კვირა, მაისი 31, 2026
31 მაისი, კვირა, 2026

სიმართლე და ლიტერატურა

0

ცხოვრება ხშირად გვაყენებს დილემების წინაშე. ხშირად გვიწევს სიმართლისა და ტყუილის, სწორისა და არასწორის, თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევა… ლიტერატურაც, ცხადია, ცხოვრების მიბაძვაა, როგორც არისტოტელე, კაცობრიობის ძველთაძველი ბრძენი იტყოდა. თუმცა, თუ ოსკარ უაილდს დავუჯერებთ, ხელოვნება და ლიტერატურა სულაც არაა ცხოვრების მიბაძვა, ცხოვრების სარკე. ის მხოლოდ მაყურებელსა თუ მკითხველს აირეკლავს. მაგრამ სწორედ ეს თეზისი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომელზეც ახლა ვწერ. ამიტომაც ლიტერატურაც ასეთ დილემებს გვთავაზობს და ხშირად ჩვენ გვიტოვებს კითხვის ნიშნებს, ჩვენ გვიტოვებს გადასაწყვეტ საკითხებს.

პერსონაჟები ხშირად დგებიან დილემების წინაშე, და ხშირად ამ დილემების გადაწყვეტას მოაქვს მთავარი – ჩვენ ვხედავთ, როგორ მეტამორფოზს განიცდიან ისინი, როგორი მტკივნეულია ეს მათთვის და, შესაბამისად, მკითხველისთვისაც, რომელიც მათთან ერთად ღელავს და გულშემატკივრობს მათ.

ასეთი მაგალითები ქართულ ლიტერატურაშიც ბევრია. მარტო ალუდას მაგალითი რად ღირს ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემიდან, ან ჯოყოლასი, ან, ან… მარადიული დილემა, მარადიული ბრძოლა, მარადიული ჭიდილი საკუთარ თავთან, მარადიული კათარსისი და მარადიული გამარჯვება (თუნდაც ფიზიკური მარცხის შემთხვევაში) არის კიდეც მარადიული თემა ლიტერატურისა. პერსონაჟის მხატვრული სახის განვითარებისას მის შინაგან ბრძოლაში სწორედ მხარის არჩევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რა გზას ადგება იგი? სიკეთისას თუ ბოროტებისას? ეს ფაქტორი განსაზღვრავს ტექსტის შემდგომ განვითარებასაც.

ისევ ალუდას მივუბრუნდეთ და ორი ადამიანური სიმართლის ურთიერთჭიდილს. განა მანამდე არ არის მართალი ალუდა, სანამ ისე იქცევა, როგორც დანარჩენები? განა თავისებურად მართალი არ არიან სხვა პერსონაჟებიც? ისინიც საკუთარ სიმართლეს იცავენ, საკუთარ ადათებს, და ან უბრალოდ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდათ, ან მათთვის „შეჩვეული ჭირი“ „შეუჩვეველ ლხინს ჯობია“… და თან, შენი სუბიექტური სიმართლე სიმართლეა მანამ, სანამ უსამართლობად არ გადაიქცევა, სანამ ობიექტურ ჭეშმარიტებას არ დაუპირისპირდება.

ლიტერატურა სარკეა ადამიანური გამოცდილებისა, ფიქრებისა და ქმედებისა. ის გვეხმარება პიროვნულ ზრდაში, ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბებაში, გვიღვიძებს თანაგრძნობას და განგვაცდევინებს კათარსისს. ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, მათი განსხვავებული ხედვის კუთხეს, ახალი პერსპექტივით ვიწყებთ სამყაროს შესწავლას და სწორედ ეს, სხვის შინაგან სამყაროში, სხვის სულში მოგზაურობა ავითარებს ჩვენში ახალ ადამიანს, რომელიც სხვისი სიმართლის გასაგებად, მისაღებად არის მზად…

ლიტერატურული გმირებისა თუ მწერლების მიერ წამოჭრილი მორალური დილემები ხშირად თავდაყირა აყენებს ჩვენს მრწამსსა თუ შეხედულებებს, დაგვაფიქრებს ჩვენს არჩევანზე, გვიბიძგებს პიროვნული ზრდისკენ. ლიტერატურა გვაძლევს სინანულის გამოცდილებას (გავიხსენოთ თუნდაც რასკოლნიკოვი დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელიდან“, მისი საოცარი მეტამორფოზი სწორედ ამისკენ მიმართავს მკითხველს).

ამ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ორუელის „1984-ს“ და ვერც მის სხვა ტექსტებს – სწორედ სხვადასხვა სიმართლის დაპირისპირებით მწერალი მკითხველს სამართლიანობას ასწავლის.

ასეთ გამოცდილებას გვახსენებენ სხვა ტექსტებიც: ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალში“ მთავარ პერსონაჟს გმირობა სწორედ საკუთარი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებამ შთააგონა. ამირი ებრძვის დანაშაულს, სინდისის ქენჯნას ავღანეთის მღელვარე ისტორიის ფონზე. მისი პირადი ჭეშმარიტება ღალატის შესახებ და პატიების სურვილი მკითხველს სინანულის საკუთარ გამოცდილებაზე დააფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამირის ისტორია უნიკალურია, ემოციური ჭეშმარიტებები (სირცხვილი, სინდისის ქენჯნა, სიყვარული და სინანული) უნივერსალურია.

ლიტერატურას შეუძლია გვაცინოს, გვატიროს, აგვაღელვოს, ემოციების ზღვა გაგვიჩინოს და დაგვიშროს, შეკითხვები დაგვისვას და მერე ან გაგვცეს პასუხი ამ კითხვებზე, ან თავად გვაიძულოს, ვეძებოთ პასუხები. იმას კი აუცილებლად გვეტყვის, რომ დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სიმართლე არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენივე სამართლიანობაა. მორალური დილემა, რომლის წინაშეც პერსონაჟები დგებიან, სწორედ სიკეთის არჩევანისკენ გვიბიძგებს, მისკენ მიგვითითებს, აგვამაღლებს.

ამ თემების წამოჭრით, ამ საკითხებზე მსჯელობით დავეხმარებით ჩვენს მოსწავლეებსაც, აღმოვაჩენინოთ და გადავაჭრევინოთ მორალური დილემები. მაგალითებად კი ლიტერატურულ პერსონაჟებს გამოვიყენებთ, რომლებიც მარადიულ კითხვებს ჩვენზე გაცილებით კვალიფიციურად გასცემენ პასუხს.

 

„ქებათა ქება“, როგორც რიზომა ­— „სულიკოს“, „აღმართ-აღმართის“ და აკაკის სხვა არდასავიწყებელი ტექსტების გამო

0

ეს ტექსტები იმ პროგრამიდან არ უნდა ამოეღოთ! — მე და ჩემი ბავშვები მათზე ბევრს ვსაუბრობდით და ამ საუბარში საღი აზრი და სიყვარული იბადებოდა, სიყვარული დაკვირვებისა და ჭვრეტისადმი, შემეცნებისადმი, ტექსტებისადმი, ლიტერატურისადმი, ბუნებისადმი, ავტორებისადმი, ერთმანეთისადმი… ისეთი, პავლესმიერი სიყვარული და ასეთიც, სოლომონისეული:

ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. ავდგებიმეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნიმეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული? (ქებათა ქება, თავი 4).

და ჩვენ, ყოველ ჯერზე, მათზე საუბარს ასე ვიწყებდით. მერე ვაგრძელებდით, რომ ყოველი ტექსტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სუნთქავს, ზემოქმედებს, გააჩნია ძალა, მეხსიერება და მდგომარეობანი — სტატიკური ან დინამიკური, რომელთა შესაბამისად, მიძინებულია ან აქტიური და ცდილობს ჩვენს შეყოლიებას, აღელვებას, დამშვიდებას, გამხიარულებას თუ დაფიქრებას. ტექსტებს სხეულიც აქვთ, ორგანოებიც: თავი, ტანი, თვალები, გული, ძარღვთა სისტემა, ფეხები და ხელებიც კი და თავიანთი ავტორებივით ადევნება, ჩახუტება და უკვდავებაც კი შეუძლიათ. ტექსტებს ზოგჯერ უჩინმაჩინის ქუდი ახურავთ, მაშინაც ჩნდებიან, როცა გვინდა და მაშინაც — როცა არ გვინდა, ერთგულებაც ისე შეუძლიათ, გეგონება, რომ ერთი გული აქვთ, ერთი აზრი თუ ერთი წადილი.

მერე ასევე განვაგრძობდით, რომ ტექსტებს მშობიარობაც შეუძლიათ, ამის შესახებ ხომ უკვე სხვებისთვისაც დავწერე[1] და იმის შესახებაც, რომ ყოველი ტექსტი ინტერტექსტია[2], კვლავ და კვლავ წერაში კი ერთი უცვლელი ღირებულება — სიცოცხლე —იკვეთება და მას, ვისაც რა უნდა, იმას უწოდებს. სადღაც ჯილ დელიოზსა და ფელიქს გვატარსაც ვახსენებდით, — ისინი ამბობდნენ, სამყაროს სახე წარმოადგენს ხეს, უფრო ზუსტად, ფესვი ხე-სამყაროს სახეა და წიგნის პირველი ტიპი წიგნი-ფესვია, მისი კანონი კი ასახვის კანონია, „ერთი“ ყოველთვის ხდება ორიო. მათ მიერვე შემოტანილ ტერმინს ვზომავდით. ეს ტერმინი რიზომაა, — ისინი დასძენდნენ, რიზომა, როგორც მიწის ქვეშ ჩაზრდილი ღერო, რადიკალურად განსხვავდება ძირებისა და ფესვებისაგანო, რიზომა — ეს ბოლქვები და ტუბერებია წანაზარდების სხვადასხვა ხაზით, არასისტემური და მოულოდნელი განსხვავებებით, რომელთაც არ ძალუძთ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რაიმე თვისების ქონა-არქონით. პირიქით, რიზომის შემთხვევაში, ღერო შეიძლება განვითარდეს ყველა მიმართულებით და მიიღოს სხვადასხვა კონფიგურაციაო. მერე რიზომის სხვა განმარტებებსაც გავკრავდით კბილს[3], ფოტოებსაც მიმოვიხილავდით[4][5]) და ვმსჯელობდით.

 

მოდით, ამჯერად ჩავთვალოთ, რომ სოლომონს მიკუთვნებული „ქებათა ქება“ — „ქებაჲ ქებათაჲ არის რიზომა.

როგორც ცნობილია, წიგნი „ქებათა ქება“ ძვ. წ.-ის, დაახლოებით, 1020 წელს, ძველი ისრაელის მეფის, სოლომონს მიეწერება და მოგვითხრობს მწყემსი ბიჭისა და შულამელი გოგონას სასიყვარულო ამბავს. თუ რატომ ვამბობთ, რომ ეს ტექსტი სოლომონ მეფეს მიეწერება ან მას მიკუთვნებულია, — ეს სულ სხვა, ერთი-ორად საინტერესო საკითხია, რომელზე პასუხს ღმრთისა და მოყვასისათვის წამებული მამა, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე, გრიგოლ ფერაძე გვცემს „ჯვარი ვაზისას“ 1932 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნებული თავისი ნაშრომით — „ქებათა ქება“. ის ბრძანებს: „ამ წიგნის სახელია უფრო „შაირთა შაირი“, ვინაიდან ებრაული „შირ“ (წიგნს ქვია ებრაულად „შირ ჰაშირიმ“) და არაბულად — „შაირუნ“, უდრიან არა მხოლოდ ფილოლოგიურად, არამედ ეტიმოლოგიურადაც ჩვენ „შაირს“, რომელიც სემიტურ წარმოშობისა უნდა იყოს. ასეთი თარგმანი თვით წიგნის შინაარსის გაგებასაც ძლიერ გააადვილებდა, მაგრამ რადგან დღეს ჩვენს ერში ამ შაირს და შაირობას დაკარგული აქვთ რუსთაველის დროის „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“-ს მნიშვნელობა, ვტოვებ ძველ სახელს — „ქებათა ქებასო“. ეს ქებანი შეგროვილია ხალხში ვიღაც უცნობი რედაქტორის მიერ და მაინცდამაინც ძლიერ სისტემატურად დალაგებულნი არ არიან და არც შეუბღალავად და უცდომილნოდ გადმოცემულნიო[6]. მათ მღეროდნენ აშუღები, პროფესიონალი მომღერლები, მომეტებულ წილად, ქორწილის დროს, რომელიც გრძელდებოდა ურიასტანში ერთი კვირა და რომლის დროს სიძეს ერქვა სახელად — „მეფე“… შეიძლება, ესენი იყვნენ უკეთესნი სხვა შაირებზე და ან შეიძლება ესენი ეკუთვნიან ერთ პროვინციას, სადაც თვით რედაქტორი ცხოვრობდა ან და მწყემსური მოსახლეობა იყოო.

