღვევს, მითის კანონიკით. განცდათა „მშვიდი“ სიმძაფრეც მითოსურია („ფარეზმა იმდენი იფიქრა, რომ თვალების ფერი შეეცვალა“).

მომხვდური ყველა კაცს ამოხოცავს, რჩებიან მხოლოდ ქალები და ბავშვები; კიდევ ცალხელა ზარა, ფარეზის ძმა. მითოსის თხრობის „გრილ სინოტივეს“ გრძნობ, როცა წლების შემდეგ ელიაკიმი იმ ბავშვის უხრწნელ სხეულს პოულობს ხევთან, დავითისა, რომელიც ხევის შესასვლელში ჩააყენეს ქალებმა და მასზე შემდგომ აღარაფერი გაუგიათ. სხეული ხავსითა და კლდის ყვავილებითაა დაფარული და მას უზარმაზარი ფრინველი იცავს, ახლოს არავის უშვებს….ასე არსდება ძაღლისხევი – ურდოდან გამოყოლილი, დარჩენილი ათი კაცი დიდი ველიდან გამოყოლილმა ნაგაზმა დაგლიჯა და შემდეგ ჩვეულებრივი ძაღლური ცხოვრებით მოკვდა. ბავშვები ხანდახან იცინიან ამ დაუჯერებელ ამბებზე, თუმცა არ უკვირთ („ძაღლის ამბავი მხოლოდ მაშინ დაიჯერეს, როდესაც აქაზის მომაკვდავი შვილი ეზეკია საიქიოდან დაბრუნდა“). თითქოს ყოფიერების, ათასჯერ აღსრულებულ-აღიარებულ-ტრაგიკულ ჭეშმარიტებას ღაღადებსო წუთისოფლისა ეს სიტყვები: „პურის თეთრი ტილო დაბერტყა, მიცვალებული შიგ გაახვია და ცოტა ხანს დასასვენებლად ჩამოჯდა. თითქოს უზარმაზარი შოთი გამოუცხვიათო, ისე იდო ცხედარი იატაკზე“(38); – აქ არ შეიძლება, არ გაგვახსენდეს „პური ჩვენი არსობისა“ – ფქვილი და „პური მიწისა“ – ადამიანი; წარმავალობისა და ამაოების ასე შემზარავი და ასე ახლობელი, შეჩვეული, გაუხსნელი და ადამიანობის ურთულესი, ბოლომდე  მაინც და ყოველთვის შეუცნობელი საიდუმლოები: „მიწიან ხელებს რომ იბანდა, გაიფიქრა, მამას ვეღარ შეხვდებოდა, ალბათ საიქიოშიც ვერა, იმდენად უცხოები იყვნენ ერთმანეთისთვის“(39).

ნაწარმოების ენა იგავურია, თითქოს ზღაპარს, მითს ან სახარებისეულ იგავს კითხულობ. სახელები გამოგონილია, უხსოვარდროინდელს, ბიბლიურს მიმსგავსებული. სიმბოლოებით აზროვნებაც სახარებისეულ-პარადიგმულია. მითოსური ზმანებები, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, არქაულის სუნთქვა და ზედროულობა, ზოგადობა. კონკრეტიკა აქ, უბრალოდ, ფორმაა, რომელშიც ეს ზედროულია დროებით ჩასმული.

იაკობის ჭა რაღაა? – „ძლიერი წვიმებისას მუდამ დიდებოდა ჭები, გარდა იაკობის ჭისა, რომელსაც მთელი სიცოცხლე თხრიდა იაკობი და წყლის ძარღვამდე მაინც ვერ ჩააღწია. იმასაც კი ამბობენ, იაკობის ჭა იმდენად ღრმაა, საიქიომდე აღწევსო“(50). ეს ჭა, რომელშიც წყალი არასდროს ჩადგება, ჩემი აზრით, ბედისწერისა და ადამიანი შერკინების მარადიული მისტერიაა, მეტაფორა, სიმბოლო; და როგორია ბედისწერა თეა თოფურიას სამყაროში? – მაგალითად, ძაღლისხეველებს სჯერათ, რომ გოლიათის გახვრეტილ ბეჭში გავლით კაცი დროის საზომებით სავსე ოთახში ხვდებოდა; „ადამიანი რომ დაიბადებოდა, ანგელოზი მისი სიკვდილის დროს მონიშნავდა და ისიც იქამდე იცოცხლებდა, სანამ დროის ისარი ამ ნიშნულამდე არ მიაღწევდა“ (56) – ანუ დაბადება და სიკვდილი უცვლელი კანონზომიერებებიაო, რასაც თუნდაც „ვეფხისტყაოსანში“ განგება, უფლის ნება ჰქვია. ეს უკვე ჩვენი ქმედებებით დაურეგულიერებელი მოცემულობაა, ბედისწერისგან განსხვავებით.

ეზოთერულთან, სიბრძნესთან ზიარების შეგრძნებები საკმაოდაა წიგნში. თუნდაც ეზეკიას ნაამბობი რაღაცა აპოკრიფული მონათხრობივითაა „ძაღლების სამოთხეზე“ – როდესაც ძეღლისხეველი კვდება, მის შესახვედრად მფარველი ანგელოზის მაგივრად ის ძაღლი მოდის, რომელმაც ხევი ურდოსგან დაიცვა და საიქიოშიც ის მიაცილებთო: „– დიდი, თეთრი ძაღლი, შავლაქებიანი, სანამ ავად ვიყავი, მოშორებით იჯდა და მიყურებდა. ზოგჯერ ახლოს მოდიოდა, მყნოსავდა“ (56), – ეს უკვე აქაზის შვილის, ეზეკიას, ნათქვამია, რომელსაც მამამ მეგობრის სახელი დაარქვა.

მწერლის წერის ოსტატობა მინიმალიზმებით მიღწული სიღრმეა, დრო და ღვთაებრიობაც, რომელთა სიმბოლო მოხუცი ეზეკიაა ერთ-ერთ მისტიკურ ეპიზოდში: „შორიდან ისე ჩანდა, თითქოს სულ თეთრები ეცვა, სინამდვილეში ტანსაცმელი გახუნებოდა მუდმივად მზეზე ჯდომისგან“. მოხუცი ეზეკია უკვე დიდი ასაკისაა, იმდენად დიდი, რომ უკვდავი ჰგონიათ; მზისგან გამთბარ მიწის ნაგლეჯზე ჯდება („მზეც“ და „მიწაც“ შეიძლება მეტაფორებად მოვიაზროთ, პრინციპში) ხოლმე წესისამებრ და აგრილებამდე იქ ზის. იგი დროის საზომია ან, თუ გნებავთ, თავად დრო – წუთისფლის საზომი. „ძნელი ყოფილა კაცის ცხოვრებაო“ და ანგელოზი ეზეკიას დროის საზომიდან აძრობს ტოტს. იმ წუთასვე კვდება მზეს მიფიქცებული მზესავით ბებერი ეზეკია; როგორც ყველა გარდასული წუთი და წამი…

უამრავი სიბრძნეა ნაწარმოებში, მოკლედ და ლაკონიურად, „მარტივად“ თქმული, როგორც საკრალურ ტექსტებში: „თამარს არ უტირია. ბოლოს მაშინ იტირა, როცა დედა მოუკვდა და იმავე დღეს შეეგუა, რომ ამის შემდეგ მისი ტირილი სხვებს მხოლოდ გააღიზიანებდა და სხვა არაფერი“(65). პერსონაჟებიც, ახლაც მცხოვრებნიც და წინარეისტორიულნიც, უამრავი წლისანი ბიბლიური მათუსალასავით, ბევრ დროში ნაცხოვრებნი, მარად ძველნი და მარად თანამედროვენი…ჰო, აქვე სიბრძნე-ოქსიმორონებზეც, თუნდაც ამაზე: „თითქოს სიყვარულისთვის ვიბადებით, თუმცა ცხოვრება სიყვარულს არ გაპატიებს“.

კიდევ ინფანტილური, მითოსურ-პირველყოფილი წარმოდგენები ქვეყნიერებაზე: ოქროს მთვარე, რომელიც მძიმეა და შეიძლება რომელიმე მთის უკან ჩამოვარდეს და იოაბიც,  დაკარგული მთვარის საძებნელად რომ მიდის; ადამიანური ტყუილები და სიმართლეები, გამოგონილი თუ წარმოსახვითი სინამდვილე, მათი „აიწონა-დაიწონა“; დრო, რომელიც ადამიანებმა გამოიგონეს ამაოების დასამარცხებლად:

„– უფალო, სადაც წახვალ, წაიღე კიდევ ერთი ტყუილი თამარზე, რომელიც არასდროს დამიტოვებია. ათი წლის წინანდელ ზამთარში ცოლად შევირთე, აგერ იმ სახლში ორ შვილთან ერთად ვცხოვრობ. ახლა გვძინავს, ნუ გაგვაღვიძებ, ისე გაბრუნდი, ხალხმა არ დაგინახოს.

  • მე არსაიდან მოვსულვარ, სულ აქ ვიყავი.“

ყოველივე ზემოჩამოთვლილია გაერთიანებული ამ ეპიზოდში. ასევე „ძილ-ღვიძილის“ ამსოფლიური დაუდგენლობა და „ო, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილიც…“, ილიასეული.

