არის ხალხი, ვისაც ბათუმი უყვარს. ბევრია ასეთი. მაგრამ ამ ბევრთაგან უფრო მეტს ბათუმი უყვარს წვიმის გარეშე და ცოტას – წვიმით. მე სიყვარული ასე ვისწავლე, რომ თუ ვინმე ან რამე შემიყვარდა, მიყვარს ისეთი, როგორსაც ვხედავ და ვიმახსოვრებ. ბოდიში გალაკტიონს და ,,მე შენში მიყვარს ოცნება ჩემის” მომხიბვლელ ამბავს – მე ბათუმი მიყვარს წვიმიანი, რადგან რაც ვიცი, ბათუმში უფრო წვიმაა, ვიდრე მზე. წეღან გამეღვიძა და ფანჯრიდან რაც ჩანს, არის ლამპიონი, ლამპიონს შუქს წვიმის კაბა აცვია და ვიცი – თუ ბათუმში ღამით ფანჯრიდან გაიხედავ და ლამპიონს დაინახავ, აუცილებელია ხედავდე წვიმას. ეს არის აქაური შუაღამის საზეპირო. სხვანაირად არ გამოდის. სხვანაირი ბათუმი ჯადოსნობას კარგავს.
ჰოდა, ახლა მინდა თავთან დიდი, ყურმილიანი ტელეფონი მედგას, რომელიმე აურილიანომ დამირეკოს და მე მოწყენილად ვუპასუხო: ,,აურელიანო, ბათუმში წვიმს!”.
როგორც მაკონდოში.
მე ვიზრდებოდი უკიდურესი დისციპლინის და ლმობიერი, ქაოსური თავისუფლების ცივი და თბილი ნაკადების ქარიშხალში. დედაჩემის მკაცრი, ობსესიური პერფექციონიზმი და მამაჩემის საზღვრებმორღვეული ლმობიერება დიდ და საშინელ გაუგებრობას თესავდა ჩემში. ვეღარ ვხვდებოდი, რომელ მხარეს გადავხრილიყავი. ორივე წესად მიდგენდა წარმატების გარდაუვლობას, ოღონდ სხვადასხვა გზით – ფსიქიკა აშლილ რელსებზე მიმავალი მატარებელივით ინჯღრეოდა და ვეღარასოდეს დალაგდა. მამაჩემი მეუბნებოდა, რომ უნდა მეცინა – დიდხანს, დიდხანს. დედაჩემი – რომ დიდხანს სიცილმა დიდხანს ტირილი იცის. მას მერე ლიმიტირებულია ჩემი სიხარული – ნებისმიერი, თუნდაც მასშტაბური წარმატება ორიოდ წუთში უქმდება და უფერულდება – ტკბობა და სიმშვიდე უცნობი შეგრძნებებია ჩემთვის. ერთი მხრივ, წარმოუდგენელი სითამამე, სრული თავისუფლება, როგორც თუნდაც სახელმწიფო მოხელის, შერწყმულია უმცირესი საბუთების სისწორის შემოწმების შიშთან. სახლში რომ ვბრუნდები, ყველაფერს აქეთ-იქით ვყრი და ტახტზე ვწვები – ორ წუთში მტანჯველი ვალდებულება წამომახტუნებს და ვალაგებ ისევ. ეს არის მამაჩემის და დედაჩემის სამუდამო ბრძოლა ჩემში, სადაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც მე ვარ.
ტანჯვისკენ სწრაფვა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.
რაც უფრო ხშირდება დათქმები და ტაბუები, მით უფრო ხშირდება ადამიანის შფოთვა – თანამედროვე სამყარო ამ აზრით მკაცრად გამორჩეულია, ის ყოველდღიურად ცვლის მორალის საზღვრებს, რომელიც მოგვიანებით, შეიძლება, სამართლის ენითაც ამეტყველდეს. ადამიანი დაბნეულია. ყველაზე დიდი სირთულე კი ამ დინებაში ის გახლავთ, რომ გუშინდელი საერთო ცოდნა ახალი რიცხვით ფასდება და სამართლდება – იმის მიხედვით, თუ ვის რა როგორ აწყობს. არის ასეთი მეგრული სიტყვა – ,,ვაშინერს”. ანუ ის რაც მკაცრად აკრძალულია საკრალური მორალით და ღვთიურ სასჯელს მოასწავებს. ახალი სამყარო, მათ შორის ლიბერალური, რომელიც თავისუფლებას ქადაგებდა, უცნაური გზებით მივიდა კოლექტიურ ,,ვაშინერსამდე”. ეს სხვა ფიქრის თემაა და ოდესმე გაგანდობთ.
ადამიანის მიდრეკილება დისკომფორტისკენ პირველივე მნიშვნელოვანი აქტით დასტურდება ბიბლიაში – აკრძალული ვაშლის მირთმევა გარდაუვალი ტანჯვისთვის თავგანწირვაა – ცოდნა უდრის შფოთვას – შეცნობის პროცესი ობსესიაა და შედეგი – დროებითი კომპულსია. გადამოწმება თანამედროვე ადამიანისთვის საერთოდ
ყოველდღიური სასჯელია. ვირტუალური სამყაროს გაჩენამ, სადაც ერთდროულად მილიონობით თვალი გაფასებს, უცაბედად გამოგვაძევა პასტორალურ-ბუკოლიკური ყოფისგან და ამ აზრით, ევოლუციის დუნე რელსიდან რეაქტიულ თვითმფრინავში გადაგვისროლა. გახსოვთ ხალხური ზღაპრები და ოთახი, სადაც არასდროს უნდა შეიხედოთ? რას აკეთებს გმირი? აუცილებლად შედის და უამრავ ფათერაკს გადაეყრება. ცხოვრებაც ეგ არის – სულ ამ დაკეტილი ოთახების შეღება, სულ მათი არსებობის ხსოვნა, შესაბამისი ტანჯვა და ფათერაკი. როდის მთავრდება ზღაპრები? როცა მთხრობელი ამბობს: ,,ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”. ადამიანი ბედნიერ, ხანგრძლივ ყოფაში მთხრობელს არ აინტერესებს, აღარ არის მიმზდიველი პერსონაჟი – ზღაპარი კი სულ წვალება, შფოთვა და ფათერაკია. კი – ხანდახან სასწაულებიც.ეგებ რეალურ ყოფაშიც ეგ აინტერესებს ღმერთს – უხილავ მთხრობელს. ეგებ სწორედ იქ ვმთავრდებით, სადაც ,,დიდხანს და ბედნიერად” იწყება, მანამდე კი სულ შიში, შფოთვა და ტანჯვაა. არავინ იცის.