„თუ ოცნება გაქვს, მისი ახდენაც შეგიძლია“.
უოლტ დისნეი
პირველკლასელებთან გაკვეთილს ვიწყებ, ვეკითხები, რაზე ოცნებობენ. ზოგს დისნეილენდის მონახულება სურს, ზოგს – ბარბის სახლი, ზოგს – შინაური ცხოველი, ზოგს – სუპერგმირობა, ზოგმა არც ის იცის, რაზე ოცნებობს და არც ის, საერთოდ რა არის ოცნება. ვსაუბრობთ, ვკამათობთ. ვეუბნები, რომ ერთ პატარა გოგოს უბრალოდ ჩიტად ქცევა უნდოდა. გაჩუმდნენ, მისმენენ. რაო? ჩიტად ქცევაო? ნეტავ რად უნდოდა? ალბათ იმისთვის, რომ ეფრინა. „რაღა მაინცდამაინც ჩიტად? სუპერმენად ქცევა უფრო მაგარი არ იქნებოდა? ბევრი სუპერძალა მიეცემოდა“, – მიმტკიცებს დემეტრე. ამ დროს ვუკითხავ, ჩემი აზრით, ყველაზე მაგარ ხალხურ ლექსს:
პატარა ქალის ნატვრა
ნეტავი რადმე მაქცია,
ბულბულად გადამაქცია,
ბულბულის ენა მასწავლა,
ამ ბაღებს შემომაჩვია.
რაო? ბულბულად ქცევაო? „ბულბული რა არის, მას?“ – მეკითხება კატო. აბა, თვალები დახუჭეთ და მოისმინეთ. ვურთავ ბულბულის გალობას. საოცარი ჰანგები იღვრება კლასში. „ვაა, რა კარგად უკრავს, რომელი საკრავია?“ – ინტერესდება მარიამი. „სალამური უნდა იყოს“, – თავს იწონებს ცოდნით ვატო. „არა, ზუსტად ვიცი, უსტვენს“, – აზუსტებს ნიკა. ბავშვები უსმენენ, ვატყობ, რომ მოსწონთ, სიამოვნებთ. მოდი, ახლა გაჩვენებთ ვინ გამოსცემს ამ ჯადოსნურ ხმებს. ეკრანზე ბულბულის სურათს ვურთავ. იქვე პატარა ვიდეოც მაქვს მომზადებული. „ვააა, ჩიტი ყოფილა! ეს, როგორ? არ მჯერა!“ – უკვირთ. ძალიან უკვირთ. უცებ ჰენრი, რომელიც უცხოელია და ძალიან აინტერესებს ყველაფერი ქართული, იძახის: „უჰ, მეც კი ვიქცეოდი ბულბულად!“ რატომ, ჰენრი? – ვეკითხები, – რად გინდა ბულბულად ქცევა? „ვიფრენდი, სადაც მომინდებოდა და თან ვიმღერებდი. ქართულთან ერთად ბულბულის ენასაც ვისწავლიდი და უფრო მეტი ენა მეცოდინებოდა“. თამარი ეთანხმება: მთელ ქვეყანას შემოვუფრენდიო. მე კიდევ მოწყენილ ადამიანებთან მივფრინდებოდი და ვუგალობებდი, ცოტას გავამხიარულებდი და „სიბედნიერეს“ მივუტანდიო, – ჩაფიქრებული ამბობს ნატა. უი, მე მაშინ ბავშვთა სახლის ფანჯრებთან გავიკეთებდი ბუდეს და როცა დედიკო მოუნდებოდათ, სწორედ მაშინ დავიწყებდი გალობასო, – თავის ფიქრებს ახმოვანებს გიორგი. კი მაგრამ, როგორ მიხვდებოდი, დედიკო როდის მოუნდებოდათო? – ეკითხება მარიამი. როგორ ვერ მივხვდებოდი, ასეთ დროს ფანჯარაში გამოიხედავდნენ და თვალებით დედას დაუწყებდნენ ძებნას, თან თვალებში ცრემლი ექნებოდათო, – პასუხობს გიო.
