„მნიშვნელოვანია არა ის,რამდენად კარგი ხარ,
არამედ რამდენად კარგი გინდა გახდე…“
პოლ არდენი
დღევანდელ კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ფინანსური წიგნიერება როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. ფინანსური განათლება, გარდა უბრალო ბიუჯეტირებისა და დაზოგვისა, ადამიანებს უზრუნველყოფს იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც აუცილებელია კომპლექსურ, ფინანსურ ლანდშაფტზე ნავიგაციისთვის. თუ ჩავუღრმავდებით მის მნიშვნელობას, აღმოვაჩენთ ფაქტებს- როგორ აყალიბებს ფინანსური წიგნიერება პიროვნულ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.
რატომ გვჭირდება ფინანსური განათლება?
ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია,იმისთვის რომ სწორად განვკარგოთ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები,დავგეგმოთ ბიუჯეტი და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ის ეხება ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ფულთანაა დაკავშირებული და მის სწორად ხარჯვას გულისხმობს.
ფინანსური განათლება დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო საჭიროებაა, რომელიც პირადი ფინანსების მართვისათვის საჭირო ცოდნას, ქცევებსა და დამოკიდებულებს აერთიანებს. ეს უნარები კი ნებისმიერ ადამიანს არსებული გარემოს, რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებაში ეხმარება. ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება ფინანსური კეთილდღეობის მთავარი წინაპირობაა.
ფინანსური წიგნიერება გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ფულის მართვის როგორც, თეორიული გააზრების საშუალება, ასევე პრაქტიკაში სწორად გამოყენების უნარი. ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანს უწევს უამრავი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც ძირითადად უკავშირდება ფინანსურ ორგანიზაციებსა და მათთან თანამშომლობას. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც-იქნება ეს უძრავი ქონების, მანქანის შეძენა,კომუნალური გადასახადების გადახდა და ა.შ. საჭიროა,ზუსტად ასეთ დროს სწორად გამოვიყენოთ ფინანსური განათლება, სწორად განვკარგოთ საკუთარი ბიუჯეტი და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებით უკეთესად დავგეგმოთ და შესაბამისად გავიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 24 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა „საქართველოს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2023“, სადაც სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის,მოხსენიებულნი არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები. როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია განმარტებული, სტრატეგიის მისიის შესასრულებლად,ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის პირველია ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება.
თუ „PISA-2018“ წლის კვლევას დავეყრდნობით, ქართველი მოსწავლეების ფინანსური განათლების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გამოკითხულ ქვეყნებს შორის. „OECD-ის“ 2020 წლის კვლევის თანახმად კი 18-29 წლის ახალგაზრდები უფროს მოსახლეობასთან შედარებით ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ ფინანსებს და ნაკლებად აკეთებენ გააზრებულ შესყიდვებს. პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და ახალგაზრდა თაობის ფინანსური უნარების განვითარება,ასევე, ჯანსაღი ფინანსური ჩვევების გამომუშავება.სასურველია ფინანსური წიგნიერების შესწავლა ადრეული ასაკიდანვე იწყებოდეს, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მოზარდების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და მათ გრძელვადიან ფინანსურ კეთილდღეობას.
2015 წელს „OECD“-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად,სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების პროგრამების ადაპტირება, რომელიც გახდება სკოლებში სასწავლო გეგმის ნაწილი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები თითქმის არ არსებობს.
საინტერესოა რა ხდება ამ კუთხით საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ვისკონსინის სკოლებში ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობის შესწავლის შემდეგ, ბეტიმ და მისმა თანაავტორებმა (Batty et al., 2015) დაადგინეს, რომ ფინანსური განათლება III-V კლასების მოსწავლეებში მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში კი არ ზრდის ფინანსურ ცოდნას, არამედ მიღებული ცოდნა ერთი წლის შემდეგაც მოქმედებს დაზოგვისკენ მიდრეკილებაზე. საკონტროლო საველე ექსპერიმენტის გამოყენებით, კალვიჯმა და მისმა თანაავტორებმა (Kalwij et al., 2017) შეისწავლეს 45- წუთიანი ფინანსური განათლების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტი ფინანსურ ცოდნასა და დაზოგვის ქცევაზე ჰოლანდიის დაწყებით სკოლებში. კვლევამ აჩვენა, რომ VI კლასის მოსწავლეებში არამხოლოდ ფინანსური განათლების დონე გაიზარდა მნიშვნელოვნად, ასევე გაუმჯობესდა დაზოგვისკენ მიდრეკილებაც.
