სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად, მასწავლებლები ვემზადებით ახალ გამოწვევებთან შესახვედრად. გასამკლავებელი გამოწვევების საკუთარ სიას რომ შევადგენთ ჩვენს გონებაში, ვინტერესდებით ნეტავ რა გამოწვევების წინაშე დგანან ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა ქვეყანაში. გვაინტერესებს, ის, რასაც ჩვენ გამოწვევად აღვიქვამთ, მათთვის როგორ აღიქმება? მეც, ამ ინტერესით, რამდენიმე სტატიას გადავავლე თვალი, შემდეგ შევაჯამე ისინი და ახლა, მსურს გაგიზიაროთ 10 ყველაზე მთავარი გამოწვევა, რომლებსაც ჩვენი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან კვლევებსა თუ გამოკითხვებში ასახელებენ.
1) საკლასო ოთახში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა: როდესაც ვსაუბრობთ კლასში მოსწავლეთა ჭარბ რაოდენობაზე, უნდა აღვიშნოთ, რამდენია ოპტიმალური რაოდენობა და რაში გვიშლის ხელს კლასში მოსწავლეთა სიჭარბე. საერთაშორისოდ აღიარებულია, რომ სწავლა-სწავლების პროცესის სრულყოფილად განხორციელებისთვის კლასში მოსწავლეების რაოდენობა უნდა იყოს 15 – 17. საკლასო ოთახში მოსწავლეთა გადაჭარბებული რაოდენობა იწვევს პრობლემების თაიგულს: მოსწავლე ვერ ახერხებს, სრულყოფილად გამოხატოს საკუთარი მზაობა, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, დასვას შეკითხვა, მიიღოს სრულყოფილი უკუკავშირი მასწავლებლისგან, თანაკლასელებისგან. მასწავლებელი ხშირად დგება დილემის წინაშე, (ა) მოისმინოს ყველა მოსწავლის პასუხი, რაც ხშირად უინტერესო პროცესად იქცევა ხოლმე მოსწავლეებისთვის, (წარმოიდგინეთ, მრავალჯერ განხილული ერთი და იგივე საკითხი ან პრობლემა) ან (ბ) მხოლოდ რამდენიმე მოსწავლისგან მოისმინოს პასუხი, შესაბამისად დანარჩენ მოსწავლეებს არ ექნებათ საშუალება, თქვან სათქმელი, გამოხატონ საკუთარი თავი, წარმოაჩინონ ნამუშევრები აუდიტორიის წინაშე.
2) სიღარიბე: სწავლა-სწავლების პროცესში სრულყოფილად ჩართვისა და განვითარებისთვის, ყველა ბავშვს ესაჭიროება საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მაგალითად: ჯანსაღი და სტაბილური საცხოვრებელი გარემო და სამეცადინო სივრცე, ჯანსაღი კვება, წვდომა დროულ და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე, სეზონის შესაფერისი სამოსი, საჭირო სასწავლო და სათამაშო ნივთები. მაშინ, როდესაც საბაზისო პირობებიც კი არ არის დაკმაყოფილებული, იქმნება სტრესული გარემო. ბავშვი ვერ ახერხებს კონცენტრირება მოახდინოს საშინაო დავალებების შესრულებაზე, გაკვეთილის პროცესში ჩართულობაზე, უჩნდება კომპლექსები, ადარებს საკუთარ თავს თანატოლებს და საკუთარ მატერიალურ შსაძლებლობებს – თანატოლების მატერიალურ შესაძლებლობებს, მაღალია ალბათობა, რომ გახდეს ბულერი ან ბულინგის მსხვერპლი.