გრიგოლ ფერაძე შესაძლოდ მიიჩნევს, რომ ამ შაირთაგან რამდენიმე, შესაძლოა, ეკუთვნოდეს სოლომონს, მაგრამ უფრო ჰგონია, რომ სოლომონი არის „მხოლოდ სინონიმი ახალგაზრდობის, ძალის და სიყვარულისა. მკვლევარი იქვე დაასკვნის, — ასეა თუ ისე, ჩვენ თვალწინ უუძველესი პოეზიაა კაცობრიობის და ამავე დროსაც უულამაზესიც. ჩვენ თვალწინ იშლება სრულიად ბუნებრივი სიყვარული ორ სქესის შორის — ორ ახალგაზრდა არსებათა შორის, მხოლოდ სიყვარულისათვის და ნაყოფისათვისო.

აღნიშნული განმარტება ძირფესვიანად ცვლის „ქებათა ქების“ მანამდელ განმარტებებს. მაგალითად, მე-10 საუკუნის, მრავალმხრივ საინტერესო „შატბერდის კრებულში“ დაცული, წმინდა იპოლიტე რომაელს მიკუთვნებული „თარგმანებაჲ ქებათა ქებათაჲს“ მიხედვით, „მეუფე“ ქრისტეა.

ჩვენც დავაკვირდეთ და ბავშვებიც დავაკვირვოთ, ამ „თარგმანებაში“ ფრაზა —„ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ შუენიერ [უმჯობეს] არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა“ — აი, როგორაა განმარტებული: „… სახჱ ესე ერისაჲ მის არს, რომელი ესე ევედრების ზეცისასა მას სიტყუასა, რაჲთა ამბოვრს-უყოს, რამეთუ პირი პირსა შეხებად ჰნებავს. რამეთუ ძალი სულისაჲ თჳსა მომართ შეყოფად ჰნებავს… და იტყჳს რომელ არს ესე თავადი: მცნებათა მათ მიერ, რომელთა ამცნებს შემოყოფილ ჩემდა ესე, რამეთუ პირისა მისგან სიყუარული არს, ღირს-მყავ[7]. როგორი განმარტებაა? — სანდო? სახალისო და ცოტა კომიკური? — ბავშვებს უყვართ ამ კიტხვაზე დაფიქრება და გამოპასუხებაც.

„ქებაჲ ქებათას“ სხვა ტექსტებისაგან[8] განსხვავებით, იპოლიტე რომაელს მიკუთვნებულ, ციტირებულ აბზაცში არსად ჩანს ფრაზა: „სძალი ეტყჳს“. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვთ, ვეფხისტყაოსანში ავთანდილს ვინ აუხსნა სიყვარული? და ტარიელს? — რა თქმა უნდა, ქალებმა, სძლებმა. გამოდის, „ვეფხისტყაოსანიც“ „ქებათა ქების“ რიზომას მობმული ერთი ყველაზე მშვენიერი ბოლქვი თუ ტუბურაა? არაფერს ვამბობ აკაკის „ქებათა ქებაზე“.

არ უნდა ამოგეღოთ, უნდა ჩაგემატებინათ! ტონი მორისონივით მეც ვფიქრობ, სოლომონის ებათა ქებას“ „უნდა უსმინო, როგორც გრძელ, უსასრულო სიმღერას“, და მისამღერივით იმეორო სიტყვები: „ო, სოლომონ, ნუ დამტოვებ, ტკბილო კაცო, ნუ დამტოვებ, ბუბა… იალე… ტამბე“… ბავშვებთან ერთად უნდა უსმინოთ და ერთად იმღეროთ — ვინძლო, ამ მრუმე ყოფიერებაში ეს სანატრელი ტექსტი მათ ცხოვრებას ყველაზე მეტად გაალამაზებდა!

 

[1] მარიამ გოდუაძე, ბორხესი, ორუელი, ლომოური, კინგი — პრობლემის პრობლემები თუ როგორ მშობიარობენ ტექსტები? https://mastsavlebeli.ge/?p=39728

[2] მარიამ გოდუაძე, ერთი აუდიოაღწერა სამი მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის, ანუ, რას გვიყვება როკო ირემაშვილის „დავითი“, https://mastsavlebeli.ge/?p=41331

[3] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=13466

[4] https://en.wikipedia.org/wiki/Rhizome

[5] Altტექსტი ფოტოსთვის: კოჭას/ჯანჯაფილის/ჯინჯერის რიზომა — ერთმანეთთან დაკავშირებული ბოლქვები, მწვანე ამონაყრებით

[6] გრიგოლ ფერაძე, ქებათა ქება, ჯვარი ვაზისა, პარიზი, 1932, N 2. გვ.35. https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/81199/1/Jvari_Vazisa_1932_N2.pdf

[7] შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბაქარ გიგინეიშვილმა და ელგუჯა გიუნაშვილმა, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1979, გვ. 251.

[8] https://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/qeb1-8.htm; https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-1.htm;

 

საშინაო დავალება – პროექტი „ანოტაცია“

0

საშუალო საფეხურზე მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ჩვენს სკოლებში მთელი 12 წლის განმავლობაში მოსწავლე, მეტწილად, პასიური მონაწილეა სწავლა-სწავლების პროცესისა. მას ავალებენ და ისიც აკეთებს იმას, რასაც ავალებენ, ისე, როგორც ავალებენ დაწყებით საფეხურზეც, საბაზოზეც და საშუალო საფეხურზეც, როცა ჩვენ წინ უკვე შემოქმედებითი ენერგიითა და თვითგამოხატვის დაუოკებელი იმპულსებით სავსე ახალგაზრდები არიან.

ვთქვათ პირდაპირ – სასკოლო ცხოვრება უკიდურესად სტანდარტიზებული და ცენტრალიზებულია.

 

შემოქმედებითი დავალებები კარგი საშუალებაა ამ სტანდარტიზებული ჩარჩოების (მატრიცების) გასარღვევად. ერთ ასეთს გთავაზობთ სწორედ:

 

მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ქართულის გაკვეთილზე შეიძლება განვავითაროთ, არის:

 

  • წასაკითხი ტექსტის დამოუკიდებლად შერჩევა. შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება
  • კითხვა და წაკითხულის გაგება, გააზრება
  • ნააზრევის წერილობით ჩამოყალიბება
  • შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის მკითხველამდე მიწოდება
  • დავალების შესრულების ვადის განსაზღვრა და „ბოლო ვადის“ დაცვა დამოუკიდებლად
  • სხვათა ნააზრევის მოსმენა და მოსმენილის გაგება, გააზრება
  • მოსმენილის მიხედვით მოსაზრებების ჩამოყალიბება-გაზიარება

 

დავალება, რომელზეც წერილში ვისაუბრებ, ამ მიმართლებებით შესანიშნავად ააქტიურებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს.

 

როგორ არჩევთ ხოლმე წასაკითხ წიგნებს?

გისაუბრიათ ამ თემაზე მოსწავლეებთან? წიგნების მაღაზიაში ან გამომცემლობების სტენდებთან, ფესტივალებზე, რა კრიტერიუმებით არჩევთ საკითხავს?

 

პასუხად ამ კითხვებზე ვინმე აუცილებლად ახსენებს – „ვკითხულობ წიგნის უკანა გვერდზე ან შესავალში დაწერილს ავტორსა და ტექსტსზე“. ამ პასუხიდან გამომდინარე კლასს ანოტაციის რაობასა და მნიშვნელობაზე შეგვიძლია გავესაუბროთ და დავალების პირობაც გავაცნოთ.

ინსტრუქცია

კლასში თითოეული მოსწავლე ირჩევს წიგნს. ჟანრი და მოცულობა არ განისაზღვრება. მოსწავლე არჩევანში სრულიად თავისუფალია. არჩეული წიგნის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ანოტაცია. ანოტაცია შეუძლიათ წარმოადგინონ სამი სხვადასხვა ფორმით:

  • ვიდეო
  • ზეპირი წარდგენა
  • წერილობითი (ნაბეჭდი ან ხელნაწერი)

მოსწავლეები ასევე თავისუფალნი არიან ჩაბარების ვადაში. განისაზღვრება მხოლოდ ბოლო ვადა (მიმდინარე სემესტრის ბოლო კვირა). ასე მოსწავლეებს შესაძლებობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ სამუშაო დატვირთვა და ფხიზლად იყვნენ, რომ ვადა არ გაეპაროთ. განსაკუთრებით უნდა იფხიზლონ მოსწავლეებმა, რომლებსაც ზეპირი წარდგენა აქვთ არჩეული – მათ მასწავლებელი ერთი დღით ადრე უნდა გააფრთხილონ, რომ მომდევნო გაკვეთილზე წარდგენას აპირებენ. მასწავლებელი გამოყოფს საჭირო დროს (ამასაც მოსწავლე საზღვრავს. ვიღაცას 5 წუთი დასჭირდება, ვიღაცას 8 ან 2) და გაკვეთილის დაწყებისას აცნობს კლასს მიმდინარე გაკვეთილის გეგმაში ცვლილებებს.

 

ერთჯერადი ინსტრუქციის მიღების შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას და ანოტაციის მომზადებას. მათ იციან, რომ ნებისმიერი კითხვით შეიძლება მიმართონ მასწავლებელს.

 

რასაკვირველია, ყველაზე მეტი კითხვა ეხება საკუთრივ ფორმატს – რას ნიშნავს ანოტაცია და როგორ იწერება ანოტაცია.

ქართულ ენაზე საძიებო სისტემაში იძებნება რამდენიმე საგულისხმო, საინტერესო სტატია თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ და თავად ამოიწერონ მახასიათებლები.

 

ამ წერილში გთავაზობთ ანოტაციის განმარტებასა და ნიმუშსაც. ზოგიერთი მოსწავლისთვის ნიმუში მნიშვნელოვანი სამარჯვია წერითი დავალების შესასრულებლად.

 

რას ნიშნავს ანოტაცია?

ანოტაცია ერთგვარი დახასიათებაა, „სარეკომენდაციო წერილი“, ოღონდ დაწერილი მკითხველის მიერ წაკითხულ წიგნზე. ანოტაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „შენიშვნას“. ანუ იმას, რაც აღნიშვნის, შენიშვნის, შეფასების, გამოყოფის „ღირსია“.

რისთვის/ვისთვის იწერება ანოტაცია?

ანოტაციის მიზანია ტექსტის აღწერა იმგვარად, რომ მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება ავტორზე, წიგნის შინაარსზე, ძირითად სიუჟეტურ ხაზზე, გმირებზე. ანოტაცია წარმოაჩენს ნაშრომის თავისებურებებს, მიმოიხილავს შინაარსობრივ მხარეს და განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება

რამხელა უნდა იყოს?

ანოტაცია მცირე მოცულობისაა. 150-200 სიტყვა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა შევუქმნათ სხვებს – რაზეა წიგნი? როგორია ანოტაციის ავტორის აზრით წიგნი? ვინაა ავტორი და რა ვიცით მასზე?

