საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მიმდინარეობს დისკუსია, რომელი განათლების სისტემაა მისაბაძი. ზოგს გერმანული პროფესიული განათლების მოდელი მოსწონს, ზოგს – სკოლების ორგანიზებისადმი ბრიტანული მიდგომა, მავანს საფრანგეთის მისაღები გამოცდების პრინციპები იზიდავს, ზოგსაც საკუთარი ბავშვობის დროინდელი სკოლები მოსწონს. მაშ, რომელი განათლების სისტემაა საუკეთესო, რომელს შეიძლება დავაკვირდეთ, რათა საკუთარიც მის მიხედვით ავაგოთ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მრავალი ქვეყანა ცდილობს. მსჯელობას ის აადვილებს, რომ ბოლო 20 წელიწადია, სულ უფრო იზრდება იმ მონაცემების რაოდენობა, რომელთა მიხედვითაც განათლების სისტემების შედარებაა შესაძლებელი. სახელმწიფოების წარმატება და წარუმატებლობა ხშირად იზომება საერთაშორისო ტესტირებათა შედეგებით. გვესმის, რომ წიგნიერების, მათემატიკისა თუ ბუნებისმეტყველების საერთაშორისო კვლევებში ფინეთის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის სკოლები საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, საქართველოს შედეგები კი თითქოს მხოლოდ პრობლემებზე მიუთითებს.
სახელმწიფოები ხშირად ასეთ შეფასებათა საფუძველზე ადგენენ განათლების სისტემის რეფორმირების მიზნებს. მაგალითად, ჩვენი მთავრობის მიერ შემუშავებული განვითარების სტრატეგია “საქართველო 2020” ადგენს, რომ ჩვენი განათლების სისტემის წარმატება სწორედ საერთაშორისო შედარებითი ტესტირების შედეგებით გაიზომება. ამავე შედეგებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის ძირითად საზომად ხშირად ისინიც მოიხსენიებენ, ვინც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში არიან ჩართულნი და გადაწყვეტილებათა მიღება ევალებათ.
ამ შედარებითი კვლევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზანი ამა თუ იმ ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეების შესწავლაა, რათა პოლიტიკოსებმა და განათლების სისტემაში ჩართულმა გადაწყვეტილებათა მიმღებმა პირებმა საკუთარი პოლიტიკა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრნობით შეიმუშაონ. ამ მიდგომას ბევრი სუსტი მხარე აქვს, რასაც დაფიქრება და გათვალისწინება სჭირდება.
განათლებისადმი სხვა ქვეყნების მიდგომებზე დაკვირვება და მათი გათვალისწინება საქართველოსთვის ახალი არ არის. სასკოლო განათლების სისტემა თანამედროვე ფორმით ჩვენთან რუსეთის იმპერიასთან ერთად შემოვიდა. თავად რუსეთში კი ეს სისტემა ევროპულ, ძირითადად – გერმანიისა და საფრანგეთის სისტემების, მოდელით აიგო. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებიც, რომლებიც რუსეთის იმპერიას უპირისპირდებოდნენ, მე–19 საუკუნეში იკვლევდნენ რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში გავრცელებულ მიდგომებს.
იაკობ გოგებაშვილის პუბლიკაციებში წააწყდებით მსჯელობას გერმანული სახალხო უნივერსიტეტების შესახებ. შეგიძლიათ წაიკითხოთ მისი სტატია იმაზე, როგორ აწყობენ პროფესიული განათლების სისტემებს ამერიკაში. გოგებაშვილი წერს ევროპაში გამოცემული სახელმძღვანელოებისა და იაფი საკითხავი წიგნების შესახებაც. ის თარგმნის რუსეთში გამოცემულ სახელმძღვანელოებში არსებულ ტექსტებს თავისი „დედა-ენისა“ და „ბუნების კარისთვის“.
დაახლოებით იმავე დროს ევროპის უნივერსიტეტებში განათლების შედარებითი კვლევების მიმართულება ყალიბდებოდა. შედარებითი კვლევების ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, სერ მაიკლ სედლერმა, 1900 წელს ოქსფორდში, კონფერენციაზე წარმოთქმულ სიტყვაში სწორედ ის კითხვა დასვა, რომელზეც დღეს ჩვენც ვცდილობთ პასუხის გაცემას: რა პრაქტიკული ღირებულება აქვს სხვა ქვეყნის სისტემების შესწავლას?
მნიშვნელოვანია თავად პასუხებიც, რომლებსაც ინგლისელი მკვლევარი გვთავაზობს. სედლერი გვაფრთხილებს, არ დაგვავიწყდეს, რომ განათლების ყოველგვარი სისტემა იმ კულტურის ნაყოფია, რომლის წიაღშიც ის ჩამოყალიბდა. განათლების სისტემები, მისი აზრით, იმ მივიწყებული პოლიტიკური და სოციალური ორთაბრძოლების შედეგია, რომლებიც გარეშე დამკვირვებლისთვის შესაძლოა დაფარულიც დარჩეს.
მეორე პრობლემა, რომელზეც სერ მაიკლ სედლერი მსჯელობს, სხვადასხვა ქვეყნიდან განათლების წარმატებული ელემენტების გადმოღებას უკავშირდება. მისი აზრით, სხვადასხვა სისტემიდან ამა თუ იმ ელემენტის გადმოღების მცდელობა იმ ბავშვის საქციელს ჰგავს, რომელიც ბაღში სეირნობისას ერთი ბუჩქიდან ყვავილს წყვეტს, ხოლო მეორიდან – ფოთოლს და ცდილობს, ერთად შეკრული მიწაში ჩარგოს, რათა ახალი მცენარე ამოვიდეს. ასეთი მცენარე კი ვერ იხარებს, რადგან მისი ცალკეული ნაწილები ერთმანეთისთვის არ არის შექმნილი. თითოეულ მათგანს საკუთარი ფესვები, მისთვის საუკეთესო ნიადაგი სჭირდება.
ასეთივე პრობლემას აღწერს სისტემების ცნობილი თანამედროვე მკვლევარი პიტერ სენგეც. ის გვთავაზობს წარმოვიდგინოთ, რას მივიღებთ, თუ სხვადასხვა მანქანის დეტალებისგან იდეალური ავტომობილის აწყობას შევეცდებით. შეიძლება ავიღოთ ერთი მწარმოებლის ძრავა, მივამაგროთ მეორის სავალ ნაწილებს, მესამის სამგზავრო სალონს და მეოთხის ბენზინის მიწოდების სისტემას. ასეთ ავტომობილს შეიძლება ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, მაგრამ მაინც არ მუშობდეს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ თუ სისტემის ელემენტები ერთმანეთისთვის არ არის შექმნილი, სისტემა გამართულად ვერ იფუნქციებს.
ამავე შედეგს ვიღებთ განათლების სისტემებშიც. შეუძლებელია, სასწავლო გეგმა ერთ მოდელს ეფუძნებოდეს, მასწავლებლების მომზადება – მეორეს, მოსწავლეების შეფასება – მესამეს, სკოლების ხარისხის მართვა – მეოთხეს, სამინისტროს მართვის მიდგომები – მეხუთეს, სახელმძღვანელოების გრიფირება – მეექვსეს და ველოდეთ, რომ სისტემა წარმატებული იქნება. ასეთი პრობლემები იმთავითვე იჩენს თავს, როდესაც სხვა ქვეყნებში ვეძებთ სისტემის წარმატებულ ელემენტებს და მათ გადმოღებას ვცდილობთ.
მაშ, რისი სწავლა შეიძლება უცხო ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემების მაგალითზე? მგონია, რომ უმთავრესად – იმ გზებისა, იმ პრინციპებისა, რომლებთაც შესაძლებელია სისტემის ისე აგება, რომ ჩვენს პრობლემებს, ჩვენს შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს მიესადაგებოდეს.
წარმატებულ მიდგომებს რამდენიმე ნიშან–თვისება აქვს.
პირველი: სისტემის ნებისმიერი ელემენტი მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული სხვებთან. მაგალითად, ტექნოლოგიები მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს სასწავლო გეგმას, მასწავლებელთა განვითარების შესაძლებლობებს, სასწავლო რესურსების განვითარებისთვის გაღებულ ძალისხმევასა და სკოლების მართვის პრინციპებს. სხვაგვარად მივიღებთ ისეთ ვითარებას, რომელიც საქართველოში უკვე თვალსაჩინოა: ასიათასობით მოსწავლეს აქვს სახელმწიფოს მიერ შეძენილი კომპიუტერი, რომელსაც მასწავლებლების უმეტესობა სასწავლო პროცესში იშვიათად იყენებს, სახელმწიფო ბიუროკრატია კი ელექტრონული მასალების გავრცელების ამ საუკეთესო შესაძლებლობის პირობებში თავს იმტვრევს, როგორ დაბეჭდოს ორი საუკუნის წინათ შემუშავებული ტექნოლოგიით მომზადებული სასწავლო რესურსები და მიაწოდოს სკოლებს.
მეორე: შედარებით გამართული სისტემების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშან–თვისებაა მდგრადობა. სახელმწიფო პოლიტიკის სწრაფი ცვლილებები იწვევს რესურსების უაზრო ფლანგვას, მასწავლებლების იმედგაცრუებასა და სიახლეებისადმი უნდობლობას. არ შეიძლება, მასწავლებელთა ნაწილის უკმაყოფილებას სიახლის შემოტანის ფაზაშივე მოსდევდეს მიმართულების ცვლილება. უკმაყოფილება ნებისმიერი ცვლილების ნაწილია და მას მართვა სჭირდება.
იმ კულტურებში, სადაც მასწავლებლები უფრო ნაკლებად მიიჩნევენ თავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების მორჩილ შემსრულებლებად, მათ გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება სჭირდებათ. ამრიგად, სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მისი მოქნილობა. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მიდგომების მოდიფიცირება საკუთარი გარემოს, საჭიროებებისა და რესურსების მიხედვით. სახელმწიფომაც უნდა გააცნობიეროს, რომ სხვადასხვა ტიპის სკოლებთან, მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან მართვისადმი მიდგომას სხვადასხვანაირი უნდა იყოს. ახალბედა მასწავლებელს სხვაგვარი დახმარება სჭირდება, კარიერის დასასრულისკენ მიმავალს კი – სხვაგვარი.
დაბოლოს, უცხო ქვეყნებისგან შეგვიძლია ისიც ვისწავლოთ, რომ შეუძლებელია გქონდეს კარგი განათლების სისტემა, თუ მას საფუძვლად არ უდევს იდეა, რომლის ირგვლივაც ერთიანდება ყველა, ვინც ამ სისტემაშია ჩართული. საგანმანათლებლო სისტემის საფუძველს საზოგადოების მისწრაფებები წარმოადგენს. თუ ამერიკული საგანმანათლებლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების იდეას ეფუძნება, ფინური განათლების სისტემის მიზანი სოციალურ პასუხისმგებლობაზე აგებული საზოგადოების შექმნა.
ისევე, როგორც სხვა ქვეყნებმა, ჩვენც უნდა გავიაზროთ ჩვენი საზოგადოების მიზანი, რომელსაც მოემსახურება სკოლა. ჩვენ გვაქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომლებიც აღწერს, რა მოეთხოვება სკოლადამთავრებულს, მაგრამ მნიშვნელოვანია იმის წარმოდგენაც, როგორი იქნება საზოგადოება, რომელსაც ამ მიზნების შესაბამისად პატრიოტი, შემოქმედებითი, ტოლერანტი, ბუნებრივი გარემოს დამცველი, ინფორმაციის აქტიურად გადამმუშავებელი ინდივიდები უნდა ქმნიდნენ. მხოლოდ ასეთი საზოგადოებრივი შეთანხმების შემთხვევაში მოიპოვებს ჩვენი სკოლები ნდობას მშობლებისგან, პოლიტიკოსებისგან, თავად მასწავლებლებისგან და, ცხადია, მოსწავლეებისგანაც.