დაწყებით კლასებში სწავლა ბავშვისთვის მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრებას არ გულისხმობს. ეს მხოლოდ პირველი საფეხურია, სადაც ის ეჩვევა აზროვნებას, პრობლემების გადაჭრასა და სწავლისადმი ინტერესის გამოვლენას. სწორედ ამიტომ, თამაშით სწავლება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიდგომაა მათემატიკის შეყვარებისა და ინტერესის გაღვივების მიზნით. ბავშვი მაშინ სწავლობს უკეთესად, როცა სასწავლო გარემოში თავს დაცულად, თავისუფლად და ლაღად გრძნობს.
თამაში ხელს უწყობს ალგორითმული, ლოგიკური აზროვნების განვითარებას. იზრდება მოტივაცია და თვითრწმენა. თამაშები ჯგუფებში, წყვილებში ხელს უწყობს თანამშრომლობასა და კომუნიკაციას. დასამახსოვრებელი გამოცდილება კი ქმნის ღრმა და სტაბილურ ცოდნას.
ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეების გამო, მე მათემატიკის გაკვეთილზე, ასევე შესვენებებზე ხშირად ვიყენებ სხვადასხვა სახალისო და სააზროვნო თამაშს, რომლებსაც თავად ვქმნი მოსწავლეებისთვის.
წარმოგიდგენთ ერთ-ერთ სამაგიდო თამაშს: „რიცხვობანა“.
თამაში შეიძლება ითამაშონ წყვილებში, ჯგუფებში;
თამაშის მსვლელობა 1
ფერად ფურცლებზე ვწერ რიცხვებს კლასისა და ცოდნის დონის მიხედვით. მაგალითად, რიცხვები 1-დან 100-მდე.
- რიცხვებს ვალაგებ მაგიდაზე.
- გამოდის ორი მოსწავლე, რომლებიც იღებენ ამ ფურცლებს, იმაგრებენ შუბლზე, ისე, რომ თავად ვერ ხედავენ საკუთარ რიცხვს და იწყებენ მეწყვილისთვის მინიშნებების მიცემას.
- ერთ მოსწავლეს აქვს რიცხვი – 45, მეორე მოსწავლეს – 72
- მოსწავლეები მორიგეობით აძლევენ ერთმანეთს თითო დახმარებას, ვიდრე არ გამოიცნობენ დამალულ რიცხვს.
45- შენი რიცხვი არის კენტი. დამალული რიცხვის უახლოესი ოცეულია – ორმოცი.
72- შენი რიცხვი არის ლუწი, მისი უახლოესი ათეულია 70.
მეწყვილე ეუბნება თავის ვერსიას და თუ ვერ გამოიცნობს მოსწავლე კვლავ აგრძელებს დახმარებას.
45- თუ შენს დამალულ რიცხვს შევამცირებთ 17-ით, მივიღებთ 28-ს.
72- თუ შენს დამალულ რიცხვს გავზრდით 18-ით, მივიღებთ 90-ს.
მოსწავლეები თამაშსა და მითითებების მიცემას აგრძელებენ რიცხვის გამოცნობამდე. როცა რიცხვს ორივე მოსწავლე გამოიცნობს, თამაშს აგრძელებს შემდეგი წყვილი. ეს თამაში შესაძლებელია, ითამაშოს მთელმა კლასმა ერთად.
თამაშის მსვლელობა 2
მოსწავლეები სხდებიან წრეზე. ყველა მოსწავლე იღებს თითო ფურცელს და იმაგრებს შუბლზე. თამაში იწყება საათის ისრის მიმართულებით. ერთმანეთის გვერდით მსხდომი მოსწავლეები ჯაჭვურად თითო მინიშნებას ეუბნებიან გვერდით მჯდომ მოსწავლეს. როცა ყველა ერთმანეთს გადაუჩურჩულებს მინიშნებას, შემდეგ სათითაოდ ყველა ამბობს თავის ვერსიას და თამაში გრძელდება მანამდე, სანამ ყველა მოსწავლე არ გამოიცნობს საკუთარ რიცხვს.
თამაშის მიზანი
მოსწავლეები შეძლებენ რიცხვების კლასიფიცირებას, მათზე მოქმედებების შესრულებას.
გაიმყარებენ ცოდნას კენტი/ლუწი რიცხვების, უახლოესი ხუთეულების, ათეულებისა და ოცეულების შესახებ. შეძლებენ მარტივი არითმეტიკული მოქმედების შესრულებას. იმუშავებენ გუნდურად. ბავშვი ივითარებს სივრცით და ლოგიკურ ხედვას. გონებაში ამუშავებს, სად „ზის“ მისი რიცხვი. მოსწავლეები სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას, ინფორმაციის სწორად დახარისხებასა და გამოყენებას.



