სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

დიანა მასწავლებელი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე

დაბა სიონი იცით? თიანეთის სიონზე გეკითხებით.

სიონი ივრის ხეობაში, წყალსაცავის პირას მდებარეობს. ხელოვნური წყალსაცავის შექმნის შემდეგ აქ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით – კლიმატი და მისი თანმხლები პროცესები. დიანა ბურდულს სხვანაირი სიონი არც ახსოვს. მისი სიონი ასეთია: ზამთარში – მიყუჩებული, ზაფხულში – დამსვენებლებისგან აფორიაქებული. წყალსაცავის ფსკერზე დარჩენილი ამბებისა და არქეოლოგიური სიძველეების შესახებაც მხოლოდ გადმოცემით იცის ან წაუკითხავს. ქალაქიდან მომავალი საბადურებს რომ გადმოივაკებს და მიიხედ-მოიხედავს, უკვე შინაა. თავისი დაბისა ყველაფერი უყვარს და აინტერესებს, წარსულიც და აწმყოც…

რა თქმა უნდა, მომავალიც. ოღონდ მას, როგორც უმთავრეს ღირებულებას, ცალკე წინადადება უნდა მივუძღვნათ. წინადადება კი არა, აბზაცი. დიანა აწმყოში მომავალს ემსახურება. სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ახალგაზრდა დედის საზრუნავს, პედაგოგის საქმიანობას? დიანა ბურდული ორი ვაჟის დედა და დაბა სიონის საჯარო სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია.

– სწავლა ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს. ნიჭიერებთ არ გამოვირჩევი, რასაც ვაღწევ, ვაღწევ დიდი შრომის ფასად. მეხუთე წელია, სკოლაში ვმუშაობ, ჩემს მშობლიურ სკოლაში, ჩემივე ყოფილი მასწავლებლების გვერდით. ეს ძნელიც არის და ადვილიც. ახლაც ვსწავლობ მათგან, გაკვეთილებზე ვესწრები, ვეკითხები… პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე, ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ ძებნა-ძიების განხრით. მომწონდა ჩემი სპეციალობა, იმ რთულ წლებში ერთი ლექციაც არ გამიცდენია, გულმოდგინედ ვსწავლობდი. ნავთობკომპანიაში მინდოდა მუშაობა, მაგრამ სიონში შევქმენი ოჯახი და აქვე დავმკვიდრდი. ჩემზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი – ჩვენს სკოლაში ხომ უფრო გამოცდილი და წარმატებული პედაგოგებიც არიან?

ჩვენს არჩევანს რამდენიმე მიზეზი აქვს. დიანა როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ხშირად მიმართავს პროექტული სწავლების მეთოდს და პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებულ სწავლებას ემხრობა. ცოტა ხნის წინ მისი მოსწავლე ირაკლი ხუცურაული გეოგრაფიის ოლიმპიადის შედეგების მიხედვით საქართველოს მოსწავლეთა საუკეთესო ათეულში მოხვდა, პედაგოგმა კი სამინისტროს ჯილდო დაიმსახურა.

_ გულახდილად გეტყვით – ირაკლი თავად არის გამორჩეული ბავშვი. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით აინტერესებს გეოგრაფია. არსებობენ ბავშვები, რომლებსაც ბუნებამ ნიჭიც მისცა და შრომისმოყვარეობითაც დააჯილდოვა… ასეთი მოსწავლეები გვიბიძგებენ, უფრო მეტად ვიზრუნოთ პროფესიულ განვითარებაზე…

ძალიან მინდა, გეოგრაფია, რომელიც მრავალ საინტერესო მიმართულებას მოიცავს, საუკეთესოდ ვიცოდე. თუმცა ვიცი, კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ მოთხოვნებს არ ჩამოვრჩე.

ბავშვებთან მუშაობაც ძალიან საინტერესოა – უუამრავ რამეს გასწავლიან. მოსწავლეს არასოდეს ვუბრაზდები. არ მიყვარს კონფლიქტი, მეტადრე –ბავშვებთან. შემიმჩნევია, როგორ ეცინებათ, როცა მასწავლებელი ხმას აუწევს… ამიტომ ყოველთვის ზრდასრულებივით ვესაუბრები, ვცდილობ გავუგო. შესაძლოა, მოზარდი არ სწავლობდეს გეოგრაფიას, მაგრამ აქტიური იყოს სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე. როცა პროექტების დაგეგმვაში თავად მონაწილეობენ, მის შესრულებასაც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. სწორედ ასე მოხდა ახლახან – მეცხრე და მეათეკლასელებმა ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადართა მონახულება გადაწყვიტეს. სამზადისში ყველა ჩაერთო. ფუნქციები დაინაწილეს და შედეგითაც კმაყოფილები დარჩნენ.

ძალიან მომწონს განათლების თანამედროვე თეორიები და მეთოდები. თუ ახლანდელ დროს ჩემი მოწაფეობის პერიოდს შევადარებთ, ცხადი გახდება, რომ საჭირო ცვლილებები მოხდა და ასევე უნდა გაგრძელდეს.

– ზოგიერთი თქვენი კოლეგისგან განსხვავებით, ვხედავ, მოგწონთ ეს ცვლილებები…

– ნამდვილად მომწონს. როდესაც ახალ მოთხოვნებს ვეცნობით, ვიშვიშს ვიწყებთ, გვეძნელება, რა საჭიროაო, ვამბობთ, მაგრამ როგორც კი ჩავუღრმავდებით, მაშინვე ვხვდებით, რომ არც შეუძლებელია რამე და არც ზედმეტი. თუნდაც ახლანდელი თვითშეფასების კითხვარი, პროფესიული განვითარების გეგმა… ახლებურად შევხედეთ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, მოვახდინეთ ჩვენი შესაძლებლობების სისტემატიზაცია, გავიაზრეთ, რა კუთხით გვმართებს საკუთარ თავზე მუშაობა. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. პროფესიაში მუდამ წინ უნდა იყურებოდე, დროს არ უნდა ჩამორჩე. ჩემი მასწავლებლები ახლა სულ სხვა მეთოდებითა და მიდგომებით მუშაობენ, ვიდრე ჩემი მოწაფეობისას. როცა პირველად შევედი გაკვეთილზე, ძალიან ვღეავდი. ვიცოდი, რისი თქმაც მინდოდა და თქმას ვერ ვახერხებდი. თანდათან მივეჩვიე, ვვარჯიშობდი, სარკის წინ გავდიოდი რეპეტიციებს… შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გქონდეს ცოდნა და კეთილგანწყობილი იყო მოსწავლეების მიმართ.

ინტეგრირებული გაკვეთილები ძალიან მომწონს. ჩამიტარებია, მაგრამ მინდა, უფრო აქტიურად მოვკიდო ხელი კოლეგებთან ერთად. გული მწყდება, რომ ჩვენი კლასები მცირერიცხოვანია. ეს მთის სკოლების პრობლემაა. ასეთ ვითარებაში ბევრი ინტერაქტიური მეთოდის გამოყენება ვერ ხერხდება.

ძალიან გამიჭირდა ჩემი შვილის მასწავლებლობა. რაღაცნაირად ვიძაბები, არადა, სხვანაირად ვერ მოხერხდა. მისგან მაქსიმუმს ვითხოვ. საერთოდ, არ ვარ მკაცრი, მას კი ასე ვექცევი… ესეც გამოწვევაა. ალბათ, ოდესმე დავმშვიდდები.

მზია ბიჩინაშვილი, სიონის სკოლის დირექტორი:

– დიანა ჩემი მოსწავლე იყო. კარგად სწავლობდა, მასწავლებლობასაც კარგად გაართვა თავი. კოლეგებთან, მოსწავლეებთან ძალზე მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს. შესანიშნავი იუმორის პატრონია. თუ ოდნავ დაიძაბა სიტუაცია, ისე მოზომილად იხუმრებს, არც ვინმეს გააღიზიანებს და სიტუაციასაც განმუხტავს ხოლმე…

ირაკლი ხუცურაული, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე:

– დიანა მასწავლებელი ძალიან გვიყვარს. მისი გაბრაზება არ მახსოვს. თავისი საგანი კარგად იცის და ყოველთვის საინტერესო გაკვეთილს ატარებს. ჩემს წარმატებაში მისი დიდი წვლილია. მისი გაკვეთილები სახალისოა: განვიხილავთ ახალ თემას, ერთად ვეძებთ ახალ ინფორმაციას… დიანა მასწავლებელი რესურსებით გვეხმარება, გვიმარჯვებს, რაც გვჭირდება.

– რას უსურვებ დიანამასწავლებელს?

– გეოგრაფია ძალიან საინტერესო და საჭირო საგანია და მინდა, ამ საგნით ყველა ბავშვის დაინტერესება მოახერხოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი