კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

ქალური საკითხავი ანუ რჩევები ლიდერი ქალის აღსაზრდელად (მეორე ნაწილი)

ამჟამინდელი ოჯახი _ მეუღლე/პარტნიორი

გამოკითხულ ქალბატონთაგან თითოეულს  სრულიად თანასწორუფლებიანი ოჯახი აქვს, იგი და მისი მეუღლე თანაბრად იყოფენ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობებს, რაც ორივე მათგანს  აძლევს საშუალებას ერთნაირი ძალისხმევით განვითარდნენ პროფესიული თვალსაზრისითაც:

 ,,მადლობა ღმერთს, ჩემი პარტნიორი გულისხმიერად მექცევა. ისე ნუ გამიგებთ, რომ მუდამ ყველაფერში ერთ აზრამდე მივდივართ. უბრალოდ, ვინაწილებთ ყველა პასუხისმგებლობას.”

თითქმის ყველა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორის მხარდაჭერის გარეშე ასეთ კარიერას ვერ მიაღწევდა:
,,ამას ყოველთვის ვამბობ. მინდა ყველასთვის აშკარა იყოს. მე ვერაფერს შევძლებდი ასეთი გულისხმიერი და მზრუნველი პარტნიორი რომ არ მყოლოდა.”

ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ პარტნიორმა მას თავისი კარიერა შესწირა:
,,იგი უბრალოდ საოცარი მეუღლეა, არასოდეს უფიქრია, რომ მე შეიძლებოდა ჩემს გეგმებზე უარი მეთქვა, მაშინ, როდესაც თავად გვერდზე გადადო თავისი გეგმები. პირიქით, იგი მუდამ კომპრომისზე მიდიოდა ჩემი გულისთვის.”

6. დედობა

თანაბარი პარტნიორული ურთიერთობები წარმატებულ ქალებს ასევე დაეხმარა  დედობისა და კარიერის ერთმანეთისათვის შეთავსებაში. ცოდნა იმისა, რომ მათი არყოფნის დროს მათი მეუღლე რჩებოდა და ზრუნავდა ბავშვებზე,  შვებას ჰგვრიდათ:

,,ჩემი პარტნიორი დიდებულად უვლიდა ბავშვებს. ეს მნიშვნელოვანი და ძალიან იშვიათი ხელშეწყობაა. იგი ოთხ ან ხუთ საათზე მოდიოდა შინ და ჩემზე გაცილებით მეტი დრო ჰქონდა..”

თუმცაღა კვლევის ზოგიერთი ცდისპირი ქალბატონი იხსენებს იმ შინაგან კონფლიქტსა და სინდისის ქენჯნას, რომლებიც მათ დედობრივი და პროფესიული მოვალეობების შეუთავსებლობის გამო აწუხებდათ. მიუხედავად ამისა, ისინი ახერხებდნენ გონივრული გამოსავლის პოვნას:

,,შეიძლება ცრემლები მოგაწვეს, ათასში ერთხელ შეიძლება ატირდე კიდეც იმაზე ფიქრისას, თუ რა ,,ცუდი დედა” ხარ, მაგრამ შემდეგ იპოვი სწორ გზას, მაგალითად, მე ჩემს შვილებს ჩემი სამუშაოს თანამონაწილეებად ვაქცევდი, ისე, რომ ისინი ამაყობდნენ ამითი.”

გარდა ამისა, მათ ურჩევნიათ ყურადღება გადაიტანონ იმ სარგებელზე, რომელსაც მათი შვილები წარმატებული დედებისაგან იღებენ:

,,როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, რასაკვირველია,მათ ბევრი რამ დააკლდათ, მაგრამ მე ამ სიტუაციიდან გამომიყვანა ფიქრმა, რომ ამის გამო დღეს უფრო დამოუკიდებელნი არიან.”

აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა ქალს არ სტანჯავდა დანაშაულის გრძნობა, ზოგიერთი მათგანი პოულობდა იმ თვალსაზრისს, რომელიც მათ დააშაულის შეგრძნებისაგან ათავისუფლებდათ და აძლევდათ საშუალებას, სინდისის ქენჯნაზე მაღლა დამდგარიყვნენ:

,,მე მგონი, ბევრი დედა საუბრობს სინდისის ქენჯნაზე, მაგრამ მე არასოდეს მიგრძვნია თავი დამნაშავედ იმის გამო, რომ სახლში იშვიათად ვიყავი ხოლმე… არასოდეს. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო.”

,,თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. არ ვგრძნობ, რადგან საამისო მიზეზი არ მაქვს. ვიხსენებ ჩემს მეგობრებს, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სხვა რამეებით და მჯერა, რომ მათზე ათასჯერ მეტად ვიყავი ჩართული ჩემი შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში.”

7. საფასური

ქალების უმეტესობა საუბრობს ის საზღაურზე, რომლის გადახდამაც  წარმატების სანაცვლოდ მოუწიათ.
უმეტესობისა თვლის, რომ მთავარ წინაპირობა მათი კარიერული წინსვლისა სწორედ ის იყო, რომ ისინი მზად იყვნენ გარკვეული საფასური გადაეხადათ.

,,ჩემი აზრით,  კომპრომისებზე წასვლის მზაობა მათ, ვინც მწვერვალზე არიან, განასხვავებს მათგან, ვინც იქ ვერ მოხვდა.”

ზოგიერთი მათგანი ასახელებს ის საფასურს, რომლის გადახდაც მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის მოუწია: დაქანცულობა, დროის ნაკლებობა საკუთარი თავისთვის, ოჯახისა და მეგობრებისთვის:

,,თუ დედაც ხარ, მოგიწევს ფეხით ბავშვის საწოლი არწიო, ცალი ხელით კვერცხი თქვიფო, ხოლო მეორეთი _ ტელეფონი გეჭიროს და თანამშრომლებს ესაუბრო.”

,,საფასური, რასაც აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის იღებ, არის დრო, რომელიც უნდა მოხმარებოდა შენს გართობას, წიგნების კითხვას და სხვა სასიამოვნო საქმიანობას.”

,,შენ მზად უნდა იყო გადაიხადო ეს მძიმე და მტკივნეული საფასური [სახლში ხანგრძლივი დროით არყოფნა]. ვინც ამას ვერ მოახერხებს, გული უცრუვდება და შუა გზაზე ტოვებს საქმეს.”

მათი რეკომენდაციები

ინტერვიუს ბოლოს მკვლევრებმა სთხოვეს თითოეულ ქალბატონს, გამოეთქვათ თავიანთი შეხედულება, თუ როგორ შეიძლება ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა საზოგადოებრივი ძალაუფლებისა და ზეგავლენის მქონე სტრუქტურებში.

ზოგიერთმა მათგანმა ისაუბრა, ფართო სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც უნდა ჩატარდეს ქალის როლის გასაზრდელად:

,,პოლიტიკური სფერო რომ უფრო თანასწორი იყოს, უფრო ლმობიერი ქალებისადმი, მე მგონი, უფრო მეტ ქალს ვიხილავდით სისტემაში.”

,,უნდა მოხდეს სისტემური ცვლილებები, რომლებიც ქალს მისცემს საშუალებას გონივრულად შეუთავსოს ერთმანეთს ოჯახი და კარიერა.”

ქალი ლიდერების აღზრდა მომავალ თაობაში

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რომელიც მრავალ ინტერვიუში გამოიკვეთა, ქალი ლიდერების აღზრდის საკითხს შეეხებოდა:

,,კარგი იქნებოდა, ქალებისათვის ჩაგვეტარებინა რაც შეიძლება მეტი ვორქშოპი… რომლებიც მათ პოლიტიკურ ასპარეზზე  გაუხსნიდათ გზას”;

,,მე მჯერა პოტენციური ქალი ლიდერების ძებნის იდეის… უნდა შევქმნათ, ვმართოთ და გავაღრმავოთ შესაძლებლობები, ამაშია გასაღები.”

,,დაარწმუნეთ ქალები თქვენ გარშემო, რომ მათ ეს შეუძლიათ და თვითონ იპოვიან მიზნის მიღწევის თავიანთთვის შესაფერის გზას.”

,,პირველი რამ, რასაც მე გოგონებს ვეუბნები, არის, რომ არ დანებდნენ და სწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ჩემი აზრით, წარმატება მიზანმიმართულობისა და შეუპოვრობის პირმშოა.”
,,მე ვეუბნები მას… იყავი მეოცნებე, გამბედავი და ჩაეჭიდე ყველა შესაძლებლობას, რომელსაც ცხოვრება შემოგთავაზებს.”

კვლევის შედეგები

ყველაზე მთავარი აღმოჩენა იყო ის, რომ ლიდერ ქალებს ახასიათებთ ანდროგენულობის უფრო მაღალი მაჩვენელი, ვიდრე _ დანარჩენ ქალებს;

მათ უპირატესად ახასიათებთ თვისებები, რომელსაც სოციუმი ,,მასკულინურად” და ,,არაფემინურად” მიიჩნევს.
ყველაზე წარმატებულ ქალებს აქვთ ამბიციურობის, ლიდერობის, თავდაჯერების, დამოუკიდებლობისა და ა.შ. მაღალი დონე;

ისინი დიდად არ განსხვავდებიან სხვა ჯგუფის ქალებისაგან ე.წ. ,,ქალური თვისებებით”, მათაც ახასიათებთ მგრძნობიარობა, გულჩვილობა, დიპლომატიურობა და სითბო.

ლიდერი ქალებისაგან განსხვავებით, სხვა ჯგუფის ქალების დიდი უმრავლესობას (75%) არ აქვს თანაბარუფლებიანი ოჯახი.

მნიშვნელოვანი კორელაცია აღმოჩნდა ოჯახში შრომის თანაბარი განაწილების კოეფიციენტსა და ქალების თანამდებობრივ წინსვლას შორის.

რაც უფრო დიდია თანასწორობის ხარისხი ოჯახში, მით უფრო მეტადაა ქალი კონცენტრირებული სამუშაოზე.
დასკვნები და რეკომენდაციები ორგანიზაციულ დონეზე

ორგანიზაციებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი ქალების როლის გაზრდას, თუკი მოიძიებენ პოტენციურ ლიდერებს და დაუნიშნავენ მათ ხელმძღვანელებს, რომლებიც უმაღლესი საფეხურებისაკენ გაუკვალავენ გზას.

აღიარებენ იმ წვლილს, რომელიც ორგანიზაციის მუშაობაში შეაქვს მხოლოდ ქალებისათვის დამახიასიათებელ მენეჯერულ მიდგომებს, დაინახავენ წარმატებისაკენ გადადგმულ მათ ნაბიჯებს და დააჯილდოვებენ ქალებს; ისე დაარეგულირებენ კარიერული წინსვლის პირობებს ქალებისა და კაცებისათვის, რომ მათ შეძლონ ოჯახისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსება და პასუხისმგებლობის განაწილება.

დასკვნები და რეკომენდაციები პიროვნულ დონეზე

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრაქტიკულად ლიდერი ქალები ორიენტირებულნი არიან არა ძალაუფლებისა და კონტროლის მოპოვებაზე, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაზე, ქალები უნდა წავახალისოთ, რომ იყვნენ საუკეთესოები, ყურადღება გაამახვილონ პროცესზე და არა _ საბოლოო შედეგზე.
მოვუწოდოთ ქალებს, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავისა და არჩევნის.

წავაქეზოთ ქალები აირჩიონ პარტნიორი, რომელიც თანაბრად შეეშველებათ მათ ოჯახური მოვალეობების შესრულებაში;

მომუშავე დედები უნდა დაფიქრდნენ იმ სარგებელზე, რომელსაც მათ შვილებს დედის წარმატებული კარიერა უქადის, ამგვარად ისინი არა მხოლოდ გათავისუფლდებიან დანაშაულის გრძნობისაგან, არამედ კმაყოფილებასაც იგრძნობენ თავიანთი მიღწევების გამო.

დასკვნები და რეკომენდაციები 

ვეცადოთ გოგონებს ჩამოუყალიბდეთ ანდროგენული პიროვნული მახასიათებლები, ამისთვის საჭიროა შესაბამისად აღვზარდოთ ისინი;

ასევე უნდა გავაძლიეროთ მათში ფემინისტური იდენტობის შეგრძნება;

იმის გათვალისწინებით, რომ ძლიერი დედები მნიშვნელოვან როლურ მოდელს წარმოადგენენ ქალიშვილებისათვის, დედებმა უნდა იღვაწონ საკუთარი თავებისა და ქალიშვილების გაძლიერებისათვის;

წავახალისოთ გოგონები რომ იოცნებონ, ჰქონდეთ მიზნები და არასოდეს უღალატონ თავიანთ მისწრაფებებს.
თარგმნა და გამოსაცემად მოამზადა ანა კოპალიანმა
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი