მთავარია, მასწავლებლებმა მთელი გულით დავიჯეროთ, რომ წერილობით აზრის გამოთქმა ყველა მოსწავლეს შეუძლია. მასწავლებლის რწმენა ჯადოსნურად მოქმედებს ბავშვზე. ჯერ აზრის ჩამოყალიბებას იწყებს, შემდეგ გვენდობა და ენდობა ჩვენ მიერ შექმნილ გარემოს, ბედავს და ხმამაღლა კითხულობს. ელოდება ჩვენს უკუკავშირს, შთაბეჭდილებებს და ამ დროს ბეწვის ხიდზე ვიწყებთ სიარულს – მისი წინადადებები, რომლებიც გულში გამოვიტარეთ, სიტყვებად უნდა დავაბრუნოთ. გულწრფელობის გარეშე კი ნდობას მყისვე დავკარგავთ.
მოსწავლე წერის სწავლებისას ნაბიჯ-ნაბიჯ მიმყავს წერით ინსტრუქციამდე, თავად ვუკითხავ ჩემს ნაწერს, შემდეგ ველოდები, რომ დაწეროს და დგება ჩემი საყვარელი ეტაპი – როცა მთელი გულისყურით ვუსმენ. ერთხელაც ჩემი მოსწავლეების მოსმენისას დღიურში მათი წინადადებებისა და სიტყვების ჩაწერა დავიწყე, ჯერ სიტყვების, შემდეგ უკვე – წინადადებების. მერე სახალისო ვიქტორინა გამოვიგონე და ამგვარად დავარწმუნე ბავშვები, რა საინტერესოა გულისხმიერი მოსმენა. საშინაო დავალებების რვეულებზე მუშაობისას კი ვარსკვლავივით მბრწყინავი წინადადებები ამოვწერე და წყალგამძლე ფლომასტერებით პერანგზე დავაწერე. ამგვარად, როდესაც ჩემი მოსწავლეები წერით დავალებებს მიკითხავენ, მე საყვარელი წინდადადებების მაძიებლად ვიქეცი და ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე დღიური შევავსე.
წლის ბოლოს ლიტერატურული კაფესთვის მზადებისას, გადავწყვიტე, შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებისთვის შემეკერა ბალიშები, რომლებსაც ერთ მხარეს წიგნების მიხედვით მოვხატავდი, მეორე მხარეს კი ჩემს დღიურში ჩაწერილი წინადადებებიდან შერჩეულ წინადადებას/წინადადებებს დავწერდი. მანამდე მთელი შვიდი თვე ვკერავდი საჯაროს სკოლის ერთი კლასისთვის ბალიშებს, რომელთა შესახებ შაბათის მკითხველთა კლუბის ბავშვებს ვუყვებოდი და ისინიც მგულშემატკივრობდნენ. სწორედ მათი სიყვარულით სავსე მზერა გახდა ჩემთვის ძალა, რომ სამ დღეში 25 ბალიში შემეკერა. ბალიშზე დაწერილი მათი წინადადებებით კი მადლიერების გამოხატვა მსურდა იმისთვის, რომ მენდობიან, წერენ, საკუთარი შესაძლებლობების სჯერათ და ხმამაღლა მიკითხავენ.
ბალიშებზე გადატანილმა წინადადებებმა სიხარულის ფოიერვერკი გვაჩუქა ყველას – ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებელსა და ყველას, ვინც კი ამ დღის შესახებ შეიტყო. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ბავშვებს საკუთარი წინადადებები უნდა გამოეცნოთ: ზოგი დაიბნა, ზოგმა მყისვე იცნო, ზოგმა ერთმანეთის წინადადებები უფრო სწრაფად ამოიცნო, ვიდრე – საკუთარი. ამგვარმა თამაშმა დაუვიწყარი ემოციები გვაჩუქა და ვფიქრობ, თითოეული მათგანი საკუთარი ინდივიდუალიზმის, უნარების, შესაძლებლობების შესახებ დადებითი განწყობით დაიმუხტა.
ლიტერატურული კაფედან დაბრუნებულმა ილიას დედამ რომ წაიკითხა უფროსი შვილის წინადადება, მომწერა, რომ იტირა. ცრემლების გარეშე მეც ვერ ვკითხულობ ერთად თავმოყრილ წინდადებებს. მახსენდებიან ჩემი მოსწავლეები, მათი სახეები მიდგას თვალწინ და მათი ხმა ჩამესმის. ახლა, როცა ამ სტატიას ვწერ, ზაფხულის საღამოა. ვფიქრობ, ნეტავ, სად დევს ფერადი და წიგნების მიხედვით მოხატული ბალიშები, იქნებ ვინმე უცხო ადამიანი კითხულობს ან ჩემი მოსწავლეების მეგობრები დაინტერესდნენ და ამბავი გამოკითხეს? იქნებ საუბრის თემა გახდა? დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალ ამბავს მოქსოვს 12-14 წლის გოგო ბიჭების წინადადებები, რომლებიც ამასობაში თითქოს გასულიერდნენ. თქვენც გიზიარებთ ბალიშებზე წარწერილ წინადადებებს და გისურვებთ, ბავშვების გულიდან ამოსული წინადადებებით გახარებას:
- „ვწერ და ვწერ და ვფიქრობ, რა დავწერო და მახსენდება, რომ ჭრიჭინის ხმა აღარ მესმის“. – ანდრია
- „მე რომ ფრენა შემეძლოს, დაუფიქრებლდ ნეიმარის სახლში გავფრინდებოდი“. – გიო
- „ვგრძნობ, რომ მისთვის განსაკუთრებული ვარ“. – კესო
- „ვფიქრობ, სად და როდის შევხვდებით ერთმანეთს?“ – მარიამი
- „ადრე მარიამი შემოვიდა „მინისოში“ დედასთნ ერთად. მე თავს ვიწონებდი და ვიპრანჭებოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ პენალს ეძებდა“. – მარიამი
- „შიგნით დედა კიტას უღუტუნებს. მახსენდება, რომ მაცივარში „მედოკია“. – თაისია
- „ერთხელ რაჭაში ვიყავით მე და ნიტა და გადავწყვიტეთ მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ტყეში წასვლა სოკოებზე“. – მართა
- “ოდესმე მიხსენებია, რომ მელიები ძალიან მიყვარს?“ – მარიამი
- „ვფიქრობ ჩემს საუკეთესო მეგობარზე, რომელიც სხვა ქალაქში ცხოვრობს“. – ნუცა
- “ხანდახან ვფიქრობ, შენი ცუდი ნათქვამი ხალხს გონებაში არ რჩებოდეს და მაშინვე ქრებოდეს“. – ანასტასია
- „ლელა მასწავლებელო, განაგრძეთ ლიტერატურული კაფეს მოწყობა და არასდროს არ დანებდეთ“. – ნიკა
- „პატარა რომ ვიყავი, ვეძებდი განძს. ვეძებდი ქუჩაში, სახლში, სხვა სახლებში და კიდევ ბევრ ადგილას“. – ირაკლი
- „ასეთ დავალებას პირველად ვწერ. მინდა, ასეთი დავალება რომელიმე ჩემს მეგობარს გავუზიარო“. – მარიამი
- ერთხელ მე და ჩემი ოჯახი და დიდი ბებია მივდიოდით სიღნაღში. ზამთარი იყო და თოვდა“. – მარიამი
- „დედაჩემი სახლს პირველ მაისს რომ გააფორმებს, მთელი თვე ვერ ხსნის. მთელი ოჯახი ერთად ვართ“. – მაკრინე
- „გავიზარდე. გემოვნება შემეცვალა, სტილი, ინტერესები და მადა“. – მარიამი
- „არ მიყვარს, წიგნები რომ მთავრდება. ეს დედაჩემი არ ისვენებს, ახლა ტილო შემოიტანა და იატაკს წმენდს“. – ნია
- „მოდის საღამო და მაშინ მახსენდება, რა არის სახლი. რა საოცარია, არა, ბავშვობა?“ – ბაბო
- „18 დეკემბრის ღამეს, როცა ბავშვებმა დაიძინეს, მე და დედამ ნაძვის ხე დავდგით“. – ილია
- „მიყვარს ის წიგნები, როცა ერთი ადამიანი ჰყვება თავის ცხოვრებას“. – ნიტა
- მე და კესო ვცეკვავდით. დედაჩემი და მამაჩემი მეგობრებს ესაუბრებოდნენ. ჩემს პატარა დას სკამზე ეძინა“. – ნუცა
- „ჩემო საყვარელო, მერი ბებო. სკოლაში მასწავლიან ბევრ რაღაცებს, რასაც შენ მასწავლიდი და შენ მახსენდები“. – სესილი
- „კარგად, მარიამ. კიდევ ბევრი დაგვიწერე ასეთი წიგნები“. – გაბრიელი
- მე თომა ვარ. ახლა ჩემთან ხდება საგიჟეთი“. – თომა
- მეგობრებს ვეტყოდი, თითოეული წუთი, თქვენთან გატარებული, ბედნიერება იყო“ – ერეკლე