იოაბი სვამს მარად კითხვას: „რა არის ადამიანში საყვარელი?…რატომ უყვარს ღმერთს ადამიანი? არაფერი კარგი ადამიანს არა აქვს, არც სილამაზე, არც ბუნება, არც გონი, წყალს არ მოგაწვდის, სათავისო თუ არაფერი ეგულება. კატაც საყვარელია, ძაღლიც. ადამიანში რა არის საყვარელი? ამდენი ხანია ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია“). ამის პასუხად, ათასჯერ ნაფიქრ ადამიანურ დანიშნულებად, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ლექსი შემომხვდა, ზუსტად თეა თოფურიას წიგნის კითხვისას და სრულად შემოგთავაზებთ:

„როცა ზამთარში გუგუნებს ცეცხლი და ეფერება პატარა ბიჭი

დამჭკნარ ხელებზე ბეღურისხელა უძლურ ბაბუას,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი…

როცა ჭაობში გზააბნეულს, ყელამდე ჩაფლულს,

დროზე მიუსწრებს მძალვრი ხელი, ჩაეჭიდება,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი…

როცა სიცხისგან გათანგული შვილის ცხელ შუბლზე,

იმედს და შვებას დაეძებენ დედის ტუჩები,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა ცოდვილი, დაცემული იპოვის ძალას

და მიფორთხდება სინანულის შეჭედილ კართან,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა სიმართლის წვრილ-წვრილ ნამცეცებს

ეკალბარდებში დაეძებენ მკრთალი თითები

და ლურჯ თავშალში აგროვებენ გათენებამდე,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა სიკვდილი ჩაამსხვრევს სარკეს

და განშორებით დაჭრილი სული,

ადგება ფეხზე და გზას განაგრძობს,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა ხანძარში მიტოვებულ უმწეო ლეკვებს,

მოძებნის ვინმე, ჩაიხუტებს და გადაარჩენს,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

როცა სიყვარულს ვეღარ იტევს ვერაფრით გული

და სხვას დაეძებს, რომ უშურველად გაუზიაროს,

მაშინ მიხვდები, ალბათ ამისთვის გაჩენილა ადამიანი.

ცხოვრების ბნელი, უსულგულო ცივი წყლებიდან

ყოველწუთს ცდილობს ამოყვინთვას და მზესთან ასვლას.

ამისთვის მოდის ტანჯვის გზებით ადამიანი.

აბა, ტყუილად ხომ არ გაჩნდა ამქვეყნად მართლა?…“

(ინგა მილორავა „მიხვედრა“)

თემა წიგნისა „იაკობის ჭასთან“ მაგიური რეალიზმია, ფანტასმაგორია, მითოსი; ხოლო იდეა შემდეგია – კაციც, ერიც, იმისთვის იტანჯება, რომ ბოლოს ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდეს. ანუ დიდი მიზნისკენ სწრაფვა და მიღწევაა ადამიანში საყვარელი!

დაბოლოს, პასუხი წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე:

  • გოლიათებმა იციან სიყვარული, აბა, ჩვენ, ადამიანებმა, რა ვიცით?!

ჰოდა, უნდა ვისწავლოთ კიდეც „გოლიათებისგან“……

 

ციტატები წიგნიდან – თეა თოფურია, „იაკობის ჭასთან“, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2023 წელი

 

 

 

მდიდრები და ღარიბები. ყოფილი მეტროპოლიები და კოლონიები

0

თანამედროვეობის დილემა, თუ მანკიერი სისტემა, რომელსაც სხვადასხვა თეორიით ამართლებენ?

(ნაწილი მეორე)

„ლაბუჰან-დელის (კ. სუმატრა, ინდონეზია] სულთანი, მა’მუნ ალ-რაშიდ პერკასა ალამი (1853-1924), დიდად დაინტერესდა დელის ტერიტორიის, როგორც თამბაქოს პლანტაციის განვითრებით. მან მისცა ბ-ნ იაკობ ნეიჰაუსს (Jacob Nienhuys), ჰოლანდიელ თამბაქოს ვაჭარს, კონცესია ამ მიწებზე, თამბაქოს კულტურის მოსაყვანად.  პრობლემა, რომელიც ნეიჰაუსს შეექმნა, გახლდათ მუშახელის სიმცირე – ადგილობრივ მალაელებს და ბატაკებს არ სურდათ პლანტაციებში შრომა! ნეიჰაუსმა ეს პრობლემა, 1864 წელს, მალაიზიის პენანგიდან 120 ჩინელი მუშის ჩამოყვანით მოაგვარა და დაიწყო საქმე, რომელმაც დასაბამი მისცა ევროპასა და ამერიკაში სუმატრის თამბაქოთი მომგებიანი ვაჭრობას. 1890 წელს, ჰოლანდიელებმა ლაბუჰან-დელის პლანტაციებში სამუშაოდ უკვე 20,000-ზე მეტი ჩინელი მუშა ჩაიყვანეს. იაფი მუშახელის მეშვეობით, თამბაქოს კომპანიებმა უზარმაზარი მოგება მიიღეს. 1896 წელს, ამსტერდამში 190,000 შეკვრა თამბაქო გაიყიდა, რამაც 32 მილიონი გულდენის შემოსავალი მოიტანა – დღევანდელი დოლარებით ეს სულ მცირე $450 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს! …1864 – 1938 წლებში, მხოლოდ ლაბუჰან-დელის პლანტაციებიდან მიღებული თამბაქოს გაყიდვებმა დაახლოებით $40 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა! “  

პროფესორი ბუდიმან მინასნი (Budiman Minasny),

სიდნეის უნივერსიტეტი, ავსტრალია

1930 წლის მარტში, მაჰათმა განდი, თანამოაზრეებთან ერთად, შეუდგა თითქმის 400 კმ-ი სიგრძის ფეხით მსვლელობას ინდოეთის დასავლეთში,  არაბეთის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ დანდისკენ (გუჯარათის შტატი, ინდოეთი), რომლის მეშვეობითაც განდი ხმამაღლა აცხადებდა ინდოეთის ხალხის უფლებას, საჭმელი მარილის მოპოვებასა და გადამუშავებაზე.

მსგავსად ბევრი სხვა საქონლისა,  ბრიტანეთის სამეფო, ინდოეთის კოლონიზაციის დროს, XIX ს. დასაწყისიდან, სრულად ინარჩუნებდა მონოპოლიას ინდოეთში მარილით ვაჭრობაზე. ეს კოლონიური „წესი“ უკრძალავდა ინდოეთის მკვიდრთ მარილის დამზადებას და ვაჭრობას და აიძულებდა უზარმაზარი მოსახლეობის მქონე ინდოეთს, მარილი მხოლოდ ბრიტანელი ვაჭრებისგან შეეძინა. ინდოეთის ნესტიანი და ცხელი ჰავის გათვალისწინებით, საჭმელი მარილი, საკვებ აუცილებლობას წარმოადგენდა მთელი ინდოეთისათვის. სწორედ ამიტომაც, მაჰათმა განდი ბრიტანელთა „მარილის კანონებს“ უპატიებელ ბოროტებად თვლიდა და ამ კანონების წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო მისი და მთელი ინდოეთის უკომპრომისო არაძალადობრივი წინააღმდეგობა, „სათიაგარჰა“ (satyagraha), რაც სიმართლის გამოვლენასა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა, ძალადობის გამოყენების გარეშე.

მაჰათმა განდის ბევრ თანამებრძოლს თავიდან გაუჭირდა „მარილის წინააღმდეგობის“ დაკავშირება დიად ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მიზნებთან. „ჩვენ ყველანი სახტად დავრჩით ვერ ვიგებდით თუ რა კავშირი იყო ეროვნულ ბრძოლასა და ჩვეულებრივ მარილს შორის“, ამბობდა ინდოეთის კიდევ ერთი დიდი შვილი, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი და განდის მარჯვენა ხელი, ჯავაჰარლალ ნერუ 91889-1964). სხვები განდის „მარილის პროტესტს“ უროთი კოღოს დევნას ადარებდნენ. თუმცა განდისათვის, მარილის მონოპოლია გახლდათ მკვეთრი მაგალითი იმისათუ რამდენად უსამართლო იყო ბრიტანელების დამოკიდებულება რაჯის (ბრიტანეთის მიერ კოლონიზირებული ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის ტერიტორიების საერთო სახელი, ლ.ა.) და მისი მოსახლეობის მიმართ, ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელი და საბაზო ნივთიერების, საჭმელი მარილის მიმართ. განდის ბრძოლა გასაგები და მისაღები იყო დიდი ინდოსტანის ყველა მკვიდრისთვის, ჰინდუ იქნებოდა ის თუ მუსლიმი, მდიდარი თუ ღარიბი!

ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს რომ ევროპელი კოლონიზატორები, დიდი ტერიტორიისა და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის პირობებში (ინდოეთი, ინდონეზია, მალაიზია, ბირმა, სხვა), აქტიურად იყენებდნენ სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მექანიზმებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად გაეზარდათ თავიანთი მოგება და გაუსაძლისი პირობები შეექმნათ ადგილობრივი ხალხებისათვის.

კოლონიური ინსტიტუტები და მათი წინაღმდეგობრივი შინაარსი

ამერიკელი ეკონომიისტების, 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების სტატიაში, ცალკე თავი ეთმობა ეკონომიკურ თეორიას, რომელიც ევროპელთა კოლონიზაციის სხვადასხვა ასპექტებს აღწერს. პროფესორები. დარენ აჯემოღლუ, საიმონ ჯონსონი (ორივე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, აშშ) და ჯეიმს ა. რობინსონი (ჩიკაგოს უნივერსიტეტი), გვამცნობენ რომ ევროპელების მიერ მსოფლიოს დიდი ტერიტორიების კოლონიზაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ფორმმ და შინაარსი. აგრამ ეს, მეცნიერთა მოსაზრებით, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვანაირად მოხდა: ზოგიერთ კოლონიაში, კოლონიზაციის მიზანი, ადგილობრივი მოსახლეობის ექსპლოატაცია და იქ არსებული სასრგებლო წიაღისეულის საბადოებიდან ძვირფასი მადანის ამოღება გახლდათ. სხვა შემთხვევებში, კოლონიზატორებმა ინკლუზიური პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები შექმნეს, რაც ევროპელი კოლონიზატორების კეთილდღეობისთვის იყო განზრახული.

