ერთიანი ეროვნული გამოცდები მხოლოდ ცოდნის შემოწმების პროცესი არ არის. ეს არის ხიდი, რომელიც მოსწავლეებისთვის ერთგვარ კავშირს ქმნის სკოლის ცხოვრებასა და ახალ შესაძლებლობებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მრავალწლიანი გამოცდილება უზრუნველყოფს პროცესის ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში წარმართვას, მოსწავლეთა წარმატების საფუძველი სკოლებში იქმნება. მასწავლებლები, როგორც ამ პროცესის უხილავი არქიტექტორები, ყოველდღიური შრომით ზრუნავენ არა მხოლოდ საგნობრივი ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ იმაზეც, რომ მოსწავლეებმა ეს მნიშვნელოვანი ეტაპი თავდაჯერებულად და ემოციური სტაბილურობით გადალახონ.
პირველი გამოცდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში განსაკუთრებულ მღელვარებას იწვევს აბიტურიენტებსა და მშობლებში. ჩვენი წერილის მიზანია, რომ კიდევ ერთხელ შემაჯამებელი რეკომენდაციები მივაწოდოთ აბიტურიენტებს. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება კი 2022 წელს განხორციელდა და აბიტურიენტს მიეწოდება ელექტრონული ტესტი, რომელიც სამ დავალებას მოიცავს. მათ შესასრულებლად განსაზღვრულია სამი ასტრონომიული საათი. ტესტი შედგენილია პრინციპით „მარტივიდან რთულისაკენ“ და სასურველია, აბიტურიენტმა იმავე თანმიმდევრობით იმუშაოს გამოცდაზე, რა თანმიმდევრობითაც არის დავალებები წარმოდგენილი ტესტში. პირველი დავალებაა დაახლოებით 140-სიტყვიანი, სამაბზაციანი საინფორმაციო ტექსტის რედაქტირება, მეორეა მხატვრული ტექსტის გააზრება, აბიტურიენტმა უნდა უპასუხოს 10 კითხვას ტექსტის იდეურ-მხატვრული, სახეობრივი და სტილური თავისებურებების გარშემო და ბოლო დავალებაა ლიტერატურული ესეი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საიდანაც 16 ქულით ფასდება ტექსტის რედაქტირება, თითოქულიანია მხატვრული ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული კითხვები (ჯამში 10 ქულა) და 34-ქულიანია კომბინირებული ესეი, რომელიც 10 კრიტერიუმის მიხედვით ფასდება. აბიტურიენტს ასარჩევად ეძლევა ორი ტექსტი (ერთი პროგრამული და ერთი უცხო), ერთი პოეტური და ერთი პროზაული, საიდანაც უნდა აირჩიოს საანალიზო ტექსტი.
ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ ესეის აგების საკითხებზე. ესეის კომბინირებულს ვეძახით, რადგან ეს არის პრობლემაზე ორიენტირებული თხზულება, რომელშიც აბიტურიენტმა უნდა გააანალიზოს მოცემული მხატვრული ტექსტი (სრულად ან საგანგებოდ შერჩეული ეპიზოდი); უნდა უპასუხოს თეზისს, რომელშიც გამოკვეთილია ტექსტში წარმოჩენილი პრობლემა; უნდა შეძლოს სინთეზირება, ანუ უნდა დაუკავშიროს/შეადაროს საანალიზო ტექსტი სხვა მხატვრულ ტექსტებს და ასევე იმსჯელოს, რამდენად აქტუალურია ეს პრობლემა თანამედროვე სამყაროში.
