შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

Teaching Knowledge Test ანუ TKT

მასწავლებლობა მუდმივად განახლებადი პროფესიაა. გადაღლილობის ჟამს შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში სულ სხვადასხვა ამბებით ვართ დახუნძლულები. ერთი და იგივე აქტივობებიც კი ყოველ მეორე დღეს და ყოველ მეორე კლასთან სხვადასხვანაირად მუშაობს. თუმცა პროფესიული განახლებებში მხოლოდ იმ ცვლილებებს არ ვგულისხმობ, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის სხვანაირად და ახლებურად წარმართვაში გვეხმარება, არამედ ყველა ნაბიჯს, რომელსაც ვდგამთ, რათა უკეთესი პროფესიონალები გავხდეთ. სერტიფიცირებa, მათ შორის -საერთაშორისო, მუდმივი სწავლა და კვლევა-ძიება ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილია.

ჩემი ბრძოლა სერტიფიკატების შეგროვების ველზე, ცხადია საგნის პროფესიული გამოცდის ჩაბარებით დაიწყო, რომელიც უფროსი მასწავლებლობით დაგვირგვინდა. განათლების სამინისტრომ ჯამში ორი სერტიფიკატი რომ გამომიგზავნა სკოლის მისამართზე, იქიდან ზუსტად ერთ წელში ავიკარი გუდა-ნაბადი და შორ გზაზე გავფრინდი, სადაც არათუ ჩემი უფროსი მასწავლებლობა, არამედ საგულდაგულოდ დაწერილი და  ჩემს პროფესიულ პორთფოლიოში ჩადებული “სწავლების ფილოსოფიაც” კი აღარაფერს ნიშნავდა (რადგან ქართულად იყო დაწერილი). ასე და ამგვარად, ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს თავიდან უნდა დამეწყო, თუმცა არის რაღაც რაც გამოცდილ მასწავლებელს სულ თან დააქვს: ინტუცია, თუ როგორ მართოს კლასი, როგორ ეურთიერთოს ბავშვებს, როგორ შექმნას აქტივობები, როგორ ახსნას და მიაწოდოს მასალა მოსწავლეებს და ყველაზე მთავარი – როგორ მიმართოს სწრაფ იმპროვიზაციას საჭიროების შემთხვევაში, აი, უცებ არცერთი აქტივობა და არაფერი რომ არ მუშაობს, მაგ დროს. ალბათ ყველას გვქონია ეს მომენტი. ამიტომ, ჩემი თითქოსდა თავიდან დაწყებული კარიერა, სულაც არ იყო თავიდან დაწყებული და პირიქით. ერთადერთი, რაც მაკლდა საერთაშორისო კრედიტები და სერტიფირება იყო, რაც სულ ახლახანს გამოვასწორე.

გასულ თებერვალს სკოლის მეილზე წერილი მოვიდა, რომელიც იუწყებოდა, რომ ყველა მასაწავლებელს სავალდებულო ტრენინგები უნდა გაგვევლო და ბოლოს გამოცდაზე გავსულიყავით. ტრენინგის და გამოცდის თანხები სკოლამ სრულიად დაფარა, რაც იდეალურად ჟღერდა, რადგან  საუბარი საერთაშორისო გამოცდაზე იყო. ტრენინგები 5-6 კვირას გაგრძელდა და 22 აპრილს გამოცდაც ჩაინიშნა.

TKT იგივე Teaching Knowledge Test Cambridge English-ის საერთაშორისო გამოცდაა, რომელიც მასწავლებლის თეორიულ ცოდნას აფასებს ინგლისური ენის სწავლების და ზოგადად სწავლების სფეროში, რაც მოიცავს ენის სტრუქტურას, სწავლის მეთოდებს, გაკვეთილების დაგეგმვას, კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებს და ა.შ. TKT სერტიფიცირება განსაკუთრებით სასარგებლოა საერთაშორისო ან დამწყები მასწავლებლებისთვის.

TKT-ის სამი ძირითადი და ორი დამატებითი მოდული აქვს:

  • მოდული 1: Language and Background to Language Learning – ფოკუსირებულია ენის სტრუქტურაზე, გაგებასა და გამოყენებაზე. პირველი მოდული განიხილავს ენის შესწავლის და სწავლების პროცესს სხავდასხვა ასაკის და კულტურის ადამიანიებისთვის. ამ მოდულზე მუშაობისას შეისწავლით ან გაიხსენებთ თუ როგორ უნდა ვასწავლიდეთ ლექსიკას, გრამატიკას, გამოთქმებს, სტილისტიკას და ა.შ. პირველი მოდული ასევე მოიცავს სწავლების პარადიგმებს და ენობრივი გარემოს გავლენას სწავლაზე.
  • მოდული 2: Lesson Planning and Use of Resources – ფოკუსირებულია გაკვეთილის სტრუქტურაზე, მიზნებზე და რესურსებზე. სწავლობთ, თუ როგორ უნდა დავგეგმოთ გაკვეთილი, როგორ უნდა დავადგინოთ მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნები, რა მიმდევრობით უნდა გამოვიყენით აქტივობები და როგორ ვმართოთ დრო. მეორე მოდულზე მუშაობისას განიხილავთ სასწავლო მასალების (წიგნების, აუდიო-ვიზუალური რესურსების, ტექნოლოგიების) გამოყენებასაც, რათა გაკვეთილი მეტად პრაქტიკული, პროდუქტიული და სასწავლო მიზნებზე მორეგბული იყოს.
  • მოდული 3: Managing the Teaching and Learning Process – უფრო მეტად ფოკუსირებულია კლასის მართვასა და სწავლების პროცესის კონტროლზე, შესამოწმებელი შეკითხვების ეფექტურ გამოყენებაზე, დისციპლინაზე, ინდივიდუალური და ჯგუფური სწავლების მეთოდებზე. თუმცა შინაარსიდან გამომდინარე მესამე მოდულში ინტეგრირებულია პირველი და მეორე მოდულებიც. მესამე მოდულის მიზანია მასწავლებელმა შეისწავლოს თუ როგორ შექმნას სწორი სწავლების გარემო, რომელიც მხარს უჭერს თითოეულ მოსწავლეს.
  • YL (Young Learners) – ეს მოდული სწავლობს მოსწავლეებს 3-12 წლის ასაკში, მათ თავისებურებებს, განვითარების ეტაპებს, სწავლების მეთოდებს, ჩართულობას, შეფასების სტრატეგიებს და კლასის მართვას.
  • CLIL (Content and Language Integrated Learning), – ეს მოდული ეხება სწავლების მეთოდს, სადაც საკვლევი საგანი, მაგალითად ისტორია, ისწავლება ინგლისურად და ისტორიის და ინგლისური ენის შესწავლა თანადრიულია. ამ მოდულზე მასწავლებელი სწავლობს თუ როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ერთდროულად ორ სფეროში.

მასწწავლებლეს შეუძლიათ თითოეულ მოდულის გამოცდაზე ცალ-ცალკე ან ერთდროულად გავიდნენ. თითოეული მოდულის გამოცდა 80 კითხვისგან შედგება, რომელთაგანაც ზოგი შემოსახაზია, ზოგი დასაკავშირებელი, ჩასასმელი და ა.შ. გამოცდა მთლიანად წერითია, შეფასება 1-4 ქულამდეა. ტერმინი “ჩაჭრა: აქ არ არსებობს, რადგან გამოცდა ძირითადად ცოდნის დონის დადგენაზეა კონცენტირებული შემდეგნაირად: Band1- ძირითადი დონე: მასწავლებელს აქვს ძალიან შეზღდული ცოდნა. Band2 – განვითარებადი დონე: მასწავლებელს აქვს ზოგადი, თუმცა ფრაგმენტული ცოდნა. Band3 (∼60-75/80) – დამაკმაყოფილებელი დონე: ეს დონე საკმარისია, რომ მასწავლებელმა დამოუკიდებლად და ეფექტურად იმუშაოს. Band4 (∼75-80/80) – მაღალი დონე: მასწავლებელს აქვს სიღრმისეული ცოდნა სწავლების თეორიებსა და პრაქტიკაზე.

TKT სერტიფიცირება კარგი სვლაა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ გზაზე, მითუმეტეს თუ კარიერული შესაძლებლობების გაზრდაზე ფიქრობთ. იგი ფართოდაა აღირებული მრავალი საერთაშორისო სკოლისა და ორგანიზაციების მიერ. სხვა სასერტიფიკატო გამოცდებისგან კი სწორედ ის გამოარჩევს, რომ მისი მიღება შედარებით მოკლე დროშია შესაძლებელი და ფასიც გაცილებით ხელმისაწვდომია. TKT ასევე კარგი საბაზისო საწყისია, თუკი შემდეგში უფრო სერიოზულ და კონკრეტულ კვალიფიკაციებზე მუშაობა გსურთ, მაგალითად CELTA- ზე ან DELTA-ზე.

საქართველოში ამ გამოცდის ჩაბარებაში British Council Georgia დაგეხამრებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“