კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

შენ ხარ მაღალი, ჩუმი და ჩემი ანუ პირველი სიყვარულის შესახებ

ღამეა. შუქი არ არის (როგორც ყოველთვის მაშინ), მე წიგნს ვკითხულობ (როგორც ყოველთვის მაშინ). ტარიელ ჭანტურიას პოემა ,,სპილოების სასაფლაოს”:

,,შენ ხარ მაღალი, ჩუმი და სხვისი
და მე მეშლები მშობლიურ ცაში…”
ლექსი სიყვარულზე არ არის, მამლუქებსა და სამშობლოს მონატრებაზეა, ეს სტრიქონები ეგვიპტის ცას ეძღვნება, მაგრამ ჩემთვის იმ წუთს ყველა ლექსი სატრფიალოა, რადგან მეექვსე კლასში ვარ და პირველად შემიყვარდა. ის, ვინც მიყვარს, მაღალია, ჩუმია და სხვისია (ალბათ) და ჩემს გულს რატომღაც ეშინაურება, ის, ვინც მიყვარს, ჩემთვის ეგვიპტის ცაა; ესე იგი, ყველაფერი თავის ადგილზეა, შემიძლია კითხვა გავაგრძელო:
,,…ჩემს ნაფეხურებს, მე კარგად ვიცი,
ქვიშაში ცხელი სამუმი წაშლის…”
ამ სტატიის მთავარი გმირები ჩვენ ვართ, ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებლის” ბლოგერები და ავტორები, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს პირველ სიყვარულს, სხვები ანონიმურად, მე კი, როგორც სტატიის ავტორს, ეს ფუფუნება არ მერგო. სწორედ ჩემი კოლეგის, ქეთევან კუპატაძის, შესანიშნავი წერილის,,სიყვარული ქიმიაა?” (სრულად სტატია შეგიძლიათ ამ მისამართზე იხილოთ: https://mastsavlebeli.ge/index.php?action=page&p_id=7&npid=9&id=174) წყალობით გავიგე, რომ ჩემს იმდროინდელ გრძნობებზე პასუხს ნივთიერებათა მთელი კასკადი: დოფამინი, ენდორფინები, ოქსიტოცინი და სეროტონინი აგებდა. თუმცა ეს სიტყვები მე ჯერ გაგონილიც არ მქონდა (არც ერთ ლექსში არ შემხვედრია), საერთოდაც მეექვსე კლასში ვიყავი და ქიმიის სწავლა არც დამეწყო და თუ მართალი გინდათ, ეს ყველაფერი დღეს შუადღისას გავიგე მხოლოდ. კიდევ აი, რა გავიგე დღეს:
,ამერიკის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ზემოთ აღწერილი ქიმიური რეაქციების კასკადი სრულფასოვნად (ანუ ყველაზე მძაფრად) მხოლოდ ერთხელ შეიძლება დატრიალდეს. ამით მეცნიერებს იმის თქმა სურთ, რომ ადამიანს ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ ერთხელ შეიძლება ეწვიოს.”
ქალბატონი ქეთევანი არ მიწყენს ალბათ, თუ მის სიტყვებს ჩემს ყოვლად დილეტანტურ მოსაზრებას დავუმატებდი, რომ ის ,,ერთხელ” ალბათ უმეტესად სწორედ პირველი სიყვარულია, როცა გამოუცდელ ორგანიზმს ნაკლები იმუნიტეტი აქვს თავსდამტყდარი ჰორმონული შემოტევის წინააღმდეგ.
ყოველ შემთხვევაში ჩემი კოლეგების ჩანაწერები ამაზე მეტყველებენ:
,,თავი მტკიოდა და მასწავლებელს ვთხოვე, სახლში დაერეკა. ბებიამ მომაკითხა. მასწავლებელმა დროებით გადამსვა მ ა ს თ ა ნ !!ბებო მოვიდა, წასვლა, ცხადია, აღრ მინდოდა. გამიარა-მეთქი, დავარწმუნე და უკან გავაბრუნე. ტკივილმა ცოტა ხანში მართლა გამიარა. ამოცანა გვეკითხება: სიყვარული კურნავს თუ მსხვერპლს ითხოვს? მეოთხეში ვიყავით.”
