შაბათი, სექტემბერი 6, 2025
6 სექტემბერი, შაბათი, 2025

34.12. ენობრივი პრაქტიკა (მე-12 წერილი სერიიდან ,,სწავლის ძირი”)

„ენობრივი პრაქტიკის“ შესახებ ადრეც გვისაუბრია (იხილეთ წერილი პაატას (ენობრივი) პრაქტიკა – mastsavlebeli.ge). ამ წერილში განვიხილავთ მის გამოყენებას სწავლის საწყის ეტაპზე.

როდესაც სერია „სწავლის ძირის“ მე-11 წერილს ვწერდი, ვიფიქრე: მოსაწყენი ხომ არ იქნება ბავშვებისთვის ბგერებით მანიპულირებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები?  რასაკვირველია, ასე იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სწავლება უნდა წარიმართოს სხვადასხვა აქტივობის (ლექსის გათამაშება, სიმღერა, მოძრავი თამაშები…) ჩართვით. სწორედ ასეთი საქმიანობაა ე. წ. ენობრივი პრაქტიკა.

სანამ უშუალოდ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ აქტივობებს აღვწერდეთ, მოკლედ გავიხსენოთ, რას გულისხმობს ეს აქტივობა და ვნახოთ ამონარიდი USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) წიგნიდან „კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“:

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი არის წიგნიერების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ეფექტური საშუალება, რომელიც ერთდროულად ავითარებს ყველა ენობრივ უნარს: ზეპირმეტყველებას, კითხვასა და წერას. მეთოდის მიხედვით, მასწავლებელი დაფაზე თვალსაჩინოდ წერს მოსწავლეების მიერ მოფიქრებულ ტექსტს, რომელსაც შემდეგ ერთობლივად ამუშავებენ. ამრიგად, იგი ოთხი საბაზისო მეთოდის (საჩვენებელი კითხვა, საჩვენებელი წერა, ერთობლივი კითხვა, ერთობლივი წერა) ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. მეთოდის სასარგებლო შედეგებს შორის ერთ-ერთი ძირითადია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის გაბმა, ასევე – ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, რაც მოსწავლეს ეხმარება, გააცნობიეროს კომუნიკაციის საკვანძო ასპექტები. კერძოდ:

  • რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას.
  • რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს.
  • რაც დაწერილია, შეიძლება წავიკითხოთ.
  • მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც თვითონ დავწერე და აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.

მოკლედ აღვწეროთ მეთოდის მიხედვით წარმართული აქტივობა ხუთ ნაბიჯად:

  1. მოსწავლეების გამოწვევა მასწავლებლის მიერ რომელიმე თემაზე ტექსტის (მოთხრობა, აღწერა, ჩამონათვალი, დღიური, წერილი, ზღაპარი, ლექსი…) დასაწერად. გამოწვევა შეიძლება იყოს ილუსტრაციის/საგნის წარდგენა, ილუსტრირებული ამბისა თუ სიუჟეტური ბარათების შეთავაზება, ზღაპრის/მოთხრობის წაკითხვისა დამუშავების შემდეგ გაგრძელებისკენ წაქეზება და სხვ.;
  2. ზეპირი საერთო საუბარი იმის შესახებ, რას დაწერენ და ამ დროს გარკვეული ჩანიშვნების, ჩანახატების გაკეთება;
  3. მოსწავლეთა ნაკარნახევი წინადადებების, სიტყვების დაფაზე (დიდ ქაღალდზე) დაწერა მასწავლებლის მიერ და ამ პროცესში მოსწავლეების ჩართვა ცალკეული სიტყვებისა თუ ასოების დაწერით;
  4. დაწერილი ტექსტის მონაკვეთის გადაკითხვა ერთობლივი კითხვის მეთოდებით; ბოლოს – მთლიანი ტექსტის წაკითხვა;
  5. შექმნილი ტექსტის გამოყენება სხვადასხვა აქტივობისთვის: ხმამაღლა წაკითხვის ვარიაციები, სიტყვების პოვნა, სიტყვის ბარათების დამზადება, წინადადებებად დაჭრილი ტექსტის ან სიტყვებად დაჭრილი წინადადებების აწყობა…