ესეის შეფასების კრიტერიუმები ათი ნაწილისგან შედგება. პირველი კრიტერიუმი აფასებს დავალების პირობის ადეკვატურ გაგებას (2 ქულა), მეორე – ნაშრომის აგებას (2 ქულა), მესამე – მხატვრული ტექსტის ანალიზს (6 ქულა), მეოთხე – პრობლემის/საკითხის აქტუალობის დასაბუთებას (5 ქულა), მეხუთე – ზოგად განათლებას (3 ქულა), მეექვსე – დამოუკიდებელ აზროვნებას (3 ქულა), მეშვიდე ამოწმებს, დაშვებულია თუ არა ფაქტობრივი შეცდომა და თუკი ასეთი არ არის, ნაშრომს ერთი ქულა ემატება, დარჩენილი სამი კრიტერიუმი კი აფასებს აბიტურიენტის ენობრივ (გრამატიკულ) კომპეტენციებს. ლექსიკასა და სტილში იწერება მაქსიმალური სამი ქულა, მორფოლოგია-ორთოგრაფია-სინტაქსში – 5 ქულა და პუნქტუაციაში – მაქსიმალური 4 ქულა. თუკი პირველ კრიტერიუმში (დავალების პირობის ადეკვატური გაგება) ნაშრომი განულდა, მაშინ ის არ სწორდება და თხზულება ფასდება 0 ქულით, რამდენად საინტერესოდაც არ უნდა მსჯელობდეს აბიტურიენტი. თუკი ის ასცდება განსახილველ პრობლემას, არაადეკვატური გაგება იწვევს ნაშრომის განულებას. ესეის მითითებაში გვეუბნებიან, რომ „ნაშრომი, რომლის მოცულობაც 150 სიტყვას არ აღემატება, VIII, IX და X კრიტერიუმებით არ შეფასდება“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 150-სიტყვიანი ესეი ვერ იქნება შეფასებული მაღალი ქულით, რადგან ეს მოცულობა ვერ ამოწურავს პრობლემის გარშემო მსჯელობას.
აბიტურიენტები ხშირად სვამენ კითხვას, რა მოცულობის ესეია საუკეთესო ეროვნული გამოცდისთვის. მასწავლებლები სხვადასხვაგვარად პასუხობენ ამ კითხვაზე, თუმცა მრავალწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ მაღალი ქულის მისაღებად აუცილებელია, მსჯელობა იყოს სიღრმისეული, არგუმენტირებული; ტექსტი უნდა იყოს სათანადოდ აღქმულ-გაანალიზებული, აბიტურიენტს არ უნდა გამოეპაროს დეტალებსა და ქვეტექსტებში მიმალული ავტორის სათქმელი, უნდა გაავლოს პარალელები, იპოვოს მსგავსი პრობლემა ან პერსონაჟის სახე სხვა ტექსტებში და ბოლოს გაიაზროს მოცემული პრობლემა თანამედროვე კონტექსტებში. ეს ყველაფერი ითხოვს მწყობრ, გაშლილ, ფართოპლანიან მსჯელობას და კრიტერიუმებში მაქსიმალური ქულების მისაღებად სასურველია, რომ ესეის მოცულობა იყოს 400-დან 600 სიტყვამდე. უფრო მეტი მოცულობის თხზულება პასუხების ფურცელში უბრალოდ ვერ დაეტევა. მსჯელობა უნდა იყოს მაქსიმალურად „დაწურული“, ეფექტურად მორგებული ტექსტში წარმოჩენილ აქცენტებზე.
ხშირად საუბრობენ ლიტერატურულ პარალელებზე, მათ საჭიროებასა და ამ მიმართულებით აბიტურიენტის ვალდებულებაზე. ზოგი ამტკიცებს, რომ არ არის სავალდებულო პარალელური ტექსტის მოხმობა და ტექსტების სინთეზირება, ზოგ სპეციალისტს კი მიაჩნია, რომ ეს სავალდებულოა და ამის გარეშე ზოგად განათლებაში მაქსიმალური ქულის მოპოვება შეუძლებელია. ხშირად არის ხოლმე წამოწეული ისეთი პრობლემა, რომლის გარშემო უამრავი პარალელი გვახსენდება, ან ისეთიც, რომლის მსგავსი არ შეგვხვედრია სხვა ტექსტებში, ან უბრალოდ არ გვახსენდება პარალელები. დავსვათ კითხვა: როგორ უნდა მიიღოს აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა ზოგად განათლებაში, დამოუკიდებელ აზროვნებაში, მხატვრული ტექსტის ანალიზსა და საკითხის აქტუალობაში? ამ მომიჯნავე კრიტერიუმებში იჩენს თავს აბიტურიენტის განათლება, ნაკითხობა, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, კრიტიკული აზროვნება, მეხსიერება, ლიტერატურული გემოვნება. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგადი განათლება მჟღავნდება, როცა აბიტურიენტი იმოწმებს სხვა ტექსტს, მსჯელობს არგუმენტებითა და კონტრარგუმენტებით, პრობლემას წარმოაჩენს განსხვავებული რაკურსებით, ამჩნევს საერთოსა და განმასხვავებელს მოვლენებსა და სახეებს შორის და მთავარი: იაზრებს ეპოქის ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტებს. რას გულისხმობს ეპოქის კონტექსტების გააზრება?
