სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

აუტანელი ურბანული ყოფის სიმსუბუქე და სხვა ამბები

გამარჯობა. მე ორი ბავშვის დედა და ორადგილიანი საბავშვო ეტლის პატრონი ვარ. როდესაც ამ ორადგილიანი ეტლით სასეირნოდ მივეშურებით, მანქანების ბარიკადებთან გმირული გამკლავება მიწევს და იმასაც ვხვდები, როგორ არ გვადარდებს და არ გვაინტერესებს ერთმანეთი. შენ შეიძლება ჩემი მეზობელიც იყო ან საერთოდ არც იყო მეზობელი და ჩემს ქუჩაზე, ჩემს სახლთან ახლოს, მეგობრებს სტუმრობ, ან კაფეში ხვდები ნაცნობს, ან საქმიან პარტნიორს, ან რამდენიმე წუთით მაღაზიაში გადაირბინე და მანქანა პირდაპირ, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე დატოვე, ან უბრალოდ დაგეზარა შესაბამისი ადგილის მოძებნა, რომელიც ამ ტროტუარისგან არც ისე შორსაა და რატომღაც, ყოველთვის თავისუფალია იქ ადგილი.
ეს პრობლემა მარტო ჩემი არაა და მე არ გამომიგონია. ამაზე ბევრი წუწუნებს, ოხრავს, ღიზიანდება, მერე საკუთარ ქვეყანას აძაგებს, რომ “ამ ქვეყანამ” ვერ მოახერხა, მოეგვარებინა ეს ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა. პრობლემა, რომელიც არამარტო ფეხით მოსიარულეებს უქმნის დისკომფორტს, არამედ იმ ადამიანებსაც, ვინც ეტლით სარგებლობს და გადაადგილდება, უფრო სწორედ გადაადგილებას ცდილობს.
ტროტუარი ჩაკეტილია. ვცდილობ, გავძვრე ეტლთან ერთად, მაგრამ არ გამოდის. იძულებული ვარ, სამანქანო გზაზე გადავიდეთ და როდესაც ჩვენი გზა იქნება თავისუფალი, შემდეგ იქ გავაგრძელოთ სიარული. ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში არ ვფიქრობ იმაზე, რომ გადაადგილების უფლება ჩემი ფუნდამენტური უფლებაა. მე ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ ვცემთ ადამიანები ერთმანეთს პატივს და არ ვითვალისწინებთ მათ შესაძლებლობებს. როგორ ვუქმნით მათ სიცოცხლეს საფრთხეს, როდესაც სამანქანო გზაზე სიარულს ვაიძულებთ, სადაც მთელი სისწრაფით გამორბიან მანქანები, ცხელ და ჭვარტლიან კვამლს ტოვებენ და ჩვენც ვიბუღებით ამ მომწამვლელი გამონაბოლქვით. ეს სხვა სერიოზული და არანაკლებ მძიმე საკითხია.
ზებრაზე მარტო გადავდივარ, ბავშვებთან ერთად ვერ ვბედავ, არც ეტლით გადასვლას ვრისკავ. შუქნიშნით რეგულირებულ გადასასვლელზეც კი მანქანები თავიანთ პოზიციებს არ თმობენ. მოკლედ, მეშინია.
აი, ამ შიშებითა და ყოველდღიური გაღიზიანებებით გართულს მახსენდება, რომ ხალხი აღარ იცინის, რომ ქუჩაში შემხვედრი ადამიანები პირქუშები და მოწყენილები დადიან, ჩაფლული თავიანთ საზრუნავსა და საფიქრალში. მასევდიანებს ეს ამბავი, ეს მასიური გაუღიმებლობა და მგონია, რომ ამისთვის სერიოზული საფუძველი არსებობს. არავის სიამოვნებს იყოს მუდმივად მჭმუნვარე.
მე არამწეველი ვარ და ვერიდები ისეთ ადგილებს, სადაც არამწეველთათვის გამოყოფილი სივრცე არ არის. ასეთი სივრცეები კი ჩემს ქალაქში ძალიან ცოტაა, სადაც არ უნდა გვინდოდეს შესვლა, ყველგან გვეტყვიან: “სამწუხაროდ, აქ ყველგან ეწევიან”. შემდეგ, იძულებული ვხდებით უკან გამოვბრუნდეთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი, სადაც მუდმივად უჰაერობაა და იმაზე მეტი ადამიანი მგზავრობს, ვიდრე უნდა მგზავრობდეს, მძღოლი თავაზიანი და ხვეწნაგარეული თხოვნის შემდეგაც კი ისევ მეორე ღერ სიგარეტს უკიდებს და, ალბათ, ძალიან გაუკვირდება თუკი ვეტყვი, რომ არა მარტო ბავშვების, არამედ ჩემს ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვა. მაგრამ, ამას არ ვეუბნები, არ გაითვალისწინებს და მეც სასაცილოდ გამოვჩნდები. ერთხელ ძალიან არ მოეწონათ, არც მძღოლს და არც მგზავრებს ჩემი მსუბუქი შენიშვნა. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ მესროლეს ისეთი მრისხანე მზერა იმ მგზავრებმა, რომელთა უფლებებსაც ვიცავდი და, წესით, ისინიც კმაყოფილი უნდა დარჩენილიყვნენ მიღწეული მცირე შედეგით.
ჩემი სახლთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე ჯანმრთელ ხეებს ჭრიან, მაგრამ ამას არავინ აპროტესტებს, სამწუხაროდ არც მე. ყველა ერთად ჩაფლული ვართ ჩვენს ყოველდღიურ საზრუნავში და არ გვაინტერესებს, როგორ ვიწროვდება რეკრეაციული სივრცე ჩვენ გარშემო. როგორ აღარ რჩება ჩვენს შვილებს და ჩვენ სუნთქვისთვის სამყოფი ჰაერი. მართალია, გვაწუხებს ეს პრობლემა, მაგრამ ვერაფერს ვშველით. შორიდან ვღელავთ მხოლოდ, რადგან დარწმუნებული ვართ ჩვენს აზრს ისედაც არავინ გაითვალისწინებს.
თბილისის ქუჩებში გაჩენილ სტენსილებს, თუ როგორ იფარებს გოგონა სახეზე ხელს, გარდა ვიზუალური მხარისა, სოციალური დატვირთვაც გააჩნია და გზავნილია ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ უფრო მეტად დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომელიც ყველას ერთნაირად გვეხება. და თუ ამ პრობლემებზე საუბარს ყველა დავიწყებთ და მათ შემჩნევას ვისწავლით, მგონია, რომ უფრო მალე აღმოვაჩენთ მოგვარების გზებსა და საშუალებებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“