შარშან თუ შარშანწინ აქცია გამოვაცხადე: „წერა მწერალთან ერთად“. მე, როგორც პოპულარული საბავშვო წიგნის, „დიიიდი ნუნუს“ ავტორი, ამ წიგნის გაგრძელებას ბავშვებთან ერთად დავწერდი.
რამდენიმე თავი მართლა დავწერე ბავშვებთან ერთად. დავჯდებოდი ხოლმე სხვადასხვა სკოლის მეორე-, მესამე-, მეოთხე- თუ მეხუთეკლასელებთან და ვწერდით „დიიიდი ნუნუს“ გაგრძელებას.
დიდ ჩაილურში დავიწყეთ – აბა, სად უნდა დაგვეწყო „დიიიდი ნუნუს“ გაგრძელება, თუ არა დიდ ჩაილურში?! ეს იყო საახალწლო თავი.
მერე ზუგდიდელ მოსწავლეებთან ერთად დავწერე „მამა ბავშვებს ხატავს“. მერე ქუთაისელ ბავშვებთან ერთად – თავი, რომელშიც ნუნუ ექსკურსიაზე იკარგება.
სხვადასხვა სკოლაში ბავშვებისგან ვიწერდი ხოლმე იდეებსაც და ერთ-ერთი იდეა თელაველმა ბავშვებმაც მომაწოდეს: ძველ სკოლაზე დაწერეთ ერთი თავიო. ეს დავალებაც თითქმის შევასრულე.
მაგრამ მთავარი რამ 106-ე სკოლაში მოხდა, სადაც შორენა იმედაიშვილმა თავისი მოსწავლეების აკინძული წერილები გამიზიარა, ხოლო შეხვედრაზე ბავშვებმა მითხრეს, თქვენი წიგნი ჩვენ გავაგრძელეთო და წამიკითხეს თავიანთი ამბები ნუნუს შესახებ. ერთ-ერთი თავი იმ ამბებიდანაც დავწერე: „აუზზე“.
თბილისის 106-ე სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო დიდ დახმარებას მიწევენ. ნატალია მიმინოშვილის მე-4 (უკვე მე-5) კლასის მოსწავლეებთან ერთად დავსხდებით ხოლმე ამ ზაფხულში და ვწერთ ახალ-ახალ ამბებს. უკვე სამი შეხვედრა გავმართეთ და ორი თავიც დავწერეთ.
მინდა, სწორედ ეს პროცესი აღვწერო ამ წერილში.
„წერა მწერალთან ერთად“ გულისხმობს მოსწავლეების წერისა და კითხვის უნარებში გაწაფვას მათთვის მამოტივირებელ და ნამდვილი წერის გარემოში – ჩვენ ხომ მართლა წიგნს ვწერთ მართლა გამოსაცემად?! აქტივობა მოსწავლეებს ასევე ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, მხატვრული ხერხების ამოცნობასა და მოფიქრებაშიც კი.
წერის პროცესი ეფუძნება წერის ტრადიციულ ჩარჩოს – ხუთსაფეხურიანი წერის მოდელს და მის, ფაქტობრივად, ყველა საფეხურს მოიცავს.
- 1-ელი საფეხური: იდეების გენერირება;
- მე-2 საფეხური: შავი ვარიანტის დაწერა;
- მე-3 საფეხური: გადამუშავება;
- მე-4 საფეხური: რედაქტირება;
- მე-5 საფეხური: გამოქვეყნება (ცხადია, ამ ეტაპს ყველა სულმოუთქმელად დაველოდებით წიგნის დასრულების შემდეგ).
ჯერ კონკრეტული თავის იდეასა და მონახაზს შევთავაზებდი ხოლმე ბავშვებს და ჩამოვწერდით იდეებს, რაზე მოვყვებოდით იმ თავში (მაგალითად, დავწერეთ თავი, რომელშიც ნუნუ – წიგნის მთავარი პერსონაჟი, მესამეკლასელი გოგონა – ახალ ოთახში გადადის ბებიასთან. ჩამოვწერეთ, რა უნდა ყოფილიყო ამ თავში: ნივთების გადატანა, სათამაშოს წაყვანა, ოთახის აღწერა, ნივთების ამოლაგება და დალაგება და… რაღაც ხიფათი, რომელიც გვინდა იყოს ჩვენს თავში, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით).
შემდეგ ვიწყებთ წერას. როგორც გახსოვთ, – თუმცა არ მითქვამს და როგორ გემახსოვრებათ, ჰა-ჰა!.. – ჩვენ ონლაინ ვმუშაობთ. გაზიარებული მაქვს ჩემი ეკრანი და ყველაფერს მე ვწერ. ბავშვებს შეუძლიათ, თავისუფალი მიკროფონის პრინციპით ყველაფერი თქვან ნებისმიერ დროს. ასევე შეუძლიათ, ჩაწერონ თავიანთი იდეა საწერელაში (ე. წ. ჩათში), რომელსაც პერიოდულად ვამოწმებ. აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე საფეხურები გაერთიანებული გვაქვს, ანუ თან ვწერთ და თან ვამუშავებთ – მოგეხსენებათ, ციფრული წერა ამის საშუალებას იძლევა. დროსაც ვზოგავთ და ბავშვებისთვისაც უფრო სასარგებლოა ტექსტის მყისიერი ტრანსფორმაცია მათ თვალწინ. გადამუშავებაში ვგულისხმობთ მხატვრული ხერხების (ძირითადად ეპითეტისა და შედარების) მოფიქრებასაც, რაც, ცხადია, რედაქტირების საფეხურზეც შეიძლება გაგრძელდეს.
ვნახოთ რამდენიმე სურათი ამ სამუშაოდან (დიახ, ბავშვებთან ერთად ფრიად სერიოზულ სამუშაოს ვასრულებ). წერის პროცესში ერთ ბავშვს მოუნდა, ნუნუს საყვარელი თოჯინა ჰყოლოდა, რომელთან ერთადაც დაიძინებდა ხოლმე და თან წაეყვანა ახალ ოთახში. მე გავაპროტესტე: ნუნუ უკვე მესამეკლასელია და მესამეკლასელი გოგონები ისევ თოჯინებთან იძინებენ-მეთქი?! კიო, მასწავლებელოო, მეც ვიძინებ ხოლმეო, მეცო, მეცო, დამარწმუნეს უცებ. თოჯინად პინგვინი შევარჩიეთ და სახელიც შევურჩიეთ (ოღონდ ჯერ ვერ გავთქვამ).
კიდევ ერთი დეტალი ამავე მონაკვეთს უკავშირდება. ხმამაღლა ლაპარაკით დავწერე შემდეგი წინადადება:
„ნუნუმ ჩახუტებული პინგვინი თავის საწოლზე დასვა“.
და ვიკითხე: შეგიძლიათ, სხვა სიტყვა დამაწერინოთ? საწოლზე…
აქ მინდოდა, „დაასკუპა“ დამეწერა და ვცდილობდი, ბავშვებს თავად მოეფიქრებინათ ეს სიტყვა.
ცხადია, „დაასკუპაც“ თქვეს და „დააჯინაც“, მაგრამ ბარბარემ ისეთი სიტყვა შემოგვთავაზა, სულ რომ არ მოველოდი: მოაკალათა. ძალიან მომეწონა და დავტოვეთ კიდეც. ვნახოთ ამ წინადადების ჩამოყალიბების ტრაექტორია:
წერის ამ ეტაპზე დაიბადა გარკვეული პრობლემის იდეაც. ნუნუს მოუნდება, კედლის საათი მეორე მხარეს გადაიტანონ, საწოლიდან კარგად რომ გამოჩნდეს. ბებიაც მოიტანს პატარა სკამსა და ჩაქუჩს, ჩამოხსნის საათს, მიიდგამს სკამს მეორე კედელთან, ზედ შედგება და… თუმცა არც ამ ეპიზოდის დასასრულს გავთქვამ (არ დაგასპოილერებთ, როგორც იტყვიან ხოლმე).
ამის შემდეგ ვიწყებთ რედაქტირებას, რასაც პირველ რიგში კარგად წაკითხვა სჭირდება. რასაკვირველია, ამაშიც ბავშვები მეხმარებიან და ზოგჯერ ინდივიდუალურად, ზოგჯერ კი წყვილებში ვკითხულობთ ტექსტს. კორექტურის შემდეგ კიდევ ერთხელ ვკითხულობთ და ვაკვირდებით, ხომ არ უნდა ჩავანაცვლოთ რომელიმე სიტყვა, ხომ არ უნდა ჩავამატოთ ეპითეტი თუ შედარება…
სიტყვების შერჩევა-ჩანაცვლებისას ვითვალისწინებთ წინადადებისა და კონკრეტული სიტყვის ჟღერადობასაც.
რაც შეეხება გამოქვეყნების საფეხურს, ამას უკვე გამომცემლობას მივანდობთ და წარმომიდგენია, როგორ გაგვიხარდება, როდესაც ჩვენს დაწერილ წიგნს გადავფურცლავთ.
ბოლოს შეიძლება გავიხსენოთ USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დამზადებული ვიდეო, რომელშიც მოცემულია სხვადასხვა რეკომენდაცია ერთობლივად წერის შესახებ:
https://www.youtube.com/watch?v=9HOa2yoEopg&list=PLHz1R9entLOYWvp9Gu5xpTDk38S9eyW-j&index=12