ორშაბათი, თებერვალი 16, 2026
16 თებერვალი, ორშაბათი, 2026

ნოველა ლუარსაბზე

შესაძლებელია თუ არა ლუარსაბ თათაქარიძის მეტამორფოზა?

მათი საყვარელი და ხშირად არც ისე საყვარელი პერსონაჟებიც კი გამუდმებით გარბიან ნაცნობი წიგნებიდან ახალ თავგადასავლებში, საკუთარი თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქიდან ახალ ქერქში. მოკლედ, იქ, სადაც სიკვდილი ისვენებს, სიბრმავე იკურნება, ჩატეხილი ხიდები მთელდება. მოზარდები ყველაზე გამოუსწორებელი ინტერტექსტუალისტები არიან.

რა თქმა უნდა, გეცნობათ მათი ყველაზე საჭირბოროტო საკითხავი: „ნუთუ არ შეიძლება, ისე მოხდეს პროგრესი, რომ ვინმე არ შეეწიროს, მხსნელი მსხვერპლი არ იყოს?“

ან: „აი, რატომ არ შეიძლებოდა, მიეცა მწერალს პერსონაჟისთვის გამოსწორების შანსი? ეს ხომ უსამართლობაა!“

დამეთანხმებით ალბათ, რომ სწორედ ამ ინტერტექსტუალისტების „გამოსწორება“ არ გვინდა.

ახლა მეორე საკითხავიდან დავიწყებ. საქმე ლუარსაბ თათქარიძეს ეხება. „მას, იცით, ამ კაცს, მე მგონი, დეპრესია აქვს, დახმარება სჭირდება…“ – მითხრა ერთხელ მეორე თავის შემდეგ „დაუსპოილერებელმა“ მოსწავლემ.

შესაძლებელია თუ არა ლუარსაბის დახმარება, მისი მეტამორფოზა? ეს კომპლექსური დავალება მოსწავლეებმა მიკარნახეს აკა მორჩილაძის მოთხრობასთან „მოგზაურობა კახეთში 1855 წ. “ ერთად. დავალების შესრულების უმთავრეს ფაქტორად მიმაჩნია „კაცია-ადამიანის?!“ ბოლო თავის დეტალური გააზრება.

რა თქმა უნდა, ვარჩიე, ჯერჯერობით არ მეხსენებინა აკა მორჩილაძის მოთხრობა.

 

კომპლექსური დავალება

ნოველის შეთხზვა

XI კლასი

საკვანძო კითხვა: რა სიტუაცია შევუქმნა ლუარსაბ თათაქრიძის პერსონაჟს იმისთვის, რომ მან დაიწყოს მოქმედება (მაგალითად, ფიქრი)?

დავალების პირობა: წარმოიდგინე ლუარსაბ თათქარიძე 21-ე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში. დაწერე პატარა ნოველა 2 სურათად/ეპიზოდად.

  • თავდაპირველად შეარჩიე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც აქტუალურია დღეს. ამ პრობლემაზე ხშირად მსჯელობენ შენს ნაცნობ საზოგადოებაში, სოციალურ ქსელებში, მედიაში, საუბრობენ ოჯახშიც.
  • წარმოიდგინე, რაგვარი დამოკიდებულემა შეიძლება ჰქონდეთ ლუარსაბსა და დარეჯანს ამ პრობლემის მიმართ, თუ დავუტოვებთ მათ ხასიათის ყველა იმ ძირითად თვისებას, რომლებიც ილიას მოთხრობაში აქვთ. შეგახსენებ, ესენია: სიზარმაცე, გაუნათლებლობა, ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, ბაქიაობა, მატყუარობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა და უნაყოფობა.

ამ თვისებებზე დაყრდნობით შექმენი ნოველის 1-ელი სურათი:

ვთქვათ, ლუარსაბმა ან დარეჯანმა სოციალურ ქსელში წაიკითხეს ან მოისმინეს ინფორმაცია, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. წარმოიდგინე, როგორ ისაუბრებენ ამის შესახებ. შეგიძლია შემოიყვანო სხვა პერსონაჟიც „კაცია-ადამიანიდან“, სხვა ლიტერატურული ნაწარმოებიდან, ფილმიდან ან თავად მოიფიქრო. შეადგინე ამ პერსონაჟების დიალოგი ან პოლილოგი, რომელიც შესაძლოა სოციალურ ქსელშიც კი მიმდინარეობდეს.

დიალოგში/პოლილოგში წარმოაჩინე ლუარსაბისა და დარეჯანის თვისებები და ცრუღირებულებები ისე, რომ მკითხველმა ისინი ჩვენი საზოგადოების ზოგად ტიპებად აღიქვას.

დიალოგის შემდეგ დაწერე შენი როგორც ავტორის მიმართვა-გასაუბრება პერსონაჟთან ან მკითხველთან ისე, როგორც ამას ილია გააკეთებდა. მაგალითად:

„მართალი ბრძანდებოდა მისი ბრწყინვალება: მისი აზრით, კაცი ძირგავარდნილი ქვევრი იყო, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ მაინც ვერ აავსო. მისი ბრწყინვალება თავის თავზედ ხედავდა თავის ბრწყინვალე გონიერებით, რომ ამ დანიშნულებას კაცი უსწავლელადაც კარგად ასრულებს“.

ან:

„ეჰ, ჩემო ლუარსაბ! ვიცი, რომ გულწრფელი ხარ, როგორც ყველა ძველი ქართველი, მაგრამ ძველს დროს ტყუილად შენატრი. რომ არც იცი, რა იყო სანატრელი ძველს დროში. ცხენი და კაცი განა ახლა არ არის?..“

ან:

„მოგეწყინა, მკითხველო?..“

გამოიყენე თანამედროვე სალიტერატურო ენა.

 

ნოველის მე-2 სურათი:

შენ იცი, რომ ილია ხატავს ტიპურ გმირს ტიპურ გარემოში. წარმოიდგინე, რომ შენ მიერ წარმოდგენილი დიალოგის შემდეგ გავიდა გარკვეული ხანი. ჩააყენე ლუარსაბი ისეთ სიტუაციაში, რომ მისცე შანსი, დაიწყოს კონკრეტული მოქმედება, გადადგას კონკრეტული ნაბიჯი (აქტივობა, ფიქრი თუ სხვა, სულერთია). ესე იგი, უჩვეულო გარემოში უნდა აღმოჩნდეს.

ამისთვის: შემოიყვანე პერსონაჟი ან პერსონაჟები სხვა ნაწარმოებიდან ან თავად გამოიგონე.

შეგახსენებ, ილიას მოთხრობაში ლუარსაბის სიცოცხლე დასრულდა მაშინ, როცა მან დარდიანობისას ფიქრის შანსი ჭამასა და ძილში ჩაკლა. ახალ შანსს გამოიყენებს თუ არა, თავად გადაწყვიტე.

ეპიზოდის შესაქმნელად გამოიყენე ერთ-ერთი ან ორი შემდეგი სტრატეგიებიდან: ამბის თხრობა, დიალოგი, მონოლოგი.

შეგახსენებ, რომ აქაც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი სურათი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვტოვებთ ლუარსაბს პირველ ნაბიჯებთან. დანარჩენი მკითხველს მივანდოთ.

 

ნოველის ტექსტის ორგანიზებისთვის დაგჭირდებათ შემდეგ საკითხებზე ყურადღების გაახვილება:

 

  • ჟანრი: ნოველის მახასიათებლები
  • კომპოზიცია: თემა, იდეა, სიუჟეტი, ხედვის კუთხე, სათაური, აბზაცი, დიალოგი,მონილოგი, პოლილოგი, ავტორისეული ჩანართები
  • ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: წინადადებათა აზრობრივი გადაბმის ტიპები, ტროპები, ინტერტექსტუალური მიმართებები
  • კონტექსტი: ნაწარმოებში წამოჭრილი მთავარი იდეის, ავტორის, პერსონაჟის პოზიციის შეფასება თანამედროვე ეპოქის კონტექსტში, ეპოქის (ამ შემთხვევაში – 21-ე საუკუნის) ფასეულობები, ღირებულებები
  • გრამატიკა: მორფოლოგიისა და სინტაქსის ნასწავლი ნორმების ცოდნის გამოყენება ფუნქციურ კონტექსტში

 

ნოველის წარდგენის შემდეგ ისაუბრე:

ვინ არის შენთვის ლუარსაბ თათქარიძის საუკეთესო ანტითეზისი ქართული ან მსოფლიო ლიტერატურიდან?

