თანამედროვე განათლების პარადიგმაში აღიარებულია, რომ ერთგვაროვანი მიდგომა მრავალფეროვან საკლასო ოთახში ეფექტური ვერ იქნება. მასალის ახსნისას მოსწავლეთა მიერ მასალის განსხვავებული ტემპითა და გზებით ათვისება პირდაპირ მიუთითებს სასწავლო პროცესში დიფერენცირებული სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე, რაც თითოეული მოსწავლის მზაობის, ინტერესებისა და სწავლის ინდივიდუალური სტილის გათვალისწინებას გულისხმობს. ამ რეალობის საპასუხოდ შეიქმნა დიფერენცირებული სწავლება – მოქნილი პედაგოგიური მიდგომა, სადაც მასწავლებელი წინასწარ გეგმავს სხვადასხვა გზას სასწავლო შინაარსის, პროცესისა თუ საბოლოო პროდუქტის მისაღწევად.
დიფერენცირების მთავარი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის სასწავლო პროცესის ცენტრში აყენებს მოსწავლეს . ნაცვლად იმისა, რომ ყველას ერთნაირი, ხშირად მონოტონური დავალება მივცეთ, დიფერენცირება გვთავაზობს გარემოს, სადაც აკადემიური მიზანი ყველასთვის ერთია, მაგრამ მის მისაღწევად მოსწავლეებს არჩევანის თავისუფლება ეძლევათ. ეს მიდგომა საგრძნობლად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ხსნის კომპლექსების ბარიერს და თითოეულ მათგანს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.
ბუნებისმეტყველების საგნის სპეციფიკა
ბუნებისმეტყველება თავისი არსით კვლევაზე, დაკვირვებასა და რეალური სამყაროს შემეცნებაზე დაფუძნებული საგანია. მისი მიზანია, მოსწავლეს არა მხოლოდ მშრალი სამეცნიერო ფაქტები მიაწოდოს, არამედ განუვითაროს კრიტიკული აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარი და ეკოლოგიური ცნობიერება.
თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ სწავლება მხოლოდ სახელმძღვანელოს კითხვითა და დაზეპირებით შემოიფარგლება, ბავშვებს უჭირთ ბუნებისმეტყველების რთული და აბსტრაქტული თემების გაგება. საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც მშრალ სამეცნიერო ცნებებს თვალსაჩინოს, ხელშესახებსა და მათთვის ემოციურად ახლობელს გახდის. სწორედ ამ დროს გვევლინება RAFT მეთოდი საუკეთესო ინსტრუმენტად – ის თეორიას სახალისო, როლურ თამაშად აქცევს და მოსწავლეს გაკვეთილის მთავარ მონაწილედ აბრუნებს.
ნიმუში: RAFT – Role (როლი) – Audience (აუდიტორია) Format (ფორმატი) – Topic (თემა) – მეთოდი ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
კლასი: მე-6 კლასი
სავალდებულო თემა –ადამიანის ორგანიზმი და ჯანმრთელობა
საგანი |
თემა(სავალდებულო) |
როლი(არჩევითი) |
აუდიტორია(არჩევითი) |
ფორმატი(არჩევითი) |
ბუნებისმეტყველება |
ადამიანის ორგანოთა სისტემები და მათი ურთიერთკავშირი. |
ავტორი (მკვლევარი),პერსონაჟები (ორგანოები):გული, ფილტვები,ტვინი, კუჭი და ჩონჩხი. |
მოზარდები, უფროსები,სპორტსმენები,ექიმები,ბიოლოგები. |
წერილი,მიმართვა,პოსტერი. |
ნიმუშზე დაკვირვებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ RAFT მეთოდი ბუნებისმეტყველების გაკვეთილს მრავალფეროვანს ხდის.
ამ კომპლექსური აქტივობით , მოსწავლეებმა სიღრმისეულად ისწავლეს:
ადამიანის ანატომიური აგებულება, ძირითადი ორგანოთა სისტემები (ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი) და მათი ფუნქციები.
როგორ მუშაობენ ორგანოები შეთანხმებულად – მაგალითად, როგორ თანამშრომლობს ფილტვი და გული უჯრედების ჟანგბადით მოსამარაგებლად, ან როგორ მართავს ტვინი თითოეულ მათგანს. ჯანსაღი ცხოვრების წესის, ფიზიკური აქტივობისა და კვების გავლენა ადამიანის ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაზე.
როგორ ისწავლეს მათ ეს მასალა?
პერსონიფიკაციისა და ემპათიის გზით: როდესაც მოსწავლე ირგებს „გულის“ ან „ტვინის“ როლს, ის სცილდება მშრალ ბიოლოგიურ ტერმინოლოგიას. მას უწევს საკითხის შიგნიდან დანახვა, რაც იწვევს ემოციურ ჩართულობას. გულის პერსპექტივიდან დაწერილი მიმართვა სპორტსმენებისადმი ან ტვინის წერილი მოზარდებისადმი (ძილის რეჟიმის მნიშვნელობაზე) ბავშვს ეხმარება რთული ფიზიოლოგიური პროცესების გათავისებაში. კოგნიტური ფსიქოლოგიის თანახმად, ემოციური კონტექსტით ნასწავლი მასალა ბევრად უფრო მყარად მკვიდრდება ხანგრძლივ მეხსიერებაში.
არჩევანის თავისუფლება : კლასში ყველას არ აქვს წერის ერთნაირი უნარი. მოსწავლეს, რომელსაც უჭირს რთული მეცნიერული ტექსტების წერა, შეუძლია აირჩიოს კუჭის სახალისო საპროტესტო წერილი მავნე საკვებზე, ხოლო უფრო ძლიერ ან ხატვის ნიჭის მქონე ბავშვს შეუძლია მკვლევრის როლი მოირგოს და ექიმებისთვის საინტერესო პოსტერი შექმნას. ასე ყველა მოსწავლე თავის მაქსიმუმს აკეთებს. ეს მიდგომა პირდაპირ ეხმიანება ლევ ვიგოტსკის სოციოკულტურულ თეორიას, კერძოდ კი „განვითარების უახლოესი ზონის“ (ZPD) კონცეფციას. დიფერენცირებული დავალებით მასწავლებელი მოსწავლეს სთავაზობს ე.წ. „ხარაჩოებს“ (Scaffolding), რაც ბავშვს ეხმარება, ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში გადალახოს აკადემიური ბარიერი და მიაღწიოს დასახულ მიზანს.
კომუნიკაციისას ადაპტაციის უნარი: ბავშვები სწავლობენ საკუთარი სათქმელის კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებას. მათ უკვე გაცნობიერებული აქვთ, რომ თანატოლებთან, მასწავლებლებთან თუ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ურთიერთობისას სრულიად განსხვავებული ლექსიკა, ტონი და არგუმენტებია საჭირო.
RAFT – მეთოდის გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ნათელი დასტურია იმისა, რომ დიფერენცირებული სწავლება არ ნიშნავს პროგრამის გამარტივებას, არამედ ნიშნავს მოსწავლისთვის ინდივიდუალური გზების შეთავაზებას ერთი და იმავე მაღალი მიზნის მისაღწევად. ეს მეთოდი ანგრევს სტერეოტიპს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მხოლოდ ფორმულებისა და მშრალი ფაქტების ერთობლიობაა. როდესაც მოსწავლეს ვაძლევთ როლს, აუდიტორიას და ფორმატის არჩევანს, ჩვენ არა მხოლოდ ვამოწმებთ მათ ცოდნას, არამედ ვზრდით მომავალ მოქალაქეებს, რომლებსაც შეუძლიათ მოვლენები სხვადასხვა კუთხით შეაფასონ,ჩამოაყალიბონ მყარი საკუთარი პოზიცია და შემოქმედებითად მიუდგნენ გლობალური გამოწვევების გადაჭრას.
გამოყენებული წყაროები:
-
ეროვნული სასწავლო გეგმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტი.
-
ტომლინსონი, კ. ა. (Tomlinson, C. A.) – „დიფერენცირებული სწავლება მრავალფეროვან საკლასო ოთახებში“.
-
ვიგოტსკი, ლ. — ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარება
-
ფოტოები დაგენერირებულია AI მიერ, ავტორის მიცემული კოდის შესაბამისად.




