ოთხშაბათი, ოქტომბერი 22, 2025
22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

მშვილდოსნობის სწავლება

წინამდებარე წერილში ერთი საკვანძო მიდგომის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ცნობილია პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის მოდელით. და, რადგან ეს წერილიც ჩვენი სერიის ,,სწავლის ძირი” მე-16 ნაწილია, განვიხილოთ ეს თეორია ფონოლოგიური უნარების განვითარების კონტექსტშიც. საერთოდაც, ნებისმიერი საკითხის სწავლება გარდატეხილი უნდა იყოს ამ მოდელის პრიზმაში, რადგანაც ასე ასწავლიან (უნდა ასწავლიდნენ) მშობლები შვილებს, ოსტატები შეგირდებს…

მოკლედ წერილის გეგმის შესახებ:

  • მისტერ ტომ ჰასტინგსელის გაკვეთილები — ერთი სწავლების აღწერა ბაქსვუდის სკოლიდან
  • საკითხის თეორიული მიმოხილვა
  • ფონოლოგიური უნარების ,,ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა”

2023 წლის მაისში ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად წილად მხვდა პატივი და ბედნიერება ინგლისის ბაქსვუდის სკოლას ვწვეოდი. ასეთი საჩუქარი გამიკეთა ბაქსვუდის სკოლამ, როგორც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულს. მისტერ ტომიც იქ გავიცანი — სკოლის ჰასტინგსის ფილიალში მშვილდოსნობაში ამეცადინებდა ქართველ სტუმრებს.

  1. შესავალი საუბარი

,,მშვილდოსნობას უყვარს დისციპლინა,” — ასე დაიწყებდა, ალბათ, საუბარს მისტერ ტომი. ჯერ ერთი, ბაქსვუდის ქართველ მერცხლებთან, მაგრამ მაინც უცნობ ბავშვებთან იწყებდა მუშაობას. მეორეც, მართალია, არა ცეცხლსასროლ, მაგრამ მაინც იარაღის სროლა უნდა ესწავლებინა. მისტერ ტომი ბავშვების მესვეურს დაახლოებით ასეთ დიალოგს გაუმართავდა:

— მისტერ ტომ, რამდენი სთუუდენტი (ეს სიტყვა ინგლისურენოვნების კონტექსტის საგრძნობლად გამოვიყენოთ.) შეიძლება იყოს მეცადინეობაზე?

— ერთ ნაკადში მივიღებ მაქსიმუმ 12 სთუუდენტს.

— თხუთმეტი არ შეიძლება, მისტერ ტომ?! ფლიიზ!

— მაშინ ცამეტი და გადავკოცნოთ ერთმანეთი! (ბოლო სიტყვები ჩემი მასწავლებლის, პაატა პაპავას საყვარელი გამოთქმაა და მოუხდა ამ სიტუაციას.)

…რამდენი ბავშვი უნდა იყოს ჯგუფში? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებისთვის. 8-12 ანუ 10 + – 2. მისტერ ტომი მათ, უპირველეს ყოვლისა, შეუვალად აუხსნიდა მეცადინეობაზე მოქცევის წესებს: უნდა განთავსდნენ მათთვის გამოყოფილ ადგილებზე, არ უნდა გადაადგილდნენ ნებართვის გარეშე, დაუკითხავად არ უნდა შეეხონ ინვენტარს, ყურადღებით უნდა მოუსმინონ მასწავლებლის ინსტრუქციებს და ზუსტად შეასრულონ ისინი…

ბატონი ტომის ასისტენტი – დამწყები მშვილდოსანი გოგონა, რომელიც, ერთი მხრივ, დიდ გამოცდილებას იღებს მშვილდოსნობასა და მის სწავლებაში, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სწავლების უსაფრთხოებას — ვინძლო მისტერ ტომის მახვილ თვალს რამე გამოეპაროს პერიფერიაზე (ამ დროს პერიფერიაც უმნიშვნელოვანესია: იქ — რიგში მომლოდინე ბავშვები, აქ — სათადარიგო ისრები თუ კაპარჭები, გარე პერიმეტრის კონტროლი…).

უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ პირველი საუბარი შეეხებოდა მშვილდოსნობის ისტორიასა და თანამედროვე მდგომარეობასაც. გაიხსენებდნენ პირველ მოისრეებს, მოშორებით აღმართულ ციხისკენაც გაიშვერდა ხელს მისტერ ტომი და იტყოდა, უილიამ დამპყრობლის მეომრებს ძალიან გაუჭირდებოდათო ჰასტინგსის მცველთა ისრებისგან თავდაცვა… ისაუბრებდნენ, რა დადებითი გავლენას ახდენს მშვილდოსნობა ადამიანის ფიზიკური და ნებისყოფითი უნარების განვითარებაზე.

