ცხრამეტ იანვარს, როგორც სახარება გვიყვება, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ამ დროს სულიწმინდა უმანკო მტრედის სახით გარდამოვიდა, ხოლო ზეციდან გაისმა მამა ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.
იქ, იმ სოფელში, ნათლისღება დილას, სანამ ხალხი გაიღვიძებდა, ყრუ-მუნჯი კაცი კანკელიდან ლითონის ჯვარს იღებდა და დაბლა სოფლის შუაგულისკენ მიდიოდა.
ნათალი ქვისგან შეკრულ ქვის ნავში, სადაც საქონელს არწყულებდნენ, ყინულს ამოამტვრევდა ნაჯახით. ხალათს აიმკლავებდა და ჯვარს სამჯერ ამოავლებდა წყალში. ეს მისი, საყდრის ყარულისა და მნათეს, საქმე იყო, მასავით არავის გამოუვიდოდა, რადგან წყლის მაკურთხებელს კურთხევისას ხმა არ უნდა ამოეღო, უმძრახად უნდა აღესრულებინა რიტუალი.
მრავალი წლის წინათ, სოფლიდან ბოლო მღვდლის წასვლის შემდეგ, სოფლის მენახირეს ჩაუდგამს წყალში ჯვარი, უმძრახობის აღთქმა დავიწყებია და ნატვრა ამოუთქვამს. ამის გამო წყალი არ კურთხეულა.
ყრუ-მუნჯი ჯვარს ტაძარში შეაბრძანებდა ისევ, ზარს დამპალ თოკს გამოუცვლიდა და რეკვას იწყებდა. საყდარი ხრიოკ გორაზე იდგა და თონესავით ჩავარდნილ სოფელს დაჰყურებდა თავზე. ზარის ხმა შეტყობინება იყო, რომ წყალი დაწმინდავდა.
მერე კი მოდიოდა ხალხი ჭურჭლით. ნაკურთხ წყალს უმძრახად იღებდნენ და შინ მიჰქონდათ. მერე ისევ ბრუნდებოდნენ, ხორაგი მოჰქონდათ. კარტოფილის ხინკალი და ხილის არაყი, კომბოსტოს მწნილი და სალა. სუფრა იქვე, ქვის ნავთან იშლებოდა. გამვლელ-გამომვლელი სუფრას რაღაცას უმატებდა, ჯდებოდა და ზეიმობდა წყლის კურთხევას. თამადა ერთი კაცი იყო, რომელსაც თანაბრად ეხერხებოდა მკვდრის დაბანა, მისთვის ყბის აკვრა და ქელეხში გემრიელი შილაფლავის მომზადება.
ჩხუბიც ატყდებოდა ხოლმე. ნაცემები ნავის წაბილწვას ერიდებოდნენ და იქვე, პატარა ხევში იბანდნენ სახეს, მერე კი ნაცემ-მცემლები ერთად აგრძელებდნენ ქეიფს.
საზეიმოდ ჰქონდათ კიდეც საქმე – ღმერთის წინაშე ვალი მოიხადეს. წყალიც წლობით შეინახებოდა, არ აყროლდებოდა და არც ამყაყდებოდა. გასათხოვარი ქალები პირსახეს და თმას იბანდენენ ამ წყლით, ნატვრასაც ჩაუთქვამდნენ, ნაწილს მწნილის წვენში და ყველის დედაში ურევდნენ.