ყოველ ადამიანს აქვს გარემოს აღქმის უნიკალური უნარი, რომლის მეშვეობითაც ხედავს, ესმის და შეიმეცნებს სამყაროს. ინდივიდუალურობა განსაზღვრავს, როგორ ვიღებთ, ვამუშავებთ და ვიმახსოვრებთ ინფორმაციას. აღქმის განსხვავებული სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პიროვნების აკადემიურ წარმატებაზე. სწორი სასწავლო მიდგომების შემთხვევაში, მოზარდს ეძლევა საშუალება, სრულად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი და სწავლა აქციოს საინტერესო, ნაყოფიერ პროცესად.
სამყაროს ყველა სხვადასხვაგვარად აღიქვამს, ზოგი ხედავს მას დასურათებულად, ზოგი უკეთესად ერკვევა ხმებისა და საუბრის საშუალებით, ზოგი კი უშუალო მოქმედებით და შეხებით შეიგრძნობს ინფორმაციას. აღქმის ტიპები, ანუ მოდალობები, არის ის არხები, რომლებითაც ადამიანები ყველაზე ეფექტურად შეიმეცნებენ გარემოს. განათლების ფსიქოლოგიაში ეს განსხვავებები ხშირად აღწერილია, როგორც აღქმის მოდალობები (ტიპები) – ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტური.
ვიზუალები –
- სწავლაში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ, როდესაც ინფორმაციას ხედავენ. ვიზუალისთვის აუცილებელია სურათები, გრაფიკები, დიაგრამები, ფერადი სქემები და სხვა ვიზუალური დამხმარე რესურსები;
- მათთვის მნიშვნელოვანია ჩანაწერების გაკეთება და სხვადასხვა ფერის ფანქრისა თუ მარკერის გამოყენება. მოსწონთ საილუსტრაციო მასალა, პლაკატები და ფილმები.
აუდიალები –
- წარმატებულად სწავლობენ, როდესაც ინფორმაციას ისმენენ. აუდიალებისთვის საუკეთესოა ლექციები, დისკუსიები და ზეპირი ინსტრუქციები;
- მათთვის ადვილია ახალი ენების ათვისება და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. უკეთ დასამახსოვრებლად, ინფორმაციას ხშირად ხმამაღლა იმეორებენ.
კინესთეტები –
- შედეგიანად სწავლობენ პრაქტიკული გამოცდილებით, მოძრაობისა და შეხების საშუალებით. კინესთეტებისთვის სწავლის საუკეთესო საშუალებაა ექსპერიმენტები, სწავლა კეთებით და როლური თამაშები;
- მათთვის მნიშვნელოვანია მოძრაობა, ამიტომაც არ შეუძლიათ ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა. სწავლის პროცესში უყვართ სხვადასხვა აქტივობის შესრულება და ფიზიკური ჩართულობა.
სწავლის მკვლევრები ასევე განიხილავენ აღქმის შერეულ მოდალობას. მსგავსი შესაძლებლობის მოზარდი სასწავლო პროცესში ერთდროულად იყენებს სხვადასხვა არხს – ხედვით, მოსმენით და პრაქტიკული საქმიანობით. სწორედ ამგვარი მოქნილი მიდგომა აძლევს მას საშუალებას ყველა სიტუაციაში ადვილად მოერგოს შემეცნებით გარემოს.
ადამიანები იშვიათად მიეკუთვნებიან მხოლოდ ერთი კონკრეტული აღქმის მოდალობას. უმეტესობას აქვს რამდენიმე ტიპის ნაზავი. ერთს შეიძლება უკეთ ახსოვდეს ინფორმაცია, თუ ხედავს სქემატურად და თან ისმენს ახსნას, ხოლო მეორისთვის ვიზუალური მასალის პრაქტიკული მოქმედებით დამყარება უფრო ეფექტურია. შერეული ტიპის მოდალობის ინდივიდი, შეიძლება თანაბრად კარგად იმახსოვრებდეს როგორც ვიზუალურ, ისე სმენით ან კინესთეტურ ინფორმაციას – ახერხებდეს სწავლის ყველა მეთოდზე კომფორტულად ადაპტირებას.
ბოლო წლებში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასევე გამოიკვეთა ტერმინი ციფრული მოდალობა. მისი მთავარი მახასიათებელია ინფორმაციის დამუშავება ციფრული ცხრილებით, დიაგრამებით, ალგორითმებითა და ზოგადად, ციფრული რესურსებით. ეს მიდგომა ხშირად უკავშირდება თანამედროვე სასწავლო გარემოს, სადაც ცოდნა ციფრულ ფორმატში გადაიცემა.
