ორშაბათი, აგვისტო 25, 2025
25 აგვისტო, ორშაბათი, 2025

„ისმინე, სწავლის მძებნელო“ ანუ როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია ბავშვებში

რატომ ვსწავლობთ? ამ კითხვას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოაზროვნე განსხვავებულად სცემდა პასუხს. ძველი ბერძნები ამბობდნენ: „შეიცან თავი შენი“ – ეს ითვლებოდა ყველაზე მნიშვნელოვნად სწავლის პროცესში. ცოდნის შეძენა გეხმარება საკუთარი თავის აღმოჩენაში. „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ – რუსთაველის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება, იმიტომ ვსწავლობთ, რომ ვცხონდეთო, ძალიან დიდხანს იყო ალბათ ერთადერთი პასუხი ამ კითხვაზე. მსგავს თვალსაზრისს  ბევრგან და ხშირად შევხვდებით. მოგვიანებით დაბრუნდა ანტიკური პოსტულატი, ოღონდ ქრისტიანობასთან შერწყმული. გავიხსენოთ დავით გურამიშვილის ცნობილი სიტყვები:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო?
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო?“

ადამიანი საკუთარი თავის შესაცნობად სწავლობს, თუმცა თავის შეცნობა მის ღვთიურ წიაღთან კავშირს გულისხმობს უცილობლად.

ასეა თუ ისე, სწავლა ნამდვილად გვეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. ის გვაძლევს პიროვნული განვითარების საშუალებას, გვივითარებს კრიტიკულ აზროვნებას, გვასწავლის ანალიზს, გადაწყვეტილებების მიღებას, ინფორმაციის შეფასებასა და დამოუკიდებლად ფიქრს; ახალი ცოდნა აძლიერებს ფანტაზიას, პრობლემების თავისებურად გადაჭრის უნარს, ცოდნა გვაძლევს თავისუფლებას, გამოვთქვათ აზრი, ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად სხვადასხვა სიტუაციაში. ყოველი სასწავლო გამოცდილება გვასწავლის სირთულეების დაძლევას სისტემატურად და ლოგიკურად. ცოდნა გვეხმარება, სწრაფად ავუღოთ ალღო ცვლილებებს. განათლება გვიღებს კარს მომავლისკენ, განათლება აფართოებს სოციალურ წრეს, აუმჯობესებს ადამიანებთან ურთიერთობის უნარს. სწავლა აყალიბებს ეთიკურ პრინციპებს, ეხმარება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში. გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგოთ სხვადასხვა კულტურა და თვალსაზრისი. გვეხმარება, ვიცნოთ საკუთარი ინტერესები, ნიჭი და მიზნები. ახალი რამის სწავლა ბუნებრივად იწვევს შინაგან კმაყოფილებას… კიდევ უამრავი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რატომ არის მნიშვნელოვანი ცოდნის შეძენა, რატომ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი სწავლა, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენი ხშირად გაჯეტებზე დამოკიდებული ან სხვა ინტერესებით დაკავებული მოსწავლეები ამაში დავარწმუნოთ. ალბათ დამეთანხმებით, ამისთვის მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა, საჭიროა, ჩვენს ბავშვებს სწავლის მოტივაცია გავუღვივოთ, ცოდნა მოვაწყუროთ.

სწავლის მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებული განათლებისთვის. როდესაც მოსწავლეებს რეალურად ესმით, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი, ისინი უფრო აქტიურად, ინტერესით და პასუხისმგებლობით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში.

რატომ არის სწავლის მოტივაცია მნიშვნელოვანი? სწავლის მოტივაცია უზრუნველყოფს გრძელვადიან ინტერესს ცოდნის მიღების პროცესისადმი, თვითონ სწავლის პროცესის ღირებულების გაცნობიერებას, აკადემიური წარმატებების გაუმჯობესებას, კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას, მომავალი კარიერის გზის წარმატებით დაგეგმვას…

რა შეიძლება გავაკეთოთ მოტივაციის ასამაღლებლად? ვფიქრობ, ბევრი საინტერესო აქტივობის მოფიქრება შეიძლება. პირველი, რასაც ჩვენი ბავშვები ყურადღებას აქცევენ, ნებისმიერი რამის პრაქტიკასთან, ყოველდღიურობასთან ბმაა: „სად ან რაში გამოვიყენებ?” – ალბათ ხშირად გვესმის მათგან. ჩვენც ნებისმიერი საგნისთვის უნდა შევქმნათ კონკრეტული მაგალითები: მათემატიკაში შესაძლოა ბიუჯეტის დაგეგმვა, არქიტექტურა, მუსიკის თეორია… ფიზიკაში ჩავრთოთ: ტექნოლოგიები, სპორტი, ყოველდღიური მოვლენები… ისტორია თანამედროვე მოვლენების გასაგებად გამოვიყენოთ, ხოლო ლიტერატურა კომუნიკაციის უნარების, ემპათიისა თუ კრიტიკული აზროვნების განსავითარებლად.

შესაძლოა, მოსწავლეებს შევაქმნევინოთ „მომავლის რუკა” – დავეხმაროთ კარიერული მიმართულებების კვლევაში. ყოველ მოსწავლეს დავავალოთ აირჩიოს სამი მისთვის საინტერესო სფერო; დააკვირდეს, რა საგნები და უნარები დასჭირდება; ეცადოს, შეხვდეს ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალს; შექმნას „სწავლის რუკა” – რომელი საგნები როგორ დაეხმარება მის ოცნებებს.შესაძლოა, გრძელვადიანი პროექტები დავგეგმოთ, რომლებიც რეალურ პრობლემებს და რამდენიმე საგნის ინტეგრაციას მოითხოვს (სკოლის ეკო-პროექტი (ბიოლოგია + მათემატიკა + საზოგადოებრივი მეცნიერებები; ადგილობრივი ისტორიის კვლევა და დოკუმენტური ფილმის შექმნა; ბიზნეს-გეგმის შემუშავება…). აუცილებლად ვამუშაოთ თვითრეფლექსიაზე – შესაძლოა, გააკეთონ ჩანაწერები, რა ისწავლეს ახალი, სად ან როგორ გამოიყენებენ ამ ცოდნას, რომელი უნარები განუვითარდათ, რა გამოწვევები შეხვდათ და როგორ გაუმკლავდნენ… ჩვენ კი, ტრადიციული ქულების ნაცვლად, შეგვიძლია, სხვადასხვა განმავითარებელი რუბრიკა, თვითშეფასება და რეფლექსია, თანატოლთა შეფასება გამოვიყენოთ.

ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გვიზიდავდა დიდობანა. ჩვენს ბავშვებსაც შევთავაზოთ, გახდნენ უმცროსების მენტორები, ან, პირიქით, მოვიწვიოთ პროფესიონალები მათთან შესახვედრად, გავაცნოთ ყოფილი კურსდამთავრებულების ისტორიები და, რაც მთავარია, მშობლებსაც ვთხოვოთ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

მოტივაციის გასაზრდელად კონკურსებში მონაწილეობაც არანაკლებ ეფექტურია. შეიძლება მოვაწყოთ გუნდური კონკურსები ცოდნაზე, „ჰაკათონები” სხვადასხვა საგნის მიხედვით, მოსწავლეთა კონფერენციები, ინოვაციური იდეების კონკურსები…

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მასწავლებელს მოსწავლის მაჯაზე უდევს ხელი, რომ მისი პულსაცია ესმის გამუდმებით. ჰოდა, მთავარია, არ გამოგვრჩეს მოსწავლეების ინტერესების კვლევა – რეგულარულად ჩავატაროთ გამოკითხვები, შევთავაზოთ მრავალფეროვანი სწავლის სტილები – ვიზუალური, აუდიო, კინესთეტიკური მეთოდების კომბინირება, მივცეთ დიფერენცირებული დავალებები – სხვადასხვა სირთულის დონეების გათვალისწინებით, არჩევანის თავისუფლება – მოსწავლეებს მიეცეთ ალტერნატიული დავალებები, მივაჩვიოთ, რომ- შეცდომები არის სწავლის ნაწილი, წავახალისოთ თანამშრომლობითი ატმოსფერო და გუნდური მუშაობა, მივაჩვიოთ კითხვების დასმას, დავაფასოთ მათი მცირე წარმატებაც, გამოვიყენოთ ის ონლაინ პლატფორმები, მათ რომ ასე ძალიან უყვართ, მოვაწყოთ ფიზიკური და ვირტუალური ექსკურსიები…

ვფიქრობ, მსგავსი მუშაობა მოგვცემს როგორც მოკლევადიან შედეგს (გაიზრდება ჩართულობა, საკლასო ატმოსფერო გაუმჯობესდება, დავალების შესრულების ხარისხი მოიმატებს), ისე – გრძელვადიანს (აკადემიური შედეგების მდგრადი გაუმჯობესება, თვითმოტივაციის გაზრდა, კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება, მომავალი განათლებისა და კარიერის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება…).

რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ მცირე ნაწილი შემოგთავაზეთ იმ აქტივობებისა, რომელთა გამოყენებაც მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესში შეუძლია მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად. ყველა მასწავლებელმა უკეთ იცის საკუთარი მოსწავლეების ინტერესები და შესაძლებლობები. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილებაც.

მთავარია, არ დაგვავიწყდეს ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში არ აქვს ალტერნატივა – სწავლის მოტივაცია აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენს მოსწავლეებში, რადგან განათლება საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება, „განათლება თავისუფლებაა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“