ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026
30 ივლისი, ხუთშაბათი, 2026

როდის ხდება სწავლის სირთულეები მოსწავლისთვის სტრესის წყარო?

სწავლა ბავშვის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის საშუალებითაც იგი იძენს ახალ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას. ყოველდღიურად მოსწავლეებს უწევთ ახალი ინფორმაციის მიღება, დავალებების შესრულება, სხვადასხვა სასწავლო მოთხოვნასთან გამკლავება და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. უმეტეს შემთხვევაში ეს გამოცდილება ხელს უწყობს ცოდნის გაფართოებას, ახალი უნარების განვითარებასა და პიროვნულ ზრდას.

თუმცა სასწავლო პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის. თითქმის ყველა მოსწავლეს გარკვეულ ეტაპზე ხვდება ისეთი სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ახალი მასალის გაგებასთან, დავალებების შესრულებასთან, ყურადღების კონცენტრირებასთან ან სასწავლო მოთხოვნებთან ადაპტაციასთან. ზოგჯერ მსგავსი სირთულეები დროებითია და ბავშვისთვის მხოლოდ დროებით დაბრკოლებას წარმოადგენს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ისინი შფოთვის, დაძაბულობისა და სტრესის წყაროდ იქცევა.

ალბათ ბევრ მასწავლებელსა და მშობელს შეუნიშნავს სიტუაცია, როდესაც მოსწავლე ცდილობს დავალების შესრულებას, მაგრამ პირველი წარუმატებლობის შემდეგ ინტერესს კარგავს, თავს არიდებს მუშაობას ან ამბობს: „არ გამომივა“, „მე ამას ვერ ვისწავლი“, „სხვები ჩემზე უკეთესები არიან“. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გავიგოთ, როდის და რა პირობებში ხდება სწავლის სირთულე მოსწავლისთვის სტრესის წყარო. ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვაც: რატომ აღიქვამს ერთი მოსწავლე სწავლის სირთულეს, როგორც განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მეორე – როგორც მარცხისა და იმედგაცრუების მიზეზს?

სწავლის სირთულეები ყველა მოსწავლეზე ერთნაირად არ მოქმედებს. ზოგი მათგანი პრობლემის გადაჭრას ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ეკიდება, ზოგი კი მსგავსი სიტუაციის წინაშე შფოთვას, დაურწმუნებლობას და ემოციურ დაძაბულობას განიცდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ სტრესის მიზეზი ყოველთვის თავად სასწავლო სირთულე არ არის. ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, თუ როგორ აღიქვამს მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებს, რა გამოცდილება აქვს მსგავსი გამოწვევების დაძლევაში და რა მხარდაჭერას იღებს გარემოსგან (უზნაძე, 2003).

ამ განსხვავებული რეაქციების მიზეზების უკეთ გასაგებად, პირველ რიგში, უნდა ვუპასუხოთ კითხვას – რა პირობებში იქცევა სასწავლო სირთულე განვითარების შესაძლებლობად და როდის ხდება სტრესის წყარო?

 

სწავლის სირთულეები – განვითარების შესაძლებლობა თუ სტრესის წყარო?

სასწავლო პროცესში სირთულეები ბუნებრივი მოვლენაა. ახალი ცოდნისა და უნარების დაუფლება გარკვეულ ძალისხმევას, მოთმინებასა და დროის ხარჯვას მოითხოვს. სწორედ ამიტომ სწავლის სირთულე ყოველთვის პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, გარკვეულ შემთხვევებში იგი ბავშვს ეხმარება ახალი უნარების განვითარებაში, დამოუკიდებლად აზროვნებასა და პრობლემების გადაჭრის გამოცდილების დაგროვებაში.

თუმცა სიტუაცია იცვლება მაშინ, როდესაც სასწავლო მოთხოვნები მოსწავლის შესაძლებლობებს, გამოცდილებას ან ემოციურ მზაობას აღარ შეესაბამება. ლაზარუსის (Lazarus, 1984) შეფასებით, ასეთ დროს ბავშვი ნაკლებად კონცენტრირდება თავად სწავლის პროცესზე და უფრო მეტად საკუთარ წარუმატებლობაზე იწყებს ფიქრს, ჩნდება შფოთვა, შეცდომის დაშვების შიში და საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა.

ალბათ ბევრ მასწავლებელსა და მშობელს შეუმჩნევია სიტუაცია, როდესაც მოსწავლე ცდილობს დავალების შესრულებას, მაგრამ პირველივე სირთულის შემდეგ წყვეტს მუშაობას ან დახმარების გარეშე გაგრძელებას ვერ ახერხებს. ასეთ შემთხვევაში პრობლემა ხშირად არა სურვილის ან ძალისხმევის ნაკლებობა, არამედ დაგროვილი ემოციური დაძაბულობაა (იმედაძე, 2004).

 

როგორ ამოვიცნოთ, რომ სწავლის სირთულე მოსწავლისთვის სტრესის წყაროდ იქცა?

ხშირად ჩნდება კითხვა: რატომ აღიქვამენ ერთი და იმავე კლასის, დაახლოებით ერთნაირი ასაკისა და მომზადების დონის მოსწავლეები ერთსა და იმავე სასწავლო სირთულეს განსხვავებულად?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინდივიდუალური განსხვავებებია. ყველა მოსწავლე საკუთარი ტემპით სწავლობს, განსხვავებული გამოცდილება აქვს და სასწავლო გამოწვევებსაც თავისებურად უმკლავდება. ზოგი ახალი დავალების შესრულებას ინტერესითა და თავდაჯერებულობით იწყებს, ზოგისთვის კი იგივე სიტუაცია დაურწმუნებლობისა და შფოთვის მიზეზი ხდება.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვითშეფასებაც. მოსწავლე, რომელსაც საკუთარი სასწავლო შესაძლებლობების მიმართ ნდობა აქვს, სირთულეს ხშირად ახალი ცოდნის მიღებისა და განვითარების შესაძლებლობად აღიქვამს. ხოლო ის, ვინც საკუთარ ძალებში ნაკლებად დარწმუნებულია, იმავე დავალებას შესაძლოა მარცხის მოლოდინით შეხვდეს. ასეთ დროს ყურადღება სწავლის პროცესიდან შედეგზე, შეცდომის თავიდან აცილებასა და სხვების შეფასებაზე გადადის.

მოსწავლის სწავლისადმი დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წინა გამოცდილებაც. თუ მას ერთხელ მაინც განუცდია, რომ დავალებას ვერ გაუმკლავდა, ვერ გაიგო ახალი მასალა ან უარყოფითი შეფასება მიიღო, მომავალშიც მსგავსი სიტუაციები შესაძლოა შფოთვასა და დაურწმუნებლობას უკავშირდებოდეს. პირიქით, წარმატებული გამოცდილება აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ახალი სასწავლო გამოწვევების მიღებას აადვილებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია უფროსების დამოკიდებულებაც. როდესაც შეცდომა სწავლის ბუნებრივ ნაწილად აღიქმება, მოსწავლე ნაკლებად ერიდება ახალი ამოცანების შესრულებას. თუმცა თუ შეცდომას მუდმივად კრიტიკა, სხვებთან შედარება ან უარყოფითი შეფასება მოჰყვება, იზრდება იმის ალბათობა, რომ სასწავლო სირთულე ბავშვისთვის სტრესის წყაროდ იქცევა (Woolfolk A., Usher E. L., 2023).

მნიშვნელოვანია ემოციური რეგულაციის უნარიც. როგორც ნ. იმედაძე (იმედაძე, 2004) აღნიშნავს, ძლიერი შფოთვის, იმედგაცრუების ან მარცხის განცდის დროს ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს ემოციების მართვა, რაც სასწავლო საქმიანობაზეც აისახება. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ბავშვს არა მხოლოდ დავალების შესრულება, არამედ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებაც გაუჭირდეს.

ერთი და იგივე სასწავლო სირთულე ყველა მოსწავლისთვის ერთნაირ გამოცდილებას არ წარმოადგენს (Lazarus, 1984). გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თავად სირთულეს, არამედ იმასაც, როგორ აღიქვამს მას მოსწავლე, რა გამოცდილება აქვს მსგავს სიტუაციებში და რამდენად გრძნობს უფროსების მხარდაჭერას. სწორედ ეს განსაზღვრავს, სწავლის სირთულე განვითარების შესაძლებლობად იქცევა თუ სტრესის წყაროდ.

 

როდის იქცევა სწავლის სირთულე მოსწავლისთვის სტრესის წყაროდ?