კიდევ ერთი მნიშვნელვანი ფაქტორი, რომელმაც გავლენა იქონია კოლონიის რაობაზე და ტიპზე და რომელსაც ხაზს უსვამენ ნობელიანტი ეკონომისტები, გახლავთ კოლონიზაციის ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობის სიმჭიდროვე. რაც უფრო მჭიდროდ არის დასახლებული ტერიტორია ადგილობრივების მიერ, მით უფრო მეტი წინააღმდეგობაა რის მოსალოდნელი მათგან. მეორე მხრივ, დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსახლეობა, მათი დამარცხების და/ან დამორჩილების შემთხვევაში, კოლონიზატორებს სთავაზობს ძალიან მიმზიდველ შესაძლებლობას – იაფ მუშახელს! ამან გამოიწვია ის, რომ მჭიდროდ დასახლებულ კოლონიებში ნაკლები რაოდენობის ევროპელი კოლონისტები ჩავიდნენ (ინდოეთი, ბანგლადეში, ბირმა და პაკისტანი, ლ.ა.); იმ კოლონიებში, სადაც მოსახლეობა მეჩხერად იყო დასახლებული (დღევანდელი აშშ-ს და კანადის ვრცელი ტერიტორიები, ლ.ა.), ადგილობრივების წინააღმდეგობა ნაკლები იყო, თუმცა ასევე მწირი იყო იაფი მუშახელის რაოდენობაც. ეს თავის მხრივ საშუალებას სთავაზობდა ევროპელ კოლონიზატორებს (სხვა სახელი – ახალმოსახლეები, ლ.ა.) ადვილად გადასულიყვნენ „ახალ ადგილებში“ და მალე მოეხდინათ ამ ტერიტორიების კოლონიზაცია.

ზემოთ ხსენებულმა გარემოებებმა, თავის მხრივ, გავლენა მოახდინეს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემებზე, რომლებიც  „ახალ ტერიტორიებზე“, ზღვისგაღმა კოლონიებში ჩამოყალიბდა.

კოლონიზატორთა მცირე რაოდენობის შემთხვევაში, ისინი აარსებდნენ ან მიითვისებდნენ სხვადასხვა სამთო-მოპოვებით ორგანიზაციებს, რომელიც აქცენტს აკეთებდნენ ადგილობრივ ელიტებზე, რომელბიც თავის მხრივ უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ექსპლოტაციას (ინდოეთი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, ლ.ა.). ამ პირობებში და ამ კოლონიებში არ არსებობდა პოლიტიკური უფლებები და თავისუფალი არჩევნები. ყველაფერი კოლონიზატორების და ადგილობრივი ელიტების ხელში იყო კონცენტრირებული (ჩილე, პერუ, კოლუმბია, ბოლივია, სხვა).

ამის საპირისპიროდ, იმ კოლონიებში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა მცირე იყო, ხოლო დასახლებების სისტემა – მეჩხერი (აშშ, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია), ბევრი კოლონისტი ჩადიოდა ევროპიდან და ისინი კოლონისტების ახალ დასახლებებს აარსებდნენ. ამ შემთხვევეაში, ახალ კოლონისტებს ესაჭიროებოდათ ინკლუზიური ეკონომიკური ინსტიტუტები, რაც წაახალისებდა ახალ მოსახლეებს ემუშავად ეფექტურად და მოეხდინათ მნიშვნელოვანი სახსრებისა და ენერგიის ინვესტირება მათ ახალ „სამშობლოში“. სანაცვლოდ, ახალი მოსახლეები ითხივდნენ მეტ პოლიტიკურ უფლებებს და მონაწილეობას მოგებაში, რომელსაც ახალი ტერიტორიები იძლეოდნენ. რა თქმა უნდა, ადრეულ ევროპულ კოლონიებს (ახალ სამყაროში, ავსტრალიაში) ვერავინ დაარქმევდა ‘დემოკრატიას’, თუმცა მჭიდროდ დასახლებულ კოლონიებთან შედარებით (სადაც ევროპელების მხოლოდ მცირე რაოდენობა გადასახლდა), ახალმოსახლეთა ახალი კოლონიები ბევრად მეტ პოლიტიკურ უფლებებს გულისხმობდნენ.

საზღვრით გაყოფილ ქალაქ ნოგალესში (აშშ და მექსიკა) დღეს არსებული განსხვავებები, რომელიც წინა წერილში განვიხილეთ, უმეტესწილად, ინსტიტუციებს შორის სხვაობით არიან გამოწვეულნი – ერთგან ამერიკული კოლონიის წესები ჩამოყალიბდა (მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებებით და მეტი ევროპული მოსახლეობით), რომლისგანაც დღევანდელი აშშ შეიქმნა ხოლო მეორეგან – ესპანური კოლონიის წესები, რაც შემდეგ მექსიკად გადაიქცა, სადაც ოდითგანვე ჭარბობდა ადგილობრივი ავტოქტონური მოსახლეობა (ოლმეკები, ზაპოტეკები, აცტეკები, ტოლტეკები, მაია, სხვა), რომელბსაც დასახლებების ინსტენსიური ქსელი ჰქონდათ ცამოყალიბებული (ტეოტიჰუაკანი და ტენოჩტიტლანი). კოლონიების განვითრებისა და ჩამოყალიბების ეს სქემა საერთოა მთელი კოლონიზირებული სამყაროსათვის და დიდად არ არის დამოკიდებული თუ რომელი ქვეყანა იყო კოლონიზატორი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჰოლანისა, ესპანეთი თუ პორტუგალია.

შესაძლოა ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა კოლონიების, კოლონიზატორებისა და ქვეყნების განვითარება-ჩამოყალიბებისა თუ სიღარიბე-სიმდიდრის შესახებ,  წინააღმდეგობრივად ან არასწორად მიიჩნიოთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ მეცნიერებაში ყოველთვის ასეა, სამეცნიერო თეორია უნდა მოიცავდეს ბუნების ან საზოგადოების ამა თუ იმ მოვლენის კარგად ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებას, მაგალითებს და ფაქტებით ან ექსპერიმენტებით მის დადასტურებას. დღეს წარმოდგენილი ვრცელი მსჯელობა ევროპელთა მიერ კოლონიზაციის თავისებურებებისა და სიმდიდრე-სიღარიბის შესახებ, საინტერესო და ნიშანდობლივია, რადგან მეცნიერება (და საზოგადოების ნაწილი ევროპასა და ამერიკაში) უკვე ხმამაღლა საუბრობს იმ სქემებსა და პოლიტიკაზე, რომელმაც დედამიწაზე შესაძლებელი გახადა ქვეყნებისა და ხალხების კოლონიზაცია, მონებით ვაჭრობა, დაპყრობილთა ექსპლოატაცია და ჩაგვრა.

შესაძლოა ასეთმა ღია და გულახდილმა საუბარმა, მეტი სინათლე შეიტანოს ევროპელთა მიერ ჩატარებულ კოლონიზაციაში, რომელიც შესაძლოა, დღევანდელ მსოფლიოში გაბატონებული უთანასწორობის, სიღარიბისა და დაუსრულებელი კონფლიქტების ერთ-ერთი მთავარ წყაროს წარმოადგენს.

(სტატიის დასასრული)

გამარჯობა, მე ვარ მასწავლებელი და მე არ ვარ იდეალური!

0

დედა მასწავლებლის ფიქრები.

მოდი გამოვტყდები, მე ქართულის მასწავლებელი ვარ და ჩემი შვილი ქართულს ვერ იტანს. ამის აღიარება, მართალი გითხრათ,  ძალიან გამიჭირდა და შეიძლება ითქვას წლები დამჭირდა. დედები და ალბათ მამებიც, ხშირად ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, რომ ვერ ვართ იდეალური მშობელი, რომ ყველაფერი ისე ვერ გამოგვდის, როგორც წარმოგვიდგენია. რომ ჩვენი შვილი არ არის საკმარისად კარგი, საკმარისად ბეჯითი და აკადემიურად მაღალი მოსწრების მქონე. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მასწავლებლებს შვილებისთვის დრო თითქმის არ გვრჩება, ჩვენ მთელ ენერგიას და რესურსს სკოლაში ვტოვებთ, ბოლომდე ვიხარჯებით გაკვეთილებზე, თითოეული მოსწავლის წარმატებას თუ წარუმატებლობას საოცრად განვიცდით, გვიხარია, გვწყინს – დაუმსახურებელი თუ დამსახურებული შენიშვნები, მასწავლებლები ხომ სცენის შუაგულში ვდგავართ და მთელი “პუბლიკის“ მზერა ჩვენზეა მომართული, რომ არაფერი შეგვეშალოს, არ დაგვავიწყდეს, არ გამოგვრჩეს, თითოეულ მოსწავლეს სათანადო ყურადღება მივაქციოთ, ვიღაც არ დაგვეჩაგროს, ვიღაც არ დაგვავიწყდეს, მოკლედ – ვშრომობთ, არა მხოლოდ გონებრივად,  უფრო მეტს – ემოციურად. და მოვდივართ სახლებში, გამოფიტულები, დაღლილები. ჰოდა, შვილს დახმარება რომ სჭირდება, ქართულის თემა აქვს დასაწერი, რაღაც ვერ გაიგო,  რომ უამრავი კითხვა აქვთ, რომ სჭირდებათ უბრალოდ დედა გვერდით, რომელიც დაუჯდება, მოუსმენს, აუხსნის, საკუთარ პროფესიას ახლა შვილთან გამოიყენებს, ახლა შვილთან იქნება დედა-მასწავლებელი, თან უფრო მეტადაც, რომ აი, ყველაზე მეტად ხომ შვილს სჭირდები, მაგრამ ვერ გამოდის, შეუძლებელია მთელი დღე მომართული იყო, შეუძლებელია მთელი დღე ასწავლო, მთელი დღე ახსნა, მთელი დღე ისაუბრო, დააწერინო, გამოათვლევინო, წააკითხო, მოაძებნინო. ვერ გამოდის, სადღაც უნდა გაჩერდე, დაჯდე, ამოისუნთქო. სადღაც უნდა იპოვო თავისუფალი სივრცე, სადაც უბრალოდ რაღაცების დაზარებას შეძლებ, გადადებ, უბრალოდ დაჯდები, ტელეფონს ასქროლავ, თან ველურ ბუნებაზე დოკუმენტურ ფილმს უყურებ მონოტონური გახმოვანებით, უბრალოდ არაფერზე აღარ იფიქრებ, ყველაფერი მოსწრებული გაქვს, ჟურნალი შევსებულია, დავალებები ატვირთული და შვილი? შვილი მოიცდის, მერე რაა, აი, ხვალ დაუჯდები, შაბათ-კვირა მოდის, მომავალ კვირას მაინც აუცილებლად. ამასობაში გადის წლები და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ შენს შვილს თურმე თემების წერა უჭირს, თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ლიტერატურა გამოუტოვებია, ინანიშვილი არ წაუკითხავს, არ მოგწონს, როგორ წერს, არ იცავს გრამატიკულ წესებს, შეებმები ამ მოცემულობას, შეასკდები და პირში მოხლილ სიმართლესაც კარგად შეირგებ: შენ ჩემთვის არასდროს გეცალა, შენი მოსწავლეები უფრო გიყვარს, ისინი უფრო მნიშვნელოვნები არიან! გაბრაზდები, ჯერ სკოლაზე, მერე შენი შვილის მასწავლებლებზე, ინანებ, რომ სკოლას მიენდე, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღიარებ, რომ შენი მოსწავლეების განათლება გინაცვალებია შვილის განათლებისთვის, რას იზამ, ეს ასეა, გინდ მარცხნიდან მოვაბათ ქოთანს ყური და გინდ მარჯვნიდან, უბრალოდ რეალობაა.