ხედვის კუთხის შეცვლის შემდეგ შეიცვალა თუ არა შენი დამოკიდებულება მთავარი პერსონაჟის მიმართ? მწერლის მიერ დასმული პრობლემის მიმართ?

ნოველის დაწერის შემდეგ რა პოზიცაში აღიქვამ თავს, როცა კითხულობ სათაურს „კაცია-ადამიანი?!“ – დამკვირვებლის, შემფასებლის თუ…

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა დეპრესიის ნაცვლად დაიწყოს ფიქრი?

ნოველის დაწერამდე:

– მას, მე თინათინს გავაცნობდი…

– მე – ავთანდილს..

– ჟოზეფ კ-ს, მან ხომ გაიარა ეს პროცესი…

– თვითონ ილია რომ გავაცნო?.. მაგრამ, მგონი, იცნობდა თითქოს…

 

აკა მორჩილაძის მოთხრობა მერე წავიკითხეთ. ძალიან მოეწონათ, არ გაჰკვირვებიათ.

აი, რა თავგადასავლების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ლუარსაბი მათ ხელში:

დარეჯანი პანდემიას გადაჰყვეს, ხოლო ლუარსაბს გემოსა და ყნოსვის რეცეპტორები გაუქრეს და დეპრესიისგან თავის დასაღწევად ომში წავიდეს;

დარეჯანი ავად გახდეს, მაგრამ გადარჩეს და ზრუნვა ისწავლოს;

ლუარსაბი გაკოტრდეს და სარჩოს საძიებლად წავიდეს;

ან,  მიუხედავად ბევრი ამგვარი ექსპერიმენტისა, სულაც არ შეიცვალოს.

 

ნაკვესები მოსწავლეების ინტერტექსტებიდან:

„ – გამარჯობა, უსასრულობისკენ გზას ხომ ვერ მიმასწავლით? ეს საუკუნის აპლიკაცია არ მიჩვენებს.

– ეს ვინღა ოხერია, – გამოჩნდა ლუარსაბი.

– უბრალოდ, მაინტერესებდა, თქვენ… – ცხვირწინ მიუხურა ლუარსაბმა მერანს კარი“.

 

„-კაი, ძმაო, რატომ ტირი? შემოდი.

ტარიელი დიდხანს უყვებოდა ლუარსაბს თავის სიყვარულზე. ასე ჩაეყარა საფუძველი დიდ მეგობრობას“.

„ლუარსაბმა წიგნი წაიკითხა… სიყვარულზე“,- მეც ამით დავასრულებ – ლუარსაბმა დარეჯანის ხათრით წაიკითხა წიგნი. მას ხომ მეუღლე წიგნიერ ქალად მიაჩნდა. „კითხულობდა ლუარსაბი და გაკვირვებული იყო. იქ ეწერა, რომ თუ გიყვარს, უცნაური რამეები გემართება, მუცელში პეპლების ფრთხიალიდან დაწყებული და ასე შემდეგ… შეხედა მერე თავის დარეჯანს და გული დასწყდა, რომ მსგავსს ვერაფერს გრძნობდა. რამდენიმე დღეში ადგა ჩვენი ლუარსაბი, კომპანიის საქმეები მოიმიზეზა და წავიდა სიყვარულის საძებნელად“.

ახალი ლუარსაბის პირველი ნაბიჯების იქით არც ისე მქრქალად შეიძლება დაინახო ტყის ნაპირი, საიდანაც იწყება ზღვა, რომელზეც, როგორც ამბობს ბორხესი, სხვა ხის ქოხები ლივლივებენ. ეს სამყარო ხან ცოტა ვეფხისტყაოსნურიცაა და დონკიხოტურიც. ხან – სულაც არა, მაგრამ აქ თაობაა – ნიჰილიზმის წინააღმდეგ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“