შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

შვილთან ერთად საკითხავი – „კაცია ადამიანი?!“

0
Mom reading for daughter sitting on the sofa with book. Vector illustration of a flat design.

ზაფხულში ანდრიასთან, ჩემს 11 წლის შვილთან ერთად ვაჟა-ფშაველას პოემებს ვკითხულობდი. არ შემშინებია, რომ მეექვსე კლასელისთვის შეუფერებელი და რთული იქნებოდა ვაჟას სამყაროში მოგზაურობა, მისი ღირებულებებისა და მორალური დილემების წვდომა. პირიქით, ანდრიამ შეიყვარა ვაჟას გმირები, კარგა ხანს კომიქსებად ხატავდა – ალუდას, ალაპარაკებდა ნახატების ენით და აღფრთოვანებული იყო მისი პრინციპულობით. ამის შემდეგ სულ ვფიქრობდი, რომ სკოლის პროგრამის, სხვა მხატვრული საკითხავების პარალელურად გამოგვეყო დრო სხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებების უკეთ გასაცნობად. ერთად კითხვა დამატებითი სტიმული იყო ორივესთვის, რადგან არც ის არ იწყენდა კითხვისას და ჩემთვისაც ერთგვარი გამოწვევა ოყო, დავხმარებოდი ანდრიას, ნაყოფიერად შეეთვისებინა ჩვენი მშობლიური ლიტერატურის საგანძური და უფრო ყურადღებით გაეცნო მშობლიურ ლანდშაფტში ნასაზრდოები გმირები.

ცოტა ხნის წინ ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ კითხვა დავიწყეთ ერთად. ყველამ ვიცით, რომ ეს არ არის ამბავი მხოლოდ თავადი ლუარსაბ თათქარიძისა და მისი ოჯახის შესახებ, ილიას დაკვირვების ფოკუსში არ არის მხოლოდ ლოყებღაჟღაჟა მებატონე. ეს ნაწარმოები არის ამავდროულად დიდი სარკე, სადაც მკაფიოდ ჩანს ჩვენი ქვეყნის ეროვნული სატკივარი, ჩვენი მანკიერი მხარეები, რომელიც ერთი ქართველი თავადის, ლუარსაბ თათქარიძის სახით წარმოგვიდგება, მას მიეწერება. მკვეთრი კონტრასტები, საოცარი მხატვრულობით დახატული პერსონაჟები, მათი უნიკალური ხასიათები და გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ, ცოცხლობენ და არაფერს ქმნიან, იმდენად შთამბეჭდავია, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველზე მოახდენს გავლენას და დაუვიწყარ სურათ-ხატებად დარჩება პატარა მკითხველის მეხსიერებაში.

ილია ჭავჭავაძის კრიტიკის მთავარი სამიზნე თავადი ლუარსაბ თათქარიძე, მისი გარემოცვა, მთელი იმდროინდელი საზოგადოება და გაბატონებული შეხედულებებია, რომლებიც არანაირ ღირებულს არ ქნიან და მხოლოდ პირადი საზრუნავით არიან დაკავებული. მათ მხოლოდ ბიოლოგიური მოთხოვნილებები ამოძრავებთ – ჭამა, სმა, ძილი და ასე მოჯადოებულ, მანკიერების წრეში განაგრძობენ ცხოვრებას. არადა, გამოფხიზლების, შეჯანჯღარების დროა, მაგრამ ლუარსაბი ღრმა საფიქრალების კაცი არ არის. არც მის ირგვლივ ცხოვრებენ ისეთი ადამიანები, რომელიც ლუარსაბს გამოაფხიზლებდნენ და მნიშვნელოვანზე დააფიქრებდნენ. ყველა იმ ზნეობრივი გარყვნილებისა და მანკიერების ჭაობში იძირება, რომლითაც დატბორილია მათი საარსებო გარემო. სწორედ, ამიტომ ლუარსაბის გასტრონომიული დილემები – ჩიხირთმა სჯობია თუ ბოზბაში და თევზების მეფე ორაგულია თუ თართი – მისი ცხოვრების მთავარ მორალურ დილემებად და ცხოვრებისეულ საფიქრალად რჩება. ლუარსაბის პროტოტიპი ცვლილებებს არ ექვემდებარება, ამიტომაც რჩება უშვილძიროდ, მემკვიდრის გარეშე – ეს ავტორის მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენია.

ლუარსაბი, როგორც გადაგვარებულობის, მანკიერ გარემოში ამოზრდილი თესლის ძალიან მკვეთრი, შეულამაზებელი სახე, ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი პერსონაჟია პატარა მკითხველისთვის. უარყოფითი გმირიც ასეთი უნდა, ნამდვილად უკონკურენტოა ამ საკითხში და ერთგვარ მაგალითსაც გვიჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ეს მოთხრობაც, ხომ დიდაქტიკური ტექსტია, რომელიც ნამდვილად გვასწავლის, გვაფხიზლებს და გამაფრთხილებელ საყვირს გვაძლევს, რომ ცვლილებების, დაფიქრების და გამოსწორების დროა; რომ კმაყოფილება, ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს. სწორედ ამიტომ არის ილია ასეთი დაუნდობელი თავისი გმირის მიმართ. ებრალება, მაგრამ თუ პირდაპირ არ ეტყვის სიმართლეს, ფიქრობს, რომ მანკიერების ტბორი კიდევ უფრო გაფართოვდება. მოთხრობაც ხომ ასე იწყება, ამ შეგონებით, ეპიგრაფად წამძღვარებული ანდაზით: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო“ და მისი ადრესატიც არა მხოლოდ ვინმე ერთი გაქსუებული თავადია, არამედ ეს თავადი საზოგადო ჭირის სახეა, რომელშიც გაერთიანებულია მთელი ჩვენი მანკიერებები.

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, „კაცია-ადამიანი“ დავიწყებული ტექსტი იყო – ჯერ სკოლაში, შემდეგ უნივერსიტეტში წაკითხული, და შემდეგ დავიწყებული. საინტერესოა, მიბრუნება ისეთ ნაწარმოებებთან, რომელიც ყოველთვის დროულია და აქტუალობას არ კარგავს, რადგან თათქარიძეობის ფენომენი ყველა დროში მტკივნეულია და დამაზარალებელი.

როგორია ლუარსაბის საარსებო გარემო? როგორია მისი კომფორტის, ტკბილი და აუმღვრეველი სამყოფელი? ნაწარმოებიც სწორედ თავადი თათქარიძის სახლ-კარის აღწერით იწყება და ეს შესავალი ჩამოქცეულობის, გავერანებული კარ-მიდამოს ხედების აღწერა, გვიჩენს იმ უტყუარ მოლოდინს, თუ ვინ არის ამ სახლ-კარის პატრონი, რა კაცია და რას წარმოადგენს ის. და აქ ისმევა ის მტკივნეული დიაგნოზიც:იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია“. ეზოც მოუვლელი, მიუხედავი და უწმინდური, ისე როგორც „ძველი ჩინოვნიკის გული“. ვინ არის ამ ყველაფრის პატრონი? პარადოქსია, მაგრამ ამ ყველაფრის მფლობელი, ღარიბი და ღატაკი კაცი სულაც არ არის. თავადი ლუარსაბ თათქარიძე მდიდარი მებატონეა, ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ასე გაპარტახებულ გარემოში არ ცხოვრობდეს, მაგრამ ლუარსაბი ზარმაცია და მისი წამყვანი ქცევა – მუქთახორობაა.

როგორ გამოიყურება ლუარსაბი გარეგნულად? რას წარმოადგენს ის თავისი ფიზიკურობით? რამეს გვეუბნება ლუარსაბის ფიზიონომია, მისი გარეგნული მონაცემები? ნელ-ნელა ვიგებთ, როგორი თავსებადია მისი საარსებო გარემო და მისი ფიზიონომია ერთმანეთთან, რომელიც აშკარად უთავმოყვარეოდ გამოიყურება. ლუარსაბის ეს გარეგნული იერსახე თავიდანვე გვაფიქრებინებს იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას სამყაროსთან, ცხოვრებასთან და საკუთარ საცხოვრებელ და საარსებო გარემოსთან. ლუარსაბი „გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი – უკაცრავდ არ ვიყო ამ სიტყვაზედ – როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები – ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე გახლდათ თავად ლუარსაბის „ცით მონაბერის სულის“ ღირსეული სამკაული“. როგორიც არის – სახლ-კარიც ისეთივე აქვს; როგორც არ ადარდებს თავისი სხეული, საკუთარი შესახედაობა, ასევე არ არადებს, როგორ გამოიყურება მისი კარ-მიდამო. ცოლიც მასავით ზარმაცი ჰყავს, ცოლიც მასავით „ჩაგორგლებული და ჩასორსლებულია“. ლუარსაბი და დარეჯანი უფუნქციო ადამიანები არიან, ერთადერთი საზრუნავით – რა ჭამონ და რა სვან. „ეს იყო მათი გონების ვარჯიში“ – წერს ავტორი. „მართალიც ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისის აზრით, კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო“. მისი სულიერი და ემოციური მდგომარეობაც ეს არის – იყოს დანაყრებული და თუ დანაყრებულია, კმაყოფილიც არის. ლუარსაბისა და დარეჯანის ცხოვრება ბრიყვულ განცხრომაში და უდარდელობაში გადის, მათი რწმენა-წარმოდგენები სიბრიყვეზე დგას.

ლუარსაბის გარეგნობას მისი სულიერი და გონებრივი სიღარიბეც ემატება. ლუარსაბის დამოკიდებულება განათლებისა და სწავლის მიმართ სრულიად შეუწყნარებელია. ის განათლებას ისე უყურებს, როგორც „ეხლანდელ ჭირს“ და ესეც კარგად მეტყველებს მის გონებრივ სიმწირესა და სიბრიყვეზე.

„დრო გამოიცვალა, – იტყოდა ხოლმე აღმოოხვრით ლუარსაბი, – დრო გამოიცვალა. რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა!ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, ეგ ხომ ქალის საქმეა. ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფ, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი“.

სევდისმომგვრელია ლუარსაბის ეს უკიდეგანო სიბრიყვე და სევდისმომგვრელია მისი დამოკიდებულება განათლების მიმართ. კიდევ ერთი დიაგნოზი ილიასგან: „სწავლა, ღვთის მადლით, არაფრისა არა ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ეგრე მსუქანიც აღარ იქნებოდა“. ლუარსაბის შეხედულებები სწავლაზე კარგი განსახილველი თემაა მოსწავლეებთან და განათლების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ დასაფიქრებლად.

ლუარსაბის საზრისი ჭამასთან ერთად იმ მინიმალური პასუხისმგებლობის შეგრძნებაა, რომელსაც იჩენენ ის და დარეჯანი მამულისა და ოჯახის სამართავად. მაგრამ აქაც კვაზი ფუნქციონალურობით იღებენ ამ პასუხისმგებლობას და ამას „ბიჭების დაწიოკებას“ ეძახიან. ვითომ ოჯახის მართვა, ბიჭების გამონთება მათი ყალბი ფუნქციონირებისთვის და ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი როლია, რომელიც ეხმარება მათ თავის მოტყუებაში და მათში ყალბი კმაყოფილების განცდას ბადებს. „კმაყოფილება კაცის მომაკვდინებელი სენიაო“ – წერდა ავტორი და სწორედ ლუარსაბი და დარეჯანი იყვნენ ამ მომაკვდინებელი სენით ავად, რადგან თავიანთ ცხოვრებაზე მჯობი ცხოვრება არ ეგონათ დედამიწის ზურგზე.

„სადილის შემდეგ ძილი, მერე ისევ გაღვიძება, მერე ისევ ჩაი, მერე ვახშამი, და ბოლოს ისევ ის სატრფიალო ძილი, – და ესრეთ ტკბილად და აუმღვრევლად მიდიოდა ამ ორთა უმანკო სულთა უბოროტო ცხოვრება ამ წუთის-სოფელში, რომელმაც ისე არაფერი იცოდა ამათის ვინაობისა, როგორც ამათ არ იცოდნენ-რა, ჭამა-სმის გარდა, ღვთისგან განაჩენი ამ მუხანათის წუთის-სოფლისა“.

ნაწარმოების პერსონაჟები ცალსახად უარყოფითი პერსონაჟები არიან, მოთხრობის მხატვრულ სახეთა გალერეაში – ლუარსაბი, დარეჯანი, ლამაზისეული, დავითი, ელისაბედი, სუტკნეინა, მოურავი დათო, თავადი გძელაძე, მკითხავი – ყველა გაუკუღმართებული და ზნეობრივი თვისებებდაკარგული ადამიანია. მათ მდაბალი გრძნობების და მდაბალი მიზნების გარდა, არაფერი ამოძრავებთ – როგორ ჭამონ, როგორ მოატყუონ ერთმანეთი, უღალატონ, გაჭორონ, ცბიერებით აჯობონ, როგორ იმლიქვნელონ – ერთი სიტყვით სახედაკარგული პერსონაჟების მთელი წყებაა და სანთლად არ ჩანს ერთი ისეთი გმირი, რომელიც მთელი ამ გადაგვარებული პერსონაჟების სიბნელეში ამოანათებს თავისი პიროვნული თვისებებითა და მორალურად სწორი პოზიციით.

ნაწარმოების დასრულების შემდეგ, შეგვიძლია დავსვათ კითხვები ბავშვებთან – რა ღირებული დასკვნების გამოტანა შეიძლება მოთხრობიდან? რა არის ტრაგიკული თათქარიძეობის ფენომენში? რა არის ჩვენი ცხოვრების საზრისი?  ეს ის კითხვებია, რომლებიც აუცილებლად გაუჩნდება პატარა მკითხველსაც, როდესაც ლუარსაბის არაფრისმომცემ ცხოვრებას გაეცნობა და ესეც არის მწერლის მიზანი – ღრმა საფიქრალი აღძრას მკითხველში, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, რომ დააფიქროს თავის უპირველეს, ფუნდამენტურ დანიშნულებაზე და აძებნინოს ასეთი საზრისები.

მშობლის, მასწავლებლის, უფროსი მკითხველის მეგზურობით, ვფიქრობ, ბავშვებს უფრო მეტად გაუადვილდებათ კითხვა და მწერლის მიერ განზრახული საფიქრალის ამოცნობა. უფროსთან ერთად კითხვა კი ნამდვილად ეხმარება ბავშვს, გამოკვეთოს სწორი აქცენტები, კარგად ჩაწვდეს პერსონაჟთა ღირებულებით სამყაროს, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა მოზარდისთვის მხატვრული ლიტერატურის შესწავლისა და გაცნობის პროცესში.

 

 

ფენომენზე დაფუძნებული სწავლის თეორიული ასპექტები

0

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება[1] არის მოსწავლეზე ორიენტირებული, მულტიდისციპლინური სასწავლო მიდგომა, რომელიც ემყარება  კვლევა-ძიებისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს. აღნიშნული მიდგომით, არცერთი კონკრეტული საგანი არ ისწავლება და არც არსებობს წინასწარ განსაზღვრული სწავლის მიზანი. ამის ნაცვლად, მოსწავლეები იკვლევენ და წყვეტენ საკუთარ კითხვებს პრობლემასთან დაკავშირებული საგნებისა თუ ასპექტების დახმარებით. მაგალითად, კლიმატის ცვლილების შესახებ საკითხის გაგება და მასთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრა მოითხოვს იმგვარი საგნების ცოდნას, როგორიცაა: ბუნებისმეტყველება, გეოგრაფია, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს მათემატიკა და ისტორია. მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის სწავლას ბევრი საერთო აქვს  პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასთან, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას და კვლევებზე დაფუძნებულ სწავლებასთან.

თუმცა, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ფენომენზე დაფუძნებულ სწავლებას უნდა ჰქონდეს გლობალური კონტექსტი და ინტერდისციპლინარული მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ თემა უნდა იყოს რეალურ სამყაროში საკითხი ან  ე. წ. „ფენომენები”/ მოვლენები და რომ მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა პერსპექტივები თემის შესასწავლად.

ფენომენზე დაფუძნებული სწავლის მიზანი და სარგებელი

ფენომენზე დაფუძნებული სწავლის მიზანია მოსწავლეების მომზადება რეალურ ცხოვრებაში პრობლემების გადასაჭრელად. აბსტრაქტული ან ურთიერთდაუკავშირებელი  კონცეფციების პასიურად სწავლის ნაცვლად, ფენომენზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს რეალურ ცხოვრებისეულ პრობლემებს და მოსწავლეებისაგან ითხოვს, აქტიურად აღმოაჩინონ ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად.

სამუშაო ადგილზე ეს შეიძლება შეიცავდეს გამოწვევებს, რომელთა მოგვარებაც სურს დასაქმებულს ან დამსაქმებელს და აუცილებელი ხდება  იმ ცოდნისა და უნარების წარმოჩენა, რომლებიც საჭიროა ამ სამუშაოსთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

ტრადიციული სწავლების კრიტიკა, მეთოდი, რომელიც რუტინულად გამოიყენება კორპორატიულ სწავლებაში, არის ის, რომ სწავლა პასიურია. ეს ნიშნავს, რომ ინსტრუქტორები ცოდნას კარნახობენ მოსწავლეებს. შედეგად, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ორიენტირებული ფაქტების დამახსოვრებაზე, იმის ნაცვლად, თუ როგორ გამოიყენონ ცოდნა ახალ პრობლემებზე ან იდეებზე. ასევე არ არსებობს აქტიური ჩართულობა მოსწავლის მხრიდან. ტრადიციული ინსტრუქცია ასევე ორიენტირებულია იზოლირებულ საგნებზე, რომლებიც ერთმანეთისგან განცალკევებულია.

საკმაოდ ხშირად მოსწავლეებს ასწავლიან სხვადასხვა საგნის თეორიებსა და კონცეფციებს, მაგრამ შემდეგ ვერ ახერხებენ მათ შორის კავშირების დამყარებას, ასევე ვერ აკავშირებენ მათ რეალურ ცხოვრებასთან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწავლას არ აქვს მნიშვნელობა და და კონტექსტი.

მეორეს მხრივ, პირების ჩართვა სამუშაო ადგილზე რეალური ცხოვრებისეული პრობლემების, სცენარებისა და მოვლენების გადასაჭრელად ხელს უწყობს დაკავშირებულ სწავლებას. თანამშრომელს შეუძლია აღმოაჩინოს, თუ როგორ უკავშირდება სხვადასხვა სფეროს ცოდნა და როგორ ვრცელდება იგი რეალურ ცხოვრებაზე.

ფენომენზე დაფუძნებული სწავლებით მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული და იღებენ მეტ გამოცდილებას, რათა გადაჭრან რეალური შინაარსების მქონე პრობლემები; ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს დისციპლინათაშორისი კავშირების დამყარებასა თუ მსგავსი კავშირების ამოცნობაში.

კვლევის შედეგების გაუმჯობესება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში

ფენომენზე დაფუძნებული სწავლების ეფექტიანობა დასტურდება სხვადასხვა კვლევის შედეგებით. ერთ-ერთი კვლევის თანახმად,  2014 წლის შემოდგომიდან 2015 წლის შემოდგომამდე, ფენომენზე დაფუძნებული სასწავლო პედაგოგიკით მიღწეულია  ორიყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კვლევის შედეგებში. მაგალითად: 2014 წლის შემოდგომაზე სტუდენტების 49 პროცენტმა წარმატებით გაიარა ონლაინ კვლევები რივერიას სტუდენტებისთვის. 2015 წლის შემოდგომაზე, ონლაინ კვლევების შესაბამისი რაოდენობა 59 პროცენტი იყო. 2016 წლის იანვარში ონლაინ კვლევების გავლის მაჩვენებელი უკვე 70 პროცენტს ასცდა. ამავდროულად, 2014 წლის შემოდგომასთან შედარებით, 2015 წლის შემოდგომაზე მოსწავლეთა, დაახლოებით, 70 პროცენტმა მოიპოვა უკეთესი შეფასება სწავლაში. 2014 წლის შემოდგომაზე, სულ 81 პროცენტმა, ვინც გაიარა კურსები, მოიპოვა T1 დონე (დამაკმაყოფილებელი) მათ კვლევებში. 2015 წლის შემოდგომაზე, კლასების ზრდა გამოირჩეოდა, რადგან მოსწავლეთა 78 პროცენტმა მოიპოვა H2 (კარგი) ან K3 დონე (შესანიშნავი).

ფენომენზე დაფუძნებული სწავლების წარმოშობა

ფენომენზე დაფუძნებულ სწავლებას სათავეს იღებს 2016 წლის ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაში დაწყებული საგანმანათლებლო მოძრაობიდან.

გაუმჯობესებული განათლების სისტემა ითხოვს, რომ მოსწავლეებმა ყოველწლიურად მიიღონ ერთი მოდული ფენომენზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომით. მიზანი არის სტუდენტების უკეთ მომზადება რეალური ცხოვრებისთვის. ამ სასწავლო მიდგომით, სტუდენტები მონაწილეობენ რეალურ ცხოვრებაში მეტი კონტექსტის მქონე სასწავლო პროცესში, იყენებს ცოდნას და უნარებს სხვადასხვა საგნებიდან და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან უნარებს, როგორიცაა კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა და გუნდური მუშაობა.

ეს უნარები ასევე ძალიან მისაღებია დამსაქმებლებისა და კორპორატიული სასწავლო პროგრამების ლიდერებისთვის, რაც ფენომენზე დაფუძნებულ სწავლებას მიმზიდველობას უნარჩუნებს  ფინეთის განათლების სისტემის საზღვრებს მიღმაც.

როგორ უკავშირდება ფენომენზე დაფუძნებული სწავლება სწავლის თეორიას?

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება არ არის სრულიად ახალი იდეა; მას აქვს ფესვები კონსტრუქტივისტური სწავლების თეორიასა და სოციალურ-კონსტრუქტივისტური სწავლების თეორიაში, ასევე სოციოკულტურული სწავლების თეორიაში.

ეს თეორიები გვთავაზობს, რომ სწავლა საუკეთესოდ მიიღწევა მოსწავლის მიერ, თუ აქტიურად აშენებს საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას, პასიური სწავლების ნაცვლად.

როგორ მუშაობს ფენომენზე დაფუძნებული სწავლება?

ფენომენზე დაფუძნებული სწავლების მოდელი ეფუძნება შემდეგს:

  1. მოსწავლეები სვამენ კითხვას, რომელიც ეხება რეალურ ცხოვრებას, რომელიც პირადი ინტერესია.
  2. მოსწავლეები მონაწილეობენ კვლევაში, რათა იპოვონ გამოსავალი თემის სხვადასხვა კუთხით და პერსპექტივიდან შესწავლით.
  3. ინსტრუქტორები ხელს უწყობენ პროცესს სტუდენტების ხელმძღვანელობით, ისწავლონ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ცნებები და უნარები.
  4. მოსწავლეები წარადგენენ და აწვდიან თავიანთ გადაწყვეტას არჩეული ფორმატით.

 

როგორ შეიძლება ორგანიზაციაში ფენომენზე დაფუძნებული სწავლების გამოყენება?

სთხოვეთ თანამშრომლებს პრობლემის მოგვარება

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება სცილდება ტრადიციულ საკლასო ოთახს ან ციფრულ სასწავლო მოდულს, არ აქვს სწავლის მიზნების ან თემების კონკრეტული ნაკრები.

მაშ, როგორ შეიძლება ის შეესაბამებოდეს ორგანიზაციულ სწავლის საჭიროებებს? პასუხი მიდგომით განისაზღვრება. იმის ნაცვლად, რომ თანამშრომლებს უთხრან, რა ისწავლონ, ისინი გამოავლენენ ამა ტი იმ პრობლემას ან საკითხს, რომლის მოგვარება ან გამოკვლევა სურთ.  მას შემდეგ, რაც თანამშრომელმა გამოავლინა ესა თუ ის საკითხი, რომელზეც პასუხის გაცემა სურს, მას უნდა მიეწოდოს დრო და რესურსები, რათა შეიძინოს უნარები და ცოდნა, რომლებიც საჭიროა პრობლემის გადასაჭრელად. ეს შეიძლება მოიცავდეს ვებ-დაფუძნებულ კვლევას, შიდა კვლევას, ონლაინ სასწავლო რესურსებს ან ინტერვიუებს. მიდგომა უკვე გამოიყენება გარკვეულ პროფესიებში, როგორიცაა: მომხმარებლის გამოცდილების პროფესიონალები და კონსულტანტები. ფენომენზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია გამოავლინოს ამა თუ იმ პირის გამჭრიახობა და ახალი პასუხები ძველ პრობლემებზე.

თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ ფენომენზე დაფუძნებულ სასწავლო პროექტში სასწავლო მიზნებისთვის, შეუძლიათ გამოიყენონ ახალი უნარები და ცოდნა პრობლემის გადასაჭრელად ან კითხვის ნიშნებით წარმოადგინონ თავიანთი დასკვნები ურთიერთშეთანხმებულ ფორმატში.

 

ფენომენებზე დაფუძნებული სწავლება კორპორაიულ სწავლებაში

როგორც ჩანს, ფენომენზე დაფუძნებული სწავლება 21-ე საუკუნის სწავლის საჭიროებებზე პასუხია. ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება უკეთესი პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული მოაზროვნეები და გუნდური მოთამაშეები უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ასევე გვჭირდება მოსწავლეები, რომლებსაც შეუძლიათ იფიქრონ მრავალმხრივად და ჰქონდეთ ფართო თვალსაწიერი.

ერგება თუ არა ფენომენზე დაფუძნებული სწავლა ჩვენი ბავშვების საჭიროებებს?

მოდით გავეცნოთ ამ სასწავლო მიდგომის სიძლიერესა და გამოწვევებს, რაც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს სწორი მიდგომა თქვენი საჭიროებებისთვის.

ფენომენზე დაფუძნებული სწავლების ძლიერი მხარეები

  • ხელს უწყობს ახალი ცოდნისა და უნარების სეძენას და სწავლაში უფრო მეტ ჩართულობას, რადგან მოსწავლეები მუშაობენ იმაზე, რაც მათ პირადად აინტერესებთ.
  • საშუალებას აძლევს უფრო ღრმა სწავლას, რადგან მოსწავლეები ამყარებენ კავშირებს საგნებში და ხედავენ პრაქტიკულ შესაბამისობას რეალურ ცხოვრებაში.
  • მოსწავლეები ავითარებენ უფრო ძლიერ უნარებს კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.
  • მოსწავლეები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, რადგან ისინი პასუხისმგებელნი ხდებიან საკუთარ სწავლაზე; ეს ხელს უწყობს უფრო დამოუკიდებელი, თვითკმარი სამუშაო ძალის შექმნას.

ფენომენზე დაფუძნებული სწავლის სისუსტეები

  • თუ არსებობს კონკრეტული სასწავლო მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ მოსწავლეებთან, მაშინ ფენომენზე დაფუძნებული სწავლა შეიძლება არ იყოს პასუხი. არ არსებობს დაკისრებული სასწავლო მიზნები ფენომენზე დაფუძნებულ სწავლებაში, რადგან ისინი იქმნება სასწავლო პროცესის დროს.
  • რესურსები და მხარდაჭერა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის, რათა გაუმკლავდნენ თვითმართულ პროექტებს. ფასილიტატორის გარეშე, მოსწავლეებს შეუძლიათ იბრძოლონ პროექტის დასასრულებლად საჭირო უნარებისა თუ ცოდნის იდენტიფიცირებისა და სწავლისთვის.
  • ფენომენზე დაფუძნებული სწავლება ხასიათდება მისი ფორმალური სტრუქტურის ნაკლებობით; თუ თქვენს ორგანიზაციას მოეთხოვება, ჰქონდეს ოფიციალური სტრუქტურა, სადაც მოსწავლეებმა უნდა აჩვენონ საჭირო უნარ-ჩვევების ან ცოდნის დასრულება, სწავლის ეს ფორმა შეიძლება არ იყოს იდეალური.
  • თუ თქვენი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი და შეფასება, ეს შეიძლება უფრო რთული იყოს ფენომენზე დაფუძნებული სწავლისთვის, სადაც შეფასება ძირითადად ეფუძნება მოსწავლეთა პროგრესს.

როგორ მივუსადაგოთ ფენომენზე დაფუძნებული სწავლება ჩვენს მოსწავლეებს?

თუ გსურთ სცადოთ და შეიტანოთ ფენომენზე დაფუძნებული სწავლის იდეები, მოდული თუ ჯგუფური სწავლება  საკუთარ გუნდში, მიჰყევით ამ ნაბიჯებს დასაწყებად:

  1. მოსწავლეებმა აირჩიონ მოვლენები/„ფენომენები” რეალური სამყაროდან; თემას უნდა ჰქონდეს გლობალური კონტექსტი და დაკავშირებული იყოს რეალურ ცხოვრებისეულ საკითხებთან ან მოვლენებთან.
  2. შეიმუშავეთ გამოკითხვის კითხვა ამ თემის გარშემო, რომელიც იწყება ღია შეკითხვებით: „როგორ”, „რატომ” ან „რა მოხდება?”
  3. დაადგინეთ და ასწავლეთ ძირითადი ცნებები, რომლებიც ეხება მოსწავლის მიერ არჩეულ კითხვას; რა უნარები ან ცოდნა დასჭირდებათ მათ პრობლემის გადასაჭრელად?
  4. დარწმუნდით, რომ არსებობს დროის ღია სტრუქტურა, რათა მოსწავლეები ჩაერთონ საჭირო კვლევასა და პრობლემის გადაჭრაში.
  5. ხელი შეუწყვეთ პროცესს ჩარჩოს შექმნით, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს პროცესის წარმართვასა და პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზის შემუშავებაში.

ფენომენზე დაფუძნებული სწავლის მომავალი

პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა და კრიტიკული აზროვნება არის უნარები, რომელთა შემუშავება შეუძლებელია ინსტრუქტორის მოსმენით საკლასო ოთახში ჯდომით ან ელექტრონული სწავლების ვიდეოების წაკითხვით და ყურებით.

ეს უნარები შემუშავებულია აქტიური ჩართულობისა და ქმნადობის საფუძვლებზე, რომლებიც გახლავთ  ფენომენზე დაფუძნებული სწავლის ძირითადი მოთხოვნა.

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება შეიძლება უფრო გავრცელებული გახდეს, რადგან

21-ე საუკუნე აგრძელებს იმ ადამიანების მოთხოვნას, რომლებსაც შეუძლიათ არმოაჩინონ საკუთარი თავი და გადაჭრან ცხოვრებისეული პრობლემები თუ სირთულეები.

 

[1]  წერილში წარმოდგენილი მასალა ეყრდნობა წყაროს: What is Phenomenon-based Learning? Its Benefits & Examples (valamis.com)

მარადიული მასწავლებელი

0

იაკობობანა ჩვენს კლასებში 

„იაკობ, გილოცავ დაბადების დღეს! ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს შენი სული. ღმერთმა კარგად გამყოფოს. შენი დაწერილი წიგნებით დღესაც ვსწავლობთ. მე ძალიან მიყვარს „დედა ენა“ და თქვენი დაწერილი მოთხრობები. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მწერალი ხართ. ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დაწერილი მოთხრობებისთვის. და კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს.

კატო, რვა წლის“

„იაკობ გოგებაშვილო, შენ ყველაზე მაგარი მწერალი ხარ და ყველაზე მაგარი ადამიანი მთელ მსოფლიოში. დაბადების დღეს გილოცავ! ისეთი მაგარი ადამიანი ხარ, ქართველებისთვის „დედა ენაც“ კი დაგვიწერე და როცა რუსეთის შუაში ვიყავით, შენს ამბებს გვიყვებოდი და ქართულს ჩუმად გვასწავლიდი. ამბობდი: საქართველო ჩვენი ქვეყანაა და ჩვენი ენა გვაქვს. ამიტომ ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ.

დათა, 8 წლის“

„გამარჯობა, იაკობ. მე ძალიან მომწონს შენი მოთხრობები და შენი დაწერილი „დედა ენა“. შენ გადაარჩინე ბავშვები. შენ რომ არ დაგეწერა „დედა ენა“, ბავშვები ვერ ისწავლიდნენ ასოებს, სიტყვებსა და წინადადებებს. მე შენგან გავიგე, რომ საქართველო იყო რუსეთის ქვეშ. შენ გაუხსენი გზა ბავშვებს, რომ ესწავლათ და განათლება მიეღოთ. ძალიან გულთბილი და კარგი ადამიანი ხარ. მადლობა გაწეული შრომისთვის.

შენზე შეყვარებული,

სესილი, 8 წლის“

იაკობ გოგებაშვილი მარადიული მასწავლებელია. გადის დრო, იცვლება ეპოქები, პრიორიტეტები, ღირებულებები, მაგრამ იაკობის სიტყვების, მისი ჰუმანისტური მოთხრობების მიმართ ბავშვების ინეტერესი და სიყვარული არ ნელდება, უფრო მეტადაც კი ღვიდება, რადგან ამ საკმაოდ რთულ პერიოდში ბავშვებსაც და დიდებსაც ასეთი გულწრფელი ტექსტები გვჭირდება, რომ ჩვენი ადამიანური მოვალეობები შეგვახსენოს, რომ მოგვწყვიტოს ეკრანებს და სოფლის კამკამა წყლის პირას, ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ, ნამიან ბალახზე გვარბენინოს, სოკო გავკრეფინოს, შაშვის გალობით დაგვატკბოს და დაგვაფიქროს: თუ კვერცხს მზეზე გავხედავ, ნეტავი მართლა მივხვდები, რომ ეს კვერცხი საწიწილეა?

იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებას ბავშვები ძირითადად რამდენიმე პატარა მოთხრობით იცნობენ, არადა რამდენი მივიწყებული ბრილიანტია გაბნეული მის „საგანძურსა“ თუ „ბუნების კარში“, რამდენი დავიწყებული ამბავია!

გადავწყვიტეთ, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ასეთი ამბები გაგვეცოცხლებინა და ერთად წაგვეკითხა. ბავშვები უფრო მეტად დაინტერესდნენ, როდესაც კლასში უძველესი წიგნი შევიტანე, გაყვითლებული ფურცლებით და მათთვის ცოტათი უჩვეულო შრიფტით. ჯერ დაათვალიერეს, გადაშალეს, ფურცლებს სისქე მოუსინჯეს, მერე კი კითხვა დავიწყეთ. გადავწყვიტეთ თითოეული გაკვეთილის ბოლო ათი წუთი მოგვეტოვებინა და იაკობის ერთი ამბავი წაგვეკითხა. ზოგიერთს ათ წუთში ვერ ვატევდით და მომდევნო გაკვეთილზე ვაგრძელებდით. ასე თავისთავად შედგა იაკობის კვირეულიც, ან სულაც იაკობის თვე. ერთი რვეული ავიღეთ, რომელსაც „იაკობის სიტყვები“ ვუწოდეთ და უცნობ ლექსიკურ ერთეულებს ამ რვეულში ვიწერდით. ძალიან საინტერესო იყო ცხოველებისა და ფრინველების დეტალური აღწერის კითხვა. კითხვის პროცესში ბავშვები ჩანახატებს აკეთებდნენ, წაკითხულ სიტყვებს აცოცხლებდნენ. თავისთავად გამოვიდა ილუსტრაციების ალბომიც.

ერთმა ჩემმა მოსწავლემ ინატრა, ნეტავ ამ ამბების მულტფილმებიც გვქონდესო. აქედან დაიბადა ანიმაციის შექმნის იდეა. გავაკეთეთ ძალიან მარტივად, რადგან დიდი ტექნიკური შესაძლებლობები ჩვენ არ გვქონდა. თავიდანვე გადავწყვიტე, გვემუშავა Stop motion ტექნიკით. ვუყურეთ რამდენიმე ტუტორიალს იუთუბიზე. ყველაზე მარტივი ქაღალდით გაკეთება მოგვეჩვენა: https://www.youtube.com/watch?v=Xx8pLcXnIKM

დახატულ ფიგურებს ვჭრით, ვამოძრავებთ, ვუღებთ ბევრ ფოტოს, რომლებიც ერთმანეთს ებმის და მოქმედებას წარმოშობს. ამისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ აპლიკაცია Stop motion movie making, თუმცა უამრავი სხვა აპლიკაციისა და პროგრამის მოძიებაც შეიძლება.

შეგვიძლია, ბავშვები ჯგუფებად დავყოთ და თითოეულ ჯგუფს იაკობის მოთხრობის გაცოცხლების სხვადასხვა გზა შევთავაზოთ. ერთი ჯგუფი თუ ანიმაციას შექმნის, მეორემ ჩრდილების თეატრი გააკეთოს. მისი რამდენიმე ვერსია არსებობს. გიზიარებთ ჩემთვის ყველაზე მარტივსა და საინტერესოს:

https://www.youtube.com/watch?v=CzRRP5mFeR0

მესამე ჯგუფმა აუდიოვერსია ჩაწეროს და როლებში წაიკითხოს შერჩეული მოთხრობა, მეოთხემ ხელნაკეთი წიგნი შექმნას და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი შესანიშნავი ღონისძიება გამოგვივა.

ბავშვებს აუცილებლად გაუჩნდებათ სურვილი, თავადაც სცადონ ამბის დაწერა. მოდი, ამ პროცესს „იაკობობანა“ დავარქვათ. კარგი იქნება, თუ შევთავაზებთ თემატიკასა და ჟანრს – საინფორმაციო/აღწერითს ან მხატვრულს. მაგალითად, შეგვიძლია ვუთხრათ: „წარმოიდგინე, რომ უნდა დაწერო ტექსტი იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ინტერენტი არ აქვთ, არასდროს არ უნახავთ და ვერ ნახავენ, მაგალითად, კოლას. შეგიძლია, მიბაძო იაკობ გოგებაშვილს და გამოიყენო ის სიტყვები, ის ფრაზები, რომლებსაც მწერალი ასეთი ტექსტების წერისას იყენებს“. კარგი იქნება ვაჩვენოთ კოლას ფოტო, ან ამ ფოტოთი დავამზადოთ სამუშაო ფურცელი.

მხატვრული ტექსტების შესაქმნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქაღალდის კუბები, რომლებსაც ჩვენვე დავამზადებთ და რომლებსაც გვერდებზე იაკობ გოგებაშვილის თხზულებებიდან ამონარიდები ეწერება. თამაშის წესი ასეთია: მოსწავლე აკდებს კამათელს და რა ფრაზაც ამოუვა, იმას იყენებს საკუთარი მოთხრობის დასაწყებად, შეგვიძლია, იგივე მოქმედება გავიმეოროთ მოთხრობის შუაში და დასასრულს. გთავაზობთ კუბის შაბლონის ერთ ვარიანტს:

 

ბავშვების ნამუშევრები ილუსტრაციებითურთ ერთ წიგნად ავკინძოთ. ასე საინტერესოდ დასრულდება „იაკობობანა“.

იაკობ გოგებაშვილს მართლაც გასაოცარი სტილი აქვს, შეუძლია, ჩვეულებრივ საინფორმაციო ტექსტს განსაკუთრებული სული შთაბეროს, ისეთი სითბოთი წეროს, რომ მსოფლიოს ყველა ბავშვის გული მოიგოს და მოინადიროს. ცხოველები, ფრინველები, ჭია-ღუები ცოცხლდებიან და თითქოს უსიტყვოდ გვიყვებიან საკუთარ ამბებს:

„აი, აბრეშუმის პეპელამ დაყარა პაწაწუნა, ქინძისთავის ოდენა კვერცხები. ეს კვერცხები პატრონმა გაზაფხულზე გაამზეურა. მზის სითბომ რამდენიმე დღეში კვერცხის გულში გაზარდა ჭია, რომელიც დახვეული იდო შიგნით, როგორც წიწილა დევს ხოლმე ქათმის კვერცხში.

ეს ჭია ისეთი პატარა იყო, რომ ერთი ბეწო ნაჭუჭში ადვილად თავსდებოდა. როცა მას ვიწრო სათავსოში წოლა მოსწყინდა და შიმშილმაც შეაწუხა, საპყრობილეში მყოფივით გარეთ გამოძრომა მოინდომა. მაგრამ როგორ გამოვიდოდა მაგარი ნაჭუჭის გარეთ? პატარა ჭიას ორი მაგარი ყბა აქვს და მათი შემწეობით დაუწყო ნაჭუჭს კბენა და ხვრეტა“.

„სამაგიეროდ, ახალი დედა ფუტკრის გამოჩენის შემდეგ ფუტკრების მწუხარება სიმხიარულედ გადაიქცევა; ყველანი გარს ეხვევიან ახალ მბრძანებელს, უალერსებენ, თავის ულვაშებს ტანზე უცაცუნებენ, თითქო კოცნიანო, და თაფლს სთავაზობენ“.

როგორი კარგი ენციკლოპედია გამოვიდოდა ამგვარი ტექსტებისგან! სქემატური, ტერმინოლოგიით დახუნძლული ინფორმაციის ნაცვლად ასეთი საინტერესო, თბილი თხრობა – ეს ხომ სწორედ ის ინოვაციაა, რასაც დღემდე ვეძებთ საბავშვო ტექსტებში! მგონი, სათანადოდ ჯერ კიდევ არ გვაქვს შესაწავლილი ეს მართლაც უნიკალური საგანძური. ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია, ეს ახლავე ვქნათ, გავაცოცხლოთ ის, გავააქტიუროთ. დავამზადოთ ხელნაკეთი ენციკლოპედიები, მოვამზადოთ პრეზენტაციები, წავაკითხოთ ჩვენს მოსწავლეებს და ორასი წლის წინ ჩადებული სიყვარული ახელბურად ამოვაფრქვიოთ!

 ინტეგრირება ხსნარების თვისებების მაგალითზე

0

შოკოლადის შადრევანი…

მსგავსი სურათის ნახვა შესაძლებელია ფილმში ან მაღალი წრის წვეულებაზე, მასწავლებლისთვის კი ეს კარგი რესურსია ხსნარების თვისებებით მოსწავლეთა დასაინტერესებლად. შეიძლება დაისვას კითხვები: რა ანიჭებს გამდნარ შოკოლადს ასე მოძრაობის უნარს? რატომ არ ახასიათებს იგივე თვისება მარილიან წყალს? გაგიგონია რამე ნიუტონისეული და არანიუტონისეული სითხეების შესახებ? რატომ არ იღვრება კეჩუპი ჭურჭლიდან სწრაფად? კიდევ უამრავი საინტერესო კითხვის მოფიქრება შეიძლება. მე მეთერთმეტე კლასში ხსნარების თვისებების სწავლებისას ბიოლოგიისა და ფიზიკის კანონებიც გამოვიყენე. ქვემოთ მოყვანილია ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, უპასუხოს ზემოთ დასმულ შეკითხვებს.

  • ცოცხალი ორგანიზმის მასისა და მოცულობის დიდ ნაწილს შეადგენს ბიოლოგიური სითხეები – სისხლი, ლიმფა, ქსოვილური სითხე, ნერწყვი, ცრემლი.
  • ისინი ემორჩილებიან პასკალის კანონს, არქიმედეს პრინციპს, ბერნულის კანონებს და სხვა.
  • უძრავი სითხის წნევას ჰიდროსტატიკური წნევა ეწოდება.
  • პასკალის კანონიდან გამომდინარე, ორგანიზმის თხევად არეში ჭარბმა წნევამ და მისმა გავრცელებამ შესაძლოა პათოლოგიური ცვლილებები გამოიწვიოს.
  • პასკალის კანონის მოქმედების შედეგად ვიწრო ტანსაცმელს, სხეულის ზედაპირის ტრავმას ამნიონური სითხის გავლით შეუძლია დააზიანოს ნაყოფი.
  • პასკალის კანონიდან გამომდინარე, თვალზე ზეწოლის ან ბლაგვი საგნის ზემოქმედებით თვალშიგა სითხეში ჭარბი წნევა რეტინას ან/და მხედველობის ნერვს აზიანებს.
  • ადამიანის ცერებრალური (თავ-ზურგტვინის) სითხის სიმკვრივეა 1007კგ/მ3, რაც 1.2%-ით ნაკლებია ტვინის ქსოვილის სიმკვრივეზე (1040 კგ/მ3). ტვინი სითხეში შეწონილ მდგომარეობაშია არქიმედეს ძალის ზემოქმედებით.
  • დიაგნოსტიკის მიზნით ხერხემლიდან სითხის ამოღება იწვევს მისი მოცულობის შემცირებას და წნევის გაზრდას, რაც დისკომფორტის გამომწვევია. ეს მდგომარეობა გრძელდება, ვიდრე არ აღდგება სითხის რაოდენობა.
  • არქიმედეს ძალაა იმის მიზეზი, რომ პაციენტებს წყალში ვარჯიშს ურჩევენ კუნთების გადაღლის პრევენციის მიზნით.
  • ბიოლოგიური სითხეებისთვის (ხსნარებისთვის) დამახასიათებელია ზედაპირული დაჭიმულობა. სითხის ყველა მოლეკულა სხვებისგან განიცდის მიზიდვას. ისინი თითქოს ზედაპირიდან მოლეკულების „ჩათრევას“ ცდილობენ. მოლეკულა თვითონაც „ჩაძირვას“ აპირებს. ზედაპირული ფენა წააგავს გადაჭიმულ დრეკად აპკს. ზედაპირული დაჭიმულობაა იმის მიზეზი, რომ მწერები წყლის ზედაპირზე თავისუფლად გადაადგილდებიან.
  • ზედაპირული დაჭიმულობის კოეფიციენტის რიცხვითი მნიშვნელობის მიხედვით სითხეები იყოფა დამასველებელ და არადამასველებელ სითხეებად (ვერცხლისწყალი – არადამასველებელია, წყალი – დამასველებელი).