წელს დავიწყე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ სხვა მასწავლებლებმაც გამანდეს, რომ ჩვენც ასე ვართო! ჩემი მეგობარი უცხო ენებს ასწავლის და მის შვილს იმდენად უჭირს, რომ სხვა მასწავლებელთან მიიყვანა სამეცადინოდ, მე ესეც ვერ შევძელი, ალბათ უფრო არ, იმიტომ, რომ მეგონა, ჩემნაირად ვერავინ ვერ ასწავლიდა, მე კი არასდროს არ მეცალა. როდესაც ჩემს კლასში მასწავლებლის შვილებს აღმოვაჩენ ხოლმე, ვცდილობ,  განსაკუთრებით ყურადღებით მათ მიმართ ვიყო, განსაკუთრებით შევუწყო ხელი, დავალებების არქონაც ვაპატიო. არა იმიტომ, რომ ბავშვებს ვარჩევ და ისინი მეტად მიყვარს, არა, უბრალოდ მათი დედები თუ მამები მასწავლებლები არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შვილებისთვის უბრალოდ ენერგია, ემოცია აღარ რჩებათ და ეს გასაგებია, ძალიან გასაგები და ალბათ ძალიან ადამიანური, მასწავლებლური.

ჩვენ, მასწავლებლები, ზედმეტად გულჩვილი ხალხი ვართ, ადვილად გვწყინს და ადვილად გვიხარია, ადვილად გვადგება თვალზე ცრემლი, გულიანად გვიტირია კიდეც და გულიანად გვიცინია სულ პატარა შენიშვნაზე, უსამართლო საყვედურზე და უბრალოდ კარგ სიტყვაზე.

ჩვენ მასწავლებლები სანამ კლასში შევალთ, პალტოსავით ვიხდით ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ყოველდღიურობას, ჩვენს პრობლემებს, ვიცვამთ ემოციურ აბჯარს და გავდივართ სცენაზე, სადაც ჩვენი ფიქრებით, აზრებით, გონებით ვძერწავთ კარგ მოქალაქეებს, პატრიოტ და უბრალოდ კარგ ადამიანებს, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ და ესაა ჩვენი მიზანი, როგორ გამოგვდის ამას დრო გვიჩვენებს.

ჩვენ, მასწავლებლები, უამრავი ადამიანის წინაშე ვართ პასუხისმგებლები, პირველ რიგში კი ჩვენი მოსწავლეების წინაშე. უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ვცდილობთ, არაფერი არ შეგვეშალოს, არ დაგვავიწყდეს, არ გამოგვრჩეს, ვიყოთ იდეალურები. ალბათ ყველაზე მეტი პერფექციონისტი სამყაროს მასწავლებლებს შორის ჰყავს, იმიტომ, რომ ჩვენ მიმართ ყველაზე დიდი მოთხოვნებია, იმიტომ, რომ შეცდომები ძნელად ან არ გვეპატიება. იმიტომ, რომ მასწავლებლები ვართ და აბა, როგორ!

გვეშინია, ძალიან გვეშინია, რომ ეს ჩვენი მონდომება, შეიძლება ითქვას, თავგანწირვაც კი უბრალოდ ვიღაცის ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ წყალში არ ჩაგვიყაროს, არ დაგვიწუნონ მასწავლებლობა, ამიტომ ვართ ასეთი გაფაციცებულები, ასეთი დაძაბულები, ამიტომაა, რომ სახლში მისულებს ენერგიის წვეთიც აღარ გვაქვს შერჩენილი და ამიტომაა, შვილებთან აღარ გამოგვდის სწავლება.

გვინდა, რომ გვენდონ, გვინდა, რომ დაგვიჯერონ, გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეების სწავლება ჩვენ დავგეგმოთ, ჩვენ წარვმართოთ ჩვენი სწავლების პროცესი. გვინდა, რომ სპონტანურები ვიყოთ და როცა გარეთ გავიხედავთ და შემოდგომის პეიზაჟი დაგვაფიქრებს, ბავშვებს პოეზიაზე ვისაუბროთ, ან უბრალოდ დავხატოთ წვიმაში მდგომი შიშველი ხე, რომელიც გაზაფხულზე ოცნებობდა.

ჰო, ჩვენ შვილებს ვერ ვასწავლეთ. ჩემი შვილი ხშირად იგონებს ბავშვობის ამბებს, როგორ მთხოვდა დახმარებას, როგორ უჭირდა ქართული და დედას არ ეცალა, დაღლილი იყო, ვერ ეხმარებოდა. როგორ რცხვენოდა, რომ სწორად ქართული არ გამოსდიოდა საუკეთესოდ. თუმცა, ალბათ, გადავლახეთ ეს ამბავიც, რადგან საუბარი დავიწყეთ და რაზეც საუბრობ, ის უკვე გადახარშულია, ასე ამბობენ.

ჰოდა, მოვუფრთხილდეთ თავებს, შევიყვაროთ და გვეყოს დადანაშაულება, შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი ამბავია, ამაში ტრაგიკული არაფერია, რომ ერთი გულწრფელი აღიარება მოსწავლეებთან ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, რომ ჩვენ ადამიანები ვართ და არა რობოტები, რომ საკუთარი თავები ცოტათი მაინც გადავინახოთ შვილებისთვის მაინც, რომ აბა ვკითხოთ კოლეგას ერთხელ, გულწრფელად, როგორ ხარ?

ვოცნებობ, ისეთი სივრცის შექმნაზე, სადაც შევიკრიბებით მასწავლებლები, ხალიჩაზე დავსხდებით წრეზე (როგორც ჩვენი მოსწავლეები),  ჩავჭიდებთ ხელებს, მოვიკრებთ ძალებს და როგორც იქნა  დავიწყებთ:

გამარჯობა, მე ვარ მასწავლებელი და მე არ ვარ იდეალური!

ბექა ახალაია „ ბოლოდან მეორე მოჰიკანი“

0

ბექა ახალაია გამორჩეული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, მისი ლექსები, ლირიკული პოემები თუ ლიტერატურული წერილები, რაც არანაკლებ ოსტატურად გამოსდის, 2007 წლიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. ხოლო მისი სადებიუტო კრებული „ ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“- გამოცემისთანავე გახდა დამსახურებული ინტერესის საგანი, რადგან ეს კრებული ამტკიცებდა რომ მისი ავტორი ჭეშმარიტი პოეტია, ამ სიტყვის მთელი სისრულით. ბექა ახალაის ყველა კრებული ნამდვილი პოეზიის მძებნელთათვისაა.

კომპოზიციური სრულყოფა და ლექსის ტექნიკური მხარე, ბექას ნიშა და ხელწერაა. ლექსმცოდნეობის, მეტრული წყობისა და თეორიების პროფესიონალური ცოდნა მის ყველა ლექსს ეტყობა. თუმცა ამ პროფესიული ხედვის მიღმა არ რჩება ემოცია და შიშველი შეგრძნებები,მისი ლექსები ამ კუთხითაც სრულყოფილია. საინტერესო და ნაყოფიერი იყო ბექას „ბედის ცდა“ რომანისტიკაშიც, მისი რომანი „გველები მაზუთის გუბეში“ 2023 წელს გამოიცა და თანამედროვე რომანის საინტერესო სახეს წარმოადგენს.

„ბოლოდან მეორე მოჰიკანი“ რომელიც შესულია მის უახლეს კრებულში „ კანალიზაციის ანგელოზები“,  პატრიოტული ხასიათის ვერბლანია, როგორც თავად პოეტიც აღნიშნავს, თანამედროვე პოეზიაში თითქოს გაცვეთილ და „პაპსა“ თემად აღიქმება პატრიოტული ლირიკა,  სწორედ ამ სტერეოტიპის დარღვევა სურდა ბექა ახალაიას, რაც გამოუვიდა კიდეც.

სამშობლოს საინტერესო მეტაფორა, უფრო ზუსტად კი პოზაა „ბოლოდან მეორე მოჰიკანობა“-  მარადიულად გაქრობის საფრთხის წინაშე დგომა და ყოფნასა და არყოფნას შორის ბრძოლა საქართველოს მუდმივი მყოობადია.

„კლდის წვერზეა წამომართული ციხე-სიმაგრე,

ოთხასი თუ ხუთასი წლის წინ (უფრო – ხუთასი)

ააშენეს, როგორც ამბობენ მეცნიერები.

აღარავის ახსოვდა თუნდაც ოცი წლის უკან,

ეკალ-ბარდით დაფარული და მივიწყებული –

იდგა მარტო, თავისთვის იდგა და ვერც ხვდებოდა,

რისთვის იდგა… მერე მოვიდნენ ქალაქიდან და

გულმოდგინედ გაასუფთავეს იქაურობა.

