ალერგიით დაავადებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყველაზე გავრცელებულია ალერგიული რინიტი, ატოპური დერმატიტი და ასთმა. მოცემული ქეისი განკუთვნილია სისხლის აგებულებისა და იმუნიტეტის შესწავლისთვის.
ქეისი: იდუმალი ალერგია – ალფა-გალის სინდრომი (AGS)
- სანდრო ლაშქრობაში მიდის
სანდრო 45 წლისაა, ბუნების მოყვარული და ქომაგი, ყოველ შაბათ-კვირას სალაშქროდ დადის. ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ტკიპამ უკბინა. სანდრომ ტკიპა პინცეტით მოიშორა, დარწმუნდა, რომ მთლიანად ამოიღო მწერის სხეული და ბოლოს ნაკბენი ადგილი სპირტით მოიწმინდა.
სანდრომ იცოდა ტკიპებით გამოწვეული ორი დაავადების შესახებ. ესენია ლაიმის დაავადება და კლდოვანი მთების ცხელება. სანდრო რამდენიმე დღე აკვირდებოდა კანს, ლაიმის დაავადებას ეჭვობდა, მაგრამ არც გამონაყარი ჰქონია და არც რამე სხვა სიმპტომი.
რამდენიმე კვირის შემდეგ სანდრო მეგობრებთან ერთად სიამოვნებით შეექცეოდა მწვადს. რა იცოდა, რომ ამ დღეს ყველაზე უჩვეულო „სამედიცინო თავგადასავალი“ გადახდებოდა.
- მოულოდნელი ალერგიული რეაქცია
ღამით სანდრო დისკომფორტს გრძნობდა. კუჭის მკვეთრმა ტკივილმა და ქავილმა გააღვიძა. კანზე გამონაყარიც შეამჩნია. ეს ჭინჭრის ციება ანუ ურტიკარია იყო. ურტიკარია ალერგიული რეაქციაა, რომელიც ალერგენების საპასუხოდ ვითარდება. კანის უჯრედები გამოყოფენ ჰისტამინს, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს და კანზე წითელი ლაქები ჩნდება.
სანდრო ჭინჭრის ციებას სტრესს აბრალებდა, მაგრამ მალე გულმკერდში ძლიერი მოჭერა იგრძნო, სუნთქვა გაუძნელდა. ძალიან შეეშინდა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადა გამოიძახა. ადრეც ჰქონია ალერგიული რეაქცია, მაგრამ ასეთი მძიმე – არასოდეს. ექიმებმა ჭინჭრის ციება, გაძნელებული სუნთქვა, გახშირებული გულისცემა და შეშუპება დააფიქსირეს. სანდროს სასწრაფოდ გაუკეთეს ადრენალინი (ეპინეფრინი) და სუნთქვა გაუადვილდა, ჭინჭრის ციების სამკურნალოდ კი ანტიჰისტამინური პრეპარატი დაუნიშნეს. ურჩიეს, ალერგოლოგისთვის მიემართა, რათა დაედგინა ალერგიის გამომწვევი მიზეზი.
- როგორ მოვიშოროთ ტკიპა უსაფრთხოდ?
- დაასახელე ტკიპებთან დაკავშირებული ორი დაავადება.
- რა სახის გამონაყარი ახასიათებს ლაიმის დაავადებას?
- რა სიმპტომები გაჩნდა პირველად?
- რა იწვევს ჭინჭრის ციებას?
- რომელი პრეპარატის ინექციის შემდეგ გაუადვილდა სუნთქვა სანდროს? რას წარმოადგენს ეს პრეპარატი? როდის გამოიმუშავებს მას ჩვენი ორგანიზმი ჩვეულებრივ შემთხვევაში?
- რა სახის პრეპარატებით იკურნება ჭინჭრის ციება?
- რა რჩევა მისცეს სანდროს ექიმებმა?
- ვიზიტი ალერგოლოგთან
სანდრო ალერგოლოგთან მივიდა და ექიმს დაწვრილებით აღუწერა სიმპტომები. ბოლოს ალერგოლოგმა საკვების შესახებ ჰკითხა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ალერგიული რეაქცია შემწვარი ხორცის მიღების შემდეგ განვითარდა, ბლოკნოტში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გააკეთა.
მსგავსი რეაქცია არასდროს მქონიაო, – დასძინა სანდრომ, – ხორცზე ალერგია არ მაქვსო.