ქართული ლიტერატურის პროგრამა მოიცავს საგანგებოდ შერჩეულ კლასიკურ ტექსტებს მეხუთე საუკუნიდან თანამედროვე ეპოქამდე. ეს 16-საუკუნოვანი გზა ქართული მწერლობისა მოიცავს განსხვავებულ პერიოდებს, რომელთა ფონზე შექმნილ ნაწარმოებებსაც საერთო იდეურ-თემატური, ესთეტიკური და სტილური მარკერები ახასიათებს.
ეს პერიოდებია:
- ჰაგიოგრაფია (წმინდანთა ცხოვრების აღწერა, სასულიერო მწერლობის დარგი);
- კლასიკური ხანის მწერლობა (რომელიც წარმოდგენილია საგმირო-სარაინდო და სატრფიალო-სამიჯნურო ეპოსის მწვერვალით, „ვეფხისტყაოსნით“);
- აღორძინების ხანის მწერლობა (სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის დიდაქტიკური ხასიათის, განმანათლებლური ტექსტებით);
- რომანტიზმის ხანა (XIX საუკუნის პირველი ნახევარი, თავისი ლირიკული ჟანრებით);
- რეალიზმის ეპოქა (XIX საუკუნის II ნახევარი);
- მოდერნიზმის ხანა (იმპრესიონიზმი (ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“) და სიმბოლიზმი ( გალაკტიონი და „ცისფერყანწელები“) – XX საუკუნის პირველი ნახევარი);
- პოსტმოდერნიზმის ხანა (XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე).
აბიტურიენტი ყველაზე მეტად მაშინ ავლენს ზოგად განათლებას, როცა მას წარმოდგენა აქვს ამ პერიოდებზე, მსჯელობს ამ ეპოქების ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტებზე, რამაც შვა ტექსტი და მასში ასახული პრობლემის აქტუალობა განაპირობა. უდავოა, რომ ლიტერატურა ცხოვრების პროექციაა. ის თავისი ეპოქის, გარემოს, ობიექტური სინამდვილის ყველა შუქ-ჩრდილს ასახავს, ზოგჯერ მარადიულ ადამიანურ პრობლემებს, მორალურ-ეთიკურ საზომებს, ზოგჯერ კი კონკრეტული ეპოქის მიერ მოტანილ ისტორიულ რეალიებს, რასთანაც დაკავშირებულია პატრიოტული, რელიგიური, ჰუმანისტური ღირებულებები.
ყოველთვის ვურჩევ ხოლმე ზედა საფეხურისა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომ სავალდებულო და აუცილებელია ჩაღრმავებული მსჯელობა ეპოქალურ კონტექსტებზე. წარმოუდგენელია, რომ დაწერო ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში დასმულ პრობლემაზე ესეი და არ იმსჯელო იმ პერიოდის ისტორიულ და ლიტერატურულ კონტექსტებზე, სასულიერო მწერლობის სტილზე, ხედვაზე, იმაზე, თუ რამ შვა მარტვილის, დიდმოწამის მონუმენტური სახე.
წარმოუდგენელია შთამბეჭდავი მსჯელობა გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ რომელიმე ეპიზოდზე ისე, რომ არ შევეხოთ სამ სამთავროდ დაყოფილი ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ქრისტიანული ეკლესიის სვლა-გეზს, წმინდა მამათა ცხოვრების უმკაცრეს კანონებსა და ტრადიციებს. ან როგორ წარმოგვიდგენია „ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდებზე წერა ისე, რომ თამარის ეპოქის სული და მაშინდელი ლიტერატურული ესთეტიკა არ წარმოვაჩინოთ?
ყოველი ავტორი და მისი ნაწარმოები ხომ ეპოქის მაჯისცემის, სულიერების, გამეფებული კულტურის განუყრელი ნაწილია. სულხან-საბა ორბელიანისა და დავით გურამიშვილის სატკივარი სხვა რა არის, თუ არა ქვეყნის დაუძლეველი ისტორიული კრიზისის გააზრება, ხსნის გზების ძიება, საზოგადოებაში გამეფებული სიბნელის გმობა, განმანათლებლობის აუცილებლობა, მათი ყოველი სიტყვა, ყოველი იდეა გარშემო არსებული რეალობით არის შთაგონებული.
რამ შვა ქართული რომანტიზმი? რასაკვირველია, ისტორიულმა სინამდვილემ. 1801 წელს სახელმწიფოებრიობის წართმევამ, რუსულმა იმპერიალიზმმა, რუსიფიკაციის საფრთხემ, 30-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის დასრულებამ, იმ ტკივილმა და ცრემლებმა, რაც ქართული სახელმწიფოს სიკვდილმა მოუტანა პატრიოტ ხელოვანებს. ვერ იქნება ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ტექსტებზე მსჯელობა სრულყოფილი, თუკი არ გავითვალისწინებთ ამ ისტორიულ მოვლენებს და არ შევეხებით რომანტიკული ლიტერატურული სკოლის ტრადიციებს, ხედვას, გემოვნებას. ან როგორ წარმოგვიდგენია ილიას, აკაკის, ვაჟას, ყაზბეგის ნაწარმოებებზე წერა ისე, რომ არ გავითვალისწინოთ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიული პერიპეტიები? მაშინ ხომ პოლიტიკურ რეალობას, მეინსტრიმს მთლიანად მწერლები ქმნიდნენ და წარმართავდნენ? ილიაზე დიდი პოლიტიკოსი ვინმე იყო? მწერალთან ერთად ის იყო ერის მამა, სახელმწიფოს დამფუძნებელი მამა, რომლის შემოქმედებაშიც გაიწერა საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი, ეროვნული ხსნის კონცეფცია, ქართველი ხალხის ყველა სატკივარი.
შეუძლებელია გავაანალიზოთ რეალისტების მონუმენტური, უდრეკი, ამაღლებული სულის პერსონაჟების სახეები თუ საქმეები, ეპოქალური მოვლენების ფონს თუ არ გავითვალისწინებთ. ზოგჯერ აბიტურიენტები ერთმანეთისგან ვერ არჩევენ ცარისტული რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირს, არ იციან, როდის მოღვაწეობდნენ ქართული მწერლობის უკვდავი და ელვარე სახეები.
აბიტურიენტი უნდა ერკვეოდეს, რა განსხვავებაა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების რეალობასა და ამ ეპოქების მხატვრული ტექსტების სათქმელს შორის. თუკი მოგვიწევს წერა პოეტისა და პოეზიის მისიაზე მეოცე საუკუნის სიმბოლისტთა შემოქმედებაში (მაგალითად: გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე“, „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“, ტიციანის „ლექსი-მეწყერი“, პაოლო იაშვილის „პოეზია“, გიორგი ლეონიძის „ნინოწმინდის ღამე“), ეს ტექსტები უსათუოდ უნდა განვიხილოთ მეცხრამეტე საუკუნის რომანტიკოსებისა და რეალისტების ამავე თემაზე შექმნილი ლექსების პარალელურად. აბიტურიენტმა უნდა გამოკვეთოს, რომ რეალისტებს სხვაგვარად ესმოდათ ხელოვნების დანიშნულება, ხოლო სიმბოლისტებმა მოიტანეს ახლებური ხედვა, სხვა სიღრმე და სიმაღლე შემატეს პოეტურ სიტყვას.
აბიტურიენტმა უნდა მოახერხოს, რომ ერთმანეთს შეადაროს მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების პერსონაჟები და იპოვოს საერთო და განმასხვავებელი. თუ XIX საუკუნეში აქტუალური იყო გმირის ძიება, პიროვნების გმირული სულისკვეთება, თავგანწირვის უნარი და სულიერი სიმტკიცე, XX საუკუნემ მოიტანა ურბანიზაციის გრიგალისებური მოვლენების ფონზე ადამიანის სულიერი დაცემა, ფსიქოლოგიური მსხვრევა, პიროვნების დაპატარავება და ღმერთთან დაშორება, რწმენის შერყევით გამოწვეული ტანჯვა და ტკივილი, ე.წ. „ზედმეტი ადამიანის“ პრობლემა, რაც აქტუალური იყო მთელ მსოფლიოში. ევროპელი და ამერიკელი მწერლებიც მეოცე საუკუნის დასაწყისში წერდნენ სწორედ ამ თემებზე, აქტუალური გახდა ინტროსპექცია, ანუ „შიგნით ჭვრეტა“ პერსონაჟის სულში. ამიტომაც ვხვდებით პლატონ სამანიშვილის, ელი გორდელიანის, თეიმურაზ ხევისთავის მსგავს ფსიქოტიპებს.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უმაღლეს შეფასებას იმსახურებს ნაშრომი, რომელშიც აბიტურიენტი ავლებს პარალელებს სხვა ტექსტებთან, ფილმებთან, პერსონაჟთა სახეების დეკოდირებისას გაითვალისწინებს ეპოქის ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტებს.
