ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ჩემი ცხოვრების მასწავლებლები

არაერთხელ მითქვამს, არ ვიცი, ვინ ვიქნებოდი, რომ არა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში (დღეს – ეროვნული სასახლე) არსებული შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის ჯადოსნურ სამყაროში გატარებული დღეები.  ამ სტუდიის მასწავლებლებიდან დღეს ბევრი აიღებდა მაგალითს სწავლების ინოვაციური მეთოდებისა თუ ინდივიდუალური მუშაობის სტილის თვალსაზრისით (პირადად მე ასეც ვიქცევი). ეს ადამიანები სულ სხვა ამინდით, მოუხელთებელი ჰორიზონტივით შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ამ ჰორიზონტისკენ მიმავალი გზა კი მომცრო, უდაბნოშემოკრული წიგნის მესამედში ჩატეულ უზარმაზარ კვერცხის გულზე, უსიერ ტყესავით ამოუხსნელ საიდუმლოსა და ხის ძველი საწერი მაგიდის გარშემო განაბულ ბავშვობაზე გადის.

აღსანიშნავია სასახლის ის ჯადოსნურ გარემო, რომელშიც 7 წლის ასაკში მოვხვდი და სკოლის დასრულებამდე აღარ დამიტოვებია. გულგრილად დღესაც ვერ ჩავუვლი შენობას, რომელიც პატარა ბავშვში ენით აღუწერელ აღფრთოვანებას და რიდს იწვევდა. ფეხაკრეფით შევდიოდი სტუდიის კაბინეტსა თუ სარკეებიან დარბაზში, სადაც ჩემს ბავშვური გულუბრყვილობით გაჯერებულ ლექსებს ისეთი ყურადღებით და აღტაცებით ისმენდნენ, თითქოს მათ წინ უკვე შემდგარი, წარმატებული მწერალი იდგა. იმ შავბნელ 90-იან წლებში სასახლე იყო ერთადერთი სივრცე, სადაც ყოველთვის მიმიხაროდა, სადაც მისმენდნენ და ესმოდათ ჩემი.

ჩემი პირველი მასწავლებელი შემოქმედ მოსწავლეთა სტუდიის დამაარსებელი, ქალბატონი ფაცია (ლიდია) პაიჭაძე გახლდათ. ახლაც მახსოვს, სად იდგა მისი სამუშაო მაგიდა (სტუდიაში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ, ოთახის კუთხეში), ამ მაგიდის სუნი, დიდი ფანჯრები, რომლებიც სასახლის ულამაზეს ეზოში გადიოდა და თითოეული ჩვენგანისთვის ინსპირაციის ერთგვარ წყაროს წარმოადგენდა. ახლაც ცხადად ვხედავ ნაომარი, ნაცრისფერი თბილისის გულში ჩამალულ ამ ჯადოსნურ თავშესაფარს და დიდ, გაურანდავ ხის სკამზე შემოსკუპებულ პატარა გოგოს, რომელსაც დეიდა ფაცია საბავშვო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს უზიარებდა. შემდეგ კი კითხულობდა მოსწავლის ახლად ფეხადგმულ სტრიქონებს და  მას ტექსტზე მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს უტარებდა. სწორედ ფაცია პაიჭაძის „ბრალია“ თითოეული ფრაზის სრულყოფამდე მიყვანის დაუოკებელი სურვილი, რომელიც დღემდე მახასიათებს. დეიდა ფაცია იყო ჩემი პირველი თავგამოდებული გულშემატკივარი. მას შემდეგაც კი, რაც სხვა მასწავლებელს მიმაბარა, ჩემს ლექსებს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსსა თუ სასახლის გაზეთში ისევ აქტიურად აგზავნიდა და ჩემი წარმატებით ბავშვივით ხარობდა. მე კი ისევ ჯიუტად ვესწრებოდი მის გაკვეთილებს, ოღონდ სტუმრის სტატუსით, რაც ჩემთვის, როგორც მომავალი მასწავლებლისთვის,  ერთგვარ მასტერკლასად იქცა. მაგრამ მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ფაცია მასწავლებლის აქტივობებს/მიდგომებს საკუთარ გაკვეთილებზე გამოვიყენებდი?!