რა უნდა იყოს ანოტაციაში?

მოკლე ცნობები წიგნის ავტორის შესახებ, შესაძლოა, სახელწოდების, სათაურის, ქვესათაურების შესახებ მსჯელობა. დასაშვებია საინტერესო ფაქტების მოძიება-გადმოცემა გამოცემის(გამოშვების, შექმნის) ადგილსა და თარიღზე.

ანოტაციის ნიმუშები ხშირად წიგნების ყდების უკანა გვერდზეა ხოლმე მოთავსებული ავტორის სურათთან ერთად.

 

ჯერომ სელინჯერი „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“

 

 

„ რაღაცნაირი პირუკუღმა პარანოიკი ვარ. ასე მგონია, ადამიანები პირს კრავენ, რომ ბედნიერი გამხადონ“

ბადი გლასი, მთავარი გმირი

 

 

სელინჯერი ან გულითადი სიყვარულით უყვართ ან საერთოდ გაუგებრობად მიაჩნიათ. მის ტექსტებში არ ხდება არაფერი.

არასდროს არაფერი არ ხდება.

ტექსტები ან შინაგანი მონოლოგია, ან დიალოგი და საოცარი დაკვირვებები ყველასა და ყველაფერზე.

თუ გმირია მთხრობელი, ის აკვირდება და ამჩნევს სამყაროში გასაოცარ დეტალებს, ზუსტად, გამაოგნებელი სიცხადით აღწერს აღსაწერს.

„ ვენტილატორები გამოერთოთ და როცა ჰაერი ჩავისუნთქე, მომეჩვენა, თითქოს ბეწვის ქურქის ჯიბეში ვზივარ და ღრმად ვსუნთქავ-მეთქი!“

თუ დიალოგითაა გადმოცემული სათქმელი, მთქმელი ისე გამოხატავს საკუთარ მდგომარეობას, ფიქრობ – ეს ხომ მე ვარ. მეც მითქვამს, მიფიქრია. გამიკეთებია ასე!

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ ერთი დღის ამბავია. ბადი გლასი ძმის, სეიმურის ქორწილის დღეს აღწერს.

დღე ქაოსის, გაუგებრობების, ფორიაქის კორიანტელად იქცევა.

სიძე არ მოდის, სტუმრები გაოგნებულები, გაღიზიანებულები, დაღლილები არიან. ასეთ ვითარებაში ადამიანები მიჩქმალულ, ფარულ თვისებებს შესანიშნავად ამჟღავნებენ. სტრესსა და დაძაბულობაში ურთიერთობებიც წახნაგოვანი და საინტერესო ხდება.

მთავარი გმირი პატარძლის ოჯახის წევრებითა და ახლობლებითაა გარემოცული და ამ ფონზე მისი ოჯახის ამბავი, მისი ფაქიზი და ხისტი გრძნობები მკითხველის თვალწინ იშლება.

სელინჯერი დიდოსტატია და მისი სუპერძალა ადამიანის შინაგანი ბუნების, მდგომარეობის გამომზეურებაა. ამას ის მოგონებების, შინაგანი მონოლოგის, უწყვეტ ფიქრთა კასკადის სიტყვებში გადმოფრქვევით აღწევს.

ჯერომ სელინჯერის ტექსტები აფიქრებს, აღიმებს, ასევდიანებს, უფრო დაკვირვებულს ხდის მკითხველს.

კითხულობ და სწავლობ, გახდე უკეთესი ადამიანი. სუპერდამკვირვებელი. ცდილობ, ამოიცნო ეს გაუგებარი, მშვენიერი, მომნუსხველი სამყარო და საკუთარი თავი, ასეთივე გაუგებარი, დიდებული, განუმეორებელი და ღირსშესანიშნავი.

 

ძველი ამბები, ძველი ტექსტები და ფიქრები განათლებაზე

0

„მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა“ – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი სასიქადულო მოღვაწე ცოდნასა და განათლებას. ამ აზრამდე ქართული საზოგადოება ილიამდე საუკუნეებით ადრე მივიდა.

ქრისტიანობა რომ წიგნიერი რელიგიაა და ღვთისმსახურებისთვის აუცილებელია სპეციალური ლიტერატურის (და არამარტო საღვთო წიგნების) ცოდნა (და ამ ტექსტებში ნავიგაცია მარტივი საქმე ნამდვილად არ არის), ეს საყოველთაოდაა ცნობილი. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი ცნობილი ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერსონაჟები ავლენენ სასულიერო მწერლობის მიმართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველების, როგორც წიგნიერი ერის შესახებ, წარმოდგენა უძველეს ბერძნულ წყაროებშივე გვხვდება. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“ ნახსენებია, რომ კოლხებს ჰქონდათ ე.წ. კირბები (თიხის ფირფიტები), რომლებზეც ხმელეთისა და ზღვის საზღვრები იყო მონიშნული – ქაღალდის მოხმარებამდე ისინი აქტიურად იყენებდნენ წერისა თუ ჩანიშვნის მსგავს ტექნიკას.

ფარნავაზ მეფის ცხოვრება გავიხსენოთ – ლეონტი მროველის თქმით (სავსებით მოსალოდნელია, მისი წერის მანერიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობოდეს), ქართლის სამეფოს დამფუძნებელმა პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ქართული ენა სახელმწიფო რელიგიად აქცია და „შექმნა მწიგნობრობა ქართული“ – ეს ამბავი მართლაც ასეა თუ არა, ამაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, წიგნიერების როგორ საჭიროებას ხედავდნენ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში.

მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია ჩვენი ისტორიული წყაროებიდან, თუმცა მხოლოდ ერთს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობას გავიხსენებ: მეფეს ომშიც კი თან დაჰქონდა საკითხავი ლიტერატურა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა საგანმანათლებლო კერების შექმნას.

ისევ ჰაგიოგრაფიას დავუბრუნდეთ: სენაკში გადასულმა შუშანიკ დედოფალმა თან წაიღო ევანგელიე – სახარება – და წმინდა მოწამეთა წიგნები; ქართლში ჩამოსული აბო ქართულ ენასთან ერთად დამწერლობასაც სწავლობს, რადგან მას, როგორც ქრისტიანს, შესაბამისი სწავლების მიღება სურს…

არგუმენტები და მაგალითები უხვადაა ქართულ სასულიერო მწერლობაში, თუმცა განათლების თემასთან მიმართებაში საგანგებოდ უნდა გამოვყოთ „ზეცისა კაცსა და ქუეყანისა ანგელოზი“, „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“, გრიგოლ ხანძთელი, რომლის მოღვაწეობის მასშტაბი მხოლოდ ქართლიდან ტაო-კლარჯეთში გაპარვით და იქ რამდენიმე მონასტრის აგებით ნამდვილად არ შემოიფარგლება. რა წერია განათლებაზე გიორგი მერჩულის შესანიშნავ ტექსტში, რომელიც, დიდი მოღვაწის ცხოვრების აღწერის გარდა, შეიძლება ითქვას, ეპოქის მატიანეცაა. წერია ის, რომ გრიგოლ ხანძთელის „გულისხმიერებაი სწავლისაი განსაცვიფრებელ იყო ფრიად“. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართლში ცხოვრობდა და ფიქრადაც არ ჰქონდა გავლებული სამხრეთ საქართველოში გამგზავრება, მან მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ ღირსეული მოძღვარი სამაგალითო უნდა ყოფილიყო ყველასთვის. იცოდა და იყო კიდეც. გრიგოლ ხანძთელი ეცნობა სწავლობს სასულიერო ლიტერატურას, საგალობლებს („ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი“), ეუფლება არაერთ ენას, და როგორც ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ დამწერლობასაც. ესეც მისი პასუხისმგებლობიანობის მაჩვენებელია. იცის, რა სჭირდება, და ამის შესასწავლად არ ინანებს დროს. და რაც ყველაზე საინტერესოა, სასულიერო კულტურის აყვავების ეპოქაში გრიგოლ ხანძთელს არ ავიწყდება ფილოსოფოსთა ნაშრომები, მათ ნაწერებსაც ზედმიწევნითი ინტერესით ეუფლება (აქ კი შენიშნავს ავტორი, „რომელი პოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდისო“, მაგრამ, ფაქტია, ცოდნის სრულყოფისთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება წმინდა ბერს საკმარისად არ მიაჩნია). მისი ასეთი ინტერესი და გულმოდგინება სამაგალითოა არამხოლოდ იმ ეპოქისთვის, არამედ, შეიძლება ითქვას, უნივერსალური მოდელია კაცობრიობისთვის. სიტყვა „მოძღვარი“ ძველ ქართულში მასწავლებელს ნიშნავს, მასწავლებელმა კი, თუ სურს, რომ ასწავლოს, არც თავად არ უნდა შეწყვიტოს სწავლა, განვითარება. როცა ამ დიდი მოღვაწის საქმისადმი დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, თუ როგორ ემზადება ის ჯერ ბერობისთვის, მოძღვრობისთვის, და შემდეგ – წინამძღვრობისთვის. სანამ მონასტრების შენებას დაიწყებს, თავის მეგობრებთან ერთად ორი წელი ოპიზაში ცხოვრობს, იქ მცხოვრებთაგან ითვისებს სხვადასხვა უნარს. ამითაც არ კმაყოფილდება, გადის უდაბნოში და მეუდაბნოეებისგან სწავლობს სათნოებებს. ეს არაა მთხრობლის მიერ ფურცლის შესავსებად ან მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი ტექსტი. ის, რაც გრიგოლ ხანძთელმა ოპიზაში ცხოვრებისას აითვისა, ვხედავთ, როგორ გამოიყენა შემდგომი მოღვაწეობისას. ისიც აღსანიშნავია, რომ ხანძთის მონასტერიც უცებ, თავისთავად არ აშენებულა, თავიდან მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ბერები, მხოლოდ მოგვიანებით გადაწყვიტეს გაბრიელ დაფანჩულთან დაკავშირება, მასთან შეთანხმება. გრიგოლ ხანძთელი ალბათ საგანგებოდაც კი არჩევდა ღირსეულ მოკავშირეს და ყველასთან არც მივიდოდა, „არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა“. აგებულ მონასტერს წეს-განგება რომ სჭირდება, ამისთვისაც საგანგებოდ ზრუნავს წინამძღვარი, პირდაპირ მზა წესებს არ ენდობა, უცხოეთიდანაც ჩამოატანინებს და თავადაც შეისწავლის ადგილობრივ წესებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეადგენს საკუთარს, „სიბრძნით განსაზღვრებულს და მეცნიერებით განბრწყინვებულს“. მისი ასეთი დამოკიდებულებების გამო იქცევა იგი დიდებულ მოღვაწედ, ამიტომ იძენს უპირობო ავტორიტეტს სასულიერო თუ საერო მოღვაწეების, მათ შორის, მონარქების თვალშიც. გრიგოლ ხანძთელს ბევრი თვისება ჰქონდა, რომელთა გამოც იყო ის ასე აღიარებული ყველასგან, მაგრამ, დამეთანხმებით, მათ შორის უპირატესი მართლაც ის ცოდნა და შემდგომ უკვე გამოცდილება იყო, რომელმაც ასორი წლის ასაკამდე, გარდაცვალებამდე, და შემდეგაც შეუნარჩუნა მას ეს სახელი და ღირსება. მის მიერ დაარსებულ მწიგნობრულ კერებში, ხანძთასა და შატბერდში, აღიზარდა ის თაობა, რომელმაც საქმიანობა ღირსეულად გააგრძელა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი მოღვაწეობის, საერო პირებთან სწორი თანამშრომლობის შედეგად კი ტაო-კლარჯეთმა შეძლო, ჩაენაცვლებინა არაბებისგან განადგურებული ქართლი და ქვეყანა განვითარების გზაზე დაეყენებინა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, იმის გააზრება, რომ განათლება თავისუფლებაა, რომ მომავალი განათლებაშია, და რომ ის გვიხსნის უამრავ კარს, უამრავ შესაძლებლობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წერილს ისევ ილიას სიტყვებით დავასრულებ: „სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე“.

