თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში ხშირად ვიყენებთ ისეთ საკლასო აქტივობებს და საშინაო დავალებებს, რომლებიც ჯგუფურ მუშაობას მოიაზრებს.
ჯგუფური სამუშაოები, თავისი მრავალი დადებითი შედეგის გამო, მართლაც ეფექტიანი მხარდაჭერაა ისეთი უნარების განვითარებისთვის, როგორებიც არის: ეფექტური კომუნინიკაციის უნარი, განსხვავებული აზრის მოსმენა და პატივისცემა, საკუთარი აზრისა და არგუმენტების გამოთქმისა და დაცვის უნარი, ლოგიკური არგუმენტირებული მსჯელობა, კრიტიკული აზროვნება, შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, პრობლემის მოგვარება, ორგანიზაციული მუშაობა, გუნდური პასუხისმგებლობა. თუმცა, ეს დადებითი შედეგები მხოლოდ მაშინ შეგვიძლია მივიღოთ, როდესაც ჯგუფური მუშაობის დაგეგმვა-განხორციელების დროს ვითვალისწინებთ და ვიყენებთ საუკეთესო, პრაქტიკაში გამოცდილ მიგნებებს. სწორედ ამგვარი მიგნებები გავაერთიანე თანმიმდევრული გზამკვლევის სახით. მაშ ასე, ჯგუფური სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში გამოცდილია შემდეგი მიგნებების გამოყენება:
- ჯგუფური მუშაობის დროს უნდა იყოს განსაზღვრული მკაფიო მიზანი და მიზნის მიღწევის ინსტრუქცია.
- განაწილებული უნდა იყოს ჯგუფის მონაწილეთა როლები და ფუნქციები. თუ ჯგუფური მუშაობა, როგორც აქტივობა, ახალია მოსწავლეებისთვის, უმჯობესია მასწავლებელმა გაუნაწილოს მოსწავლეებს როლები და ფუნქციები.
- მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ შესრულებული დავალების ხარისხზე ჯგუფის თითოეული წევრია პასუხისმგებელი, და შესაბამისად, ჯგუფის თითოეული წევრი თავის მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს საერთო დავალების ხარისხიანად შესრულებისთვის.
- თავიდან რომ ავირიდოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ჯგუფის წვერებიდან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მონაწილე მუშაობს ხოლო დანარჩენები ცდილობენ პასიურ მონაწილეებად დარჩნენ, ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ავუხსნათ თითოეულ მონაწილეს, რომ დავალებაზე მუშაობის დასრულების შემდეგ თითოეულ წევრს დავუსვამთ შესრულებული დავალებიდან გამომდინარე სხვადასხვა შეკითხვას, ასევე ვთხოვთ ისაუბრონ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.
- ვეცადოთ ყოველი ახალი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვისას, ახალი კონფიგურაციით დავაჯგუფოთ მოსწავლეები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.
- ჯგუფური მუშაობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯგუფის ზომა და დავალების შესრულებისთვის მიცემული ვადა შეესაბამებოდეს დავალების სირთულეს.
- იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ სამუშაოს, როგორც საკლასო აქტივობას ისე ვახორციელებთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქტიურად გავუწიოთ მონიტორინგი მუშაობის პროცესს. გავაკეთოთ ჩანიშვნები სხვადასხვა ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით. თავი ავარიდოთ ჯგუფური მუშაობის პროცესში ჩარევას თუ თავად ჯგუფმა არ ითხოვა ჩვენი დახმარება, ასეთ შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ უზრუნველვყოთ შესაბამისი მხარდაჭერით.
ქვემოთ მინდა წარმოგიდგინოთ, ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც აღებულია გეოგრაფიის, მე-7 კლასის კურიკულუმიდან და მიუხედავად საგნობრივი მახასიათებლებისა, მისი გამოყენება, მოდიფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საგნის სწავლა-სწავლების პროცესში.
სასკოლო ცხოვრება აჩვენებს, რომ მოსწავლეებისთვის, ყოველთვის საინტერესოა, შემოქმედებითი შინაარსის დავალებების შესრულება, რომელიც მათ თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ერთ-ერთი ასეთი დავალება სტატიის შექმნაა. ნებისმიერ, დამოუკიდებელ/ჯგუფურ ფორმატში მუშაობისთვის, მოსწავლეებს სჭირდებათ მაქსიმალურად მკაფიო, დეტალიზებული ინსტრუქცია.
სასწავლო რესურსი – როგორ დავწეროთ სტატია ჟურნალისთვის
(დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობისთვის)
მოცემული ინსტრუქცია არის სარეკომენდაციო ხასიათის და დაგეხმარებათ სტატიის აგებაში. შედგება სამი ნაბიჯისგან, და დაგეხმარებათ თანმიმდევრულად სტატიის აგებაში. ამასთან, შეგიძლიათ თითოეულ ნაბიჯზე შესასრულებელი ამოცანები გადაინაწილოთ ჯგუფის წევრებს შორის.
(ნაბიჯი I) პირველ რიგში განსაზღვრეთ მიზანი:
(ა) რის წარმოჩენა გსურთ თქვენი სტატიით?
(ბ) ვისთვის არის სტატია განკუთვნილი?
მიღებული პასუხები გაითვალისწინეთ სტატიის შინაარსისა და საკომუნიკაციო ენის შერჩევისთვის.
(ნაბიჯი II) განსაზღვრეთ სტატიის სტრუქტურა:
(ა) სასურველია სტატიაში გამოყოფილი იყოს სათაური, შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის (წყაროების) სია, ავტორი და თარიღი.
– სასურველია, სათაური იყოს, ერთი მხრივ, ლაკონიური, მეორე მხრივ, ინფორმაციული და საინტერესო მკითხველისთვის.
– შესავალ ნაწილში ისაუბრეთ სტატიის მიზანზე, რას განიხილავთ სტატიაში და რატომ.
– ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, სასურველია გამოკვეთოთ არგუმენტები, კონტრარგუმენტები, მოიყვანოთ მაგალითები, ჩართოთ ილუსტრაციები (ფოტომასალა, ინფოგრაფიკები, ფაქტოგრაფები, გრაფიკული ორგანიზატორები). თუ გეგმავთ წარმოაჩინოთ საკითხი რამდენიმე ასპექტით, სასურველია წინასწარ განსაზღვროთ თქვენი სათქმელი თითოეულ მათგანთან დაკავშირებით და გამოყოთ ისინი ერთმანეთისგან აბზაცებით.
– დასკვნით ნაწილში თქვენ უნდა შეაჯამოთ საკითხთან დაკავშირებით თქვენი სათქმელი, შეაჯამოთ სტატიაში გაჟღერებული არგუმენტირებული მსჯელობა.
– დასკვნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, ანუ სტატიის ძირითადი ტექსტური ნაწილის ბოლოს მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, თარიღი.
– გამოყენებული ლიტერატურის სიაში, თანმიმდევრობით (ანბანური თანმიმდევრობით ან თემატურად ან გამოცემის/გამოქვეყნების თარიღის მიხედვით) წარმოაჩინეთ ყველა ის წყარო, რომელიც გამოიყენეთ და ციტირების სახით გაქვთ მოცემული სტატიაში. რაც შეეხება ციტირების წესს, რომელიმე წყაროდან ციტირების მასალა პერიფრაზის სახით და ბრჭყალებში უნდა ჩასვათ სტატიის ტექსტურ ნაწილში. ბრჭყალების დახურვის შემდეგ იქვე ან გვერდის ბოლოს, უკვე ფრჩხილებში მოათავსეთ წყაროს სახელი და გამოქვეყნების წელი ან ავტორის გვარი და გამოქვეყნების წელი.
(ნაბიჯი III) წინასწარ განსაზღვრეთ სტატიაში გამოსაყენებელი მასალები, მოახდინეთ მათი კლასიფიცირება, არგუმენტების ჩამოყალიბება.
– გამოიყენეთ გრაფიკული ორგანიზატორები: „საკვანძო საკითხების რუკა“, „დისკუსიის რუკა“, „ფიშბოუნის, იგივე მიზეზ – შედეგობრივი რუკა“, „ცოდნის ტაძარი“.
ყველა მოსწავლის საჭიროებისა და ინტერესის გათვალისწინებით დაგეგმილ ჯგუფურ სამუშაოს, შეუძლია მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგების მოტანა. ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ის მნიშვნელოვან გამოცდილებად თითოეული მოსწავლისთვის, გამოვიყენოთ, ერთი მხრივ, საკითხის, თემის ან პრობლემის გააზრება – გაანალიზებისთვის, მეორე მხრივ, სხვადასხვა კოგნიტიური და მეტაკოგნიტიური უნარის განვითარებისთვის, და მესამე მხრივ, პოზიტიური საკლასო კულტურისა და სასწავლო გარემოს შექმნისთვის.