აღწერილი ხუთი ნაბიჯი მოკლედ ასე შეგვიძლია წარმოვადგინოთ: გამოწვევა – საუბარი – დაწერა – წაკითხვა – გამოყენება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ იმ აქტივობებს, რომელთა განხორციელებაც სწავლის პირველივე დღეებშია შესაძლებელი და სასურველი. ეს აქტივობები პირველკლასელებს განუვითარებს: აზრის გამოხატვის უნარს, ფონოლოგიურ და ფონეტიკურ კომპეტენციებს, კითხვისა და წერის საწყის და საყრდენ უნარებს.

 

საკუთარი სახელების დაწერა

ვინც ჩვენს წერილებს ყურადღებით ადევნებს თვალს, ემახსოვრება, რომ სწავლის პირველი დღის ერთ-ერთი პირველი აქტივობა მოსწავლეთა საკუთარი სახელების ბარათებით წარიმართება: მასწავლებელი დასახელებული მოსწავლის ბარათს აჩვენებს კლასს, ასე გააგრძელებს სხვა დღეებშიც და მალევე ყველა მოსწავლე შეძლებს საკუთარი სახელის ცნობას.

ცხადია, მასწავლებელს წინასწარ ექნება მომზადებული ამობეჭდილი ბარათები მოსწავლეთა სახელებით, მაგრამ მოსწავლეთა თვალწინ და მათი მონაწილეობით საკუთარი სახელების ბარათების დამზადებას სულ სხვა ეშხი ექნება.

გავიაროთ ეს პროცესი ზემოთ აღწერილი ხუთი ნაბიჯის მიხედვით:

    1. გამოწვევა – მასწავლებელი წამოაყენებს იდეას: „მოდი, ჩვენ თვითონ დავწეროთ ჩვენი სახელები და ბარათები დავამზადოთ“.
    2. საუბარი – საუბრობენ, სად დაწერონ, ვინ დაწეროს, ჯერ ვისი სახელის ბარათი დამზადდეს და ა.შ..
    3. დაწერა – მასწავლებელი მოსწავლეთა თვალწინ სათითაოდ წერს მოსწავლეთა სახელებს. თითოეული სახელის დაწერისას მასწავლებელი ჯერ ამარცვლინებს მოსწავლეებს ამ სახელს (ან თვითონ მარცვლავს), მერე კი ნელა წერს ასო-ასო და თან ხმამაღლა წარმოთქვამს შესაბამის ბგერას.
    4. წაკითხვა – მასწავლებელი სათითაოდ აჩვენებს თითოეულ დაწერილ სახელს და ჯერ თვითონ კითხულობს ხმამაღლა, მერე ბავშვებს აკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა ჯერ არ იციან ასოების ცნობა და სახელების მთლიანად ამოცნობაშიც არ არიან გაწაფულები.
    5. გამოყენება – მასწავლებელი დამზადებულ ბარათებს იყენებს ხოლმე სიის ამოკითხვისას. ამ დროს კვლავ ამარცვლინებს ბავშვებს თითოეულ სახელს (თუ ბგერებად დაშლის ეტაპზე არიან, ბგერა-ბგერა დაასახელებინებს).