 

 

 

ხელისგულისოდენა ამბავი ოჯახურ სიყვარულზე – კლერ კიგანის „შვილობილი“

0

 

შობა გვიახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მყუდროდ საკითხავი და გულის გამთბობი წიგნების დრო მოდის. ამ წერილში სწორედ ერთ ასეთ წიგნს გირჩევთ, ამჯერად, თანამედროვე ირლანდიური ლიტერატურიდან – კლერ კიგანის „შვილობილს“.

წიგნი-მეთქი, ვამბობ და მოთხრობა კი არის, სულ 73 გვერდია, მაგრამ ისე სხარტად და ოსტატურადაა დაწერილი, კითხვისას პაუზების გაკეთება გინდება, რომ კარგად დაფიქრდე წაკითხულზე, შეიგრძნო, გაიჟღინთო იმ სამყაროთი ამ სამოცდაათ გვერდში რომ იქმნება. ეს ციცქნა წიგნი წაკითხვის შემდეგაც დიდხანს რჩება შენთან.

არადა, თითქოს სრულიად ბანალურ ამბავზეა: ხელმომჭირნე ოჯახი ერთ-ერთ ქალიშვილს ზაფხულში ნაცნობებს დაუტოვებს. კინსელები უშვილო ცოლ-ქმარია და პატარა გოგონას სიამოვნებით მასპინძლობენ, სიყვარულითა და სითბოთი. როგორ მოხდა, რომ ასეთ გაცვეთილ სიუჟეტზე დაწერილი წიგნი ასეთი მომნუსხველია?

ვფიქრობ, ამის მიზეზი სათანადო ატმოსფეროს შექმნაა, რის მოხერხებაც მცირე ზომის ტექსტში ძალზე რთულია და დიდ ოსტატობას მოითხოვს. კლერ კიგანი ამას, უპირველესად, სპეციფიკური პერსპექტივის არჩევით აღწევს – მთხრობელი ბავშვია და ამბავსაც თავიდან ბოლომდე მისი თვალით ვხედავთ. მაგრამ ეს მთხრობელი ბოლომდე სანდო ვერაა – ის ბევრ რამეს მხოლოდ ხედავს, თუმცა ვერ იაზრებს, ბევრ რამეს კი არ გვიყვება, თუმცა გულისხმობს. მაგალითად გამოდგება ბანაობის სცენა:

„ხელები დედაჩემისას მიუგავდა, მაგრამ მათში რაღაცას ვგრძნობდი, რაღაც ისეთს, რაც არასდროს მეგრძნო და არც ვიცოდი, რა დამერქმია. სიტყვებს ვერ ვპოულობდი, მაგრამ ეს ხომ უცხო ადგილი იყო, უცხო ადგილს კი ახალი სიტყვები სჭირდებოდა“ (გვ.20).

არც იმას გვიყვება, როგორ ცხოვრობენ სახლში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ქალბატონი კინსელასა და მისი ქმრის ქცევაში ეუცხოება, ზუსტად ვხვდებით, მისი ოჯახი როგორიცაა – რომ სიღარიბეში ბავშვებს მხოლოდ საჭმელი ან ტანსაცმელი კი არა, ყურადღება, სითბო და სიყვარულიც აკლდებათ. ამ მხრივ, გამორჩეულია ის ადგილი, ბატონი კინსელა რომ გადაწყვეტს, ახალი ტანსაცმელი ვუყიდოთო და შინიდან გასვლის წინ შენიშვნას მისცემს, მამაშენს არ უსწავლებია, ჯერ ხელები რომ უნდა დაიბანოო? დააკვირდით გოგონას რეაქციას:

„სკამზე გავშეშდი. ველოდი, რომ რაღაც უარესი მოხდებოდა, მაგრამ კინსელას აღარაფერი უქნია, უბრალოდ, იდგა, თითქოს საკუთარი სიტყვების გრგვინვით დაზაფრულიყო. როგორც კი შეატრიალდა, კიბეზე ავვარდი და სააბაზანოში შესვლა დავაპირე, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა.

  • მე ვარ, – გამომძახა ცოტა ხანში შიგნიდან ქალმა და მალე კარიც გააღო, – ბოდიში, რომ გალოდინე.

ტიროდა, მაგრამ არ რცხვენოდა“ (გვ. 38, ხაზი ყველგან ჩემია – ნ.ა.).

რაღა გამოდის? ასეთ უმნიშვნელო რამეზე ჩხუბი და დასჯა გოგონას ოჯახში ნორმაა, ტირილი კი სირცხვილად ითვლება.

კიდევ ერთი დეტალი – გოგონას ენურეზი აქვს, რასაც, რასაკვირველია, სახელს არ არქმევს. უბრალოდ, აღწერს, რომ ლოგინი სველია და ამცივნებს. ამ დროსაც დასჯას მოელის ქალბატონი კინსელასგან. ის კი ლეიბს უბრალოდ გასამზეურებლად გაიტანს, ნესტი რომაა, ამიტომ დასველდაო. გოგონას ეს დაავადებაც მინიშნებაა იმ ემოციურად მძიმე ყოფაზე, რომელთანაც თავის ოჯახში უწევს გამკლავება.

მეორე, რითაც ტექსტის უნიკალური ატმოსფერო იქმნება, საოცრად ცოცხალი პერსონაჟებია – მილდრედისთანა ჭორიკანა მეზობელი, მაგალითად, ალბათ, ყველას გვყავს. ეს ტრანსკულტურული და ტრანსნაციონალური ფენომენია – ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს და ყველგან ცხვირს ყოფს, გარშემომყოფთა მიმართ კი დიდად კეთილგანწყობილი არ არის. სწორედ მისგან შეიტყობს გოგონა სიმართლეს კინსელების ოჯახზე და იმასაც მიხვდება, ვისი ნაქონი ტანსაცმელი ეცვა, სანამ ახალს უყიდდნენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მოტივია ტექსტში და მისი ასე ორიგინალურად, თანდათან გაშლა, ყველაზე უსიამოვნო და უხიაგი პერსონაჟის პირით მოურიდებლად დაბრეხვება სწორედ იმ ტრაგიზმს სძენს ტექსტს, რომელიც საჭიროა. ეს ყველაზე ნამდვილი და ალალი გზაა კინსელების ტკივილის გადმოსაცემად – არმოყოლა, მხოლოდ ჩვენება.

საერთოდ, მთელი ტექსტი ამ პრინციპით არის დაწერილი – იქ ყველაფერი მხოლოდ ნაჩვენებია დასაწყისიდან ფინალამდე, რომელშიც ასეთი ფრაზა კი არ წერია: „იმ დღიდან ბატონი კინსელა მამასავით გახდა ჩემთვის“, არამედ ჩახუტების სცენაა აღწერილი, აღწერილია, როგორ ხედავს გოგონა გზას, ბატონი კინსელას უკან რომაა და თან ქალბატონი კინსელასთვის სურს თქმა, რომ ჭაში ჩავარდნის ამბავი საიდუმლოდ დარჩება, თან ბატონ კინსელას ვერ უშვებს:

„მაგრამ რაღაც უფრო ღრმა გრძნობა კინსელას მკლავებში დარჩენას მთხოვდა.

  • მამიკო, – გავაფრთხილე, დავუძახე, – მამიკო“.

არადა, სწორედ ჭა იყო ის ადგილი, ქალბატონმა კინსელამ რომ წაიყვანა გოგონა და უთხრა, ჩვენ საიდუმლოები არ გვაქვს ამ სახლში, რადგან საიდუმლო სირცხვილს იწვევსო. და სწორედ ჭას უკავშირდება მათი პირველი და ერთადერთი საიდუმლოც. ოღონდ, ეს ის საიდუმლო არაა, რომელიც სირცხვილს იწვევს, ეს სხვა საიდუმლოა – სიყვარულის საიდუმლო, სიყვარულისა, რომელიც მშობლების მიმართ უნდა ჰქონოდა და მშობლებისაგან უნდა მიეღო გოგონას და ამის ნაცვლად, სრულიად უცხო ადამიანებს დაუკავშირდა ამ გრძნობით.

პარადოქსია, არა? კარგი წიგნები სწორედ ასეთ პარადოქსებზე გვიამბობს…

საკერავი მანქანა

0

თვალებს ვხუჭავ და ვხედავ…

 

ზაფხულია, დღე საღამოსკენ არის წასული და შუადღესავით აღარ ცხელა. სოფელში ტახტზე ვარ წამოწოლილ-წამომჯდარი, კალთაში უზარმაზარი ჯამით ლეღვი მიდევს და დიახ, ყველაფრის ჭამას მე ვაპირებ. გარეთ კიდევ სამი დახუნძლული ხე დგას და იმასაც არ გამოვრიცხავ, ერთი დამატებითი ჯამი კიდევ ჩამოკრიფო.

 

ჯერ პატარა გოგო ვარ. ზაფხულში სოფლის სახლში ბებიას ანაბარა დატოვებული და სულაც არა ვგრძნობ თავს ცუდად. თუმცა, თვალი მაინც ხან კალენდრისკენ, ხანაც ეზოს ჭიშკრისკენ გამირბის – დედა ან მამა ხომ არ ჩამოვიდნენ.

 

დამავიწყდა მეთქვა, ამ ეპიზოდში მამა ჯერ კიდევ მყავს. მის სამუდამოდ წასვლამდე, სამი თვე კიდევ არის დარჩენილი. თუმცა, მე ეჭვადაც არაფერი მაქვს, ლეღვს გეახლებით და ქეთო ბებოს ვაკვირდები, რა ოსტატურად კერავს ლეიბის პირს საკერავ მანქანაზე.

 

  • შეიკერე, შეიკერეე, რომ ზამთარში შენ და ლეიბმა ქეთო დაათბოთოო – ლეიბის პირს წამღერებით ესაუბრება (ქეთო, რომელიც ზამთარში უნდა დაათბონ, მე ვარ).

 

საკერავი მანქანა „ზინგერია“. ბებო კიდევ – ჩემი ქეთო ბებოა, მეზობლებს სულ რომ ჩემზე ეწუწუნება.

ანაბარა, რა არის იცით,ქალებო?

უძველესი დროიდან ქალი, ჩემი ქეთო ბებოსავით კერავდა. მხოლოდ ძალიან შეძლებული ოჯახების ქალებს შეეძლოთ არ შეეკერათ და სხვებისთვის მიეცათ შეკვეთები. დანარჩენ ოჯახებში კი ყველაფერი იკერებოდა, დაწყებული ტანსაცმლიდან და დასრულებული ფარდებით.

 

კერვა პალეოლითში, მამონტების ეპოქაში დაიწყეს. გამოქვაბულებში ქვისგან გამოთლილი საკერავი ნემსებია ნაპოვნი. ქვის ხანაში კი მარტივი ქსოვილების დამზადება დაიწყეს და კერვაც უფრო განვითარდა. ძაფებად ცხოველების მყესებისგან დამზადებულ წვრილ თოკებს იყენებდნენ. აფრიკაში ძაფებად პალმის ფოთლების ბოჭკოებს იყენებდნენ.

 

ამერიკელი აბორიგენები აგავას ფოთლებს ალბობდნენ და იქიდან მიღებულ ბოჭკოებს წნავდნენ.

 

სამკერვალო მოწყობილობა, ნემსები და ძაფები გოგონების მზითვის აუცილებელ ატრიბუტიკას წარმოადგენდა და კერვა ყველას უნდა სცოდნოდა, რადგან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრამდე ადამიანები ახალ ტანსაცმელს იშვიათად ყიდულობდნენ. ჯერ ძველი უნდა გაცვეთილიყო ბოლომდე და ის ძველიც ათასნაირად უნდა დაეკერებინათ ან გადაეკეთებინათ.