გზაც, მანამდე დაკარგული რომ იყო ტყე-ღრეში,

მოასწორეს… ახლა კი ხშირად, ხშირად ადიან

ტურისტები – უცხოელებიც, აქაურებიც…  „ [ ახალაია ბ, : გვ.15]

ციხე-სიმაგრე  ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მეტაფორაა, რომელიც უკაცრიელად ყოფნისთვის არ უნდა გაიწიროს, ფუნქცია არ უნდა დაეკარგოს („ვერც ხვდებოდა რისთვის იდგა“). თუმცა სამშობლოს ცნების გაგება არ შემოიფარგლება დამთვალიერებლის პოზიციით.

საფართობე ყანებს, გვერდიგვერდ მართკუთხედებად

ჩამწკრივებულთ, აცრის, ჯერ კიდევ მოუხნავია.

შარშან ამ დროს მოხნული იყო, წელს – დაგვიანდა.

ამ დღეებში, ალბათ, იზამენ – მთელ სიგანეზე,

ერთიანად მოხნავს ტრაქტორი. დატრიალდება

მიწის სუნი – მიწის სურნელი – და იტრიალებს,

იტრიალებს კარგა ხანს, მერე გაქრება უცებ. [ახალაია ბ, : გვ.15]

მიწის სურნელი სამშობლოს სუნად აღიქმება, ნახნავების ყანების პეიზაჟებში ყველაზე ცხოვლად აღიქმება სამშობლო.  მიწას ქართველისთვის აუცილებლად ახლავს თან სამშობლოს ცნება, ხოლო მიწა რომელსაც მოშორდება სამშობლოს კონოტაცია, გადაიქცევა „ბერწ“ მიწად.  მიწის სურნელს თან ახლავს ყველაზე ავთენტური ტოპოსი- სოფელი.  ნაივური სივრცე, სუფთაა, ალალი და მაღალზნეობრივი. ამ კუთხით შეიძლება ნათესაობრივი კავშირი ვიპოვოთ პაოლო იაშვილის ლექსთან „წერილი დედას“-  ბექა ახალაიაც ურბანული და პრულალური სივრცის კონტრასტულ სახეებს გვთავაზობს.

ეკლესიების განათება პროჟექტორებით, მტვრის სიმუქე, მანქანების ნათება, თითქოს ურბანული ქაოსის შეგრძნებას ბადებს, ედვარდ მუნკი  „კივილის“ გმირის პოზაში „მშვიდობის“ ხიდზე მდგარ პოეტს წარმოგტადგენინებს, თუმცა ამ ქალაქს ჯერ კიდევ შერჩა რაღავ ცოცხალი.

პოეზიაში  ასე ბუნებრივი და ფესვგადგმული სურათი, ცაზე მწკრივად მფრინავი ჩიტების გუნდი, სრულიად ახალმა, ქაოტურმა, უსულო და უესთეტიკო სურათმა ჩაანაცვლა-მასკის მფრინავმა სატელიტებმა.

ლექსი პირობითად, შეგვიძლია სამ ნაწილად გავყოთ, სამ სურათად, პირველი, კლდის წვერზე მდგარი ციხე-სიმაგრის, მეორე სოფლისა და მესამე-ქალაქის პეიზაჟი. სამივე სურათის დანახვას მოჰყვება ფიქრი, გაფიქრება რომელიც რეფრენის სახით გვხვდება ლექსში :

“სამშობლოვ, დიახაც ლამაზო,

მოთქმა და წუწუნი რომ გიყვარს,

რამდენი წელია, თამაშობ,

ბოლოდან მეორე მოჰიკანს?!” [ახალაია ბ, : გვ.15]

ყოველი გაფიქრება იწყება მესამე პირის ნაცვალსახელით („შენ კი გაჰყურებ….“) თუმცა მაინც პოეტური აპლომბია, რადგან ლირიკული გმირი თავადაა პოეტი და პოეტური მზერაც საკუთარ თავშია ჩაბრუნებული. სამშობლოს მიმართ შეძახილიც პოეტისვეა.

როგორც ვთქვით, ბექა ახალას პოეტური სტილია კომპოზიციური სრულყოფა, ამ კუთხით არც ეს ლექსია გამონაკლისი. იგი ვერბლანს წარმოადგენს,არ გვხვდება რითმა,მაგრამ გვაქვს მარცვალთა მოწესრიგებული რაოდენობა, ყოველი სტრიქონი 14 მარცვლიანია (4/5/5),  ხოლო 9 მარცვლიან რეფრენში გვხვდება არაზუსტი რითმა.

ლექსის ემოციურ მხარეში მთავარ როლს რეფრენი თამაშობს, ვფიქრობ რაღაც ახლებური და კონგენიალური სამშობლოსადმი მიმართვის ფორმა შემოგვთავაზა პოეტმა, უამრავი პოზიცია წაგვიკითხავს სამშობლოს მისამართით, აღმატებულიც, გაღმერთებულიც, მოკრძალებული თუ სხვ. მაგრამ ასეთი „ახლობლური“, უპირობო სიყვარულის დამტევი იშვიათად თუ შემხვედრია. ეს რეფრენული სტროფი თავისი ჟღერადობის წყალობითაც მარტივად ასაკვიატებელია. თითქოს მანტრაა სამშობლოსთვის საღიღინო.

 

 