,,სკოლაში ხუთოსანი ვიყავი, ის ოროსანი და ასე ვთქვათ მოძველბიჭო, აი ისეთი სკოლაში რომ ავტორიტეტად ითვლება. ჰოდა, მაშინდელი წესების თანახმად მის გამოსასწორებლად და სამეცადინოდ მიმამაგრეს, ის კი მაინც არ “სწორდებოდა”. ყველა ჩემს დანახვაზე იპურჭყებოდა, ნაწნავს მწიწკნიდა და ერთსა და იმავეს მეუბნებოდა: – აუ, თავი დამანებე, რა! მე მაინც არ ვანებებდი, მით უმეტეს, რომ ამ დევნა–დევნაში შემიყვარდა. ერთ დღესაც, როცა მასწავლებელმა გამიძახა, ამაყად განვაცხადე, რომ გაკვეთილი არ ვიცოდი. ასე გავაგრძელე მთელი კვირა. გადაირივნენ მასწავლებლები, ჩემი მშობლები. ეს ჩემი მხრიდან გმირობის ტოლფასი იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა: მინდოდა ყურადღება მოექცია. ერთ დღესაც მეუბნება, გაკვეთილების მერე არ წახვიდე, შენთან საქმე მაქვსო. რა თქმა უნდა, დავრჩი. მიყურებს და ხმას არ იღებს. მერე უცბად მოვიდა და ლოყაზე მაკოცა, მიტრიალდა და და სანამ წავიდოდა მომაძახა: იმ კვირიდან ისევ ხუთოსანი უნდა იყოო. დღეს, ის ბიჭი ცოცხალი აღარაა, მაგრამ ის გრძნობა და კოცნა ხშირად მახსენდება.”
ესეც ჩემი ფავორიტი ისტორია:
,,მეექვსე კლასელი ვიყავი, ის – მეშვიდე. არ იცოდა, რომ ძალიან ვიტანჯებოდი. გაკვეთილები ყოველთვის ჩემზე გვიან უმთავრდებოდა. აუცილებლად უნდა გაევლო ჩემს სახლთან და ეს გზა ფანჯრიდან ცოტათი ჩანდა. ყოველ დღე ფანჯარასთან სუნთქვაშეკრული ვიდექი და ვიდრე გზის იმ პაწაწუნა მონაკვეთზე სულ რამდენიმე წამით გამოჩნდებოდა, საკუთარი გულის ბაგა-ბუგი მაყრუებდა. ერთი წელი!”
კიდევ ერთი ისტორია, რომელშიც მთელი ეპოქის სული ჩანს:
,, მე 80-იანებში ვიყავი მოსწავლე და მაშინ მაგარი სირცხვილი იყო სიყვარული და ამბები. მთელმა კლასმა იცოდა, ერთ კლასელ ბიჭს რომ ვუყვარდი, მაგრამ არ მეუბნებოდა. ჰოდა, ერთხელ, ექსკურსიაზე, ძმაკაცის პირით შემომითვალა. ეს მოვიდა და მეუბნება, იმას უყვარხარო. იმას იმის მერეც არ უთქვამს არაფერი, უთქმელად ვითვლებოდით შეყვარებულებად. ახლა ამ მხრივ უფრო მარტივადაა ყველაფერი. სიყვარული სირცხვილი აღარაა.”
