ხუთშაბათი, ოქტომბერი 23, 2025
23 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2025

ნოემბრის თვის საკითხავი მეთერთმეტეკლასელებისთვის

ნოემბრის თვის საკითხავის შესახებ ფიქრი სოცალურ ქსელში გაზიარებულმა ფოტომ შთამაგონა. დედას თავისი მოზარდი შვილისთვის მთელი წლის საკითხავი 12 თვის მიხედვით შეერჩია, თორმეტივე წიგნი შეეფუთა და თითოეულ წიგნზე თვეების სახელები დაეწერა. საკითხავი წიგნის ამგვარად შეთავაზება ცნობისმოყვარეობას აღძრავს. დიდი სურვილი გამიჩნდა მეც შემერჩია ჩემი 16 წლის შვილისთვის მთელი წლის საკითხავი და რადგან მის კლასს ვასწავლი, გადავწყვიტე, ჩანაფიქრი საკლასო პროექტად მექცია.

სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების, არასწორი დღის რეჟიმის, ვრცელი ტექსტებით გადატვირთული სახელმძღვანელოების გამო მოზარდებს თანდათან უფრო ნაკლები დრო რჩებათ კითხვისთვის. მოსწავლეთა საჭიროებებზე დაკვირვებამაც კიდევ უფრო მეტად დამარწმუნა თვის საკითხავი წიგნების აუცილებლობაზე.

ჩემი ბიბლიოთეკიდან შევარჩიე 25 ქართველი ავტორის წიგნი, რომლებიც სხვადასხვა ჟანრსა და ეპოქას მოიცავდა. თითოეული წიგნიდან ამოვწერე ციტატა, ამოვბეჭდე ორ ეგზემპლარად და დავჭერი, წიგნები გავახვიე ქაღალდში, თოკით შევკარი და გამხმარი ვარდებით გავაფორმე, შემდეგ მოვძებნე მწერლების ფოტოები და სლაიდშოუდ ავკინძე, ბოლოს კი ფიქრი დავიწყე იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმეწოდებინა წიგნები 16 წლის გოგო-ბიჭებისთვის ან გაკვეთილის თემად რა შემერჩია. მოსწავლეთა ინტერესებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, გაკვეთილის სათაური ამგვარი შევურჩიე – ქართველი მწერლები – მათი მხატვრული ენა, სტილი.

გაკვეთილის თანმიმდევრობა ამგვარი იყო:

  • ვთხოვე, გაეხსენებინათ, რომელ ქართველ ავტორებს იცნობენ და პასუხები დაფაზე ჩამოვწერე;
  • დავაფიქრე, თუ როგორ ესმოდათ სიტყვა „სტილის“ მნიშვნელობა;
  • მინილექციით გავაცანი ლიტერატურული სტილის რაობა, ვესაუბრე სტილისტიკის შესახებ;
  • სლაიდშოუს გამოყენებით გავაცანი 25 ქართველი ავტორი და თითოეულის შესახებ მივაწოდე ინფორმაცია;
  • დავურიგე გამომცხვარი მაფინები, რომლებშიც ჩარჭობილი მქონდა წიგნებიდან ამოწერილი ციტატები;
  • რამდენიმე ციტატა წაიკითხეს ხმამაღლა;
  • შეფუთულ წიგნებში ციტატის ნომრის მიხედვით მოძებნეს კუთვნილი წიგნი;
  • ბოლოს დავურიგე ფერადი ბარათები, რომლებზეც დაწერეს სამი რამ, რაც გაკვეთილიდან დაამახსოვრდათ.

შევთანხმდით, რომ წიგნს ნოემბერში წაიკითხავენ, თვის ბოლოს კი ლიტერატურულ კაფეს გავმართავთ და ვისაუბრებთ წაკითხული წიგნების შესახებ.

რეალობას თვალს ვუსწორებ და ვიცი, რომ ოცდახუთივე მოსწავლე წიგნს არ წაიკითხავს, თუმცა, თითოეულმა იგრძნო მისთვის განკუთვნილი მასწავლებლის ყურადღება, ამასთანავე, კლასში შექმნილი დადებითი განწყობა კითხვის მოტივაციასაც აამაღლებს და ცოდნას შეიძენენ. მთელი თვის განმავლობაში ვაპირებ ტექსტის ანალიზის ირგვლივ დაგეგმილი გაკვეთილები შევთავაზო კლასს და ლიტერატურული სტილი რასაც მოიცავს, თითოეულ საკითხს (თემა, იდეა, მოტივი, მხატვრული ენა, პეიზაჟი, გმირის ხასიათი…) სიღრმისეულად შევეხო.

საკითხავი წიგნების ნუსხა ამგვარია:

  1. რაზიკაშვილების მიმოწერა;
  2. მარო მაყაშვილის დღიური;
  3. „გრიგოლ რობაქიძე – წერილები სტეფან ცვაიგს“, ნათია ფურცელაძე
  4. „ბორიაყი“, ოთარ ჩხეიძე;
  5. „მღვდლის ცოდვა“, გოდერძი ჩოხელი;
  6. „ანტონიო და დავითი“, ჯემალ ქარჩხაძე;
  7. „ვა, სოფელო…“, ზაირა არსენიშვილი;
  8. „ზებულონი“, ჯემალ ქარჩხაძე;
  9. „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, 100 ამბავი
  10. „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, აკა მორჩილაძე
  11. „გადამალვა“, ალეკო შუღლაძე
  12. „ჯინსების თაობა“, დათო ტურაშვილი
  13. „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“, ლანა ღოღობერიძე
  14. „ტრანსმუტაცია“, იაგო თვალაბეიშვილი
  15. „ახალი აღქმა“, ნანა აბულაძე
  16. „ისპაჰანის ბულბულები“, ნესტან-ნენე კვინიკაძე
  17. „მოგზაურის ჩანაწერები“, ჯუმბერ ლეჟავა
  18. „სამხრეთის უბანი“, მაი ბექაური
  19. „ეს მე ვარ, ფიროსმანი“, შორენა ლებანიძე
  20. “კონკიას ღამე“, კოტე ჯანდიერი
  21. „ქალაქი წყალზე“, სალომე ბენიძე
  22. „გათვლა“, თამთა მელაშვილი
  23. „სწრაფი, ღამისმიერი“, ზურა ჯიშკარიანი
  24. „სამხრეთული სპილო“, არჩილ ქიქოძე
  25. „მშვიდი ცურვა“, ირაკლი ჩარკვიანი

