ოთხშაბათი, ოქტომბერი 16, 2024
16 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ბაბუების ომი

ერთი მწერალი წერს, რომ ვერც ერთი მწერალი ვერ დაწერს რამეს ისეთს, რაც სადღაც ოდესღაც მართლა არ მომხდარა.

მარკესიც კი.

იყო დრო და კედელთან დასახვრეტად მდგომი ბაბუაჩემის ძმა იმას იგონებდა, როგორ წაიყვანა მამამ…არ ვიცი სად, მაგრამ ალბათ, რაიონული ცენტრისათვის არ გაუცილებია, დიდი-დიდი ქუთაისში წაეყვანა ყველაზე შორს, ფეხსაცმელები ეყიდა მისთვის ან რამე ასეთი.

მერე კი უცებ პირდაპირ შუაგულ ევროპაში ამოყო თავი. ოღონდ არც ვან-გოგის ნახატები უნახავს მუზეუმში და არც გონდოლიერთა ნამღერი ბარკაროლათი დამტკბარა, ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში კარტოფილის კანებით იცხრობდა შიმშილს.

ეს ამბავი ყურმოკვრით ვიცოდით, თვითონ ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა, მაშინაც კი, როცა საბჭოთა კავშირი დასუსტდა, მაშინაც კი _ როცა მთლიანად დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადეს. მხოლოდ 90 წლისამ, ლოგინში ჩავარდნილმა, დაიწყო ომის ამბების მოყოლა, დაიწყო ისე, რომ ვეღარ ვაჩუმებდით, იმის რწმენა არ დაუკარგავს, რომ კარგა ხნის გარდაცვლილი სტალინის მსახვრალი ხელი ამ დროსა და ამ ადგილასაც მისწვდებოდა, უბრალოდ, ისე გაუმართლა, რომ ამდენ ხანს იცოცხლა, უკვე აღარ ენაღვლებოდა, ორიოდე კვირით ადრე მოკვდებოდა თუ გვიან…

ტექსელის აჯანყებაში მონაწილეობისათვის არ მიუყენებიათ კედელთან, არც რომელიმე სხვა გმირობისათვის. ებრაელს მიამსგავსეს, სულო ცოდვილო, გვარიანად ჰგავდა, მაგრამ არ იყო და მაინც საწყენია, უაზროდ რომ კვდები, თუნდაც ომში.

მისი ძმა, ჩემი ღვიძლი ბაბუ, პარტიზანი იყო იტალიაში, პერმთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში მალავდა გლეხის ოჯახი. მასპინძლის ვაჟიშვილის ოთახში აძინებდნენ და სუფრაზე თავისი ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებს შორის. ერთ დღესაც სოფელს გერმანელები შემოესიენ, ჩხრეკა ჩაატარეს, ბაბუ სახლიდან წავიდა და დაიმალა, სხვა პარტიზანებისაგან განსხვავებით გაუმართლა და ვერ იპოვეს. საღამოს სახლთან რომ მივიდა და ფანჯრიდან შეიხედა სასადილო ოთახში, ვახშმის დრო იყო, სუფრა გაეშალათ, გარს მისხდომოდნენ და არავინ არაფერს ჭამდა. ბაბუს თეფში და დანა-ჩანგალი თავის ადგილას ეწყო და პატრონს ელოდა…

ბაბუ იხსენებდა, რომ ორმა რამემ გადაარჩინა: ცოტა ჭამას იყო მიჩვეული და სიგარეტს არ ეწეოდა…

ორჯერ ჩაიდგეს ტყვედ გერმანელებმა და ერთხელ დაიჭრა. სამშობლოში დაბრუნებული სამი კვირის დაქორწინებული, მათემატიკის გაკვეთილს ატარებდა, უშიშროების ხალხი რომ შეუცვივდა და მალე სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს. შვიდი წელი იჯდა ციხეში და ბებიაჩემს ხისგან გამოთლილ სასურათე ალბომებს უგზავნიდა ზედ ამოკვეთილი დაფოთლილი ვაზის გრეხილებით, რომლებსაც ნაყოფის ნაცვლად წითლად მოხასხასე გულები ესხა.

ორჯერ დაუნგრია ცხოვრება სტალინმა და ბელადის გარდაცვალების დღეს მაინც მკვდარს ჰგავდა. შეუცნობელი იყო სიმძლავრე კომუნისტური იდეოლოგიისა.

ეს დედის მხრიდან ბაბუებზე მოგახსენეთ. მამის მხრიდან ბაბუ დღესაც ცოცხალია. ომში არ ყოფილა, გავლენიანმა მამამ მოუხერხა და ,,ზურგში” გაგზავნეს, სვანეთის ოქროს საბადოებზე. დეზერტირობაზე რომ ჩამოვუდგე სიტყვა, აღშფოთებულმა მითხრა:

,,რას ამბობ, ბაბუ, ადამიანის შვილს რა მომაკვლევინებდა!”

მე მესმის მისი და ვამაყობ. მეც მასავით პაციფისტი ვარ.

ბებიების ომიც არსებობდა. არანაკლებად დუხჭირი ამბებით.

,,ცხრა დედმამიშვილი ვიყავით, ბებია. საჭმელი არ გვყოფნიდა, მშივრები ვიყავით, მაგრამ სტუმრად რომ მივდიოდით მეზობლებთან და საჭმელს შემოგვთავაზებდნენ, ხელს არაფერს ვახლებდით, ვუარობდით, ახლა ვისადილეთო.”

,,საჭმელი ბევრი გვქონდა სვანეთში, ომის დროსაც _ სამწყემსურიდან ჩამოტანილი ყველის დიდრონ თავებს ნაჯახით ვჭრიდით ხოლმე, მაგრამ ტანსაცმელი გვიჭირდა ძალიან. ელექტრომავთულებისაგან მოქსოვილი კაბა მქონდა და სკოლაში წაღმა მეცვა, სახლში _ უკუღმა.”

ეს ჩემი ოჯახის ომია, მეორე მსოფლიო ომი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩემმა ოჯახმა იგი თითქმის უდანაკარგოდ გადაიტანა, თუკი მხედველობაში არ მივიღებთ ავადმყოფობებსა და შიშებს, რომლებიც ჩემმა ბაბუებმა ევროპიდან ჩამოიტანეს, თუ არ ჩავთვლით სიცივესა და შიმშილს… მაგრამ არსებობდნენ ბევრად უფრო დაზარალებული ოჯახები.

შვიდი წლის წინ ომი საკუთარ თავზე ვიგრძენი, ომის ნატეხი, ომის ნამსხვრევი. არც საჭმელი შემოგვკლებია და გარეთაც აგვისტო ჩახჩახებდა, მაგრამ მივხვდი, რომ მომავლის ყველა გეგმა, რომლებიც მასულდგმულებდა, უცებ გაქრა, თითქოს ექიმმა მითხრა, რომ სასიკვდილო სენი მჭირს და სულ ცოტა ხნის სიცოცხლე დამრჩენია, რომელიც საავადმყოფოს კედლებში გამომწყვდეულმა უნდა გავატარო.

ომი იმას ჰგავს, რომ მთელ ქვეყანას ერთხმად გამოუცხადოს ექიმმა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე დამართნია და ყველაფერი, რაც თავის მომავლად წარმოედგინა, უნდა დაივიწყოს.

მეორე მსოფლიო ომში თითქოს მთელ სამყაროს მოსდებოდა მეტასტაზები.

მე მეორე მსოფლიო ომის შესახებ ჩემი ოჯახის წევრებისაგან ბევრი არაფერი გამიგია, ამაზე ლაპარაკი არ სურდათ. ომის შესახებ რემარკმა მიამბო, ანე ფრანკის დღიურებმა, ,,შინდლერის სიამ”, ,,პიანისტმა”, ,,ბიჭუნამ ზოლიანი პიჟამოთი”…

ეს ადრე იყო, რაც გავიზარდე, ომის შესახებ აღარაფერი წამიკითხავს და არც ფილმი მინახავს. ჩემი გონება ვეღარ ეგუება ომის ცნების არსებობას. აქვს არცთუ გონივრული იმედი კაცობრიობის კეთილშობილებისა, კაცობრიობის კარგი მეხსიერებისა და კაცობრიობის რაციონალურობისა, რომ მეტ მასშტაბურ ომს აღარ დაუშვებს.

მაგრამ ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, მაინც ვიხსენებ ომს. ყოველ წელს ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს დავალებას, გამიკეთონ პრეზენტაცია ,,ჰოლოკოსტის” თემაზე, მოძებნონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, მეტი სურათი, მეტი ფაქტი. ბავშვები უნდა იცნობდნენ ომს, მის ყველა საშინელებას, უნდა იცნობდნენ ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, ლიტერატურიდან, ბავშვებმა უნდა იცოდნენ, მათ არასოდეს უნდა დაივიწყონ, რა მოაქვს ომებს, რადგან მათ შორის იქნებიან მომავალში ადამიანები, რომლებსაც ომი თავიდან აცილება შეეძლებათ და მათ ეს უნდა გააკეთონ.

ბაბუაჩემის ძმამ კი გერმანელებს უტყუარი საბუთი წარუდგინა თავისი არაებრაელობის დასადასტურებლად _ აჩვენა, რომ წინადაცვეთა არ ჰქონდა ჩატარებული. და მას შემდეგ სამოცდახუთ წელს მოესწრო, ჰყავდა ცოლი და სამი შვილი, მუშაობდა მიწაზე და იცოდა, რომ ქუთაისში ფეხსაცმელების საყიდლად წასვლა ნამდვილად არის დღესასწაული, რომელიც უნდა დააფასოს ადამიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“