გამოცდაზე წარმატების მისაღწევად აუცილებელია აბიტურიენტის ფსიქოლოგიური მზაობა, სიმშვიდე, შრომა საიმისოდ, რომ მაქსიმალურად შევძლოთ დაგროვილი ცოდნის რეალიზაცია. საგამოცდო დრო გონივრულად არის დაწესებული, არც ცოტაა და არც ბევრი, აბსოლუტურად საკმარისია ტესტის დასაძლევად, თუკი მონდომებით ვიმუშავებთ. ტექსტის გააზრებასთან დაკავშირებული კითხვები გვეხმარება ნაწარმოების გაგებასა და ანალიზში, ქვეტექსტების წვდომაში, გვაძლევს ფიქრისა და ჩაღრმავების შესაძლებლობას. გამართული, საინტერესო და შთამბეჭდავი ესეის შესაქმნელად საჭიროა 1,5-2 საათი. ზოგს ურჩევნია, რომ ჯერ შავად დაწეროს და შემდეგ გადაათეთროს, ზოგი უბრალოდ ინიშნავს ტექსტის კითხვის დროს ნაფიქრ მიმართულებებს და პირდაპირ თეთრად წერს, პასუხების ფურცელში, ორივე მეთოდი გამართლებულია, გააჩნია, ვის როგორ უადვილდება წერის პროცესი. სასურველია, რომ ნაშრომის დასრულების შემდეგ მოვასწროთ წაკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უნებლიე, ორთოგრაფიული და პუნქტუაციური შეცდომები გავასწოროთ. დროის მენეჯმენტზე აბიტურიენტმა წლის განმავლობაში პრეტესტირებების დროს უნდა იმუშაოს და სწორად გათვალოს, რაში რამდენი დრო დასჭირდება.
დასასრულ, ვურჩევ აბიტურიენტებს, რომ თუკი მათი დამოკიდებულება მოვლენებისა და პერსონაჟებისადმი ეწინააღმდეგება ავტორის ხედვასა და კონცეფციას, აქვთ განსხვავებული, მწვავედ კრიტიკული დამოკიდებულება ან მიუღებლობა, ნეგატიური აღქმა ტექსტის აქცენტებისა, რაც ხშირად მომისმენია აბიტურიენტებისგან, სასურველია, რომ არგუმენტირებული მსჯელობითა და ტექსტის დამოწმებით გამოხატონ მსგავსი პოზიცია. აბიტურიენტის შეხედულებები არ უნდა იყოს კაპრიზი, ახირება ან აკვიატება, უნდა იყოს განმტკიცებული საგანგებოდ მოძიებული არგუმენტებით, ციტატებითა და პარაფრაზებით. გამოცდაზე არ გვეძლევა საეჭვო ღირებულების, ბულვარული ნაწარმოებები, ყველა არის ეპოქებისა და ხალხის (მკითხველის) მიერ გამოცდილი, იდეურად, სახეობრივად და სტილურად უზადოდ შესრულებული ქმნილება, რომელსაც დრო ღირებულებასა და აქტუალობას არ უკარგავს. უნდა შეგვეძლოს დაშვება, რომ შესაძლოა ჩვენი სწორხაზოვანი აღქმა იყოს პრობლემა და არა კლასიკოსი ავტორის პოზიცია. ახალგაზრდებს მეამბოხე ბუნება აქვთ და ხშირად შეაქვთ ეჭვი მხატვრული ტექსტის ან მისი სათქმელის ღირებულებაში, ეწინააღმდეგებიან ლიტმცოდნეობაში გავრცელებულ წაკითხვებს, მკვლევართა და მეცნიერთა მოსაზრებებს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ რადიკალური კრიტიკული მოსაზრებები სათანადოდ არგუმენტირებული უნდა იყოს, ტექსტში კი საამისო არგუმენტები ხშირად არ იძებნება. ლიტერატურული ტექსტების აღქმა გემოვნებას, ფართო ხედვას, ნაკითხობასა და საღად აზროვნებას ითხოვს. სწორხაზოვნება და რადიკალიზმი კი ზოგჯერ საჭირო სვლა-გეზს გვაშორებს. მხატვრული ტექსტის აღქმა თავისუფალია, მაგრამ გარკვეულწილად – შემოზღუდულიც. არავის ეკრძალება თავისუფალი აზროვნება, პირიქით, ორიგინალური ხედვა ფასდება, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს მოსაზრების სათანადოდ არგუმენტირება.