  1. დემონსტრირება-მოდელირება

ბავშვები უკვე მოტივირებულები არიან, ქცევის წესებიც გააცნობიერეს და უკვე მოწადინებულები არიან შეიძინონ საინტერესო გამოცდილება.

სანამ უშუალოდ ისარს სამიზნეს დააჭედებს, მისტერ ტომი კვლავ სიტყვიერად უხსნის შეგირდებს, რას და როგორ გააკეთებს: ჩვენ წინ, 10 მეტრის დაშორებით დგას სამიზნე. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ცენტრში დავარჭოთ ისარი. ამისთვის აი, ასე უნდა დავიჭიროთ მშვილდი, ჩავაგოთ ისარი და…

მისტერ სმიტის გასროლილმა ისარმა ზუზუნით გააპო მიზნის ყვითელი გული.

სამოდელო გასროლას კვლავ საუბარი მოჰყვება: რა და როგორ გავაკეთე? რა მოგეჩვენათ შედარებით რთულად? შენ როგორ გააკეთებ? რა უნდა გაითვალისწინო?

რასაკვირველია, ერთ სამოდელო გასროლას მეორე მოჰყვა, მესამე… ისევ საუბარი, გასროლებისა და გასროლის შედეგების შედარება…

  1. მცდელობა და ვარჯიში

შემდეგ უკვე მოსწავლეები იღებენ იარაღს. იქვეა მისტერ ტომიც. ჯერ ძალიან ახლოს, ლამის თვითონვე ისვრის, შემდეგ ოდნავ უკან იხევს.

ისევ განხილვა პირველი მცდელობების შემდეგ: რა გამოგვივიდა კარგად? რა უნდა გავაუმჯობესოთ? როგორ?

  1. გაწაფვა

რასაკვირველია, უნარს, მათ შორის მშვილდის სროლისას, წაფავს ბევრი და მრავალფეროვანი ვარჯიში. მისტერ ტომი მიზანს ართულებს, რასაც მეტი აზარტი და ხალისი შემოაქვს გუნდში.

ისევ ვარჯიში… და რამდენიმე დღეში ახალბედა მოისრეები გარკვეულ კომპეტენციას იძენენ.

 

ახლა კი მოკლედ მიმოვიხილოთ წერილის დასაწყისში დაანონსებული პედაგოგიკა, რომლის პრაქტიკული აღწერა ზემოთ შემოგთავაზეთ მისტერ ტომის გაკვეთილების სახით.

 

ტერმინი ,,პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემა”  ქართულ პედაგოგიკაში შედარებით ფართოდ მას შემდეგ დამკვიდრდა, რაც USAID საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტმა იგი ერთ-ერთ საკვანძო მიდგომად გამოაცხადა. სიამოვნებით მახსენდება პროექტის მეშვიდე სართული, სადაც ერთობ შემოქმედებითად ვმუშაობდით წიგნიერების გუნდი პაატა პაპავას ხელმძღვანელობით. სწორედ პაატა პაპავას შემოტანილია ეს ცნება ასეთი თარგმანით (ინგლისურად: The Gradual Release of Responsibility Model) და ასევეა ასახული ჯიპრაიდის სარესურსო წიგნში ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე” (თ. ჭანტურია, გ. ჭაუჭიძე და სხვები პაატა პაპავას ხელმძღვანელობით). შეიძლება ზოგიერთ ნაშრომში სხვა ტერმინიც შეგვხვდეს: პასუხისმგებლობის თანდათან გადაცემა ან გათავისუფლება.

პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის (GGR) მოდელი პირველად 1983 წელს იქნა აღწერილი ანგარიშში სახელწოდებით „ წაკითხული ტექსტის გააზრების ინსტრუქცია“. ფ. დევიდ პირსონისა და მარგარეტ ს. გალაგერის მიერ დაწერილ ანგარიშში აღწერილი იყო სამსაფეხურიანი მოდელი, რომელიც მასწავლებლიდან მოსწავლეზე სწავლის პასუხისმგებლობის გადაცემას გულისხმობდა. ეს ნაბიჯები ხშირად მარტივად მოიხსენიება, როგორც „მე ვაკეთებ, ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ აკეთებთ“.

პირსონი-გალაგერის მიხედვით, „მე ვაკეთებ“ ფაზაში მასწავლებელი ახდენს კომპეტენციის მოდელირებას, დემონსტრირებას. ამას მოჰყვება „ჩვენ ვაკეთებთ“ ფაზა, რომლის დროსაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთად მუშაობენ სავარჯიშოებზე. ეს შეიძლება გაკეთდეს შეხიდების (ე.წ. სკაფოლდინგი. ვფიქრობ, ,,შეხიდება” გამოხატავს ყველაზე კარგად ამ შინაარსს, ნაცვლად ,,ხარაჩოს დადგმისა”.) საშუალებით. დასკვნით, „შენ აკეთებ“ ფაზაში მოსწავლეები ცდილობენ ახლად შესწავლილი მასალის დამოუკიდებლად გამოყენებას.

პედაგოგების, ნენსი ფრეის და დუგლას ფიშერის მიერ შემდგომში ჩატარებულმა კვლევებმა პირსონისა და გალაგერის ნაშრომები განავრცო. მათ შეიმუშავეს ოთხკომპონენტიანი GGR მოდელი, რომელიც ფართოდ იქნა აღიარებული პედაგოგებში და მოდელის სტანდარტული ფორმატი გახდა. ეს ოთხი ფაზაა: ფოკუსირებული გაკვეთილები, ხელმძღვანელობითი სწავლება, პროდუქტიული ჯგუფური მუშაობა და დამოუკიდებელი სწავლება. სხვაგვარად: „მე ვაკეთებ, ჩვენ ვაკეთებთ, თქვენ ერთად აკეთებთ, შენ მარტო აკეთებ“.

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: https://www.ebsco.com/research-starters/religion-and-philosophy/gradual-release-responsibility-model-grr-model )

რა დოზით უნდა ჩაერიოს მასწავლებელი სხვადასხვა ეტაპზე? მყისიერად უნდა შეუსწოროს თუ არა დაშვებული შეცდომა? ეს ზოგადი პედაგოგიკის, შეიძლება ითქვას, საკვანძო შეკითხვაა და ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად სწორედ ეს მიდგომაა საუკეთესო საშუალება. სწავლების მიზანი ხომ მოსწავლის ამა თუ იმ კომპეტენციით აღჭურვაა? შესაბამისად, თუკი მოსწავლე კონკრეტული კომპეტენციის გამოვლენისას რაღაც შეცდომას უშვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ წინა ეტაპი/ეტაპები არასრულყოფილად და/ან არასათანადოდ იყო წარმართული.

 

ბოლოს, ვნახოთ სქემა, რომელშიც ასახულია ფონოლოგიური უნარის, კერძოდ, სიტყვების დამარცვლის სწავლება პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის ოთხფაზიანი მოდელის მიხედვით.

ფაზა აღწერა
1. მე ვაკეთებ, თქვენ მაკვირდებით მასწავლებელი იღებს სიტყვის ილუსტრირებულ ბარათებს და ხმამაღლა მარცვლავს სიტყვებს, ხოლო ბარათებს გააკრავს დაფაზე მარცვალთა რაოდენობის მიხედვით წინასწარ გამზადებულ სქემაზე.
2. მე ვაკეთებ, თქვენ მეხმარებით მასწავლებელი სიტყვის ილუსტრირებული ბარათების მიხედვით სიტყვების დამარცვლისას იძახებს მოსწავლეებსაც, ამარცვლინებს მათ სიტყვებს და სთხოვს ბარათი დააკრან დაფაზე გაკრულ სქემაზე საჭირო ადგილას: ერთმარცვლიანი სიტყვის ბარათები — ცალკე, ორმარცვლიანები — ცალკე და ა. შ.

3. თქვენ ერთად აკეთებთ, მე გეხმარებით მასწავლებელი მოსწავლეთა მცირე (3-4 ბავშვი) ჯგუფებში არიგებს სიტყვის ილუსტრირებულ ბარათებსა და მარცვალთა რაოდენობის მიხედვით დაყოფილ სქემას. ჯგუფის მიზანია დარიგებული ბარათები დააჯგუფონ მარცვალთა რაოდენობის მიხედვით. მასწავლებელი აკვირდება ჯგუფების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეები დასახმარებლად მიმართავენ მას ან თვითონვე აძლევს სასარგებლო რჩევებს.

მასწავლებელი დაკვირვებისას იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად მზად არიან მოსწავლეები შემდეგ ფაზაზე გადასასვლელად.

4. შენ დამოუკიდებლად აკეთებ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ანალოგიურ დავალებას ინდივიდუალურად შესასრულებლად. მიცემულ ბარათებში უნდა იყოს რამდენიმე ისეთი სიტყვაც, რომელზეც წინა სამ ფაზაზე არ უვარჯიშიათ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მოსწავლე როგორც მოქალაქე

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“