  • სითხეების მნიშვნელოვანი თვისებაა სიბლანტე, სისხლის სიბლანტეზეა დამოკიდებული მისი მოძრაობის სიჩქარე სისხლძარღვებში და კედლებზე განვითარებული წნევის მნიშვნელობა.
  • იდეალური სითხეები არაბლანტია, რეალური – ბლანტი.
  • სიბლანტის კოეფიციენტის წნევასა და სიჩქარის გრადიენტზე დამოკიდებულების მიხედვით სითხეები იყოფა ნიუტონისეულ და არანიუტონისეულ სითხეებად.
  • ნიუტონისეული სითხეების სიბლანტის კოეფიციენტი დამოკიდებულია მხოლოდ ტემპერატურაზე და სითხის თვისებებზე, არ არის დამოკიდებული წნევასა და სიჩქარის გრადიენტზე.
  • არანიუტონისეული სითხეების სიბლანტის კოეფიციენტი ასევე დამოკიდებულია წნევასა და სიჩქარის გრადიენტზე.
  • ნიუტონისეული სითხეებია: წყალი, გამდნარი მეტალი და მარილები, ძმარი.
  • არანიუტონისეული სითხეებია: სისხლი, ნერწყვი, ცრემლი, კეჩუპი, მაიონეზი, თაფლი, შოკოლადი, კბილის პასტა, შესქელებული რძე, კისელი და სხვა.
  • არანიუტონისეული სითხეების სიბლანტე იზრდება სუსტი ძალის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. ისინი ისე იქცევიან, როგორც მყარი სხეულები, რადგან სუსპენზიაში შემავალი წყალი სიმძიმის ძალის ზემოქმედებით სწრაფად შორდება დიდ ნაწილაკებს.
  • გამდნარი შოკოლადიც არანიუტონისეული სითხეა და სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი მისი შადრევნის მიღება.

რატომ არ იღვრება კეჩუპი სწრაფად ჭურჭელზე სწრაფი ზემოქმედების შედეგად? მიზეზი ისევ სიბლანტეა.

აქვე გთავაზობთ სიბლანტესთან დაკავშირებულ სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქციას:

  1. Select the environment-იდან შეარჩიე გარემო.
  2. Select viscous liquid-იდან შეარჩიე ბლანტი სითხე.
  3. ლურჯი ბურთების გადაადგილებით შეცვალე მენზურისა და ბურთულის დიამეტრი.
  4. მენზურასთან წითელი ისრების გადაადგილებაც შეიძლება.
  5. ბურთულა ჩააგდე სითხეში, როცა ის მიაღწევს A წერტილს ჩაირთვება წამმზომი; როცა მიაღწევს B წერტილს, გამოირთვება.
  6. Show result-ის მონიშვნით გამოჩნდება სიბლანტის რიცხვითი მნიშვნელობა.

სიმულაცია ზომავს ბურთულის მოძრაობის სიჩქარეს და ითვლის სითხის სიბლანტეს.

დამატებითი რესურსები:

ზედაპირული დაჭიმულობა

ზედაპირული დაჭიმულობა და ორთქლის წნევა

https://amrita.olabs.edu.in/?sub=1&brch=5&sim=225&cnt=4

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.csidesigns.com/blog/articles/newtonian-and-non-newtonian-fluids

 

მშობლის როლი ბავშვთა კონფლიქტების მოგვარებაში

0

ალბათ ყველა შევსწრებივართ სიტუაციას, როცა რაიმე მიზეზით ერთმანეთთან წაკინკლავებული ბავშვების ურთიერთობაში ჩარეული მშობლები თავგამოდებით იცავენ საკუთარ შვილს, ადანაშაულებენ მასთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს და საყვედურობენ მის დედას შვილის ცუდად აღზრდის გამო. არცთუ იშვიათად მსგავს სიტუაციაში მშობლებს შორის ურთიერთობა ისე მწვავდება, რომ შეიძლება სამუდამოდ მოიმდურონ ერთმანეთი. ეს იმ დროს, როცა მათი შვილები რამდენიმე საათის შემდეგ ერთად თამაშობენ და მშვენივრად აწყობენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

როგორი უნდა იყოს მშობლის როლი მსგავს სიტუაციაში – თვითდინებაზე მიუშვას პატარების კონფლიქტი, თუ შეეცადოს მის მოგვარებას. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო იქნება იმის გაცნობა, როგორ ვითარდება ბავშვებს შორის ურთიერთობა საკმაოდ ადრეული ასაკიდან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ცხოვრებაში თანატოლებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ურთიერთობის უნარი პიროვნების განვითარების ერთ-ერთი პირობაა, ის აუცილებელია ბავშვის შემდგომი სოციალიზაციისათვის. როცა ბავშვი საბავშვო ბაღში შეჰყავთ, მშობლები ხშირად დარწმუნებული არიან, რომ სწორედ იქ ისწავლის მათი შვილი ურთიერთობას, შეიძენს მეგობრებს. მაგრამ, არცთუ იშვიათად სწორედ აქ ჩნდება პრობლემები. საბავშვო ბაღში თანატოლებთან ბავშვის წარუმატებელმა ურთიერთობებმა შესაძლოა მოგვიანებით კომუნიკაციის მუდმივი პრობლემები გამოიწვიოს.

პატარები საკმაოდ ხშირად შედიან ერთმანეთთან კონფლიქტში, მათ უჭირთ საკუთარი მოქმედებების ერთმანეთთან შეთანხმება, დათმობა საჭირო დროს, თანაგრძნობის გამოხატვა. კონფლიქტურ სიტუაციაში ბავშვი ხედავს მხოლოდ იმას, რომ თანატოლი მას მიზნის მიღწევაში ხელს უშლის – ანგრევს მის მიერ აგებულ კოშკს, უნდა სათამაშოს წართმევა. ეს ბუნებრივია, რადგან პატარა ვერ ხვდება, რომ შეიძლება სხვა ბავშვსაც ჰქონდეს გრძნობები და ინტერესები.

ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობის თავისებურებები. ჩვეულებრივ, ადრეულ ასაკში პატარები სიამოვნებით იწყებენ თანატოლებთან თამაშს, მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გრძელდება და თამაში ხშირად ცრემლებით მთავრდება. სკოლამდელი ასაკის ბოლოსთვის კონფლიქტით მთავრდება თამაშის დროს როლების განაწილება და თამაშის წესების დაცვის მოთხოვნა.

ბავშვთა შორის კონფლიქტების პრევენციაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მშობელს. მართალია, საბავშვო ბაღში კონფლიქტების თავიდან აცილება შეუძლებელია და ამისი აუცილებლობა არც არის, რადგან კონფლიქტური სიტუაციის გადაჭრა ამ პერიოდში ეხმარება ბავშვის სოციალიზაციას მომავალში, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ და საჭიროც არის, ასწავლონ ბავშვს, როგორ მოიქცეს კამათისა და ჩხუბის დროს. ასეთ შემთხვევაში მშობლები ხშირად ვარდებიან ორ უკიდურესობაში – ან ზედმეტად ერევიან ბავშვების ჩხუბში და ამით ცდილობენ საკუთარი შვილის დაცვას, ან საერთოდ განზე დგებიან, არ იღებენ არანაირ მონაწილეობას და არ ეხმარებიან ბავშვს მაშინაც კი, როცა ამის აუცილებლობაა. თუ მშობლებს ბავშვობაში პრობლემები ჰქონდათ თანატოლებთან ურთიერთობაში, მათ შეიძლება ზედმეტად მწვავედ აღიქვან ბავშვის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება. ამიტომ, სანამ ბავშვს ვუკარნახებთ, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში, აუცილებელია ვდისტანცირდეთ საკუთარი ბავშვობის მოგონებებიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარების უკვე ადრეული პერიოდიდან საჭიროა, ვასწავლოთ ბავშვს მეგობრობა. შესაბამისად, საჭიროა ვასწავლოთ მას, გაუმკლავდეს საკუთარ ეგოისტურ გამოვლინებებს, პატივი სცეს სხვების აზრს, თანაუგრძნოს და დაეხმაროს სხვა ადამიანებს. როგორ გავაკეთოთ ეს?

  • ვასწავლოთ ბავშვს, როგორ გაიცნოს თანატოლი – ერთმანეთის გაცნობა მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვების მეგობრობაში. შეგვიძლია ამისათვის ბავშვებთან ერთად ვითამაშოთ თამაში – „მოდი გავიცნოთ ერთმანეთი“. ვასწავლოთ პატარას, როგორ შეუძლია მიუახლოვდეს სხვა ბავშვს, როცა მისი გაცნობა სურს, როგორ გაუღიმოს, შესთავაზოს გაცნობა, წარუდგეს, როგორ გაიგოს მისი სახელი, შესთავაზოს ერთად თამაში. ასევე შეგვიძლია გავითამაშოთ სიტუაცია, როცა ბავშვმა მიიღო უარი, ავუხსნათ, რომ ასეთ დროს უკეთესია მშვიდად რეაგირება, რადგან მეორე ბავშვმა შეიძლება უბრალოდ დაიმორცხვა. გავაცვლევინოთ როლები. ასეთი როლური თამაშები ბავშვს ყველაფერს გაცილებით გასაგებად, ნათლად უხსნის, ვიდრე ჩვეულებრივი ჭკუისდამრიგებლური საუბრები.
  • ვუჩვენოთ პირადი მაგალითი – თუ ჩვენ, უფროსები თავად არ ვართ კომუნიკაბილურები, კეთილგანწყობილები და ადამიანებში მხოლოდ მათ უარყოფით თვისებებს ვხედავთ, ამასთან, ამ ყველაფერს სახლში ბავშვის თანდასწრებით განვიხილავთ, ქცევის ასეთივე მოდელი მოზარდმა შეიძლება სწორედ ახლობელი უფროსებისგან გადაიღოს. მოვიწვიოთ სტუმრები, ვიაროთ სტუმრად, გვიხაროდეს მეგობრებთან შეხვედრა, შევაქოთ ისინი, დავეხმაროთ მათ – ეს ყველაფერი ურთიერთობის საუკეთესო გაკვეთილია ბავშვისთვის. გარდა ამისა, მოვუყვეთ მას ჩვენი ბავშვობის მეგობრებზე, როგორ გავიცანით, რას ვთამაშობდით, რის გამო ვჩხუბობდით, როგორ ვრიგდებოდით. ეს ყველაფერი ბავშვს არა მხოლოდ მეგობრობის სწავლაში დაეხმარება, არამედ გააუმჯობესებს მასთან ჩვენს ურთიერთობას.

მიუხედავად ჩვენ მიერ ჩატარებული ზემოაღნიშნული სამუშაოებისა, ნებით თუ უნებლიეთ, ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მოზარდი შეიძლება მაინც აღმოჩნდეს თანატოლებთან კონფლიქტურ სიტუაციაში. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს.

 რეკომენდაციები – როგორ დავეხმაროთ ბავშვს კონფლიქტების მოგვარებაში:

  • უპირველეს ყოვლისა ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ რამდენად ხშირად ხვდება ჩვენი ბავშვი კონფლიქტურ სიტუაციაში. ხომ არ გახდა თანატოლებთან ჩხუბი მისთვის უკვე ჩვეული და რეგულარული;
  • როგორია ჩვენი ბავშვის როლი კონფლიქტში – უფრო ხშირად ის დაზარალებული მხარეა, თუ თავდამსხმელი;
  • შევეცადოთ, გავერკვეთ კონფლიქტში მყოფი ბავშვის ემოციებში – გრძნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ იმის გამო, რომ სხვა გაანაწყენა. ან, ხომ არ უხარია, როცა სხვისთვის მისი მოქმედება მტკივნეულია და ის ადამიანი მისი საქციელის გამო ცუდად გრძნობს თავს. თუ ამ უკანასკნელს ვამჩნევთ, უკეთესი იქნება ყურადღების მიღმა არ დავტოვოთ აღნიშნული და მივმართოთ ბავშვთა ფსიქოლოგს;
  • გავიგოთ ბავშვის განზრახვა კონფლიქტურ სიტუაციაში – რა უნდოდა მას სინამდვილეში. ადვილი არ იქნება ისეთი ბავშვის პოვნა, რომელსაც სურს, მიზანმიმართულად გაანაწყენოს სხვა და მით უმეტეს გააბრაზოს მშობლები. სკოლამდელ პერიოდში პატარას ჩვეულებრივ სურს, მიიღოს რაღაც სასურველი, ან დაიბრუნოს ის, რაც მისი იყო, მაგრამ სხვამ წაართვა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად განვიხილავთ მომხდარ შემთხვევას. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბროთ მის გრძნობებზე. ამ გზით ის მიხვდება, თუ რა ემართება, რა ხდება მის თავს და გარდა ამისა, მიხვდება იმასაც, რომ ნეგატიური ემოციების განცდა ნორმალურია;
  • ვისაუბროთ ბავშვთან მომხდარზე ყოველგვარი დადანაშაულებისა და მტყუან-მართლის ძიების გარეშე. ფრაზებს: „გიო ცუდია იმიტომ, რომ შენ გაწყენინა“, ან „რატომ არ უპასუხე, არ ჩაარტყი – არ შეგიძლია თავის დაცვა?“, ვცვლით ახსნა-განმარტებით: „გიომ მანქანა წაგართვა და შენ განაწყენდი, გაბრაზდი კიდეც იმიტომ, რომ თავად გინდოდა ამ მანქანით თამაში. ასე იყო არა? სწორად გავიგე?“;
  • გამოვხატოთ თანაგრძნობა და თანადგომა – „კი, ნამდვილად საწყენია, როცა გართმევენ საჭირო ნივთს. მესმის რატომაც გაბრაზდი“. ასე ჩვენ დავეხმარებით ბავშვს, გააანალიზოს სიტუაცია და განთავისუფლდეს უარყოფითი გრძნობებისგან.
  • თუ ჩვენმა პატარამ თავად გაანაწყენა ვინმე, შეიძლება მასთან ერთად განვიხილოთ სიტუაციის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი:
  • ითამაშონ მორიგეობით სადავო მანქანით;
  • დაამტვრიოს მანქანა, რომ ვერავინ შეძლოს ამ მანქანით თამაში, მისი გამოყენება. თუმცა, ამ დროს არ დაგვავიწყდეს გავაფრთხილოთ, რომ თავად ისიც ვეღარ შეძლებს ამ სათამაშოთი თამაშს;
  • დაუთმოს, წავიდეს და თვითონ სხვა სათამაშოთი ითამაშოს;
  • წაართვას თავისი სათამაშო;
  • შესთავაზოს სათამაშოს გაცვლა;
  • აიღოს მეორე მანქანა და ერთად ითამაშონ, რაც თამაშს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

 

ყველა ეს ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ ბავშვთან ერთად და ვიმსჯელოთ იმაზე, რა შედეგები შეიძლება მივიღოთ თითოეულ შემთხვევაში. შეიძლება უფროს ბავშვებთან ერთად მოვიფიქროთ ვარიანტები, შემდეგ კი მოვისმინოთ მათი აზრი: „როგორ ფიქრობ, როგორ აჯობებდა, რომ მოვქცეულიყავით აღნიშნულ სიტუაციაში?“

  • თუ კონფლიქტები რეგულარული გახდა, ყურადღება მივაქციოთ ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, გადავხედოთ ჩვენს ოჯახში მიღებული აღზრდის მეთოდებს, ასევე ბავშვის ჩვეულ როლს ოჯახურ სისტემაში. მაგ. თუ ის მუდმივად ხდება თანატოლებთან კონფლიქტის მსხვერპლი, შესაძლოა ის ოჯახშიც ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ამ როლში, არ ხდება მისი აზრისა და სურვილების გათვალისწინება, აღმზრდელობითი მეთოდები კი ავტორიტარულ ხასიათს ატარებს.
  • ბავშვისთვის კონფლიქტების მართვის სწავლებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარების ჩვენი, უფროსების საკუთარი პოზიტიური მაგალითი. შევეცადოთ, გავაცნობიეროთ საკუთარი გრძნობები კონფლიქტურ სიტუაციებში და შევარჩიოთ ქცევის კონსტრუქციული მოდელი არა მხოლოდ უფროსებთან, არამედ ბავშვთან ურთიერთობის დროსაც. როგორც ზოგადად აღზრდის პროცესში, ასევე ბავშვში კონფლიქტების მართვის უნარის გამომუშავებისას პირადი მაგალითი ბევრად უფრო მეტი გავლენის მომხდენია, ვიდრე გაუთავებელი ჭკუისდამრიგებლური საუბრები.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ კონფლიქტები არა მხოლოდ ჩვენი, ზრდასრული ადამიანების, არამედ ასევე ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ამაში განსაკუთრებული და უჩვეულო არაფერია. მთავარია, ვასწავლოთ მოზარდს საკუთარი ქცევის მართვა კონფლიქტურ სიტუაციაში და შევძლოთ მისი მიღება და უპირობოდ სიყვარული მაშინაც კი, როცა ის შეცდომებს უშვებს და მისი ქცევა არ მოგვწონს.

 

 

დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო

0

ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნისას საშინლად არ მიყვარს მარტო დარჩენა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დავბერდი, მაინც მეშინია დაკარგვის. მზარავს იმის
წარმოდგენაც კი, რომ რომელიმე უზარმაზარი აეროპორტის ლაბირინთებში
შეიძლება ახლობლების გარეშე მომიწიოს ხეტიალი. აქედან გამომდინარე,
ყოველთვის ვცდილობ, რომ ჯგუფს არ ჩამოვრჩე ან ჩემთვის სასურველ საქმეში
სხვები ავიყოლიო. გასული წლის მიწურულს, ესპანეთის დედაქალაქში
მოგზაურობისას ტრადიციას ვუღალატე. მომერიდა მეგობრების წვიმასა და ქარში
ქუჩაში გამოყვანა, თან ზუსტად ვიცოდი, რომ მაღალი კლასის IT სპეციალისტსა
და საერთაშორისო სავაჭრო პროექტების მენეჯერს ესპანეთის სამოქალაქო ომის
პერიპეტიები არ აინტერესებდათ. შესაბამისად, ევროპის სიდიდით მეორე
ქალაქში, უცნობი ადგილების მოსანახულებლად მარტოდმარტო დავიძარი.
ქარაშოტის მიუხედავად, ადვილად მივაგენი მადრიდის ცენტრში მდებარე
დასავლეთის პარკს. დასავლეთის პარკი სწორედ იმ ადგილზეა გაშენებული,
სადაც 1936-1939 წლებში ფაშისტები და ნაციონალისტები რესპუბლიკის
დამცველებს უტევდნენ. ველურ ტყედ ქცეულ ნაკრძალში ძლივს მივაგენი
ბეტონის პატარა კოშკებს, რომლებიც ფრანკოს ჯარისკაცებმა მსროლელთა
ჩასაფრების მიზნით ააგეს. ბოლომდე რაციონალური ადამიანი არ ვარ, მგონია,
რომ ადგილზე, სადაც დიდი ისტორიული მოვლენა განვითარდა, სრულიად
განსხვავებული ენერგეტიკული ველი და ატმოსფერო იქმნება. ასეთი სივრცეების
მონახულების შემდეგ ხშირად მეუფლება შეგრძნება, რომ დიდ ამბებში
მონაწილე ადამიანების ფიქრებისა თუ განცდების თანაზიარი ვარ. ამასთანავე,
ეჭვი არ მეპარება, რომ ბრძოლის ველზე მისვლით ომში დაცემულ ადამიანებს,
მათ ხსოვნას მივაგებ პატივს.
სუსხიან დღეს უკაცრიელ პარკში მარტო ყოფნა ერთი ადამიანის ნაკვალევზე
სვლის გულითადმა სურვილმა მაიძულა. მადრიდში, ველასკესისა და გოიას,
სერვანტესისა და უნამუნოს გარდა, დოლორეს იბარურის სამყაროს შეგრძნებას
ვესწრაფოდი.
1936 წლის 18 ივლისს სამხედროებმა ესპანეთის დემოკრატიულად არჩეული
მთავრობის დასამხობად ხელში იარაღი აიღეს. იმავე საღამოს რადიოთი ხალხმა
აჯანყებულთა არაერთი მეთაურის მიმართვა მოისმინა. ბევრს თავზარი დასცა
გენერალ ფრანკოს სიტყვებმა, რომლითაც იგი რესპუბლიკას განადგურებას
ჰპირდებოდა. ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები შოკირებულნი
იყვნენ, ვერავინ შეძლო შედეგიანი საპასუხო სიტყვის უმალვე წარმოთქმა.

დაბნეული და შეშინებული რესპუბლიკელები თავგანწირულმა პარლამენტარმა
გადაარჩინა. ფალანგისტთა აჯანყებიდან მეორე დღეს რადიოს მიკროფონთან
დოლორეს იბარურიმ მიაღწია, რომელმაც თავისი სიტყვით სილა გააწნა
დემოკრატიის დასამხობად გამოსულ პუტჩისტებს:
„მშრომელებო, ანტიფაშისტებო, ესპანეთის პატრიოტებო! წინ აღუდექით
ფაშისტების სამხედრო-შეიარაღებულ აჯანყებას, დაიცავით თავისუფლება,
დაიცავით რესპუბლიკა, დაიცავით დემოკრატიის მიღწევები… მთელი ქვეყანა
აღშფოთებისგან ზანზარებს ამ უგულო ურჩხულების გამო, რომელთაც სურთ
ხალხის მიერ შექმნილი, დემოკრატიული ესპანეთი ტერორისა და სიკვდილის
ჯოჯოხეთში ჩაძირონ… ფაშისტებს არაფერი გამოუვათ, მათი გამარჯვება არ
ეგების, დაუშვებელია, No pasaran!“.
ბასკი ქალის შეუპოვრობამ, სიმამაცემ და გამბედაობამ, გონივრულად
შერჩეულმა სიტყვებმა დაუდო სათავე რესპუბლიკის გადარჩენისთვის ბრძოლას.
ყველა დარწმუნებული იყო, რომ მადრიდი 1936 წელსვე დაეცემოდა, მაგრამ
დედაქალაქმა კიდევ სამი წელი გაძლო… სამი წელი მთელს ესპანეთში
იმეორებდნენ დოლორესის სიტყვებს „არ გამოუვათ, არ ეგების, No Pasaran!“.
მხოლოდ სამოქალაქო ომის დროს გამოვლენილი უმაგალითო თავდადების გამო
არ ვცემ პატივს ესპანელ პარლამენტარს. ჩემს აღფრთოვანებას ყოველთვის
იწვევდა მისი არნახული გამძლეობა. მიუხედავად იმისა, რომ მან ფრანკოსთან
წინააღმდეგ ბრძოლაში უამრავი ნათესავი დაკარგა და მეორე მსოფლიო ომის
დროს საყვარელი შვილიც დაეღუპა, მას ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია.
ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელმისაწვდომი საერთაშორისო
ტრიბუნიდან დაუნდობლად აკრიტიკებდა ძალადობის გზით ხელისუფლებაში
მოსულ რეჟიმს. ის არ გატყდა და რეჟიმის დამხობასაც მოესწრო. მეტიც, 1977
წელს ის ხელახლა აირჩიეს ეროვნული კორტესების წევრად. 1936 წლის მოწვევის
პარლამენტის 473 დეპუტატიდან, იბარური ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც
ორმოცი წლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მობრუნება მოახერხა.
საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია ესპანელი რევოლუციონერის კიდევ
ერთი პრინციპული გადაწყვეტილება. ცხადია, იგი საბჭოთა ხელისუფლებასთან
თანამშრომლობდა, ანტიფრანკისტებს მაშინდელ სამყაროში ბევრი მხარდამჭერი
არ ჰყავდათ, სხვა გზა სამოქალაქო ომში დამარცხებულებს არ ჰქონდათ. თუმცა,
ისინი ყურმოჭრილი მონები არ გამხდარან. ამას მოწმობს 1968 წელს დოლორეს
იბარურის მიერ ხმამაღლა ნათქვამი სიმართლეც. ესპანელი უპირობოდ დაუდგა
გვერდით ალექსანდრ დუბჩეკს, „პრაღის გაზაფხულის“ ლიდერს და დაგმო
„ვარშავის პაქტის“ ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქის აღების ფაქტი.

სიმართლე გითხრათ, ესპანელი რესპუბლიკელები ლიტერატურამ უფრო
შემაყვარა, ვიდრე პოლიტიკამ და ისტორიამ. ერნესტ ჰემინგუეის „ვის უხმობს
ზარი?“ ხომ გახსოვთ?! ანდა ანა მარია მატუტეს „ჯარისკაცები ტირიან ღამით“…
თუმცა, რაღა შორს მივდივართ?! აუდიტორიაში, სტუდენტთა ყურადღების
მოსაპყრობად და მათი გამხიარულების მიზნით ხშირად მივმართავ ხოლმე
შეკრებილებს ტიციან ტაბიძის ტაეპით: „დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო!“. ამ
ფრაზით იწყება ქართველი სიმბოლისტის ერთი მშვენიერი ლექსი, რომლითაც
ავტორი ესპანეთის სამოქალაქო ომის არაერთ უმნიშვნელოვანეს მომენტს
მიმოიხილავს, დაუნდობელი მსჯავრი გამოაქვს ხუნტის მონაწილეებისთვის და,
რაც მთავარია, გამოთქვამს რესპუბლიკელთა გამარჯვების იმედს, რადგან მთელ
მაშინდელ მსოფლიოში დაირაზმნენ გულანთებული ადამიანები დემოკრატიის
გადასარჩენად და პირენეის ნახევარკუნძულს მიაშურეს. ტიციან ტაბიძემ ამ
ლექსით მხოლოდ სამართლიანობასა და თავისუფლებას კი არ დაუჭირა მხარი,
არამედ ქართული ლიტერატურა კიდევ ერთხელ მიაკუთვნა ევროპულ სამყაროს.
არ არსებობს ევროპის არცერთი ქვეყანა, რომლის ლიტერატურის ერთ მოწინავე
წარმომადგენელს მაინც არ ჰქონდეს დაწერილი ტექსტი ესპანეთის სამოქალაქო
ომის, ამ ეპოქალური მოვლენის შესახებ.
ტიციან ტაბიძის გარდა, ქართულ ლიტერატურას ნამუსი შეუნახა მეორე
გენიოსმა, ანა კალანდაძემ, რომელმაც ვერის სასაფლაოზე ხოსე დიასის საფლავის
მოსანახულებლად მისულ დოლორესს გენიალური სტრიქონები მიუძღვნა:
„ხედავთ იბარურს? უსმენთ იბარურს?
მაშ, გული ცრემლებს რად აუვსიათ?
სად არის შენი კასტანეტები,
ანდალუსია, ანდალუსია?
ხომ არ დამთავრდა მძიმე კორიდა?
ხომ არ ბომბავენ ისევ ბილბაოს?
თბილისის ლამაზ კვიპაროსებთან
ხედავთ იბარურს? უსმენთ იბარურს?“.
ანა კალანდაძეს დიდი სიხარულით ევსება გული, როდესაც თავისი ქვეყნის
შუაგულში ლეგენდარულ მებრძოლს ხედავს, მაგრამ ესპანელ ქალთან
შეხვედრას თან ცრემლიც ახლავს. მწუხარების მიზეზი კი ბილბაოსა და
ანდალუსიის ტრაგედიებია, პოეტი მიგვანიშნებს, რომ ჭრილობები კვლავ

მოუშუშებელია, კასტანეტები კვლავ დადუმებულნი არიან, „მძიმე კორიდა“ ჯერ
არ დასრულებულა.
გინდ დამიჯერეთ, გინდ არა… სამოქალაქო ომის ბრძოლის ველზე სეირნობისას
ერთი მოხუცი შემომხვდა, ძაღლს ასეირნებდა, გამოველაპარაკე, რამდენიმე
ამბავი გამიზიარა ომში მებრძოლი ბაბუამისის შესახებ, მე კი ორივე ლექსი
წავუკითხე (რიტმს ხომ შეიგრძნობდა?!), შემდეგ მოკლე შინაარსიც ვუთარგმნე
და ვუთხარი, რომ ქართველ პოეტებს მხოლოდ საკუთარი თავი ან მხოლოდ
საკუთარი ქვეყანა კი არ ანაღვლებდათ, არამედ მუდამ თანაუგრძნობდნენ
სამართლიანობასა და თავისუფლებას დედამიწის ყველა კუთხეში.

ინტერპერსონალური კომუნიკაციები

0

ინტერპერსონალური კომუნიკაციები სოციუმის, ვაჟა-ფშაველას პატრიარქალური თემის, ფონზე („სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“)

ლიტერატურული ტექსტის ანალიზი რთული და კომპლექსური საკითხია, რომელიც განსაკუთრებულ ჭრილში და სხვადასხვა რაკურსში დანახვას ეფუძნება და საშუალებას აძლევს მკვლევარს, ტექსტი განიხილოს, როგორც მხატვრული დროისა და სივრცის ავტონომიური სისტემა, რომელიც სახეობრივი და ხატოვანი მოდელების საშუალებით იგება და მისი მხატვრული მიზანდასახულობა იმთავითვე ნათლად გამოკვეთილია იმ სტრუქტურაში, რომელიც ნაწარმოებშია მოცემული. მაგრამ ლიტერატურული ტექსტი თავისთავად არის ანარეკლი იმ ემპირიული დროისა და სივრცისა, რომელშიც ის შეიქმნა და ამავე დროს, გახსნილი სისტემაცაა. მისი ავტონომიურობა მხოლოდ უშუალოდ ქსოვილის ანალიზისას და გარკვეული წმინდა ლიტერატურული მეთოდოლოგიების გამოყენებისასაა დაცული. სხვა შემთხვევაში, სხვანაირი მიდგომისას, ის კარგავს ამ საზღვრებს, მხატვრული დრო-სივრცე ხდება გახსნილი და ასე ვთქვათ, ორმხრივი გავლენის მაჩვენებელი – როგორ მოქმედებდა მასზე მისი შექმნის თანადროული ემპირიული დრო-სივრცე და ამავე დროს რას აძლევს იგი სხვადასხვა თვალსაზრისით იმ დრო-სივრცეს, რომელშიც მისი გაანალიზება ხდება, რას ინახავს და რას ქმნის, ან რის საფუძვლად შეიძლება იქცეს.

ჩვენი თემა – „აქსიოლოგიური კომუნიკაციები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში” ამ თვალსაზრისს ადასტურებს: ლიტერატურული ტექსტი, მხატვრული ქსოვილი თავის თავში შეიცავს იმ ღირებულებრივ ორიენტირებს, რომლებიც მწერლის თანადროული სოციუმის მთავარ მახასიათებლებს წარმოაჩენს; ასევე მთის სისტემის დამატებით რეალობასაც, რომელიც კიდევ მეტ ნიშნებს მატებს მხატვრულ ტექსტში ჩატვირთულ ინფორმაციას საზოგადოების, ცალკეული ინდივიდის და მთლიანად საკომუნიკაციო სისტემის ურთიერთქმედებებსა და ამ ქმედებების შედეგებზე.

ზოგადად, თანამედროვე მეცნიერება ნათლად წარმოაჩენს დარგთაშორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, რაც მეტი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა და ტექსტის, როგორც ღია სისტემის, მოცემულ შემთხვევაში კი, საზოგადოების რეალურ სეგმენტად წარმოდგენის საშუალებას იძლევა. კვლევისას, როცა ლიტერატურატმცოდნებითი კონცეფციები შეირჩევა, მთავარი ყურადღება ეთმობა იმას, თუ ნაწარმოების რომელი ასპექტია მოქცეული ყურადღების ცენტრში. ამის მიხედვით გამოიყოფა შემდეგი კონცეფციები და მეთოდები: კულტურულ-ისტორიული, ფსიქოანალიტიკური, სოციოლოგიური, ინტერტექსტუალური, ბიოგრაფიულ თუ ფენომენოლოგიური და ა.შ.

ყველა მეთოდი ძალიან პროდუქტიულია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, როცა საკვლევი თემა ღირებულებრივი სისტემის წარმოჩენას ითვალისწინებს, ჩვენ გვაინტერესებს ვაჟას თანამედროვე საზოგადოებისა და მასში ცალკეული ინდივიდების ფუნქციონირების საკითხი, პერსონაჟების ხასიათების სტრუქტურული ანალიზი არა ჩაკეტილად, როგორც ერთი მხატვრული ხატი, არამედ მათ გარშემო არსებულ სოციუმთან მიმართებით, მათთან კომუნიკაციაში და ამ ურთიერთგავლენის შედეგები უშუალოდ ნაწარმოების დრო-სივრცეშიც და თანამედროვე ღირებულებირივ სისტემების ფორმირების თვალსაზრისითაც. ყველაზე ზუსტი და აქტუალური, სხვა მეთოდოლოგიების პარალელურად არსებობისა და თანამშრომლობის პირობებში, ხდება სოციოლოგიური მეთოდი.

სოციოლოგიური მეთოდი გულისხმობს ლიტერატურის, როგორც საზოგადოებრივი აზროვნების ერთ-ერთი ფორმის გაგებას. ნაწარმოებში, უპირველეს ყოვლისა, იკვეთება ისტორიული ტენდენციები, სოციალურად განპირობებული მომენტები, ეკონომიკური და პოლიტიკური კანონების მოქმედების შედეგები, ხასიათები, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული ,,საზოგადოებრივ ატმოსფეროსთან’’. სოციალურ მეთოდს აინტერესებს არა იმდენად ინდივიდუალური, არამედ სოციალურ-ტიპური. ლიტერატურაში, როგორც ცნობილია, ამ პრინციპს ლიტერატურაში ტიპიზაცია ეწოდება. აღვნიშნავ, რომ არ იქნება სწორი ტიპიზაციის უარყოფით თვისებად განხილვა. ტიპი – ეპოქის განზოგადებული ლიტერატურული გამოცდილებაა, რომელიც სხვადასხვანაირად გამოვლინდება, მაგრამ მისი შინაარსი მსგავსია.

როდესაც ლიტერატურათმცოდნე ირჩევს სოციოლოგიურ მეთოდს, ის დგება ლიტერატურისა და სოციოლოგიის მიჯნაზე, ემსახურება ორ საანალიზო ველს ერთდროულად, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა იმითაა მნიშვნელოვანი და პროდუქტიული შედეგი, რომ ჩვენ თვალწინ ეპოქის ისეთი ცოცხალი სახეებია, რომელთა რეკონსტრუქცია უკვე შეუძლებელია მხატვრული ტექსტის გარეშე. ვაჟა-ფშაველა, როგორც ნამდვილი რეალისტი, ტიპურ სახეებს გვიხატავს და მათი მეშვეობით ჩვენ იმ დროისა და სივრცის მოვლენათა თანამონაწილეობის, იმ სოციუმის ცოცხლად დაკვირვების და ტიპურის დანახვის უნიკალური საშუალება გვეძლევა. ამ საფუძველზე შეიძლება მთელი სისტემების რეკონსტრუირება, ფაქტობრივად, ტექსტში ერთგვარი ,,გარედან ინტერვიუს’’ მეთოდით და მოქმედების საფეხურებრივი ანალიზით. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა, არის თუ არა ეს ხასიათები, ანუ მხატვრული ტექსტის ხასიათების სისტემა ზედმიწევნით სანდო ეპოქის სურათის სრული რეკონსტრუქციისთვის. ბუნებრივია, მხატვრულ ტექსტს და თითოეულ მწერალს აქვს თავისი განუმეორებელი ინდივიდუალობა და ის რეალობის უბრალო ფოტოგრაფიული ანაბეჭდი არ არის, ისევე, როგორც ვიზუალურად უფრო იოლად აღსაქმელი ნამდვილი მხატვრული ტილო, ნახატი, რომელიც გარკვეულ რეალობას გამოსახავს. ფოტოგრაფიაც კი, როცა მას მხატვრული მიზანდასახულობა აქვს, არ არის სინამდვილის ნატურალისტური ასლი. სამაგიეროდ, სწორედ ამ შემთხვევაში იწყებს მუშაობას ტექსტის მეორე, კომუნიკაციური პლანი. მისი გახსნილობის (ამ მეთოდის შედეგად გახსნის) დადებითი შედეგი ისაა, რომ ჩვენ არა მარტო აღბეჭდილს ვხედავთ, არამედ გვეძლევა საშუალება დავინახოთ, რა გავლენა მოახდინა თავისი ინდივიდუალურობის ელემენტით მწერალმა სოციუმზე. რა გავლენა იქონიეს მის მიერ შექმნილმა ტიპურმა და, ამავე დროს, უნიკალურმა ხასიათებმა სოციუმის შემდგომ განვითარებაზე, ღირებულებრივი სისტემების ჩამოყალიბებაზე. ეს ორმხრივი კომუნიკაცია ტექსტთან უზრუნველყოფს მის არსებობას, როგორც თავისი სოციუმის ბუნებრივი ნაწილისა, ისე შემდგომი ეპოქის (ეპოქების) საყრდენისა და მისი გავლენების ჩვენება, უფრო მეტად კი ის, შემდგომში კიდევ დამატებით რა ცვლილებების მოტანა შეუძლია მწერლის სოციალურ ხედვას, ანიჭებს მას მხატვრულთან ერთად დიდ საზოგადოებრივ ღირებულებას, სხვადასხვა ასპექტში.

ვაჟა-ფშაველას ტექსტებში მისი გმირები არიან ტიპური სახეები, ფაქტობრივად, ცოცხალი ადამიანები, რომლებშიც მათი გარემომცველი სოციუმის ყველა ნიშანი აირეკლება და, რაც მთავარია, მაღალი მხატვრული ხარისხის გამო ეს მართლაც ცოცხალი ადამიანების არსებობაა ასევე ცოცხალ, გაცოცხლებულ რეალობაში და უტყუარ რეალობაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა. მწერლის მიერ ასახული სამყარო ზუსტად გადმოსცემს ყველა იმ პრობლემას, რომელიც დგას ამ სოციუმების (ვაჟასთან რამდენიმე სხვადასხვა მოდელია ნაჩვენები) წინაშე. და რაც მთავარია, მას აქვს გადაწყვეტა, თავისი კონცეფცია, რომელიც ტექსტშივე იწყებს მუშაობას, მაგრამ მისი გავლენა იქ არ მთავრდება და იქმნება ერთგვარი ღირებულებრივი მოდელები, რომლებიც მწერლისგან დროში დაშორებულ სოციუმზეც ახდენს გავლენას და შესაძლოა, ბოლომდე კიდევ არაა ამოწურული მათი შესაძლებლობები.

სოციოლოგიური მეთოდის გამოყენებისა და პრიორიტეტულობის მიუხედავად, ბუნებრივია, მხატვრული ტექსტი ვერ წარმოჩნდება მთელი სისავსით, თუ მისი ანალიზისას სხვა მეთოდებიც არ გამოვიყენეთ. მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომის შემდეგაა შესაძლებელი, სრულად წარმოჩნდეს მწერლის მიერ ნაწარმოების სიუჟეტში, ხასიათების სისტემებში, მხატვრულ ანტურაჟსა და შიდა ტექსტურ კომუნიკაციებში ჩატვირთული ნაწარმოების მხატვრულ-საზოგადოებრივი მიზანდასახულობა და ღირებულებრივი სისტემა, ასევე ცალკეული აქსიოლოგიური მოდელები და მათი განსახოვნება-ფუნქციონირების გზები და მიმართულებები.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა მხატვრული ნაწარმოების, როგორც სპეციფიკური კომუნიკაციის ნაირსახეობის განხილვა. ლიტერატურა ხომ უძველესი საშუალებაა მასკომუნიკაციისა, რომელსაც აქვს თავისი ფუნქცია. პერსონაჟის სოციალური თუ ასოციალური ქცევა, ურთიერთობები კომუნიკაციის ნიმუშია. ისინი ასახავს ქართულ გენდერულ მენტალობას და ამკვიდრებს ზოგადადამიანურ ღირებულებებს ჩვენს ცხოვრებაში. ესაა სწორედ მასობრივი ზეგავლენა: ტექსტი ამყარებს კავშირს ადრესანტსა და მასობრივ საზოგადოებას შორის.

გასათვალისწინებელია სხვაობა ლიტერატურულ და საგაზეთო კომუნიკაციებს შორის. ამ უკანასკნელისთვის ინფორმაციის ღირებულება ეტალონია, რომელიც სინქრონს ასახავს და ხვალ არავის ემახსოვრება. კლასიკური მასმედიისთვის დამახასიათებელია სპონტანურობაც (მინიმალურ დროში ინფორმაციის მაქსიმუმის გადმოცემა). მოცემულ შემთხვევაში ინფორმაცია კლიშირებულია და ორიენტირებული გარკვეულ სტანდარტებზე. განსხვავებულია ლიტერატურისა და მასკომუნიკაციის სიტყვის კულტურასთან, სალიტერატურო ენასთან დამოკიდებულებაც. ლიტერატურა იმიტომაა მასკომუნიკაცია, რომ გათვლილია მკითხველის დიდ აუდიტორიაზე, მასობრივ ადრესატზე და მისი კოდი -ტექსტი ტირაჟირებულია. მაგრამ გაზეთი თუ კოლექტიური პროდუქტია, ლიტერატურა – ინდივიდუალური, დამუშავებული და ავტორიზებული ტექსტი. ლიტერატურული პერსონაჟები შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინფორმაციის მიმღებ-გადამცემები. ისინი გარკვეულ ღირებულებებს გადასცემენ ერთმანეთს და ასე ხდება ამ ღირებულებების მოძრაობა სოციუმში. მასმედიაც იგივე მოძრაობაა სოციუმში, ინფორმაციისა, იდეებისა, აზრებისა. რაც შეეხება ლიტერატურულ ღირებულებებს, ისინი შემთხვევითი არ არის და სოციუმითაა რეგლამენტირებული. ასე რომ, ლიტერატურასა და მასკომუნიკაციას შორის უფრო მეტია განსხვავება, ვიდრე მსგავსება და ეს ასეც უნდა იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მიისწრაფვის ინდივიდუალიზაციისაკენ, მეორე – პირიქით, მასაზე, სიმრავლეზეა ორიენტირებული – გამოხატვის სხვადასხვა ტენდენციებია.

კომუნიკოლოგია არის მეცნიერების ახალი დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის საზოგადოებასთან და ბუნებასთან ურთიერთქმედების ფორმებს სოციოსფეროში, ბიოსფეროში და ა.შ. თავისი ისტორიის განმავლობაში კომუნიკაციის ცნებამ გარკვეული ევოლუცია განიცადა, დაწყებული დამწერლობამდელი პერიოდის მასკომუნიკაციური მოდელიდან (ფოლკლორი – ინფორმაციის მეხსიერებაში შენახვის მოდელი), დამთავრებული ინფორმაციული საზოგადოების კომუნიკაციური მაგალითით. მასკომუნიკაცია გულისხმობს ადრესანტის, კოდისა და ადრესატის ურთიერთობას. განსხვავება ლიტერატურული და მასკომუნიკაციური ტექსტების ადრესანტს შორის ისაა, რომ ერთგან ის ინდივიდია, მწერალი და მეორეგან ის კოლექტიურია. ლიტერატურის ადრესატი არის ერთი ადამიანი, რომლის სულიერი ინდივიდულიზაციისკენაცაა ის მიმართული, ხოლო მასკომუნიკაციის ადრესატი არის მასა, ის სოციალურ სიმრავლეზეა გათვლილი. კომუნიკაციის მიზანი არის ფართოდ გავრცელების მასშტაბი და, როგორც წესი, მასკომუნიკაციის ტექსტი არის ზემოქმედებითი ხასიათისა, რაც გულისხმობს ამ ზემოქმედების მექანიზმის ცვალებადობასაც და მასის დამოკიდებულების ცვლილებასაც ადრესანტისადმი, როგორც უკუზემოქმედებას.

კოდი – ინფორმაციის მატარებელი ერთეულია (ლიტერატურაში ტექსტი, მაგალითად). ტექსტი სიტყვიერიც შეიძლება იყოს, კომბინირებულიც: მუსიკა, გამოსახულება, ნახატი, სიტყვები. სწორედ ტექსტია ადრესანტსა და ადრესატს შორის ურთიერთობის წინაპირობა. რაც შეეხება ლიტერატურულ ტექსტს, ის არის მიმართული მასობრივი აუდიტორიისკენ. მისი საშუალებით მყარდება და მკვიდრდება სოციო-კულტურული ღირებულებები. მასზევეა ორიენტირებული ენობრივი ნორმა. ეს ყველაფერი ასოცირდება საზოგადოებაზე ზეგავლენასთან და მისი სააზროვნო-ემოციური პრიორიტეტებისა თუ მოდელების ჩამოყალიბებასთან.

მოდით, ზემოთქმულიდან გამომდინარე, განვიხილოთ ვაჟა-ფშაველას ორი პოემა: „სტუმარ-მასპინძელი“ და „გველის მჭამელი“, მათი მთავარი პერსონაჟების ღირებულებითი, აქსიოლოგიური კომუნიკაციები სოციუმთან ურთიერთობების ფონზე.

 

დიფერენცირებული სწავლების  სტრატეგიები

0

დიფერენციაციის თეორიის საკლასო ოთახში რეალიზება   მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ამ გამოწვევის გამკლავებაში პედაგოგებს ძალიან გამოადგებათ ის სტრატეგიები,  რაზეც ტომლინსონის, ჰოლის და ლოურენს-ბრაუნის მოდელებშია საუბარი.

ტომლინსონი – აქცენტს აკეთებს შინაარსის, პროცესისა და პროდუქტის ადაპტირებაზე.

ჰოლი – გვთავაზობს სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიას, როგორც დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკას.

ლოურენს-ბრაუნის  მოდელი, ფოკუსირებულია სასწავლო გეგმის ადაპტირებაზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს მიღწეული სასწავლო მიზანი.

განვიხილოთ,  დიფერენცირებული სწავლებისათვის სარეკომენდაციო სტრატეგიები:

  1. სასწავლო ცენტრები
  2. მულტისენსორული აქტივობები
  3. ინფოგრაფიკა
  4. სასწავლო მენიუები
  5. გაჩერებებით სწავლა
  6. ლეპბუკები
  7. რაფთ

 სასწავლო ცენტრები – დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ეს სტრატეგია ხელს უწყობს ეფექტიან სწავლებას  საკლასო ოთახში, რაც განპირობებულია სასწავლო ცენტრების მოწყობით.  დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის  სასწავლო ცენტრებში მიზნობრივი დავალებების შესრულება უზრუნველყოფს, რომ მოსწავლეები კონცენტრირდნენ შესასრულებელ  სამუშაოზე და არ გაეფანტოთ  ყურადღება სხვა ცენტრში მიმდინარე აქტივობაზე, რომელიც მათი აქტივობის პარალელურად მიმდინარეობს.

  ენის შესწავლისას –  მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს კლასში თუნდაც სამი ცენტრი პირველი ცენტრი – კითხვის ცენტრი  და ის აღჭურვილია ლექსიკონებით მეორე  სასწავლო ცენტრი  წერის ცენტრია, სადაც განთავსებულია წერის  საშუალებები მესამე ცენტრი, შესაძლოა იყოს ტექნოლოგიების ცენტრი (სადაც ამის საშუალება არის, თუ არ არის ამის საშუალება, მასწავლებელი ანაცვლებს მას სხვა ცენტრით. მაგალითად. საგამოფენო ცენტრი და  ა.შ.). დაწყებით კლასებში  მუშაობისას მასწავლებელს შეუძლია ზოგიერთ ჯგუფს  მისცეს საკლასო სამუშაო, რომელსაც წერის ცენტრში შეასრულებენ, ხოლო სხვა ჯგუფს მისცეს სამუშაო, რომელსაც კითხვის ცენტრში შეასრულებენ. ერთდროულად მიმდინარე აქტივობების წყვილი ასე გამოიყურება:

წერის ცენტრში კითხვის ცენტრში
წერის ცენტრში – მოსწავლეები მასწავლებლის მიერ მიცემული სიტყვებისაგან მარტივ წინადადებებს  აწყობენ. კითხვის ცენტრში – მოსწავლეები ამუშავებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ ტექსტს ლექსიკონის გამოყენებით, რათა შეძლონ წაკითხულის  გაშინაარსება.

 

 ბუნების გაკვეთილზე –  მასწავლებელს შეუძლია მოაწყოს კლასში კვლევის ცენტრი. როდესაც მეოთხეკლასელი მოსწავლეები კვლევის ცენტრში ატარებენ ექსპერიმენტს – იკვლევენ, მონაცემებს აღრიცხავენ და ადარებენ წიგნში მოცემულ მასალას. მაგალითად, მეოთხეკლასელები აკვირდებიან: ა) იძირება თუ არა კვერცხი  მარილიან წყალში ბ) იძირება თუ არა კვერცხი მტკნარ წყალში.  ამ დაკვირვების შედეგებზე დაყრდნობით ცდილობენ ახსნან მკვდარი ზღვის თვისებები. ისინი იმდენად არიან ჩართული ამ ექსპერიმენტში, რომ აღარ უსმენენ საპრეზენტაციო ცენტრში მომუშავე ჯგუფს, რომლებიც   პოსტერებს ამზადებენ  საპრეზენტაციო ცენტრში.  ერთდროულად მიმდინარე აქტივობების წყვილი ასე გამოიყურება:

 

საპრეზენტაციო ცენტრშო კვლევის ცენტრში
საპრეზენტაციო ცენტრში – საპრეზენტაციო პოსტერების მომზადება-პრეზენტაციები. კვლევის ცენტრში – მიცემული ინსტრუქციის მიხედვით ატარებენ  მარტივ კვლევას.

 

 მულტისენსორული აქტივობები – დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტია. ამ ტიპის სასწავლო სტრატეგიები მიზნად ისახავს, მოსწავლემ  საპროგრამო საკითხის შესწავლისას მიიღოს სხვადასხვა სენსორული   გამოცდილება შესაბამისი მოდალობის გათვალისწინებით.

 მათემატიკის გაკვეთილი – მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს არჩევანი და მანიპულატივების გამოყენებით ააგოს მისთვის სასურველი  გეომეტრიული ფიგურა (პრაქტიკული აქტივობა).

მოსწავლეები აკეთებენ არჩევანს (საკლასო ოთახი, მერხის ზედაპირი, მაგიდის ზედაპირი…)მასწავლებლის ინსტრუქციის შესაბამისად ახორციელებენ საკლასო არჩეული ობიექტის აზომვას  და პერიმეტრის გამოანგარიშებას (პრაქტიკული აქტივობა.)

 ინფოგრაფიკა – გარკვეულ თემაზე შექმნილი მასალაა, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს: ტექსტს, სქემას, ცხრილს, დიაგრამას, ნახატს, ფოტოს, რუკას, სიმბოლოებს, პირობით ნიშნებს და ა.შ. ინფოგრაფიკაზე მუშაობა მოსწავლეს ეხმარება: მოახდინოს ინფორმაციის ტრანსფორმაცია, წარმოადგინოს რთული საკითხი მარტივ ქვესაკითხებად, უზრუნველყოს ინფორმაციის სხვადასხვა ფორმატის ერთად და სწრაფად თავმოყრა.  ინფოგრაფიკა შემდეგი სტრუქტურული ნაწილებისაგან შედგება: 1. სათაური /და ქვესათაური, 2. ლაკონიური ტექსტი, 3. ვიზუალური ელემენტები – რაც მკითხველს დაეხმარება საკითხის შინაარსობრივ აღქმაში,  4. გამოყენებული წყაროების ჩამონათვალი.

რადგან ინფოგრაფიკის შექმნა ერთგვარი შემოქმედებითი პროცესია და ზოგადად შექმნაზე ორიენტირებული სავარჯიშოა, მასზე მუშაობა  კარგად მომზადებული მოსწავლისათვის შინაგანი მოტივაციაა და ინფოგრაფიკის შექმნა საკუთარი კომპეტენციის შეგრძნებას ბადებს მოსწავლეში. ასევე ძალიან ეფექტიანი იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მათ მიერ საშინაო დავალების რვეულში შესრულებული  ცხრილი ან ასოციაციური სქემა საკლასო სამუშაოს დროს გადააქციონ ინფოგრაფიკად.

ლეპბუკი – დიფერენცირებული სწავლების  კარგი ინსტრუმენტია  – ინფორმაციის თავმოყრის, საკითხის გადმოცემის, არჩევანის გაკეთების ეფექტიანი საშუალებაა.  ეს არის ინტერაქტიური საქაღალდე. მისი შექმნისას იოლია  ინტერაქცია მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მშობელს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. სინამდვილეში ეს არის გაკეცილი ფურცელი, რომელზეც დაწებებულია პატარა ზომის ფურცლები ისე, რომ ერთგვარ ჯიბაკებს ქმნიან. მისი ზომა დამოკიდებულია მოსწავლის სურვილზე, მოსწავლე-მასწავლებლის შეთანხმებაზე და მასში განსათავსებელი მასალების ზომებზე. ლეპბუკის შექმნის იდეა ეკუთვნის ამერიკელ  ტემი დიუიბს. მან ჩვეულებრივ საქაღალდეს პატარა თემატური ჯიბაკები დაამაგრა და თითოეულ ჯიბეს სახელი დაარქვა, რამაც მის შვილებს გაუადვილა  ინფორმაციების დახარისხება. მისი გამოყენება ეფექტიანია ამა თუ იმ თემაზე მუშაობის პროცესში, რადგან ის ეხმარება მოსწავლეს, თემის შესწავლის  კვალდაკვალ მოახდინოს მასალების დამუშავება და დახარისხება.  დასრულებისას კი  მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით  საკითხის ჰოლისტური გააზრება.

ლეპბუკების გამოყენება  დიფერენცირებული სწავლების ეფექტიანი სტრატეგიაა,  რადგან საკითხის დამუშავების პროცესში მოსწავლე თავად ირჩევს და იღებს გადაწყვეტილებას, რომელი კუთხით უნდა დაამუშაოს მასალა, რა ინფორმაციები უნდა მოიპოვოს და რომელ ჯიბაკში განათავსოს.

სასწავლო მენიუ – დიფერენცირებული სწავლების არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია. მისი შედგენისას მასწავლებელი ითვალისწინებს მის სტრუქტურას და

პირველ სტრუქტურულ ნაწილში ათავსებს იმ სავარჯიშოებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად.

მეორე ბლოკში მოცემული სავარჯიშოებიდან მოსწავლეს შეუძლია   შეარჩიოს მისთვის სასურველი და ის შეასრულოს.

მესამე ბლოკში კი არასავალდებულო დავალებაა.

სასწავლო მენიუ დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტია, მაგრამ ამასთან ერთად ის საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო მენიუების მიხედვით  შეაფასოს მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონე; ამაზე დაყრდნობით განახორციელოს უკუკავშირი და შედეგების შესაბამისად დაგეგმოს შემდგომი სასწავლო პროცესი.

პროცესის გაცნობა მოსწავლეებისთვის: სასწავლო მენიუს გამოყენება იწყება მოსწავლეებისთვის სასწავლო მენიუს ცნებისა და მისი გამოყენების პირობების გაცნობით. მასწავლებელმა ყოველი კონკრეტული მენიუს შეთავაზებისას მოსწავლეებს უნდა მიაწოდოს ზუსტი ინსტრუქციები მასში მოცემული დავალებების შესრულების ფორმისა და გამოყოფილი დროის შესახებ.

ნამუშევრების შეფასება: მასწავლებელმა გულდასმით უნდა გააანალიზოს მოსწავლეთა ნამუშევრები და მიაწოდოს მათ  ამომწურავი უკუკავშირი. მოსწავლეთა შედეგების ჩანიშვნისთვის და ორგანიზებისთვის შეუძლია გამოიყენოს სოლო ტაქსონომიის გამოყენებით შექმნილი სქემა.

 სასწავლო გაჩერებები – დიფერენცირებული სწავლების  მოქნილი და მრავალფუნქციური ინსტრუმენტია.  მასწავლებელი საკლასო ოთახში აწყობს ფუნქციურ სივრცეებს – გაჩერებებს და მოსწავლეებისთვის თითოეულ გაჩერებაზე ათავსებს სხვადასხვა დავალებებს და უთითებს დროს, რამდენი ხანი შეიძლება გაჩერდნენ ამ გაჩერებაზე.

შესაბამის საგანში მიმდინარე თემაზე მასწავლებლის მიერ შერჩეული სავარჯიშოები, რომლებიც დალაგებულია მარტივიდან რთულისკენ, განთავსებულია 1,2,3,4 გაჩერებებზე.

სასწავლო გაჩერებების გამოყენებისას  მასწავლებელმა მუდმივად უნდა აწარმოოს დაკვირვება – როგორ მუშაობენ მოსწავლეები გაჩერებებზე. თუ შეატყობს, რომ მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, მასწავლებელმა დამხმარე კითხვების გამოყენებით უნდა გაუიოლოს მოსწავლეებს მუშაობის პროცესი, რათა მათ თავი გაართვან ამ გაჩერებაზე მოცემული დავალების შესრულებას. ყველა დავალება ამა თუ იმ გაჩერებისთვის შერჩეული სასწავლო მიზნის მიღწევისთვისაა საჭირო და  კონკრეტული კლასის მოსწავლეთა შესაძლებლობებზეა გათვლილი.

წერითი დავალება რაფთისეთი დავალებაა, რომლის დროსაც მოსწავლეს საშუალება ეძლევა, გააკეთოს გააზრებული არჩევანი და შეასრულოს დავალება – შექმნას წერილობითი პროდუქტი სახელწოდებით რაფთ. ის  არის აკრონიმი შემდეგი სიტყვებისა:  როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა.

როლი – ვისი პერსპექტივიდან სურს მოსწავლეს დაწეროს (ნაწარმოების ავტორის, მკითხველის, პერსონაჟის და ა.შ.)?

აუდიტორია – ვისთვის იწერება? ვისთვის წერს ავტორი (მათთვის, ვისაც არ წაუკითხავს ჯერ ეს ნაწარმოები? მკითხველებისთვის? ლიტერატორებისთვის?)?

ფორმატი – როგორია ნაწერის ფორმატი(წერილი, მოთხრობა, ესე, მიმართვა, ბლოგი და სხვა) ?

თემა – რა თემას ეხება ნაწერი (ლიტერატურას, პირადია, ღირებულებებს, ტრადიციებს და სხვა)?

 

ნამუშევრების შეფასება: მასწავლებელმა გულდასმით უნდა გააანალიზოს მოსწავლეთა ნამუშევრები და მიაწოდოს მათ  ამომწურავი უკუკავშირი. მოსწავლეთა შედეგების ჩანიშვნისთვის და ორგანიზებისთვის შეუძლია გამოიყენოს სოლო ტაქსონომიის გამოყენებით შექმნილი დაკვირვების ფორმა.

დაკვირვების ფორმის ეს ვარიანტი საშუალებას აძლევს მასწავლებელს დააკვირდეს, თითოეული მოსწავლის პროგრესს ასევე  კლასის  ყოველდღიურ შედეგს ასევე შედეგების დინამიკას. დაკვირვების ამ  ფორმაში ორგანიზებული შედეგებზე დაყრდნობით მასწავლებელს შეუძლია დაგეგმოს და მისი მოსწავლეების საჭიროებიდან გამომდინარე  გაამდიდროს სასწავლო კურსი  ან კორექტირება  შეიტანოს სწავლების მეთოდიკაში, ან საჭიროებისამებრ დაგეგმოს რემედიაციული აქტივობები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.Tomlinson, C. A. 2003. Fulfilling the promise of the differentiated classroom: Strategies and tools for responsive teaching. Alexandria, VA: Association for Supervision and Curriculum Development.

2.Tomlinson, C. A. 2017ა. How to Differentiate Introduction in an Academically Diverse Classroom. 3rd ed. Alexandria, VA: Association for Supervision and Curriculum Development.

  1. https://scienceandliteracy.org/differentiated-instruction-strategies/

 

 

ახალი წლისა, ახალი იმედებისა

0

ახლა 31 დეკემბრის შუადღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს წერილი არის ბოლო ტექსტი, რომელსაც 2023 წელს დავწერ. პირველადაა, წლის ბოლო ტექსტი რომ მაქვს. ისიც პირველადაა, ახალ წელს ახალი სიხარულით, უკეთესის მოლოდინით, უფრო სწორად, უკეთესის რწმენით რომ ვხვდები. როგორ მოხდა ასე?

კი, ბრწყინვალე წელი მქონდა, მადლობა ღმერთს, მაგრამ ჩემი სიხარულიანი მოლოდინის მთავარი მიზეზი ეს არ არის. ჩემი სიხარულის მიზეზი სწორედ ის ძალიან ცუდი გამოცდილებაა, რაც ასევე ამ წელს მივიღე და რაზეც, იმედი მაქვს, სხვა დროს და სხვა ფორმით დავწერ. ეს საშინელება წვეთ-წვეთად მწამლავდა და რა ძალისხმევად დამიჯდა, რომ შრომისუნარიანი ვყოფილიყავი ამ წელს, მხოლოდ მე ვიცი. გამორჩეულად მნიშვნელოვანი და კარგი ჩემთვის წლის ბოლო ორი თვე იყო: კურნების, საკუთარ თავთან დაბრუნების, ძველი სილაღის. ამ ორ თვეში იმასაც მივხვდი, შინაგანად რამხელა ძალა მქონია, რომ ყველაფრის მიუხედავად, იმას, რაც უმთავრესია ჩემს ცხოვრებაში, ლიტერატურას, ჩემგან არაფერი დაჰკლებია.

ალბათ, ამიტომ ვფიქრობ ახლა იობზე.

ნამდვილად გეხსომებათ იობის ამბავი ბიბლიიდან. თუმცა არ ვიცი, იმაზე თუ გიფიქრიათ, რასაც ახლა დავწერ:

რას ამბობს იობი მას მერე, რაც ღმერთი ეცხადება?

„ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ[…] ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.“ (იობი 42:1-5)

რა იხილა იობმა? ღმერთს არ გაუცია პასუხი მისი შეკითხვებისათვის და რაც უთხრა, ის ხომ იობმა ისედაც იცოდა.

ტექსტში არ წერია, მაგრამ მგონია, რომ იობი იღიმის, როცა ამას ამბობს, დაღლილი კაცის სევდიანი და შვებანარევი ღიმილით:

ვიცი, რომ ყოვლისშემძლე ხარ.

რადგან მიხვდა, რომ არათუ გადარჩა, გაიმარჯვა კიდეც, მიხვდა, რამხელა ძალა ჰქონია – ის, რაც იობს გადახდა, ცოტა უფრო ფაქიზი ფსიქიკის მქონე ადამიანს სამუდამოდ გატეხდა, გააბოროტებდა, ბრაზში ჩანთქავდა. იობი კი არ გატყდა. მან დაინახა ღვთაებრივი უსასრულობა თავის მოთმინებასა და უშიშობაში.

ყურმოკვრით მსმენია შენზე, ახლა კი ჩემი თვალით გიხილე.

ამას მაშინ იტყვი, როცა სიბნელით გარემოცულიც მხოლოდ სინათლეს ასხივებ, როცა შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ უპასუხებ, როცა ბრაზს სიყვარულით ჩააქრობ. მაგრამ ამ ბრაზის უფლება უნდა მისცე შენს თავს დასაწყისში, ის უნდა თქვა, რასაც ფიქრობ, რასაც განიცდი – აკი იობთან ვითომ სანუგეშებლად მისულ მეგობრებს ღმერთი ამას ეუბნება: „აინთო ჩემი რისხვა შენ მიმართ და შენი ორი მეგობრის მიმართ, რადგან ჩემი მორჩილი იობივით გულწრფელად არ ილაპარაკეთ ჩემზე.“ (იობი 42: 7)

კი, უნდა აღიარო, რომ რაღაც ცუდი შეგემთხვა, რომ უსამართლოდ შეგემთხვა, რომ ასე არ უნდა დაემცირებინე არავის, მაგრამ სულ მაგ განცდაში არ უნდა დარჩე. რა მოხდება, თუ დაძლევ? როგორ სრულდება იობის ამბავი?

„და აღუდგინა უფალმა იობს მისი დოვლათი, […] ერთი იმდენი მიუმატა უფალმა იობის საბადებელს! […]უკურთხა უფალმა იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად […]“ (იობი 42:10-12)

იობის ამბავი არ არის ამბავი მოთმინებაზე – ეს არის ამბავი ბოროტების ღირსეულად ატანაზე მაშინ, როცა ვერაფერს ცვლი, ეს არის ამბავი სიმამაცეზე, ეს ძლიერი, მოუდრეკელი ადამიანის ამბავია. და ტექსტში არ წერია, მაგრამ, მგონია, რომ „წინანდელზე უფრო მეტად ნაკურთხი დღეები“ მხოლოდ მატერიალურზე არ უნდა მიუთითებდეს – ამ ფრაზით მინიშნებულია ის სიხარულიც, რომელმაც იობის გულში დაისადგურა. სხაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ იობის ცხოვრება კი არ გაუმჯობესდა, იობი თავად გახდა  უ კ ე თ ე ს ი  ა დ ა მ ი ა ნ ი.

არ ვიცი, თქვენი წელი როგორი იყო, მაგრამ, მგონი, ეს ისეთი რამეა, სულ რომ უნდა გახსოვდეს.

ამ წელს დიდი გეგმები მაქვს. ჰოდა, ვაპირებდი, დღეს 12 საათამდე 12 სურვილი ჩამომეწერა და ბალიშის ქვეშ დამედო – არის ასეთი რწმენაც, ახალი წლის პირველ დილას რომელიც ხელს გამოჰყვება, ის აგისრულდება. გადავიფიქრე – რისთვის უნდა ამოვირჩიო თორმეტიდან ერთი, როცა ნამდვილად ვიცი, თორმეტივე ამისრულდება?

თორმეტიც და იმაზე მეტიც.

დაე, ყველას დიდი სიყვარულის წელი გვქონდეს!

ნალექი გულში

0

სოფლის სახლის ჭიშკარს გასცდები თუ არა, მარცხნივ უნდა აიღო გეზი. გზის იქეთა მხარეს გადახვიდე, ოღონდ ფრთხილად, თორემ სწრაფი მოძრაობაა და მოხედვას ვერ მოასწრებ, მანქანა წამოგადგება თავს. შემდეგ ცოტა გაიარო და ისევ მარჯვნივ შეუხვიო. სახლი ეზოში ღრმად დგას. რაღაცნაირად „ორჩოფეხებზე“ შემხტარი ერთსართულიანი პაწაწა სახლუკაა. დღეს მიტოვებულია, აღარავინ არის. ადრე „ჯიქიძიანთ “ ქალი ცხოვრობდა.
ჰო, სოფლებში ყველას თავისი ზედმეტი სახელი აქვს მიკუთვნებული. ჩემს ქეთო ბებოს, მეორენაირად თებროსაც ეძახდნენ. თუმცა, „ვისაანთ“ თებრო იყო, აღარ მახსოვს. შესაბამისად, მეც „ვისაანთ“ ქეთო გამოვდივარ, არც ეგ ვიცი. თუმცა, „ვიღაციანთ“ უეჭველი ვიქნები.
ჰოდა, „ჯიქიძიანთ“ ქალიც, რომელსაც თამარა ერქვა, ალბათ ჯიქიძე იყო გვარად, ან სხვა რამე ნათესაობა ქონდა ჯიქებთან. ბებო მიკრძალავდა, მასე არ დაუძახო, თამარა ბებო უთხარიო. მარტოხელა იყო, ქმარი ომში დაკარგვოდა, შვილი არ ყავდა. ცხოვრობდა თავისთვის პაწაწა სახლში. წინ ბანზე ლიმონის ხე ედგა და სეზონზე რამდენიმე ლიმონს აუცილებლად მომიწყვეტდა.
ზოგჯერ, მე და ბებო საღამოობით ვესტუმრებოდით ხოლმე. თვითონ ვერ მოდიოდა, იმ სწრაფი გზის გადმოსვლის ეშინოდა. ლიმონის ხის გვერდით დავსკუპდებოდი და ამათ საუბარს ვუსმენდი ხოლმე.
-ეჰ, ქეთო, ქეთო (ბებიაჩემს მიმართავდა), ვინ რა იცის რამდენი ნალექი მაქვს გულშიო.
სულ მიკვირდა, გულში ნალექს რა უნდა, ან საიდან ხვდება, რომ ნალექი აქვს თქო.
როცა 8 წლისას მამა გარდამეცვალა, სამძიმარზე მოვიდა (აჯობა იმ დიდი გზის შიშს), გულში ჩამიკრა და ჩამჩურჩულა:
-აჰა, ბალღო, პირველი ნალექი შენც ჩაგიდგაო. ცოდვა ხარ ჯერ, პატარა ხარო.
მაშინ მივაყურადე გულს და ნალექი მართლა ვიგრძენი. მერე და მერე, მოგროვება განვაგრძე და მივხვდი, რომ ნალექების მოსაგროვებლად ვცხოვრობთ.
ჰოდა, რადგან ვერსად დავემალებით, ამ წერილში ნალექებს აღვწერ.
არა, ატმოსფერულ ნალექებზე არ ვსაუბრობ. მაგ ამბით, თუ გახსოვთ მეკობრეები იყვნენ დაინტერესებულნი. 25 პუნქტისგან შემდგარი თავისი კოდექსი ქონდათ, სადაც ზედმიწევნით ზუსტად იყო გაწერილი ქცევის წესები. მაგალითად:

1.ეკიპაჟის თითოეულ წევრს თანაბარი უფლებები აქვს მოპოვებულ ნადავლზე;
2.თითოეული წევრი ნადავლის მოპოვებაში თანაბრად მონაწილეობს;
3.ეკიპაჟს გადამეტებული ლოთობა ეკრძალება;
4.გემზე ჩხუბი და აყალმაყალი დაუშვებელია;
5.შიში მეკობრის საქმე არ არის;
6.ბავშვები და ქალები გემზე არ დაიშვებიან;
7.ერთ-ერთმა წევრმა თვალ-ყური უნდა ადევნოს ამინდის ცვლილებას და ატმოსფერულ ნალექებს, ამცნოს ეკიპაჟს.
აი, ეს მეშვიდე პუნქტი სწორედ ქიმიას უკავშირდებოდა , რადგან ატმოსფერულ ნალექებს ე.წ. „Storm glass” -ით წინასწარმეტყველებდნენ.
სპირტხსნარით სავსე მინის კოლბა იყო, მასში გარკვეული პროპორციით გახსნილი იყო ქაფური, ამონიუმის ქლორიდი და კალიუმის ნიტრატი. ჰერმეტულად იყო დახურული, მირჩილული საცობით. შიგნით მუდმივად რაღაც ხდებოდა – კრისტალები ხან წარმოიქმნებოდნენ, ხან ქრებოდნენ. კარგ ამინდში კოლბაში ხსნარი სუფთა და გამჭვირვალე რჩებოდა, ნალექი ფსკერზე ჩადიოდა. წვიმის მოსვლისას, ნალექი ზემოთ ამოდიოდა და გამჭირვალე ხსნარში პატარა კრისტალები შეიმჩნეოდა. აციებისას კრისტალები ნემსისებურ ფორმას იღებდნენ. ქარიშხლის დროს სითხე თითქოს დუღილს იწყებდა და ქაფურის კრისტალები ზედაპირისკენ მიემართებოდნენ.
„Storm glass” იმდენად მგრძნობიარეა, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესება ნახევარი საათით ადრე შეუძლია იწინასწარმეტყველოს.
ბუნებაში ნებისმიერ ცვლილებას მოვლენა ეწოდება. მოვლენებს, რომელთა დროსაც ნივთიერებათა ქიმიური გარდაქმნა არ ხდება, ფიზიკური მოვლენა ეწოდება. ამ დროს შეიძლება შეიცვალოს ნივთიერებათა აგრეგატული მდგომარეობა ან სხეულის ფორმა.
მოვლენებს, რომელთა დროსაც ნივთიერებათა ქიმიური გარდაქმნა ხდება, ქიმიური მოვლენები, ანუ ქიმიური რეაქცია ეწოდება. ის, რომ ქიმიური მოვლენა მართლაც მოხდა, რამდენიმე ნიშნით ხდება ნათელი: გამოიყოფა აირი ან იცვლება ფერი ან ვრცელდება სუნი ანდა ნალექი გამოიყოფა.

წერილში სწორედ ეს ნალექები განვიხილოთ.

პირველი ნალექის მისაღებად ავიღოთ ვერცხლის ნიტრატი და დავამატოთ ნატრიუმის ორთოფოსფატი. გამოიყოფა ლამაზი ლიმონის ფერი ყვითელი ნალექი.
3AgNO3+Na3PO4=Ag3PO4+3NaNO3
ეს რეაქცია წყალში ფოსფატ იონების აღმოსაჩენადაც გამოიყენება.
ვერცხლის ნიტრატის ხსნარზე თუ კალიუმის იოდიდით ვიმოქმედებთ, ასევე ყვითელი ფერის ნალექი გვექნება, ოღონდ ოდნავ უფრო ღია. ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით მოქმედებისას კი თეთრ ხაჭოსებრ ნალექს მივიღებთ. თუ ვერცხლის ნიტრატზე კალიუმის დიქრომატით ვიმოქმედებთ, მაშინ აგურისფერ ნალექს მივიღებთ.
შემდეგ რეაქციაში გამოვიყენოთ ნატრიუმის ორთოფოსფატი და დავამატოთ რკინის (III) ქლორიდს. გამოილექება მკრთალი ყვითელი ნალექი, რომელიც დაყოვნებისას გათეთრდება.
FeCl3+Na3PO4=FePO4+3NaCl
შემდეგი რეაქციისთვის დაგვჭირდება რკინის (II) სულფატის ხსნარი, რომელსაც წვეთობით დავამატებთ ნატრიუმის ტუტის ხსნარს. წარმოიქმნება რკინის (II) ჰიდროქსიდი, რომელსაც ჭუჭყისფერი მწვანე შეფერილობა აქვს. დაყოვნებისას კი მოწითალო შეფერილობაში გადავა, რადგან რკინის (III) ჰიდროქსიდად გარდაიქმნება.

FeSO4+2NaOH=Fe(OH)2+Na2SO4
4Fe(OH)2+O2+H2O=4Fe(OH)3
თუ რკინის (II) სულფატის ხსნარს ფოსფატს დავუმატებთ, Fe3(PO4)2 ღია ჭაობისფერი ნალექი წარმოიქმნება. სამვალენტიანი რკინის ფოსფატი კი თეთრი ფერის ნალექად გამოვა.
შემდეგი რეაქციისთვის სპილენძის სულფატია საჭირო. დავამატოთ კვლავ ნატრიუმის ტუტე, წარმოიქმნება სპილენძის (II) ჰიდროქსიდის მომწვანო ფერის ნალექი.
CuSO4+2NaOH=Cu(OH)2+Na2SO4
თუ ახლად წარმოქმნილ ნალექს გლიცერინს დავამატებთ, მაშინ კაშკაშა მოიისფრო ნალექი წარმოიქმნება. გლიცერინი სამატომიანი სპირტია და ეს რეაქცია თვისებითი რეაქციაა სპირტებზე.

თუ სპილენძის სულფატს ფოსფორმჟავას დავამატებთ, წარმოიქმნება სპილენძის ფოსფატის ღია ცისფერი ნალექი Cu3(PO4)2.
თუ სპილენძის სულფატს კალიუმის იოდიდს დავუმატებთ, სპილენძის იოდიდის მოყავისფრო ნალექი წარმოიქმნება.
თუთიის სულფატს თუ ნატრიუმის ფოსფატს დავამატებთ, თეთრი ფერის თუთიის ფოსფატი წარმოიქმნება.
3ZnSO4+2Na3PO4=3Na2SO4+Zn3(PO4)2
ასევე, ალუმინის სულფატის და ფოსფატის ურთიერთქმედებით წარმოიქმნება ალუმინის ფოსფატის AlPO4 თეთრი ნალექი.
თუ კობალტის ქლორიდს დავამატებთ ნატრიუმის ტუტის ხსნარს, ძლიან ლაზამი ლურჯი ფერის ნალექი წარმოიქმნება.
CoCl2+NaOH=Co(OH)2+NaCl
ნეტავ ცხოვრებისეული გულში დაგროვილი ნალექები მხოლოდ კობალტივით ლამაზი ფერის იყოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...