 

სამრეწველო რევოლუციამ კერვა სახლიდან ფაბრიკაში გადაიტანა, სადაც გამოცდილი მკერავები საშუალო და მაღალი კლასებისთვის მზა ტანსაცმელს ამზადებდნენ. საკერავი მანქანის გამოგონება კი მათ მხსნელად იქცა.

 

თუმცა, ეს გამოგონება გვიან, პირველი სამრეწველო რევოლუციის მიწურულს მოხდა. ზოგადად, კერვის პროცესის ავტომატიზება რთული აღმოჩნდა და პირველი საკერავი მანქანა ინგლისელმა გამომგონებელმა თომას სეინტმა 1790 წელს დააპატენტა. 80 წლის შემდეგ ეს მანქანა ნახაზების მიხედვით კვლავ ააწყვეს და ის ახლა მუზეუმში იწონებს თავს. მიხვდით, ალბათ, რომ სეინტის მანქანა მასობრივად ვერ იქნა გამოყენებული. მასებზე მორგებული საკერავი, სეინტიდან 40 წლის შემდეგ, ფრანგმა ბართოლომეი ტიმონიემ შექმნა. საფრანგეთი ვიღაცებს ებრძოდა და დიდი რაოდენობით უნიფორმების შეკერვა გახდა აუცილებელი. ტიმონიეს მანქანამ პატენტი 1830 წელს მიიღო. პარიზში შეიქმნა სამკერვალო საამქროები, სადაც ეს მანქანები ადამიანებზე უფრო სწრაფად კერავდნენ. ალბათ, ამიტომ სულ ცოტა ხანში საამქრო დაწვეს…

 

დიახ, რობოტები წაგვართმევენ სამუშაოს – ახალი სულაც არ არის. იმ ხანებშიც იგივე შიში ჰქონდათ ადამიანებს.

 

სანამ ფრანგები საკერავ მანქანებს წვავდნენ, ამერიკაში 1832 წელს ახალი დიზაინის მანქანა გამოიგონეს, რომელიც გვირისტს ორი ძაფით ავლებდა. სხვათა შორის, შრომის გაკვეთილზე ეს ორი ძაფი სულ ერთმანეთში მეხლართებოდა და შენიშვნებს ვიღებდი.

 

1845 წელს ვინმე ელიას ჰაუს მიერ კიდევ ერთი ახალი მოდელი შეიქმნა. თუმცა დასანერგად ინვესტორები ვერ მოიძებნა. ამიტომ, ფულის მოსაძებნად ინგლისში წავიდა და უკან დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ მისი პატენტი და საავტორო უფლებები სასწაულად ირღვეოდა. სწორედ მისი საჩივრის ფონზე დაიწყო ხანა, რომელიც ისტორიაში „საკერავი მანქანების ომის“ სახელითაა ცნობილი. ეს „ომი“ საკმაო ხანს გაგრძელდა, სანამ 1856 წელს „სამკერვალო ტრესტი“ არ ჩამოყალიბდა, სადაც რამდენიმე დასახელების სამკერვალო მოდელი გაერთიანდა. თუმცა ყველა ეს მანქანა იყენებდა ჰაუს მიერ შექმნილი ნემსის მოდელს და ამიტომ, თითოეული გაყიდული მანქანიდან მისტერ ჰაუ ჰონორარს იღებდა.

 

ამ დროისთვის ცხოვრებისეულ დიდ სცენაზე შემობრძანებული და დამკვიდრებული გახლდათ აიზეკ მერიტ ზინგერი. ამ უკანასკნელს კაპიტალიზმის პირმშო ეშმაკისეულსაც უწოდებდნენ და ამბობდნენ, რომ ნიჭიერი, მაგრამ უსინდისო კაცი იყო. ზინგერმა შექმნა და დააპატენტა საკერავი მანქანის ის მოდელი, რომელიც თითქმის ყველანაირი ტიპის ქსოვილთან მუშაობდა და სამკერვალო საქმეს დღესაც აგრძელებს.

 

როდესაც სხვადასხვა ქსოვილებზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი მრავალფეროვნება ქიმიური წარმომავლობით არის განპირობებული. ზოგი მასალა მცენარეულია, ზოგიც ცხოველური.

 

მაგ. ბამბა, სელი და კანაფი მცენარეულია, მატყლი და აბრეშუმი კი ცხოველური.

ბუნებრივი ქსოვილებიდან ბამბა ყველაზე გავრცელებულია. რბილი და მოსახერხებელია, ჰაერს ატარებს; სინესტეს კარგად შთანთქავს, იაფიცაა. თუმცა, თავად მცენარეს პესტიციდები და ბევრი მორწყვა სჭირდება, ქსოვილი კი მალე იჭმუჭნება, გარეცხვისას ფორმას კარგავს.

 

სელი ქსოვილებისთვის უძველესი დროიდან გამოიყენება. ჰაერგამტარი, მსუბუქი, მდგრადი და გამძლეა. თავად მცენარეს პესტიციდები არ სჭირდება, წყალიც ნაკლები უნდა, ნაკეთობა გარემოში ადვილად დეგრადირდება და გადამუშავებას ექვემდებარება. თუმცა, იოლად იჭმუჭნება და დელიკატურ მოვლას მოითხოვს.

 

მატყლი არაჩვეულებრივი თბოიზოლატორია, რომელიც სხეულს სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება. მტვრის და ჭუჭყის მიმართ მდგრადია, ჰაერს კარგად ატარებს, ხმარებაში მოსახერხებელი და სასიამოვნოა. თუმცა, ტარებისას ბუსუსები უჩნდება, იჭმუჭნება, ზოგჯერ ალერგიას იწვევს. ცხელ წყალში არ ირეცხება და სასურველია, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაშრეს.

 

აბრეშუმი რბილი და მდგრადია, ექვემდებარება გადამუშავებას. თუმცა ძვირია და დელიკატურ მოვლას საჭიროებს.

 

სხვა საქმეა ხელოვნური და სინთეზური ქსოვილები. ხელოვნურ ქსოვილებს მიეკუთვნება ვისკოზა, მოდალი, აცეტატი, ლურექსი, ლიოცელი, ბამბუკი; სინთეზურია: ნაილონი, პოლიესტერი, აკრილი, ელასტანი.

 

ხელოვნური მასალა ბუნებრივისგან არის მიღებული, ოღონდ… ქიმიურადაა გადამუშავებული. ამიტომ მთლიანად ქიმიურსაც ვერ დავარქმევთ, მაგრამ ბოლომდე არც ბუნებრივია.

 

ვისკოზას ხშირად ტრაიონსაც უწოდებენ. ევროპაში ვისკოზაა, ჩრდილო ამერიკაში – ტრაიონი. ეს ბუნებრივი წარმომავლობის ხელოვნური ბოჭკოა. მიიღება ცელულოზის ქიმიური გადამუშავებით. ვისკოზა რბილი, იაფი, ანტისტატიკურია, ჰაერსაც ატარებს. თუმცა, ე.წ. „ბუსუსები“ ედება და ფორმასაც კარგავს. მისი წარმოებისას კარცეროგენური მასალები გამოიყენება. ვისკოზას გაუმჯობესებული ვარიანტი მოდალია. საწყის მასალას ევკალიპტის ან ბამბუკის ხისგან იღებენ. ნესტს იწოვს, არ ხუნდება, რბილი და ფაფუკია. არ იჭმუჭნება, ჰაერს ატარებს. მისი წარმოების დროსაც მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენება, თუმცა უფრო ნაკლები. ვისკოზასა და ბამბაზე ძვირია. შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.

 

სინთეზური ქსოვილებიდან პოლიესტერს ყველაზე ხშირად შეხვდებით. იაფია, მდგრადია, არ იჭმუჭნება, ფერს და ფორმას ინარჩუნებს, იოლად შრება. თუმცა… ცუდად ატარებს ჰაერს, იმუხტება, არ იშლება გარემოში, რეცხვისას მიკრონაწილაკებს გამოყოფს.

 

დღეისათვის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ პოლიესტერისგან დამზადებულ ტანსაცმელ იყენებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს კარადებში ეს მასალა ხშირად შეგვხვდება და თუ არ გჯერათ, გადმოალაგეთ თქვენი კაბა-შარვლები და ეტიკეტებზე შემადგენლობა დაათვალიერეთ.

 

გასულ კვირას სოფელს ჩვეულებისამებრ ვეწვიე. ვცდილობ, ხშირად ჩავიდე; სახლი დავასუფთაო, გავანიავო, მივეფერო და უთხრა, რომ ძველებურად მიყვარს. ბებოს „ზინგერი “ დიდი ხანია დაკეცილია. თუმცა, ეზოს სამეზობლო რკინის ბადიდან სხვა „ზინგერს“ ვხედავ. ეს ჩემი მეზობლის, ფიქრიას საკერავია. ჯერ კიდევ ბებოსგან ვიცი, რომ ფიქრიას ოქროს ხელები აქვს. თუმცა, ახლა უკვე საკერავად ვეღარ იცლის და ზინგერიც გარეთ, გადახურულ ტერასაზე გამოუდგამს.

ჩემთან სახლში კი ის ძველი ტახტი ისევ იმავე კუთხეში დგას. თუმცა, მოპირდაპირე მხარეს უკვე აღარავინ ახმიანებს „ზინგერს“.

სივრცის აუდიოაღწერა

0

(აუდიოდესკრიპცია)

აუდიოაღწერა /აუდიოდესკრიპცია უნივერსალური დიზაინის ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია და განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია უსინათლო და მცირემხედველი პირებისათვის სივრცეში უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით. ამ მხრივ კი მნიშვნელოვანია, აუდიოაღწერილი იყოს ის სასწავლო-საგანმანათლებლო თუ სხვა სივრცეები, რომლებშიც უსინათლო ან მცირემხედველ ბავშვებს/პირებს უწევთ გადაადგილება. აუდიოაღწერის ცოდნასა და მეთოდებს, პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით და HumanDoc-ის დახმარებით, რამდენიმე ეტაპად ვეუფლებით, ამჯერად — შვედეთისა და ბრიტანეთის უნივერსიტეტების პროფესორებისა და პოლონელი უსინათლო კონსულტანტების ჩართულობით. სიამოვნებით გიზიარებთ მათგან მიღებულ  და ჩვენით მოპოვებულ ცოდნას. ვიმედოვნებთ, ჩვენს ქვეყანაშიც ბევრი სივრცე აღიწერება და მოერგება ისინი უსინათლო პირების საჭიროებებს.

შენობის შედასივრცის ეფექტური აუდიოაღწერილობების შექმნა იმთავითვე მოიაზრებს დეტალურ, მკაფიო და საინტერესო სიტყვიერ ახსნა-განმარტებას, რომელიც გადასცემს ვიზუალურ ინფორმაციას უსინათლო ან მცირემხედველ პირებს. ინტერიერის ეფექტური აუდიოაღწერილობის შესაქმნელად გამოგვადგება ცოდნა, რომელიც რამდენიმე  საკითხად შეიძლება დაიყოს.