ნაწყვეტი რომანიდან

0

თირთე ბაწაშს ყველაფერზე მეტად კითხვა უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ გიმნაზიაში სწავლის დროს კარგი მოსწავლე იყო, წიგნს ვერ იტანდა. კითხვა გიმნაზიის დასრულების შემდეგ დაიწყო. ერთხელ, სახლიდან მორიგი გაქცევის დროს, ბედისასთან იყო. ბედისას ოცდაათამდე თუ ორმოცამდე, თავისი საყვარელი წიგნი ჰქონდა თაროებზე ჩამწკრივებული, მაგრამ თირთეს ამ წიგნებისადმი დიდი ინტერესი არასოდეს გამოუხატავს, თეჯი უფრო ეტანებოდა და, პოეზიის გარდა, ყველა მათგანი ჰქონდა წაკითხული. ერთხელ კი, როცა ბედისა და თირთე ნარდს თამაშობდნენ, ბედისამ თამაშის გამწვავება გადაწყვიტა:
– რამეზე ვითამაშოთ.
– მაინც რაზე?!
– თუ წააგებ, ჩემს ამორჩეულ ერთ წიგნს წაიკითხავ და მერე შინაარს მომიყვები.
– და შენ თუ წააგებ?!
– მე თუ წავაგებ… – ჩაფიქრდა ბედისა.
– ჩვენს სახლში მოხვალ. რამდენი წელია, არ ყოფილხარ. – თვალები აუციმციმდა თირთეს.
– მგონი, სულ გააფრინე.
– უბრალოდ, ეზოში შეხვალ და უცებ გამოხვალ უკან.
– გეყოფა, ახლა, ეგეთებს არ ვართ. – გაეღიმა ბედისას, მაგრამ ეტყობოდა, ცოტა მიწოლაღა უნდოდა.
– მაშინ საერთოდ არ ვითამაშებ! – გაჯიუტდა თირთე.
– რა ხარ შენ! კარგი, მასე იყოს!
თირთეს წიგნის წაკითხვის პერსპექტივა ტანში ზარავდა, მაგრამ ბედისას მხრიდან თამასა ისე მაღლა იყო აწეული, რომ უკან დახევა არაფრით შეიძლებოდა. დათქმული ექვსი ხელი ითამაშეს და თირთემ წააგო. ბედისამ დიდი ფიქრის შემდეგ “მადამ ბოვარი” გადმოიღო თაროდან და ძმისშვილს მისცა, სამ დღეში უნდა დაესრულებინა. თირთე ფეხს ითრევდა, მთელი იმ საღამოს და მეორე დღის განმავლობაში რას არ აკეთებდა, რომ საწოლთან, სკამზე დადებული წიგნი არ გადაეშალა, ისეთ რამეებსაც აკეთებდა, რასაც ადრე ვერ იტანდა, სკიდან ფიჭის ამოღებაშიც კი დაეხმარა ბედისას. ტყუილად დებ მაგ საქმეს, მაინც მოგიწევს წაკითხვა, რაც უფრო მალე დაიწყებ, უფრო მალე დაამთავრებო, გააფრთხილა მამიდამ. თირთეს სხვა გზა არ ჰქონდა, ამიტომ საღამოს, ლამფის შუქზე, წიგნი გადაშალა და კითხვამ ისე შეიყოლა, რომ ვერც გაიგო, როგორ გადავიდა შუაღამე. მეორე დღეს თვალის გახელისთანავე გააგრძელა კითხვა, საუზმე ლოგინში მოუტანა ბედისამ. “მადამ ბოვარის” წაკითხვის შემდეგ მიხვდა, რამხელა რაღაცას იკლებდა მთელი იმ დროის განმავლობაში. სოფლის მოსაწყენ ერთფეროვნებასთან საბრძოლველად საოცარი საშუალება აღმოაჩინა. ბედისას ყველა წიგნი წაიკითხა და მერე დაბის ბიბლიოთეკიდან დაიწყო წიგნების გამოტანა. რამე ფულს თუ მოიგდებდა ხელში, მაღაზიაში ან ბუკინისტებში ყიდულობდა წიგნებს და რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მოუგროვდა. ჭკუიდან იშლებოდა, როცა ვამეხი და ვაჩე პარავდნენ ხოლმე წიგნებს და ყდას – მასრის საცობად, ფურცლებს კი ორთქლის ძრავის ღუმელის დასანთებად იყენებდნენ სამხერხაო-სახელოსნოში. ყოველთვის ხვდებოდა, როცა წიგნი აკლდებოდა მის ბიბლიოთეკას. მგონი, ყოველ დილით ითვლის ეს შობელძაღლიო, თავს აქნევდა ვამეხი.
– ხელი არ დააკაროთ ჩემს წიგნებს, თქვე უწიგნურებო! თქვენთვის წიგნს და შალაშინს ერთი ფასი აქვს! – ისტერიკაში ვარდებოდა თირთე. ბოლოს ბოქლომი იყიდა და ჩაკეტა თავისი და თავისი დის (მაშინ თეჯი ჯერ კიდევ არ იყო გათხოვილი) ოთახის კარი. გასაღები გულზე ეკიდა. ბოქლომს მეორე გასაღებიც მოჰყვებოდა, მაგრამ თეჯის არ მისცა, ბოთე ხარ, ან გამოგტყუებენ ან მოგპარავენო. ამიტომ, როცა ოთახში შესვლა უნდოდა თეჯის, თირთესთვის უწევდა გასაღების თხოვნა. ამის გამოც სულ ჩხუბი ჰქონდათ:
– რა ვქნა, გადავიდე ამ სახლიდან?! მარტომ იცხოვრე მაგ ოთახში ბარემ! – უყვიროდა თეჯი, მაგრამ თირთე პოზიციების დათმობას არ აპირებდა. ზოგჯერ, როცა ვამეხი და ვაჩე სანადიროდ დააპირებდნენ წასვლას და ვაზნები იყო დასატენი, რატის მიუგზავნიდნენ ხოლმე თირთეს, იქნებ რამე სქელყდიანი წიგნი ჰქონდეს, რომელიც არ ჭირდებაო.
– ყველა წიგნი მჭირდება! – არ ტყდებოდა თირთე.
– ამდენი რაში გჭირდება?! – თვალს ააყოლებდა ხოლმე გაკვირვებული რატი თავის აწყობილ თაროებზე ჩამწკრივებულ წიგნებს. – ყდა მაინც შემოვაცალოთ, ყდა რაღათ უნდა.
– ბიჭო, გამასწარი ახლა აქედან! – ძმისკენ იწევდა თირთე.
ზოგჯერ რატი რომელიმე სქელტანიან წიგნს გადმოიღებდა თაროდან და დას ჰკითხავდა, ეს თუ გაქვს წაკითხულიო. კიო, ეუბნებოდა თირთე. კი, აბა, მაგას დაგიჯერებ, რომ ამხელა წიგნი წაიკითხეო, ეჭვით აქნევდა თავს რატი და ხელით წონიდა უშველებელ წიგნს. დადე ეგ წიგნი თავის ადგილზეო, ეღიმებოდა თირთეს. ზოგჯერ, დალაგების დროს, ქეთევანიც ახედავდა ხოლმე თაროებს, იცოდა, მის უმცროს ქალიშვილს ყველა წიგნი რომ ჰქონდა წაკითხული და თავისთვის ჩაილაპარაკებდა, შვილო, ამდენი წიგნი როგორ გეტევა მაგ თავშიო. ქეთევანი, თავისი დისგან განსხვავებით, წიგნთან ვერ მეგობრობდა. მისი და ცნობილი ქალი იყო – მწერალი და ქალთა უფლებების დამცველი. გოგოობაში ქეთევანზე უფრო დამყოლი გახლდათ, ქეთევანის გათხოვების მერე მამამ ისიც გარიგებით გაათხოვა. კითხვა ქმრის სახლში ისწავლა და მერე წიგნიდან თავი არ აუღია (მამამთილს, რომელიც მასწავლებელი იყო, დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა), ინტელექტთან ერთად სითამამეც ემატებოდა და რამდენიმე წელიწადში სრულიად სხვა ადამიანი გახდა, მისი სიმორცხვე და დამყოლი ხასიათი სადღაც გაქრა. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჟურნალი ჰქონდა გამოწერილი და იქიდან ამოკითხული იდეებით დაიწყო ცხოვრება, საოჯახო საქმეებს თავი მიანება, მეზობელ ქალებსაც იმავეს ჩასჩიჩინებდა და ზოგიერთი მათგანი აიყოლია კიდეც. ქალების ქმრებმა მის ქმარს შესჩივლეს, ცოლი აზრზე მოიყვანეო, ქმარმაც მისი ჟურნალების დაწვა სცადა და წინააღმდეგობას რომ წააწყდა, თმაში ჩაავლო ხელი და მთელ ეზოში ათრია. ქალი მამამთილის თანადგომას ელოდა, რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც მას უგებდა, თუმცა მანაც ზურგი შეაქცია, ამიტომ მესამე დღეს, კარგად ნაცემი, გაიპარა და თავის სახლში დაბრუნდა. იმავე საღამოს ყვირილით და გინებით მიაკითხა ქმარმა, მაგრამ ქეთევანის დამ ფანჯრიდან თოფი დაუშინა, ქმარი და მისი თანმხლებნი ამას არ ელოდნენ და უკანმოუხედავად გაიქცნენ, ქმარი მერე აღარ მოსულა, კაცი გამოუგზავნა, დაბრუნდიო, თუმცა ქეთევანის დამ ისიც უარით გაისტუმრა. ამის შემდეგ გადაფერდებული და თითქმის დაქცეული სახლი რამდენიმე ნათესავს გაამაგრებინა, შეძლებისდაგვარად გაამართინა და იქ ცხოვრობდა მარტო რამდენიმე წლის მანძილზე. თირთეს უყვარდა დეიდასთან სტუმრობა. ქეთევანი ვამეხს ატყუებდა ხოლმე, მოხუცი მამიდის სანახავად მივდივარო, სინამდვილეში კი თავის დასთან მიდიოდა და თირთე და თეჯიც მიჰყავდა. ვამეხს გულზე არ ეხატებოდა ცოლისდა, ცოლისდასაც ეზიზღებოდა ვამეხი, რადგან მშვენივრად იცოდა, როგორ ექცეოდა ქეთევანს. ერთხელ თეჯის წამოცდა, რომ წინა დღით დეიდასთან იყვნენ და ვამეხმა ქეთევანი ცემა:
– რომ გენდობი, ასე მიხდი სამაგიეროს, არა?! – ყვიროდა ვამეხი. – მაგ ბოზმა ბავშვებს კარგი რა უნდა ასწავლოს! გინდა, შენი შვილებიც მასეთი არანორმალურები გაიზარდონ?!
– უმცროსი დაა ჩემი, რა ვქნა, მარტო როგორ მივაგდო… – კნაოდა ქეთევანი.
– მერე შენ იარე, ბავშვები სად დაგყავს ან მე რას მატყუებ! – თმით ეჭირა ვამეხს ძირს დავარდნილი ცოლი და შეჰყვიროდა სახეში.
– ბავშვებიც მისი სისხლი და ხორცი არიან… – უჩვეულო სიმტკიცეს იჩენდა ქეთევანი.
– შენ რამდენს ლაპარაკობ! ახლა გაჩვენებ სისხლს! – იყვირა ვამეხმა და მარჯვენა მუშტი ორჯერ ჩაარტყა სახეში, ქეთევანს ცხვირიდან შადრევანივით წასკდა სისხლი. ვამეხი მიხვდა, რომ საკმარისი იყო, წამოდგა და მუცელში ჩააზილა წიხლი, მერე კი კართან მდგარ, აკივლებულ თირთეს და თეჯის აუარა გვერდი და გარეთ გავიდა. მამა გასული ნახეს თუ არა, ბავშვები დედასთან მიცვივდნენ და ჩაეხუტნენ. სახეგასისხლიანებული ქეთევანი ძლივს წამოიმართა, სკამზე დაგდებულ მოსასხამს მიწვდა და თავისი შარდის გუბეს დააფარა (ყოველი ცემის დროს ასე ემართებოდა, შარდს ვერ იკავებდა), არ უნდოდა, ბავშვებს ენახათ. სისხლის გუბეს არაუშავდა, მაგრამ შარდი არ უნდა ენახათ. არადა, შემდეგ, როცა თირთე წამოიზარდა და ახსენდებოდა ხოლმე, როგორ სცემდა მამა დედას, ერთმანეთში არეული შარდის და სისხლის გუბეები ედგა თვალწინ სულ. ქეთევანი იატაკზე იწვა და ტირილის თავიც არ ჰქონდა, ერთადერთი, რასაც ახერხებდა, ის იყო, რომ აკივლებული ბავშვები ჰყავდა მკერდში ჩახუტებული და ჩურჩულებდა, დაწყნარდით, კარგად ვარ, დედიკო კარგადააო. საკმაო ხანს იწვნენ ასე, ბავშვები გაჩუმდნენ და ტირილით დაღლილებს, ლამის იყო, ჩასძინებოდათ, ძლივს ახელდნენ თვალებს, ახლაღა იგრძნეს სისხლის და შარდის სუნი, მაგრამ ისე ტკბილად ედოთ თავები დედის მკერდზე, რომ აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ერთმანეთს შესცქეროდნენ სახეში. თეჯიმ დაინახა, უცებ როგორ გაუფართოვდა თირთეს დაწვრილებული თვალები და როგორ აევსო ბრაზით, როგორ აიღო თავი დედის მკერდიდან და მას დააჩერდა ზევიდან:
– შენი ბრალია! შენი ბრალია! რატომ ჩაუშვი დედა?!
თეჯიც გამოფხიზლდა, ახლაღა გააცნობიერა თავისი დანაშაული.
– გაჩუმდი, გოგო! მისი ბრალი არ არის! – ძლივს ამოთქვა ქეთევანმა.
– კი, მისი ბრალია. მას რომ არ ეთქვა, მამა საიდან მიხვდებოდა, სად ვიყავით?!
– არ არის მეთქი მისი ბრალი!
თეჯი კარგად ხვდებოდა, რომ მისი ბრალი იყო და დედის თანადგომამ ისე აუჩუყა გული, ტირილი მოუნდა, მაგრამ წეღან იმდენი იტირა, ერთი წვეთი ცრემლიც არ გადმოუვიდა, მხოლოდ დამანჭულ სახეს მალავდა დედის მკერდში. სანამ ქეთევანი კიდევ ამოთქვამდა რამეს, თირთემ დას თმაში ჩაავლო ხელი და თავისკენ გადაათრია:
– ჩამშვებო! მოღალატე! ნაგავო! – კიოდა და სახეში ურტყამდა გაშლილ ხელებს. მიუხედავად იმისა, რომ თეჯი თირთეზე უფროსი და ტანითაც უფრო დიდი იყო, თირთე ყოველთვის ერეოდა მოუქნელ და მშიშარა უფროს დას. ერთადერთი, რაც ჩხუბის დროს თეჯის შეეძლო, მოკუნტვა იყო, ისე იკუნტებოდა, ლამის ბარძაყებს შორის ჰქონდა თავი ჩარგული, და სახეზე იფარებდა ხელებს. არადა, ერთი მკლავი რომ მოექნია, კედელზე მიანარცხებდა უმცროს დას, მაგრამ სად ჰქონდა მაგისი გამბედაობა. მერეც, დიდობაში, როცა ხუმრობით დაეჭიდებოდნენ ერთმანეთს, გამხდარი თირთე ისე მარტივად წააქცევდა ხოლმე ძვალმსხვილ თეჯის, საყურებლად სასაცილოც კი იყო. თეჯი ახლაც მოკუნტული იწვა, ზურგით დედის ბარძაყს იყო მიკრული და დანაშაულის გრძნობა ხმის ამოღების საშუალებასაც არ აძლევდა. ქეთევანი რაღაცას ჩურჩულებდა და უღონო მკლავებით ამაოდ ცდილობდა, უმცროსი ქალიშვილი უფროსისთვის მოეშორებინა. ვერაფერი რომ ვერ გააწყო, ისევ იატაკზე დაწვა, რაც კი ძალა ჰქონდა შემორჩენილი, მოიკრიბა და იკივლა:
– გაჩერდი!
თეჯი უცებ მოეგო გონს, დის ცემა შეწყვიტა და დედას შეხედა, რომელსაც უცებ ისტერიული ტირილი აუვარდა. როცა ვამეხი ცემდა, არასოდეს არ ტიროდა ხოლმე, არც წეღან უტირია, ამ ყველაფერს იმის გამო კი არ აკეთებდა, ქმრისთვის ენახებინა, რა მაგარი ვარო, არა, უბრალოდ, არ ეტირებოდა ხოლმე. ახლა კი, რაც შიგნით ჰქონდა დაგუბებული, ერთ წამოკივლებას ამოაყოლა. ტიროდა მთელი არსებით და დაბეგვილი გვერდები ტკიოდა, ცრემლმა გახეთქილი ტუჩი აუწვა. ვერაფრით ჩერდებოდა.
– დე, ნუ ტირი, გთხოვ! – ეხვეწებოდნენ ბავშვები და თმაზე ეფერებოდნენ.
– ნახე, შევრიგდით, აღარ ვეჩხუბები. ნახე, როგორ ვეფერები. – ეუბნებოდა თირთე, თეჯის სახეზე უსვამდა ხელს და ეხუტებოდა. ქეთევანს კი მათი ბავშვური დამშვიდება კიდევ უფრო ატირებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ძლივს დამშვიდდა.
ამის შემდეგ დასთან კარგა ხანს არ წასულა. გულში დას ადანაშაულებდა, დატეულიყო ქმართან, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდაო, თითქოს, ისე აკლდა ცემა-ტყება. ბოლოს მაინც დაიწყო დასთან სიარული, ოღონდ ბავშვები აღარ დაჰყავდა. მთელი იმ დროის მანძილზე, რაც ქმარს გაშორდა და სახლში დაბრუნდა, ქეთევანის და ერთხელაც არ მისულა მშობლების საფლავზე, მიზეზი მამა იყო, თორემ დედას არაფერს ერჩოდა, მაგრამ დედის საფლავზე თუ მივიდოდა, ეს მამის საფლავზე მისვლასაც ნიშნავდა, ამიტომ ერჩივნა, საერთოდ არ მისულიყო. მამაა მაინც, შენი მშობელიაო, ეუბნებოდა ქეთევანი.
– მამა კი არა, ეგოისტი ნაბიჭვარი იყო! ნივთებივით გაგვაჩუქა ორივე!
– ეგ ჩვენს სასიკეთოდ გააკეთა. – მამის გამართლებას ცდილობდა ქეთევანი, თუმცა მშვენივრად იცოდა, რომ უმცროსი და სიმართლეს ამბობდა.
– შენ რა, სულელი ხარ?! რომელს გაგვიკეთა მაგით სიკეთე?! – ბრაზობდა უმცროსი და, გახედვაც არ უნდოდა იქითკენ, სადაც სასაფლაო იყო. რამდენიმე წლიანი მარტო ცხოვრების შემდეგ ქეთევანს მოეთათბირა, სახლი და საფართობე ყანა გაყიდა და საგუბერნიო ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად (აღებული ფულიდან ქეთევანსაც ეკუთვნოდა წილი, მაგრამ არ გამოურთმევია). ქალაქში წასვლის წინა საღამოს ორი მნიშვნელოვანი რამ გააკეთა: პირველი ის იყო, რომ მშობლების საფლავზე მივიდა, რადგან იცოდა, იქ აღარასოდეს დაბრუნდებოდა და, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მოიხადა შვილის ვალი. როცა იქაურობას ასუფთავებდა, ძალიან ეცადა, არ ეტირა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ჩაიცუცქა, შუბლი მუხლებზე დაწყობილ მკლავებზე ჩამოდო და კარგა ხანს ტიროდა უხმოდ. მერე საკუთარ თავზე გაბრზადა სისუსტის გამოვლენისთვის, უცებ მიხვდა, რომ, რაც არ უნდა ძლიერი ქალის როლი ეთამაშა, შინაგანად მაინც გულჩვილი და სუსტი იყო, ამ აღმოჩენამ გააცოფა და სწორედ ამის საკომპენსაციოდ გააკეთა ის მეორე რამ, თორემ არც ჰქონდა გეგმაში. სახლში დაბრუნდა, დანა აიღო, მეზობლისგან ნათხოვარ ცხენზე შეჯდა და ყოფილი ქმრის სახლისკენ გაუდგა გზას. გასულ წელს მისმა ყოფილმა ქმარმა სხვა ცოლი მოიყვანა. ეს რომ გაიგო, შვებით ამოისუნთქა, საბოლოოდ მოვიშორეო. ორი კვირის წინ კი დაბაში შორიდან ნახა ყოფილი ქმარი, მისი ცოლი და მათი შვილი, რომელიც ცოლს ეჭირა ხელში. გულში მწარედ ჩაწყდა რაღაც, რადგან ყოველთვის ეგონა, მისი ქმარი იყო უნაყოფო და სწორედ ამიტომ არ უჩნდებოდათ ბავშვი, სინამდვილე კი სულ სხვა აღმოჩნდა. ახლაც ამის გამო უფრო გახლდათ გაბრაზებული, მაგრამ თავს ირწმუნებდა, შურისძიების მიზეზი ეგაა, რომ მცემაო. როცა ყოფილი ქმრის სახლამდე მიაღწია, ცხენი მოშორებით მიაბა ხეზე, თვითონ კი ეზოში ჩუმად შეიპარა, ეზოში ორი სახლი იდგა – ოდა და პატარა სახლი, სადაც ცხოვრობდნენ. პატარა სახლის ლაფაროს ამოეფარა და ფანჯარაში შეიხედა, მთელი ოჯახი მაგიდასთან იჯდა და ვახშმობდა. იმ სოფლამდე, დაბასთან სიახლოვის გამო, ელექტროენერგია მოყვანილი იყო, და განათებულ ოთახში კარგად ჩანდა სუფრასთან მსხდომთა სახეები, ყოფილი დედამთილი და მამამთილი საგრძნობლად მობერებულიყვნენ, მას შემდეგ არ უნახავს, რაც იქიდან წავიდა. დედამთილ-მამამთილთან (უფრო – მამამთილთან) ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველა მათგანი ეზიზღებოდა, ვინც სუფრასთან იჯდა, პატარა ბავშვიც კი, დედამისს რომ ეჭირა ხელში და აჭმევდა. მაშინ, დაბაში, ყოფილი ქმრის ცოლის სახე კარგად ვერ შეათვალიერა, ბავშვის ნახვამ ისე იმოქმედა მასზე, რომ არაფრის თავი არ ჰქონდა, ახლა კი შეეძლო, ენახა, როგორი იყო. შეუხედავი არ ეთქმოდა, მაგრამ სილამაზით მისი ნახევარიც არ გახლდათ და ამან ცოტა გამოუკეთა ხასიათი. ყოფილმა მამამთილმა დოქიდან წყალი დაისხა და მერე დოქი, ალბათ – ცარიელი, თავის ვაჟიშვილს გაუწოდა. ეს უკანასკნელი ადგა და კარისკენ წამოვიდა. ქეთევანის და ისევ ლაფაროს ამოეფარა და სახლის კიდიდან უყურებდა, დერეფანში გამოსულმა მისმა ყოფილმა ქმარმა როგორ აანთო შუქი, მერე დერეფნის გვერდითა კედელზე მიდგმულ ძელსკამზე ჩამწკრივებული სათლებიდან ერთ-ერთი აიღო და დოქის ავსება დაიწყო წყლით. წინ იყო გადახრილი, მის ზურგს და უკანალს ხედავდა, ძალიან ხელსაყრელი დრო იყო და გადადგა კიდეც ნაბიჯი, მაგრამ რაღაცამ შეაყოვნა, ამასობაში კაცმა სათლი ისევ ძელსკამზე დადო, დოქი აიღო და შინ შევიდა. ქეთევანის დამ ქვედა ტუჩზე მაგრად იკბინა წეღანდელი ორჭოფობის გამო, არც იცოდა, ასეთი შანსი ხელმეორედ მიეცემოდა თუ არა. ერთი პირობა, სახლში წასვლაც კი დააპირა, მაგრამ მერე დარჩენა არჩია. იცოდა, იმ ოჯახში ვახშმობა ხანგრძლივი რიტუალი იყო და კარგა ხანს მოუწევდა ლოდინი, სანამ მორჩებოდნენ. გადაწყვეტილი ჰქონდა, ვისთან ერთადაც არ უნდა გამოსულიყო გარეთ მისი ქმარი, გასაკეთებელი მაინც გაეკეთებინა. ამობრუნებულ, ძირგატეხილ ქვაბზე ჩამოჯდა, რომელიც ლაფაროში ეგდო, და ეზოს გახედა, მთვარიანი ღამე იყო. ეზოში შემოსვლისთანავე შეამჩნია, რომ მისი საყვავილე ბოსტნისთვის მიეერთებინათ, სადღა იყო მისი ნალოლიავები ყვავილები. ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ჟურნალის დამატება ყვავილების ჯიშებს და მათი მოვლა-გახარების წესებს ეთმობოდა, მითითებული იყო ასევე მაღაზიის მისამართი, საიდანაც თესლების გამოწერა შეიძლებოდა. ქეთევანის დამ უამრავი ყვავილის თესლი გამოიწერა და მშვენიერი ყვავილნარი მოაწყო, რომელიც სახლიდან ჭიშკრამდე გასდევდა ბოსტნის ღობეს. როცა აქ გადმოვიდა საცხოვრებლად, თავიდან შვება იგრძნო, რადგან ნორმალურ სახლში მაინც ცხოვრობდა და, არც საჭმელი აკლდა, თავის სახლში კი ხშირად მშიერი იყო. მარტო დარჩენილ მამას ნათესავი ქალი უვლიდა და ყოველ კვირა მათაც უგზავნიდა სამყოფ საჭმელს. მერე, როცა წიგნების და ჟურნალის კითხვა დაიწყო, ის შვება სადღაც გაქრა, ახლა უკვე აღარ მოსწონდა აქ ყოფნა, გააცნობიერა, მისდა დაუკითხავად, როგორ გაასხვისეს ნივთივით. მაშინ მამა უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც გრძნობდა აგრესიას მის მიმართ. თავიდან ქმარი შეუყვარდასავით, თუმცა უკვე ისიც სრულიად უცხო გახდა, რაღაც სხვა უნდოდა, არ ხიბლავდა ოჯახის ქალობა, ოღონდ, უნდა ითქვას, რომ ამას დიდად არც არავინ აძალებდა, თვითონ ხატავდა თავის ყოფას ზედმეტად დრამატულად, მეზობლის ქალებთან შედარებით დედოფალივით ცხოვრობდა, მაგრამ მაინც კაცების მსხვერპლად, დამონებულ ქალად მოჰქონდა თავი, ერთადერთი შვება ყვავილების მოვლა იყო. ყვავილნარის გადახურვას და ორანჟერეის გაკეთებას აპირებდა, ქმარიც დაითანხმა, თუმცა არ დასცალდა. თუ ყვავილებს არ უვლიდა, ეზოს კუთხეში მდგარ ფანჩატურში, მეზობლის ქალებს უკითხავდა ჟურნალში დაბეჭდილ სტატიებს და მონდომებით ცდილობდა, მათი თვითშეგნების ამაღლებას. ახლა აღარც ფანჩატური იყო და აღარც – მისი ყვავილნარი. როცა აქედან გაიქცა, ერთადერთი, რაც ენატრებოდა, ყვავილნარი გახლდათ. პირველ თვეებში რამდენჯერმე მოვიდა ჭიშკართან და მალულად გადმოხედა თავის ყვავილებს, მერე თავი აიძულა, რომ ეგენიც დაევიწყებინა, და დაივიწყა კიდეც. მეზობლის ეზოში ძაღლმა დაიყეფა და ფიქრებიდან გამოარკვია, წამოდგა და ისევ ფანჯარაში შეიხედა, ახლაღა შეამჩნია, რომ ისევ ის ძველი, ნაცრისფერი ფარდა ეკიდა, რომელიც სულ ნერვებს უშლიდა, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა ჰქონდა. ფარდის კუთხიდან ოთახის სიღრმისკენ გაიხედა, ისევ ვახშმობდნენ. ის იყო, ლაფაროში დაბრუნებას აპირებდა, რომ დედის კალთაში მჯდარი ბავშვი მაგიდის კიდეზე დადგმულ დოქს წაეპოტინა და გადმოაგდო. დოქი ნამსხვრევებად იქცა, ბავშვს ხმაურის შეეშინდა და ტირილი დაიწყო, ძლივს დააწყნარეს. დედამთილმა ნამსხვრევები მოგავა, იატაკი მოწმინდა და ისევ მაგიდას მიუჯდა. ყოფილმა ქმარმა კი ახალი დოქი ჩამოიღო თაროდან და ისევ დერეფნისკენ წამოვიდა. ეს უკანასკნელი შანსი იყო, ქეთევანის და ისევ ლაფაროს აეკრა და დანა მაგრად ჩაბღუჯა. კაცმა შუქი აანთო, ჯერ ცოტა წყალი ჩაასხა დოქში, შეანჯღრია და გადმოღვარა, მერე კი სათლი ისევ აიღო და გამოვლებული დოქის ავსებას შეუდგა. ისევ იმ პოზაში იდგა, როგორც წინა გამოსვლის დროს. ქეთევანის და ფეხაკრეფით მიეპარა და დანა ჯერ – ერთ დუნდულში, შემდეგ კი მეორეში გაუყარა. კაცს სათლი გაუვარდა ხელიდან, ტკივილისგან აყვირებულმა ჩაიჩოქა და ძელსკამს ორივე ხელით წაეპოტინა, ძელსკამი გადმოყირავდა და სათლები ჩამოვარდა. სანამ ოჯახის წევრები ყვირილზე და ხმაურზე გარეთ გამოცვივდებოდნენ, ქეთევანის დამ კარი გარეთა რაზით ჩაკეტა და ყოფილ ქმართან დაბრუნდა. ეს ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოელოდა. მარცხენა თეძოზე გაწოლილ კაცს ეგონა, კიდევ უპირებდა დანის დარტყმას, ცარიელ სათლს იფარებდა ტანზე და სასაცილოდ აფართხალებდა ფეხებს:
– დღესვე გავუშვებ ცოლს და შენ მოგიყვან, თუ გინდა. ოღონდ არ მომკლა! სულ სხვანაირი ქმარი ვიქნები! – ლუღლუღებდა საცოდავად.
– ვის რად უნდა შენი ცოლობა, შე საცოდავო! – ეცინებოდა ქეთევაის დას. – ეგ იმისთვის, რომ მცემე!
სანამ სახლში მყოფები უკანა კარიდან გამოსვლას მოიფიქრებდნენ, ქეთევანის და ეზოდან გავიდა, ცხენს მოახტა და სახლისკენ გააჭენა. ეს იყო პირველი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი მის ცხოვრებაში, საოცარ სიხარულს გრძნობდა. სულ რამდენიმე საათის წინ თუ ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში, ახლა დარწმუნებული იყო, რომ ამიერიდან ვერავინ დაჩაგრავდა. ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვდა, რადგან მისი ქმარი, უხერხულ ადგილას დაჭრის გამო, ამ ამბავს არ გაახმაურებდა. უცებ ყვირილი მოუნდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა, ცხენმა უფრო უმატა სირბილს, ფლოქვების ყრუ ხმა ისმოდა ღამის სიბნელეში.
დილით საგუბერნიო ქალაქში გაემგზავრა და სახლ-კარის და საფართობე მიწის გაყიდვიდან აღებული ფულით პატარა სახლი იყიდა. ქეთევანს უნდოდა, თირთეს და თეჯის დეიდასთან ეცხოვრათ, როცა გიმნაზიაში დაიწყეს სწავლა, მაგრამ ვამეხისთვის ამის თქმა მორიგ ჯერზე წიხლქვეშ გაგდებას ნიშნავდა. გოგოები ნათესავებს მიაბარეს, მაგრამ თირთე, ცოტა რომ წამოიზარდა, სულ დეიდასთან დადიოდა ხოლმე. თეჯის დიდად არ უყვარდა დეიდასთან წასვლა, რადგან ეს უკანასკნელი სულ შენიშვნებს აძლევდა თავისი შემგუებლური და დამყოლი ხასიათის გამო, თეჯის ასაკში თვითონაც ეგეთი იყო, ხოდა, მისი ყურება თავის თავს ახსენებდა და ცუდ ხასიათზე დგებოდა ხოლმე. თირთეზე გიჟდებოდა, რადგან ხედავდა, რომ თავს არავის დააჩაგვრინებდა. ნეტავ, მეც ასეთი ვყოფილიყავი ბავშვობიდან, დამცირებაში გატარებულ იმ წლებს ხომ ავიცილებდი თავიდანო, ფიქრობდა თავისთვის. თირთეს კი ეუბნებოდა, ჩემი და მამიდაშენის ხასიათი მხოლოდ შენ დაგვყვა, ეს შენი და ბატია ჩვეულებრივიო. ის და ბედისა დიდ პატივს სცემდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენჯერმე იყვნენ შენახვედრი.
– გიჟი გიჟს ცნობს! – ხუმრობდა ხოლმე ვამეხი, რომელმაც კარგად იცოდა თავისი დის და ცოლისდის ურთიერთსიმპათიის შესახებ. როცა ქალიშვილების მოსანახულებლად ჩადიოდა ქალაქში, ნათესავებს თხოვდა, ბავშვები მაგ ქალს არ გააკაროთო. არა, როგორ გეკადრებაო, უარობდა ნათესავი ცოლ-ქმარი, მაგრამ, როცა სტუმარს წასულს დაიგულებდნენ, თირთეს ისევ უშვებდნენ დეიდასთან, რადგან სახლშიც სიწყნარე იყო და, არც საჭმელი ეხარჯებოდათ. დეიდას თირთე დემონსტრაციებზე დაჰყავდა, ხან გენერალ-გუბერნატორის სასახლესთან ითხოვდნენ ქალთა საარჩევნო თუ სხვა უფლებებს, ხან კი დედაქალაქში ჩადიოდნენ და, იქაურ თანამებრძოლებთან ერთად, მეფისნაცვლის სასახლის წინ ითხოვდნენ იმავეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...