„აწმყო, შობილი წარსულისგან, არის მშობელი მომავალისა“, – ლაიბნიცის ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს აზრს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ადრეული ასაკიდანვე სჭირდება გათვითცნობიერება ისეთ საკითხებში, რომელთა ცოდნითაც იგი შეძლებს, საკუთარი აგური დადოს ქვეყნის აღმშენებლობაში, გაიაზროს, რომ ადამიანის ცხოვრების ადრეული წლები ხდება წარმმართველი მისი მომავლისა.
გთავაზობთ რესურს, რომლის ფარგლებშიც ქალაქ მარნეულის V საჯარო სკოლის IXა კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნიკა ბურძენიძემ ჩაატარა იმიტირებული სასამართლო ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ მიხედვით. პროცესზე გასამართლდა ბეჟანის ძმა.
ღონისძიების პერსონაჟები:
- მოსამართლე
- მოსამართლის ასისტენტი
- ბრალმდებელი
- პირველი ადვოკატი;
- მეორე ადვოკატი;
- პეტრე კეთილკაციშვილი (გლეხო);
- მეზობელი – ლამარა სხვისსაქმეშივერჩავერევიშვილი
- მასწავლებელი – სალომე განათლებისაშვილი
- ბეჟანის ჩამოხრჩობის მაყურებელი – კირილე სანახაობია
- ბადრაგი – დილარ მესაკნე
- დედა
- ექსპერტ-კრიმინალისტი
- ბრალდებული – ვინმე დაჩაგრულაშვილი
სასამართლოს დასასრულს ნაფიცმა მსაჯულებმა (შეთავაზებული ვარიანტებიდან) გადაწყვიტეს ბრალდებულის ბედი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რა განსხვავებული ბავშვობა შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, რა სირთულეების გადალახვა შეიძლება უწევდეთ მათ თანატოლებს.
აღნიშნული რესურსი დაგეხმარებათ ბავშვის უფლებების დარღვევასა და საზოგადოების გულრილობასთან დაკავშირებული მოვლენების გააზრება-გაანალიზებასა და მსგავსი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელებაში.
- ღონისძიება:
პირველი მოწმე – პეტრეკეთილკაციშვილი (გლეხო)
ადვოკატი იძახებს მოხუც პეტრეს, რომელიც დაწვრილებით იხსენებს, სად და რა ვითარებაში შეხვდა პირველად ძმებს, რა ინციდენტი გადახდა თავს.
მეორე მოწმე – ლამარა სხვისსაქმეშივერჩავერევიშვილი
ადვოკატი იძახებს ძმების მეზობელს, რომელიც მათ პატარაობიდანვე იცნობდა. ის ჰყვება, როგორ გარემოში იზრდებოდნენ ძმები, როგორი იყო მათი ოჯახი თავდაპირველად და რა შეიცვალა მამის გარდაცვალების და მამინაცვლის გამოჩენის შემდეგ. მაყურებელი ისმენს, რომ მამინაცვალი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტერორს უწყობდა მთელ ოჯახს, რის გამოც ძმები მცირე ასაკშივე ყოველგვარ უფლებას მოკლებულნი იყვნენ.
მესამე მოწმე – სალომე განათლებისაშვილი
როგორც ირკვევა, რამდენიმე ხნის შემდეგ მამინაცვალმა ძმები თავიდან მოშორა და ისინი „სალდათის სკოლაში“ გაამწესა. მასწავლებლის ჩვენებიდან ვიგებთ, რომ ძმების ცხოვრება იქ არათუ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა კიდეც, რადგან მათ ჩაგრავდნენ როგორც სხვა მოსწავლეები, ისე მასწავლებლებიც, რომლებიც საერთოდ არ ზრუნავდნენ მოსწავლეებზე. ძმებს სკოლიდან გაქცევა მოუწიათ. მთავარი კი ის არის, რომ ძმებისთვის არასოდეს არავის მიუკითხავს სკოლაში (დანართი – 1).
მეოთხე მოწმე – პეტრე კეთილკაციშვილი (გლეხო) – მეორე შემოსვლა
ადვოკატი მოხუც პეტრეს მეორედ გამოიძახებს, რათა მოაყოლოს, როდის და რა ვითარებაში შეხვდა იგი მეორედ ერთ-ერთ ძმას. დაკითხვისას მოხუცი პეტრე ლაპარაკობს საზოგადოების დამოკიდებულებაზე ჩამოხრჩობის მიმართ. ირკვევა, რომ ხალხისთვის ეს მორიგი სანახაობა იყო. ასევე, იგი იხსენებს ბრალდებულის წერილს (დანართი – 2), რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ძმების თავგადასავალი. ბოლოს მოხუცი პეტრე გამოთქვამს მოსაზრებას, როგორი შეიძლება იყოს ბრალდებულისთვის გამოტანილი განაჩენი.
მეხუთე მოწმე – კირილე სანახაობია
ამჯერად ბრალდების მხარე გამოიძახებს ჩამოხრჩობის ერთ-ერთ მაყურებელს, რომელთან საუბრისას მოხუც პეტრეს განუმტკიცდება აზრი საზოგადოების გულგრილობის შესახებ, რადგან მოწმე გამოხატავს მიმღებლობას სიკვდილით დასჯის მიმართ.
მეექვსე მოწმე – დილარ მესაკნე
ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღსაწერად დაცვის მხარე იძახებს ბადრაგს, რომელთან საუბრისას აღმოჩნდება, რომ ბრალდებულს ჯერ კიდევ არ გამოსულა ბავშვობის ტრავმებიდან. მას მიაჩნია, რომ ყველამ დაივიწყა და თავს მეორე ნაპირზე დარჩენილად აღიქვამს.
მეშვიდე მოწმე – მშობელი (დედა)
დაცვის მხარე იძახებს ბრალდებულის დედას, რომელთან საუბრისას ნათელი ხდება, რომ მამინაცვალი არა მხოლოდ გერებზე, არამედ მეუღლეზეც ძალადობდა და შვილების დაცვის საშუალებას არ აძლევდა.
მერვე მოწმე – ექსპერტ-კრიმინალისტი
ექსპერტ-კრიმინალისტი აღუწერს სასამართლოს, რა ტიპის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული მამინაცვალს და რა გახდა უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი (დანართი – 3).
ბოლო სცენა – ბრალდებული, ვინმე დაჩაგრულაშვილი
ბოლოს თავად ბრალდებულს გადაეცემა სიტყვა. ის იხსენებს მკვლელობის საღამოს – რა ვითარებაში და რა მიზნით მივიდა ის ძმასთან ერთად მამინაცვალთან, როგორ დაიწყო და განვითარდა მოვლენები.
დასკვნითი ნაწილი
მაყურებელმა ყველაფერი მოისმინა. მოსმენილის საფუძველზე მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ, რა სახის სასჯელი დაეკისროს ბრალდებულს (დანართი – 4).
მოსწავლეებისთვის ინფორმაციის ამ ფორმით მიწოდება მეტად ეფექტურია, რადგან წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე. სხვადასხვა როლის საკუთარ თავზე მორგების შემდეგ ყოველი მონაწილე და მათთან ერთად მაყურებელიც გაცილებით უკეთ გაიაზრებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, არ მოაკლონ სითბო და სიყვარული, მისცენ სათანადო განათლება, მოექცნენ როგორც თანასწორს, რათა ის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების მქონე პიროვნებად აღიზარდოს.
მთლიანი სცენარის გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით:
https://drive.google.com/file/d/1-3OolQrEWq1laF1a3djKGbIzz4VxhxSb/view?usp=drivesdk