ციფრული აღქმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც უნარი, ეფექტურად, კრიტიკულად აღვიქვათ, გავაანალიზოთ და დავამუშაოთ ციფრული წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
ციფრული მოდალობა მოიცავს რამდენიმე ძირითად კომპონენტს:
- მედიაწიგნიერება – როგორ განვასხვაოთ სანდო და არასანდო ინფორმაცია, გავაანალიზოთ მედიაკონტენტის შექმნის მიზანი და მისი გავლენა;
- ინფორმაციული წიგნიერება – შევაფასოთ და ეფექტურად გამოვიყენოთ მოძიებული ინფორმაცია;
- ტექნოლოგიური უნარები – პროგრამების, პლატფორმებისა და სხვა ციფრული ინსტრუმენტების მოხერხებულად გამოყენების ფლობა.
ტრადიციული სწავლის მოდალობებს ციფრული აღქმა სძენს ახალ განზომილებას. ვიზუალმა შეიძლება განსაკუთრებით ეფექტურად აღიქვას ინფორმაცია გრაფიკებიდან ან ვიდეოებიდან; კინესთეტმა ინტერაქციული აპლიკაციებისა და ვირტუალური ლაბორატორიების მეშვეობით; ხოლო აუდიალმა შეიძლება ისწავლოს პოდკასტების, აუდიოწიგნების ან ვიდეოების საშუალებით, სადაც ყურადღება გამახვილებულია საუბრებზე.
ციფრული გარემო საშუალებას იძლევა თითოეული მოდალობის მქონე მოზარდისთვის სასწავლო პროცესი გახდეს უფრო ნაყოფიერი. ვიზუალური სწავლა შეიძლება გამდიდრდეს 3D მოდელებითა და ვირტუალური რესურსებით. კინესთეტური სწავლება შეიძლება განხორციელდეს თამაშებზე დაფუძნებული სასწავლო პლატფორმებითა და სიმულაციებით. აუდიალური სწავლებისთვის კი ეფექტურია სხვადასხვა სახის სასაუბრო პროგრამები და ინტერაქტიული აუდიოსისტემები.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება – ციფრული სივრცე სავსეა ყურადღების გამფანტველი ელემენტებით. ამიტომ, ციფრული აღქმა მოითხოვს დამატებით უნარებს, როგორებიცაა – ფოკუსირება, კრიტიკული აზროვნება და თვითრეგულაცია.
ციფრული აღქმა არ ცვლის ტრადიციულ მოდალობებს, არამედ ავსებს მათ და გვეხმარება მუდმივად ცვალებად ციფრულ სამყაროში წარმატებულ ნავიგაციაში.
VAK (ვიზუალური V, სმენითი A და კინესთეტური K) სწავლების სტილი სათავეს იღებს მარია მონტესორის მიერ შემუშავებული მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებიდან. ის ასევე ეფუძნება უილიამ ჯეიმსის, ვილჰელმ ვუნდტის და ერნსტ მეუმანის პიროვნების სწავლის ტიპების კვლევებს. მისი განვითარება კიდევ უფრო განაპირობა სწავლის უნარის შეფერხების, მათ შორის დისლექსიისა და სმენითი დარღვევების კვლევამ.
1960-იან წლებამდე VAK ძირითადად გამოიყენებოდა სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, განსაკუთრებით კითხვაში. 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, მან უფრო ფართო გავრცელება მოიპოვა სასწავლო პროცესში და განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ბოლო წლებში, VAK-ის პრინციპები გამოიყენება მიმზიდველი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად და სწავლა-სწავლების პროცესში უკეთესი შედეგის მისაღწევად.
ცნობილია აღქმის მოდალობების საკვლევი ბევრი ტესტი. გთავაზობთ სახალისო, კრეატიულ იდეას. ვთხოვოთ მოსწავლეებს გადაიღონ სელფი, სადაც მარტო იქნებიან გამოსახული. ფოტოს ანალიზი საშუალებას მოგცემთ, მათი აღქმის ტიპები შეისწავლოთ არატრადიციული გზით. ასეთი ტესტი მოითხოვს თქვენი მხრიდან ფოტოზე დაკვირვებასა და ანალიზს.
ვიზუალური აღქმის მქონე მოსწავლე დიდ ყურადღებას მიაქცევს ვიზუალურ დეტალებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტო იყოს ესთეტიკურად სასიამოვნო და მოწესრიგებული.
- სავარაუდოდ შეეცდებიან, აირჩიონ მოწესრიგებული ან საინტერესო ფონი. შეიძლება დადგნენ წიგნის თაროსთან, ლამაზ კედელთან ან ფანჯარასთან, საიდანაც კარგი ხედი იშლება;
- შესაძლოა, დააკვირდნენ, როგორ იჭრება მათი სახე კადრში, რა კუთხით არის გადაღებული ფოტო. ვიზუალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტო იყოს დაბალანსებული და ჰარმონიული;
- შეეცდებიან იპოვონ ადგილი, სადაც კარგი განათებაა, ფერებიც ლამაზადაა შეხამებული.
სმენითი აღქმის მქონისთვის ვიზუალური ფონი და დეტალები ნაკლებად პრიორიტეტულია. მათთვის მთავარი შეიძლება იყოს ფოტოზე აღბეჭდილი მომენტის ამბავი ან კონტექსტი, რომელიც შეიძლება სიტყვიერად აღწერონ.
- სავარაუდოდ, არ დახარჯავენ დიდ დროს ფონის მოსაწყობად. მათთვის ფონი შეიძლება იყოს უბრალოდ ოთახი ან კედელი, რომელიც არ საჭიროებს დეტალურ ვიზუალურ დახვეწილობასა და წესრიგს;
- თუ მოსწავლეს სთხოვთ, აღწეროს, რატომ გადაიღო ფოტო ასე, ის ყურადღებას გაამახვილებს არა იმდენად ვიზუალურ დეტალებზე, რამდენადაც იმ ამბავზე, რასაც ეს ფოტო ჰყვება (მაგ. „ეს სელფი იმიტომ გადავიღე, რომ ახალი სიმღერის მოსმენისას ძალიან ბედნიერი ვიყავი“).
კინესთეტური აღქმის მქონენი სხეულის ენაზე და მოძრაობაზე არიან ორიენტირებულნი. მათთვის მნიშვნელოვანია შეგრძნებები და მოქმედებები.
- სავარაუდოდ, გამოიყენებენ აქტიურ ჟესტს ან პოზას – ხელის აწევა, თავის გვერდზე გადაწევა, მიმიკა. ეცდებიან, ფოტოზე დაფიქსირებული იყოს მოქმედება.
- შესაძლოა, ფოტოზე იყვნენ ისეთ ადგილას, სადაც რაიმეს ეხებიან ან რაიმესთან ურთიერთობენ (მაგალითად, ეყრდნობიან კედელს, უჭირავთ საყვარელი წიგნი). მათთვის სელფის გადაღება მოქმედებასთან არის დაკავშირებული.
- ფოტოს გადაღების პროცესი კინესთეტისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე საბოლოო შედეგი.
მიუხედავად იმისა, რომ სელფი ვიზუალური პროდუქტია, მასზე დაკვირვებითა და მოსწავლის მიერ გაკეთებული არჩევანის გაანალიზებით (ფონი, პოზა, ჟესტები), შეგიძლიათ თითოეული მოსწავლის აღქმის დომინანტური ტიპის შესახებ შეგექმნათ გარკვეული წარმოდგენა.
სწავლა-სწავლებაში წარმატების მისაღწევად განათლების სპეციალისტები გვირჩევენ მრავალფეროვანი აქტივობებით მდიდარ სასწავლო პროცესს. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს სხვადასხვა აღქმის მოდალობების მოსწავლეთათვის სასურველი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას. დიფერენცირებული სწავლების წარმატებულად წარმართვის სასურველია, ვიცოდეთ, აღქმის რა „არხებია“ უფრო ეფექტური მოცემულ კონკრეტულ კლასში. მოსწავლეთა ინდივიდუალური ტიპებისა და საჭიროებების უკეთ გასარკვევად სასურველია შესაბამისი კვლევის განხორციელება.
გთავაზობთ ინოვაციურ მეთოდს „სამი მაგიდის პრინციპი“. აღნიშნული მეთოდი გულისხმობს გაკვეთილის ჩატარებას ისეთი აქტივობებით, სადაც მასალის ახსნის პარალელურად შესაძლებელი იქნება კვლევის განხორციელებაც.
კვლევის მეშვეობით შეგვიძლია გამოვავლინოთ, როგორ იმოქმედებს სხვადასხვა მოდალობაზე ორიენტირებული სასწავლო სივრცე მოსწავლეთა ინტერესზე, აქტიურობასა და შედეგებზე, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება საგაკვეთილო პროცესის ოპტიმიზაციასა და განათლების ხარისხის ამაღლებაში.
ასეთი ფორმატის გაკვეთილზე მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ მათი პიროვნული აღქმის ტიპის შესაბამისი სამუშაო გარემო – სასურველი აქტივობები და რესურსები, რაც ხელს შეუწყობს მათ კომფორტულ, მიზნობრივ და ეფექტურ სწავლებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის მიღება, არამედ კვლევითი კომპონენტის შემოტანა, რაც შესაძლებელს გახდის აღქმულ და გადამუშავებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული შედეგების ანალიზს.
მოდალობების კვლევა ტარდება საგაკვეთილო პროცესში. მასწავლებელი სამ მაგიდას ამზადებს შესაბამისი რესურსებით. მოზარდები საკუთარი სურვილით ირჩევენ სასურველ სამუშაო სივრცეს. თითოეული მაგიდა კონკრეტულ აღქმის ტიპზე უნდა იყოს ორიენტირებული, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, თავად აირჩიონ, რომელი რესურსებით სურთ ახალი მასალის ათვისება. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თითოეულ მაგიდასთან შესასრულებელი დავალების შინაარსს და სთხოვს მათ, დასხდნენ იმ რესურსებთან, რომლებიც ყველაზე მეტად იზიდავთ სამუშაოდ.
ვიზუალები აირჩევენ სურათებთან, გრაფიკებთან და სქემებთან მუშაობას, აუდიალები – აუდიოჩანაწერებთან, კინესთეტიკები – ექსპერიმენტებთან, ფიზიკურ მოდელებთან იგრძნობენ თავს კომფორტულად. ყველა მაგიდაზე უნდა იყოს განთავსებული ციფრული მოწყობილობა, რამდენად მოახერხებენ მოცემული სამუშაოს შესასრულებლად ციფრული რესურსების გამოყენებას.
კვლევის პროცესში მასწავლებელმა უნდა ჩაინიშნოს თითოეული მოსწავლის ჩართულობის დონე, დავალების შესრულების შედეგი და სუბიექტური განცდები (დაინტერესება, კომფორტი, გაგების ხარისხი). ამ მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა, შევაფასოთ, რომელი მოდალობაა ყველაზე ეფექტური კონკრეტულ თემაზე და ასაკში; რა სახის აქტივობები უწყობს ხელს ცოდნის უკეთ დამახსოვრებას და გამოავლენს მოსწავლეთა ინდივიდუალურ თავისებურებებს.
ასეთი დაკვირვება დაგვეხმარება, გავიგოთ, ერთი და იგივე სასწავლო შინაარსი როგორი არხებით „მიდის“ მოსწავლემდე. ვიღაცას მეტი შედეგი აქვს დანახვის, ვიღაცას მოსმენის, სხვას კი მოქმედების გზით. ამგვარი ინფორმაციის შეგროვება საშუალებას მოგვცემს, მომავალში გაკვეთილები ისე დავგეგმოთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის ძლიერი მხარე და შევუქმნათ მათ წარმატების განცდა და სასურველი სასწავლო გარემო.
ამ ფორმატში მასწავლებელი ერთდროულად ახორციელებს თემატურ აქტივობას და ამავდროულად მოდალობის კვლევას – მოზარდი თავისით ირჩევს მაგიდას, პედაგოგი კი აკვირდება, აკეთებს ჩანაწერებს და იკვლევს, რომელი გზაა თითოეული მოსწავლისთვის უფრო ბუნებრივი.
მსგავსი ფორმატის გაკვეთილების ჩატარება უფრო მიზანშეწონილია დაწყებით და საბაზო საფეხურზე. ამ მეთოდის გამოყენება შეუძლია ყველა საგნის პედაგოგს.
გთავაზობთ გაკვეთილის აქტივობებს მე-7 კლასის მასალაზე ფიზიკაში.
საკითხი: ნივთიერება და ფიზიკური სხეული
მასწავლებელი აკეთებს საჭირო განმარტებებს საგაკვეთილო საკითხთან მიმართებაში. უხსნის მოსწავლეებს, რომ მოამზადა სამი განსხვავებული სტილის რესურსი, რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა მაგიდაზე. თითოეულს აქვს თავისუფლება თავად აირჩიოს, რომელ მაგიდასთან იმუშავებს. ასევე, შესაძლებელია მაგიდებს შორის გადაადგილება და ყველა აქტივობაში მონაწილეობა. აღნიშნავს, რომ მსგავსი სასწავლო მიდგომა პედაგოგს მომავალში საშუალებას მისცემს, დაგეგმოს უფრო საინტერესო და მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილები.
რესურსები და აქტივობები თითოეული მაგიდისთვის –
მაგიდა N1: განკუთვნილია ვიზუალური აღქმის მოსწავლეებისთვის, რომლებიც წარმატებულად სწავლობენ, როდესაც ინფორმაციას ხედავენ.
დავალება: ვიზუალური მასალის გამოყენებით განასხვაონ სხეული და ნივთიერება
რესურსები: მარკერები, ნახატები, ფლიფჩარტი, კომპიუტერი
მაგიდაზე მოთავსებულია ფერადი სურათები, სადაც გამოსახულია სხვადასხვა სხეული და ნივთიერება. მაგ. წიგნი, ფანქარი, ოქროს ზოდი, ოქროს ბეჭედი, ქარვა, ნახშირი, ქვაბი, ალუმინი, მზე, შენობა, გრაფიტი, მარილი, წყალი, დანა, ნავთი, სპირტი, ავტომობილი და სხვა.
- მოსწავლეებმა უნდა დახაზონ სქემები და დაალაგონ ნახატები შესაბამის კატეგორიებში –
ნივთიერება | სხეული |
- შექმნან მარტივი სქემები შესაბამისი ნახატებით, რომელიც აჩვენებს, რომ სხეული შედგება ნივთიერებისგან –
მაგ. ლურსმანი (სხეული)→ დამზადებულია → რკინისგან (ნივთიერება);
- კომპიუტერის საშუალებით, სადაც ფაილებში იქნება სხვადასხვა ფოტო ნივთიერების და საგნების გამოსახულებით (ან ფოტოებს მოიძევენ ინტერნეტის საშუალებით). მოსწავლეები აქაც მოახდენენ ფოტოების დახარისხებას შესაბამის გრაფებში ან შექმნიან ვიზუალურად მდიდარ პრეზენტაციას Canva-ს ან PowerPoint-ის საშუალებით.
მაგიდა N 2: ეს მაგიდა გათვლილია სმენითი აღქმის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ინფორმაცია მოსმენით უკეთ ამახსოვრდებათ.
დავალება: აუდიომასალის გამოყენებით მოისმინონ, გაიაზრონ სხეულისა და ნივთიერების ცნებები.
რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი, ყურსასმენები და ფლეიერი, ჩამწერი მოწყობილობა (მაგ.დიქტოფონი)
მაგიდაზე ხელმისაწვდომია წინასწარ ჩაწერილი, მოკლე და გასაგები აუდიოლექცია, რომელიც განმარტავს ნივთიერებისა და სხეულის ცნებებს მაგალითებით (მაგ. „კოვზი არის სხეული, რომელიც შედგება ნივთიერება რკინისგან“).
- მოსწავლეები მოისმენენ ჩანაწერს;
- შეუძლიათ დისკუსიის შემდეგ ჩაწერონ საკუთარი განმარტება ან მაგალითები;
- ჯგუფურად იმსჯელონ მოსმენილზე ან ჩაწერონ პოდკასტი.
მაგიდა №3: ეს მაგიდა შეესაბამება კინესთეტური აღქმის მოსწავლეთა ინტერესებს, რომლებიც სწავლობენ მოქმედებითა და შეხებით.
დავალება: რეალური სხეულების საშუალებით შეისწავლონ და განასხვაონ სხეული და ნივთიერება.
რესურსები: პლასტილინი, სხვადასხვა ნივთი, ინტერნეტი, კომპიუტერი.
მაგიდაზე დევს სხვადასხვა ნივთი – მაგ. ხის კუბიკი, რკინის ზოდი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ბურთულები (რკინის, პლასტმასის, პლასტილინის), გრაფიტი, რვეული, ფანქარი, სათამაშო, წყალი ჭიქაში და სხვა.
- მოსწავლეებმა ეს ობიექტები უნდა დაალაგონ ორ ჯგუფად: სხეული და ნივთიერება;
- შექმნან პლასტილინით რაიმე კონკრეტული სხეული, რათა შეექმნათ წარმოდგენა, რომ პლასტილინი არის ნივთიერება, ხოლო მისგან შექმნილი ფიგურა – სხეული;
- კომპიუტერში გახსნან Paint პროგრამა და დახატონ სხვადასხვა სხეული.
(კომპიუტერული ხატვა ხორციელდება მაუსით ან თითით (თუ ეკრანი სენსორულია), რაც არის კინესთეტური მოქმედება. მოსწავლეები აკეთებენ, ეხებიან (თუმცა ვირტუალურად) და ალაგებენ, რაც ეხმარება მათ, დააკავშირონ აბსტრაქტული ცნებები მოძრაობასთან და მოტორულ აქტივობასთან).
თითოეული მაგიდა საშუალებას მისცემს მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში და მასალა მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ფორმით აითვისოს. მასწავლებელი ამ აქტივობების შესრულების დროს არის აქტიური დამკვირვებლის როლში და აკეთებს ჩანაწერებს.
- რომელი მაგიდა აირჩია პირველად?
- კიდევ რომელ მაგიდასთან მივიდა?
- რა დრო დაყო თითოეულ მაგიდასთან?
- რომელი სამუშაო აღმოჩნდა მისთვის პროდუქტიული?
დაკვირვების ფურცელი მასწავლებლისთვის
მოსწავლის
სახელი, გვარი |
პირველი
არჩევანი – მაგიდა N |
კიდევ რომელი სივრცე აარჩია
მაგიდა N |
მუშაობის ხანგრძლივობა მაგიდასთან | ჩართულობის დონე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი
(კომენტარი) |
გაკვეთილის ეს მეთოდი უფრო კვლევითი მიდგომაა, სადაც:
- მოსწავლე თავად წყვეტს, რომელ რესურსთან იმუშავებს;
- მასწავლებელი აფიქსირებს, სად მიდის პირველად, სად რჩება დიდხანს, რომელ რესურსს იყენებს აქტიურად;
- შედეგი ორმაგია, მოსწავლე სწავლობს, და მასწავლებელი იღებს ინფორმაციას მისი სწავლის სტილის შესახებ.
„სამი მაგიდის პრინციპი“ შექმნის დინამიკურ გარემოს და საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეებზე დაკვირვებით განსაზღვროთ, რომელი აღქმის ტიპი დომინირებს თითოეულ მათგანში.
ეს პრინციპი „გაჩერებებით სწავლების“ მსგავსია, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავებაა ის, რომ მოზარდისთვის სავალდებულო არ არის ყველა მაგიდასთან მისვლა. ამ შემთხვევაში მთავარი იდეაა არა მთელი მასალის გავლა, არამედ მოსწავლის სასწავლო სივრცის არჩევანისა და შესაბამისი მოდალობის გამოვლენა.
აღნიშნული ფორმატით ჩატარებული გაკვეთილი მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, დააკვირდეს მოსწავლეთა აღქმის ინდივიდუალურობას და გამოავლინოს, რომელ მოდალობას ანიჭებს უპირატესობას თითოეული მათგანი. უნდა აღინიშნოს, რომ აღქმის მოდალობები ერთმანეთისაგან მკაცრად იზოლირებული არ არის. ყველა ინდივიდს აქვს მრავალმხრივი აღქმის პოტენციალი, თუმცა მათი გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა განსხვავებულია. მსგავსი კვლევა ხელს უწყობს გამოვლინდეს მოზარდის დომინანტური მოდალობა, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის დიფერენცირებულად წარმართვას და სწავლების მრავალმხრივი შესაძლებლობების სრულად გამოყენებას.
„სამი მაგიდის პრინციპზე“ დაფუძნებული სწავლების მეთოდი ინოვაციურია. ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალური აღქმის სტილს და უზრუნველყოფს სწავლების დინამიკურობასა და მრავალფეროვნებას. თითოეული „მაგიდა“ ქმნის ერთსა და იმავე თემის ფარგლებში განსხვავებულ სივრცეს – ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტური რესურსებით. შედეგად, გაკვეთილი გარდაიქმნება მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოდ, სადაც თითოეული მოსწავლე საკუთარი გზით მიდის ცოდნამდე, ხოლო მასწავლებელი იღებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მაღალი დონის ჩართულობისა და გააზრებული სწავლების უზრუნველსაყოფად.
გამოყენებული ლიტერატურა: