ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით, სკოლის ცხოვრებაში მშობლების როლი მხოლოდ საკუთარი შვილების აკადემიური წინსვლის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. მშობლები სკოლის ყოველდღიური საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და მათი აქტიური ჩართულობით, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, შესაძლებელია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს ყველა ბავშვის განვითარებასა და კეთილდღეობას.
მშობლების მონაწილეობა უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის გამჭვირვალეობას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს. სამეურვეო საბჭოს წევრობა მშობელს საშუალებას აძლევს, უშუალო მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში – ამ ურთიერთობას კანონი არეგულირებს (ზოგადი განათლების შესახებ კანონი. მუხლი 12. იხ. ბმული https://mes.gov.ge/uploads/Licenzireba/kanoni%20zogadi%20ganatlebis%20shesaxeb.pdf)
კანონში აღწერილი ოფიციალური უფლებებისა და მოვალეობების გარდა, სამეურვეო საბჭოში მშობლის მონაწილეობა აუმჯობესებს ურთიერთობას მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციასთან. საბჭოს კრებებში მონაწილეობით მშობლები უფრო ახლოს ეცნობიან სკოლის საჭიროებებსა და გამოწვევებს, უკეთ აფასებენ, რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სასწავლო პროცესს. მეორე მხრივ, სამეურვეო საბჭოს წევრ მშობლებს მუდმივი მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ შესაბამისი საფეხურის მშობლებთან, რაც სკოლის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მათი ინტერესების გათვალისწინებას უზრუნველყოფს. ეს ეხმარება სკოლას და მასწავლებლებს, უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, რაც, საბოლოოდ, დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებსა და საერთო კეთილდღეობაზე.
იმისთვის, რომ სამეურვეო საბჭოს საქმიანობა მხოლოდ ფორმალური არ იყოს და რეალურად მოახდინოს ცვლილებები სკოლაში, მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა:
- აქტიური ჩართულობა: სამეურვეო საბჭოს წევრებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ ყველა შეხვედრაში და აქტიურად ჩაერთონ განხილვებში. მათი წვლილი და იდეები მნიშვნელოვანია სკოლის განვითარებისთვის.
- კომუნიკაცია: კარგ კომუნიკაციას გადამწყვეტი როლი აკისრია. წევრებმა უნდა შეძლონ, მკაფიოდ და ეფექტურად გააცნონ აუდიტორიას თავიანთი მოსაზრებები და წამოჭრან საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც მათთვის, ისე სხვა მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.
- პასუხისმგებლობა: სამეურვეო საბჭოს წევრები პასუხისმგებელნი არიან არა მხოლოდ საკუთარი შვილების, არამედ ყველა მოსწავლის კეთილდღეობაზე. მათი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს სკოლის ყველა მოსწავლის ინტერესს.
- ინფორმირებულობა: სამეურვეო საბჭოს წევრები უნდა ეცადონ, მუდმივად იყვნენ ინფორმირებულნი სკოლის აქტივობების, საქართველოს განათლების სისტემის გარშემო განხორციელებული ცვლილებებისა და მსოფლიოს მასშტაბით განათლების ტრენდების შესახებ. ასევე, მათი მოვალეობაა სკოლაში მიმდინარე პროცესების შესახებ სხვა მშობლების ინფორმირება.
საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ სკოლები, სადაც მშობლები აქტიურად მონაწილეობენ სამეურვეო საბჭოებში, უფრო მაღალი ხარისხის განათლებას აძლევენ მოსწავლეებს. ეს სკოლები გამოირჩევიან უკეთესი აკადემიური შედეგებით და უფრო პოზიტიური სასწავლო გარემოთი. მშობლების მონაწილეობა უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებასაც. მშობლები აკონტროლებენ სკოლის ბიუჯეტს, ნორმებსა და წესებს, რაც სკოლის ადმინისტრაციას აძლევს სტიმულს, პასუხისმგებლობიანი და გამჭვირვალე იყოს.
სამეურვეო საბჭომ ეფექტურად რომ იმუშაოს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:
- მრავალფეროვანი შემადგენლობა: სასურველია, სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები ეკუთვნოდნენ სხვადასხვა სოციალურ ფენას, სხვადასხვა იყოს მათი ეთნიკური წარმომავლობა თუ რელიგიური კუთვნილება. მათ შორის უნდა იყვნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების წარმომადგენლებიც. ეს საბჭოს სხდომების დროს სხვადასხვა თვალსაზრისის გათვალისწინებას უზრუნველყოფს.
- კარგი მმართველობის სტრუქტურა: საბჭოს უნდა ჰყავდეს ძლიერი და კომპეტენტური თავმჯდომარე, რომელიც კარგად წარმართავს სხდომებს და უზრუნველყოფს ნაყოფიერ მუშაობას. საბჭოს წევრებმა უნდა იცოდნენ თავიანთი როლები და პასუხისმგებლობები. სასურველია, თითოეულ წევრს განსაზღვრული ამოცანები ჰქონდეს.
- გამჭვირვალობა: საბჭოს მუშაობა გამჭვირვალე უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება და სხდომის პროტოკოლი ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა მშობლებისა და საზოგადოებისთვის.
- სტრატეგიული დაგეგმვა და შეფასება: საბჭომ უნდა განსაზღვროს სკოლის გრძელვადიანი მიზნები და სტრატეგიული გეგმები მათ მისაღწევად. საკუთარი აქტივობებისა და მათი შედეგების პერიოდული შეფასება კი მომავალი საქმიანობის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა. რაც მთავარია, თითოეული ადამიანის სურვილი და აქტიურობა აუცილებელი წინაპირობაა სკოლის განვითარებისთვის და მოსწავლეთა საჭიროებებს მორგებული გარემოს შესაქმნელად.
სტატია ეფუძნება დისტანციურ სასწავლო კურსს „მშობლები სამეურვეო საბჭოში“, რომლის ავტორია კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარი თათია ჯონსონი.
თვითმართადი სრული კურსი უფასოა და მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსი იხილეთ ბმულზე: