,,ჰაკლბერი ფინის თაგვდასავალი’’ არის ამბავი ბიჭზე, ჩემი თაობა და კიდევ ძველი, ჰეკლბერით რომ იცნობდა. ახლა როგორც ამბობენ, გამართული ეგრე უფროა. სულ მცირე, გარეკანს დავხედოთ, რა რანგის მთარგმნელები ჰყავს ამ გამოცემას და ვენდოთ.
მაგრამ ჩემთვის ჰეკლბერია. ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’ – ამ განცდით. თორემ კი არ ვჯიუტობ. პირიქით. აგერ აქაც, აწი, ჰაკით მოვისხენიებ. და რადგან ბარათაშვილი ვახსენეთ, იქ, ოკეანის გაღმა მარკ ტვენის უცნაური მოგზაური, სწორუპოვარ ,,მერანს” ახორციელებს თითქოს – ,,ნუ დამიტიროს ჩემმა სატრფომა.. ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში”.
კი, ასეა, რადგან ახალი ადამიანის დაბადების და თავისებური თავისუფლების საგალობელია ჰაკის მოგზაურობა. სხვა ეპოქის ოდესია. ამერიკული. გზის ამბავი, შუაში მყოფი ჰომეროსის (წასვლა და დაბრუნება) და კორტასარის (საცობი) მოდელებს შორის. წასვლა და არასდროს დაბრუნება უკან. სადაც ხარ, იქვე რომ შობ საკუთარ სახლს. რადგან ძველი სახლი, მამითურთ, მდინარემ წაიღო. აკი, ჯიმიმ თქვა, ის კაცი, პირქვე რომ იწვა, ჰაკლბერის მამა იყოო. ლოთი კაცი. გამოუსწორებელი. გამოუსწორებელი, როგორც წარსული. წარსულს წყალი თუ წაიღებს მხოლოდ. წარღვნის ალუზიაა ის წყალდიდობა. ახალი სამყაროს შობა და ძველის გაუქმება.
მანამდე ჰაკი დამოუკიდებლობას ყიდულობს ისეთი გაუგებარი გარიგებით, თანამედროვე დამწყები ბანკირიც კი უჩივლებდა და მოსამართლე პატიმრობას მიუსჯიდა. მაგრამ ეგრეა – დამოუკიდებლობა ყველაფერი ღირს, რაც ანგარიშზე გაქვს. მით უფრო, ისეთი, ჰაკიმ რომ მოინდომა.
ამ დამოუკიდებლობის წყალობით ჰაკლბერიმ იმოგზაურა ყველგან – აქ დროსაც ვგულისხმობ და სივრცესაც. წარსულშიც, ამწყოშიც და მომავალშიც. მეფე და ჰერცოგი, გოთიკური ინგლისი, ლინჩის წესის ამერიკა და სხვა მრავალი და მრავალგვარი ყოფა ხვდებოდა მისისიპის ნაპირებზე და ბოლოს მისი მეგობარი ტომიც გამოჩნდა.
ისე, ამ საქმის მცოდნე დამკვირვებლები, გნებავთ ენობრივი და გნებავთ თვისობრივი პლასტებით, ტომის და ჰაკის თავგადასავლებს დიდად ასხვავებენ და ალბათ ასეცაა. ტომი ევროპული თავგადასავალი უფროა, ჰაკი – ამერიკული.
რაც შეეხება სახლიდან გაქცევას და უკან არ მიხედვას, მგონი, ჰაკი ჰეილის ,,უსამშობლო კაცი’’ არ არის, თუ მაინდამაინც, მელვილის ,,მობი დიკთან’’ არის ახლოს. შორი-ახლოს.
ბევრი ხლართია. ბევრი ინტერტექსტი. და პირველი შრე კი შემტყუებელი, სასეირო ამბები.
წიგნი ყველა თაობისთვის და ამ თაობათა შორის ყველა გემოვნებისთვის, თუ ახირებული ვინმე არ გამოჩნდა.
მაგრამ ჰაკიზე ახირებული, აბა ვინ უნდა იყოს? ვერავინ. არავინ.