(ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისათვის)
ავტორი: ლევან ალფაიძე
„ზევით ცა არის, ქვევით კი – სუჯოუ და ჰანგჯოუ“ – დაახლოებით ასე ითარგმნება ძველი ჩინური ანდაზა, რომელიც აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ორი უძველესი ქალაქის (სუჯოუსა და ჰანგჯოუს) ზეციურ სილამაზეს აღწერს. ეს ქალაქები ცნობილია თავიანთი ისტორიული ბაღებით, ძველებური უბნებით, არქიტექტურითა და უხვწყლიანი არხებით. ისინი მდებარეობენ მდინარე იანცზის დელტაში (ქ. შანჰაიდან 100 და 150 კმ. მანძილზე) და ჩინეთის ძალიან პოპულარული ტურისტული მარშრუტების ჩამონათვალში შედიან.
ჩინეთის დედაქალაქის, პეკინის (ბეიჯინი), ჰონგ-კონგისა და შანხაის ბიზნესისა და ტურისტული ცენტრების გარდა, ჩინეთის ქალაქების უდიდესი ნაწილი ქვეყნის გარეთ მცხოვრებთა უმრავლესობისთვის უცნობია. თუ ჩინეთის უზარმაზარ ტერიტორიასა და მის ოცდასამ პროვინციას გადავავლებთ თვალს, შევხვდებით ქალაქებს, რომელთა სახელები ნაკლებად ნაცნობია თავად ჩინელებისთვისაც კი. ეს გასაკვირი არ გახლავთ, რადგან ხშირად, შთაბეჭდილებას მთელი ქვეყნის შესახებ ძირითადად დედაქალაქი და ერთი-ორი ცნობილი ქალაქი და კურორტები გვიქმნიან ხოლმე (მაგ. პარიზი და მარსელი – საფრანგეთზე გვიქმნის წარმოდგენას; ლონდონი, მანჩესტერი, ლივერპული და გლაზო – დიდ ბრიტანეთზე; ქალაქებიდან მადრიდი, ბარსელონა, სევილია და ვალენსია და კანარისა და ბალეარის კუნძულების კურორტები – ესპანეთზე და სხვა).
დღეს ჩინეთში არსებობს 40-ზე მეტი ქალაქი, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხოლო იმ ქალაქების რაოდენობა, რომელთა მოსახლეობა მილიონს აღემატება, 120-ს აღწევს (!) — ამდენი დიდი ქალაქი არცერთ სხვა ქვეყანაში არ გვხვდება. თუმცა, ყველაზე დიდ ქალაქებსაც კი უჭირთ ჰონგ-კონგის, შანხაისა და პეკინის ჩრდილიდან გამოსვლა.
ამ დიდი და „უცნობი“ ქალაქების წინაშე მდგარი გამოწვევები აშკარაა – მათ სურთ, რომ მათ შესახებ ყველამ გაიგოს და მათი მნიშვნელობა ნიუ-იორკის, პარიზის თუ ლონდონისას გაუთანაბრდეს და გადაასწროს. ეს ქალაქებია – ჩუნცინი (32 მილიონი ადამიანი), ტიანძინი (11 მილიონი ადამიანი) და გუანგჯოუ (15 მილიონამდე მცხოვრები), თავისი მოსახლეობით ბევრად უსწრებენ ნიუ-იორკს, მოსკოვს, ლონდონსა და პარიზს (8-9 მილიონი მცხოვრები, საშუალოდ), თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩებიან ევროპისა და აშშ-ს ქალაქებს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით[1].
ჩინეთი ცდილობს, რომ თავი დაიმკვიდროს მსოფლიოში, როგორც გლობალურმა ტურისტულმა და სამრეწველო ცენტრმა. ხოლო ჩინეთის უზარმაზარი „უცნობი ქალაქები, რომლებიც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობის მქონენი იქნებოდნენ, იბრძვიან, რომ უცხოელი ტურისტების ყურადღება მიიპყრონ.
…და მაინც, რამ გამოიწვია ჩინეთის მსხვილი ქალაქების ასეთი სწრაფი ზრდა?
პასუხი მრავალი ფაქტორისა და მიზეზისგან შედგება – 1980-იანი წლებიდან ჩინეთი გამოირჩევა სწრაფი ურბანიზაციით. ჩინეთის რეფორმების მთავარი შემოქმედის, დენ სიაო-პინის (დენ სია პინი – 1904 -1997 წწ; – ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი გენერალური მდივანი და ცენტრალური სამხედრო კომისიის თავმჯდომარე, „ჩინური სოციალიზმის“ და საბაზრო რეფორმების ინიციატორი, ლ.ა.) „რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკამ“ დააჩქარა ურბანიზაციისა და სამრეწველო განვითარების პროცესი. 1980 წელს მოსახლეობის მხოლოდ 20%-ზე ნაკლები ცხოვრობდა ქალაქებში. დღეს კი ეს მაჩვენებელი 60%-ს აჭარბებს (!). ამ წლებში ასობით მილიონი ადამიანი გადავიდა სოფლიდან ქალაქში სამუშაოსა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების საძიებლად.
სახელმწიფო პოლიტიკა და გეგმაზომიერი ურბანული ზრდა: ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად გეგმავდა და ახორციელებდა ინვესტიციებს ურბანულ განვითარებაში, და ამას განიხილავდა, როგორც ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ მთავარ მექანიზმს.
ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა — მაგალითად, მაღალი სიჩქარის მატარებლებმა (325-350 კმ/სთ-ში!) და ავტომაგისტრალებმა შესაძლებელი გახადა მოსახლეობის სწრაფი თავმოყრა დიდ ურბანულ ცენტრებში.
ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სპეციალურმა ეკონომიკურმა ზონებმა (SEZ) და რეგიონული განვითარების ინიციატივებმა (მაგალითად, იანცზის დელტა, დიდი უბის რეგიონი [Greater Bay Area]) მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქალაქების აყვავებასა და მათი ურბანული პოტენციალის სწრაფ ზრდას (ჩინეთის აღმოსავლეთი საზღვაო სანაპიროს უდიდესი პორტები: შანხაი (上海), ნინგბო-ჯოუსანი (宁波-舟山港), ცინგდაო (青岛), ლიან-იუნ-განგი (连云港), იანთაი (烟台), ტიანძინი (天津), დალიანი (大连) ყოფილი ქ. პორტ-არტური და სამხრეთით მდებარე, ჰონგ-კონგის უშუალო მოსაზღვრე ქ. შენჟენი (深圳) – ტელეფონების ბატარეების, ელ.ავტომობილების აკუმულატორების და სხვა უახლესი ტექნოლოგიების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრია მსოფლიოში; ქ. შენჟენში მდებარეობს მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური გიგანტები: Huawei, Tencent (WeChat-ის შემქმნელი), DJI (დრონების მსოფლიო უმსხვილესი მწარმოებელი) და BYD (ელექტრომობილები).
ჩინეთის ურბანული ზრდა და ქალაქური სივრცეების მრავალფეროვნება. გეოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრები თანამედროვე ჩინეთში
ჩინეთის ქალაქური განვითარების ტიპი მსოფლიოში უნიკალურია. ზოგიერთი ქალაქი — მაგალითად ქ. ჩუნცინი (重庆), რომელიც ცნობილია თავისი ურთულესი ტოპოგრაფიით, რელიეფითა და „საიბერპანკური“ ვიზუალით — გამორჩეულია თავისი იდენტობითა და ურბანული სიმჭიდროვით. იგი მსოფლიოს ყველაზე დიდ მეგაპოლისს წარმოადგენს თავისი ტერიტორიით (82,403 კვ. კმ. შეად: საქართველოს ტერიტორია, აფხაზეთისა და ცხინვალის ოლქის ჩათვლით, 67,900 კვ. კმ-ია, ლ.ა.).
ალბათ ყველასთვის უცნობია ქ. ჩანგშა (长沙), ათ მილიონზე მეტი მცხოვრებით (ჰუნანის პროვინცია, მაო-ძე დუნის სამშობლო)), რომელსაც ხშირად „ჩინეთის ყველაზე ბედნიერ ქალაქსაც“ ეძახიან, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის მაღალი დონის გამო. ქ. ჩანგშა წარმოადგენს ცენტრალური ჩინეთის სწრაფად განვითარებად საუნივერსიტეტო, კულტურულ და მედიაწარმოების ცენტრს. იგი ქ. ჩუნცინიდან აღმოსავლეთით, დაახლ. 900 კმ-ზე მდებარეობს.