ფორმალური ფინანსური განათლების სასწავლო პროგრამებთან ერთად, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლებისადმი ინტერესიც იზრდება. შედარებით ახალი კვლევები ხაზს უსვამს სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმალურ შემნახველ ანგარიშებზე ადრეული წვდომის მნიშვნელობას. კოტლიკოვმა და ბერნჰაიმმა (Kotlikoff and Bernheim, 2001) დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში ჰქონდათ სახარჯო ფული, საბანკო ანგარიში, ბევრად მეტს ზოგავენ და მეტ ქონებას აგროვებენ. ფინანსურ განათლებასა და ფინანსურ ქცევას შორის კავშირი შეაჯამეს ჯონსონმა და შერადენმა (Johnson and Sherraden, 2007). მათი აზრით, ახალგაზრდებს შორის ფორმალურ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომამ შეიძლება გავლენა იქონიოს მათ უნარზე, მიიღონ ცოდნა და უნარ-ჩვევები ფინანსური განათლების გაკვეთილებზე. მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ ახალგაზრდების მიერ მიღებული ფინანსური განათლება შეიძლება მნიშვნელოვნად არ აისახოს მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე, თუ მათ არ აქვთ წვდომა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ მომსახურეობებზე. შესაბამისად, ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის არქონის შემთხვევაში, მხოლოდ ფინანსური განათლების ქონამ შეიძლება ვერ გაზარდოს ფინანსური კეთილდღეობა.
მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ჩვენთან დამკვიდრებული დამოკიდებულება, თითქოს „ფული, ხელის ჭუჭყია“ ან ფულზე საუბარი ამორალურია. მსგავსი მიდგომები და გავრცელებული სტერეოტიპები დასამსხვრევი და შესაცვლელია. ბავშვებს მნიშვნელოვანია სწორად შევასწავლოთ ფულთან ურთიერთობა. უნდა გაიგონ როგორ დაზოგონ, თუნდაც ძალიან მცირე თანხა. ეს არა მარტო სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის,არამედ ყველა ასაკობრივი სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია.
როგორც ექსპერტი, ბატონი გიორგი კეპულაძე ამბობს თავის ინტერვიუში: „დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ან სტუდენტების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია საბანკო პროდუქტებზე, რადგან ხშირად არ იყენებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ მომავალში არ დასჭირდებათ მათ შესახებ ცოდნა, ამიტომ მნიშვნელოვანია,მათ მანამდე ვასწავლოთ ფულის დაზოგვა ან გავაგებინოთ სესხის აღებასთან დაკავშირებული საკითხები/რისკები,ვიდრე უშუალოდ ფაქტის წინაშე დადგებიან…“ მისი აზრით, „ახალგაზრდები ღირებულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობებისთვისაც. სტუდენტი მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აუცილებლად გაუზიარებს საკუთარი ოჯახის წევრებს, შესაბამისად, ახალგაზრდა ადამიანის განათლებით, ცოდნა მათი ოჯახის უფროს წევრებსაც ეძლევათ, რადგან ასეთი ინფორმაცია, როგორც წესი, მათთვის უფრო სანდოა.…“
საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც მიუთითებენ,რომ ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს. იმავდროულად, მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდებზე მუშაობა და ფინანსური განათლების ზოგად განათლებასთან ინტეგრაცია. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად მიიჩნევა ლიტერატურის, როგორც განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხის გამოყენება ფინანსური განათლების მისაწოდებლად.
ფინანსური განათლების საკითხებით მასწავლებელთა მოტივირებისა და მეტად დაინტერესებისთვის, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად სწავლების და მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზის ბანკის და კრედო ბანკის მიერ განხორციელდა მასწავლებლებისა და სკოლების კონკურსი -„ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“, რომელიც ასევე უკავშირდებოდა 23 აპრილს-წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნას.
წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ კონკურსში საკუთარ, წარმატებულ პედაგოგიურ გამოცდილებას (გაკვეთილების სერია), რომელიც განვახორციელე სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებთან.
„ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ -კონკურსში სკოლა გახდა გამარჯვებული ორ ნომინაციაში: გამარჯვებული სკოლა და გამარჯვებული მასწავლებელი. როგორც გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი- სართიჭალის N1 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა გამომცემლობა „ინტელექტის“ 500 (ხუთასი) ლარიანი ვაუჩერით სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად.
კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“
კონკურსის „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ ფარგლებში ჩემს მიერ განხორციელებულმა გაკვეთილების სერიამ მოიცვა ფინანსური განათლების ისეთი თემები,როგორიცაა: ფული, დაზოგვა,პირადი ფინანსების მართვა(საჭიროება და სურვილი, პრიორიტეტების დალაგება შესაძლებლობების მიხედვით),სესხება, ქველმოქმედება, ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები,ცხოვრებისული სიტუაციები, ქვეყნები და ვალუტები.
პროექტის ფარგლებში შერჩეული ლიტერატურის განხილვისას გამოვიყენე სწავლების ისეთი მიდგომები,როგორიცაა:დამოუკიდებლად მუშაობა,შემთხვევების განხილვა,დისკუსია და მსჯელობა,სწავლა კეთებით(პოსტერების შექმნა),როლური თამაში,კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია, ასოციაციური რუკა და არაფორმალური სწავლება-გასვლითი გაკვეთილი საბანკო სივრცეში.
კონკურსის „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ ფარგლებში შევარჩიეთ თანამედროვე, ნორვეგიელი მწერლის არნფინ ქოლერუს ნაწარმოები „კეთილიონი“. ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირის, ათი წლის ფრანკის დედა მოულოდნელად ლატარიაში ჯეკპოტს-24 მილიონ კრონას იგებს და ბანკში ინახავს.ყველაფერი მაშინ აირევა,როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს-სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს.კეთილიონის გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოვოს. ჩვენი პროექტის ინსპირაციის წყაროდ სწორედ რომ ნაწარმოების ეს სიუჟეტი გახდა.
აქტივობა. 1.
პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ერთობლივად განიხილეს შერჩეული ლიტერატურა. ისინი კლასში სურვილისა და რიგითობის მიხედვით კითხულობდნენ წიგნს.მსჯელობდნენ და განიხილავდნენ ნაწარმოების საინტერესო და დაძაბულ სიუჟეტებზე.გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები არნფინ ქოლერუს მთავარი გმირის-ფრანკის, მისი მეგობრებისა და ფრანკის დედის ქმედებებზე. ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოგებას ნახავდა ბიჭის დედა ბანკში ფულის დაბანდებით და როგორი იქნებოდა ნაწარმოების ფინალი.
ერთ-ერთი დისკუსიის მთავარ შეკითხვას წარმოადგენდა კითხვა: რას ფიქრობდა თითოეული მოსწავლე ქველმოქმედებაზე, გაიღებდნენ თუ არა ისინი მოგებული თანხიდან 1 მილიონ კრონას ქველმოქმედებისთვის,რამაც კლასში გამოიწვია დისკუსია/მსჯელობა სიკეთის კეთებასა და ქველმოქმედების შესახებ. მოსწავლეებისთვის ძალზედ ემოციური აღმოჩნდა ფრანკის დედის გადაწყვეტილება სიკეთის კონკურსის გამოცხადების შესახებ.ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს სიკეთის კეთების დადებით მხარეებზე, ქველმოქმედებაში გაღებულ ფინანსურ საჭიროებასა და მიზნობრიობაზე. მათი აზრით, ბანკები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქველმოქმედო საქმიანობების ხელშეწყობაში სხვადასხვა სერვისების შეთავაზებით, როგორიცაა მაგალითად: ბანკების დახმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სხვ.
აქტივობა.2.
პროექტის მეორე აქტივობისას მოსწავლეებმა განახორციელეს როლური თამაში.რისთვისაც მოირგეს 10 წლის ფრანკის დედის როლი,დაფიქრდნენ და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, როგორ განკარგავდნენ თანხას,თუ კი ისინი აღმოჩნდებოდნენ ფრანკის დედის როლში. ისაუბრეს დაზოგვაზე, საბანკო პროდუქტებზე. იმსჯელეს,რა სარგებელს მიიღებდნენ ბანკში მოგებული ფულის დაბანდებით. მოსწავლეთა ნაწილი დაინტერესდა ისეთი საბანკო პროდუქტით, როგორიცაა:ყულაბა.რა დანიშნულებით შეიძლება მისი გამოყენება და როგორ. ნაწილს გაუჩნდა კითხვა, როგორ ანაბარზე შეიტანდა ფრანკის დედა მოგებულ თანხას. ამ და მსგავს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად განვიხილეთ საკითხი-დეპოზიტებისა და მისი სახეების შესახებ. დეტალურად გავარჩიეთ ვადიანი და უვადო დეპოზიტები,თითოეულის პირობები და უპირატესობები. მოსწავლეებმა უყურეს ფულის დაზოგვასა და ყულაბის გამოყენების მიზნობრიობის/სარგებლიანობის შესახებ საინტერესო ვიდეო-ფილმს.ნახეს ანიმაციური ფილმი “სიკეთე”,რომელიც ნათლად ასახავდა ფულის გამოყენებას კეთილი საქმეებისა და ქველმოქმედებისთვის.