ჩემთან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ქალბატონმა ფაციამ გადაწყვიტა, რომ წინსვლისთვის უფრო გამოცდილი და წერაში მეტად გაწაფული მოსწავლეების ჯგუფში გადასვლა მესაჭიროებოდა. ასე მოვხვდი ბატონი მიხეილ გოგუაძის კლასში. თერთმეტი წლის გოგონას გვერდით, გაურანდავ სტრიქონებს რომ ძლივს აკოწიწებდა, ისხდნენ უკვე ხელგაწაფული მოსწავლეები. ჩვენს შორის ასაკობრივი  სხვაობის მიუხედავად, ბატონი მიშა ყოველთვის ახერხებდა თითოეული ჩვენგანის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული გაკვეთილების ჩატარებას. სიტყვა „ვერლიბრი“ დღემდე უდაბნოს, პირამიდებსა და სფინქსს მახსენებს, სფინქსს, რომელსაც ჩემს ბავშვურ წარმოსახვაში მასწავლებლის იერი დაჰკრავდა, უდაბნო კი მისი  ყვითელი მაგიდის სინონიმად ქცეულიყო.

ზაფხულობით, როცა  „მზე გავარვარებულ მჯიღებს უშენდა“  თბილისს, ჩვენ  ვისხედით და ვსაუბრობდით აკუტაგავაზე, თომას მანზე, „ღვთის ტაფაზე მოხალული ადამიანების“ ბედზე… რაზე აღარ. ამგვარი საუბრების შემდეგ უცხო სახელები და იდუმალი წიგნები ჩემთვის ახლობელი და მნიშვნელოვანი ხდებოდა. არც ზამთარს, უტრანსპორტობას და ჩაბნელებულ ქუჩებს ვუფრთხოდით. მაშინ, როცა ომგამოვლილი ქალაქი ძლივს ფეთქავდა, ჩვენ საათობით ვისხედით ბატონი მიშას მაგიდასთან ქუდებსა და ქურთუკებში შეფუთულები და არ მახსოვს, რომელიმე ჩვენგანს უმიზეზოდ გაეცდინოს გაკვეთილი. არც მასწავლებელს მივუტოვებივართ.

ოთხმოცდაათიან წლებში  სიტყვა „ხელფასი“ უცხო სიტყვათა ლექსიკონში გადაბარგდა და მოაზროვნე ადამიანების გადარჩენისთვის ბრძოლა ხავსს მოჭიდებას დაემსგავსა. ბატონი მიშა კი ისევ ნატყვიარ რუსთაველზე „იბრძოდა“ – მხუთავი გაზით გაჟღენთილი და მოზუზუნე ტყვიების მუსიკაზე გაზრდილი თაობის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

ალბათ ყველა მოსწავლეს ექნება სახლში მიხეილ გოგუაძის პოეზიის კრებული. ერთ-ერთი  ეგზემპლარი მეც მერგო. მახსოვს, რამდენჯერმე გულდასმით წავიკითხე ოთხივე პოემა, მაგრამ მხოლოდ წლების შემდეგ შევძელი გამეხედა ჰორიზონტს მიღმა და თვალი მომეკრა, როგორ მიდის, აუჩქარებლად, წელში მოხრილი ავტორის ლანდი წამის მოსახელთებლად:

(ნაწყვეტი პოემიდან „მემორიალი“)

რაც შეეხება ფეხაკრეფით ცხოვრებას, სულ მიკვირდა ის იდუმალი სიჩუმე, რომელიც ამ საოცარი ადამიანების, ქალბატონი ფაციასა და ბატონი მიშას გარშემო იდგა. დრო გავიდა და ჩვენც (მათი მოსწავლეები) გავიზარდეთ, მივატოვეთ (მწარე, მაგრამ ზუსტი სიტყვაა). მერე ისინი სამუდამოდ წავიდნენ. ჩვენ კი საკუთარ უდაბნოებში დავხეტიალობთ, სიტყვებსაც ვეჭიდებით და ხავსსაც. ახლა მხოლოდ სიზმრებში თუ მოგვიყინავს თითებს უკან მოტოვებული შიში და უსიამო ზმანებიდან გამოვაკებულებს, შეიძლება გაგვახსენდეს ის პატარა, ხის ოთხკუთხა მაგიდის უდაბნო, სადაც ნაომარ სულს ვიშუშებდით.

როცა ჩემი ცხოვრების მთავარ მასწავლებლებზე ვფიქრობ, ელა გოჩიაშვილის ერთი შესანიშნავი ლექსი მახსენდება:

აი ბატონ მიშას და ქალბატონ ფაციას კი უნდოდათ…

დიდი ადამიანები ფეხაკრეფით ცხოვრობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“