ქ. გუიანგი (贵阳, 7 მილიონამდე მცხოვრებით, გუიჯოუს პროვინცია, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი) კი გვიჩვენებს ყველაზე მოულოდნელი ურბანული ზრდის მაგალითს ისეთ რეგიონში, რომელიც ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე ღარიბთა შორის იყო. დღეს ქ. გუიანგს (მას ადრე, „ტყეების ქალაქს უწოდებდნენ) უკვე ჩინეთის „მონაცემთა დედაქალაქს“ უწოდებენ. მას ხშირად მოიხსენებენ, როგორც „მონაცემთა ჰაბს“ ან „მონაცემთა დედაქალაქს“. ქალაქმა მიიზიდა ტექნოლოგიური გიგანტების (Huawei, Tencent, Apple, Alibaba) მონაცემთა ცენტრები. ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის დაბალი ღირებულება და გრილი კლიმატი (ზაფხულის საშუალო ტემპერატურა დაახლ. 24-25C გრადუსი) ხელს უწყობს დიდი მოცულობის სერვერების ჰაბების მოწყობასა და სერვერული ოპერაციების განხორციელებას. ქ. გუიანგში ექსპერიმენტის სახით მიმდინარეობს „სმარტქალაქის“ საპილოტე პროგრამების რეალობაში გამოცდა: ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემები, საზოგადოებრივი უსაფრთხოების AI-ანალიზი, მონაცემებზე დაფუძნებული მართვა.
არანაკლებ მნიშვნელოვანია დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სხვა ქალაქები, როგორებიცაა – ლანჯოუ (兰州) — მდინარე ხუანხეს სანაპიროზე („დასავლეთის გასაღები“, რადგან ის ჩინეთის დასავლეთ რეგიონებისთვის კარიბჭის როლს ასრულებდა, „აბრეშუმის დიდი გზაზე“), და ქ. კუნმინი (昆明) — ცნობილი, როგორც „მუდმივი გაზაფხულის ქალაქი“ იუნნანის პროვინციაში, რომელიც სამხრეთ ჩინეთის კარიბჭეა სამხრეთ აზიისკენ (ესაზღვრება ბირმას, ლაოსსა და ვიეტნამს).
ჩინეთის ქალაქების თავისებურება – ეკონომიკური მეგარეგიონები, ახალი ტიპის ურბანული ქსოვილი
ჩინეთის განსაკუთრებულობა არ სრულდება მხოლოდ ცალკეული ქალაქების სიმრავლით, მის ეკონომიკურ იდეოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. ეკონომიკური მეგარეგიონების ფორმირებას, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ქალაქთა სისტემებია და გამოხატული სპეციალიზაცია ახასიათებთ. ამ მეგარეგიონებში ურბანული სივრცე ფუნქციონირებს როგორც ერთიანი ეკოსისტემა, სადაც მრავალი მილიონიანი ქალაქი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მეგარეგიონის თითოეულ წევრს მკაცრად ჩამოყალიბებული და განსაზღვრული ფუნქცია აქვს.
ჩინეთის ძირითადი მეგარეგიონებია:
- მარგალიტის მდინარის დელტა (Pearl River Delta): მოიცავს ჰონკონგს, შენჟენს, გუანჯოუს და მაკაოს.
- მდინარე იანცზის დელტა (长三角): მოიცავს შანხაის, ჰანჯოუს, სუჯოუს და ნანჯინის (ჩინეთის ყოფილი, ე.წ. „სამხრეთის დედაქალაქი“) გარშემო გაერთიანებულ ქსელს.
- პეკინი-ტიანძინი-ხებეის რეგიონი (京津冀协同发展区): დედაქალაქისა და მისი მიმდებარე ქალაქების ეკონომიკური ინტეგრაციის მაგალითი.
ინფორმაცია 1: მეგარეგიონები ხშირად სპეციალიზდებიან სხვადასხვა წარმოებაში — მაგალითად, მარგალიტის მდინარის დელტა მეტად ტექნოლოგიური და საექსპორტო წარმოების ზონაა, იანცზის დელტა კი ინდუსტრიული და ლოგისტიკური ჰაბია.
„ქალაქის“ განსხვავებული განსაზღვრება — ადმინისტრაციული მოცულობის ფენომენი
საინტერესოა ჩინეთში „ქალაქი“ (城市 ან 市 – “ჩანგ-შ”) ხშირად გულისხმობს არა მხოლოდ ურბანულ ცენტრს, არამედ მასთან ერთად სოფლებთან და პატარა დასახლებებთან ერთად დიდ ადმინისტრაციულ ერთეულს. ამის საუკეთესო მაგალითია მრავალმილიონიანი ქ. ჩუნცინი (სახრეთ-ცენტრალური ჩინეთი, მდ. იანცზიზე), რომლის ადმინისტრაციული საზღვრები იმდენად დიდია, რომ ზომით ავსტრიას უტოლდება. შესაბამისად, ოფიციალურ სტატისტიკაში მითითებული „ქალაქის მოსახლეობა“ ხშირად მოიცავს ურბანულ ზონას, აგრეთვე სოფლებს, გარეუბნებსა და ქალაქგარე დასახლებებსაც.
ინფორმაცია 2: ამგვარი განსაზღვრება ართულებს საერთაშორისო შედარებებს, რადგან სხვა ქვეყნები, როგორც წესი, ქალაქის სტატისტიკას მხოლოდ ცენტრალურ ურბანულ ზონებზე ამზადებენ.
ზოგადად, თუ ჩინეთის დიდ და „უცნობ“ ქალაქებზე ვისაუბრებთ, აღსანიშნავია ისიც, რომ მათი მნიშვნელობა როგორც ჩინეთში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, უზომოდ მნიშვნელოვანია და ამავე დროს მზარდი. ექსპერტთა პროგნოზებით, ჩინეთის მეორე რანგის დიდი ქალაქები განვითარების შემდგომ ეტაპზე ქვეყნის ძირითადი მამოძრავებლები გახდებიან.
ეროვნული პოლიტიკის მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებისა და ტალანტის მოზიდვის სტიმულების ფონზე, ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა – ჩენგდუ, ჰანჯოუ, ვუხანი და სუჯოუ სწრაფად ვითარდება მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები, უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი და ეს ქალაქები რეგიონული ლიდერები ხდებიან. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, მათი სამომავლო პერსპექტივა მძლავრია — მათი ამოცანა არაა პირველი რანგის მეგაპოლისების ჩანაცვლება. მათი მიზანია ბალანსირებული, მრავალცენტრიანი ურბანული სისტემის შექმნა და ჩინეთის თანაბარი განვითარების ხელშეწყობა. უკვე არის იმის ნიშნები, რომ ჩინეთის „ახალი“ დიდი ქალაქების წინსვლა და განვითარება გადამწყვეტ როლს შეასრულებს ქვეყნის მომავალ განვითარებაში.
(პირველი ნაწილის დასასრული)
[1] ქ. ჩუნცინი (ჩინეთი): მოსახლ. 32 მილიონი ადამიანი; მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) – 440 მილიარდი აშშ $/ წელიწადში; შემოსავალი ერთ სულზე: US $14,000/წელიწადში. ქ. ნიუ-იორკის მეტროპოლიური ტერიტორია (აშშ): მოსახლ.19 მილიონი ადამიანი; მშპ – US $2.3 ტრილიონი აშშ დოლარი /წელიწადში; შემოსავალი ერთ სულზე – US $120,000 დოლარი/წელიწადში. ქ. ლონდონი (დიდი ბრიტანეთი); მოსახლ. 8.9 მილიონი; მშპ -US $937 მილიარდი/წელიწადში; შემოსავალი ერთ სულზე – US $100,000 დოლარი/წელიწადში; ქ. შანჰაი (ჩინეთი), მოსახლ.: 29.87 მილიონი (მეტროპოლია); მშპ – US $757 მილიარდი დოლარი; შემოსავალი ერთ სულზე – US $30,486 აშშ დოლარი /წელიწადში. ყველა მონაცემი 2024 წლისაა.