სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„მუხა კი დიდი ყვავილი იყო“

რამდენიმე დღის წინ სკოლაში მთელი დღის შრომით დაქანცული და მშობლების მომლოდინე პატარა თავების „გასანიავებელი” საუბარი წამოვიწყე. პატარებს გავუმხილე, რომ რაც თავი მახსოვს, ყველა ცოცხალ არსებაზე მეტად ხეები მიყვარს. მოვუყევი, როგორ ვატარებდი ბავშვობაში ზაფხულს ამოჩემებული ბლის კენწეროზე წიგნებით ხელში. მერე ტყის სასარგებლო თვისებებზე ვისაუბრეთ. ერთმა მოსწავლემ მკითხა, მაინც რომელი ხე გიყვართ ყველაზე მეტადო, მე კი დაუფიქრებლად წამოვიძახე: „მუხა!” არადა, ამ ხისთვის მგონი თვალიც არსად მომიკრავს, მაგრამ ერთი საოცარი, ამქვეყნად თითქოს ფეხაკრეფით მოსული და ასევე ფეხაკრეფით გაბრუნებული კაცის კალამმა ისე ცხადად მიახატა ჩემს წარმოსახვას, რომ „დიდი ყვავილი” ყველა ხისგან გამომარჩევინა და შემაყვარა.
დიდი არაფერი

თეთრი, ძალიან თხელი წიგნი, გახევას რომ ცოტაღა უკლია, ისეთი გაცრეცილი „ვანო და ნიკო” ახლაც ხშირად დამაქვს ჩანთით. ამ დროს ვამბობ ხოლმე: „ერლომის სეზონი დადგა”. ჩემთან ახლაც ერლომის სეზონია და, უკვე მერამდენედ, „უცხო თვალით~ ვკითხულობ, ამჯერად – მასწავლებლის თვალით. სამწუხაროდ, არ ვიცი, შეტანილია თუ არა ერლომ ახვლედიანი ქართული ლიტერატურის სასწავლო პროგრამაში, მაგრამ მე მაინც ვაპირებ, მისი დახმარებით ბავშვებს ადამიანის, ბუნების, მოკლედ, სიცოცხლისა და ყოველივე ცოცხალის სიყვარული ვასწავლო („სიყვარული უცნაური რამ არის _ ის არსებობს”).
 
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემური სასკოლო სიტუაცია – ჩხუბი დერეფანში: ნ. მ-ს დაეჯახა და წააქცია. მას შემდეგ გაბრაზებულ მზერას თუ გაიმეტებენ ერთმანეთისთვის, რადგან მასწავლებელმა დროის სიმცირის გამო თუ სხვა მიზეზით მხოლოდ ფიზიკურ შეხლა-შემოხლასთან დაკავშირებით მიიღო ზომები. არადა…

„ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა”. თითქოს არაფერი, მაგრამ მაინც, ხვდები, რომ მიზანში მოგხვდა. კადრებივით მისდევს ერთმანეთს გაოცებული, განაწყენებული, გაბუტული, აცრემლებული მზერები, რომელთა პატრონსაც ოდესღაც უხეშად მიმართე. იმ დროს კი, ვინ იცის, იმ ადამიანს მოხუცი დედა ჰყავს ავად, ან სულაც აღარ ჰყავს მოხუცი დედა.

თავის დაჭერის გაკვეთილი: მასწავლებელი კი ხარ, მაგრამ ცუდი ამბებისგან ეს ვერ დაგიცავს. შენ კი დღის ნებისმიერ მონაკვეთში უნდა გაუღიმო მშობლებს, კოლეგებს, ბავშვებს (მათთან შეგიძლია გულახდილი იყო) და თან გეტირებოდეს და არ (ვერ) ტიროდე. თანდათან ეს ყველაფერი ჩვევად იქცევა და ერთხელაც ცრემლი სანატრელი გახდება: 

