შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

შეფასების სანდოობა – ნაწილი მეორე

ტესტი შემაჯამებელი დავალების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. მას იყენებენ როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ტესტი ძალიან ძლიერი იარაღია მონაცემების შეგროვების თვალსაზრისით. კოჰენი და მორისონი (2018) განსაზღვრავენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რაც აუცილებელი ვიცოდეთ ტესტის გამოყენებამდე:

  • რას ვამოწმებთ? (მიღწევას, დამოკიდებულებას, უნარს და ა.შ.);
  • როგორ ტესტს ვიყენებთ?
  • ტესტი თავად შემფასებელმა უნდა გააკეთოს თუ არა?
  • როგორ ხდება შედეგების ანალიზი?

არსებობს უამრავი ტესტი, რომელიც ამოწმებს მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით – ინტელექტი, დამოკიდებულება, მიღწევა, სოციალური ადაპტრაცია და ა.შ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია მიღწევის შეფასება და მასთან დაკავშირებით გამოყენებული ტესტის სახეები. ამიტომაც განვიხილავთ ნორმაზე, კრიტერიუმსა და სფეროზე ორიენტირებულ ტესტებს. განათლების სფეროში ტესტთან მიმართებით კი შემდეგი პუნქტებია მნიშვნელოვანი:

  • ვალიდურობა: ტესტმა ზუსტად უნდა ზომოს ის კონსტრუქცია, რომლის გაზომვას ის მიზნად ისახავდა.
  • საიმედოობა: ტესტის შედეგები უნდა იყოს განმეორებადი, რაც უზრუნველყოფს მისი სტაბილურობას (მაგალითად, იგივე ქულა უნდა მიიღოს მოსწავლემ განმეორებითი ტესტის ჩატარების შემთხვევაში).
  • ობიექტურობა: შეფასება უნდა მოხდეს ერთნაირად, როდესაც სხვადასხვა მასწავლებელი იყენებს იგივე ინსტრუმენტს (რუბრიკას).
  • სტანდარტიზაცია: ტესტის აღება და შეფასება უნდა ხდებოდეს ერთნაირი პირობებით ყველა მონაწილესათვის.
  • პრაქტიკულობა: ტესტი უნდა იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი როგორც შემუშავებისთვის, ასევე გამოყენებისთვის.
  • რელევანტურობა: ტესტის შინაარსი უნდა შეესაბამებოდეს სწავლის პროგრამას და აკადემიურ საჭიროებებს.

ნორმაზე ორიენტირებული ტესტი არის იმგვარი ინსტრუმენტი, რომელიც ადარებს კონკრეტული მოსწავლის მიღწევას სხვა მოსწავლის მიღწევებს. მაგალითად, მათემატიკის სახელმწიფო შეფასების შედეგები, მათი შედეგების შეფარდება ეროვნულ/საერთაშორისო საშუალო მაჩვენებელთან მიმართებით. ნორმაზე ორიენტირებული ტესტები ძირითადად აჩვენებენ როგორ იქცევა პირი დანარჩენ ჯგუფთან მიმარტებით. ამ ტესტებში ქულების შედარება ხდება სტანდარტული ჯგუფის შედეგებთან, რაც საშუალებას გვაძლებს დავინახოთ სად არის მათი შედეგები საშუალო,სტანდარტულ მაჩვენებელთან მიმართებით.

კრიტერიუმზე ორიენტირებული ტესტი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ შეასრულა თუ არა კონკრეტულმა პირმა რაღაც სტანდარტი, შეიძინა თუ არა რაიმე უნარი, რაც თავდაპირველა გვქონდა განსაზღვრული. ასეთი ტესტით მოსწავლეების ერთმანეთთან შედარება არ ხდება. კრიტერიუმეზე ორიენტირებული ტესტი მოსწავლისაგან მოითხოვს წინასწარ განსაზღვრული, აბსოლუტური კრიტერიუმის ან შედეგის მიღწევას. მაგალთად, მანქანის მართვის ტესტის ჩაბარება. „ კრიტერიუმზე ორიენტირებული ტესტი მკვლევარს აწვდის ინფორმაციას, თუ ზუსტად რა ისწავლა მოსწავლემ, რისი გაკეთება შეუძლია მას, ხოლო ნორმაზე ორიენტირებული ტესტი უჩვენებს, სხვებთან შედარებით რამდენად კარგად შეასრულა სტუდენტმა მოცემული დავალება და რამდენად იძლევა იგი მიღწევის რანჟირების საშუალებას. ამგვარად, ნორმაზე ორიენტირებული ტესტის მთავარი მახასიათებელია სტუდენტებისა და მათი მიღწევების განსხვავების უნარი: კარგად აგებული ნორმაზე ორიენტირებული ტესტი მიღწევაში განსხვავებების ზუსტად გაზომვის საშუალებას, ანუ, ქულების ფართო დიაპასონს იძლევა. კრიტერიუმზე ორიენტირებულ ტესტს ეს არ აინტერესებს. მისი მიზანია იმის ჩვენება, აკმაყოფილებს თუ არა მოსწავლე მოცემულ კრიტერიუმს, განურჩევლად იმისა, თუ რამდენმა მოსწავლემ დააკმაყოფილა ან ვერ დააკმაყოფილა ის შესაბამისად, ცვალებადობა ანუ დიაპაზონი აქ ნაკლებად მნიშვნელოვანია.“ (კოჰენი, მორისონი 2018).

სფეროზე ორიენტირებული ტესტები კონცენტრირდება კონკრეტულ საგნის, დარგის ან სფეროს სპეციფიკურ უნარებზე და ცოდნაზე. ისინი შექმნილია იმისათვის, რომ ღრმად შეაფასონ კონკრეტული დარგის კომპეტენციები და მიუთითონ სპეციალიზირებული ცოდნის დონე, რაც ხშირად გამოიყენება პროფესიული ან აკადემიური შეფასებისთვის. მაგალითად, მედიცინის, ინფორმატიკის, ან სხვა სპეციალიზებული სფეროების ტესტები.

რადგან ვალიდური ტესტების შედგენა დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ბევრი სკოლა სარგებლობს გარე შემფასებლის მიერ შედგენილი ტესტებით, რაც მეტი ობიექტურობისა და მონაცემების დაცულობის გარანტიას იძლევა. ჩვენს რეალობაში გარე შემფასებლის როლში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გვევლინება. სკოლების მხრიდან სრული ცენტრისათვის მინიჭება ბუნებრივია, რადგან მათი ტესტები პილოტირებული და დახვეწილია, გამოცდილია და სტანდარტიზებული კონკრეტულ პოპულაციაზე, მაღალია სანდოობის ხარისხი და იძლევა სტატისტიკურად დამუშავების შესაძლებლობას. მარტივია მათი ჩატარება, შედეგების შეჯამება და მასწავლებელს არ უწევს უშუალოდ ტესტის შექმნაში მონაწილეობა.

ტესტის, როგორც ინსტრუმენტის ფორმებში ასევე გამოყოფენ მიღწევისა და უნარის შეფასების ტესტებს. მკვლევრების ნაწილი თვლის, რომ მიღწევის ტესტი ბაზისური უნარების მარტივი საზომი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს, უნარის ტესტი კი მოიცავდეს კომბინაციებს (მსჯელობა, ანალიტიკა, მასალის ცოდნა). ტესტების ეს ორი ფორმა არ გამოირჩვა მხოლოდ იმით, თუ რასაც ზომავენ ისინი, არამედ შესაძლებელია მათი გამოყენება შედეგების სამომავლო პროგნოზირებისათვის. მაგალითად, მიღწევის ტესტი უფრო სპეციფიურია და ხშირად დაკავშირებულია კონკრეტულ შინაარსთან, რის გამოც ის ამ კონკრეტული სფეროში მოსწავლის მომავალი მიღწევების მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.  მეორე მხრივ, უნარების ტესტი მოიცავს უფრო ზოგად უნარებს (მაგალითად, “ინტელექტის” ასპექტებს, ზოგად ცოდნას და სასწავლო პროგრამის რამდენიმე სფეროსთვის საერთო უნარებსა და შესაძლებლობებს.

 

სტატიების ამ ციკლში განხილული იყო ტესტის ვალიდურობის, სანდოობის სტანდარტიზაციის და ობიექტურობის პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ შედეგები ზუსტად ასახავენ მოსწავლის უნარებსა და ცოდნას. ობიექტურად შემუშავებული ტესტების მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შეფასების პროცესში და საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებაში. ტესტების გამოყენება ხშირ შემთხვევაში ეხმარება სკოლებს მოსწავლეთა ინდივიდუალური განვითარების ზუსტი დონის დადგენაში.

სტატიის მომვენო ნაწილებში ვისაუბრებთ ტესტების შედგენის პრინციპებზე და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენების პრაქტიკულ ხერხებზე.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“