საკლასო ავეჯის/საგნების ბარათების დამზადება

ძალიან კარგია საკლასო ოთახში არსებულ საგნებზე ამ საგანთა სახელების მიკვრა და მათი გამოყენებით ვარჯიში, რაც ბავშვებს მთლიანი სიტყვების ცნობასა და სწრაფად ამოკითხვის უნარის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ამ ბარათების დამზადებაც ენობრივი პრაქტიკის მიდგომით უნდა მოხდეს. გავიაროთ ჩვენი საფეხურები:

  1. გამოწვევა – მასწავლებელი საკლასო ოთახში არსებულ თითოეულ საგანს დაასახელებინებს მოსწავლეებს, მერე კი სთავაზობს მათ, დაამზადონ ბარათები ამ საგნების სახელებით და თითოეულ საგანს მიაკრან.
  2. საუბარი – საუბარი წარიმართება შემდეგი შეკითხვების მიხედვით: რა საგნების ბარათები დავამზადოთ? (კედელი, კარი, კარადა, დაფა, მაგიდა, მერხი, სკამი…) სად მივაკრათ? საიდან გამოჩნდება უკეთ? რამდენი მივაკრათ? რა ფერის ქაღალდები გამოვიყენოთ, რა ფერი მოუხდება?
  3. დაწერა – მასწავლებელი მოსწავლეთა თვალწინ სათითაოდ წერს შერჩეული საგნების სახელებს. თითოეული სახელის დაწერისას მასწავლებელი ჯერ ამარცვლინებს მოსწავლეებს ამ სახელს (ან თვითონ მარცვლავს), მერე კი ნელა წერს ასო-ასო და თან ხმამაღლა წარმოთქვამს შესაბამის ბგერას.
  4. წაკითხვა – მასწავლებელი სათითაოდ აჩვენებს ბავშვებს თითოეულ დაწერილ სიტყვას და ჯერ თვითონ კითხულობს ხმამაღლა, შემდეგ ბავშვებსაც აკითხებს.
  5. გამოყენება – მასწავლებელი პერიოდულად უბრუნდება მიკრულ ბარათებს და აკითხებს ბავშვებს. ამ სიტყვებით ავარჯიშებს მათ ფონოლოგიური უნარების განსამტკიცებლად. გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც ბავშვები დაიმახსოვრებენ ამ სიტყვებს, მასწავლებელი გადააადგილებს ამ ბარათებს, ხოლო მოსწავლეები შეცდომას აღმოაჩენენ და გაასწორებენ.

 

წერილის დაწერა

ვინც ჩვენი „ახალი დედაენის“ სამუშაო ვერსიას იცნობს, ემახსოვრება, რომ წინასაანბანო პერიოდში შევთავაზეთ ნაცარქექიასთვის წერილის მიწერა ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით, რასაკვირველია, ზღაპრის სათანადოდ დამუშავების შემდეგ. იქვე ვთავაზობდით წერილის ნიმუშს და მიზნად ვუსახავდით, ნაცარქექიასთვის რომელიმე პროფესიით დასაქმება ერჩიათ.

ეს დავალებაც ხუთსაფეხურიანი ქარგის მიხედვით შესრულდება. ჯერ წერილის ინიციატივას გაეცნობიან, მერე პროფესიებზე დაფიქრდებიან და ნაცარქექიასთვის შესაფერისს შეარჩევენ, მერე იმსჯელებენ (პირველკლასელებიც მსჯელობენ), რა დაწერონ წერილში (მიესალმონ, მოიკითხონ, წარუდგნენ, პროფესია ურჩიონ, დაემშვიდობონ). ამის შემდეგ მასწავლებელი იწყებს თვალსაჩინოდ წერას და ამ პროცესში ზოგიერთ მოსწავლესაც რთავს მათი უნარების მიხედვით (ასოს, სიტყვის დაწერა, წერტილის, მძიმის დასმა).

რაც შეეხება დაწერილი და შენახული წერილის გამოყენებას, ის ძალიან სასარგებლო რესურსი იქნება პერიოდული მიბრუნებისთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბავშვები თანდათან ისწავლიან ასოებს.

კინაღამ დაგვავიწყდა: არ უნდა დაგვავიწყდეს წერილისთვის ავტორთა სახელების მიწერაც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“