სამშაბათი, დეკემბერი 23, 2025
23 დეკემბერი, სამშაბათი, 2025

ინტეგრირებული სასწავლო პროექტი

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროექტები ერთ-ერთ ეფექტიან ფორმატად გვევლინება ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროებზე მუშაობისათვის, რადგან ისინი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ტექსტი აღიქვან არა მხოლოდ როგორც შესასწავლი მასალა, არამედ როგორც კულტურული, ისტორიული და ღირებულებითი კონტექსტის მატარებელი ცოცხალი წყარო. ინტერდისციპლინური მიდგომა, რომელიც აერთიანებს ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებასა და სულიერ კულტურას, ხელს უწყობს ცოდნის ჰოლისტურ გააზრებას, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას და მიღებული ცოდნის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირებას. სწორედ ამ მიდგომის მაგალითს წარმოადგენს წარმოდგენილი სასკოლო პროექტი, რომელიც ეფუძნება ჰაგიოგრაფიულ ტექსტზე მუშაობას და მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის მრავალმხრივ გააზრებას.

სასკოლო პროექტი დაიგეგმა  მას შემდეგ, რაც X კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიული თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა და მის მიერ დაარსებულ მონასტრებში ქართული მწიგნობრობის კერების ჩამოყალიბება ქართული კულტურისა და სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს. ამ თემას VIII კლასის მოსწავლეებიც ეცნობიან ძველი ქართული მწერლობის ნიმუშების შესწავლისას, რის გამოც პროექტის სამიზნე ჯგუფებად შეირჩა VIII–X კლასის მოსწავლეები.

პროექტის დაგეგმვა და განხორციელება

პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ნახეს  ილია ნასიძის ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმი „წმინდა გრიგოლ ხანძთელი“, რომელმაც თემისადმი ინტერესის გაღვივებასა და შემდგომი კვლევითი მუშაობის საფუძველი შექმნა. შემდეგ ეტაპზე დაიგეგმა მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა მონაწილეობით ტაო-კლარჯეთის წმინდა ადგილების მონახულება, რაც წარმატებით განხორციელდა და პროექტს განსაკუთრებული სიღრმე შესძინა.

პროექტის მიზნები

პროექტის ძირითად მიზნად განისაზღვრა:

  • გრიგოლ ხანძთელის, როგორც საქართველოს სულიერ, კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორჩეული პიროვნების, ღვაწლის წარმოჩინება;
  • მოსწავლეებში ეროვნული თვითშეგნების, ქრისტიანული ღირებულებებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება;
  • ტექსტის, ისტორიული კონტექსტისა და სულიერი გზავნილების თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება.

პროექტის ძირითადი მიმართულებები

გრიგოლ ხანძთელის ფასდაუდებელი ღვაწლის სრულფასოვნად წარმოსაჩენად პროექტი დაიყო რამდენიმე ძირითად მიმართულებად:

  1. გრიგოლ ხანძთელი როგორც ლიტერატურული პერსონაჟი – „ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი“;
  2. ისტორიულ-კულტურული კონტექსტი – „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების“;
  3. ბიბლიური სახე-სიმბოლოები და ქრისტიანული სათნოებანი – „სანთელი ესე დაუვსებელი“;
  4. კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა – „ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით“, ტაო-კლარჯეთის მწიგნობრული მემკვიდრეობა;
  5. გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის შეფასება – „ტალანტი სიბრძნისაი განგიმრავლებიეს“.

მოსწავლეთა საქმიანობა და შემოქმედებითი შედეგები

პროექტის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და დამატებითი რესურსები შემაჯამებელი პრეზენტაციების მოსამზადებლად. მათ შექმნეს მრავალფეროვანი ნამუშევრები: გრიგოლ ხანძთელის ხატის ასლი; გიორგი მერჩულეს პორტრეტი; ხანძთისა და იშხნის მონასტრების ნახატები.

მოეწყო გამოფენა „გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე“, რომელშიც წარმოდგენილი იყო ტაო-კლარჯეთის ისტორიული რუკა, გაფორმებული ძველი ქართული კალიგრაფიული სკოლისათვის დამახასიათებელი მხატვრული ინიციალებით. ასევე დამზადდა სამახსოვრო ბუკლეტი და ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედი ხატის ფრაგმენტებით აწყობილი სასაჩუქრე ნაკრები.

პროექტის პრეზენტაცია განსაკუთრებული ემოციური ეფექტით გამოირჩეოდა: მოსწავლეებმა წარმოთქვეს ტაო-კლარჯეთსა და იქ მოღვაწე წმინდა მამებს მიძღვნილი ლექსები და შეასრულეს  საგალობლები.

საგანმანათლებლო ეფექტი და ინტერდისციპლინური მნიშვნელობა

პროექტმა მოსწავლეებს საკითხის მრავალმხრივ გააზრებაში დაეხმარა. VIII–XI კლასების ერთობლივმა მუშაობამ გააძლიერა ურთიერთსწავლების პროცესი, პასუხისმგებლობის გრძნობა და თანამშრომლობითი კულტურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის ინტერდისციპლინური ხასიათი: ლიტერატურული ანალიზი, ისტორიულ-კულტურული კონტექსტი, ბიბლიური სიმბოლიკა და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა ორგანულად გაერთიანდა. თითოეული პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ვიზუალური მასალით, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქართული ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების, მუსიკისა და საღვთო სჯულის გაკვეთილებზე, როგორც დამატებითი საგანმანათლებლო რესურსი.

მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტზე დაყრდნობით არგუმენტირებული პრეზენტაციების წარდგენა, ბიბლიური სიმბოლიკის გააზრება და გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება.

პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა განივითარეს როგორც საგნობრივი, ისე ზოგადი აკადემიური და მოქალაქეობრივი უნარები. მათ შეძლეს ჰაგიოგრაფიული ტექსტის სიღრმისეული გააზრება, ისტორიულ-კულტურული კონტექსტის გაანალიზება და მიღებული ცოდნის შემოქმედებით პროდუქტებად გარდაქმნა.

პროექტმა ხელი შეუწყო:

  • ტექსტზე დაფუძნებული კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას;
  • პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის კულტურის ჩამოყალიბებას;
  • გუნდური მუშაობისა და ურთიერთსწავლების პროცესის გაძლიერებას;
  • ვიზუალური და არტისტული თვითგამოხატვის უნარის განვითარებას.

მნიშვნელოვანი შედეგი იყო ისიც, რომ მოსწავლეებმა შეძლეს გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის თანამედროვე რეალობასთან დაკავშირება და მისი გზავნილების გააზრება პირადი გამოცდილების დონეზე.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა როგორც მიმდინარე, ისე შემაჯამებელი შეფასება. შეფასებისას გათვალისწინებული იყო წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები, რომლებიც მოიცავდა:

  • შინაარსის სიზუსტესა და სიღრმეს;
  • ტექსტთან მუშაობის და არგუმენტაციას;
  • შემოქმედებითი ნამუშევრების ხარისხს;
  • პრეზენტაციის სტრუქტურასა და კომუნიკაციას;
  • გუნდურ მუშაობას და ინდივიდუალურ ჩართულობას.

შეფასება ემსახურებოდა არა მხოლოდ აკადემიური შედეგების დადგენას, არამედ მოსწავლეთა თვითშეფასებისა და რეფლექსიის უნარის განვითარებასაც, რაც პროექტზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა სულიერი, მოქალაქეობრივი და აკადემიური უნარების განვითარებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა გრიგოლ ხანძთელის ეპოქის მთავარი გზავნილი – რწმენა, სულიერი სიმტკიცე, განათლება და ერთიანობა ქვეყნის არსებობისა და განვითარების საფუძველია.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“