3) ოჯახური პრობლემები: ყველაზე მწვავე საკითხია ბავშვების მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია მშობლების განქორწინების თანმხლები და შემდგომი კონფლიქტებით (კონფლიქტი არ გამოიხატება მხოლოფ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფით, კონფლიქტი შესაძლოა მიმდინარეობდეს შედარებით მშვიდი ფორმებით და გამოიხატებოდეს, მაგალითად, ერთი მშობლის მხრიდან, მეორე მშობლის მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად დაგეგმილი ან/და განხორციელებული ქმედებების მიზანმიმართული უგულებელყოფით და ა.შ), ოჯახში სხვადასხვაგვარი ფორმის ძალადობის ყურებით, ან როდესაც თავად მოზარდი ხდება ამგვარი ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი (ბავშვის ინტერესების უგულებელყოფა ასევე ძალადობაა). პრობლემები ოჯახში იწვევს ბავშვში არასტაბილურობისა და შიშის განცდას, რაც ხელს უშლის მისი პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, სწავლაზე ფოკუსირებასა და სწავლა-სწავლების პროცესში ჩართულობას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ბავშვისთვის როლურ მოდელად შეიძლება იქცეს არაჯანსაღი ცხოვრების წესის ფორმები და ძალადობა.
4) ტექნოლოგიების სიმწირე ან/და არაეფექტიანი გამოყენება: ტექნოლოგიები ისევე, როგორც ყველა სიახლე კაცობრიობის ისტორიაში, აუცილებელია სწორად გავაცნოთ მოსწავლეებს, ვასწავლოთ მათი გამოყენება როგორც თვითგანვითარებისთვის, ისე გარემოსა და ქვეყნის განვითარების მიზნით. ამ კეთილი მიზნებისთვის, მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების პროცესში, წინასწარ განსაზღვრული მიზნებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათი გამოყენება. იმ მოსწავლეებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, სახლში იმუშაონ ტექნოლოგიების გამოყენებით, უნდა ჰქონდეთ სკოლაში ტექნოლოგიების თავისუფლად გამოყენების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლეები ვერ მიიღებენ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის განათლებას, რომელსაც გამოიყენებენ სწავლების დასრულების შემდეგ, სწავლის გაგრძელების ან დასაქმების მიზნით.
5) ბულინგი და მობინგი. ინდივიდუალური და ჯგუფური ძალადობა, კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. როგორც წესი, განარჩევენ ფსიქოლოგიურ, ვერბალურ, ფიზიკურ და კიბერძალადობის ფორმებს. პრობლემის პრევენციისთვის მუშაობა ადრეული ასაკიდან, ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან უნდა დაიწყოს. აღსაზრდელებს დეტალურად, სხვადასხვა როლური თამაშის, ვიზუალიზაციის საშუალებით უნდა განემარტოთ, თუ რა არის ბულინგი/მობინგი, როგორ უნდა დაიცვან თავი. ეფექტიანი პრევენციისთვის, ჯანსაღი სოციალური აზროვნების ჩამოყალიბებისთვის, ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა მიიღონ ინფორმაცია, რატომ არის ბულინგი/მობინგი დანაშაული და მსგავსი შემთხვევის შესახებ აუცილებლად უნდა მიმართონ (უთხრან/დარეკონ/გაუგზავნონ წერილი) შესაბამის პირებს/ორგანოებს.
6) მოსწავლის ქცევა და დამოკიდებულება. აქ იგულისხმება მოსწავლის ასოციალური, სწავლა-სწავლების პროცესის გამართულად ფუნქციონირებისთვის, სასკოლო კულტურასთან და უსაფრთხო სასწავლო გარემოსთან შეუსაბამო ქცევა, მაგ: უხეშობა, გულგრილობა, უპატივცემულო დამოკიდებულება, დაუმორჩილებლობა. მოსწავლის ასოციალური ქცევის მართვა და მისი სოციალურ ქცევად გარდაქმნა შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: (1) როდესაც სკოლაში გვაქვს მდგრადი სასკოლო კულტურა და უსაფრთხო სასწავლო გარემო; (2) როდესაც ერთმანეთთან შეთანხმებულად/კოორდინირებულად თანამშრომლობენ კლასის ხელმძღვანელი, კლასის ყველა მასწავლებელი, მშობლები ან/და მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი და ამასთან, სკოლის დირექტორს აქვს მზაობა, ადეკვატური მხარდაჭერა აღმოუჩინოს კლასის ხელმძღვანელს, რომელიც აღნიშნულ პროცესს უძღვება.