ექიმმა ჰკითხა, რამდენ ხანში განვითარდა ალერგიული რეაქცია – საკვების მიღებისთანავე თუ რამდენიმე საათის შემდეგ.
– გვიან, უკვე მეძინა.
ექიმმა ტესტი ურჩია სარწმუნო შედეგის დასაფიქსირებლად და ისიც აღნიშნა, რომ ხორცზე ალერგია ტკიპას ნაკბენის შემდეგაც შეიძლება განვითარდეს.
– ეს დაგვიანებული ალერგიული რეაქცია გალაქტოზა-α-1,3-გალაქტოზა ანუ ალფა-გალის სინდრომია.
ალფა-გალის სინდრომი შედარებით ახალი და იშვიათი ალერგიული რეაქციაა, რომელსაც ზოგიერთი ტკიპას ნაკბენი იწვევს. ტკიპები იმ ადგილებშია გავრცელებული, სადაც სანდრო სალაშქროდ დადიოდა. ადამიანი მგრძნობიარე (სენსიტიური) ხდება შაქრის, ალფა-გალაქტოზას მიმართ, რომელიც წითელ ხორცშია.
მას შემდეგ, რაც ორგანიზმი მგრძნობიარე ხდება გალაქტოზა ალფა-1,3-გალაქტოზას მიმართ, წითელი ხორცის მიღებისას იმუნური სისტემა საპასუხო რეაქციას გამოხატავს. ის ებრძვის ნივთიერებას, ბოჭავს მას. ჯაჭვური პროცესების შემდეგ საბოლოოდ ვითარდება შეშუპება და ჭინჭრის ციება, უარეს შემთხვევაში – ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც მკურნალობის გარეშე სიცოცხლისთვის საშიშია. სანდრო გადარჩა, რადგან გადაუდებელი დახმარება სწრაფად გამოიძახა.
იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა სანდროს ხორცზე ალერგია, ექიმმა სისხლში IgE ანტისხეულების განსაზღვრა მიიჩნია საჭიროდ. სისხლის აღებისას ექიმმა სანდროს აჩვენა კედელზე გაკრული პოსტერი, რომელზეც აღწერილი იყო, როგორ მუშაობს იმუნოგლობულინი E და ურჩია, ანალიზის პასუხის გაგებამდე თავი შეეკავებინა წითელი ხორცის მიღებისგან.
- რა მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რამდენ ხანში განვითარდა ალერგიული რეაქცია?
- რა იწვევს ალფა-გალაქტოზას სინდრომს?
- რას ნიშნავს „სენსიტიური“?
- რა არის ანაფილაქსია?
- რა გამოჩნდება სისხლის ანალიზში, რაც ალფა-გალის სინდრომზე მიუთითებს?
- რომელი ტიპის უჯრედები წარმოქმნიან ანტისხეულებს? რომელი უჯრედები წარმოქმნიან ჰისტამინს?
4. სანდრომ დაკვირვება დაიწყო
ვიდრე ტესტის პასუხებს ელოდებოდა, ჰამბურგერის დანახვაზე ნერწყვი ახრჩობდა. მან მოიძია მნიშვნელოვანი ინფოგრაფიკი, რომელზეც დეტალურად იყო აღწერილი ალფა-გალის სინდრომის ჩამოყალიბების პროცესი.
- ტკიპების რომელი ჯგუფი იწვევს ალფა-გალის სინდრომის განვითარებას?
- ალფა-გალაქტოზა სპეციფიკური შაქარია, რომელსაც შეიცავს ძუძუმწოვართა უმრავლესობის ქსოვილები. ადამიანსა და მაიმუნებში ის არ გვხვდება. მაშ, საიდან ხვდება ის ადამიანის ორგანიზმში?
- ტკიპამ შესაძლოა უკბინოს ძაღლს, ირემს. მათ რატომ არ უყალიბდებათ ალფა-გალის სინდრომი?
მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რათა დაედგინათ ალფა-გალის სინდრომის გამომწვევი ფაქტორები. ახალგამოჩეკილი ტკიპების ერთ ჯგუფს ღორის სისხლით კვებავდნენ (ჯგუფი A), მეორე ჯგუფი კი ადამიანის სისხლით იკვებებოდა (ჯგუფი B).
შემდეგ ტკიპას უშვებენ მაიმუნის კანზე, რათა დაადგინონ, განვითარდება თუ არა კბენის შემდეგ ალფა-გალის სინდრომი.
წყარო: https://www.biologycorner.com/2024/11/05/exploring-the-immune-system-with-alpha-gal-syndrome/