  1. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვიცნობდეთ აუდიტორიას. მოგვეთხოვება იმის დადგენა, თუ ვინ გამოიყენებს ჩვენ მიერ მომზადებულ აუდიოაღწერას და რა საჭიროებები გააჩნიათ ამ ადამიანებს. ვიცოდეთ ჩვენი აუდიტორია, ნიშნავს, გვესმოდეს, რომ ჩვენ აღვწერთ შინაარსს იმ პირებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა დონის ცოდნა ამ თემაზე.
  2. შეაგროვეთინფორმაცია. ამისთვის კი დაათვალიერეთშენობადადააზუსტეთ განლაგებისძირითადიმახასიათებლებიდამნიშვნელოვანიელემენტები. გამოყავით მნიშვნელოვანიასპექტები,  როგორიცაა:არქიტექტურულისტილი, გამოყენებულიმასალებიდასხვადასხვასივრცისდანიშნულება.
  3. მნიშვნელოვანია აღწერილობისსტრუქტურირება შემდეგი გეგმით:
  • შესავალშივე დაიწყეთშენობისმიმოხილვა, მისისახელის, დანიშნულებისადანებისმიერიშესაბამისიისტორიისჩათვლით.
  • აღწერეთცალკეულიოთახებიდატერიტორიებისისტემატურად, დაწყებულიშესასვლელიდან, გასასვლელით დამთავრებული.
  • განსაზღვრეთ ადგილმდებარეობა.მიუთითეთ,სადმდებარეობსოთახისხვაოთახებთანმიმართებით.
  • ზომადაფორმა — აღწერეთზომებიდაგანლაგება.
  • ძირითადიმახასიათებლები — მონიშნეთმნიშვნელოვანიელემენტები, როგორიცაა:ავეჯი, ნამუშევრები, კარ-ფანჯრებიდადეკორაციები.
  • ტექსტურების, ზედაპირების, ჩარჩოებისადაფერების აღსაწერადგამოიყენეთნათელიენა. ფერი შეადარეთ კარგად ნაცნობ საგნებს ან საკვებ პროდუქტებს, მაგალითად: წითელი — პომიდორს, ყვითელი — ლიმონს…
  • ფუნქციონალობა — ახსენით,რააქტივობებსანმიზნებსემსახურებათითოეულისივრცე
  1. გამოიყენეთ მარტივი და აღწერითი ლექსიკა. იყავით აღწერილობითი, გამოიყენეთ ნათელი და კონკრეტული ენა, რათა ნათლად წარმოაჩინოთ, რაც ხდება. მაგალითად, ნაცვლად „მაღალი სახლისა“, შეგვიძლია თქვათ: „თეთრი ქვით ნაგები, მაღალი სახლი წითელი კრამიტის გადახურვით“. გამოიყენეთ მიმანიშნებლები, როგორიცაა: „მარჯვნივ“, „მარცხნივ“, „წინ“ და სხვა.
  • წარმოსახვითი სურათისდასახატად აირჩიეთზუსტი, მაგრამშედარებითი/მიმსგავსებითიაღწერილობები.
  • მოერიდეთჟარგონსდაზედმეტადტექნიკურტერმინებს; შეინარჩუნეთ  გასაგები, თუმცამიმზიდველი ენა.
  • გონივრულადგამოიყენეთმსგავსებებიდამეტაფორებიგაგებისგასაუმჯობესებლად.
  1. ზოგან ჩართეთ იუმორიც, თუ ამის საშუალებას დრო და ფორმატი იძლევა.
  2. საჭიროებისშემთხვევაში, კარგი იქნება კონკრეტულიადგილებისშესახებ საინტერესოფაქტებისანისტორიების დამატება, რაც მატებსსიღრმესდაამდიდრებსმსმენელისგამოცდილებას.
  3. მართეთ ტემპიდატონი.
  • ილაპარაკეთნელადაგარკვევით, მიეცითმსმენელსდროინფორმაციისასათვისებლად. ცვალეთ ტემბრი და შეინარჩუნეთმიმზიდველიტონი, რათამსმენელიდაინტერესდეს.
  • გაითვალისწინეთფონურიხმები— ხმებიშენობიდან და გარე სივრცეებიდან. მოერიდეთძალიანსწრაფადლაპარაკს, დაუშვითგარკვეულიპაუზა, რათამსმენელმაშეძლოსინფორმაციისაღქმა.
  • შეინარჩუნეთნეიტრალურიტონი. აღწერაშიარუნდაჟღერდეს პირადიმოსაზრებები; ისუნდაიყოსობიექტურიდაფაქტობრივი. თქვენიტონი სიტუაციისამებრ, უნდაიყოსმიმზიდველი, მაგრამარა — ზედმეტადდრამატული. ამისათვის კი ივარჯიშეთ. წარმოიდგინეთ თავი მსმენლისადგილას. წარმოიდგინეთ, რადეტალების ნახვას ისურვებდით.
  1. შეამოწმეთთქვენიაღწერა. სთხოვეთ გადაკითხვა ენის კარგ მცოდნეს.
  2. გაუზიარეთაუდიოაღწერათქვენისამიზნეაუდიტორიისწევრებსგამოხმაურებისა და კრიტიკისთვის. შეაგროვეთგამოხმაურება: თუშესაძლებელია, მიიღეთგამოხმაურებამხედველობისდაქვეითებულიპირებისგანთქვენსაღწერილობებზე. მათიშეხედულებებიდაგეხმარებათ,დახვეწოთთქვენიმიდგომადაგახადოთისუფრომორგებული.
  3. მათი რეკომენდაციისამებრ, შეცვალეთ ტექსტი, რათაგაუმჯობესდესსიცხადედაჩართულობა.
  4. ჩაწერეთაღწერა.თუშესაძლებელია, აუდიოაღწერილობებს მოარგეთშესაბამისიხმოვანიეფექტებიანფონურიმუსიკა, რომელსაცშეუძლიაგააუმჯობესოსვიზუალურიატმოსფეროდაკონტექსტი.
  5. დარწმუნდით, რომაღწერილობებიკარგადუთავსდება გამოსახულებებს.
  6. გამოიყენეთკარგიხარისხისხმის აღჭურვილობამკაფიოხმოვანებისუზრუნველსაყოფად. მოერიდეთძალიანსწრაფადლაპარაკს, დაუშვითგარკვეულიპაუზა, რათამსმენელმაშეძლოსინფორმაციისაღქმა.
  7. აირჩიეთმშვიდიგარემოჩაწერისთვის, რათამინიმუმამდედაიყვანოთფონურიხმაური.
  8. უზრუნველყავით ხელმისაწვდომობა.დარწმუნდით, რომაუდიოაღწერაადვილადხელმისაწვდომიასხვადასხვაპლატფორმისსაშუალებით (მაგ., QR კოდები, ვებსაიტი, მობილურიაპლიკაცია). განიხილეთ ალტერნატიული ტექსტები. [1]

აუდიოაღწერის შესაქმნელად პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე, Chart gpt-ს ფოტო მივაწოდე და აღწერა ვთხოვე. მან ფოტო ვერ გარდაქმნა ტექსტად, თუმცა შემომთავაზა ნიმუში, რომლის ჩემ მიერ რედაქტირებულ ვერსიას ასევე სიამოვნებით გაგიზირებთ:

შესავალი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გრინფილდის საზოგადოებრივი ცენტრის შესასვლელთან. შიგნით შესვლისას თქვენ გელით ბუნებრივი სინათლის თბილი ნათება, რომელიც მიედინება დიდი, თაღოვანი ფანჯრებით. კედლები შეღებილია რბილი კრემისფრით, მორთულია ადგილობრივი მხატვრების მიერ შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებით.”

 

ოთახის აღწერა: თქვენგან ხელმარჯვნივ  ნახავთ მთავარი შეხვედრების დარბაზს. ის არის ფართო, მაღალი ჭერით და გაპრიალებული ხის იატაკით. ოთახი სავსეა მრგვალი მაგიდებით, რომლებიც გარშემორტყმულია კომფორტული სკამებით. დარბაზი შესანიშნავია შეკრებებისთვის. ჩრდილოეთის, შედარებით ღია ფერის კედელზე ჰკიდია დიდი დაფა, სხვებზე  კი წიგნებითა და რესურსებით სავსე თაროებია განთავსებული, თანამშრომლობისა და საზოგადოების ჩართულობისთვის.

იფიქრეთ, როგორ შექმნიდით თქვენი სივრცეების აღწერებს და გამიზიარეთ –  ერთად მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

[1] ამის შესახებ იხილეთ ჩვენი წერილი: https://mastsavlebeli.ge/?p=41547

Gen Z (თაობა Z) – თავისუფალი თაობა

0

ყოველი თაობა, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავე დროს გადადის ახალ ცხოვრებისეულ ეტაპზე, არის ახალი ძალა, რომელიც ქმნის ისტორიას.

ყველა თაობა მოიცავს უამრავ უნიკალურ ინდივიდს საკუთარი მოსაზრებებით, ღირებულებებით, ქცევებითა და მომავლის გეგმებით.

დღეს შრომითი ბაზარი შედგება ოთხი თაობისგან: ბეიბი ბუმერები, რომლებიც 1946-63 წლის შუალედში დაიბადნენ, X თაობა 1964 წლიდან 1980 წლამდე, Y თაობა, ანუ მილენიალები, 1981-96 წლამდე დაბადებულები და 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული Z თაობა (იგივე Gen Z, Generation Z). Gen Z თანამედროვე სამუშაო ძალის ყველაზე ახალგაზრდა რგოლია და როგორც სხვა ყველა თაობას, მასაც აქვს წინასგან განმასხვავებელი თვისებები. ამის შემდგომი თაობა ჯერ სამსახურის დაწყების ასაკამდე არ მისულა, ამიტომ ძირითადი აქცენტი თაობა Z-ზე კეთდება. ვინ არიან პოსტმილენიალები, რა სურთ ცხოვრებაში, რით განსხვავდებიან მშობლებისგან და წინა თაობაზე უკეთესი რით არიან.

დღეს მსოფლიოში Z თაობის წარმომადგენლები ყველაზე ბევრნი არიან, მაგრამ საქართველოში ეს თაობა ყველაზე ნაკლებია. ამ პერიოდში საქართველოში რთული პერიოდი იყო, ამიტომ ძალიან ბევრი Z თაობის წარმომადგენელი არ დაიბადა.

Gen Z მეორე ყველაზე ახალგაზრდა თაობაა, მილენიალებსა და თაობას ალფას შორის. მისი იდენტობა ჩამოყალიბდა ციფრული ხანის, კლიმატის ცვლილების, ეკონომიკური კრიზისისა და COVID-19-ის პერიოდში. მათ უწოდებენ ” ციფრულ აბორიგენებს ” – პირველ თაობას, რომელიც გაიზარდა ინტერნეტით. თაობა ფართო სპექტრს მოიცავს: ყველაზე ხანდაზმულს უკვე აქვთ სამუშაო და იპოთეკა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდები ჯერ კიდევ თინეიჯერები არიან. გლობალურად, Gen Z სწრაფად იზრდება.

World Data lab, Nielsen-ისა და GfK-ის ანგარიშის მიხედვით, თაობა Z იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი, მდიდარი და ყველაზე მრავალრიცხოვანი მომხმარებელთა თაობა. მიუხედავად იმისა, რომ სიმდიდრის დაგროვების სურვილი თაობიდან თაობამდე მცირდება, საშუალო Gen Z იქნება უფრო მდიდარი ვიდრე ცხოვრების იმავე ეტაპზე იყო საშუალო მილენიალი, ნათქვამია მოხსენებაში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Gen Z-ის რაოდენობა. მეცნიერთა პროგნოზით მოსახლეობის ზრდის ტემპი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შენელდება, მოსალოდნელია, რომ Gen Z იქნება ბოლო და ერთადერთი თაობა, რომელიც მიაღწევს 2 მილიარდ ადამიანს განვითარებად და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებმაც შეინარჩუნეს მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ტემპი.

2024 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ Gen Z შეადგენდა მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მეოთხედს – უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა თაობა – და ამავდროულად, გლობალური სამომხმარებლო დანახარჯების 17 % მათზე მოდის. 2030 წელს Gen Z კვლავ იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი თაობა. ამ დროისთვის მისი დანახარჯი 19 %-მდე გაიზრდება.

World Data lab, Nielsen-ისა და GfK-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2030 წლისთვის Gen Z იქნება ყველაზე მხარჯველი თაობა სუბსაჰარის აფრიკის, ინდოეთისა და პაკისტანის დიდ ნაწილში, ასევე ინდონეზიაში, ფილიპინებში, მექსიკასა და პერუში, სხვა ქვეყნებს შორის. ამავდროულად, ათწლეულები იქნებიან ყველაზე დიდი მხარჯველები ჩინეთში , რუსეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩილეში.

ექვსი წლის შემდეგ Gen Z კვლავ იქნება სამომხმარებლო ხარჯების დიდ ნაწილზე პასუხისმგებელი ევროპის რიგ ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებსა და კანადაში, ბრაზილიაში, კოლუმბიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში. საფრანგეთი და იაპონია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორისაა, სადაც Baby Boomers-ის თაობა დაიკავებს სამომხმარებლო ხარჯების უდიდეს წილს.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ Gen Z იქნება ყველაზე მრავალრიცხოვანი, მდიდარი და მხარჯველი თაობა, რადგან შემდეგ მოსახლეობის ზრდა შემცირდება. განსაკუთრებით იმ განვითარებად ქვეყნებში, რომლებმაც შეინარჩუნეს მოსახლეობის ზრდა, Gen Z უკვე არის ძალა, რომელიც ბაზარზე გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, ანგარიში ასკვნის, რომ ზოგიერთი პოპულარული სტერეოტიპის საწინააღმდეგოდ, მილენიალები და თაობა Z უარეს მდგომარეობაში არ არიან, ვიდრე მათი მშობლები. თუმცა ასევე ნათქვამია, რომ პროგრესი ერთი თაობიდან მეორეზე სიმდიდრისა და ხარჯვის უნარის თვალსაზრისით შენელდა.

2024 წელს თაობა Z-ის ხარჯები გაუტოლდა ათასწლეულების ხარჯებს სუბ-საჰარის აფრიკაში (დაახლოებით 30 % თითოეული), მაშინ როცა უკვე მიაღწია 23 %-ს ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და 20.6 %-ს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში. აზიის წყნარი ოკეანის Gen Z-ის ხარჯები 19,3 %-ით ჩამორჩება.

მოსალოდნელია, რომ Gen Z უფრო მეტს დახარჯავს განათლებაზე, ალკოჰოლზე, ტანსაცმელსა და ტრანსპორტირებაზე უახლოესი 10 წლის განმავლობაში, მაშინ როცა ჯანმრთელობის ხარჯები მათთვის ჯერ კიდევ არ იქნება პრიორიტეტი.

თაობების დანახარჯები ქვეყნების მიხედვით 2030 წლისთვის

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არსებითი განსხვავებები უშუალოდ თაობა Z-ს ქვეჯგუფებს შორის, რიგი მახასიათებლები მათთვის საერთოა.

 

  • ისინი ზოგადად უფრო პრაგმატულები და იდეალისტები არიან, ზრუნავენ მომავალზე, კერძოდ, პირად კარიერაზე;
  • ისინი უფრო მეტად მიეკუთვნებიან ინკლუზიურ, მხარდამჭერ საზოგადოებას;
  • არიან ინდივიდუალისტები, პიროვნული გამოხატვის უფრო ძლიერი გრძნობით;
  • ისინი პოლიტიკურად და სოციალურად აქტიურები არიან და ემხრობიან იმას, რისიც სწამთ;
  • ისინი ბუნებრიობისა და გულწრფელობისკენ მიისწრაფვიან;
  • Gen Z -ს უფრო აქტიური და საზოგადოებრივი ცხოვრება აქვს და სოციალური პრობლემების მიმართ გულგრილი არაა. მოზარდები მზად არიან აქციებზე საკუთარი უფლებები დაიცვან და სკოლის პროფკავშირებს ქმნიან. Gen Z -ს ეკონომიკური პროცესები და გარემოზე ადამიანის გავლენა აინტერესებს;
  • პოსტმილენიალებს ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სხვა აკრძალული ნივთიერებების მიმართ ინტერესი ნაკლებად აქვთ. როგორც ჩანს, მათ უბრალოდ არ სჭირდებათ, რადგან უფრო მნიშვნელოვანისა და სასარგებლოს გაკეთება შეუძლიათ.
  • ისინი საკუთარ გზას ირჩევენ და წინა თაობის შეცდომებზე სწავლა არ სურთ.

Gen Z ასევე ცნობილია თავისი იდეალიზმით. Gen Z -ის სჯერა, რომ მნიშვნელოვანია თავისი წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების  შეჩერებასა და მეტი თანასწორობის დამყარებაში. ბევრი მათგანი სოციალურ საქმიანობასა და მოხალისეობაშია ჩართული. ნებისმიერი სხვა თაობებისგან განსხვავებით Gen Z ერთობლივად ითხოვს ანგარიშვალდებულებას, უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას მრავალფეროვანი და ნაკლებად წარმოდგენილი ადამიანებისთვისა და მკაცრად მდგრად მწვანე პრაქტიკას.

მათი დევიზი თავისუფლებაა. არც ერთი წინა თაობა ასე ძლიერად არ აფასებს თავისუფლებას, როგორც თაობა Z. ყველაფერში უნდათ თავისუფლება, სამსახურში, პირად ურთიერთობებში, გართობაში და ა.შ.

Gen Z -ს უფრო აქტიური  ცხოვრება აქვს და სოციალური პრობლემების მიმართ გულგრილი არაა. „ზეტს“ ეკონომიკური პროცესები და გარემოზე ადამიანის გავლენა აინტერესებს.

Gen Z -ის არა უბრალოდ მატერიალური კეთილდღეობისკენ მიისწრაფვის, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები:

https://www.mckinsey.com/featured-insights/mckinsey-explainers/what-is-gen-z

https://www.statista.com/chart/33304/generation-contributing-highest-share-of-consumer-class-spending/

https://tv9news.ge/ka/akhali-ambebi/sazogadoeba/article/43662-ras-nishnavs-en-mileniali-en-lpha-thaobatha-cvla

https://flowmaster.online/blog/post/taoba-z-vin-aris-da-ratom-unda-mainteresebdes

 

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა  

0

2022 წელს სიცოცხლის ხანგრძლივობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ოცივე ქვეყანა აფრიკაში იყო, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები ძირითადად ევროპასა და აზიის მდიდარ ქვეყნებში ნაწილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებისა და მედიცინის მიღწევებმა მთელ მსოფლიოში გაზარდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ზოგადი ჯანმრთელობა, გეოგრაფიისა და განვითარების საფუძველზე ჯერ კიდევ არსებობს დიდი უთანასწორობა ჯანდაცვის სფეროში. მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებს აქვთ უკეთესი ხარისხის ჯანდაცვა და უფრო ფართო წვდომა სერვისებზე. ნაკლად მდიდარ ქვეყნებში, შესაბამისად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემაა მდიდარ ქვეყნებთან შედარებით, სადაც პრევენციის და მკურნალობის საშუალებები მეტად ხელმისაწვდომია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანები იმუნურები არიან დაავადებების მიმართ, რამეთუ იქაც ფიქსირდება  ქრონიკული დაავადებების მაღალი მაჩვენებელი, ასევე რისკ-ფაქტორები მაღალია.

XX საუკუნეში სამედიცინო მომსახურებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად გაიზარდა. ბოლო 50 წლის განმავლობაში დაფიქსირდა მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის სტაბილური ზრდა. მაგალითად, მსოფლიოში 1971 წელს დაბადებული ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 58, ხოლო 2021 წელს ეს რიცხვი 71 წლამდე გაიზარდა (დაახლოებით 19 %-ით). მსოფლიოში არის რამდენიმე ქვეყანა, სადაც ეს ნახტომი კიდევ უფრო მეტადაა გამოხატული.

მაგალითად, ამ მხრივ, ბანგლადეშმა პირველი ადგილი დაიკავა არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში – აზიურ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობა 26-დან 72 წლამდე გაიზარდა.

გასათვალისწინებელია ამ შთამბეჭდავი ზრდის თანადროული მოვლენები. კერძოდ, 1971 წლის ომი დამოუკიდებლობისთვის პაკისტანსა და ბენგალ ნაციონალისტებს შორის, რომელიც ბანგლადეშის არსებობის საწინდარი გახდა. იქამდე ერთი წლით ადრე კი აღმოსავლეთ პაკისტანში, როგორც მას მაშინ უწოდებდნენ, ადამიანთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 43 წელი იყო, რასთან შედარებითაც 2021 წლის მონაცემები 40,6%-ის ზრდას აჩვენებს.

ბანგლადეშის გარდა, აფრიკისა და აზიის (არაბთა ნახევარკუნძული, თურქეთი და რუსეთი) ქვეყნებმა აჩვენა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა. დასავლეთ ნახევარსფეროში ასეთი ქვეყნებია გვატემალა, ელ სალვადორი და ბოლივია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ზესახელმწიფო შეერთებულ შტატებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა მხოლოდ 7%-ია.

მალტასა და ლუქსემბურგის მეორე და მესამე ადგილის რეიტინგები შეიძლება აიხსნას მაღალი ღირებულების მქონე პირების შემოდინებით და უკეთესი ხელმისაწვდომობით სამედიცინო მომსახურებასა და სხვა კეთილმოწყობაზე. პორტუგალია ევროპაში პროცენტული ზრდით დაახლოებით 18 %-ით პირველ ადგილს იკავებს, რაც რთული ასახსნელია. ექსპერტები ასახელებენ სხვადასხვა ფაქტორს, როგორიცაა გაზრდილი პოლიტიკური სტაბილურობა კონსტიტუციის რატიფიცირების (1976 წ.) შემდეგ, ქვეყნის კლიმატი, კვება და სოციალური მდგომარეობა. ცხოვრების წესი, რომელიც ხელს უწყობს უკეთეს ჯანმრთელობას.

რა არის სიკვდილის ძირითადი მიზეზები მსოფლიოში?

2021 წელს მსოფლიოში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო გულის იშემიური დაავადება, COVID-19 და ინსულტი. იმ წელს გულის იშემიური დაავადება 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 114 სიკვდილს იწვევდა, ხოლო COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 110 იყო. თუმცა, ცხადია, ყველა ქვეყანაში განსხვავებული სურათი გვხვდება. მაგალითად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები სიკვდილის წამყვან მიზეზებს შორის უფრო ხშირად აფიქსირებენ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება, სიმსივნე, ალცჰაიმერის დაავადება და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), ხოლო დაბალი შემოსავლის ქვეყნები უფრო მეტად განიცდიან ინფექციურ დაავადებებს, როგორიცაა მალარია, ტუბერკულოზი და აივ/შიდსი. 2021 წელს მალარია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში სიკვდილის მეოთხე ყველაზე ხშირი მიზეზი იყო მსოფლიოში, ხოლო დიარეული დაავადებები მეშვიდე ადგილს იკავებდა. მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ იყო იმ დროს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების სიკვდილის ათ წამყვან მიზეზთა შორის.

ჯანმრთელობის ძირითადი რისკები

ცხოვრების წესი განიხილება, როგორც გარანტი ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

ცხოვრების წესის არჩევანი გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე და ზრდის დაავადების რისკს. ცხოვრების სტილის რისკ-ფაქტორებია მოწევა, ალკოჰოლი, ჭარბი წონა ან სიმსუქნე. ამ რისკ-ფაქტორების გავრცელება განსხვავდება ქვეყნებს შორის. მართალია სოციალური უთანასწორობა გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, შემოსავლის დონის მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემა ბევრ ქვეყანაშია. მოწევის მაჩვენებელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შემცირდა, მაგრამ მილიონობით ადამიანი კვლავ ეწევა თამბაქოს. დადგენილია, რომ მოწევა ამჟამად იწვევს დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს გულის იშემიური დაავადებით, ინსულტით კი ყოველწლიურად 1,1 მილიონი ადამიანის. ხოლო ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობა დაახლოებით 3 მილიონს აღწევს წელიწადში, ანუ მსოფლიოში სიკვდილიანობის 5.3 %-ს. მიუხედავად იმისა, რომ სიმსუქნე ოდესღაც განიხილებოდა მდიდარი, განვითარებული ქვეყნების პრობლემად, ის განვითარებად ქვეყნებშიც პრობლემად იქცევა. 2021 წელს დადგინდა, რომ შეერთებულ შტატებში სიკვდილიანობის დაახლოებით 9% შეიძლება მიეკუთვნებოდეს სიმსუქნეს, ხოლო ეგვიპტეში მისი წილი თითქმის 16 %-ს აღწევს.

ჯანსაღი მომავალი

სამედიცინო ტექნოლოგიები და მედიცინის განვითარება ეხმარება ქვეყნებს განავითარონ და გააუმჯობესონ ჯანდაცვის სისტემები და შეამცირონ ინფექციური დაავადებების გავრცელება. თუმცა, ჯანმრთელობის ისეთი რისკ-ფაქტორები, მაგალითად სიმსუქნე, ალკოჰოლის მოხმარება და ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა გულის დაავადება და სიმსივნე, სავარაუდოდ, კვლავ პრობლემად დარჩება მთელ მსოფლიოში უახლოეს მომავალში. ამ საკითხების მოგვარება და ჯანდაცვის უთანასწორობის შემცირება მოითხოვს მთავრობებისა და ჯანდაცვის პროფესიონალების მონაწილეობას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების პირადი პასუხისმგებლობა.

 

გამოყენებული ვებგვერდები:

https://www.statista.com/chart/31766/reduction-in-the-risk-of-premature-death-after-age-40-when-sticking-to-the-lifestyle-factors/

https://www.statista.com/topics/4274/global-health/#topicOverview

https://www.statista.com/chart/31765/countries-with-biggest-increase-of-life-expectancy-per-continent/

 

 

ხეების იდუმალი ცხოვრება

0

რას გრძნობენ, როგორ ურთიერთობენ – ფარული სამყაროს აღმოჩენა ჩვენს საკლასო ოთახებში.

გერმანელი მეტყევის გასაოცარი წიგნი და დაკვირვებები.

 

ამ გაკვეთილის ჩატარებს ცის ქვეშ გირჩევთ, აი ასე ვდგებით სკამებიდან, ვტოვებთ საკლასო ოთახს და გრეთ გავდივართ, გარეთ აუცილებლად ხეები უნდა ვიპოვოთ. ბავშვებს  ვეუბნებით: იპოვეთ ხეები! მიადეთ ყური და მოუსმინეთ რას გეტყვიან! რა ხმებს გაიგებთ ან რას იგრძნობთ, კარგად დაიმახსოვრეთ, შემდეგ ვბრუნდებით საკლასო ოთახში და ვწერთ შთაბეჭდილებას: რა მითხრა ხემ?

ბავშვები პატარები არ არიან, ეს ის ასაკია როდესაც ბუნებისმეტყველებას უღრმავდებიან და შესაძლოა ხეებისა და მცენარეების შესახებ უკვე ბევრი რამ იცოდნენ,  ყოველშემთხვევაში მათ აგებულება და კვება ნაცნობი უნდა იყოს.

ბავშვები წერენ ესეს, ჩვენ სასურველია არ შევზღუდოთ კრიტერიუმებით, დაე, მივცეთ თავისუფლება წერონ რა იგრძნეს და რა გაიგეს, წერონ საკუთარი შეგრძნებებისა და ემოციების შესახებ.  ჟანრიც თავად შეარჩიონ, ვისაც უნდა ამბავი მოიგონოს, ზოგმა კომიქსი და ზოგმა ლექსად გადმოსცეს ხისგან მოსმენილი. შემდეგ წავაკითხოთ, მართლაც რა საინტერესოა იქნება თითოეული მათგანის მოსმენა!

ამის შემდეგ ვაცნობთ ძალიან, ძალიან საინტერესო ადამიანს პეტერ ვოლლებენს, ცნობილ გერმანელ ბუნებადამცველს და მეტყევეს, ის ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა ტყის მართვის უწყებებში, დაარსა ტყის აკადემია და დღეს მას უძღვება. პეტერს უამრავი ჯილდო აქვს  ბუნებისა და გარემოს დაცვის ორგანიზაციებისგან. თუმცა, რატომაც ეს ადამიანი ბავშვებს უნდა გავაცნოთ მისი ფანტასტიური, შესანიშნავი , წარმოუდგენელად საინტერესო წიგნია: „ხეების იდუმალი ცხოვრება – რას გრძნობენ, როგორ ურთიერთობენ – ფარული სამყაროს აღმოჩენა“, ახლა კი ბავშვებისთვისაც გახდება ცხადი თუ რატომ ვთხოვეთ ხეებისთვის მოესმინათ, თავად აღამოეჩინათ რომ ეს უტყვი ბუნების ქმნილებები ცოცხალი არსებები არიან და საბოლო ჯამში გასაოცარ ხეების სამყაროს ქმნიან.

 

წიგნის წაკითხვის ბედნიერება ახლა უკვე ქართულ ენაზეც გვაქვს, გამომცემლობა: „სეზან ფაბლიშინგმა“ გამოსცა, მთარგმნელები კი: მზია გალდავაძე და მაია ფანჯიკიძე არიან.

წიგნის წინათქმაში პეტერი სიამოვნებით გვეპატიჟება ტყეში, გვთავაზობს მასთან ერთად გავიზიაროთ ის ბედნიერება, რომელსაც ხეები გვანიჭებენ.

პეტერს ხეებთან დაკავშირებით უამრავი შოკისმომგვრელი და გასაოცარი აღმოჩენა აქვს, მისი აზრით ხეები  განცილს იმახსოვრებენ და ტკივილს შეიგრძნობენ, დედა – ხე და მამა – ხე თავის შვილებთან ერთად ცხოვრობენ, სწორედ ამის გააზრებამ მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ ტყეს სათუთად უნდა მოექცეს ადამიანი, დაუშვებელია უმიზნო ჩეხვა და ტყეში მძიმე ტექნიკის შეყვანა, თავად გვიყვება რომ ორი ათეული წელია  ხის მოჭრა თუ საჭირო გახდა, ამას დიდი სიფრთხილით აკეთებენ მისი თანამშრომლები, რასაც ცხენების დახმარებით ართმევენ თავს, „როცა ტყე ჯანსაღია – შეიძლება, ბედნიერიც კი ითქვას – ის მნიშვნელოვნად უფრო პროდუქტიულია. „

თუ წიგნის სარჩევს ჩახედავთ, შეიძლება გაოცდეთ, რადგან ასეთ სათაურებს მოკრავთ თვალს: მეგობრობა, ხეების ენა, სიყვარული,  ტყის ლატარეა, მშვიდად და აუჩქარებლად, ერთად უკეთესია, ხეები იხდენენ ასაკს, ტყე CO2 -მტვერსასრუტი, ზამთრის ძილი, დროის შეგრძნება, ხასიათის საკითხი, ბიორობოტი? და ასე შემდეგ. თითქოს ადამიანის შესახებ დაწერილი რომანის ქვე სათაურებია, იმდენად პიროვნულ და ცოცხალი არსებებისთვის მახასიათებელ თვისებებს ეხება.

და მართლაც რომ ამ წიგნში ხეები წარმოგვიდგებიან, როგორც ყველაზე ცოცხალი ინდივიდები, ოღონდ არ დაგვავიწყდეს რომ წიგნი ფანტასტიკა სულ არ არის, საპირისპირო ჟანრს, უფრო დოკუმენტალისტიკას მიეკუთვნება და  ერთი საოცარი მეტყევეს დაკვირვებებს წარმოადგენს.  ეს დაკვირვებები კი გამყარებულია უამრავი მეცნიერული კვლევითა და მიგნებით. შეიძლება გაგიჭირდეთ წარმოდგენა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ხეები ძალიან ჭკვიანი არსებები არიან, მათ თავის ინდივიდუალური ხასიათები და გეგმებიც კი აქვთ, მაგალითად როდის იყვავილონ, როდისაა მიზანშეწონილი შთამომავლობის გაჩენა. დედა ხე ძალიან მკაცრად ზრდის შვილებს, ვარჯითა და ხშირი ფოთლებით პატარა ხეებს მზის შუქს უჩრდილავს, მზის სხივებს არ უშვებს მათთან,  რომ მალე არ გაიზარდონ, მათი ზრდა შენელებული იყოს, ჰოდა, როგორც აღმოჩნდა ხეები რაც უფრო ნელა იზრდებიან, მით უფრო გამძლეები გამოდიან, მით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ესეც დედობრივი ზრუნვა და მოვლა!

„ და მაინც, რატომ არიან ხეები ასეთი სოციალური არსებები? რატომ უწილადებენ საკუთარ საკვებს თავისივე სახეობის წარმომადგენლებს და კონკურენტებსაც კი? მიზეზი იგივეა, რაც ადამიანთა საზოგადოებაში: ერთად უფრო იოლია. ერთი ხე – ტყე არ არის.“

მგონია რომ ხეების ეს იდუმალი და ჯადოსნური, თანაც რეალური ამბები ბავშვებს ძალიან დააინტერესებთ, და წიგნის კითხვასაც დაიწყებენ. კარგი იქნება თუ თითო თავს მივცემთ საკითხავათ და შემდეგ ამ თავზე ერთად ვიმსჯელებთ, შესაძლოა მკითხველი შთაბეჭდილებების დღიურიც აწარმოონ, ან თითოეული წაკითხული თავის პოსტერი დაამზადონ.

წიგნში იმდენ განმაცვიფრებელ რამეს ამოიკითხავენ რომ მასზე საუბარი, მსჯელობა, წერა აუცილებლად მოუნდებათ. აბა როგორ არ უნდა განვიხილოთ კლასში ეს მონაკვეთი:

„როგორც ჩანს ხეებს თვლა შეუძლიათ! ელოდებიან,  ვიდრე თბილი დღეების გარკვეული რაოდენობა გაივლის და მხოლოდ ამის შემდეგ ირწმუნებენ, რომ გაზაფხული დადგა. ….

წიფელი მხოლოდ მას შემდეგ იწყებს კვირტების გაშლას, როცა დღის ხანგრძლივობა სულ მცირე 13 საათს უტოლდება. ეს იმდენადაა გასაკვირი, რამდენადაც საამისოდ ხეს მხედველობის უნარი სჭირდება.“

პეტერ ვოლლაბენის ამ წიგნის მიხედვით ძალიან საინტერესო ფილმიც გადაიღეს, კარგი იქნება თუ ბავშვებს წიგნის დასრულების შემდეგ ვაყურებინებთ. გიზიარებთ ამ ფილმის მოკლე ანონსს:

https://vimeo.com/ondemand/thehiddenlifeoftrees

წიგნის დასრულებისას, კარგი იქნება თუ ლაშქრობას დაგეგმავთ ახლომდებარე ტყეში, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ წაკითხული რეალურად შეამოწმონ, ყური დაუგდონ, გამოიკვლიონ, აღმოაჩინონ, ფოტოები გადაიღონ, ჩანახატები გააკეთონ, შთაბეჭდილებები ჩაიწერონ, შემდეგ კი გამოფენა მოაწყეთ: ჩვენი თვალით დანახული ტყე, ან ტყის საოცრებები, ჩვენი იდუმალი ტყე და ასე შემდეგ.   რა თქმა უნდა ქართულისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება.

საბოლოოდ  კი ჩემს წერილის წიგნის ბოლო სიტყვებით დავასრულებ:

„ვინ იცის ერთ მშვენიერ დღეს მართლაც ამოვხსნათ ხეების ენის საიდუმლო და საოცარი, დაუჯერებელი ამბები მოვისმინოთ. მანამდე კი, ტყეში რომ გაისეირნებთ, მიეცით ფანტაზიას გასაქანი – ხშირ შემთხვევაში, ის სულაც არ არის შორს რეალობისგან!.“

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...