სწავლის სირთულე ყოველთვის არ იწვევს სტრესს. ხშირ შემთხვევაში იგი ბავშვს ეხმარება ახალი ცოდნის შეძენაში, აზროვნების განვითარებასა და პრობლემების გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებაში. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც სასწავლო გამოწვევა ბავშვისთვის იმდენად რთული ან ემოციურად დამღლელი ხდება, რომ იგი უკვე სტრესის წყაროდ იქცევა.

სტრესის განვითარების ალბათობა განსაკუთრებით იზრდება მაშინ, როდესაც მოსწავლე საკუთარ შესაძლებლობებს არასაკმარისად აფასებს და ფიქრობს, რომ დავალებას ვერ გაუმკლავდება. ასეთ დროს მისი ყურადღება სწავლიდან თანდათან საკუთარ შიშზე, შეცდომის თავიდან აცილებასა და შესაძლო წარუმატებლობაზე გადადის. შედეგად, ბავშვი ხშირად იმაზე ნაკლებს ავლენს, ვიდრე რეალურად შეუძლია.

სწავლის სირთულე სტრესის წყაროდ შეიძლება იქცეს მაშინაც, როდესაც სასწავლო მოთხოვნები ბავშვის ასაკობრივ ან ინდივიდუალურ შესაძლებლობებს აღარ შეესაბამება. ზედმეტად რთული დავალებები, ინფორმაციის დიდი მოცულობა, ხშირი შეფასება ან მუდმივი აკადემიური დატვირთვა ზოგიერთ მოსწავლეში გადაღლას, შფოთვასა და მოტივაციის დაქვეითებას იწვევს (Woolfolk A., Usher E. L., 2023).

არანაკლებ მნიშვნელოვანია შეცდომისადმი დამოკიდებულებაც. დ. უზნაძის (უზნაძე, 2003) მოსაზრებით, თუ მოსწავლე შეცდომას სწავლის ბუნებრივ ნაწილად აღიქვამს, იგი უფრო მშვიდად აგრძელებს მუშაობას და ცდილობს გამოსავლის პოვნას. თუმცა თუ შეცდომა მისთვის მარცხთან, კრიტიკასთან ან დასჯასთან ასოცირდება, მომავალში ახალი დავალებების შესრულების მიმართაც შეიძლება გაუჩნდეს შიში და დაურწმუნებლობა.

სტრესის გაძლიერებას ხშირად ხელს უწყობს გარემოც. თანატოლებთან მუდმივი შედარება, მაღალი მოლოდინები, მხოლოდ საბოლოო შედეგზე ორიენტირება ან მხარდაჭერის ნაკლებობა მოსწავლეს დამატებით ზეწოლას უქმნის. ასეთ პირობებში სწავლა თანდათან კარგავს შემეცნებით მნიშვნელობას და ბავშვისთვის მხოლოდ შეფასებასთან დაკავშირებულ გამოცდილებად იქცევა (მაკარაძე, 2009).

ამიტომ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესის მიზეზი ყოველთვის თავად სწავლის სირთულე არ არის. ხშირად გადამწყვეტია, როგორ არის ორგანიზებული სასწავლო პროცესი, რა მხარდაჭერას იღებს მოსწავლე და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს შეცდომის დაშვებისას. სწორედ ასეთ გარემოში აქვს ბავშვს შესაძლებლობა, სირთულე განვითარების შესაძლებლობად აღიქვას და არა სტრესის წყაროდ.

 

როგორ ამოვიცნოთ, სწავლის სირთულე მოსწავლისთვის სტრესის წყაროდ რომ იქცა?

სწავლის სირთულე ყოველთვის აშკარა ფორმით არ ვლინდება. ზოგჯერ მოსწავლე საკუთარ განცდებზე ღიად არ საუბრობს, თუმცა მისი ქცევა, ემოციური მდგომარეობა ან სასწავლო საქმიანობა გარკვეულ ცვლილებებს ავლენს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მასწავლებლებმა და მშობლებმა ყურადღება მიაქციონ იმ ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა სტრესზე მიუთითებდეს (იმედაძე, 2004).

სტრესის ერთ-ერთი პირველი ნიშანი სწავლისადმი დამოკიდებულების ცვლილებაა. სანტროკის (Santrock, 2018) მიხედვით მოსწავლე, რომელიც ადრე ინტერესით ერთვებოდა სასწავლო პროცესში, შეიძლება ნაკლებად აქტიური გახდეს, გადაავადოს დავალებების შესრულება, დაკარგოს მოტივაცია ან უარი თქვას ისეთ აქტივობებზე, რომლებიც ადრე სიამოვნებას ანიჭებდა.

ხშირად იცვლება მოსწავლის ემოციური მდგომარეობაც. სასწავლო სირთულეების ფონზე შეიძლება იგი ადვილად გაღიზიანდეს, გახდეს შფოთიანი, ხშირად ინერვიულოს, იტიროს ან საკუთარ შესაძლებლობებზე უარყოფითად ისაუბროს. ფრაზები, როგორიცაა: „არ გამომივა“, „მე ამას ვერ ვისწავლი“, „ყველა ჩემზე უკეთესია“ ან „მაინც შეცდომას დავუშვებ“ – ხშირად სწორედ შინაგან დაურწმუნებლობასა და სტრესზე მიანიშნებს (უზნაძე, 2003).

სტრესი შეიძლება სასწავლო საქმიანობაზეც აისახოს. ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს ყურადღების კონცენტრირება, ხშირად უშვებს ისეთ შეცდომებს, რომლებიც ადრე არ ახასიათებდა, უჭირს დაწყებული დავალების დასრულება ან მარტივად ნებდება პირველივე წარუმატებლობის შემდეგ. ლაზარუსის (Lazarus, 1984) შეფასებით, აღნიშნული ყოველთვის ცოდნის ნაკლებობას არ ნიშნავს, ხშირ შემთხვევაში ემოციური დაძაბულობა უშლის მას ხელს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში.

ზოგჯერ სტრესი ფიზიკური ნიშნებითაც ვლინდება. მოსწავლე შეიძლება გახდეს მოუსვენარი, ხშირად იცვლიდეს სხეულის პოზას, გაუჭირდეს ერთ ადგილზე მშვიდად ჯდომა, აღენიშნებოდეს ხელების კანკალი, სახის სიწითლე, ოფლიანობა ან სხვა ფიზიკური ნიშნები, რომლებიც განსაკუთრებით შესამჩნევია წერითი სამუშაოების, დამოუკიდებელი დავალებების ან ნამუშევრების შეფასების დროს (მაკარაძე, 2009). თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თითოეული ეს ნიშანი დამოუკიდებლად ყოველთვის სტრესზე არ მიუთითებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ შემთხვევებს, როდესაც მსგავსი ცვლილებები განმეორებით ვლინდება, ხანგრძლივდება და გავლენას ახდენს ბავშვის სწავლაზე, ემოციურ მდგომარეობასა და ყოველდღიურ ფუნქციონირებაზე (ქურციკიძე, 2024). ასეთ დროს მნიშვნელოვანია მოსწავლესთან მშვიდი საუბარი, მისი განცდების მოსმენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა.

 

ყველა სასწავლო სირთულე სწავლის უნარის დარღვევას არ ნიშნავს

სწავლის პროცესში სირთულეების აღმოჩენისას მშობლებსა და მასწავლებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: „ნუთუ ბავშვს სწავლის უნარის დარღვევა აქვს?“ თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა სასწავლო სირთულე ამგვარ დიაგნოზს არ ნიშნავს. სწავლის პროცესში დროებითი სირთულეები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ზოგჯერ ისინი დაკავშირებულია ახალ გარემოსთან ადაპტაციასთან, სასწავლო მასალის გართულებასთან, მოტივაციის დაქვეითებასთან, სტრესთან, ემოციურ მდგომარეობასთან ან ხანგრძლივ გადაღლასთან. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში, მოსწავლე ხშირად წარმატებით უმკლავდება გამოწვევებს და თანდათან აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს (Santrock, 2018). სწავლის უნარის დარღვევა კი ნეიროგანვითარებითი თავისებურებაა, რომელიც კონკრეტული აკადემიური უნარების (მაგალითად, კითხვის, წერის ან მათემატიკური მოქმედებების) ათვისებაში მდგრად სირთულეებს იწვევს და სპეციალურ შეფასებასა და შესაბამის საგანმანათლებლო მხარდაჭერას საჭიროებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწავლის სირთულის აღმოჩენისთანავე არ გავაკეთოთ ნაჩქარევი დასკვნები. პირველ რიგში, საჭიროა დავაკვირდეთ, რამდენ ხანს გრძელდება სირთულე, რა პირობებში ვლინდება, ყველა საგანში იჩენს თავს თუ მხოლოდ კონკრეტულ სფეროში და როგორ რეაგირებს ბავშვი დამატებით დახმარებაზე (ქურციკიძე, 2024). ასეთი დაკვირვება ხშირად ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე პრობლემისთვის სახელის ნაადრევად დარქმევა.

თუ სასწავლო სირთულეები ხანგრძლივად გრძელდება, მნიშვნელოვნად აფერხებს ბავშვის აკადემიურ წინსვლას და შესაბამისი მხარდაჭერის მიუხედავად, არ მცირდება, მიზანშეწონილია სპეციალისტთან კონსულტაცია. როგორც კვლევები ადასტურებს, დროული შეფასება ხელს უწყობს სირთულის მიზეზის სწორად განსაზღვრას და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული დახმარების დაგეგმვას.

 

როგორ შევუწყოთ ხელი სწავლის სირთულეებთან დაკავშირებული სტრესის შემცირებას?

სწავლის სირთულეების თავიდან აცილება ყოველთვის შეუძლებელი არ არის და არც არის საჭირო. სწავლა ბუნებრივად მოიცავს გამოწვევებს, შეცდომებსა და ახალი უნარების ეტაპობრივად დაუფლებას. თუმცა მასწავლებლისა და მშობლის მხარდაჭერას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ის სტრესი, რომელსაც ბავშვი სწავლის სირთულეების დროს განიცდის (ქურციკიძე, 2024). მნიშვნელოვანია, შეცდომა სწავლის ბუნებრივ ნაწილად აღვიქვათ. როდესაც მოსწავლე გრძნობს, რომ შეცდომის დაშვების გამო არ გააკრიტიკებენ და მისი მცდელობა ფასდება, იგი უფრო თამამად ერთვება სასწავლო პროცესში და თავდაჯერებით ეკიდება ახალ გამოწვევებს (Woolfolk A., Usher E. L., 2023).

სასარგებლოა დიდი და რთული დავალებების მცირე ეტაპებად დაყოფა. როდესაც მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ ხედავს საკუთარ წინსვლას, იზრდება მისი მოტივაცია და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მხოლოდ საბოლოო შედეგზე, არამედ იმ ძალისხმევაზეც, რომელიც ბავშვმა დავალების შესასრულებლად დახარჯა.

რთული დავალებების შესრულებამდე სასარგებლოა მოსწავლესთან ერთად რეალისტური მიზნის განსაზღვრაც. მაგალითად, თუ მთელი დავალება მისთვის რთულია, შესაძლებელია თავდაპირველად მხოლოდ პირველი ნაწილის შესრულებაზე შეთანხმება, რის შემდეგაც ეტაპობრივად გაგრძელდება მუშაობა. მცირე წარმატებები აძლიერებს თავდაჯერებულობას და ამცირებს წარუმატებლობის შიშს.

მოსწავლეს უნდა მივცეთ ფიქრისა და პასუხის ჩამოყალიბებისთვის საკმარისი დრო. ყველა ბავშვი ერთნაირი ტემპით არ სწავლობს და სწრაფი შესრულება ყოველთვის ხარისხიან შედეგს არ ნიშნავს. ზოგიერთ მოსწავლეს მეტი დრო სჭირდება ინფორმაციის გასააზრებლად და საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად.

სასარგებლოა განმავითარებელი უკუკავშირის გამოყენებაც. შეფასება მხოლოდ შეცდომების მითითებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა გამოუვიდა კარგად, რა შეუძლია გააუმჯობესოს და როგორ შეუძლია ამის გაკეთება. მსგავსი უკუკავშირი ბავშვს საკუთარი პროგრესის დანახვაში ეხმარება და სწავლის მიმართ დადებით დამოკიდებულებას აძლიერებს.

ეფექტურია მუშაობის პროცესში მოკლე, მხარდამჭერი კითხვების დასმაც, მაგალითად: „როგორ ფიქრობ, ამ ეტაპზე რა გამოგივიდა ყველაზე კარგად?“ ან „რომელი ნაწილი გეჩვენება ყველაზე რთული?“. ასეთი კითხვები მოსწავლეს საკუთარი სწავლის პროცესის გააზრებასა და სირთულეების დროულად აღმოჩენაში ეხმარება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ მოსწავლის სხვებთან შედარებას. თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობები, ინტერესები და განვითარების ტემპი აქვს. როდესაც შეფასების მთავარი კრიტერიუმი თავად მოსწავლის წინსვლაა და არა მისი თანატოლების შედეგები, მცირდება შფოთვა და იზრდება სწავლისადმი შინაგანი მოტივაცია (უზნაძე, 2003).

ეფექტური სტრატეგიაა მოსწავლისთვის არჩევანის შესაძლებლობის მინიჭებაც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რომელი დავალებით დაიწყოს მუშაობა, რომელი სავარჯიშო შეასრულოს პირველად ან რა ფორმით წარმოადგინოს ნასწავლი. ასეთი მცირე არჩევანიც კი აძლიერებს პასუხისმგებლობის განცდას, ზრდის შინაგან მოტივაციას, მოსწავლეს უფრო აქტიურ მონაწილედ აქცევს სასწავლო პროცესში და საკუთარი სწავლის პროცესზე კონტროლის განცდასაც უყალიბებს.

ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ მხარდაჭერის განცდაა (იმედაძე, 2004). ერთი მშვიდი საუბარი, გამამხნევებელი სიტყვა („ვიცი, რომ შენ ეს შეგიძლია“, „ერთად ხომ არ ვცადოთ?“, „არ ინერვიულო, შეცდომა სწავლის ნაწილია“) ან დროულად შეთავაზებული დახმარება ბავშვს საშუალებას აძლევს სწავლის სირთულე დაუძლეველ პრობლემად კი არა, დროებით გამოწვევად აღიქვას და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა შეინარჩუნოს.

 

დასკვნა

სწავლის სირთულეები სასწავლო პროცესის ბუნებრივი ნაწილია და ისინი ყოველთვის არ იწვევს სტრესს. ხშირ შემთხვევაში სწორედ სირთულეების დაძლევის პროცესში ვითარდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიცაა – დამოუკიდებელი აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, გამძლეობა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ხშირად არა თავად სწავლის სირთულეს, არამედ იმას აქვს, თუ როგორ აღიქვამს მას მოსწავლე, რა გამოცდილება აქვს მსგავსი გამოწვევების დაძლევაში და რამდენად იღებს გარემოსგან მხარდაჭერას. როდესაც სასწავლო მოთხოვნები ბავშვის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს შეესაბამება, ხოლო შეცდომა სწავლის ბუნებრივ ნაწილად აღიქმება, სირთულე განვითარების შესაძლებლობად იქცევა. თუმცა თუ იგი მუდმივ წარუმატებლობასთან, შიშთან ან უარყოფით შეფასებასთან ასოცირდება, იზრდება სტრესის ალბათობა, რაც ხელს უშლის მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, სკოლასა და ოჯახში შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ბავშვი არ შეუშინდება შეცდომის დაშვებას, იგრძნობს მხარდაჭერას და ეტაპობრივად ისწავლის სირთულეებთან გამკლავებას. ასეთ გარემოში სასწავლო გამოწვევები აღარ იქნება მხოლოდ სტრესის წყარო, ისინი ბავშვის პიროვნული და აკადემიური განვითარების მნიშვნელოვან რესურსად გადაიქცევა (ქურციკიძე, 2024).

 

სერიის მომდევნო სტატია დაეთმობა დაბალ თვითშეფასებას, როგორც მოსწავლის სტრესის ერთ-ერთ გავრცელებულ წყაროს. მასში განვიხილავთ, როგორ ყალიბდება ბავშვის წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, რა გავლენას ახდენს დაბალი თვითშეფასება მის ემოციურ მდგომარეობასა და სასწავლო საქმიანობაზე და როგორ შეუძლია მასწავლებელსა და მშობელს, დაეხმაროს ბავშვს დაეხმაროს ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების რწმენის გაძლიერებაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

იმედაძე, ნ. (2004). რა არის და როგორ მიიღწევა ემოციური რეგულაცია: ლექციები პედაგოგთათვის. თბილისი.

მაკარაძე, ნ. (2009). სტრესი და სწავლა უმცროს სასკოლო ასაკში. ბათუმი: შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უზნაძე, დ. (2003). ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი.

ქურციკიძე, ლ. (2024). სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება სკოლაში. მხარდამჭერი მიდგომები. თბილისი: Bread for the World (BfdW).

Lazarus, R. S. (1984). Stress, appraisal, and coping. New York: Springer.

Santrock, J. W. (2018). Educational psychology. New York: McGraw-Hill Education.

Woolfolk A., Usher E. L. (2023). Educational Psychology: Active Learning Edition (15th Edition). Pearson.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“