სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რატომ ხდება მოზარდი რთული

ბავშვების აღზრდის შესახებ უამრავი რამ დაწერილა. მინდა, ერთი საინტერესო სტატიის თარგმანი შემოგთავაზოთ. მისი ავტორია რუსი ფსიქოლოგი ევგენია დუნაევა, რომელიც მრავალი წელია რუსეთში, ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთ რესურსცენტრში მუშაობს ძნელად აღსაზრდელ ბავშვებსა და მოზარდებთან და მათი ოჯახის წევრებთან.

შესავალი

როგორები არიან ეს „რთული” მოზარდები? – ისინი გამომწვევად იცვამენ, უსმენენ „საშინელ“ მუსიკას, გამუდმებით ითხოვენ ფულს და არაფრად აგდებენ ახლობლების გრძნობებს. ცუდად სწავლობენ, შეუძლიათ, მამა სიგიჟემდე მიიყვანონ, დედას ცრემლები აღვრევინონ, ბებიას ინფარქტი დამართონ. მათ არ სურთ თქვენი აზრის მოსმენა და, მით უმეტეს, გათვალისწინება. რაც მთავარია, სულაც არ მიაჩნიათ, რომ შეცდომას უშვებენ და არც მის გამოსწორებას აპირებენ.

„რთული მოზარდი“ – ეს არის არასრულწლოვანი, რომლის მშობლებმაც აღზრდის პროცესში უამრავი სტრატეგიული და ტაქტიკური შეცდომა დაუშვეს. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, რა კავშირია აღზრდასა და ბავშის „რთულ“ ქცევას შორის, წარმოგიდგენთ მარტივ სქემას.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან, როდესაც:

  • მშობლების მოთხოვნები არ შეესაბამება შვილების ასაკს.
  • მშობლები ბევრის უფლებას აძლევენ შვილებს და ცოტას სთხოვენ.
  • მშობლები ცოტა თავისუფლებას აძლევენ შვილებს და ბევრს ითხოვენ მათგან.
  • მშობლების დამოკიდებულება ბავშვების მიმართ არ შეესაბამება მათ ასაკს:

◦ მიაჩნიათ, რომ მათი შვილი ჯერ კიდევ პატარაა და შესაბამისად ექცევიან.

◦ მიაჩნიათ, რომ მათი შვილი უკვე დიდია და მას, ფაქტობრივად, ბავშობიდანვე ექცევიან როგორც ზრდასრულს, რომელსაც უკვე საკმაო ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს დაგროვებული.

  • მშობლები ხშრად ეუბნებიან შვილს, რომ ყველაფერი, რასაც წარმოადგენენ და რაც აქვთ (და, რაღა თქმა უნდა, თავად შვილიც), მათი საკუთრებაა. ამით მშობლები შვილს ართმევენ უფლებას, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებთ, იყოს დამოუკიდებელი პიროვნება, ჰქონდეს გრძნობები და, რაც მთავარია, ცხოვრებაში საუკთარ, თუნდაც მცირე წარმატებას მიაღწიოს.
  • მშობლები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, მაქსიმალურად დააკმაყოფილონ შვილის მატერიალური მოთხოვნილებები და ყურადღების მიღმა რჩებათ მოზარდთან სულიერი, თბილი, მეგობრული ურთიერთობის დამყარების აუცილებლობა.
  • მშობლები ცდილობენ, შვილი გაიზარდოს მათ „იდეალურ მედ“, გახდეს ისეთი, როგორადაც თავად ვერ მოახერხეს გახდომა. რაც ყველაზე უარესია, მშობლებს ხშირად სწორედ ის, მათ მიერვე შექმნილი „იდეალური შვილი“ უყვართ, რასაც ბავშვები ქვეცნობიერად გრძნობენ და მძიმედ განიცდიან.
  • მშობლების აღზრდის სტილი არათანამიმდევრულია.
  • ოჯახში არ არსებობს მკაფიო წესები. მაგალითად, გაუგებარია, რისთვის შეიძლება დასაჯონ შვილი და რისთვის შეაქონ. ხშირად ეს მშობლის ერთგვარ ხუშტურზეა დამოკიდებული.
  • ოჯახში აღზრდის, მინიმუმ, ორი წესი მოქმედებს: ერთი – მამის, მეორე – დედის, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება.
  • ოჯახში არის გარკვეული წესები, მაგრამ ისინი სპონტანური და არათანმიდევრულია: დასჯიან შვილს, მერე კი ბოდიშებს უხდიან, ეფერებიან და საჩუქრებსაც კი სჩუქნიან.

 

მოზარდები „რთულები“ ხდებიან, რათა:

  • მიიღონ ყურადღება. არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი იქნება ეს ყურადღება თუ უარყოფითი:

◦ თუ ბავშვობაში მშობლები ყურადღებას აკლებდნენ

◦ ან ჰიპერყურადღების გარემოში ამყოფებდნენ, რის გამოც მოზარდს ჩამოუყალიბდა სიყვარულის ეგრეთ წოდებული უსასრულო (ნევროზული) მოთხოვნილება.

  • დაიცვან საკუთარი უფლება, იყვნენ მშობლებისგან დამოუკიდებელი პიროვნებები, მოიპოვონ საკუთარი თავის პატივისცემა და მოახერხონ თვითდამკვიდრება.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან მას შემდეგ, რაც:

  • მშობლები მთელ თავისუფალ დროსა და ძალ-ღონეს ახარჯავენ შვილს, ისაა მათი ცხოვრების ერთადერთი საზრისი და ნათელი წერტილი ცხოვრების ლაბირინთში.
  • მშობლები საკმარის დროს არ უთმობენ შვილთან ურთიერთობას, მასთან საუბარს, აზრებისა და გრძნობების გაცვლა-გამოცვლას. ასეთ ოჯახებში თავაზიანი, მაგრამ ცივი ურთიერთობებია დამკვიდრებული და ემოციების ღიად გამოხატვა არ არის მიღებული.
  • მშობლებს ერთმანეთთან აშკარა ან ფარული კონფლიქტი აქვთ, ამიტომ ვერ აღწევენ თანხმობას, რათა შვილთან თანმიმდევრული და პრინციპული ურთიერთობა დაამყარონ.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან, რადგან:

  • შვილების აღზრდისას მშობლები გამუდმებით არღვევენ აღზრდის ძირითად წესებსა და პრინციპებს.
  • ოჯახში, სადაც რამდენიმე ბავშვია, მშობლები უმცროსი და უფროსი შვილების მიმართ ხშირად აღზრდის სრულიად სხვადასხვა მიდგომებს იყენებენ.
  • ხშირად მშობლები არასერიოზულად ეკიდებიან აღზრდას როგორც ასეთს, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ბავშვი ისედაც იღებს „საჭირო დარიგებებს“ საბავშვო ბაღში, სკოლაში, მეგობრების წრეში და ა.შ.

მოზარდები „რთულები“ ხდებიან მას შემდეგ, რაც:

  • მშობლები განქორწინდებიან და ერთმანეთთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვთ.
  • მშობლები შვილთან „თავის მართლების“ ფორმად ირჩევენ მეორე მშობლის ხარჯზე საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნებას.
  • მშობლები დანაშაულის გრძნობის საბაბით თავს არიდებენ შვილთან ურთიერთობას.
  • ბავშვი იზრდება არასრულ ოჯახში – მხოლოდ დედასთან, მამასთან ან სულაც ბებიასთან და არ იცის რას ნიშნავს სხვადასხვა სქესის ადამიანთა სრულფასოვანი თანაცხოვრება.

შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებს დახმარება „რთული“ მოზარდების პრობლემის მოგვარებაში? რა თქმა უნდა, შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ამაში მათთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდის მშობლებიც.

ოჯახების კონსულტირების მრავალწლიანმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ბავშვები მშობლების შეცდომების ანარეკლები არიან. ჩემს პრაქტიკაში, ფაქტობრივად, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მოზარდის ქცევა ისე, თავისთავად გამხდარიყოს „რთული“. მშობლები, განურჩევლად იმისა, აცნობიერებენ თუ ვერა, ყოველთვის „დამნაშავენი“ არიან, რადგან:

  • ბავშვი იზრდება ჰიპერმზრუნველობის გარემოში, სადაც ყველა სურვილს უმალვე უსრულებენ;
  • არ აქვს მშობლებთან სრულფასოვანი ემოციური კონტაქტი;
  • იზრდება მეტისმეტად მკაცრ გარემოში და მისი დასჯის მეთოდები არ შეესაბამება საქციელს;
  • იზრდება არასრულ ოჯახში, მეტწილად – ბებიასთან.

დაბოლოს, არ არსებობს ბავშვის პრობლემა ოჯახის პრობლემისგან განცალკევებით. ბავშვები არ არიან ავტონომიურები, ამიტომ მათი დახმარება მშობლების აქტიური ჩართულობის გარეშე შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც მშობლები გააცნობიერებენ საკუთარ როლს, მოზარდის ქცევის კორექცია გაცილებით ადვილი გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“