შესავალი
ბავშვის კოგნიტიური (გონებრივი) უნარების განვითარებაში მათემატიკის როლი უმნიშვნელოვანესია. სასკოლო საგნებს შორის მათემატიკა გამოირჩევა იმით, რომ მოითხოვს თანმიმდევრულობასა და სისტემურ აზროვნებას. მისი სწავლების საკითხები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა და დღემდე აქტუალურია. მათემატიკური უნარების აუცილებლობა უდავოა, მაგრამ მოსწავლეებში ამ საგნისადმი ინტერესის გაღვივება ადვილი არ არის. ბავშვებს, რომლებსაც მდიდარი ფანტაზია და შემოქმედებითი ხედვა აქვთ, ზოგჯერ უჭირთ მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილებიდან – სადაც თვითგამოხატვა დომინირებს – გადართვა ზუსტ მეცნიერებებზე, რომლებიც დისციპლინას, მოთმინებასა და ნებისყოფას მოითხოვს.
სტატია ყურადღებას ამახვილებს დაწყებით საფეხურზე, რადგან სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი კოგნიტიური უნარების ჩამოყალიბებას. მათემატიკის სწავლების მიზანი დაწყებით საფეხურზე მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის – ის მოიცავს აზროვნებისა და მსჯელობის უნარების განვითარებას, ცხოვრებისეულ სიტუაციებში მათემატიკური მოდელების ამოცნობის სწავლებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარების ჩამოყალიბება- გავარჯიშებას.
წინამდებარე ნაშრომი ეფუძნება, უპირველესად, პედაგოგიურ პრაქტიკასა და საკლასო აქტივობებს, რომლებიც სპეციალურად არის დაგეგმილი კოგნიტიური უნარების გასანვითარებლად. ის აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რომლებიც გამოცდილია მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.
მათემატიკური ცნებების ათვისება გავლენას ახდენს ფსიქიკური პროცესების ფორმირებაზე. მათემატიკის სფეროში ცოდნა თანდათან უნდა გართულდეს ბავშვის ასაკისა და კოგნიტიური განვითარების დონის გათვალისწინებით.
მათემატიკის გავლენა კოგნიტიურ განვითარებაზე
მათემატიკის სწავლისა და სწავლების პროცესში შემეცნების ყველა სფეროა ჩართული, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის ჰოლისტური ხედვა და მრავალფეროვანი აქტივობებით ყველა უნარის ინტეგრირებული განვითარება. აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უნარის, წარმოსახვის, სინთეზი გულისხმობს მათ ერთობლივ გამოყენებას, რათა გაუმჯობესდეს ბავშვების კოგნიტიური ფუნქციები და სწავლა სახალისო, საინტერესო და ეფექტური გახდეს.
ვრცლად
მათემატიკის როლი კოგნიტიური უნარების განვითარებაში დაწყებით საფეხურზე


