დარწმუნებული ვარ გეყოლებათ ისეთი ერთი-ორი ნაცნობი ან მეგობარი, რომელიც წინამდებარე წერილის სათაურმა გაგახსენათ. ჩვენ ირგვლივ ნამდვილად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ეთანხმებიან, უარის თქმა არ შეუძლიათ, ყოველთვის ცდილობენ, ასიამოვნონ სხვას ყველაფერზე „კის“ თქმით, უჭირთ უარის თქმა, და თუკი აზრის დაფიქსირებას სთხოვენ, ჯერ ელოდებიან სხვა როდის იტყვის, მისთვის ავტორიტეტული ადამიანი, შემდეგ კი ისინიც იმავეს იმეორებენ.
ასეთი ქცევის მქონე ადამიანი დიდხანს აკვირდება სიტუაციას, ელოდება შესაფერის მომენტს, ზვერავს გარემოს, იკვლევს საზოგადოების რეაქციებს და შემდეგ ემატება გამბედაობა, როდესაც სხვები გამოთქვამენ რაიმე მოსაზრებას. ასეთი ქცევა შეუმჩნეველი არ რჩება გარშემომყოფებისთვის და ისინიც საპასუხოდ თავისებურ წარმოდგენებს იქმნიან მასზე, გარკვეულ იარლიყებს აკერებენ ან სარგებლობენ ამ მდგომარეობით…
ჩვენ მიერ გამოთქმულ თითოეულ აზრს, პასუხისმგებლობის ვალდებულებაც ახლავს და ხშირად ადამიანს ურჩევნია, ეს ტვირთი აიცილოს თავიდან. ცუდი არ არის სურვილი, არ გინდოდეს ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება, არ გინდოდეს შეცდომების დაშვება, არ გინდოდეს არაპოპულარული აზრის გამოთქმა და არასდროს გინდოდეს თუნდაც ძალიან უმტკივნეულო კრიტიკის მიღება. ამას ხომ ჯობია, სხვამ აიღოს პასუხისმგებლობა, სხვამ დაუშვას შეცდომები, სხვამ გამოთქვას არაპოპულარული აზრები და სხვა გახდეს შესაძლო კრიტიკის ობიექტი – ეს ხომ ზედმეტი გართულებებისგან და უსიამოვნო განცდებისგანაც გაზღვევს.
თუმცა საკუთარი აზრის ქონა, მისი დაფიქსირება, გახმოვანება ადამიანის უდიდესი პრეროგატივაა და ვფიქრობ, დიდი სიამოვნებაც. როდესაც რაღაც საკითხზე ადამიანი საკუთარ აზრს დამაჯერებლად გამოთქვამს, არამარტო რაიმე ამბავს ჰყვება უბრალოდ, არამედ ადასტურებს საკუთარ კომპეტენციასაც. ასეთ ადამიანს აქვს ღრმად სჯერა საკუთარი თავის, არ ეშინია, რომ შესაძლოა, მისი მოსაზრება არ მოეწონოთ, თვითკმარია, და სრულ ჰარმონიაშია საკუთარ თავთან…
და როდესაც ადამიანი ყველაფერზე თანახმაა, ყველაფერი მოსწონს, ყველაფერს თავის დაკვრით ადასტურებს – ვფიქრობ, ამ ქცევის მიზეზები ბავშვობაშია საძიებელი.
რატომ იქცევა ასე ადამიანი? რა მიზეზები აქვს ასეთ ქცევას? როგორ ექცეოდნენ მას ბავშვობაში?
ხშირად ასეთი ქცევა არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად კომფორტის ზონაში იმყოფება, უმეტესად ასეთ მდგომარეობას სხვა საფუძველი აქვს. ასეთი ქცევა ხშირად არის შედეგი იმ წნეხისა, რომელსაც მას უქმნიდნენ ბავშვობაში. ამ დროს ადამიანს არ აქვს ემპირიული გამოცდილებით დასწავლილი, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობა, სადაც ის მიღებული იქნება ყველა თავისი უნიკალური მოსაზრებით, სადაც მისი პიროვნება აღიარებული იქნება განსხვავებული აზრების მიუხედავად, სადაც ის ეყვარებათ ისეთი, როგორიც არის… ასეთი გამოცდილების არსებობა კი საფუძველს უდებს ჰარმონიულ, დამოუკიდებელ, კრიტიკულ და ზნეობრივად პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბებას.
ოჯახი ის პირველადი სოციალური სივრცეა, სადაც ბავშვი იზრდება და ყალიბდება. აქ სწავლობს, რა შეიძლება თქვას, რაზე გაჩუმდეს, როგორ მიიღებენ მის სიტყვებს ოჯახის წევრები და რა დამოკიდებულება ექნებათ მის მიმართ. ოჯახის სივრცეში, სადაც ბავშვისთვის არსებობს გამოხატვის თავისუფლება, ბავშვს აქვს კითხვების დასმის საშუალება, მის აზრს პატივს სცემენ და მის სიტყვებს გაგებით ეკიდებიან, ასეთ სივრცეში ბავშვი სწავლობს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, ღირებულია, შეუძლია გაბედულად თქვას და დაიცვას საკუთარი მოსაზრებები. მაგრამ, თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ხშირად აჩუმებენ, უკრძალავენ საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, ბავშვი სწავლობს, რომ სჯობს გაჩუმდეს, არაფერი თქვას…
როგორი დამოკიდებულება დახვდება ბავშვს სკოლაში, იმაზეც არის დამოკიდებული ის, თუ როგორ გამოხატავს თავის თავს და თავის შესაძლებლობებს – იქნება ინიციატივიანი, გაბედული და აქტიური, თუ პირიქით. თუ მასწავლებელი ლმობიერად, სიყვარულით ეკიდება ბავშვის მიერ გამოთქმულ კრიტიკულ, არასტანდარტულ და ან არაპოპულარულ მოსაზრებებს, შეუძლია დაიტიოს მოსწავლეთა მრავალფეროვნება, შეხედულებები და ქმნის ტოლერანტულ განწყობას კლასში, იქ მოსწავლე ვერ იქნება დაჩაგრული, უინიციატივო, უხმო და წყნარი.
უხმო, წყნარ, უინიციატივო და თავისთვის მჯდომ ბავშვებს აღმოჩენა სჭირდებათ. მათი აღმოჩენა ყველაზე მეტად მასწავლებლებს შეუძლიათ. მასწავლებლებს შეუძლიათ, დაარწმუნონ ისინი, რომ გამორჩეული, უნიკალური და ნიჭიერი ადამიანები არიან, ამიტომაც არ არის საჭირო ყველაფერზე დაეთანხმო ავტორიტეტებს, ყველაფერი მოგწონდეს, ყველაფერზე თავი უქნიო…