აქტივობა.3.
მესამე აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებმი დაფიქრდნენ საკუთარ იდეებსა და სურვილებზე. შეავსეს წინასწარ შექმნილი ე.წ. “ჩემი სურვილების ბანკი”. დააჯგუფეს სურვილები: „პირადი მოხმარება“ და „მოულოდნელი მოვლენები“. ინდივიდუალურად მოახდინეს პრეზენტაცია და განმარტეს რატომ ეჭირა თითოეულ პირად სურვილს ესა თუ ის ადგილი “სურვილების ბანკში”. იმსჯელეს,რას მოიმოქმედებდნენ თუ კი მათ ცხოვრებაში ადგილი ექნებოდა “მოულოდნელ მოვლენებს”,როგორც ეს ნაწარმოების მთავარი გმირის -ფრანკის შემთხვევაში იყო.მოსწავლეთა პასუხებიდან გაირკვა რომ “მოულოდნელი მოვლენების” შემთხვევაში მიმართავდნენ ბანკს სესხისთვის. სესხთან დაკავშირებით განვიხილეთ ისეთი საბანკო საკითხები, როგორიცაა: სესხი და სესხის სახეები(სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი, განვადება და სხვ).
აქტივობა.4.
მეოთხე აქტივობა ეხებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ მუშაობას.ბავშვებმა ფრანკის დედის როლის მორგების შემდეგ, თემის- “პირადი ფინანსების მართვა” (საჭიროება და სურვილი,პრიორიტეტების დალაგება შესაძლებლობების მიხედვით) შექმნეს ძალიან საინტერესო თემატური პოსტერები, სახელწოდებით: „24 მილიონი ლარის მოგების შემთხვევაში რას გავაკეთებდი?“ .ინდივიდუალურად მოახდინეს შექმნილი პოსტერების წარდგენა კლასის წინაშე. პრეზენტაციისას ისაუბრეს იმაზე,თუ როგორ განკარგავდნენ მოგებულ 24 მილიონ ლარს, რა საჭიროება და სურვილები ჰქონდათ, რომელს მიანიჭეს პრიორიტეტი და რატომ.
აქტივობა.5.
პროექტის მეხუთე აქტივობას წარმოადგენდა კლასში დისკუსიის გამართვა მომხმარებელთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. მოსწავლეთა სურვილით, გადავწყვიტეთ სოფელ სართიჭალაში მდებარე ერთ-ერთ ადგილობრივ საბანკო ოფისში სტუმრობა,სადაც მიეცემოდათ საშუალება უშუალოდ ბანკის წარმომადგენელს გასაუბრებოდნენ და დაესვათ მათთვის საინტერესო,თემატური შეკითხვები სესხის, დეპოზიტების, მომხმარებელთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. თემატური შეკითხვების მომზადების შემდეგ ბანკის წარმომადგენლობასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი სტუმრობდა ბანკს,შეხვდნენ მორიგე მოლარე-ოპერატორს,მოირგეს მომხმარებლის როლი. დასვეს შეკითხვები და შესაბამისად,ბანკის წარმომადგენელისგან მიიღეს კომპეტენტური პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.
აქტივობა.6.
მეექვსე აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს ციფრულ პლატფორმა canva.com-ში. შექმნეს იმ ძირითად ტერმინთა განმარტებების ფლაერები,რომელიც ნაწარმოების განხილვისას ისწავლეს. მოირგეს თანატოლგანმანათლებლების როლი,შეხვდნენ საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში მოახდინეს პროექტის ფარგლებში შესწავლილი საკითხების,მათ შორის, ძირითად საბანკო ტერმინებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. აქტივობის დასკვნით ნაწილში კი განახორციელეს თემატური, საინფორმაციო ფლაერების გავრცელება სასკოლო სივრცეში.
აქტივობა.7.
პროექტის მეშვიდე აქტივობის განხორციელებისას მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაწარმოებში გამოყენებული ვალუტა-კრონას შესახებ. გამოიყენეს სკოლა-ბანკის სახელმძღვანელოდან საინფორმაციო მასალა: „ქვეყნისა და ვალუტის ბარათები“,იმუშავეს დამოუკიდებლად, მოიძიეს და შექმნეს საინტერესო პოსტერები ვალუტა-კრონას წარმოშობის შესახებ. შექმნილი პრეზენტაციები ინდივიდუალურად წარადგინეს კლასის წინაშე.
