ჩემს ჩემოდანში არის…(ფრ.)
ერთ დღეს, როდესაც ბავშვების ჯგუფში ტანსაცმლის ლექსიკის შესწავლას რიგი დადგა, მინდოდა შემექმნა გამორჩეული აქტივობა, რომელიც ტანსაცმლის თემის შესაბამისი იქნებოდა. გვჭირდებოდა რამე ფერადი, ხელშესახები, შესაკრავიანი… და შევქმენით სათამაშო ჩემოდანი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ.
ვფიქრობ, ეს გამოცდილება საინტერესო და გამოსადეგი იქნება როგორც უცხო ენის, და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვის, ასევე აღმზრდელებისა და მშობლებისთვის.
საჭირო მასალა
ჩემოდნის დასამზადებლად გამოვიყენეთ:
-
მუყაო (სქელი ქაღალდი) – მყარი კორპუსის შესაქმნელად
-
თექის(ფეტრის) ფერადი ნაჭრები – ტანსაცმლის სხვადასხვა ელემენტის შესაქმნელად
-
ფხრიწიანი შესაკრავის ლენტი – ტანსაცმლის ჩემოდანში იოლად მიკრობა-მოძრობისთვის
-
ქაღალდის წებო და ცხელი წებო — დეტალებისა და ფხრიწიანი შესაკრავის სანდოდ დასაფიქსირებლად
-
მაკრატელი – ფორმების გამოსაჭრელად
-
ფერადი ფანქრები / ფლომასტერები — დეტალების გასაფორმებლად და წარწერებისთვის.
რატომ ეს მასალები?
-
თექის ნაჭრები მასალას „ხელშესახებს“ ხდის (იგივე მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი ტანსაცმლის ნაჭრები ან სხვადასხვა ტიპის ქსოვილი).
-
ფხრიწიანი შესაკრავი კი ბავშვებს საშუალებას აძლევს, მრავალჯერადად ჩაალაგონ და ამოალაგონ ტანსაცმელი ჩემოდნიდან, რაც სწავლის პროცესს თამაშის ელემენტს ჰმატებს და სახალისოს ხდის!
ჩემოდნის კორპუსის მომზადება
ჩემოდნის კორპუსი წინასწარ მოვამზადე, რათა საგაკვეთილო დრო ეფექტურად დაგვეზოგა:
-
ბაზის აწყობა: A3 ფორმატის ორი მუყაო ისე გადავაწებე, რომ ჩემოდნის მსგავსად ადვილად გადაკეცილიყო ორად.
-
სახელურები: ორივე მხარეს ასევე მუყაოსგან დამზადებული სახელურები დავამაგრე.
-
ფხრიწიანი სამაგრები: ჩემოდნის შიდა მხარეს ცხელი წებოთი დავამაგრე ფხრიწიანი ლენტის ნაჭრები — კერძოდ, ხაოიანი მხარე ჩემოდანზე მივაწებე, ხოლო რბილი მხარე ტანსაცმლის დეტალებისთვის შევინახე. ეს მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მოგვიანებით ტანსაცმელი ჩემოდანში იოლად მიმაგრებულიყო.
ჩემოდნის შიდა მხარე სრულად დავუთმეთ ტანსაცმლის განთავსებას, ხოლო გარე მხარე მოგვიანებით ბავშვებმა თავად გააფორმეს ნახატებით, წარწერებითა და სხვადასხვა დეტალით.
ჩემოდნის შიგთავსი
ტანსაცმლის დამზადების პროცესი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა:
-
მომზადება და არჩევანი: წინასწარ მოვამზადე ტანსაცმლის გამოჭრილი ნიმუშები (ტრაფარეტები) და ფერადი თექის პატარა ნაჭრები. ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, თავად აერჩიათ სასურველი ფერები და მარტივად გამოეჭრათ ტანსაცმლის შესაბამისი ფორმები.
-
ფხრიწიანი შესაკრავის მიმაგრება: გამოჭრილ ტანსაცმელს ცხელი წებოთი დავაკარით ფხრიწიანი (ხაოიანის საპირისპირო, რბილი) შესაკრავი და ჩემოდანში დავამაგრეთ.
-
ლექსიკის გააქტიურება: მას შემდეგ, რაც სამოსი ჩემოდანში განთავსდა, მოსწავლეებმა თითოეულ დეტალს შესაბამისი სახელი მიაწერეს. შესაძლებელია ასევე წინასწარ მომზადებული ბარათების მიმაგრება.
-
არსებითი სახელების სქესის მინიშნება(ვიზუალური კოდირება): ფრანგულ ენაში მამრობითი და მდედრობითი სქესის (un/une) იოლად გასამიჯნად მოსწავლეებმა ორი განსხვავებული ფერის წარწერა გამოიყენეს (მაგ.: წარწერები une robe, une chaussette მწვანე, ხოლო წარწერები un chapeau, un pantalon ყვითელი).
მნიშვნელოვანი დეტალი (ვიზუალური კოდირება)
სქესის კოდირებისთვის შეგნებულად ავარჩიეთ განსხვავებული, ნეიტრალური ფერები (და არა სტერეოტიპული ცისფერი/ვარდისფერი). ეს მიდგომა დაგვეხმარა, ფერებთან მიმართებით არსებული სტერეოტიპები დაგვეძლია და მოსწავლეთა ყურადღება უშუალოდ ენობრივ კანონზომიერებაზე მიგვემართა.
პედაგოგიური მხარე:
რა უნარებს ვავითარებთ ამ აქტივობით?
ეს სახალისო აქტივობა რამდენიმე უნარის განვითარებას უწყობს ხელს:
-
წვრილი მოტორიკა: ჭრა, დაწებება, ფხრიწიანი შესაკრავის მიმაგრება და მოხსნა — ეს ყველაფერი ხელის მტევნის კუნთებსა და კოორდინაციას ავარჯიშებს.
-
კრეატიულობა: ფერებისა და ქსოვილების შერჩევა, ტანსაცმლის დეტალებით გაფორმება.
-
ენობრივი უნარები:
-
ნასწავლი ლექსიკის განმტკიცება და გამოყენება;
-
ბარათების კითხვა / ტანსაცმლის სახელწოდებების წერა;
-
გრამატიკული კატეგორიების გააზრება (ტანსაცმლის გადაჯგუფება გრამატიკული სქესის მიხედვით)
-
ფერების ლექსიკის გააქტიურება.
-
-
ინტერაქცია და კოგნიტური კავშირები:
-
დიალოგში მონაწილეობა და ნივთების დასახელება შერჩევის/შეჯამებისას;
-
ლოგიკური აზროვნება — ტანსაცმლის დაკავშირება სხეულის შესაბამის ნაწილებთან, სეზონებთან თუ ამინდთან.
-
გამოყენებული მიდგომები:
-
მრავალმხრივი ინტელექტის გათვალისწინება: როდესაც სწავლის პროცესში ხელშესახები (ტაქტილური), კინესთეტიკური და ვიზუალური ელემენტები ერთიანდება, სხვადასხვა აღქმის ტიპის მქონე ბავშვები ენას გაცილებით ბუნებრივად, სტრესის გარეშე და ხანგრძლივი მეხსიერებით ითვისებენ.
-
სწავლა კეთებით : როდესაც მოსწავლეები თავად არიან სასწავლო რესურსის თანაშემქმნელები და უშუალოდ პროცესში არიან ჩართულები, მიღებული ცოდნა აბსტრაქტულიდან რეალურ გამოცდილებად გარდაიქმნება.
ცოდნა ყველაზე ღრმად მაშინ ილექება, როდესაც მას მოსწავლე საკუთარი გამოცდილებით, შეხებითა და ემოციით აგროვებს. ინტერაქტიული ჩემოდნის შექმნით ჩვენ ერთდროულად ჩავრთეთ მოსწავლის მხედველობითი, ტაქტილური და სოციალურ-ემოციური მეხსიერება.
როდესაც სწავლის პროცესში ჩნდება თამაშის ელემენტები, უცხო ენა ხდება ცოცხალი, პრაქტიკული ინსტრუმენტი. იმედი მაქვს, ეს აქტივობა დაგეხმარებათ, რომ საკლასო ოთახში მეტი ფერი, ტექსტურა და ინტერაქცია შეიტანოთ.