სრულიად სერიოზულად მგონია, რომ პირველი სიყვარული არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც სკოლის პერიოდიდან ვიღებთ, შეიძლება ცოდნაზე, განათლებასა და ბავშვობის მეგობრებზეც არანაკლებ მნიშვნელოვანი. ძალიან ხშირად იგი ადამიანების ,,აღმზრდელად” იქცევა და ფასეულობათა ისეთ სისტემას უქმნის, რომელიც მის შემდგომ ცხოვრებაში ბევრ რამეს უყრის საფუძველს. არაერთი ფილმისა თუ ნაწარმოების თემადაც ქცეულა, თუ როგორ განაპირობა ადამიანების ბედისწერა მათმა პირველმა, სიყრმისდროინდელმა გრძნობამ. უარყოფილი ბავშვობისდროინდელი სიყვარული ხშირად იქცევა საუკეთესო მოტივატორად წარმატების, წინსვლის, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნისა და რასაკვირველია, უფრო იღბლიანი სასიყვარულო ურთიერთობის ფორმირების თვალსაზრისით.
პირველი სიყვარულის შედეგების გაანალიზებისას მოზარდს უყალიბდება კრიტერიუმები, თუ როგორი უნდა იყოს თვითონ, რომ სიყვარული დაიმსახუროს და როგორი უნდა იყოს ანდა არ უნდა იყოს მისი მომავალი მეორე ნახევარი. ჩემი ერთ-ერთი კოლეგა სკოლისდროინდელ გატაცებას ,,ყველაზე შავ-თეთრ მოგონებას უწოდებს” და იხსენებს:
,,მეც მომწონდა ერთი ბიჭი, რომელსაც ფეხბურთი უყვარდა და გეოგრაფიის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა. ჰოდა, რუკასთან რომ იდგა და მასწავლებელს ესპანეთზე ედო ჯოხი, მე ვჩურჩულებდი: რაული-მეთქი. ბრაზილია პელე იყო და ასე…”
ეს კოლეგა ახლა ცოლია ჩემი მეგობრისა, რომელმაც, სხვათა შორის, გეოგრაფიაც და სხვა ყველაფერიც იცის დედამიწის ზურგზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერ ვერავინ ჰკითხა რამე ისეთი, რაზეც პასუხი არ ექნებოდა. ასე ვსწავლობთ ხანდახან ჩვენს პირველ შეცდომებზე.
ხანდახან კი არაფრის შეცვლა არ არის საჭირო, ისეთი მშვენიერია ჩვენი მოგონებები:
,,დღემდე მგონია, რომ ყველაზე კარგი ბიჭი, ჩემგან მოწონებულებს შორის, ზუსტად ეგ ბიჭი იყო”.
ჩვენს პირველ სიყვარულებს, გარდა იშვიათი შემთხვევისა, ჩვენს აწმყოში თითქმის აღარანაირი ადგილი აღარ უკავიათ, მაგრამ მაინც არ გვასვენებს კითხვა: ვახსოვართ კი იმათ, ვინც არასოდეს დაგვავიწყდება. ეს მოგონება ყველაზე მეტად მომხვდა გულზე:
,,ვიცი, რომ დღემდე აქვს შენახული ჩემი ერთი ლექსის ხელნაწერი”.
მე კი სოციალური ქსელის საძიებო სისტემაში მისი სახელი და გვარი ჩავწერე; მისი ოდესღაც საკრალური სახელი და გვარი, რომელსაც თურმე უამრავი ადამიანი ატარებს საქართველოში და ბოლოს სურათზე ძლივს ვიცანი ძალიან გასუქებული მოჭიდავე, რომელიც თურმე ბირმინგემში ცხოვრობს და ექსტრემალური რალის ვიდეოებით სულდგმულობს. კინაღამ სიცილით მოვკვდი.
არა, რა შუაშია ეს ზორბა კაცი. ჩემი პირველი სიყვარულის სურათი ასეთია: ლამპასთან ვზივარ, წიგნს ვკითხულობ, ღამის ათი საათია, მის ნახვამდე თერთმეტი საათიღაა დარჩენილი, რომელთაგანაც ცხრა ძალიან სწრაფად, ძილში გავა.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი