ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026
28 იანვარი, ოთხშაბათი, 2026

დაბრუნება სკოლაში

– როგორია პირველი დღე სკოლაში?

– ხანდახან მასწავლებლისთვისაც ისეთივე მღელვარე, როგორიც მოსწავლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ჩვენგანი მრავალი წელია ასწავლის სკოლაში, სასწავლო წლის პირველ დღეს, ჩვეულებრივ, თან ახლავს მღელვარება. ღელავენ მოსწავლეებიც, განსაკუთრებით – პირველკლასელები, რომლებიც პირველად შემოაბიჯებენ სკოლაში. მათ უდარდელ ცხოვრებას საქმიანი, ვალდებულებებით აღსავსე დღეები ენაცვლება და ბავშვებს ახალი სოციალური სტატუსი – მოსწავლის სტატუსი – ენიჭებათ. ამიტომ პირველკლასელების დახმარება ახალ, საქმიან გარემოსთან შეგუებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

პატარები დაბნეულები არიან: არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორ შეიძინონ მეგობრები, როგორი იქნება მასწავლებელი, რას მოითხოვს მათგან. ეს გაურკვევლობა ზოგჯერ ყველაზე თამამ მოსწავლეებსაც კი აშფოთებს. ამიტომ მასწავლებლის განსაკუთრებული ამოცანაა, პირველივე დღეს შექმნას თბილი, უსაფრთხო და პოზიტიური გარემო.

სასწავლო წლის პირველ დღეს მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ერთმანეთის გაცნობისკენ უბიძგოს, ხელი შეუწყოს მათ შორის საუბრის წარმართვას, განმუხტოს სხვა მასწავლებელთან უთანხმოება და ა.შ. სწორედ პირველ დღეს უნდა გამოიყენოს მან სახალისო, კრეატიული აქტივობები, რომლებიც დაძაბულობის გაფანტვაში დაეხმარება.

პირველი დღე ქმნის მთელი წლის განწყობას. თუ მასწავლებელი ბავშვებს თავდაჯერებას, სითბოს და თამაშით დაწყებულ ურთიერთობას აჩუქებს, სწავლა უფრო მარტივი და სასიამოვნო იქნება.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც თავად გამომიყენებია და რომლებიც შეგვიძლია მოვარგოთ როგორც პირველკლასელებს, ისე უფრო მაღალი კლასების მოსწავლეებს.

 

  1. იპოვე მეგობარი

იპოვე მეგობარი სახალისო თამაშია, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ მოსწავლემ კომფორტულად იგრძნოს თავი ახალ კლასელებთან. ყველა მოსწავლეს ვურიგებთ სამუშაო ფურცლებს, რომლებზეც გამოსახულია სხვადასხვა კატეგორიის (სპორტი, საკვები, თამაშები და ა. შ.) ელემენტები. ბავშვებმა უნდა აირჩიონ მათი საყვარელი ერთი ან მეტი ელემენტი.

 

დაურიგეთ მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები და მიეცით ხუთი წუთი, რათა მათთვის საყვარელი ელემენტები კალმით ან ფანქრით მონიშნონ (შეგიძლიათ, შექმნათ საკუთარი ფურცელი ან გამოიყენოთ შემოთავაზებული ვარიანტი).

შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, იპოვონ თანაკლასელები, რომელთა არჩევანიც მათ არჩევანს ჰგავს. ეს თავისთავად გააჩენს მეგობრულ ურთიერთობას. შემდეგ ეტაპზე, როდესაც ისინი უფრო ახლოს იქნებიან, მაგ., შესვენებაზე, მოსწავლეებს არ გაუჭირდებათ სასაუბრო თემის პოვნა.

 

  1. მადლობა კომპლიმენტისთვის!”

ეს მარტივი და მსუბუქი აქტივობა თავდაჯერებას მატებს მოსწავლეებს, ალღობს ყინულს მათ შორის და უბიძგებს, უთხრან ერთმანეთს კომპლიმენტები, რასაც ხშირად არ აკეთებენ.

თავდაპირველად ყველა ბავშვი იღებს ცარიელ ფურცელს, რომელიც უნდა დაიმაგროს ზურგზე (თანაკლასელის ან მასწავლებლის დახმარებით).

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს ზურგზე დამაგრებულ ფურცლებზე აწერენ ქათინაურებს.

მას შემდეგ, რაც თითოეული მათგანი შეაქებს თანაკლასელს წერილობით, ბავშვები ზურგზე დამაგრებულ ფურცლებს იძრობენ და ეცნობიან მიღებულ კომპლიმენტებს მასწავლებლის გასაგონად, რათა გაარკვიონ, ნამდვილად არის თუ არა ყველა სიტყვა ქათინაური.

