ოთხშაბათი, აგვისტო 26, 2026
26 აგვისტო, ოთხშაბათი, 2026

ჯილდოს ბარათები, როგორც მოტივაციის ინსტრუმენტი

მინდა გაგიზიაროთ გამოცდილება იმის შესახებ თუ როგორ იქცა Punch Cards მოსწავლეთა მოტივაციის გაძლიერებისა და სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბების ეფექტურ ინსტრუმენტად. მეორე კლასში სწავლების პროცესში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თითოეული სასწავლო საფეხური ახალ გამოწვევებს აჩენს და განსხვავებულ მიდგომებს საჭიროებს.

მეორე კლასში ინგლისური ენის სწავლების პროცესში ბავშვები აქტიურად ეუფლებიან კითხვასა და წერას. ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ სიტყვების სწორად ამოკითხვასა და გადმოწერას, არამედ კალიგრაფიის ხარისხს, ასოების ფორმირებასა და წერითი დავალებების მოწესრიგებულ შესრულებას. სასწავლო წლის დაწყებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ შევამჩნიე, რომ მოსწავლეები სულ უფრო მეტად ორიენტირდებოდნენ დავალების სწრაფად დასრულებაზე, ვიდრე მის ხარისხიან შესრულებაზე. ზოგიერთმა მოსწავლემ, რომელიც თავდაპირველად მოწესრიგებული ხელწერით გამოირჩეოდა, თანდათან ნაკლები ყურადღება დაუთმო ნაწერის სისუფთავეს – გაჩნდა გადაჯღაბნები დაიკარგა ასოების სიზუსტე. სწორედ ამ დაკვირვებამ მიბიძგა ახალი მოტივაციური მიდგომის შემუშავებისკენ.

ასე შეიქმნა Best Writing ჯილდოს ბარათები. მათი მიზანი არ ყოფილა მხოლოდ საუკეთესო ნამუშევრის შერჩევა — მთავარი იყო მოსწავლეებისთვის ხარისხიანი დავალების შესრულების მნიშვნელობის კვლავ გამოკვეთა და ძალისხმევის დაფასება. ბარათების მინიჭებისას ვხელმძღვანელობდი წინასწარ განსაზღვრული გარკვეული კრიტერიუმებით:

  • ნაწერი უნდა ყოფილიყო სუფთა და მოწესრიგებული;
  • ასოები — სწორად და მკაფიოდ გამოკვეთილი;
  • შეცდომებისა და გადაჯღაბნების რაოდენობა კი მინიმალური.

ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ინდივიდუალურ პროგრესს — თუ მოსწავლე საკუთარ წინა ნამუშევართან შედარებით აშკარა წინსვლას აჩვენებდა, მისი მონდომებაც აუცილებლად აღიარებას იმსახურებდა.

Best Writing ბარათები, როგორც წესი, კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიცემოდა წერითი დავალებების შესრულებისას. დროთა განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა ცვლილება – მოსწავლეები უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებოდნენ წერას, თავად ამოწმებდნენ საკუთარ ნამუშევრებს და ცდილობდნენ შეცდომების დამოუკიდებლად გასწორებას.

ამ პროცესმა მალევე წარმოშვა ახალი იდეა. თუ პოზიტიურმა განმტკიცებამ ასე ეფექტურად იმუშავა წერით უნარებზე, რატომ არ შეიძლებოდა მისი გამოყენება კითხვის განვითარების მიმართულებითაც? სწორედ ამ ფიქრის შედეგად ჩამოყალიბდა Best Reading ბარათების სისტემა. კვირაში ერთხელ სპეციალურად ვაწყობდით კითხვის დღეს. მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ ამ აქტივობის შესახებ და განსაკუთრებულად ემზადებოდნენ ამ დღისთვის. Best Reading ბარათი ენიჭებოდა არა მხოლოდ ყველაზე გამართულ მკითხველს, არამედ იმ მოსწავლესაც, ვინც ტექსტს თავდაჯერებულად, ინტონაციითა და საკუთარ შესაძლებლობებთან შედარებით აშკარა პროგრესით კითხულობდა.

სასწავლო წლის განმავლობაში ჯილდოს ბარათები კლასის ყოველდღიური ცხოვრების ორგანულ ნაწილად იქცა. მოსწავლეთა ინტერესის შესანარჩუნებლად პერიოდულად ვაახლებდი მათ დიზაინს — სეზონური და თემატური ბარათები ბავშვებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ისინი მოუთმენლად ელოდნენ ახალ ვერსიებს, აგროვებდნენ მიღებულ ბარათებს, ერთმანეთს უზიარებდნენ კოლექციებს და წარმატებებს ერთად აღნიშნავდნენ.

ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბარათს მხოლოდ „ჯილდოს“ ფუნქცია აღარ ჰქონდა და იგი იქცა პროგრესის აღიარების სიმბოლოდ.

რა თქმა უნდა, ჯილდოს ბარათები არ წარმოადგენს უნივერსალურ გადაწყვეტას ყველა სასწავლო გამოწვევისთვის. თუმცა პრაქტიკამ მაჩვენა, რომ სწორად დაგეგმილი, სამართლიან კრიტერიუმებზე დაფუძნებული და მოსწავლის განვითარების პროცესზე ორიენტირებული პოზიტიური განმტკიცება მნიშვნელოვნად აძლიერებს მოტივაციას, აუმჯობესებს როგორც წერით, ისე კითხვის უნარებს და ქმნის უფრო პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას სწავლის მიმართ. ზოგჯერ ერთი პატარა ბარათიც საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობების დაიჯეროს და სწავლას უფრო შეგნებულად მიუდგეს სწავლას.

სტატიის ბოლოს გიზიარებთ იმ Reward Cards-ის რამდენიმე ნიმუშს, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში ვიყენებდი. მათი ადაპტირება შესაძლებელია სხვადასხვა საგნისა და ასაკობრივი ჯგუფისთვის და იმედი მაქვს, სხვა მასწავლებლებსაც მისცემს იდეებს, როგორ აქციონ ყოველდღიური კითხვა და წერა უფრო საინტერესო და მოტივაციის მომცემ პროცესად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“