შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მეთერთმეტე ჟამის შემდეგ

„სამყარო, მსგავსი სამკაულის,
ვარსკვლავთა ხომლით შემკულია,
დავეძებთ, მაგრამ ვერ ვპოულობთ,
თუმცა ეს ძებნაც მეფურია“.
დიმიტრი წიკლაური, „ქორების მიწა“
 
 
„ზეშთაგონება ვეება არწივს ჰგავს, დასაფრენ ადგილს რომ დაეძებს კუშტი მზერით. ადგილს თუ ვერ დაახვედრებ, სხვაგან გაეშურება“, – ეს სიტყვები, წერილის კამერტონად, თავად მიკარნახა დიმიტრი წიკლაურის რომანის გმირმა – მალქოზმა. ამ მეტაფორულ აზრში ჩემს სათქმელსაც დავამკვიდრებ – წიგნი, რომელზე ფიქრი და საუბარიც მსურს, სწორედ ზეშთაგონების არწივის დასაფრენი ადგილია, და რაც მთავარია – ავტორიც მისი მასპინძელია და მკითხველიც. ეს წიგნი დიდი შეხვედრის ადგილიცაა, სადაც ზეშთაგონების ცეცხლოვანი ფრინველის ფრთებქვეშ ერთდროულად რწყულდება მწერალიც და მკითხველიც.
იშვიათად ცოცხალი წიგნია, თითქოს შენს თვალწინ ახლა, კითხვის მომენტში იწერება, ამოწმებ კიდეც შემდგომ ფურცლებს – წარმოიდგენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ცარიელია. სტიქიური სუბსტანციაც აქვს – მედინია, როგორც წყალი და სივრცეში მქროლავიც, როგორც ქარი. ეს სტიქიები შენში იღვრებიან და გრძელდებიან კიდეც. ზეშთაგონების ვეება არწივი ავტორის ხმას აგადევნებს. როგორც თავად ავტორია თავის ხმებს ადევნებული, თავის ღონიერ ფრინველს, დიდ სულს, სულიწმიდას.
დიმიტრი წიკლაურს დიდი ხანია ვიცნობ, როგორც პოეტს. გამორჩეულ, თვითმყოფად პოეტს, რომლის პოეზიაც პოლარულ ნათებაში სამყაროს უცხო ხმების შესაკრებელს ჰგავს. ცოტა ხნის წინ ამ ხმებმა პროზაულ ტექსტებშიც გადაინაცვლა. „ქორების მიწა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) კი მისი პირველი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა. ეს რომანი მისი სულიერი ცხოვრების გამოცდილებაცაა, ერთგვარი ლიტურგიკული აქტი, პოეტური მედიტაცია. ის მწერლის საჯილდაო ქვაა, საკუთარი თავისთვის ამოცანის გართულება („მოშაირე არა ჰქვია, ვერას იტყვის ვინცა გრძელად“). თავადვე განმარტავს – „გრძელ ამბავს როცა ჰყვები, თითქოს ვრცელ დარბაზს ალაგებდე“, მწერალიც მეფური სიდინჯით და სკრუპულოზურად იწყებს „დარბაზის დალაგებას“.
ეს დარბაზი კი მართლაც ვრცელია, თუმცა ამ რომანშიც, ისევე როგორც დიმიტრი წიკლაურის მთელ შემოქმედებაში, მეტადრო და მეტასამყაროა – არც მოვლენა კონკრეტდება და არც ადამიანი, ისინი არქეტიპული სახეები და პატერნებია. „ქორების მიწა“ არაქანსა და შავრაზე მოგვითხრობს, მდინარე ქორიშაზე, კეშეს ციხეზე. ამ სამყაროში ფულს უნციით ითვლიან, ხორცს დერვიშების სამოსით იფარავენ… ყველაფერი გამოგონილია, წარმოსახული, მაგრამ ეს მაინც არაა მაგიური რეალიზმი, ეს კიდევ რაღაც სხვაა, ქართული ლიტერატურისთვის სრულიად ახალი მხატვრულ-სააზროვნო სივრცეების მოხელთება, სადაც ერთმანეთს ნატიფი საზღვრებით ერწყმის ღვთაებრივი და ადამიანური პლასტები, სიბრძნისა და სისულელის მაგია. რომანში ცნაურდება ბიბლიური/სახარებისეული ალუზიები, სივცობრივადაც და აზრობრივადაც ამ სამყაროს პირველსამშობლო სწორედ ბიბლია და სახარებაა – მზის ჭავლში გამლღვალი პეიზაჟები, ხრიოკი და უდაბური ლანდშაფტები, ღონივრად მოშრიალე სიმწვანეები… ეს დიმიტრი წიკლაურის პოეტური ლანდშაფტია – ადამიანის ფიზიკური და მეტაფიზიკური მოგზაურობის კონტურებით დატეხილი.
რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ხატმწერი ბეზაროა, რომელიც ბიძასთან, ქალაქ არაქანში, მეთერთმეტე ტაძრის მხატვრად ჩავიდა. თერთმეტი – ესაც სიმბოლური რიცხვია, მასაც მკაფიოდ განმარტავენ წიგნის გმირები – „ჩვენ მეთერთმეტე ჟამის მცხოვრებნი ვართ“. მეთერთმეტე, ანუ უკანასკნელი ჟამის ბინადრობა მწირი სულიერი ღვაწლის მფლობელობას ნიშნავს, ის ყველაზე უკეთ თანამედროვე ადამიანს ერგება – სულიერად დამცრობილს, ღვთის მოშურნეობისგან შორს მყოფს, რომელსაც ღვთის სამკალში მუშაკობის მხოლოდ მეთერთმეტედი მოუსწრია. „ქორების მიწაც“ სულდაწრეტილ ადამიანებზეა, ცოდვის კალოზე, სადაც სიცოცხლის საზრისებისთვის კუდის ხელში წავლება მოსასწრებია.
ბეზარო ხატმწერი არაქანში დარბაიძეების საგვარეულო ამბების მომსწრე გახდება. გერა, გაბრიელი და გობრონი – სამი თაობის ოჯახია, კაცობრიული გზის მიკრომოდელი – ადამიანური ვნებებით, აღზევებით და დაცემით. ოჯახის უფროსი გერა ახალი ქალაქის აშენების, სიმდიდრის მოხვეჭის, ფლობის და მართვის ვნებითაა შეპყრობილი. ეს ვნება კი დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ იქცა მის პირად ჯვარცმად – გერას შვილიშვილი, ანგელოზური მშვენიერების და უმანკოების მქონე გოგონა, გვანცა, მდინარეში დაიღუპება. გვანცას მამა და გერას ვაჟი – გაბრიელი სულით მეომარია და სულ ომს მიელტვის. გვანცას ძმა, გობრონი კი, პაპამ რომ ოჯახის მემკვიდრედ დაასახელა და მთელი თავისი ტანჯვა-წვალებაც მას მიუძღვნა, უკანასკნელი ცოცხალი რჩება დარბაიძეების ძველი და მძლავრი გვარიდან და მის ბედსაც წინაპრების ცოდვა-ბრალი განაპირობებს…
მიუხედავად იმისა, რომ „ქორების მიწა“ მრავალფეროვანი სიუჟეტით არ გამოირჩევა (ეს არაა ე.წ. სიუჟეტური რომანი), თხრობის დინამიკა მაინც მძლავრია, გულისცემასავით მკაფიო, ამის მიზეზი კი არაერთია – უპირველესად, შინაგანი თხრობის სივრცეები, ერთდროულად პოეტურ-მეტაფორულიც და კონკრეტულიც, უბრალოც და ძვირფასიც. „ფერდობი შეკითხვებით მომავალ მომლოცველთა კიბეს ჰგავდა“ – თუნდაც ამ ფრაზაში რამდენი ფერი და აზრია ჩამუხტული! დიმიტრი წიკლაურის თხრობის მაგია ამ მეტააზროვნებაშია, მდუღარე რეფლექსიაში, რომელიც სამყაროსეულ ცოდნას (ჭეშმარიტებას) მოიხელთებს და აქცევს მას ლიტერატურად, იმ ძალად და სიტყვად, მეთერთმეტე ჟამის მცხოვრებთ რომ მოხვდებათ გულზე!..
საოცრად სახიერი და მეტყველია თითოეული პერსონაჟი, თავიანთი ხასიათით, მონოლოგებით, ცხოვრების ფილოსოფიით. მათ ერთმანეთისგან ასაკი, გამოცდილება და ძალაუფლების ვნების ხარისხი ყოფთ. „ქორების მიწა“ ძველი და ახალი სამყაროების კონფლიქტსაც აღწერს, ძველი და ახალი თაობების ბრძოლას, ფასეულობათა რღვევას, ხრწნისა და დაცემის რეტროსპექტივას. ოღონდ, ეს ის შემთხვევა არაა, როცა ძველს უპირობოდ ახალი სჯაბნის, ანდა სჯობნის. დიმიტრი წიკლაურს ამგვარი ტრივიალური „ჭეშმარიტებებისთვის“ არ სცალია, მისი ფიქრის და ძიების საგანი სხვა სიმართლეებია, უფრო შორი და რთული, ამავდროულად საოცრად მარტივი და ნამდვილი. სწორედ ამ სიმართლეთა გამოსათქმელად შემოჰყავს მას სცენაზე სალოსი ბერი მალქოზი – ეს სრულიად გამორჩეული სახე ქართულ თანამედროვე მწერლობაში. მალქოზის სალოსური „პირისქარი“ მამხილებელიცაა და თანამლმობელიც. მისი სიბრძნე (ადამიანთა ენაზე სისულელე) რომანის აღმავალი დინამიკაა, და თუ სცენოგრაფიულად შევხედავთ, სწორედ მალქოზის გმირის გადაკვეთა ტექსტის სივრცესთან, ქმნის ჯვრის ალუზიას, სამყაროს ოთხი მხარის ჯვრულ არქიტექტურას, რომელიც ამ სამყაროს სახე-სიმბოლოცაა და საიქიო სამეფოსიც. მალქოზი რომანის მთავარი არტერიაა, მის სიტყვაში, როგორ ემბაზში, უნდა გაივლოს ყველა კითხვა და პასუხი, მან უნდა „გააგრილოს“ ენისწვერზე ანგელოზებისგან დაღვენთილი მდუღარე სიბრძნე, რომ ადამიანებს პირი არ დასწვას. „ცა ოქროს სამჭედლოა მდიდრული წიაღით, მონეტების სალარო გეგონება წკრიალა ვარსკვლავებით, სადაც უკიდურესი სიძველეც ახალივით ბრჭყვიალებს“; „კაცს ცოდვების გამო კი არ უნდა აქციო ზურგი, არამედ ღირსების გამო გვიყვარდეს!“; „ჩვენ რომ გამოცდილებას ვუწოდებთ, სინამდვილეში იმედგაცრუება ეწოდება. ნამდვილ მებადურს ოქროს თევზის მოლოდინი აქვს, ამიტომაც უფრთხილდება ბადეს“; „ფსკერისთვის განკუთვნილი ქვებით განა ზედაპირს აპირკეთებენ?“; „ვინც ჩარჩოებს წარმატებით ამსხვრევდა, ამაგის ნიშნად ჩარჩოში ჩასვამენ“ – და ასე შემდეგ…
ამ რთულ და უძირო ფიქრებში, სიტყვებში, სენტენციებში მაინც ღონივრად მოჩანს მწერლის გამჭვირვალე ღიმილი. ამაში მას იუმორიც ეხმარება. დიმიტრი წიკლაურს ოსტატური იუმორი აქვს – ჩქერში გამსხლტარი თევზივით თვალმოკვრით დასაგემოვნებელი. დიალოგებიც სხარტი და საზრიანია. აი, მაგალითად:
„- ორი დღე მომეცი. ორი საქმე მაქვს მოსაგვარებელი.
– დღეში ერთ საქმეს აგვარებ?“.
„ქორების მიწა“ კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს უტრიალებს – დავარქვათ მას პირობითად, სულის ეკოლოგია. ადამიანის დაცემა ბუნებაში აირეკლება, მით უფრო მაშინ, როცა ძალაუფლებისთვის ქალაქის იერსახესაც შებღალავ და მდინარეს კალაპოტს შეუცვლი. ბუნება პასუხ(ებ)ს იძლევა და ეს ადამიანს ძვირად უჯდება. „ამ ქვეყანაზე ყველაფრის მოსწრება მთავარი საქმე სულაც არ ყოფილა“ – ეს რომანის ერთ-ერთი ფინალური ფრაზაა, იმ შეკითხვებისა და პასუხების ზარდახშასავით სავსე, რომლებითაც მთელი წიგნია მოკირწყლული.
დიდი მოგზაურობის ნისლებიდან ცხოვრების უკანასკნელი ეპიზოდისკენ მიიწევს ბეზარო ხატმწერი – მეთერთმეტე ტაძრის მხატვარი.
ზეშთაგონების ვეება არწივიც ამ უკანასკნელ ფურცლებთან ჩამოდებს ფრთებს, ჩამოისვენებს, რათა ახალი აღმაფრენისთვის მოემზადოს. ნეტა მას, ვისაც ამ ფრთებით აიყოლებს და ნეტა მას, ვინც თავს, როგორც დასაფრენი ალაგი, ისე დაუთმობს!.. დიმიტრი წიკლაურის „ქორების მიწა“ მომავალი შეხვედრების ადგილიცაა, ახალ ტექსტებში, ახალ ფიქრებში, ბოლოს და ბოლოს, ახალ ჟამში შეხვედრის ადგილი, მეთერთმეტე ჟამის ვნებაგადალახული, ახალი სამეფოების მოხილვის, ფრენის ვნებით სავსე, მართალი და ნამდვილი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი