კითხვა არც მხოლოდ სიამოვნებაა და არც მხოლოდ გართობა. ზოგჯერ ერთი წინადადება რამდენჯერმე უნდა წაიკითხო, რომ კარგად გაიაზრო. ზიხარ, თავი წიგნში გაქვს ჩარგული და ძალიან ნელა მიიწევ წინ. ამ მძიმე შრომისა და დაკვირვებული კითხვის შემდეგ უცებ ხვდები, რომ ყველაფერი გაიგე და შენი თვალსაწიერი გაფართოვდა. ეს იმას ჰგავს, მთაზე ხანგრძლივი ასვლის ბოლოს თვალწინ ულამაზესი ხედი რომ გადაგეშლება.
იაპონური ანიმე გინახავთ და მოგწონებიათ?
სიმშვიდე და სიბრძნე თქვენს ცნობიერებაში ერთმანეთს კვეთს?
ვიმ ვენდერსის ფილმი („The perfect days“) გაწელილი არ გეჩვენებათ და მისით ტკბობა ისევე შეგიძლიათ, როგორც მის პერსონაჟს – ცხოვრებით?
ცას ხშირად უყურებთ?
ტელეფონი გადამფრენი ჩიტებისა და თვითმფრინავების კადრებით გაქვთ სავსე?
ანძები და აჩონჩხლილი ელექტროკაბელები აღარ გაღიზიანებთ, რადგან ანიმეში ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი და ბუნებრივი ჩანს და თქვენს პირად ანიმეშიც შემოუშვით ჩვეულებრიობის, ყოველდღიურობის, წვრილმანების ესთეტიკა?
გზას იგრძელებთ მხოლოდ იმისთვის, რომ განსხვავებული ხედებით დატკბეთ?
გუგულის ბუდეზე გადაფრენა თქვენი ცხოვრების დევიზია, მაგრამ ამას შეუმჩნევლად, აუღელვებლად აკეთებთ?
წვრილმანები სიამოვნებას განიჭებთ?
სამყაროს მადლიერების თვალით უცქერით?
სრულიად უცხო ადამიანებს ცნობთ?
მეტროში მჯდომი თავს მოჩვენებების მიერ გატაცებულად წარმოიდგენთ ხოლმე?
წყალზე მოსიარულე მატარებლით მგზავრობა თქვენი ოცნებაა?
ტოტოროს ფუმფულა მუცელზე ძილი გინატრიათ?
ყავაზე მეტად ყავის სმის რიტუალი მოგწონთ?
გარიჟრაჟზე სამყაროს ხმებს ყურს უგდებთ ხოლმე?
გაზაფხული ხართ და შემოდგომაში ცხოვრობთ?
გგონიათ, რომ „ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია“?
თავი სამყაროს სევდის მტვირთველი გგონიათ ხოლმე?
ჩაიზე მეტად მისი არომატი და ორთქლის ტრაექტორია მოგწონთ?
ღუნღულა, მოკალათება, ჩათბუნება, სიმყუდროვე – ეს სიტყვები განწყობაა თქვენთვის?
სიცარიელე სილამაზედ გეჩვენებათ?
ფიქრობთ, რომ სიმარტივე ყველაზე ძნელად მოსაპოვებელი რამაა?
ძენის ფილოსოფია თქვენი შინაგანი სიმების გაგრძელებაა?
არაფერი ადამიანური თქვენთვის უცხო არ არის?
მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაც „ლიტერატურული ჩახუტება“ აღმოჩნდება.
თუ ეს განწყობები გეცნობათ, მაშინ სოსუკე ნაცუკავას რომანი სწორედ თქვენზე და თქვენთვისაა – ადამიანებისთვის, რომლებიც სამყაროსთან სიჩუმით, კონტრასტებით, ყოველდღიურობითა და მცირე დეტალებით ურთიერთობენ. „კატა, რომელმაც წიგნები გადაარჩინა“ ამგვარი ხედვის მქონე წიგნია. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ გვიცავს ლიტერატურა მაშინაც კი, როცა ჩვენივე ხმები აჩქარებული სამყაროს ხმაურში იკარგება.
იაპონელი ექიმისა და მწერლის სოსუკე ნაცუკავას მცირე ზომის ალეგორიული ტექსტი მოგვითხრობს რინტარო ნაცუკიზე – ბაბუის წიგნის მაღაზიაში ჩაკეტილ ბიჭზე, სრულიად სხვა სამყაროს რომ ეკუთვნოდა და მოულოდნელად მარტო დარჩა. რინტარო ნაცუკი ის ბიჭი იყო, ვისი არყოფნაც კლასში ატმოსფეროს არ ცვლიდა, ვინც თავს უმნიშვნელოდ მიიჩნევდა და ამ ქვეყნიდან გაქრობის სურვილს წიგნების კითხვით ებრძოდა. ერთხელ კი მის გარშემო ჩამოწოლილ სიჩუმესა და სიბნელეში მწვანეთვალება კატა გაჩნდა, რომელმაც რინტაროს ლაბირინთებში შესასვლელი ანუ საფრთხის კარები გაუღო. რინტარომ არ იცოდა, რომ სწორედ ამ საფრთხის დაძლევით მიაგნებდა თავის ცხოვრებაში სინათლის კვალს.
ლაბირინთები მეტაფორაა თანამედროვე სამყაროს სამი პათოლოგიის, გნებავთ, კულტურული კრიზისის:
- მასობრივი, მიზანმიმართული „სწრაფი კითხვის“;
- წიგნების კომერციალიზაციისა და ბესტსელერიზმის;
- ცოდნის რაოდენობაზე ორიენტირებული, მაგრამ არსობრივად გაღარიბებული განათლებისა და ინტელექტუალური ნარცისიზმის.
რომანის ბირთვს ქმნის თემები:
- მარტოობა და საკუთარი თავისგან მოწყვეტა;
- წიგნი როგორც საკუთარ თავთან შეხვედრისა და ადამიანებთან, ცხოვრებასთან დიალოგის საშუალება;
- ნელა წაკითხვისა და ჩაღრმავების ძალა;
- დაკარგული სიმშვიდის ძიების გზა;
- კითხვა როგორც ადამიანის თვითგაცნობიერების საშუალება.
დღეს, როცა ყოველდღიურად ათასგვარ ინფორმაციასთან გვიწევს გამკლავება და ყურადღების მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხზე შეჩერება არც ისე ადვილია, ასეთი წიგნის ქართულად გამოჩენა განსაკუთრებით ფასეულია. ნაცუკავას ტექსტი გვახსენებს კითხვის რეალურ მნიშვნელობას – იმას, რომ წიგნთან ყოფნა შეიძლება ჰაერად გექცეს საყოველთაო უჰაერობაში, საკუთარი თავის მოსმენისა და შენი რიტმის აღმოჩენის საშუალება გახდეს.
ეს რომანი მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით ღირებულია. მასში გამოყენებული ალეგორიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა:
- თვითიზოლაცია და უიმედობა – რინტაროს განცდებში ბევრი მოზარდი საკუთარ თავს ამოიცნობს;
- კითხვის ნამდვილი დანიშნულება – სამი ლაბირინთი შესანიშნავი მასალაა დისკუსიისთვის: რას ნიშნავს „კარგად წაკითხვა“? რა განსხვავებაა ინფორმაციის მოხმარებასა და ტექსტთან ურთიერთობას შორის?
- ემპათია და თანაგრძნობა – რინტაროს ურთიერთობა საიოსა და კატასთან მოსწავლეებს აჩვენებს, რომ მხარდაჭერა ყოველთვის ხმამაღალი არ არის;
- დაკვირვების კულტურა – წიგნი ხაზს უსვამს მცირე დეტალების, გარემოს, შეუმჩნეველი სილამაზის დანახვის უნარს;
- ბიბლიოთერაპიული ეფექტი – რომანი ეხმარება მკითხველს ემოციური დაძაბულობის მოხსნაში, დანაკარგის გააზრებასა და შიშის დამუშავებაში.
ამიტომ სასწავლო გარემოში ტექსტი შეიძლება იქცეს მსუბუქი, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი საუბრების ბიძგად, ბიძგი კი, მოგეხსენებათ, დიდი და დიდებული რყევების დასაწყისია.
ეს წიგნი მათთვისაა, ვინც სიჩუმეს ენდობა; ვინც ფიქრობს, რომ სიმარტივეში დიდი ძალაა; ვინც შინაგანად ძენ-ფილოსოფიის მიმდევარია; ვისთვისაც თანაგრძნობა სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობის გასაღებია.
დეკემბერს გილოცავთ.
წიგნის ბოლო ფურცლებზე თოვს. იქნებ ჩვენთანაც გათოვდეს, იქნებ სამართალი ხილულ ნაფეხურად დაგვაჩნდეს.