მერწმუნეთ, შედეგი საოცარი იქნება. თქვენც გაგახარებთ თქვენი მოსწავლეების გაბრწყინებული სახეების დანახვა, როდესაც ისინი მოისმენენ ჯადოსნურ სიტყვებს, რომლებითაც მათ თანაკლასელები ამკობენ.

კიდევ რა არის საჭირო ყინულის გასალღობად და თავდაჯერების ასამაღლებლად?

 

  1. ნადირობა საკლასო ოთახში

გააგზავნეთ თქვენი მოსწავლეები ახალ საკლასო ოთახში სანადიროდ. დაეხმარეთ მათ ახალი საკლასო სივრცის გაცნობაში.

მიაწოდეთ საკლასო ოთახში განლაგებული საგნების სია, სადაც დატოვებთ ადგილს მოსწავლეების პასუხებისთვის. დაწერონ მოკლე აღწერა, სად იპოვეს ესა თუ ის ელემენტი.

ნადირობის დასრულების შემდეგ ეს ფურცლები შეიძლება გამოიყენონ სწავლის პირველ კვირას, რათა იცოდნენ, სად იპოვონ საჭირო ნივთები.

შეგიძლიათ, თავად შეადგინოთ თქვენი სია ან გამოიყენოთ თანდართული ნიმუში.

  1. მაღალი მარი

ეს აქტივობა ხალისს შემოიტანს კლასში. გარდა ამისა, მოსწავლეები მეტად დაფიქრდებიან თავიანთ თვისებებზე, გაივარჯიშებენ გრამატიკაში, შეივსებენ ლექსიკურ მარაგს.

როგორ?

მოსწავლეები ჩააყენეთ წრეში და თქვენც შეუერთდით. დაავალეთ, მოიფიქრონ ზედსართავი სახელები საკუთარი თავის დასახასიათებლად, ოღონდ გაითვალისწინონ ერთი რამ: ზედსართავი სახელი უნდა იწყებოდეს იმ ასო-ბგერაზე, რომელზეც იწყება მათი სახელი. მაგ.: ნინო – ნაზი ნინო, შორენა – შარმიანი შორენა და ა.შ.

  1. საუკეთესო საკლასო ოთახი

ეს არის აქტივობა, რომლის ჩატარების შემდეგ გეცოდინებათ, როგორია თქვენი მოსწავლეების წარმოდგენაში საუკეთესო საკლასო ოთახი, როგორ დაახასიათებდნენ მას.

ფლიფჩარტზე ან დაფაზე დაწერეთ აქტივობის სახელწოდება: საუკეთესო საკლასო ოთახი“. შემდეგ გაყავით დაფა სამ ნაწილად და თითოეული ნაწილი  დაასათაურეთ, მაგალითად: “როგორ გამოიყურება”, “რისი ხმა ისმის”, “რა შეგრძნებებს იწვევს”. როგორც უკვე მიხვდით, მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ის სიტყვები, რომლებითაც აღწერდნენ თავიანთ წარმოდგენაში საუკეთესო კლასს. როგორ გამოიყურება ეს კლასი? რისი ხმა ისმის იქიდან? რა შეგრძნებებს უნდა იწვევდეს მათში საუკეთესო კლასი?

მოსწავლეების პასუხები შეგიძლიათ დაწეროთ ფერადი მარკერებით ან ფერადი ცარცით. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ ფერად წებოვან ფურცლებზე და მიამაგროთ დაფაზე, როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები:

  1. სკოლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ

ამ აქტივობის დროს მოსწავლეები იმსჯელებენ იმაზე, რატომ არის სკოლა მნიშვნელოვანი, რას აძლევს მათ, რისი მოლოდინი აქვთ, რას მიიღებენ სკოლისგან ისეთს, რაც მათი განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება.

აქტივობისთვის გთავაზობთ რესურსის ნიმუშს, რომელიც Power Point-ის პროგრამაში ავაწყვე და ჩემს მოსწავლეებთან შარშან დისტანციურად გამოვიყენე.

 

7. ჩვენი კლასი ყოველდღე უნდა იყოს…

ეს აქტივობა მოსწავლეებისგან მოითხოვს იმაზე დაფიქრებას, როგორი სურთ იყოს მათი კლასი ყოველდღე. ამაზე ფიქრისა და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარებისას მოსწავლეები იმასაც გააცნობიერებენ, რომ სასურველი კლასის შექმნაში თავადაც შეუძლიათ მასწავლებელთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.

მოსწავლეთა მოსაზრებების ჩასაწერად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფლიფჩარტი ან დაფა, რომელსაც თქვენი ინტერპრეტაციით ან მოცემული ნიმუშის მიხედვით გააფორმებთ.

 

8. “ჩემი მიზნები

ნებისმიერი საქმის დაწყებისას თითოეული ჩვენგანი ისახავს მიზანს, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. მოსწავლეებიც ყოველი სასწავლო წლის დამდეგს უნდა ისახავდნენ მიზნებს, რომელთა მიღწევაც სურთ იმ წელს. შეგვიძლია, მიზნების ფორმულირებაში ჩვენც დავეხმაროთ. თუნდაც იმ პროგრამის მოკლე შინაარსის გაცნობით, რომლის შესწავლაც უწევთ მიმდინარე სასწავლო წელს.

ეს აქტივობაც სწორედ იმ მიზნების ფორმულირებას ემსახურება, რომელთა მისაღწევად მოზარდები უნდა გაისარჯონ მთელი წლის განმავლობაში.

როცა ვიცით, რისკენ მივდივართ, ვცდილობთ, სწორად ვიაროთ და ფინიშის ხაზი გამარჯვებულის ოვაციებით გადავკვეთოთ.

ქვემოთ მოვიყვან ნიმუშს, რომელიც ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე:

 

 

  1. ყველაფერი ჩემ შესახებ

აღნიშნული აქტივობა წარმოადგენს საკუთარი თავის პრზენტაციას. ის მოსწავლეებისგან მოითხოვს თანაკლასელებთან საუბარს იმ თვისებებისა თუ ინტერესების შესახებ, რომლებიც შესაძლოა მხოლოდ მან იცის საკუთარ თავზე.

აქტივობის მიზანი მხოლოდ თანაკლასელების მიერ ერთმანეთის უკეთ გაცნობა არ არის. ეს აქტივობა ბავშვების გაცნობაში დაეხმარება პედაგოგსაც, რომელიც პირველად შედის უცნობ მოსწავლეებთან. გაიგებს, ვინ არიან მათი მეგობრები, რა უყვართ, რა ახარებთ ან როდის არიან კარგად, რა არის მათი საყვარელი საქმიანობა, რა გეგმები აქვთ მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით და ა.შ.

მოსწავლეებისთვის, ეს აქტივობა სახალისო იქნება – ბავშვებს ხომ ძალიან უყვართ საკუთარ თავსა და გამოცდილებაზე საუბარი, ეს აქტივობა კი მათ ამის შესაძლებლობას მისცემს.

მასწავლებელსაც შეუძლია, გააცნოს საკუთარი თავი მოსწავლეებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაალღობს ყინულს, რომელიც ახალ მასწავლებელთან ურთიერთობის საწყის ეტაპს ახლავს თან.

ნიმუში N1.

ნიმუში N2.

 

  1. მატარებელი

ეს აქტივობა პირველკლასელებთან განსაკუთრებით გამოგვადგება. მათი უმრავლესობა ხომ ერთმანეთს არ იცნობს, ამ გზით კი მათ ერთმანეთის გაცნობაში დავეხმარებით.

აქტივობას იწყებს მასწავლებელი. მიდის რიგის მიხედვით მჯდომ პირველ მოსწავლესთან და იწყებს დიალოგს:

– მე მქვია თამუნა. შენ რა გქვია?

– მე მქვია ნია.

– სასიამოვნოა, ნია.

მასწავლებელი ხელს ჰკიდებს ნიას და მასთან ერთად გადაინაცვლებს მომდევნო მოსწავლესთან. ამჯერად იმავე შინაარსის დიალოგს ნია იწყებს მასთან, პასუხის მოსმენის შემდეგ კი ხელს ჰკიდებს და შემდეგ მოსწავლესთან მიჰყავს. ასე გრძელდება, სანამ მატარებელი ბოლო მოსწავლესთან არ მივა. შემდეგ ასევე რიგრიგობით ყველა „ვაგონი“ უბრუნდება მერხს.

 

სწავლის პირველ დღეს მასწავლებელმა მხოლოდ ახალი საგნების გაცნობა კი არა, მთელი წლის განწყობის ჩამოყალიბება უნდა მოახერხოს. თუ ამ დღეს პოზიტიურად და კრეატიულად წარვმართავთ, ბავშვებს გავუადვილებთ შფოთვის დაძლევას, ერთმანეთთან დაახლოებას და სწავლისადმი ინტერესსაც გავუღვივებთ.

წარმატებულ, ნაყოფიერ, მხიარულ, ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“