აქტივობა.8.
პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად.შეავსეს მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი შემაჯამებელი ქვიზი. ქვიზი მოიცავდა ოთხ თემატურ, დახურულ კითხვასა და ორ სიტუაციურ ღია შეკითხვას,რომელიც საჭიროებდა მსჯელობას და არგუმენტირებულ დასაბუთებას იმ საბანკო თემების შესახებ,რომელიც ნაწარმოების განხილვისას იქნა შესწავლილი.
აღნიშნული პროექტ-გაკვეთილები მიმდინარეობდა ოთხი საგაკვეთილო საათი(თითო გაკვეთილი 40 წუთიანი) და დამატებით 3 არასაგაკვეთილო საათი. ყველა აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა „ფინედუს“ მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის: “ასწავლე ფინანსები ლიტერატურით”.
კონკურსის “ასწავლე ფინანსები ლიტერატურით” ფარგლებში ჩემს მიერ შეთავაზებულმა აქტივობებმა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია მე-9 კლასის მოსწავლეებში. მოზარდებმა პროექტის განხორციელებული აქტივობებიდან დაასკვნეს,რომ ცხოვრებაში მთავარი არა მხოლოდ ფინანსური შემოსავლის ყაირათიანი განაწილება, დაზოგვა და მიზნობრივად დაბანდებაა სანდო ფინანსურ დაწესებულებაში, არამედ მნიშვნელოვანია სიკეთე, კეთილ საქმეებში ფინანსების გამოყენება, ადამიანური ურთიერთობები და სხვათა დახმარება. გაიაზრეს რომ მცირეოდენი თანხის დაზოგვით დროთა განმავლობაში შეიძლება დიდი დანაზოგის გაკეთება და საკუთარი სურვილების რეალიზება. მიხვდნენ რომ “ძუნწი კაცივით” ფულის მიწაში დამალვას ბანკში, სასურველ დეპოზიტზე დაბანდება სჯობს, რათა მომავალში მიიღონ მეტი ფინანსური სარგებელი. გაიზრეს,რომ საბანკო სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქველმოქმედო საქმიანობების ხელშეწყობაში სხვადასხვა სერვისების შეთავაზებით.მაგალითად, ბანკების დახმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს სახსრების ეფექტურად და უსაფრთხოდ გადაცემაში მიმღებებისთვის, როგორც შიდა ისე ეროვნულ დონეზე, ანგარიშების მართვა, საინვესტიციო მომსახურეობა და სხვა.მათ აღნიშნული საკითხი დაუკავშირეს ისეთი ორგანიზაციის მუშაობას,როგორიცაა წითელი ჯვარი,რომელიც იღებს შემოწირულობებს ფიზიკური პირებისაგან საბანკო გადარიცხვებით და მონაწილეობს ბანკების მიერ ორგანიზებულ ფინანსურ კამპანიებში.
კონკურსში „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ მონაწილეობამ მოსწავლეებში აამაღლა ცნობიერება ფინანსური განათლების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ფული, დაზოგვა, პირადი ფინანსების მართვა,ქველმოქმედება, ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები,ქვეყნები და ვალუტები. მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს ნაწარმოების ფინანსურ საკითხებთან დაკავშირება,ხოლო გამოყენებულმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა უზრუნველყო მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური უნარების, კრეატიულობისა და პრეზენტირების უნარების განვითარება, ფინანსური საკითხებით მოსწავლეთა დაინტერესება და ლიტერატურის საინტერესო რაკურსით სწავლება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია-2023 https://shorturl.at/hNOXG
- სტატია: „ფინანსური განათლების მნიშვნელობა ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების უკეთესად მართვისთვის“. 05. 2022წ. https://helloblog.ge/story/financial-education
- სტატია: „ფინანსური განათლება უკეთესი მომავლისათვის“. 28.06.2023წ. https://argacherde.bog.ge/ganatleba/ratom-aris-finansuri-ganatleba-mnishvnelovani-sheni-uketesi-momavlistvis/
- ფინანსური განათლება მარტივად. საქართველოს ეროვნული ბანკი. https://shorturl.at/G482f
- სკოლებში ფინანსური განათლების ეფექტიანობა სკოლა-ბანკის მაგალითზე. https://iset-pi.ge/storage/media/other/2021-10-06/2f6178c0-2672-11ec-be43-954a03908f87.pdf
- ფინანსური განათლების პორტალი (finedu.gov.ge)