კიდევ დიდხანს საუბრობენ, ოცნებობენ, მსჯელობენ.
უცებ კიდევ ერთ ლექსს ვუკითხავ:
მზე – დედაა ჩემი
მზე – დედაა ჩემი,
მთვარე – მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები
და და ძმაა ჩემი.
ისევ ჩუმდებიან. ბულბულად ქცეული გოგონა მზის შვილი ყოფილაო, – ასკვნის ელენე. მაგას მზეთუნახავი ჰქვიაო, განმარტავს დემე და დასძენს: – დედამ წამიკითხა ზღაპარიო. კოსმოსური ოჯახი ჰყოლია, კი გადაიქცეოდა ბულბულადო. ჯადოსნური ძალა ექნებოდაო, მერე ალბათ ისევ კოსმოსში დაბრუნდებოდაო.
ვთავაზობ, ამ ორი ლექსის მიხედვით დახატონ, რაც უნდათ და როგორც უნდათ. ხატავენ გოგონა-ბულბულს – გოგონას თავით და ჩიტის ტანით. კოსმოსში მიფრინავს. იქვე დედა მზე უცინის, მამა მთვარე ხელს უწვდის. ელენე აქცენტს ვარსკვლავებზე სვამს – მიაჩნია, რომ პატარა ბავშვების სახეები უნდა ჰქონდეთ, მატყუარა საწოვრებით და საბავშვო ქუდებით. გიო პატარა ბაღში ჩამომჯდარ გოგონას ხატავს. გოგონა ჩაფიქრებულა. მის თავს ზემოთ, ღრუბლებში, ბულბული ნავარდობს. ამაზე ოცნებობსო, – მიხსნის. დავალებად საკუთარი ოცნებების დახატვას ვაძლევ.
მეორე დღეს მოდიან და მოაქვთ ფერადი ოცნებები. ზოგი ცაში აჭრილა, ზოგს მზის სისტემის ყველა პლანეტა მოუვლია, ზოგს მთვარეზე აუშენებია სასახლე, ზოგიც დედამიწაზეც დარჩენილა. მარიამი ბულბულად ქცეულა და ადამიანების გამხიარულებას ცდილობს, ვატოს მიუსაფარ ცხოველთა უზარმაზარი თავშესაფარი გაუხსნია, მარიამს კი იმდენი კატა მიუყვანია სახლში, ყველგან კატაა: მაგიდაზე, თაროებზე, საწოლში, სამზარეულოს ნიჟარაშიც კი.
ვუყურებთ მოკლე ანიმაციურ ფილმს: „არასოდეს თქვა უარი შენს ოცნებაზე“
ბავშვები ემოციებს ვერ მალავენ. გაისმის წამოძახილები, ოხვრა. ფილმი სრულდება, უკვე დისკუსიის დროა. გამოთქვამენ მოსაზრებებს, ახასიათებენ პერსონაჟს, ამბობენ, რომ ის გამბედავია, მებრძოლი, შეუპოვარი. რომ არასდროს არ უნდა დანებდე, თუ მოინდომებ, ყველა ოცნება აგიხდება.
ახლა უკვე პაწაწინა ბარათზე ხატავენ საკუთარ ოცნებებს, იქვე აწერენ სახელებსაც. ამ ბარათებს რგოლებად ვახვევთ და ფერადი ძაფებით ვკრავთ. ოცნების ოცდახუთ ხვეულას ძველებურ სკივრში ვუყრი თავს, დიდი ბოქლომით ვკეტავ, გასაღებს საგულდაგულოდ ვინახავ, პირობას ვდებთ, რომ სკივრს გავხსნით, როცა სკოლას დაასრულებენ, პირდაპირ გამოსაშვებ წვეულებაზე. „ნეტავ ახდება ჩვენი ოცნებები?“ – კითხულობს დემე და თან ეშმაკურად იღიმის.