7) „უკანა მერხზე მჯდომი“ მოსწავლე – პრობლემა, რომელსაც არასწორად წარმართული სწავლა-სწავლების პროცესის შედეგად საფუძველი ხშირად პირველივე კლასიდან ეყრება. ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია მხოლოდ გამუდმებული ტესტირებებით, საჭიროა სწავლა-სწავლების ისეთი პროცესის დანერგვა, რომელიც ყველა მოსწავლის შესაძლებლობებზე და საჭიროებებზე იქნება მორგებული, როგორც მასალების და რესურსების, ისე ინფრასტრუქტურის და შესაბამისი კვალიფიკაციის და რაოდენობის დამხმარე სპეციალისტების სახით.
8) მშობლების ჩართულობა: მშობლების ჩართულობა სწალა-სწავლების პროცესში აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია ის მიმართული იყოს მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარებისკენ, არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სკოლაში მიღებული შეფასებების კონტროლით და არასასურველი შეფასების აღმოჩენის შემთხვევაში მკაცრი სასჯელით. მშობელი უნდა გეგმავდეს დროს და აქტივობებს ბავშის პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის, უნდა აწარმოოს შინაარსობრივი საუბრები შვილის მასწავლებლებთან, იყოს მზად აზრთა გაზიარებისა და შესაბამისი, თანმიმდევრული ნაბიჯებისთვის.
9) ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლასა და სახლში: ორიენტირება მოსწავლისთვის უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზე უპირველესად გულისხმობს ზედმიწევნით დაცულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს; სკოლის მთლიანი შენობის, შიდა ეზოების, სკოლის მფლობელობაში არსებული გარე სივრცეების ადაპტირებას სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის, კვალიფიციური და სათანადო რაოდენობის ფსიქოლოგებისა და ექიმების ყოფნას სკოლაში მთელი სასკოლო დროის მანძილზე. ასევე, შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, როგორც მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთვის, ისე მიზნობრივად კონკრეტული ქეისის ან მიზნობრივი ჯგუფისთვის.
10) დაფინანსება: სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია როგორც სათანადო კვალიფიკაციის მქონე მოტივირებული მასწავლებლების დაქირავება, ისე სრულად მოწყობილი საკლასო ოთახების, თემატური სამუშაო სივრცეებისა და მთლიანად სკოლის შენობის თანამედროვე გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ ყველაფერს სჭირდება დაფინანსება. ამიტომ, აუცილებელია სკოლის ლიდერისა და მისი გუნდის მხრიდან მასწავლებლების განვითარებისთვის და სკოლის შენობის უკეთ მოწყობისთვის საჭირო დაფინანსების მოზიდვა, არსებული სასკოლო რესურსების ეფექტიანად მართვა. სკოლის ლიდერი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს ადგიობრივ ხელისუფლებასთან, შესაბამის კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან, ბიზნესსექტორთან; უნდა აფართოებდეს საქმიან კავშირებს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მასშტაბით, ერთვებოდეს სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსში.
გამოყენებული ლიტერატურა:
- Addressing the global education crisis, Can we strive to achieve universal primary and secondary education by 2030? UN today.
- Chloe Turner, 10 Educational Obstacles Throughout the World. https://borgenproject.org/educational-obstacles/#:~:text=A%20lot%20of%20poor%20countries%20do%20not,this%20can%20prevent%20them%20from%20attending%20school.
- Rachel Swain, Current educational issues.
- 10 Challenges Facing Public Education Today. Nea Today.
- 10 of the biggest problems facing education. 2025. https://www.concern.net/news/problems-with-education-around-the-world
- 12 Barriers to Education for Children Living in Poverty, Removing barriers to education is key to ending extreme poverty. 2025. https://www.globalcitizen.org/en/content/12-barriers-to-education-around-the-world/#:~:text=Even%20when%20schools%20exist%2C%20they%20need%20trained%2C,is%20a%20global%20shortage%20of%20trained%20teachers