მეთერთმეტეკლასელების გამოხმაურება გაკვეთილის ბოლოს. გასასვლელ ბარათებზე დაწერეს 3 რამ, რაც გაკვეთილიდან დაამახსოვრდათ:

  • ყველა მწერალს თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს. სტილისტიკა ენათმეცნიერების დარგია. ლიტერატურულ ნაწარმოებს საკუთარი ენა აქვს. ანა რაზმაძე
  • სლაიდშოუ და წარწერებით გადავსებული დაფა. თეთრ ქაღალდში შეხვეული წიგნების ასხმა, რომლებსაც იასამნისფერი ყვავილების ღეროები ჰქონდა ჩარჭობილი. ბავშვების ყიჟინა, წიგნების დარიგების პროცესი და ჩემი უკმაყოფილება. თეკლა მეტრეველი
  • “აუ, მე ეს არ მინდოდა!“ „ამ ხალხის დამსახურებაა, დღეს რომ სკოლაში სწავლობ“. პროექტორის პრობლემები. ნინი მიხანაშვილი
  • მაფინების დარიგება. „ინტელექტი თავისუფალია“. ზაირა არსენიშვილი. ლუკა არაბული
  • საინტერესო იყო საუბარი სტილსა და მწერლებზე. საოცარი გრძნობა იყო, სანამ გავიგებდი, რა წიგნი იყო. ავღელდი. მას, თქვენს გამომცხვარ მაფინებზე ვგიჟდები! დიანა ლიქოკელი
  • დამამახსოვრდა ის, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის და მომავალში თბილად გამახსნდება. ნინი ბერმამუკელი
  • ულამაზესად შეფუთული წიგნები. ქართველი მწერლები. სტილი, სტილისტიკა. ანანო კიპაროიძე
  • წიგნების ძებნა. ფოტოების გადაღება. ნამცხვრების ჭამა. ნინო სახელაშვილი
  • შეფუთული წიგნები. მიშოს გაღვიძება მაფინებით. კომპიუტერის წვალება. მეგი დავიდოვი
  • ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“. დეას ნათქვამი: „მართლა ჩარკვიანი რომ ამოგივიდეს“ და მართლა ეგ ამომივიდა. მწერლები, რომლებიც თანამედროვე ლიტერატურას გვაცნობენ. ნია თედორაძე
  • ლელა მასწავლებელმა გამაღვიძა. თავი ავწიე თუ არა, მაფინი შემომთავაზა. მიშო გელენიძე
  • სტილისტიკა. რა ახასიათებს მხატვრულ სტილს. თედო რაზიკაშვილის სიკვდილი. – სალომე კომახიძე
  • მწერლები, მათი ბიოგრაფიიდან მცირე დეტალები. რაზიკაშვილების მიმოწერა. მაფინები. მარიამ ღამბაშიძე
  • ის, რომ თედო რაზიკაშვილი ქართლში დასახლდა, ირაკლი ჩარკვიანმა წიგნი დაწერა, ანას „ანტონიო და დავითი“ შეხვდა. მარიამ თხლაშიძე

მოსწავლეთა გასასვლელი ბარათებიდან ამოკითხული შთაბეჭდილებები დამეხმარა გაკვეთილის შეფასებაში, მაგალითად, მივხვდი, რომ მოსწონთ მინილექცია და ამ დროს მიწოდებული ინფორმაცია, აქტივობების მონაცვლეობა, ამბები, რომლებიც მხოლოდ ერთ გაკვეთილზე ხდება და კიდევ ის, რომ ცოდნის განსამტკიცებლად საჭიროა იმავე თემის შესახებ კიდევ სხვა გაკვეთილების დაგეგმვა.

ნომებრის თვის საკითხავი წიგნების ნუსხას თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ავტორები მე-19, მე-20 და 21-ე საუკუუნეებს მოიცავს, ტექსტების ჟანრი დ ფორმაც მრავალფეროვანია:  მხატვრული ლიტერატურა, დოკუმენტური და სამოგზაურო პროზა, პირადი წერილები, მცირე და დიდი ზომის რომანები, საინფორმაციო ტექსტი, ავტობიოგრაფია, დღიური. კლასიკოს ავტორებთან ერთად გაეცნობიან თანამედროვე ლიტერატურას, ავტორებს და ჟანრის, ტექსტის, მთავარი თემების ცვლილებებზე დაკვირვებას შეძლებენ. მე კი ერთი სული მაქვს, როდის მოვა ნოემბრის ბოლო და როდის გამიზიარებენ შთაბეჭდილებებს ბავშვები. არასდოს დამავიწყდება ამ გაკვეთილისთვის მზადების პროცესი, ბავშვების ანთებული თვალები და ბედნიერი სახეები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

არდადეგები დავალებად

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“