„რა იქნებოდა, ადამიანს ჰქონდეს ცრემლები. როცა ეტირებოდეს – ტიროდეს, ეცინებოდეს და იცინოდეს… ქარავანი კი მიდიოდეს…”

ყველაფერზე სიცილის სენი: ნამდვილი ასთავისანი დევია. იტყვი რამეს – მით უარესი შენთვის, თუ რეპლიკა იუმორის ელემენტებითაა გაჯერებული და ახარხარდება მთელი კლასი. მერე მსგავსი კომენტარების კერა აქა-იქ პერიოდულად იფეთქებს და ამ ხანძრის ჩაქრობაში კი გადის ნახევარი გაკვეთილი. მე აქაც ნიკო და ვანო მახსენდება, რადგან ხანდახან მეც ვარ ნიკო, მეც მიცინია ყველაფერზე დაუფიქრებლად და ისიც ვიცი, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვანოს მსგავსი, რომელსაც შეუძლია, ჩემი ცარიელი ოთახი გარეთ გაიტანოს, სარჩულივით გადმომაბრუნოს, გამომბერტყოს და სიცოცხლისა და ბედნიერების სველი კვალი დატოვოს ჩემს სახეზე.

გადავშალე კიდევ ერთი ფურცელი და მივხვდი, ადამიანის ცხოვრება მშვენივრად ეტევა ერთ ჩვეულებრივ სიტყვაში – „ერთხელ”:

ერთხელ ბრიყვი ვანო ვიყავი. ვუცქერდი მზეს, გათენებას, დაღამებას და კარგი იყო. ერთხელ პატარა ვანოც ვიყავი, ერთი ვანო, შვიდი ნიკო რომ დაჰპატრონებოდა და სანამ არ მოვკვდი, ვერ მივხვდი, რომ მხოლოდ ჩემი ვიყავი და ეს დიდი ბედნიერება იყო.

ერთხელ ნიკომ გამოღვიძება მაჩუქა, მე კი ჩემი სიზმარი დავუთმე. მერე დიდხანს ვაჩეჩებდით ერთმანეთს მძიმე ფქვილის ტომარასავით სიმართლეს და გვძულდა ყველაფერი, რადგან მეტისმეტად ბევრი ვისურვეთ და აგვიხდა. 
მერე ერთმანეთზე თითო–თითო სანტიმეტრით მაღალი ვიყავით, მეორე დღეს – ერთმანეთზე თითო–თითო სანტიმეტრით დაბალი, მუხა კი ისევ ყვავილი იყო…

ადამიანებს ერთი, რბილად რომ ვთქვა, ხელის შემშლელი თვისება გვაქვს – სულ ერთმანეთს ვეტოლებით და ვერაფრით მივხვდით, რომ „შეუძლებელია, სიამაყის გრძნობა ებადებოდეს ვენახს, რომ ის ვენახია, ვაზია და ისხამს მტევანს. ან ვაშლს, ან მსხალს, ან ლეღვს. ეს უპირატესობა არ არის. ეს უბრალოდ აღმოჩენაა, რომ ეს შენ ხარ და სხვა არავინ, ამ ჯიშისა ხარ. 

ჩემი სამშობლო, ჩემი საქართველო, ჩემი მამული! არ არსებობს უფრო ჩუმად სათქმელი სიტყვები. მე ამ ნეტარ სიჩუმეში გავატარე მთელი ჩემი ცხოვრება და არასოდეს მომნდომებია, ეს განცდა გამომეთქვა და გამომეხატა. მე ამ განცდაში ვიყავი, როგორც მერცხლის ბარტყი მერცხლის ბუდეში…”
 
დღეს ყველა ჩემი საყვარელი მოთხრობა გადავიკითხე და ერლომის გასაცნობად მეორეკლასელებისთვის შურიანი კაცის ამბავი შევარჩიე: 

„კაცი იყო შურიანი, ყველასი და ყველაფრის შურდა. შინ იყო და შური აღრჩობდა, შინიდან გავიდოდა და შური თვალებს უბნელებდა და გზა-კვალს უბნევდა. ადგებოდა და დაწოლისა შურდა. თვალს გაახელდა და თვალის დახუჭვისა შურდა. მარჯვნივ გაიხედავდა და მარცხნივ გახედვისა შურდა. სძულდა შურიან კაცს და სიყვარულისა შურდა… დიდი შურით იყო შეპყრობილი შურიანი კაცი… ერთხელ გადაწყვიტა, შურზე შური ეძია: ჯერ თევზისა შურდა და ცურვა ისწავლა; ფრინველისა შურდა და ფრენა ისწავლა; ძაღლის ერთგულებისა შეშურდა და ძაღლივით ერთგული გახდა; ცხვრის თვინიერებისა შეშურდა და ცხვარივით თვინიერი გახდა. 

ბოლოს ხისა შეშურდა, ერთ ადგილას რომ იდგა, და რომ მას მაგრილობელი ჩრდილი ჰქონდა და რომ მას ნაყოფი ჰქონდა და რომ მისი ფოთლები შრიალებდნენ და რომ ტოტებზე ფრინველები ისვენებდნენ და ბუდეებს იშენებდნენ.

და შინიდან გავიდა შურიანი კაცი. ბევრი იარა, მრავალი მწვანეშეფოთლილი კორდი გადაიარა და ბოლოს მონახა მწირი, ხრიოკი ადგილი, ერთიც მოხედა თავის განვლილ გზას და დადგა. დადგა და მიწაში ფესვები გაიდგა, მერე მარადმწვანე ფოთლებით შეიმოსა, ხოლო ნაყოფად ზეთისხილი მოისხა. 

ახლაც იქ დგას შურისგან დამცხრალი შურიანი კაცი. დგას და შრიალებს…”

არაფერსაც არ ავხსნი. წავუკითხავ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ… მერე გავჩუმდები და, დარწმუნებული ვარ, უმეტესობაც გაჩუმდება, ჩაფიქრდება. მერე სიმშვიდის მარადმწვანე ხის გარშემო დაიწყებენ ტრიალს და იმ მცირედ შურსაც ჩამოიფერთხავენ, ერთმანეთის ბრჭყვიალა, ახალი ნივთების დანახვისას ჭიასავით რომ შეუძვრებათ გულში.

გაგიკვირდებათ და კარგად არც კი ვიცი, ვინ იყო ერლომ ახვლედიანი. იშვიათად ვკითხულობ ბიოგრაფიებს. რა ვქნა, არ მაინტერესებს, რამდენი დღე, ენერგია და სიტყვა დახარჯა ხელოვანმა ლუკმაპურის მოსაპოვებელად, სად დაიბადა, რომელ წელსა და საუკუნეში, რომელ რელიგიას აღიარებდა… ერთადერთი, რაც მის შესახებ მაინტერესებს, მისი შემოქმედებაა. ჩემი აზრით, მწერალი საუკეთესო, ხშირად „გაშალაშინებულ” საკუთარ თავს სწორედ წიგნებში ინახავს. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, მწერალი უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე მისი წიგნებია, ან პირიქით – გაიცნობ რომელიმე საინტერესო წიგნის ავტორს და ნანობ მერე. მოკლედ, ჩემთვის ერლომი ერთად აღებული ყველა იმ კაცის ამბავია, რომლებზეც წერდა: გამომგონებლისა, მეოცნებესი, დღეგრძელისა, გულმავიწყისა, კაცისა, რომელიც, ყველას ეგონა, არ იყო… „ერთობ გამოუსწორებელი კაცი იყო გამომგონებელი კაცი. ჯერ იყო და თავისი თავი გამოიგონა… ყველა ჩვენ გამოგვიგონა. ბოლოს… უსასრულო გზა გამოიგონა და იმ გზას დაადგა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“